გლობალიზაცია და გენდერული თანასწორობა ეკონომიკაში

ჩარიტა ჯაში ეკ. მეცნ. კანდიდატი
მე-20 საუკუნის დასასრულს ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესმა განვითარების ახალ საფეხურს მიაღწია. ეროვნული ეკონომიკის წინსვლა შეუძლებელი გახდა მსოფლიო ეკონომიკასთან კოორდინაციის გარეშე. გლობალური ეკონომიკის ფორმირება მიმდინარეობს ისეთ მსოფლიოში, რომლისთვისაც დამახასიათებელია დიდი უთანასწორობა ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების დონეზე.

ამ პირობებში ძნელია გამიჯნო გლობალიზაციის პროცესის დადებითი და უარყოფითი ასპექტები, მაგრამ ფაქტია, რომ მან უდიდესი გავლენა მოახდინა პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პროცესზე.

საქართველო ერთვება მსოფლიო ბაზარსა და საერთაშორისო ცხოვრებაში, რის გამოც გლობალურ პროცესებს სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

გლობალიზაციის განვითარების პროცესმა, პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა, ტრანსფორმაციულმა ძვრებმა, რომლებმაც მთელი სიცხადით გამოავლინა არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა წინააღმდეგობრივი ხასიათი, განაპირობა ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის, უფლების, საზოგადოებაში მისი როლისა და ადგილის ახლებური გააზრების საჭიროება. სწორედ ასეთი კონტექსტით შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში ცნება – გენდერი, რომელიც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის როლის ჩამოყალიბება და განსაზღვრა განპირობებულია არა მარტო ბიოლოგიური, არამედ სოციალური თვალსაზრისითაც. სოციალურ-ეკონომიკური დისბალანსის ძიებამ მკლევარები მიიყვანა ბიოლოგიური სქესისა და მასთან დაკავშირებული სოციალური როლის ე.წ. გენდერის გამიჯვნის საჭიროებისაკენ. ფემინიზმის იდეების საფუძველზე წარმოქმნილმა გენდერულმა კონცეფციამ დაძლია ფემინისტური მიდგომის ვიწრო ჩარჩოები და დააყენა არა ქალთა პრობლემები, არამედ სქესთა შორის ურთიერთობების საკითხები.

გლობალიზაციის განვითარების პროცესში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა გენდერული თანასწორობის საკითხები. იგი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად მიიჩნევა. გენდერული პრობლემები, როგორც აღვნიშნეთ, სოციალური პრობლემებია და ამიტომ იგი მთელი საზოგადოების ინტერესების სფეროს წარმოადგენს. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ზრდის ტემპები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გენდერულ თანასწორობას საზოგადოებაში. გენდერულ პრობლემათა სირთულე მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, ხანგრძლივ და ეტაპობრივ მუშაობას. საქართველო თავისი ისტორიით, ტრადიციებითა და კულტურით მკვეთრად განსხვავდება განვითარებადი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყნებისაგან, მოსახლეობის განათლების მაღალი დონით, ქალისა და მამაკაცის კანონით აღიარებული თანასწორობით. თუმცა, კანონით აღიარებული თანასწორობის დეკლარირებისას არსებობდა და ახლაც არსებობს ქალთა დისკრიმინაცია, რომელიც მთელი სიცხადით წარმოჩინდა გარდამავალ პერიოდში. საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება განსაკუთრებით მწავედ აისახა ქალის სტატუსზე, რომელიც უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის მექანიზმების რადიკალური მოშლით, უმუშევრობით, ქალთა არასათანადო მონაწილეობით გადაწყვეტილების მიღების სფეროში და სხვა მრავალი ფაქტორებით.

