საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტრატეგიის სრულყოფის საკითხები

გელა ალადაშვილი

საქართველოს აქვს პოტენციალი ეფექტიანი საგარეო სავაჭრო საქმიანობის განვითარებისათვის. ამ შესაძლებლობების რეალიზაციისათვის საჭიროა საგარეო ვაჭრობის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც გარკვეული ორიენტირის როლს შეასრულებს. სტრატეგია განსაზღვრავს მთავარ მიმართულებებს, გადამწყვეტ პრიორიტეტებს და გათვლილი იქნება ხანგრძლივი პერიოდისათვის, მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ეროვნული ეკონომიკის პოზიციების გასამყარებლად პირობების შექმნისათვის.
სოციალისტური სისტემის მემკვიდრეობითი ფაქტორები და საბაზრო რეფორმების დაუსრულებლობა ზღუდავს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს, გამოიყენოს მაღალგანვითარებული ქვეყნების გამოცდილება საგარეო სავაჭრო კავშირების უფრო ოპტიმალური მოდელის შესამუშავებლად. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ამოსავალი უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკის რეალური მდგომარეობა და მისი თავისებურებანი.
საგარეო ეკონომიკური კავშირების გააქტიურება დაეხმარება საქართველოს აღორძინებას, მისი ეკონომიკის მოდერნიზაციას, მაგრამ ეს მოითხოვს მსოფლიო ეკონომიკაში ქვეყნის ოპტიმალური ჩართვის სტრატეგიის შემუშავებას და თანმიმდევრულ რეალიზებას, ამ სფეროს საქმიანობის მართვის გარდაქმნას, ექსპორტის მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებას, საკუთარი პერსპექტიული დარგების დაცვას და იმპორტშემცვლელი წარმოების განვითარებას. ქვეყანამ უნდა აიმაღლოს კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე, დაეყრდნოს იმ დარგებსა და წარმოებებს, რომელთაც ამისათვის კარგი წინაპირობები აქვთ.
ჯერჯერობით საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობისა და რეალიზაციის შესაძლებლობების სპექტრი შეზღუდულია. ასეთ ვითარებაში საქართველოს კიდევ არაერთი წელი მოუნდება, დაეყრდნოს სანედლეულო და სასოფლო-სამეურნეო საქონელს, როგორც სავალუტო შემოსავლის მიღების მნიშვნელოვან წყაროს. მომპოვებელ დარგებზე ორიენტაცია და ქვეყნის რესურსული პოტენციალი არ შეიძლება ჩაითვალოს უდავო და მუდმივ კონკურენტულ უპირატესობად. აუცილებელია გონივრულ ზღვრამდე მისი როლის თანდათანობითი შემცირება საგარეო ვაჭრობაში.
ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება გამოიყენოს სავაჭრო პოლიტიკის მთელი რიგი ინსტრუმენტები საექსპორტო სიმძლავრეების გასადიდებლად.
ცნობილია, რომ ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში ინტელექტუალური რენტის შექმნა და მითვისება ტექნიკური სიახლეებისა, რომელსაც არ ფლობენ სხვები, ხდება კონკურენტუნარიანობისა და მაქსიმალური მოგების მიღების გადამწყვეტი ფაქტორი შრომის საერთაშორისო დანაწილებაში მონაწილეობიდან. საქონლის სასიცოცხლო ციკლის თეორიას თუ მოვიშველიებთ, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უნდა გახდეს განვითარებული ქვეყნებიდან უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიის მოზიდვა, რომელთა გამოყენებით წარმოებული შუალედური თუ მზა პროდუქცია საექსპორტოდ იქნება განკუთვნილი.
ტერიტორიულად, მოსახლეობით, სამრეწველო პოტენციალით ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საგარეო ბაზარზე გასვლას. თუმცა იმავდროულად უნდა ხდებოდეს შიდა ბაზრის განვითარება, მუდმივი გაფართოება, გადახდისუნარიანი მოთხოვნის ზრდა და საქონლისა და მომსახურების მიწოდების გადიდება. შიდა ბაზარზე
კონკურენტუნარიანობის ზრდამ უნდა შეუწყოს ხელი ფირმებს, გავიდნენ საგარეო ბაზრებზე და დაიკავონ ღირსეული პოზიციები მსოფლიო ვაჭრობაში.
საქართველოს წინაშე დგას ამოცანა, არა მარტო გახადოს ექსპორტი უფრო ეფექტიანი და გაზარდოს ვალუტის შემოდინება, არამედ აამაღლოს იმპორტის სახალხომეურნეობრივი ამონაგები. გლობალურ ეკონომიკაში ქვეყნის აქტიური ჩართვის ეს ორივე მხარე ურთიერთდაკავშირებულია და უნდა დაექვემდებაროს დაჩქარებულ ეკონომიკურ განვითარებას.
სახელმწიფო ვალდებულია, განახორციელოს მოწინავე ტექნიკისა და ტექნიკური გამოცდილების შემოტანის სტიმულირება, მოიზიდოს უცხოური ინვესატიციები და დაიცვას საკუთარი წარმოება, რაც საშუალებას მისცემს, შეამციროს არარაციონალური საიმპორტო დამოკიდებულება. საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის საშუალებების მთელი არსენალი (გადასახადები, საკრედიტო, სადაზღვევო და საგადასახადო შეღავათები, სამართლებრივი რეგულირება და ადმინისტრაციული წესები) უნდა ჩადგეს ამ მიზნების სამსახურში.
გასული საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან დაწყებული, მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ლიბერალიზაციის პროცესი არ არის მარტივი და ცალსახა. საგარეო ეკონომიკური საქმიანობა რჩება სფეროდ, სადაც დარეგულირება არ ხდება სწრაფად და, როგორც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, სახელმწიფო ზემოქმედება ზოგჯერ ძლიერდება.
ზოგიერთი წარმატებული ექსპორტიორი ქვეყანა მიიჩნევს, რომ თანამედროვე მსოფლიოში არსებული ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ საკუთარ ექსპორტიორთა და ინვესტორთა მხარდაჭერისთვის საჭიროა განსაზღვრული “დამაბალანსებული აქციების” განხორციელება, რათა ხელი შეუწყონ “მართვადი” ღია ბაზრის ფუნქციობას მათთვის მნიშვნელოვანი საზღვარგარეთელი პარტნიორებისთვის. მხარდაჭერის ღონისძიებები ძირითადად ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: საექსპორტო და საზღვარგარეთ საინვესტიციო საქმიანობის ეკონომიკური და ფინანსური სტიმულირება; საინფორმაციო და ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საშუალებების გამოყენება.
ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის (ჩვენ გავეცანით: აშშ, ევროკავშირი, იაპონია, ჩინეთი, ინდოეთი, მექსიკა, კორეის რესპუბლიკა, პოლონეთი და სხვ.) გამოცდილების მრავალფეროვანი სპექტრიდან ბევრი რამ ჩვენი ქვეყნისთვისაც სასარგებლო იქნება. ექსპორტის ხელშეწყობის სისტემა მოიცავს: გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს ექსპორტიორთათვის; დანახარჯების ნაწილობრივ კომპენსაციას, რაც უკავშირდება მცირე და საშუალო საწარმოების მონაწილეობას საზღვარგარეთულ გამოფენებსა და ბაზრობებზე; კრედიტებს (სამთავრობო, კომერციული ბანკების და საბანკო კონსორციუმების); საექსპორტო კრედიტების საბანკო გარანტიებს; სამთავრობო გარანტიებს და თავდებობას კრედიტებზე, რომლებიც გაცემულია საექსპორტო საწარმოების განვითარებისათვის; კრედიტების და საექსპორტო რისკების დაზღვევას; საგადასახადო შეღავათებს საწარმოებისთვის, რომელთაც საექსპორტო წარმოების მაღალი წილი აქვთ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტიორთა სუბსიდიებს და სხვ.
