სალარო აპარატის გამოყენების ფინალი

რედაქციისაგან

2005 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმადაც, გამკაცრდა სანქციები მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისთვის.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი – აღრიცხვიანობის მოწესრიგებასთან ერთად – კეთილსინდისიერი გადამხდელების დაცვაც იყო. ის პირები, რომლებიც აქამდეც განუხრელად იცავდნენ კანონის მოთხოვნას და ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატით აწარმოებდნენ, არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ იმ გადამხდელებთან შედარებით, რომლებიც არ აღრიცხავდნენ შემოსავალს, მოგებას და გადასახადებს უმალავდნენ ბიუჯეტს.
საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისათვის ახალი საჯარიმო სანქციები 1 მარტიდან შედის ძალაში. ამასთან დაკავშირებით გაგაცნობთ სალარო აპარატების გამოყენების წესებსა და შემოსავლებისა და ამონაგების ბუღალტრული აღრიცხვის საკითხს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადგენილებით,
თუ მეწარმე მიმართავს მომხმარებელთან ნაღდი ფუ-
ლით ანგარიშსწორებას და დღემდე არ შეუძენია საკონტროლო სალარო აპარატი, დროულად უნდა შეიძინოს ის. წინააღმდეგ შემთხვევაში:
საკონტროლო სალარო აპარატის გარეშე მუშაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – დაჯარიმდება 5000 ლარიით, ხოლო ყოველი შემდგომი განმეორება – 10000 ლარის ოდენობით.
თუ მეწარმეს უკვე შეძენილი აქვს საკონტროლო სალარო აპარატი, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყენებს მას მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, მაშინ ასეთი ქმედება გამოიწვევს:
დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველი შემდგომი განმეორებისას – 2500 ლარის ოდენობით.
სალარო აპარატების გამოყენებისას საგადასახადო კოდესი ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს და განსაზღვრავს იმ ფიზიკურ პირთა კატეგორიებს, რომლებიც თავისუფლდებიან სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან:
ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული (გადამუშავებული) საქონლის რეალიზაციას ახორციელებენ უშუალოდ თვითონ (მიუხედავად იმისა, თუ სად – ბაზარში, ფარდულში, ჯიხურში, ქუჩაში და ა.შ. ხდება მათი რეალიზაცია);
მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და განსაზღვრულ ფართში დამოუკიდებლად ახორციელებენ განსაზღვრულ საქმიანობას (მაგ: ხალიჩების წარმოება, თავსაბურავების წარმოება, ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, თმის კრეჭა და ა.შ.);
ფიზკური პირები, რომლებიც დასაქმებულნი არიან სასოფლო – სამეურნეო
წარმოებაში და ახორციელებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად მიწოდებას, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს. ეს შეღავათი ეხება მცირე ფერმერულ მეურნეობებს, რომელთა ორგანიზებას ახდენენ ფიზიკური პირები;
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირები, რომლებსაც არა აქვთ საგადასახადო ორგანოში მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის ვალდებულება;
ფიზიკური პირები, რომლებიც აქირავებენ მათსავე საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს;
ფიზიკური პირები, რომლებიც გადასცემენ მათსავე საკუთრებაში არსებულ მატერიალურ აქტივს (მისი მიღებიდან 2 წლის განმავლობაში) და ასეთი გადაცემა იწვევს ნამატი შემოსავლის წარმოქმნას;
ფიზიკური პირები, რომლებიც იღებენ დივიდენდებს და პროცენტებს და ა.შ.
პირები, რომლებიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ მომხმარებლების ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) – საქმიანობის ამ ნაწილში, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით;
– საავარიო სამსახურები;
– სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
– საყოფაცხოვრებო ნივთების რემონტი სახლში გამოძახებით, სახლში გათბობის, წყალგაყვანილობის, ელექტროგაყვანილობის დაყენება, საკვები პროდუქტების მიტანა, სადისტრიბუციო საქმიანობა და ა.შ.
პირები, რომლებიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით;
– მაგალითად, სიგარეტისა და უალკოჰოლო სასმელების მიწოდების უზრუნველმყოფი ავტომატური მოწყობილობები;
მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ქუჩაში დატარებითი ფორმით წვრილ საცალო ვაჭრობას, გაზეთებისა და ჟურნალების გაყიდვას ქუჩაში დადგმული სტენდებიდან/მაგიდებიდან.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სალარო აპარატების შემოღება შემოსავლების სწორ აღრიცხვას უნდა უზრუნველყოფდეს. იგი ერთნაირ პირობებში აყენებს ურჩ გადამხდელსა და კანონის კეთილსინდისიერ დამცველსაც.
საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების მიხედვით, შემოსავალი არის საწარმოს მიერ ეკონომიკური სარგებლის ზრდა საანგარიშგებო პერიოდში აქტივების ზრდის ან ვალდებულებების შემცირების გზით, რაც გამოიხატება საწარმოს საკუთარი კაპიტალის გადიდებით, რომელიც დაკავშირებული არ არის საკუთარი კაპიტალის მესაკუთრეთა დამატებით შენატანებთან.
შემოსავლების ცნება მოიცავს ამონაგებს და შემოსულობას (სხვა შემოსავლებს). ამონაგები წარმოიშობა საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში და ცნობილია სხვადასხვა სახელწოდებით: ამონაგები საქონლის რეალიზაციიდან, ამონაგები მომსახურების გაწევიდან, პროცენტი, დივიდენდი, როიალტი და საიჯარო ქირა.
შემოსულობა მოიცავს დანარჩენ შემოსავლებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას როგორც ჩვეულებრივი, ისე არაორდინალური საქმიანობის პროცესში. ამონაგების მსგავსად, შემოსულობა გულისხმობს საწარმოს ეკონომიკური სარგებლის გადიდებას. ამდენად, მას სტანდარტები ცალკე არ განიხილავს.
აღრიცხვისა და ანგარიშგების მიზნებისათვის ჩვეულებრივი საქმიანობის ხარჯები და შემოსავლები პირობითად შეიძლება დაიყოს საოპერაციო და არასაოპერაციო ხარჯებად და შემოსავლებად. ბასს-ები ასეთ კლასიფიკაციას არ გვთავაზობს, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ვისარგებლოთ ბასს-7-ის მოთხოვნით, რომელიც საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო მიზნით ფულადი ნაკადების დაჯგუფებას ითხოვს.
შემოსავლების აღიარება. შემოსავლების აღიარება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ეკონომიკური სარგებელი გაიზრდება აქტივების ზრდით ან ვალდებულებების შემცირებით და შესაძლებელი იქნება მისი საიმედოდ შეფასება. ე.ი. შემოსავლის აღიარება უნდა მოხდეს მაშინვე, როდესაც აღიარებული იქნება აქტივების ზრდა ან ვალდებულებების შემცირება. შეზღუდულია ისეთი შემოსავლების აღიარება, რომლის საიმედოდ შეფასება შეუძლებელია. შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს ამონაგები წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ჩვენ შევეხებით ამონაგების აღიარების კრიტერიუმებს.
ამონაგები არის საწარმოში შემოსული ეკონომიკური სარგებლის საერთო თანხა, რომელიც მიიღება საწარმოს ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობიდან და გამოიხატება საკუთარი კაპიტალის ზრდით მესაკუთრეთა მხრიდან დამატებითი ინვესტიციების გარეშე (ბას18. პუნქტი 7)
ამონაგები მიიღება საქონლის გაყიდვიდან, მომსახურების გაწევიდან ან სხვა ჩვეულებრივი საქმიანობიდან.
საქონლის გაყიდვის შედეგად მიღებული ამონაგების აღიარება ხდება მაშინ, როდესაც დაკმაყოფილებული იქნება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:
საწარმო მყიდველს გადასცემს საქონლის ფლობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან რისკს და სარგებელს;
საწარმო არ ინარჩუნებს უწყვეტ მენეჯერულ მონაწილეობას იმ დონით, რომელიც ჩვეულებრივ ასოცირდება საკუთრების უფლებასთან ან არ ახორციელებს გაყიდულ საქონელზე ფაქტობრივ კონტროლს;
თუ შესაძლებელია ამონაგების თანხის საიმედოდ განსაზღვრა;
თუ მოსალოდნელია, რომ მოცემული ოპერაციიდან საწარმო მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს;
თუ შესაძლებელია, რომ მოცემულ ოპერაციასთან დაკავშირებული უკვე გაღებული ან მომავალ პერიოდში გასაწევი ხარჯები განისაზღვროს საიმედოდ.
ოპერაცია გაყიდვად არ ითვლება და შემოსავლის აღიარება არ ხდება, თუ საწარმო ინარჩუნებს მფლობელობის მნიშვნელოვან რისკებს. მაგალითად შემოსავლის აღიარება არ ხდება, როდესაც:
საწარმო იტოვებს არადამაკმაყოფილებელ მიწოდებასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომელიც არ იფარება სტანდარტული საგარანტიო ვალდებულებებით;
საწარმოში რომელიმე საქონლის რეალიზაციიდან ამონაგების მიღება დამოკიდებულია მყიდველის ამონაგების წყაროზე, რომელიც მან თავისი საქონლის რეალიზაციის შედეგად უნდა მიიღოს;
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია გაგზავნილი საქონლის დამონტაჟება და ეს პირობა მნიშვნელოვანი სახელშეკრულებო ვალდებულებაა, რომელიც საწარმოს ჯერ არ შეუსრულებია;
მყიდველს უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობის თანახმად, უარი თქვას საქონლის შეძენაზე და, ამდენად, საწარმოსათვის გაურკვეველია უკუგების მიღების შესაძლებლობა.
