ბავშვები განქორწინებულთა ოჯახებში

ქ. გოჩიაშვილი

ბავშვის ჰარმონიულ-ემოციური განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ორივე მშობელთან ერთად, სრულყოფილ ოჯახში აღზრდა. როგორც ე. ფრომი აღნიშნავს, “დედა ეს სახლია, საიდანაც მოვდივართ, ეს ბუნებაა, ეს ოკეანეა, მამა კი არ განასახიერებს არანაირ ასეთ ბუნებრივ სახლს. მას სუსტი კონტაქტი აქვს ბავშვებთან ცხოვრების პირველ წლებში, რომელიც არანაირად არ შეედრება დედისას, მაგრამ მამა წარმოადგენს ადამიანის არსებობის მეორე პოლუსს, სადაც აზრები, ნივთები, ადამიანის ხელებით შექმნილი კანონი და წესრიგია, დისციპლინა, თავგადასავალი და მოგზაურობა. მამა ეს ისაა, ვინც ასწავლის ბავშვს, როგორ გაიგნოს გზა დიდი სამყაროსაკენ”.

განქორწინებას ყველაზე დიდი ტრავმა ბავშვებისათვის მოაქვს. მათი რეაქცია განქორწინების ფაქტზე, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს. ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, მის ხასიათზე, ოჯახურ ვითარებასა და ბავშვის გრძნობებზე მშობლებისადმი.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ოჯახიდან მამის წასვლას ბიჭები განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ 5-7 წლის ასაკში, რადგან სწორედ ამ ასაკში ირჩევენ საკუთარი სქესის მშობლების როლს. რაც შეეხებათ გოგონებს, ისინი მამასთან განშორებას ყველაზე მძაფრად 2-5 წლის ასაკში განიცდიან. ამ პერიოდში ინტენსიურია ემოციური განვითარება და მამასთან განშორებამ, შეიძლება, ღრმა კვალი დატოვოს მათ ცხოვრებაზე, რადგან ისინი ვერ ასწრებენ გამოიმუშაონ მამაკაცთან ურთიერთობის ჩვევები. მამა ხომ მათთვის მამაკაცის პირველი მოდელია.

აკადემიურ წრეებსა და პოპულარულ გამოცემებში გავრცელებული აზრის თანახმად, განქორწინება ბავშვებს სერიოზულ პრობლემებს უტოვებს. ისინი საჭიროებენ ფსიქოთერაპიულ კონსულტაციას. ბავშვებს განქორწინებული ოჯახებიდან მეტი ემოციური და ქცევითი პრობლემები აქვთ, ასევე ახასიათებთ შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებიც ორივე მშობელთან ერთად ცხოვრობენ. აქ რამდენიმე მიზეზი არსებობს: განქორწინებულ მშობლებს მეტი ფსიქოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები აქვთ. მათთან უფრო რთულია ცხოვრება ბავშვებისთვის. გარდა ამისა, განქორწინებას თითქმის ყოველთვის წინ უძღვის კონფლიქტების ხანგრძლივი არასასიამოვნო პერიოდი სეპარაციამდე2.
ი. კონის მიხედვით, განქორწინების უარყოფითი გავლენა ბავშვებზე შეიძლება შემცირებულ იქნას ასეთი ზომებით:
1. სოციალურად და ფსიქოლოგიურად დამაკმაყოფილებელი ფუნქციონირება იმ მშობლებისა, ვისთანაც დარჩა ბავშვი;
2. კარგი ურთიერთობა მშობლებს შორის განქორწინების შემდეგ;
3. ორივე მშობლის მიერ განქორწინების მიზეზებისა და მოსალოდნელი შედეგების ადეკვატურად ღია და გულწრფელი ახსნა ბავშვებისათვის;
4. ორივე მშობლის დადებითი სახის შენარჩუნება;
5. ბავშვისთვის იმის შესაძლებლობა, რომ თანატოლებთან განიხილოს სიტუაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით (გამოკვლევა ჩატარდა 2000 წლის ზაფხულში და გამოკვლეულ იქნა განქორწინებული წყვილები, რომლებიც განქორწინდნენ 1998 წელს). მშობლების მხოლოდ მცირე ნაწილი ცდილობს აუხსნას ბავშვს განქორწინების მიზეზები და მოსალოდნელი შედეგები. უმრავლესობა არ მიიჩნევს ამას საჭიროდ ან თვლის, რომ ბავშვები თავად მიხვდებიან ყველაფერს. ასეთი გაურკვევლობა კიდევ უფრო ამძიმებს განქორწინების ტრავმას და მშობლებსა და ბავშვებს შორის არსებულ არცთუ საუკეთესო კომუნიკაციაზე მიუთითებს. ბავშვები განიცდიან წყენას, თავს მიტოვებულად გრძნობენ, უფრო მოზრდილებს კი რცხვენიათ საკუთარი ოჯახური პრობლემებისა.

მშობლები განქორწინდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ არ სცილდებიან ბავშვებს. თუმცა, ყოველთვის ასე არ არის. განქორწინების შემდეგ 13% აღნიშნავს, რომ ბავშვები საერთოდ არ ხვდებიან მამას. თითქმის ყოველი მეოთხე რესპონდენტი ამბობს, რომ განქორწინების შემდეგ ოჯახის აღმზრდელობითი პოტენციალი უარესდება, ასევე უარესდება ურთიერთობა მამასა და ბავშვს შორის ყოველ მეოთხე ოჯახში. მამები სულ უფრო ნაკლებ მონაწილეობას იღებენ ბავშვის აღზრდაში. უკეთეს შემთხვევაში შემოიფარგლებიან პერიოდული მატერიალური დახმარებით. 16% საერთოდ არანაირ მონაწილეობას არ იღებს ბავშვის აღზრდაში. ნაკლებად ცდილობენ თავისუფალი დროის ერთად გატარებას და ბოლოს ალიმენტი, როგორც ასეთი, შეიძლება ითქვას, აღარ არსებობს დღეს განქორწინების პრაქტიკაში. ამასთან უნდა ითქვას, რომ აქ ადგილი აქვს არა ალიმენტის გადაუხდელობას, არამედ გადახდისუნარიანობის დაკარგვას, მძიმე ეკონომიკური პირობებისა და ფართოდ გავრცელებული უმუშევრობიდან გამომდინარე.

ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ბავშვებს ცხოვრება უხდებათ ემოციურად არაჯანსაღ გარემოში, რამდენადაც მშობლების უმეტესობა განიცდის დაძაბულობას გაღიზიანებას და პესიმისტურ ფერებში აღიქვამს მომავალს. ბავშვებისთვის კი დამახასიათებელია ემპათია, უნარი, გადაედოთ მშობლების განწყობა. რაც უფრო მეტადაა მიჯაჭვული ბავშვი უფროსებზე, მით უფრო მეტადაა დამოკიდებული მათ ემოციურ განწყობაზე. თუ დედა მშვიდადაა, მისი სიმშვიდე გადაეცემა გარშემომყოფებს, ხოლო თუ ის სასოწარკვეთას ეძლევა, ბავშვი გრძნობს დაძაბულობას და განგაშს. ბავშვის ასეთი დამოკიდებულება მოზრდილთა ემოციურ მდგომარეობაზე განსაკუთრებით დიდია მონომშობლების ოჯახში, სადაც ურთიერთობები მეტად შეზღუდულია3.

ასეთ მდგომარეობაში სახლი აღარ არის ბავშვისათვის დასაყრდენი. ისინი კარგავენ უსაფრთხოების გრძნობას. სტაბილური ოჯახური სისტემის რღვევამ ბავშვი შეიძლება მიიყვანოს საყრდენის ძიებამდე სახლის გარეთ. ასეთ მდგომარეობაში ის ადვილად ექვემდებარება გარეგან გავლენას, რამდენადაც ისწრაფვის განიტვირთოს შინაგანი დაძაბულობისაგან4.

ამდენად, განქორწინების შედეგები განსაკუთრებით მძიმეა ბავშვებისათვის, რაზეც დიდ გავლენას ახდენს მძიმე სოციალ-ეკონომიკური ვითარება: ეკონომიკური კრიზისი, მოსახლეობის უმრავლესობის გაღარიბება, ფართოდ გავრცელებული უმუშევრობა და ა.შ. როგორც კვლევის შედეგებმა ცხადყო, ადამიანები მთლიანად ორიენტირებულნი არიან მატერიალურად დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შექმნისკენ ოჯახში და არც ისე ბევრი დრო რჩებათ, იზრუნონ ბავშვის ემოციურ, ზნეობრივ განვითარებაზე, რაც ზრდის მოზარდებთან როგორც გადახრითი ქცევის ალბათობას, ისე ნეგატიურ მატრიმონალური ქცევის მოდელების ჩამოყალიბებას და ნაადრევი ქორწინების ალბათობას.