ქალის, როგორც ინდივიდის საქმიანობა დაკავშირებულია მის სამ ფუნქციასთან: რეპროდუქციული ფუნქცია – ბავშვების აღზრდა და ოჯახური საქმის გაძღოლა, მწარმოებლური ანუ ეკონომიკური ფუნქცია და საზოგადოებრივი ფუნქცია. რეპროდუქციული ფუნქცია ითვლება ქალის ძირითად საქმიანობად, რომლის ეკონომიკური ღირებულების ასახვა არ ხდება საზოგადოებაში. ამ საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი “უჩინარი” რჩება. საოჯახო სამუშაოს შემსრულებელი ქალები არ იღებენ შესაბამის ეკონომიკურ ანაზღაურებას. ხოლო ქალის მწარმოებლური ანუ პროდუქტიული შრომა, რომელიც მიჩნეულია ქალის დამატებით საქმიანობად, ეკონომიკური ღირებულების მატარებელია.Qქალის წვლილის არასათანადო შეფასება აირეკლება მის სტატუსზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ცნობილია, რომ ინდივიდის საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის ეკონომიკურად შეფასებული, თუ მას აქვს საბაზრო ღირებულება. ამიტომაც, ქალის რეპროდუქციული საქმიანობის არასათანადო შეფასებამ და ქალის შრომის არახელსაყრელმა პირობებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა მისი მწარმოებლური შრომის ეფექტიანობა საზოგადოებაში. ეკონომიკური პროცესების რეალიზაციის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა: საკუთრების ფლობა და განკარგვა, ქვეყანაში არსებული რესურსების ხელმისაწვდომობა და მასზე კონტროლი, რაც ხშირად უთანაბრდება ინდივიდის უნარს ფულის გამომუშავებაში. ამ თვალსაზრისით ქალები აშკარად იჩაგრებიან თავიანთი ეკონომიკური სტატუსის შეუფასებლობის გამო.

ქალის სტატუსი საზოგადოებაში, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ძირითადში მისი მწარმოებლური, ეკონომიკური საქმიანობით განისაზღვრება. Oსაზოგადოებრივი მენტალიტეტის ხელშეწყობით, არსებული სოციალურ-ეკონომიკური უთანაბრობის შედეგად საზოგადოების დიდ ნაწილს შემოქმედებითი, ინტელექტუალური, პროდუქტიული პოტენციალი არარეალიზებული და შეუფასებელი რჩება, რაც აფერხებს მთელი საზოგადოების განვითარებას.

მიუხედავად გენდერული სტატისტიკის სიმწირისა, არსებული მასალები ნათლად მიგვანიშნებს გენდერულ უთანასწორობაზე, რომელიც დამახასიათებელია საქართველოსათვის, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში.

untitled

გენდერი საზოგადოების დემოკრატიული განვითარების აუცილებელი პირობაა, მას შეუძლია შეცვალოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე. მიუხედავად მისი უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობისა, გენდერული საკითხებისადმი დაინტერესება ეკონომისტებისა და პოლიტიკოსებისათვის აქტუალურად არ მიიჩნევა, რაც მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

ტრადიციულად, მამაკაცი ოჯახის მარჩენლად და ოჯახში გადაწყვეტილების მიმღებად იყო მიჩნეული, თუმცა, ქალის როლი მნიშვნელოვანწილად იზრდებოდა იმის მიხედვით, თუ როგორი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნდა მას. ამის დამადასტურებელია საქართველოში მზითვის ინსტიტუტის არსებობა, რომელიც გარკვეულ გავლენას ახდენდა ქალის სტატუსზე საზოგადოებაში და ოჯახში.2 გლობალიზაციის პროცესმა და საბაზრო ეკონომიკამ რეალური კორექტივები შეიტანა ფუნქციათა ასეთ გადანაწილებაში, რაც, ძირითადად, ადაპტირების იმ უნარის შედეგია, რომელიც ქალებს მამაკაცებზე მეტად გააჩნიათ.Qქალები უფრო მობილურნი აღმოჩნდნენ, საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებთან შეგუების უფრო მეტი შესაძლებლობები გამოავლინეს, თუმცა, ამ პროცესში შესაფერისი, ღირსეული ადგილი ვერ დაიკავეს. ბოლო წლების სოციალურ-ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მოსახლეობის სოციალურ სტატუსზე, განსაკუთრებით ქალებზე.

გლობალიზაციისათვის დამახასიათებელმა ეკონომიკურმა კანონზომიერებებმა გამოიწვია საზოგადოების პოლარიზაციის საყოველთაო ხასიათი, რის შედეგად მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაღატაკდა, ხოლო მცირე ნაწილი გამდიდრდა. საქართველოში სიღარიბის ფენომენი დამკვიდრდა. მოსახლეობის 49,6%-ს შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს.3 ე.წ. რკინისებურმა ტრანზიციამ (განსხვავებით ხავერდოვანი ტრანზიციისაგან, რომელიც, ძირითადად, დამახასიათებელია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის) გამოიწვია ქვეყნის მაკრო-ეკონომიკური პარამეტრების მთლიანი მოშლა, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სახელმწიფოს მიერ სოციალური პასუხისმგებლობის იგნორირებამ გამოიწვია ყველა იმ სოციალური დაცვითი მექანიზმების მოშლა, რომელიც საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა საქართველოში. ქალთა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გაუარესებასა და სიღარიბის არსებულ დონეს ხელს უწყობს ეკონომიკური გენდერული დისბალანსი, რომელიც დამკვიდრებულია საზოგადოებაში. ქალის რეპროდუქციული, მწარმოებლური და ეკონომიკური ფუნქციის შერწყმა განსაკუთრებით გართულდა ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში. სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმებამ, მეურნეობის იმ დარგების ლიკვიდაციამ, სადაც ქალთა უდიდესი ნაწილი იყო დასაქმებული, გამოიწვია მათი უმუშევრობის მასობრივი ხასიათი.