ეს უკანასკნელი პუნქტი გამყიდველებს (საქონლის/მომსახურების რეალიზატორებს) მიანიშნებთ იმაზე, რომ მათ საქონლის გაყიდვამდე უნდა მოაწესრიგონ მყიდველთან ურთიერთობის საკითხი და შესაბამისი ინფორმაციის (საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების) გარეშე არ აწარმოონ სავაჭრო ოპერაციები. აღნიშნული დაიცავს მეწარმეს რისკისაგან, რომელიც გაყიდული საქონლის უკან დაბრუნების ალბათობაშია და მისთვის ზარალს გულისხმობს; ასევე, ჩამოაყალიბებს ცივილურ სავაჭრო ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს სამეწარმეო კულტურის განვითარებას.
მიუხედავად მიღებული ღონისძიებებისა, თუ მაინც საეჭვოა ამონაგების მიღების შესაძლებლობა, ამონაგები აღიარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საფასური გადახდილი იქნება ან აღმოიფხვრება ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული საეჭვო პირობები.
თუ შესაძლებელია მომსახურების გაწევის შედეგების საიმედოდ განსაზღვრა, მასთან დაკავშირებული შემოსავლის აღიარება ხდება ბალანსის შედგენის თარიღისათვის მომსახურების ხელშეკრულების შესრულების სტადიის მითითებით. მომსახურების მიწოდების შედეგების შეფასება საიმედოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:
ამონაგების თანხის განსაზღვრა შესაძლებელია საიმედოდ;
მოსალოდნელია მოცემული ოპერაციიდან ეკონომიკური სარგებლის შემოსვლა საწარმოში;
შესაძლებელია მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების შესრულების სტადიის საიმედოდ დადგენა ბალანსის შედგენის თარიღისათვის;
შესაძლებელია მომსახურებაზე უკვე გაწეული და ხელშეკრულების მთლიანად შესრულებისათვის საჭირო დანახარჯების საიმედოდ შეფასება.
მომსახურების გაწევის სტადიის გათვალისწინებით, ამონაგების აღიარება ცნობილია პროცენტული შესრულების მეთოდის სახელწოდებით. ამ მეთოდის თანახმად, ამონაგების ასახვა ხდება მომსახურების გაწევის შესაბამის საანგარიშგებო პერიოდში.
მონაგების საიმედოდ შეფასება შესაძლებელია, თუ მომსახურების მიწოდების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება:
თითოეული მხარის მიერ მომსახურებასთან დაკავშირებული უფლებების უზრუნველყოფისა და დაკმაყოფილების პირობები;
ანაზღაურების პირობები;
ანგარიშსწორების წესი.
როდესაც მომსახურების გაწევა ხდება მრავალჯერადი აქტის შედეგად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემოსავლის აღიარება ხდება თანაბარზომიერად მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში, თუ არ არსებობს იმის საფუძველი, რომ რომელიმე სხვა მეთოდის გამოყენებით უფრო ზუსტად შეიძლება მომსახურების შესრულების სტადიის ასახვა.
თუ შეუძლებელია მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული შემოსავლების საიმედოდ განსაზღრა, მაშინ შემოსავლების ასახვა ხდება მხოლოდ დასაფარავი ხარჯების უკვე აღიარებული თანხის ფარგლებში.
ზოგი ეკონომიკური სარგებელი შეიძლება აკმაყოფილებდეს შემოსავლების კრიტერიუმებს, მაგრამ სხვა სტანდარტების მოთხოვნით შეიძლება არ აღიარდეს მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში.
შემოსავლების აღიარება ცალკეულ შემთხვევაში გარიგების პირობების შესწავლას მოითხოვს.
ამონაგების შეფასება. ამონაგების შეფასება უნდა მოხდეს მიღებული ან მისაღები ანაზღაურების რეალური ღირებულების მიხედვით (ბასს 18, პუნქტი 9).
რეალური ღირებულება არის ის თანხა, რომლითაც აქტივი შეიძლება გაიცვალოს ან ვალდებულება დაიფაროს დაინტერესებულ და საქმის მცოდნე მხარეებს შორის.
სამეურნეო ოპერაციებიდან გამომდინარე, ამონაგები განისაზღვრება საწარმოსა და აქტივის მყიდველს ან მომხმარებელს შორის სათანადო გარიგების საფუძველზე. მისი შეფასება ხდება საწარმოს მიერ მიღებული ან მისაღები ანაზღაურების რეალური ღირებულებით, მასში ნებისმიერი სავაჭრო დათმობის თანხისა და ფასდათმობის გათვალისწინებით.