ექსპორტის განვითარებისთვის გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში შეიძლება პირველ ნაბიჯებად ჩაითვალოს რომელიც უნდა გაფართოვდეს და ამ თვალსაზრისით მსოფლიო გამოცდილების საფუძვლიანი გაცნობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა პრაქტიკული მოქმედებისთვის.
არ არის საიდუმლო, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში ყოველგვარი შეზღუდვის მოხსნის ყველაზე დიდი მომხრე – ამერიკის შეერთებული შტატები ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც მკაცრი პროტექციონიზმის მხარდამჭერი. იგი მომხრეა გლობალური და რეგიონული ინიციატივების გააქტიურებისა, ასევე, ორმხრივ დონეზე მოლაპარაკებების წარმართვისა. იმ პირობების გათვალისწინებით, რომ აშშ ლიდერობს საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების სფეროში, იგი იძულებულია, მუდმივად სრულყოს სავაჭრო პოლიტიკის ინსტრუმენტები მთავარი მიზნის მისაღწევად – გახსნას ახალი ბაზრები ამერიკული ექსპორტისათვის, მაგრამ ასევე მუდმივად ცდილობს, დაიცვას ნაციონალური ბაზარი “არასამართლიანი” უცხოური კონკურენციისაგან. ღია ვაჭრობისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის შენარჩუნება ამ ქვეყანაში ნიშნავს დახმარების გაწევას იმ დარგებისადმი, რომელთაც უჭირთ, მოკლე ვადებში შეეგუონ ტექნოლოგიებით, სავაჭრო და სხვა ფაქტორებით გამოწვეულ სწრაფ ცვლილებებს. აშშ-ში ეფექტიანად და შემოქმედებითად იყენებენ დამცავ კანონებს ვმო-ს წესებთან ერთად, რათა ამერიკელ მწარმოებლებს გაუწიონ დახმარება.
ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო საქონლის იმპორტი აშშ-ში საიმპორტო სატარიფო კვოტების საზღვრებში ხორციელდება საკმაოდ დაბალი განაკვეთებით, საზღვრებს ზემოთ კი-საკმაოდ მაღალი განაკვეთებით.
არსებითი პრობლემა, რომელსაც აშშ-სთან საგარეო ეკონომიკური კავშირების მქონე უცხოური კომპანიები ეჯახებიან, არის ტექნიკური ბარიერები იმპორტისათვის. მთლიანად ქვეყანაში 2,7 ათასზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციაა, რომლებიც ახორციელებენ სტანდარტების შემუშავებას.
ფედერალური მთავრობა სამხედრო და სამოქალაქო საქონლის, მომსახურებისა და სკსსს-ს ყველაზე მსხვილი დამკვეთია. კანონი – “იყიდე ამერიკული”, რომელიც მოწონებულია 1933 წელს, არის უმთავრესი სახელმწიფო პრეფერენცია სამთავრობო შესყიდვებისადმი დამოკიდებულებაში.
იმპორტის შეზღუდვისათვის ფართოდ გამოიყენება საგადასახადო კანონმდებლობა.
საინტერესოა აშშ-ის პრაქტიკა ვმო-ში საჩივრების აღძვრის მიმართულებით, რასაც იგი საკუთარი ექსპორტის მხარდასაჭერად იყენებს. აშშ-ში შექმნილია საშინაო ბაზრის დაცვის ძლიერი ინსტიტუციონალური სისტემა, რომლის ჩამოყალიბება გაგრძელდა საკმაოდ მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში.
ამერიკული სასურსათო საქონლის მხარდაჭერის ქმედით ფორმას წარმოადგენს სახელმწიფო გარანტიის წარდგენა ამერიკული კომერციული ბანკების კრედიტების მიხედვით ამერიკული სასოფლი-სამეურნეო საქონლის მყიდველი ქვეყნებისათვის.
ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა და მზად არის, დაიცვას შთანხმებები, რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები, რომელიც ვმო-ს ფარგლებშია შემუშავებული, მაგრამ იგი ხშირად ეფექტიანად იცავს შიდა ბაზარს და იყენებს სხვადასხვა მეთოდებს წევრი ქვეყნების საექსპორტო წინსვლისთვის. ზოგჯერ ხდება ისეთი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება, რომელიც არ ჯდება ვმო-ს ფარგლებში – ზოგიერთი საქონლის პირდაპირი აკრძალვა იმის გამო, რომ ევროკავშირში მიღებულ ნორმებს, წესებს, სტანდარტებს, დამზადების ტექნოლოგიას და ა.შ. არ მიესადაგება. გარდა ამისა, ევროკავშირის მრავალრიცხოვანი დირექტივების მიუხედავად, რომელთა მიხედვით უნდა დარეგულირდეს ცალკეული დარგები და ბაზრები, და რომლებიც მიმართულია დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად მესამე ქვეყნების კომპანიების მიმართ, ეროვნული კანონმდებლობების ჰარმონიზაცია მიდის საკმაოდ ნელი ტემპით, რაც არსებითად ართულებს ევროკავშირის ცალკეული ქვეყნის ბაზარზე შეღწევას.
ტრადიციული ძველი დარგების ბაზრებზე (სოფლის მეურნეობა, გემთმშენებლობა, მეტალურგია და ა.შ.) ფართოდ გამოიყენება ჩვეულებრივი პროტექციონისტული ღონისძიებები: ტარიფები, სუბსიდირება, კვოტირება, პროდუქციის რეალიზაციის დისკრიმინაციული წესები. კერძოდ, კვოტირება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფოლადის, მარცვლეულის და სასუქის ბაზრებზე; პერიოდულად, ტემპინგის საბაბით, ეფექტიანად იცავენ შიდა ბაზარს ანტიდემპინგული ბაჟებით.
იაპონია საუკუნეების განმავლობაში იყო მოწყვეტილი საგარეო ბაზრისგან. მოგვიანებით, როცა ხელშეკრულებები გაფორმდა საგარეო ვაჭრობისთვის პორტების გახსნის თაობაზე და დაიდო ხელშეკრულებები ბაჟის 5%-მდე შენარჩუნების თაობაზე, ქვეყანაში მოზღვავდა იმპორტული საქონელი. მთავრობამ თავის თავზე აიღო ახალი სამრეწველო სისტემის შექმნის ამოცანები ისეთი მეთოდებით, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ სამრეწველო პოლიტიკის სახესხვაობა. იგი ითვალისწინებდა დასავლური მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების იმპორტს, სახელმწიფო პილოტ-საწარმოების ორგანიზაციას, ახალი წარმოების სუბსიდირებას და მაღალ გადასახადებს იმპორტული საქონლის გაყიდვაზე დაწეული ბაჟების საკომპენსაციოდ. სამრეწველო განვითარება, საკუთარი საექსპორტო პოტენციალის შექმნა იძლეოდა გადასახადების პრობლემის გადაწყვეტისათვის გასაღებს, რადგან სოფლის მეურნეობას არ შეეძლო, გამოეკვება ამ მცირემიწიანი ქვეყნის მზარდი მოსახლეობა.
ექსპორტიორთა ასოციაციების და დარგობრივი სამეწარმეო კავშირების შესახებ კანონები 1925 წელს მიიღეს.
დროდადრო იაპონია ახორციელებდა სხვადასხვა პროდუქციის დაცვას.
ექსპორტის სუბსიდირების ყველა ფორმა და ექსპორტიორთა გარანტიები მოიხსნა მაშინ, როცა დადებითი სავაჭრო სალდო გახდა მუდმივი.
მას შემდეგ, რაც იაპონია გახდა ეკონომიკური ზესახელმწიფო, მისი ეროვნული ეკონომიკური მოდელი აღიქმება სხვა ინდუსტრიული ქვეყნების მიერ როგორც ანომალია, თავისებური “არაკაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკა”. კრიტიკის საგნად იქცა სახელმწიფო პატერნალიზმი.
ირიბი სუბსიდირება ხორციელდებოდა მრავალრიცხოვანი ლეგალური კარტელური რეჟიმებით, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობიდან გამონაკლისის სახით.
კორეის რესპუბლიკაში 60-იანი წლების შუახანებში ჩამოყალიბდა ღონისძიებათა სისტემა, რაც სტიმულს აძლევდა საგარეო ბაზარზე გასვლისთვის საქონლის წარმოებას: პირდაპირი და ფარული სუბსიდიები; სამრეწველო ინფრასტრუქტურის დაფინანსება რეგიონებში, რომელთაც სასიცოცხლოდ აუცილებელი მნიშვნელობა ჰქონდათ ინდუსტრიული და სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრების ჩამოყალიბებისთვის; საზღვარგარეთული გრანტების და შეღავათიანი კრედიტების გამოყენება მმართველობითი კადრების მიზანმიმართული მომზადებისთვის; სკსსს-ზე ხარჯების შეღავათიანი დაბეგვრის უზრუნველყოფა; შეღავათიანი ტარიფების შენარჩუნება ელექტროენერგიასა და სატრანსპორტო ხარჯებზე (საშუალო დონის 50%-მდე); წამყვანი ექსპორტიორებისთვის (რომელთა წილი სამრეწველო ექსპორტში აჭარბებს დადგენილ დონეს, მაგალითად, 2%-ს) განსაკუთრებული სტატუსის მიცემა, რაც მათ დამატებით საგადასახადო და საფინანსო შეღავათებს აძლევს; ტარიფების დაწევა (ან სრული მოხსნა) სამრეწველო მოწყობილობების იმპორტზე, ნედლეულსა და მაკომპლექტებულ ნაწარმზე.
ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის ლიდერები წავიდნენ იმპორტის ლიბერალიზაციაზე მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდის სწრაფი ზრდის შემდეგ, რომლის განმავლობაში მათ შენარჩუნებული ჰქონდათ მაღალი საიმპორტო ბარიერები.
საინტერესოა პოლონეთის გამოცდილება, სადაც სხვა სოციალისტური ქვეყნების მსგავსად საგარეო ეკონომიკური კავშირები ეფუძნებოდა სახელმწიფოს მონოპოლიას.
90-იან წლებში კარდინალურად შეიცვალა პოლონეთის ეკონომიკური პოლიტიკა.
საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციის შედეგად ეროვნული მწარმოებლები უძლურნი გახდნენ უცხოური კონკურენციის წინაშე. პოლონეთმა დაიწყო შიდა ბაზრის დაცვა ფორმებით, რომელიც ტრადიციულია საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვის.
მთელ რიგ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების ძალაში შესვლის შემდეგ იწყება ბაჟების თანდათანობითი შემცირება, რაც კომპენსირდებოდა არასატარიფო ეკონომიკური და ადმინისტრაციული ღონისძიებების მზარდი გამოყენებით.
ფორსირებული ლიბერალიზაციის შედეგად სამრეწველო საქონლის შიდა ბაზარი ფართოდ გაიხსნა უცხოური კონკურენტებისათვის. 2000 წელს პოლონეთის სამრეწველო იმპორტის 77% ხორციელდებოდა უბაჟოდ.
გაცილებით ნაკლებად შემცირდა საბაჟო განაკვეთები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. აგრარული იმპორტის ლიბერალიზაცია ურუგვაის მოლაპარაკებების ფარგლებში ატარებდა უმეტესად ფორმალურ ხასიათს. შემცირება შეეხო მეტად მაღალ საბაჟო განაკვეთებს.
საბაჟო პროტექციონიზმის შემცირების ტენდენციის მიუხედავად, პოლონეთმა 90-იანი წლების მეორე ნახევარში ცენტრალური და აღმ. ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით შეანელა ლიბერალიზაციის გრაფიკის რეალიზაციის ტემპები. იგი დროდადრო ამაღლებდა სატარიფო დაცვას და შემოჰქონდა კვოტები ზოგიერთი საქონლის იმპორტზე.
სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტის სტიმულირებისა და მხარდაჭერის გამოცდილების შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე შეიძლება გამოვკვეთოთ ჩვენი ქვეყნისათვის სასარგებლო ზოგიერთი პრიორიტეტული მიმართულება.
საქართველო ნამდვილად საჭიროებს ექსპორტის ხელშეწყობის სისტემის შექმნას. როგორც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, ამ მიმართულებით წარმატებით გამოიყენება საშინაო ბაზრის დაცვის და ექსპორტის ხელშეწყობის ინსტიტუციონალური სისტემა. პირველ რიგში, ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ვაჭრობაში პრეფერენციების არსებული სისტემები.
ვმო-ს წევრობის ფარგლებში სათანადოდ უნდა ვიმოქმედოთ ანტიდემპინგური ბაჟებით და სპეციალური დამცავი ღონისძიებებით, რომელთა მიზანია იმპორტის შეზღუდვა იმ შემთხვევაში, როცა იგი ზარალს აყენებს ამა თუ იმ სამამულო დარგს. როგორც უცხოეთის გამოცდილება გვიჩვენებს, მთელი რიგი ტექნიკური ბარიერების შემოღება ეროვნულ მწარმოებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, “ამართლებს” ვმო-ს წინაშე.
ექსპორტის წინსვლაში სახელმწიფოს პირდაპირი მხარდაჭერა, თუკი იგი განხორციელდება, უნდა ატარებდეს ღია და გამჭვირვალე ხასიათს. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები კი მას შემდეგ შეიძლება განხორციელდეს, რაც გამოიკვეთება პრიორიტეტული განვითარების დარგები. სახელმწიფოს მხრიდან ექსპორტის სუბსიდირება (პირდაპირი თუ ფარული მეთოდებით), რასაც ვმო ზღუდავს, ძლიერი სახელმწიფოების პრეროგატივაა, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში კი ასეთმა მცდელობამ არ გამოიღო სათანადო ეფექტი (მაგალითად, რუსეთში).
განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, ვმო-ს წევრობის ფარგლებში, უნდა შემცირდეს სატარიფო და ეროვნულ მწარმოებელთა დაცვის სხვა ხერხები, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საქონელს (თუნდაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას).
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად და ეფექტიანად შეძლოს საიმპორტო ტარიფებთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენება. ვმო სპეციალური დამცავი ზომების გამოყენების ნებას რთავს იმ დარგებისთვის, რომელთა არსებობასაც საფრთხეს უქმნის იმპორტი, უნდა აამაღლონ საიმპორტო ბაჟები საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის წარმოშობისას. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯებს უნდა ახლდეს კონსულტაციები ვმო-ს სხვა ქვეყნებთან. ქვეყანა, რომელიც მსგავს ღონისძიებებზე მიდის, იძულებულია, დათმოს თავისი ეკონომიკური პოლიტიკის სხვა სფეროებში. მთლიანობაში, შეზღუდვები, რომელიც ვმო-ს მიერ არის შემოღებული საბაჟო ტარიფების შეცვლაში, პასუხობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რადგან განსაზღვრული სტაბილურობის გარანტიას აძლევს ეროვნულ მწარმოებელს და უცხოელ ინვესტორს.
ვმო-ს წევრი ქვეყნების გამოცდილება საკუთარი ინტერესების დაცვაში შიდა და გარე ბაზრებზე მოწმობს, რომ ქართველ მეწარმეთა პრობლემები არ შეიძლება გადაწყდეს წმინდა პროტექციონისტული ღონისძიებებით. მათთვის უცხოელ კონკურენტებთან შედარებით უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის საშინაო პრობლემები: კრედიტის მაღალი ღირებულება, კაპიტალის სუსტი ბაზრები, სამუშაო ძალის დაბალი მობილურობა, სკსსს-ში დაბანდებათა უკმარისობა, საზღვარგარეთ კადრების გადინება, რაც ქვეყანაში დაბალ ხელფასს უკავშირდება. აღნიშნული ბევრად განსაზღვრავს საქართველოს ფირმების კონკურენტუნარიანობის დონეს.
საქართველოს ეკონომიკის ბევრმა დარგმა ვერ გაუძლო ღია კონკურენციას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ არა აქვთ მომავალი.
თუ წმინდა საბაზრო კრიტერიუმებიდან ამოვალთ, საქართველომ უარი უნდა თქვას თითქმის ყველაფერზე. შრომის მწარმოებლურობა ნებისმიერ დარგში რამდენჯერმე დაბალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. მაგრამ, ცხადია, რომ ქვეყანამ არ უნდა თქვას უარი ყველაფრის წარმოებაზე.
მისაღებად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს გაწევრიანება მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რაც საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს.
საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერა ჯერ კიდევ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს, რადგან “ადმინისტრაციული რესურსის” გამოყენება სახალხო ინტერესებისთვის არ გამოიწვევს სასურველ მიზანთან მისვლას და დაარღვევს საბაზრო-კონკურენტული მექანიზმის მოქმედებას.
პირველ რიგში, საჭიროა განვითარებული საკრედიტო სისტემა და კაპიტალის ბაზრები, დაზღვევის სისტემა და ლიზინგი, ძლიერი საინვესტიციო და ინოვაციური ინსტიტუტი, კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემები და ა.შ. ფართო კომპლექსი, რაც წარმოების ფაქტორების მობილურობას შეუწყობს ხელს.
ვმო არ ზღუდავს სახელმწიფოს მხრიდან ფუნდამენტური მეცნიერების დაფინანსებას, მთავრობებს უფლებას აძლევს, ფართოდ დააფინანსონ პრაქტიკული კვლევები და სამუშაოები, აღმოუჩინონ დახმარება საწარმოებს ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში, დაეხმარონ ჩამორჩენილ რეგიონებს.
ვმო-ს წესები საკმაოდ ფართო არეალს უტოვებს სახელმწიფოს ეროვნული მრეწველობის განვითარების ხელშეწყობისთვის და მსოფლიო ბაზარზე მდგომარეობის განმტკიცებისთვის. ეროვნული მრეწველობის მხარდაჭერისთვის დიდ შესაძლებლობებს წარმოადგენს შეთანხმება დამცავი ღონისძიებების შესახებ, რაც ითვალისწინებს დროებითი სპეციალური დამცავი ბაჟების, ან რაოდენობრივი საიმპორტო შეზღუდვების შემოღებას, როდესაც იმპორტის ზრდა იწვევს (ან შეიძლება გამოიწვიოს) ეროვნული ეკონომიკის ამა თუ იმ დარგის ზარალს აშშ ვმო-ს ამ დებულებას საკუთარი ფოლადის მრეწველობისთვის იყენებს. ერთი მხრივ, ეს დებულება წარმოადგენს თავისთავად არსებულ განსხვავებას ვაჭრობის თავისუფლებისგან, რომლის დეკლარირებასაც თვით აშშ ახორციელებს. მეორე მხრივ, იგი ხელს უწყობს, შემცირდეს საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციის არახელსაყრელი შედეგები.
ჩვენთანაც საჭიროა შემოღება და ოპერატიულად გამოყენება საერთაშორისო სტანდარტებისა შრომით კანონმდებლობაში, ჯანდაცვაში, ეკოლოგიაში და სხვ., რომელთა დარღვევა მრეწველურად განვითარებული ქვეყნების მიერ განიხილება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის რანგში, რასაც გარკვეული შედეგები მოჰყვება ექსპორტიორებისათვის. სასარგებლო იქნება პროდუქციის სერთიფიცირების თანამედროვე სისტემების დანერგვის დაჩქარება.
სამამულო პროდუქციის ექსპორტის წინსვლას შეუწყობს ხელს ქართული პროდუქციის სავაჭრო ნიშნების მასობრივი ფალსიფიკაციისაგან დაცვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება.
საგადასახადო კოდექსის სრულყოფა, მთლიანობაში, კლიმატის გაუმჯობესება ის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პირობებია, რაც ქმნის არა მარტო ექსპორტის, არამედ ეკონომიკის აღმავლობის წანამძღვრებს.
ექსპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში საექსპორტო საქმიანობის და საექსპორტო ოპერაციების დაზღვევის თანამედროვე სისტემის შექმნა.
ექსპორტის განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, ჩამოყალიბდეს დაკრედიტების ქმედითი მექანიზმი. ექსპორტიორთა საქმიანობას სტიმულს მისცემს საშუალო და გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხები. მიზანშეწონილია იმ საინვესტიციო პროექტების წახალისება, რომლებიც საექსპორტო პროდუქციას აწარმოებენ.
სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესის სფეროში უნდა შედიოდეს ექსპორტის ხელშემწყობი სპეციალური სტრუქტურების ფორმირება, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ხელს შეუწყობენ ქართული პროდუქციის წინსვლას მსოფლიო ბაზარზე და ა.შ.
ექსპორტის ზრდის ხელშემწყობი ღონისძიებების და შიდა ბაზრის დაცვის ზომების კომპლექსური გამოყენება საგარეო ვაჭრობის სტრატეგიის წარმატების წინაპირობაა.
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების საბაზრო მეთოდებს შორის, ჩვენი აზრით, ყურადღებას იმსახურებს საექსპორტო ასოციაციების მოდელების შესწავლა და დანერგვა, რომლებიც ფართოდ გავრცელდა საზღვარგარეთ. ისინი შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც ერთფეროვანი (მაგალითად სანედლეულო), ისე შერეული სახით, რომელიც მოიცავს მზა პროდუქციის გამოშვებას და გაყიდვას. საექსპორტო ასოციაციების მთავარი თავისებურება ისაა, რომ საწარმოები (განსაკუთრებით მცირე ფირმები), რომლებიც გაერთიანდებიან, ინარჩუნებენ იურიდიულ და საწარმოო დამოუკიდებლობას და უპირატესად ასოციაცია იღებს თავის თავზე ექსპორტიორის ფუნქციებს.
ამგვარი კავშირებისა და ასოციაციების მეშვეობით, რომლებიც შეისწავლიან საზღვარგარეთულ ბაზრებს, ქართულ საწარმოებს, რომელთაც არა აქვთ საგარეო კავშირების დიდი გამოცდილება, შეეძლებათ, იოლად იპოვონ თავიანთი ადგილი ეროვნული ექსპორტის ფართო ნაკადში, რაც უკავშირდება უცხოელი პარტნიორის მოძიებას. ეს შესაძლებელი გახდება, თუ საექსპორტო ასოციაციებს ექნებათ წარმომადგენლობა საზღვარგარეთ, რასაც ცალკეული საწარმო ვერ უზრუნველყოფს. საქართველოში განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გამოყენება საექსპორტო ასოციაციის შექმნის ხაზით არ შემოიფარგლება მხოლოდ ექსპორტის მხარდაჭერით. იგი ხელს შეუწყობს ინვესტიციების, ინჟინირინგის, ლიზინგის და სხვა სფეროების თანამშრომლობის განვითარებას.