სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ეროვნული სისტემები

პაატა კოღუაშვილი, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, დემურ ბახტაძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი, მურმან ტოგონიძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი

გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეგულირების შესახებ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებია ბიომრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების ოქმი (ქ. კარტახენა, კოლუმბია), რომელიც ძალაში შევიდა 2003 წლის 11 სექტემბერს. 2004 წლის 27 თებერვალს მალაიზიის დედაქალაქში დასრულდა ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმის მონაწილეთა პირველი თათბირი, რომელზეც მსოფლიოს 85 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო საერთაშორისო შეთანხმება.

იგი ითვალისწინებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველი პროდუქტების შემოტანაზე სასურსათო უვნებლობის გლობალური წესების შემუშავებას, რომლის თანახმად, მწარმოებლები ვალდებულნი არიან, ტვირთის გაგზავნის დოკუმენტებს დაურთონ სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ყველა გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის მეცნიერული დასახელება და მახასიათებლები.
დებატები გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირების შესახებ დასრულდა. მარკირების პროცესს შეუერთდნენ ის ქვეყნებიც (ბრაზილია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთი კორეა, იაპონია და სხვ.), რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ პროცესს.
ევროკავშირში მარკირებას ექვემდებარება თანამედროვე ბიოტექნოლოგიებით დამზადებული კვების პროდუქტები, ან ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. კანონმდებლობა ითვალისწინებს ჩვეულებრივ კვების პროდუქტში გენმოდიფიცირებული მასალების გამოყენების ერთპროცენტიან ზღვარს დნმ-სა და ცილისათვის. ამ ზღვარს დაბლა პროდუქტი არ საჭიროებს მარკირებას.
საქართველოში პროდუქციის უსაფრთხოებას არეგულირებს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ (მის აღსრულებაზე კონტროლი სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა), რომელიც განსაზღვრავს პროდუქციის უსაფრთხოებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, პროდუქციით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესსა და ოდენობას, მეწარმეთა პასუხისმგებლობის საკითხს და სხვ. კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ პროდუქცია შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების ჩვეულებრივ პირობებში იყოს უსაფრთხო მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოსათვის, აგრეთვე არ აყენებდეს ზიანს მის ქონებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს პროდუქციის დამამზადებლის ვალდებულებას: დამამზადებელი ვალდებულია, უზრუნველყოს პროდუქციის უსაფრთხოება მისი ვარგისიანობის დადგენილი ვადის განმავლობაში. მოთხოვნის დარღვევის შედეგად მომხმარებლისათვის მიყენებული ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.
რაც შეეხება სურსათისა და თამბაქოს შესახებ კანონს, რომელსაც საქართველოში სასურსათო უვნებლობის კონტროლის ერთიანი სისტემა უნდა შეექმნა, სასურველი შედეგი ვერ მოგვცა მცდარი მიდგომის გამო, კანონში ხარისხი გაიგივებულია პროდუქტის უვნებლობასთან, რაც გაუგებრობასა და შეუსაბამობას იწვევს. სურსათის ხარისხის კონტროლი ორ ნაწილადაა გაყოფილი ნედლეულის ხარისხის კონტროლის- ფუნქცია გადაცემულია სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის, ხოლო მზა პროდუქციის (საცალო ქსელი) ხარისხის კონტროლი – საქსტანდარტისათვის.
საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ნორმების თანახმად, კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელი და მისი რეგულირება სახელმწიფო ჩარევას ნაკლებად საჭიროებს. სახელმწიფოს ზრუნვის უმთავრესი საგანია პროდუქციის უვნებლობა, რომ ბაზარზე გამოტანილი ნებისმიერი პროდუქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, მაგრამ უსაფრთხო.
პროდუქციის უვნებლობის და ხარისხის გაიგივება ყოვლად დაუშვებელია შემდეგი მიზეზების გამო:
1. პროდუქციის უვნებლობა წარმოადგენს სახელმწიფო კონტროლის საგანს ყველა განვითარებულ ქვეყანაში და იგი სავალდებულო ხასიათს ატარებს;
2. პროდუქციის ხარისხის კონტროლის შესაბამისი მექანიზმების გამოყენებით დგინდება მისი შესაბამისობა სტანდარტთან მაშინ, როდესაც მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის თანახმად, პროდუქციის სტანდარტთან შესაბამისობა იმავდროულად არ ნიშნავს, რომ ასეთი პროდუქტი უსაფრთხოა (უვნებელი) მოხმარებისთვის.
მომხმარებლის დასაცავად აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება და შესაბამისი უწყებების შექმნა, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან პროდუქციის უვნებლობაზე. საქართველოში პროდუქციის უვნებლობის მაკონტროლებელი ორგანოებია: საქსტანდარტი, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ჯანდაცვის სამინისტროები. მათ ევალებათ სასაქონლო ბაზარზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტების გამოვლენასა და სასაქონლო ბრუნვიდან მათ ამოღებაზე მუდმივი კონტროლი, მავნე პროდუქტების შესახებ მომხმარებელთა შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველყოფა, ასეთი პროდუქციის რეალიზაციის აკრძალვა და სხვადასხვა იძულებითი ღონისძიებების გატარება.
დღეს ჩვენს სამომხმარებლო ბაზარზე არსებული მდგომარეობის გამო მომხმარებელი პრაქტიკულად დაუცველია და, შესაბამისად, დიდია რისკი, რომ შეძენილი პროდუქცია საშიში იყოს ჯანმრთელობისათვის. აღინიშნება სურსათით მოწამვლის მასობრივი შემთხვევებიც. ასეთ ვითარებაში პროდუქციის უვნებლობის მაკონტროლებელი ორგანოების ფუნქციები და კომპეტენციები ხშირ შემთხვევაში გაუმიჯნავია, რაც იწვევს პარალელიზმს და გარკვეულ უპასუხისმგებლობას მათ საქმიანობაში. აღნიშნული ორგანოების არაკომპეტენტური და არაეფექტიანი საქმიანობისაგან კი ზარალდება მხოლოდ მომხმარებელი.
სასაქონლო ბაზრის დაცვა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციისაგან (როგორც სურსათის კონტროლის, ისე არასასურსათო საქონლის სფეროში) საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე მაკონტროლებელი ორგანოების ფუნქციების მკვეთრად გამიჯვნას. აუცილებელია განისაზღვროს, თუ რომელი უწყება რაზე იქნება პასუხისმგებელი და როგორ განახორციელებს ამ კონტროლს. ნებისმიერ შემთხვევაში პრიორიტეტული უნდა იყოს სურსათის უვნებლობის (უსაფრთხოების) უზრუნველყოფის ღონისძიებები.
პროდუქციის უვნებლობის კონტროლის სფეროში გასათვალისწინებელია საერთაშორისო გამოცდილებაც. განვითარებული ქვეყნები დიდ ყურადღებას უთმობენ აღნიშნული საკითხის მოგვარებას და შესაბამისი მყარი ეროვნული სისტემები აქვთ შექმნილი. გარდა ამისა, ეკონომიკური განვითარების კვალობაზე იზრდება მეწარმეთა თვითშეგნება მომხმარებელთა ინტერესების გასათვალისწინებლად.
განვიხილოთ ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედი პროდუქციის უვნებლობის სისტემები.
აშშ. 1972 წელს სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების აქტის მიღებით შეიქმნა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კომისია. მისი მიზანია სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლი, პროდუქციის ახალი სტანდარტების დამუშავებისათვის ხელშეწყობა, მავნე პროდუქციის აკრძალვა, მონაცემთა ბაზის შეგროვება სამომხმარებლო პროდუქციასთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებზე. აღსანიშნავია, რომ ამ კომისიის კომპეტენციაში არ შედის თამბაქოს, მანქანების, თვითმფრინავების, სურსათისა და კოსმეტიკის უსაფრთხოების კონტროლი. რაც შეეხება სურსათსა და მედიკამენტებს, მათზე პასუხისმგებელია სურსათისა და წამლების დეპარტამენტი, რომელიც აკონტროლებს კვების პროდუქტების უსაფრთხოებას, მათ სტანდარტებს, შეფუთვას, გაფორმებას და ა.შ. მას აგრეთვე უფლება აქვს, სასამართლოში აღძრას საქმე კომპანიების, ფირმების წინააღმდეგ ისეთი პროდუქციის რეალიზაციისათვის, რომელიც აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. მწვავე საბაზრო კონკურენციის პირობებში მზა სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოება და სტანდარტები წარმოების ისეთ პარამეტრებს წარმოადგენს, რომლებიც დღეს ბევრად განსაზღვრავს არა მხოლოდ წარმოების ტექნოლოგიას, სტრუქტურას, ორგანიზაციას, არამედ ფერმებიდან მიღებული ნედლეულისადმი მოთხოვნებსაც.
ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხებს არეგულირებს შესაბამისი სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაცია. ე.ი. გამოკვეთილია უსაფრთხოების მაკონტროლებელი სამი მიმართულება. სამომხმარებლო პროდუქციას (სურსათისა და კოსმეტიკის გამოკლებით) აკონტროლებს სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კომისია; სურსათს, მედიკამენტებს და კოსმეტიკის პროდუქციას – სურსათისა და წამლების დეპარტამენტი, ხოლო ტრანსპორტის უსაფრთხოებას – სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაცია.
დიდი ბრიტანეთი. მომხმარებელთა დაცვის რეგულირებას საფუძველი ჩაეყარა მომხმარებელთა დაცვის აქტის მიღებით 1961 წელს. პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლი განაწილებულია ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს შორის. კეთილსინდისიერი ვაჭრობის ოფისი პასუხისმგებელია იმ ინფორმაციის შეგროვებაზე, რომელიც დაკავშირებულია მეწარმის მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებასთან და შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს სახელმწიფო მდივანს. ძირითადი ორგანო, რომელიც პროდუქციის უსაფრთხოების საკითხებით არის დაკავებული, ვაჭრობისა და მრეწველობის დეპარტამენტის მომხმარებელთა უსაფრთხოების სამსახურია. 1976 წელს მთავრობამ უარყო წინადადება, აშშ-ის მსგავსად შექმნილიყო სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კომისია. მათ მეტი უფლებები მიანიჭეს ადგილობრივ ხელისუფლებას. სურსათისა და სავაჭრო სტანდარტების ორგანოა ლაკოტსი, რომელიც კოორდინაციას უწევს სურსათის სფეროში დარღვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. აქ არსებობს ვაჭრობისა და სტანდარტის მაკონტროლებელი 126 გარემოს დაცვის უწყება, რომლებიც მოქმედებენ მუნიციპალიტეტების დონეზე და ევალებათ სანიტარიული სტანდარტების დაცვა სურსათის სფეროში. ზოგადად რომ ვთქვათ, გაერთიანებული სამეფოს სისტემა თავისი სტრუქტურით მნიშვნელოვნად გაფანტულია.
საფრანგეთი. მომხმარებელთა დაცვიხ კანონმდებლობა მიიღეს 1978 წელს. 1983 წლის ცვლილებებმა გააძლიერა არსებული კანონმდებლობა და შეიქმნა სამომხმარებლო პროდუქციის კომისია. ამ კომისიას არა აქვს ისეთი უფლებამოსილებანი, როგორც აშშ-ის ანალოგიურ კომისიას. მისი ძირითადი ფუნქციაა ინფორმაციის შეგროვება, რეგულირების წესების შემუშავება და საზოგადოების გათვითცნობიერება პროდუქციის უსაფრთხოებაში. სამომხმარებლო უსაფრთხოების კონტროლის ორგანოა კონკურენციის განვითარების, მომხმარებელთა დაცვისა და თაღლითობის წინააღმდეგ მებრძოლი გენერალური დირექცია. მისი ადმინისტრაციული სტრუქტურა მოიცავს მთავარ ეკონომიკურ სექტორებს – საქონელსა და მომსახურებას. ის ქმნის კანონპროექტებსა და ინსტრუქციებს, ხელს უწყობს თვითრეგულირების კოდექსის სრულყოფას, აკონტროლებს პროდუქციის მარკირებას, მასზე ფასების გამოცხადებას, ადგილობრივი და შემოტანილი პროდუქციის უსაფრთხოებას. ასევე, უზრუნველყოფს საზოგადოებას ინფორმაციით მავნე საქონლის აღმოჩენის შესახებ, აკონტროლებს რეკლამასა და საქონლის გაყიდვის მეთოდებს.
ევროკავშირი. სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლს ახორციელებდა მომხმარებელთა უფლებებისა და ჯანდაცვის გენერალური დირექცია. უკანასკნელ წლებში ბაზარზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო სასურსათო პროდუქციის გამოჩენის შემდეგ (დიოქსინის კრიზისი, ძროხის ცოფი) უსაფრთხოების კონტროლის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა სურსათის მაკონტროლებელი ერთიანი უწყება.
2000 წლის 17 ივლისს ევროპარლამენტმა განიხილა სურსათის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების მთელი პაკეტი, რომლის თანახმადაც, 17 დირექტივაში შევიდა 80-მდე შესწორება. სავალდებულო გახდა სურსათის მწარმოებელთა რეგისტრაცია, საკონტროლო ტესტირების ჩატარება და შემოწმების შედეგების შესახებ ჩანაწერების შექმნა. სასურსათო უვნებლობა ევროკავშირის პოლიტიკურ პრიორიტეტად აღიარეს.
სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ძირითადი პრინციპები დაეფუძნა რისკის ანალიზის სამ კომპონენტს:
ა) რისკის შეფასება (რომელიც შეიცავს მეცნიერულ რჩევებს, რეკომენდაციებსა და ინფორმაციულ ანალიზს);
ბ) რისკის მართვა (რომელიც მოიცავს კონტროლსა და რეგულირებას);
გ) რისკის შესახებ ინფორმაციის გადაცემა და შეტყობინება.
ევროპელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ სურსათის კონტროლის ახალი უწყების შექმნა აამაღლებს მომხმარებელთა დაცვის დონეს და შექმნის სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოების უფრო სრულყოფილ სისტემას.
მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ზოგადად სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოებაზე. თითოეულ ქვეყანას განსხვავებული მაკონტროლებელი სისტემა აქვს შექმნილი, მაგრამ მათ კარგად აქვთ ჩამოყალიბებული და გამიჯნული ფუნქციები და კომპეტენციები. ამასთან, მიდგომა სურსათის კონტროლის მიმართ თითქმის ყველგან ერთნაირია. მას აკონტროლებს ერთი სპეციალური უწყება, რომელიც პასუხისმგებელია სასურსათო პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოებაზე.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ხელშეკრულება თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირის მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობათა დაახლოებას და მომხმარებელთა დაცვის სისტემების ჰარმონიზაციას.
ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინებით საჭიროა, საქართველოში შეიქმნას ერთი უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოებაზე.
ასეთი საუწყებათაშორისო სამსახურის შექმნა რეკომენდებულია გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მიერ ე.წ. FIVIMS-ის (Food Insecurity and Vulnerability Mapping System) ინიციატივის ფარგლებში.
რაც შეეხება სხვა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლს, სასურველია, მოხდეს სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციათა და კომპეტენციათა გამიჯვნა, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა დაცვის სრულყოფილი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას და ფუნქციობას.