გარდა იმისა, რომ გაყიდული საქონელი ან მომსახურება ნაზღაურდება ფულით ან ფულადი სახსრების ეკვივალენტით, საქონელი და მომსახურება შეიძლება გაიცვალოს საქონელსა და მომსახურებაზე. გაცვლითი ოპერაციების დროს შესაძლებელია დაფიქსირდეს ამონაგების წარმომშობი მოვლენა. ამონაგების წარმომშობ სამეურნეო მოვლენად არ ითვლება საქონლისა და მომსახურების გაცვლა ანალოგიური ბუნებისა და სიდიდის საქონელსა და მომსახურებაზე. თუ საქონელი და მომსახურება იცვლება განსხვავებული სახის საქონელსა და მომსახურებაზე, ასეთი გაცვლა ითვლება ამონაგების წარმომქმნელ ოპერაციად. ამონაგების თანხა განისაზღვრება მიღებული საქონლისა და მომსახურების რეალური ღირებულების მიხედვით, რომელიც კორექტირდება მიღებული ან გადახდილი ფულის ან მისი ეკვივალენტის ოდენობით. თუ ძნელია მიღებული საქონლის ან მომსახურების რეალური ღირებულების საიმედოდ დადგენა, ამონაგების შეფასება ხდება გაცემული საქონლისა და მომსახურების რეალური ღირებულებით, რომელიც კორექტირდება მიღებული ან გაცემული ფულისა და ფულადი სახსრების ეკვივალენტის ოდენობით.
რეალიზაციის პროცესს ხშირად თან სდევს მესამე პირის კუთვნილი თანხების მიღება. რადგან ამონაგები მოიცავს რეალური ღირებულებით შეფასებულ და საწარმოს ანგარიშზე მიღებულ ან მისაღებ ეკონომიკურ სარგებელს, იგი მესამე პირისათვის გადასაცემი თანხებისაგან განცალკევებით უნდა აღირიცხებოდეს.
მაგალითი I
საწარმომ საქონლის ნაღდ ანგარიშზე გაყიდვიდან მყიდველისაგან მიიღო 2360 ლარი. მათ შორის დღგ 360.
დებეტი – 1110 ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში 2360
კრედიტი – 6111 შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან 2000
კრედიტი – 3330 გადასახდელი დღგ 360
მაგალითი II
დაბრუნებულია მყიდველისაგან 236 ლარის საქონელი უხარისხობის გამო. ფული გაცემულია სალაროდან. საქონლის დაბრუნება გამოიწვევს დღგ-ის საგადასახადო ვალდებულების კორექტირებას 36 ლარით.
დებეტი 6120 გაყიდული საქონლის დაბრუნება და ფასდათმობა 200
დებეტი 3330 გადასახდელი დღგ 36
კრედიტი 1110 ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში 236
მაგალითი III
საწარმოს მიერ გაწეულია მომსახურება დანადგარების მონტაჟზე, რომლის ღირებულება 4 000 ლარს შეადგენს. მომსახურების მიმღები ფულს გადაიხდის 10 დღის ვადაში.
დებეტი 1410 მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან 4 000
კრედიტი 6112 შემოსავალი მომსახურების რეალიზაციიდან 4 000
მაგალითი IV
ჟურნალის გამომცემელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საწარმო ავრცელებს ჟურნალს და წლიური ხელმოწერის ღირებულების 10%-ს იტოვებს საკომისიო შემოსავლის სახით. ჟურნალის ხელმომწერებისაგან საწარმოში შემოსულია 500 ლარი.
დებეტი ფულადი სახსრების ანგარიში 500
კრედიტი 6130 საკომისიო შემოსავალი 50
კრედიტი 3190 სხვა მოკლევადიანი ვალდებულებები 450
იხურება დაბრუნებული საქონლისა და ფასდათმობის ანგარიში.
დებეტი 6111 შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან 2 000
კრედიტი 6120 გაყიდული საქონლის დაბრუნება და ფასდათმობა 200
წლის ბოლოს ჯამდება საოპერაციო შემოსავლები.
დებეტი 6111 შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან 1 800
დებეტი 6112 შემოსავალი მომახურების რეალიზაციიდან 4 000
დებეტი 6130 საკომისიო შემოსავალი 50
კრედიტი 6100 საოპერაციო შემოსავლები 5 850
წლის ბოლოს იხურება საოპერაციო შემოსავლების ანგარიში ხარჯების ანგარიშებთან ერთად, შედეგის მოგებისა და ზარალის ანგარიშზე გადატანით.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial