არაკვალიფიციური ბუღალტრები თუ გაუმართავი საგადასახადო კოდექსი?!

მაკა ღანიაშვილი

ბუღალტერია ერთ-ერთი ის პროფესიაა, რომელზე მოთხოვნაც ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება. ბიზნესის წარმოება ბუღალტერიის, წარმატება კი კარგი ბუღალტერის გარეშე წარმოუდგენელია. ბუღალტრებზე მოთხოვნა ყველაზე ნაკლებად განვითარებული და კრიზისული ეკონომიკის პირობებშიც კი ყოველთვის მაღალია. გადასახადების გადახდა და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ყოველთვის საჭიროა, იქნება ეს ინდივიდუალური საწარმო თუ დიდი კორპორაცია.

მაგრამ ყველა კომპანიას არ აქვს იმის საშუალება, რომ მაღალკვალიფიციური ბუღალტერი დაიქირაოს, რომელთა მომსახურებაც საკმაოდ ძვირი ღირს. ამიტომაც განსაკუთრებით წვრილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელ კომპანიებს ბევრი პრობლემები ექმნებათ დაბალკვალიფიციური ბუღალტრების შეცდომების გამო. დაბალი კავალიფიკაცია კი ხშირად იმის შედეგია, რომ საქართვე-ლოში “პროფესიონალი” ბუღალტრების დიდი ნაწილი, ფილოლოგი, დიპლომატი, იურისტი ან სხვა პროფესიის წარმომადგენელია, ბუღალტერიას კი 3-6 თვიანი კურსების გავლის შემდეგ დაეუფლა. შესაძლებელია თუ არა მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადება მსგავსი პროგრამებით?
ბუღალტერია არის ცოდნა იმისა, თუ, როგორ კონტროლდება ბიზნესის შემოსავლები და აქტივები. ბუღალტრის საქმიანობა უფრო ფართო სპექტრს მოიცავს, ვიდრე ფინანსური ანგარიშგების მომზადება და ბიზნეს გარიგებების ჩაწერაა. ბუღალტრობა მასტიმულირებელი და რთული სამუშაოა, რომელიც მუდმივად ვითარდება. ბუღალტრები უნდა ფლობდნენ სრულ ინფორმაციას არა მხოლოდ საკუთარი კომპანიის ბიზნესის “შიდა სამზარეულოს”, არამედ გარემო პირობების, განსაკუთრებით თავბრუდამხვევი სისწრაფით ცვალებადი საგადასახადო კოდექსის ცვლილებების შესახებ.
ევროპული სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია EBMG-ის დირექტორს, ნინო არველაძეს ინტერვიუსთვის სწორედ მაშინ ვესტუმრეთ, როცა იგი კომპანიისთვის ბუღალტერს ანკეტა-რეზიუმეების მიხედვით არჩევდა:
ნინო არველაძე: “შეხედეთ, ჩემს მაგიდაზე ამ წუთას ბუღალტრის დაახლოებით 50 ანკეტა დევს. არც ერთი მათგანი არ არის განათლებით ბუღალტერი, მათ აქვთ მხოლოდ ბუღალტრის სერტიფიკატი და არა დიპლომი. ახლა გადავხედოთ ანკეტების შინაარსს და გავეცნოთ ბუღალტრების გამოცდილებას – უმეტესობა მათგანს უზარმაზარი გამოცდილება აქვს იმ მხრივ, რომ თავის დროზე ბევრ დაწესებულებაში უმუშავიათ, მაგრამ უმეტესობა მათგანი 1 კომპანიაში ატარებს 1 წელზე ნაკლებ დროს, ახალ სამსახურში გადასვლისას კი ანაზღაურება იგივეა. ისმის კითხვა – რა მოტივაცია აქვს ანაზღაურების ზრდის გარეშე ბუღალტერს სამუშაო ადგილების ასე ხშირი ცვლის? პასუხი მარტივია – მათ არ იციან ბუღალტერიის “შეკვრა”. მიმდინარე ოპერაციებს აკეთებენ, მაგრამ როგორც კი წლიური ანგარიშის წარმოდგენას მოსთხოვ, თქვენ მაგიდაზე აღმოჩნდება სრული აბსურდი. ანუ ასეთი ბუღალტრები ფირმას ტოვებენ, როგორც კი სრული ანგარიშის წარმოდგენას მოსთხოვენ. ვიცნობ ადამიანს, რომელიც 27 წლისაა და დიდი სიამაყით ამბობს, რომ 18 სამუშაო ადგილი გამოიცვალა, მაშინ, როცა მისი ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ამასთან, ყველა ბუღალტერს რატომღაც ჰგონია, რომ სრული სამუშაო დღის სამსახურში გატარება აუცლებელი არ არის და თუ რამე დარჩება დღეს გასაკეთებელი, ხვალ მოასწრებს, ეს არასწორი მიდგომაა.
ახალი ბუღალტერი ყოველთვის ძველს ადებს ხელს, ძველი კი პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ თუ რამე ხარვეზი იყო, მაშინ ახალ ბუღალტერს თავიდანვე უნდა ეთქვა და მსგავსი ბურალტერია არ გადაებარებინა. პირადად ჩემს კომპანიას, ბუღალტრის დაუდევრობის გამო საკმაოდ სერიოზული ფინანსური სანქციები ემუქრება”.
შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დღეს საქართველოში, 100 კომპანიიდან პრაქტიკულად 90% ჯარიმდება. ამ პრაქტიკის გამო მეწარმე დროის დიდ ნაწილს ჯარიმის გასაჩივრებაში ხარჯავს. დროსთან ერთად, მათ უწევთ ფინანსური დანახარჯების გაღებაც. თითქმის დაუწერელ კანონად იქცა, რომ საგადასახადო შემოწმება აუცილებლად კომპანიისთვის ჯარიმის დაკისრებით უნდა დასრულდეს. მაგალითისათვის, სალარო აპარატების გაუმართაობისა და ქვითრის არ ამორტყმის შედეგად გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2010-2011 წლებში 11 მილიონზე მეტი ლარი შევიდა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა” შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. ეს მაჩვენებელი 2010 წელს – 6 მილიონ 255 ათასზე მეტი, ხოლო 2011 წელს – 4 მილიონ 895 ათასი ლარი იყო.
ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ გადაჭარბებულია მოსაზრება, თითქოს შემოწმების 100 შემთხვევიდან 100-ვე მეწარმის დაჯარიმებით მთავრდება. თუმცა, იქვე დასძენენ, რომ თუ საგადასახადო სამსახური მცირე და მსხვილ კომპანიებს აჯარიმებს, ეს, უმეტეს შემთხვევაში, კომპანიების არაინფორმირებულობის შედეგია, ვინაიდან ბუღალტრების უმეტესობამ არ იცის, რაში შეედავოს საგადასახადო სამსახურს. საგადასახადო კოდექსში ცვლილებები მუდმივად შედის და კომპანიები, ხშირ შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, რაც დაჯარიმების მიზეზი ხდება. მართალია, საგადასახადო კანონს მეტი სიცხადე სჭირდება, თუმცა, აუდიტორები კომპანიებს ხშირად აწვდიან ინფორმაციას საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. კომპანიებს სიახლეებისთვის ფეხის აწყობა უჭირთ და დაჯარიმებაც სწორედ ამიტომაა ხშირი მოვლენა – მიიჩენევენ ექსპერტები.
საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის BPI.ge-ს დირექტორის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით (წყარო: www.commersant.ge)მცირე ბიზნესში დაჯარიმებების შემთხვევები გაცილებით ბევრია, ვიდრე მსხვილ კომპანიებში, რაც, ერთი მხრივ, მცირე ბიზნესის ნაკლები ინფორმირებულობით, მეორე მხრივ კი, საგადასახადო სამსახურის მიდგომებითაა გამოწვეული. “დიდ კომპანიებში ფინანსური აღრიცხვიანობა მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, მცირე ბიზნესში კი კვალიფიციური ბუღალტრების პრობლემაა. ამიტომ, სურვილის შემთხვევაში, საგადასახადო სამსახური უპრობლემოდ მოძებნის მიზეზს დაჯარიმებისთვის. შედეგად, ძალიან იშვიათია შემთხვევები, როდესაც შემოსავლების სამსახურის შესვლის შემდეგ კომპანიას ჯარიმებს არ უწესებენ. ბოლო პერიოდში ამ მხრივ ვითარების გაუმჯობესება შეიმჩნევა და ხშირად კომპანიებს ხარვეზის გამოსასწორებლად დროს აძლევენ. ამის მიუხედავად, საგადასახადო სამსახური კვლავ ბიზნესის მაკონტროლებელ და არა მისთვის სერვისის მიმწოდებელ ორგანოდ რჩება”, – ამბობს ლექვინაძე. მისი თქმით, ნების არსებობის შემთხვევაში, კოდექსის მუხლები უფრო მკაფიოდ იქნებოდა ფორმულირებული და ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა მართლაც პარტნიორობის ფორმას მიიღებდა.
მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დაჯარიმების ამხელა მაჩვენებელი ბურალტერთა არაპროფესიონალიზმის ბრალია, არ იზიარებენ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში. ლავრენტი ჭუმბურიძე, ასოციაციის პრეზიდენტი: “ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. მე მაქვს სტატისტიკური მონაცემები და დაახლოებით მაქვს წარმოდგენა, რამდენი მსხვილი კორპორაცია და წვრილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი საწარმოა დღეს ქართულ ბაზარზე და მიმაჩნია, რომ დღეს საკმარისად არიან კვალიფიციური ბუღალტრები საქართველოში იმისთვის, რომ არსებული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. დღეისათვის ჩვენ გვყავს 7000 წევრი, საიდანაც 483 არის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებული ბუღალტერი.
რაც შეეხება ნაკლები კვალიფიკაციის პრობლემას და იმას, რომ ბიზნესი ხშირად ჯარიმდება ბუღალტრების შეცდომის გამო, ეს, პირველ რიგში, თვითონ კომპანიის ხელმძღვანელობის ბრალია, მათ 100-200 ლარზე მეტის გადახდა თუ არ უნდათ კარგი სპეციალისტის დასქირავებლად, იმისთვისაც უნდა იყვნენ მზარ, რაც დაბალანაზრაურებადი ბუღალტრის ან სულაც ახლო ნათესავების დაქირავებას მოჰყვება. გონიერმა მეწარმემ ამაზე ეკონომია არ უნდა გააკეთოს.
გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ეს ანტი პიარ-კამპანია, რომელიც ქართულ მედიაში ამჟამად არის აგორებული დაბალკვალიფიციური ბუღალტრების შესახებ, გარკვეულწილად საგადასახადო სამსახურის მიერ გავრცელებულიცაა, რომლებიც ჯარიმების დიდ რაოდენობას არა საგადასახადო კოდექსის სირთულესა და ხარვეზებს, არამედ ბუღალტრებს აბრალებენ.
ს.ე. – დღეს ქვეყანაში მომრავლებულია 3-6 თვიანი კურსებდამთავრებული ბუ-ღალტრები. რამდენად შეიძლება მსგავსი მოკლევადიანი პროგრამებით კვალიფიციური კადრების მომზადება. ეს ტენდენცია ბუღალტერთა კვალიფიკაციის საერთო დონეს ხომ არ ამცირებს?
ლ.ჭ. – გააჩნია რისთვის ვამზადებთ ჩვენ ბუღალტერს. იმისათვის, რომ ბურალტერმა 100-500 ათასიანი ბრუნვის მქონე შპს-ში იმუშაოს, 2-3 თვიანი კურსებიც საკმარისია. მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომ კომპანიამ იმაზე მეტი არ უნდა გადაიხადოს კადრის მომზადებაში, რა სიკეთის მიღებაც მისგან შეიძლება, თუმცა არც თანხების ზედმეტად დაზოგვაა საჭირო. კომპანიამ ზუსტად უნდა განსაზღვროს თავის საჭიროებები და მიზნები და ამის მიხედვით შეარჩიოს ან თვითონ გადაამზადოს კვალიფიციური კადრები, მათ შორის, ბუღალტრებიც.
ნინო არველაძის აზრით, 3-თვიანი კურსდამთავრებულის სერტიფიკატის მქონე ბუღალტრებს უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ მთავარი ბუღალტრის თანაშემწედ შეუძლიათ მუშაობა და ელემენტარული ბუღალტრული ოპერაციების გატარება.
ნინო არველაძე: “საქართველოში არსებობენ ბუღალტრები და არსებობენ მატყუარები. პირადად ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, რომ აუცილებელია ბუღალტერს საფუძვლიანი აკადემიური განათლება ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში, ვიღებთ 3-6-თვიანი, “კონვეიერის” პრინციპით მომუშავე ორგანიზაციების სერტიფიკატით ხელში, ფილოლოგისა და ისტორიკოს განათლების მქონე ბუღალტრებს. რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისები, მაგრამ ეს იშვიათია. რაც შეეხება ეს “კონვეიერი”, ფაქტობრივად, ხალხს ატყუებს. მათთვის ეს საქმე ფულის კეთების კარგი საშუალებაა. იმით კი, რაშიც ფულს იღებენ, ფაქტობრივად ხალხს აუბედურებენ. იმ ადამიანებს, რომლებიც იმედის თვალით უყურებენ მომავალს და მიაჩნიათ, რომ ამ კურსების სერტიფიკატით მომავალში ნორმალურ სამსახურს იშოვიან, როცა ფაქტის წინაშე დგებიან, იმედი უცრუვდებათ. ბუღალტრის სერტიფიკატით ბუღალტრობა, ჩემი აზრით, არის ყოვლად გამოუსადეგარი ვარდისფერი სათვალე.
ს.ე. – თუმცა, როგორც ამბობენ, საქართველოში ბევრი კარგი ბუღალტერია, მაგრამ მათი მომსახურება ძვირი ღირს.
ნ.ა. – მიმაჩნია, რომ ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კადრის შემთხვევაში, არ შეიძლება გამოსაცდელი ვადის გარეშე თანამშრომელს მაღალი ანაზღაურება დაუნიშნო. მან ჯერ საქმით უნდა დაამტკიცოს თავისი კვალიფიკაცია. პროფესიული პასუხისმგებლობის დონე საქართველოში ძალიან დაბალია, ყველას ჰგონია, რომ იმაზე ნაკლებს უხდიან, რასაც იმსახურებს. როგორც კი მსგავსი სერტიფიკატის მფლობელ ბუღალტერს რაიმე კითხვას დაუსვამ, მისგან დოკუმენტურად დასაბუთებული პასუხის მიღებას არ უნდა ელოდე. ის წავა და ვინმეს ჰკითხავს აზრს, ასე კი საქმე არ კეეთდება.
რა მოთხოვნებს უყენებენ ბუღალტრებს საზღვარგარეთ
მიმდინარე ფინანსური და ეკნომიკური კრიზისის დროს მსოფლიოში კვალიფიციური და პატიოსანი ბუღალტრები სულ უფრო დაფასებული ხდებიან. ამის მაგალითია ისიც, რომ აშშ-ში ეკონომიკური გამოცემების ნაწილმა, 2012 წლის პროფესიად ბურალტერია დაასახელა. ამერიკაში ბუღალტრის პროფესია ძალიან მრავალფეროვანია. მათ ზოგადად ბუღალტერიის გარდა ვიწრო სპეციალობების დაუფლებაც უწევთ. მაგალითად, სასამართლო უწყების ბუღალტერი უნდა დაეუფლოს ისეთ სპეციფიკურ საკითხებს, როგორიცაა ფინანსური მაქინაციები, გაყალბებები და ა.შ., მენეჯერული ბუღალტერიის კურსები ითვალისწინებს ცალკეული კომპანიების ფინანსური ინფორმაციისა და სპეციფიკების დაწვრილებით განხილვა-შესწავლას, სამთავრობო საქმის ბუღალტერი, სპეციალიზდება სახელმწიფო უწყებების თუ იმ კერძო სექტორის კომპანიების მუშაობაში, რომლის რეგულირებაც სახელმწიფო ორგანოების საქმეა.
“დასაქმების სტატისტკის” ბიუროს პროგნოზის მიხედვით, 2010-2020 წლებში აშშ-ში ბუღალტრების რაოდენობა 15.7%-ით გაიზრდება. ზრდის ეს ტემპები გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა პროფესიის საშუალო ზრდის ტემპი. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, 2012 წლისათვის ამერიკას დამატებით 190 700 ბუღალტერი დასჭირდება.
ამერიკის დასაქმების სააგენტოს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2010 წელს ბუღალტრის საშუალო წლიური შემოსავალი იყო 61,690 აშშ დოლარი. ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბუღალტრების ხელფასი წელიწადში დაახლოებით 105-110 ათასი აშშ დოლარი იყო, ყველაზე დაბალ ანაზღაურებადის კი 38 940. ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბუღალტრები მუშაობენ ფედერალურ აღმასრულებელ უწყებებში, საბროკერო კომპანიებში, ფასიანი ქაღალდების ან ფინანსური ინვესტირების სფეროში. ბუღალტრების 75%-ის ხელფასი დაახლოებით 82 000 დოლარია, 25%-ის კი 48 000.
ამერიკაში ბუღალტერს პროფესიული საქმიანობის დასაწყებად სულ მცირე ბაკალავრის ხარისხი სჭირდება ბუღალტერიასა ან მონათესავე პროფესიაში. ამასთანავე, ბაკალავრიატის შემდეგ ბევრი ირჩევს კვალიფიკაციის ამაღლების გზას და გადიან სერტიფიცირების სხვადასხვა კურსებს. ყველაზე გავრცელებულია ჩერტიფიედ Pუბლიც Aცცოუნტანტ (ჩPA) კურსები. სერტიფიკატის მისაღებად ბუღალტერმა უნდა ჩაბაროს მისაღები გამოცდები სერტიფიცირებული საჯარო ბუღალტრების ამერიკულ ინსტიტუტში. ზოგიერთ შტატში დამატებითი გამოცდები უნდა ჩააბაროს ბურალტერმა იმისათვის, რომ მიეცეს ამ შტატში ბუღალტრად მუშაობის უფლება. ამასთანავე, შტატების უმეტესობაში მოითხოვენ გამოცდამდე 150-საათიანი სასწავლო კურსის გავლას.
ამერიკაში არის სხვადასხვა კურსები, რომელიც ასევე გასცემს უმაღლესი პროფესიონალიზმის დამადასტურებელ სერიტიფიკატს ბურალტრებზე. იმისათვის, რომ ბუღალტერმა ისწავლოს და მიიღოს სამენეჯმენტო ბუღალტერიის ინსტიტუტის სერტიფიკატი, მას ბაკალავრის ხარისხთან ერთად უნდა ჰქონდეს მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილებაც ამ სფეროში. მართალია, ბაკალავრის დიპლომის მფლობელ ბუღალტრებს შეუძლიათ ამ სერტიფიკატის გარეშე მუშაობაც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მათ კარიერული წინსვლის მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ.
ჩინელმა მიმომხილველებმა გასული წლის ბოლოს გამოაქვეყნეს იმ სერტიფიცირებული პროიფესიების ხუთეული, რომელთა მფლობელებსაც ჩინეთში მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების ყველაზე მეტი შანსი აქვთ. ამ პროფესიათაგან პირველ ადგილზეა ბუღალტერია. თუმცა აუცილებელია, რომ ბუღალტერი ფლობდეს საერთაშორისო საბუღალტრო ასოციაციის მიერ აღიარებულ ერთ-ერთ სერტიფიკატს, განსაკუთრებული მოთხოვნა სერთიფიცირებული საჯარო ბუღალტრების საერთაშორისო ინსტიტუტის Certified Public Accountant (CPA) სერტიფიკატის მფლობელ ბუღალტრებზეა. დღეს ჩინეთში ამ კურსებს დაახლოებით 1 მილიონი მომავალი ბუღალტერი გადის. ჩPA სერტიფიკატის მფლობელი ბუღალტრის საშუალო ანაზღაურება ჩინეთში 400 00 იენია, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბუღალტრების ანაზღაურება კი 100 000 000 იენსაც აჭარბებს.
დიდად არის დაფასებული ბუღალტრების პროფესია კანადაში, სადაც მათი საშუალო წლიური ანაზღაურება 130-180 ათას ამერიკულ დოლარს შორის მერყეობს. განათლების სისტემა კანადაში თითქმის ამერიკულის ანალოგიურია. ისევე როგორც მეზობელ ქვეყანაში, აქაც ძალიან დიდია მოთხოვნა ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებზე როგორც ბუღალტერიის, ასევე მონატესავე სპეციალობების მიმართულებით.
რაც შეეხება განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, 2008-2009 წლისათვის, კვალიფიციური ბუღალტრების საშუალო ანაზღაურება დაახლოებით 57 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ბაკალავრიატის კურსდამთავრებული ბუღალტრების ანაზღაურება წელიწადში 46-47 ათას აშშ დოლარს სცილდება. გამცდილი და პროფესიონალი კადრის ხელფასი კი შეიძლება 200-300 ათასსაც გადასცდეს. როგორც უცხოელი სპეციალისტები აღნიშნავენ, ბუღალტრის ხელფასის მთავარ კომპონენტს მისი განათლების დონე წარმოადგენს.
როგორც ვხედავთ, კარგ ბუღალტერზე მოთხოვნაც დიდია და მათი ანაზღაურებაც მაღალია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ბუღალტრობამდე გასავლელი გზა 3-6 თვით ნამდვილად არ შემოიფარგლება, როგორც ეს საქართველოში ხშირად ჰგონიათ. მეორე მხრივ, არც იმის ილუზია შეიძლება ჰქონდეს ვინმეს, რომ თვეში 100-200 ლარიანი ანაზღაურებით სასურველი პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის მქონე კადრს იშოვის.