ბოლო წლებში ბიუჯეტის სფეროში დასაქმებულ ქალთა საერთო რაოდენობა შემცირდა 40%-ით, როცა ანალოგიური მონაცემები მამაკაცებისათვის 29%-ია. რესურსებისა და შემოსავლების განაწილების გენდერული არათანაბრობა განპირობებულია არა არსებული საკანონმდებლო ბაზით, არამედ საზოგადოებაში არსებული მიდგომებით და ტრადიციებით. ქალის ეკონომიკური აქტიურობა სათანადოდ არ არის აღქმული საზოგადოების მიერ. შემოსავლების მხრივ, Aარსებული განსხვავების საფუძველის განმსაზღვრელია ის იერარქიული მდგომარეობა, რომელიც მამაკაცს უჭირავს საზოგადოებაში.

ეკონომიკის სფეროში ყველა წამყვანი ადგილი უკავია მამაკაცს. თუმცა, შეიმჩნევა გარკვეული ტენდენცია – ეკონომიკური პროფილის უწყებებში მაღალ თანამდებობებზე დაწინაურდნენ ქალები. მიუხედავად მათი მაღალი კვალიფიციური პროფესიონალიზმისა, რეალური გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ გენდერული ბალანსირების მისაღწევად ეკონომიკაში. საბაზრო ეკონომიკის პირობებში რეფორმების გატარებამ ქალთა უდიდესი ნაწილი დატოვა რეალური სამსახურის გარეშე. საშუალო და მსხვილი მეწარმეობის სფეროში, სადაც მატერიალური მდგომარეობის სტაბილური გაუმჯობესების შანსები მაღალია, ისევე მამაკაცები ჭარბობენ. გლეხურ და საფერმერო მეურნეობათა უმრავლესობას ასევე მამაკაცები უძღვებიან, თუმცა, ორგანიზაციული და პრაქტიკული სამუშაოს ნაწილს, ზოგჯერ სტრატეგიულ დაგეგმვასაც, ქალები ასრულებენ.

უკიდურესად მცირეა ეკონომიკური პოლიტიკის წარმმართველ სტრუქტურებში ქალების რიცხვი. ბიზნესმენ ქალებს არ მიუღიათ არც ერთი მსხვილი კრედიტი. ეს მაშინ, როცა, საბანკო ლიბერალიზაციის დროს მსხვილი კრედიტების გაცემის საკმაოდ დიდი პრაქტიკა არსებობდა.

საბაზრო მეურნეობის ფორმირების საწყის ეტაპზე ქალების სიმცირე შეიძლება იმითაც ავხსნათ, რომ ქალს მმართველობის უფრო ნაკლები გამოცდილება აქვს და პირველ ხანებში მარცხდება მამაკაცთან კონკურენციაში. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ეკონომიკური სისტემის პირობებში დიდ წარმატებას იმ პიროვნებებმა მიაღწიეს, რომლებმაც კონკურენციული ბრძოლის გამოცდილება შეიძინეს, ე. წ. ჩრდილოვანი ეკონომიკის ფუნქციონირების პირობებში. პრივატიზაციის პროცესში, რომელიც უმნიშვნელოვანესი რეფორმატორული ღონიძიება იყო, ქალებმა საკუთარ მფლობელობაში ვერ მიიღეს ვერც ერთი მსხვილი სამეურნეო ობიექტი. ისინი უმთავრესად გვევლინებიან მომსახურების სფეროს წვრილი საწარმოების მეპატრონეებად. Mქალებს არ აღმოაჩნდათ ის კაპიტალი, რომელიც გამოყენებულ იქნა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში საწარმოთა შესაძენად. არაჯანსაღი კონკურენციისა და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო მოხელეებთან უკანონო გარიგებაში ნაკლები გამოცდილების გამო, ქალი ბიზნესის წამოწყებისას ყოველთვის ვერ ახერხებს საქმიანი პარტნიორების ნდობის მოპოვებას. გამოკვლევებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მამაკაცთან შედარებით ქალები უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან საკუთარი ბიზნესის წამოწყებას. ისინი უფრო მეტ უპირატესობას აძლევენ ბიზნესში საქმიანი ეთიკის ნორმებს, მათ ბიზნესში უფრო მეტად დომინირებს ზნეობრივი საწყისი. ქალთა მეწარმეობრივი წარმატება დამოკიდებულია არა იმდენად ბიზნესის მართვის მამკაცური სტილის გადმოღებაზე, რამდენადაც ბიზნესის მართვის არატრადიციული “ჰუმანური” მენეჯმენტის დანერგვაზე.4 ქალთა ბიზნესს კორუფციაც აფერხებს. იმ სტრუქტურებში, სადაც კორუფციის კოეფიციენტი მაღალია, ქალთა მონაწილეობა მკაცრად რეგლამენტირებულია.

ქალები იძულებული არიან თვითდასაქმებისა და ინდივიდუალური შრომითი საქმიანობით დაბალ ანაზღაურებად დარგებში გადანაწილდნენ. ეკონომიკის მართვის პროცესში იმდენად მცირეა ქალთა რიცხვი, რომ მათ სერიოზული გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ ეკონომიკის მაკრო და მიკრო დონეზე. მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ქალებმა თავიანთი სიტყვა თქვეს კერძო მეწარმეობაში. მცირე და საშუალო ბიზნესის დამკვიდრების საქმეში.

საინტერესოა, რომ ოფიციალურად დასაქმებულ ქალთა უმრავლესობა 70%-ს მიეკუთვნება ე.წ. თვითდასაქმებულთა ჯგუფს და მხოლოდ 30%-ია დაკავებული საწარმოებსა და ორგანიზაციებში. თვითდასაქმებულ ქალთა საერთო რიცხვის მხოლოდ 1,5% მოღვაწეობს დამქირავებლის როლში, ხოლო 20% დაქირავებულ პირთა გარეშე ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას ეწევა. გლობალიზაციამ მნიშვნელოვნად შეცვალა ქალის ეკონომიკურად გადახდილი მწარმოებლური შრომის წილი ფორმალურ და არაფორმალურ სექტორში. ისინი უმთავრესად საქმიანობენ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში და კვლავ არიან დისკრიმინირებულნი იმიტომ, რომ მათ არ აქვთ საშუალება, მიიღონ აქტიური მონაწილეობა ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების სფეროში. ხელი არ მიუწვდებათ განახორციელონ კონტროლი, თუ როგორ ხდება ფინანსური რესურსების გადანაწილება სხვადასხვა სექტორებს შორის, კრედიტების გაცემის ორგანიზების, ფისკალური პოლიტიკის განხორციელებაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში ქალების განათლების პოტენციალი უტოლდება მამაკაცისას და მათი კვალიფიკაცია რეალურ გარანტს იძლევა, რათა ისინი იქცნენ კერძო სექტორში – საბაზრო ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სფეროში – მნიშვნელოვან წარმმართველ ძალად. ეკონომიკური აქტივობის გაზრდისათვის აუცილებელია ისეთ სფეროში მონაწილეობა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ბაზისის განმტკიცებას.

ქალს მეწარმეობის სფეროში დიდი პოტენციალი გააჩნია, რომელსაც საზოგადოება ფაქტიურად კარგავს. მეწარმეობის სფეროში ქალისა და მამაკაცის შესაძლებლობების გაწონასწორება მოითხოვს ღონისძიებათა მთელ კომპლექსს. შეღავათიანი კრედიტები, მიკროდაფინანსება, ქალთა შრომის დაცვის საკანონმდებლო ბაზა, საბავშვო დაწესებულებათა განვითარება, საყოფაცხოვრებო მომსახურების ქსელის გაფართოება, ქალთა მიზანდასახული მომზადება სამეწარმეო საქმიანობისათვის /მარკეტინგი, იურიდიული ასპექტები, დაბეგვრის სისტემა, ამის დიდი გამოცდილება არსებობს განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, როგორიცაა ჰოლანდია, შვეცია, იაპონია, ინგლისი, გერმანია და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეული საქმიანობა აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, სადაც ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ქალთა მეწარმეობრივი საქმიანობის სტიმულირების თვალსაზრისით. საერთაშორისო შრომის ბაზარზე ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში ახალი შესაძლებლობები გაჩნდა ქალთათვის, რამაც გამოიწვია ქალთა გარე მიგრაციის ზრდა. საერთაშორისო ვაჭრობის ზრდამ, მოითხოვა იაფი მუშახელი. ამ შემთხვევაში ქალებს უპირატესობა გააჩნიათ ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში, თუმცა, არ ექვემდებარებიან არავითარი დაცვის მექანიზმებს, თრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. თუ წინათ გარე შრომით მიგრაციაში უპირატესად მამაკაცები მონაწილეობდნენ, გარდამავალ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალების წილი. ოჯახიან ქალთა შრომითი მიგრაცია გამოწვეულია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებით, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ოჯახზე, დემოგრაფიულ განვითარებაზე.

საზოგადოებაში გენდერულ ურთიერთობათა გარდაქმნა, მამაკაცისა და ქალის როლის სტერეოტიპების შეცვლა მათ ეკონომიკურ სტატუსზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

ქალთა ეკონომიკური წახალისება, დამოუკიდებლობისა და უფრო მაღალი სტატუსის მოპოვების საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, მაღალი სტატუსი სამეწარმეო საქმიანობაში წარმატების მიღწევის საწინდარია.

ქალთა ეკონომიკური აქტივობის გაზრდას თან უნდა ახლდეს ადეკვატური დამცავი მექანიზმების არსებობა, როგორიცაა, ხელშემწყობი ფაქტორები ბავშვთა აღზრდის საქმეში, მომსახურების სფეროს უზრუნველყოფა. დღეს ყველასათვის ნათელია, თუ რა მნიშვნელოვანია ქალის მწარმოებლური საქმიანობის ხვედრითი წილი ოჯახის ბიუჯეტის ფორმირებაში, ასევე მნიშვნელოვანია გენდერული პარამეტრების გათვალისწინება ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირებაში.

საქართველოს მთვარობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტების “ქალები განვითარების პროცესში” და “გენდერი და განვითარება” განხორციელებით შესწავლილია ქალთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში. შემუშავებულ იქნა გარკვეული რეკომენდაციები ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკურ პროცესებში მათი როლის გააქტიურებისათვის. ამ პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში გენდერული პრობლემების წარმოჩენის, გაცნობიერებისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო დონეზე.6 ქართველი მეცნიერები დაინტერესდნენ გენდერული საკითხების კვლევით. მკვეთრად იკვეთება გარდამავალ ეტაპზე სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკაში გენდერული ფაქტორების გათვალისწინების აუცილებლობა. იგი გულისხმობს გენდერულ ასპექტებს ფისკალურ, საბიუჯეტო სახსრების განაწილების, სოციალურ პოლიტიკასა და შრომის ბაზრის რეგულირებაში.

ამ პოლიტიკის გასატარებლად, პირველ რიგში, აუცილებელია: რეალურად განხორციელდეს ქალთა მეწარმეობრივი საქმიანობის განვითარებისათვის სახელმწიფო პროგრამა, პროგრამის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ბიზნესში, მათ შორის მცირე ბიზნესში მონაწილე ქალთა მხარდაჭერა, შეღავათიანი კრედიტების მიცემა და საგადასახადო შეღავათების გავრცელება, ბიზნესის ორგანიზაციისა და მენეჯმენტის საფუძვლების შესწავლა.

პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს საბაზრო პირობებისათვის ქალთა თეორიულ-ეკონომიკურ მომზადებას, აუცილებელი იურიდიული განათლების მიღებას. ქალთა მეწარმეობითი საქმიანობის სტიმულირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისა საქართველოში, რომელიც ქვეყნის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს.

ეკონომიკური გლობალიზაციის შედეგად საქართველოში რეალიზდება უამრავი ერთობლივი პროექტი – გაეროს, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ბევრი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით, რომელთა წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ დონეს, კიდევ უფრო გაიზრდება ინვესტიციების რიცხვი, რაც აამაღლებს მოსახლეობის მწარმოებლურ პოტენციას. ამიტომაც, აუცილებელია ამ პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა, არსებული შრომითი და ინტელექტუალური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება, ქალთა მეწარმეობრივი საქმიანობის სტიმულირება.

მნიშვნელოვანი პროექტის ევრაზიული სატრანზიტო დერეფნის განხორციელება დიდ შესაძლებლობებს იძლევა ამ მიმართულებით. დერეფნის მარშრუტზე მომსახურების ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ პროცესში თავიდანვე ქალთა ჩართვა, ხელს შეუწყობს მათი დასაქმების პრობლემის დარეგულირებას, მცირე ბიზნესში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერას. Aაუცილებელია სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ღონისძიებებში გენდერული პარამეტრების გათვალისწინება, რომელიც მოიტანს როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ და პოლიტიკურ შედეგებს, რაც რეალური საფუძველი იქნება დემოკრატიზაციისა, ჰუმანური განვითარების მიღწევის საქმეში.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial