საქართველოში სასურსათო პროდუქციის და მისი ხარისხის უზრუნველყოფის საკითხის შესახებ

იური ნიკოლაიშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტი

ცნობილი საერთაშორისო დოკუმენტი – „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპები მომხმარებელთა ინტერესების დაცვისთვის“ (ნიუ-იორკი-2003წ.) – თავის 57-58 პუნქტებში ამბობს:
„57. სურსათის სფეროში ეროვნული პოლიტიკის და გეგმების დამუშავებისას ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს სასურსათო უსაფრთხოების ყველა მომხმარებლის დაკმაყოფილების აუცილებლობა, აგრეთვე მხარი დაუჭიროს და რამდენადაც ეს შესაძლებელია გამოიყენოს გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სასურსათო ნორმები ან მათი უქონლობის შემთხვევაში სხვა საერთაშორისო სასურსათო ნორმები. ხელისუფლება მუდმივად უნდა ასრულებდეს, ანვითარებდეს ან აუმჯობესებდეს სასურსათო უსაფრთხოების ზომებს, კერძოდ, უსაფრთხოების კრიტერიუმების, სასურსათო ნორმების და ყუათიანობის მოთხოვნების ჩათვლით, აგრეთვე კონტროლის, ინსპექტირების და შეფასების ეფექტურ მექანიზმებს.

58. ხელისუფლებამ უნდა წაახალისოს რაციონალური სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა და პრაქტიკა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, ნიადაგის და წყლის რესურსების ტრადიციული ცოდნის გათვალისწინებით“.

ახლა ვნახოთ როგორ სრულდება ეს მოთხოვნები ჩვენს ქვეყანაში სურსათის სფეროში.
გაეროს ასეთი მოთხოვნების მიხედვით ჩვენთან უპირველესი როლი საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მინიჭებული და ისიც გეგმაზომიერად ასრულებს რაციონალურ სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას.

ცნობილ ქართველ მეცნიერ-ექსპერტთა შეფასებით, სოფლის მეურნეობაში პროდუქციის წარმოების შემცირება დაიწყო 2005 წლიდან. მიზეზად მიჩნეული იყო ის, რომ სახელმწიფო საზღვრები გახსნილი იყო და უკონტროლოდ შემოდიოდა უვარგისი პროდუქცია. ჩვენი წარმოება არაორგანიზებული იყო, ტექნიკა და ტექნოლოგია მოძველებული. წარმოებული პროდუქცია ხდებოდა არაკონკურენტუნარიანი და ამის გამო მისი შესყიდვა და ექსპორტი ვერ ვითარდებოდა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი აზრით, დაცემა დაიწყო არა 2005 წლიდან, არამედ 1992 წლიდან, როდესაც გაუაზრებლად ჩატარდა მიწის ე.წ. რეფორმა – პრივატიზაცია და მიწის დიდი ნაწილი მოხვდა შემთხვევითი ადამიანების ხელში. სწორედ ამან გამოიწვია ძირითადად მიღებული სავალალო შედეგები.

ადამიანის კვებით რაციონში პირველადი არის პური („პური ჩვენი არსობისა“) და მისი ძირითადი ნედლეული ხორბალი. კავკასია და კერძოდ საქართველო მსოფლიოსთვის ცნობილია როგორც ხორბლის სამშობლო. საუკუნეების განმავლობაში საქართველო ხორბლით თავსაც იკმაყოფილებდა და სხვა ქვეყნებშიც გაჰქონდა. შორს რომ არ წავიდეთ, საკმარისია ბოლო 25-30-წლიან პერიოდს გადავხედოთ. გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში მუშავდებოდა 800 ათასი ჰექტარი სავარგულები. აქედან ხორბალი ითესებოდა 150-200 ათას ჰა-ზე და თავისი მოთხოვნილების (20-30)%-ს აკმაყოფილებდა.
დღეს საქართველოს მოსახლეობა პირობითად ორ ნაწილადაა გაყოფილი – ერთი ნახევარი ეკუთვნის ქალაქს, მეორე ნახევარი კი სოფელს. შრომისუნარიანი ახალგაზრდობა სოფელში თითქმის აღარ არის: ზოგი საზღვარგარეთ გაიქცა, ზოგმა ქალაქს მიაშურა სასწავლებლად, ზოგმა კი სამუშაოს საძებრად და ოჯახისა თუ სოფელში დარჩენილების სარჩენად. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მილიონებს ხარჯავს, დევიზი – „საქართველო სიღარიბის გარეშე“ – ისევ დევიზად რჩება. ამის დასტურია, რომ ბევრი სოფელი დაიცალა და ბევრი სოფლის სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა რაოდენობა ერთეულებს ითვლის. ქმედებები კი სიღარიბისგან თავის დასაღწევად ქვეყნის მასშტაბით ჯერჯერობით ტარდება ჩამოყალიბებული თანმიმდევრობის და წესის გარეშე.
ახლა ვნახოთ რა ხდება ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის გარეთ.

ე.წ. „იაპონური სასწაულის“ ერთ-ერთი შემოქმედი ამერიკელი მეცნიერი ედვარდს დემინგი ჯერ კიდევ XX საუკუნის მეორე ნახევარში ამბობდა, რომ „მიზნის და იდეის გარეშე არ არსებობს სისტემა“. იგი მთელ ქვეყანას მიიჩნევდა ერთიან სისტემად და თვლიდა, რომ „არცერთ ქვეყანას არ აქვს აუცილებლობა იყოს ღარიბი… იმისთვის, რომ ამაღლდეს ცხოვრების დონე არა მარტო სულიერ, არამედ მატერიალურ სფეროში, ადამიანებმა ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ საქონლითა და მომსახურებით. ვაჭრობა ორმხრივ ხასიათს ატარებს. სანამ საზოგადოება რაღაცის იმპორტირებას შეძლებს, მან საპირისპიროდ რაღაცის ექსპორტირება უნდა მოამზადოს. ეს პრინციპები მისაღებია სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, მრეწველობის ყველა სფეროში. ამისათვის კი საჭიროა მოთმინება, შეუპოვრობა და ერთობლივი შრომა“. სისტემას კი ცალკეული გლეხი, ფერმერი, გაერთიანება თუ ასოციაცია ვერ შექმნის წესის გარეშე. (თუმცა აქვე შეიძლება გავიხსენოთ ჩვენში გახმაურებული რომანის მთავარი გმირის სიტყვები: „ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე“).

ზოგიერთი ჩვენი პროფესორის მარტო პათეტიკური შეძახილი – „ჩვენ უნდა…“ ან მოწოდება – „ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს“, თვით საქმეს არ შველის. მაგრამ, წუწუნს ისევ ქმედება სჯობს, დაფუძნებულს საკუთარი რეზერვების, ადგილობრივი ეკონომიკური რესურსების, ეროვნული ტრადიციების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სტრუქტურების გაუმჯობესების ხარჯზე და ამოქმედებულს ერთიანი სისტემით. იმის გამო, რომ სოფლის მეურნეობა ბევრი მცირე ბიზნესის ელემენტებისაგან შედგება, თანამედროვე ეტაპზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მათი კოოპერირების აუცილებლობა.
კოოპერირების პროცესი ჩვენთანაც თავიდან იწყებს გამოცოცხლებას. თუმცა, აქვე უპრიანია გავიხსენოთ ცნობილი ამერიკელი მეცნიერის ჯ. ჯურანის სიტყვები: „სანამ ძველი ღობის დანგრევას დავიწყებდეთ, უნდა გავიხსენოთ, თუ რისთვის იყო ის დაყენებული“.

მთელ მსოფლიოში არსებობს აგროსამრეწველო სექტორის პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ტრადიცია იმის მიხედვით, თუ როგორია ადგილობრივი პროდუქციის ხარისხი. ამ მხრივ კარგ მაგალითს იძლევა ჩინეთი, რომელიც, მაგალითად ვაშლის არა მხოლოდ მსხვილი ექსპორტიორია, არამედ იმპორტიორიც. ჩინეთში იმპორტული ვაშლი უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე ჩინეთიდან საექსპორტოდ გატანილი. 2006 წელს საგარეო ბაზარზე ჩინეთმა 1,2 მილიონი ტონა ვაშლი 500 მილიონ დოლარად გაყიდა, ხოლო 31 ათასი ტონა ვაშლი 25 მილიონ დოლარად შეისყიდა (ანუ 1 ტონა 300 დოლარად). ჯამში ჩინეთმა ვაშლის დაახლოებით 400-ჯერ მეტი ექსპორტი გააკეთა, ვიდრე იმპორტი. ე.ი. ამ პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობამ მიაღწია 400/1-ს. თუ ამას შევადარებთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ძალიან სავალალო სურათს დავინახავთ. მაგალითისთვის შეიძლება კარტოფილი დავასახელოთ: თურქეთიდან შემოგვაქვს საეჭვო ღირებულების კარტოფილი და იმავე ფასად ვყიდით, როგორც ადგილობრივ ჯანსაღ კარტოფილს. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ იმავე თურქეთს ჩვენი ჯანსაღი კარტოფილი მუდმივად გააქვს, ჩვენც მუდმივად შემოგვაქვს თურქული კარტოფილი. ვითომ რატომ? „თხა ვიყიდე, თხა გავყიდეს“ პრინციპით?!

რაც შეეხება მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის და მისი ხარისხის საკითხს, ექსპერტთა ერთი ჯგუფი თვლის, რომ ჩვენს ბაზარზე არსებული სურსათის უმრავლესობა უხარისხო და ფალსიფიცირებულია, თანაც უხარისხო პროდუქციის 90% იმპორტულია.
აქვე საინტერესოა კონკრეტულად თვით ცნებები: „სურსათი“ და „სურსათის ხარისხი“.
2012 წელს გაუქმებულ საქართველოს კანონში „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ ტერმინი „სურსათი“ ასე იყო განმარტებული:
„სურსათი (ან სასურსათო პროდუქტი) – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი პროდუქტი, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი. სურსათი მოიცავს ასევე ყველა სახის სასმელს, საღეჭ რეზინს და ყოველ ნივთიერებას დაფასოებული და სურსათში გამოსაყენებელი წყლის ჩათვლით, რომელიც მიზანმიმართულადაა დამატებული სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს ცხოველის საკვებს, ფარმაცევტულ პრეპარატებს ან სამკურნალო პროდუქტებს, საერთო მოხმარების საგნებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, სხვადასხვა ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს“.

თვით განმარტება კარგად ჟღერდა, მაგრამ კანონის შინაარსი არ შეესაბამებოდა მის დასახელებას. ამის შესახებ ჩვენ თავიდანვე რამდენჯერმე მივმართეთ ჯერ კიდევ კანონის პროექტზე მომუშავე ჯგუფს შესაბამისი მოსაზრებებით და წინადადებებით, მაგრამ უშედეგოდ. ალბათ ამ უშედეგობის გამოძახილი იყო, რომ კანონს რეალურად არ უმუშავია. ის ხან შეაჩერეს, ხან ამოქმედების ვადა გადაუწიეს, 2012 წელს კი გააუქმეს.

დღეს საქართველოში მოქმედებენ 2012 წლის 8 მაისს მიღებული კანონები: 1. #6155-I ს “სურსათის – ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“, 2. #6157-Iს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“. ამ კანონების თუ კოდექსების ბედი მოსალოდნელია ისეთივე იყოს, როგორიც 2005 წელს მიღებული კანონისა – „სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ“. ასეთი ეჭვის საფუძველს იძლევა ამ დოკუმენტების დასახელების ფორმულირება: „კანონი-კოდექსი“. მ. ჭაბაშვილის „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ ამ ტერმინების ასეთ განმარტებას იძლევა:
კანონი [ბერძ.] – 1.საგნებსა და მოვლენებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება; კანონზომიერება. 2.საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დადგენილი ყველასათვის სავალდებულო წესი.
კოდექსი [ლათ.] – სამართლის რომელიმე დარგის გარკვეული სისტემით განლაგებულ კანონთა კრებული.
როცა ზემოთნახსენები დოკუმენტების დასახელებაშივე გაურკვევლობა ჩანს, მათი შიდა ნაწილები თავისთავად ბადებენ მოსალოდნელი ეჭვის და კითხვების საფუძველს.
#6155-I ს კანონი თუ კოდექსი ტერმინ „სურსათს“ ასე განმარტავს:
„სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი. სურსათი ასევე მოიცავს: ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ რეზინსა და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით), რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველებს, მცენარეებს (მოსავლის აღებამდე), პრეპარატებს ან სამკურნალო საშუალებებს, კოსმეტიკას, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, სხვადასხვა ნარჩენებსა და დამაბინძურებელს“.

ტერმინ „სურსათის“ ეს განმარტება თითქმის უცვლელად იმეორებს 2012 წელს გაუქმებული კანონის – „სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ“ – განმარტებას.
2012 წელს მიღებული #6157 I ს კანონი თუ კოდექსი თავის პირველივე მუხლს ასე იწყებს: „მუხლი 1. ა) ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა“. ე.ი. ეს დოკუმენტი პირველ რიგში ადამიანის მოთხოვნილებების და მისი დაცვის შესაძლებლობებს უნდა განიხილავდეს. თუმცა თავისი დიდი მოცულობის მიუხედავად, თავები და ქვეთავები ამის შესაძლებლობას არ იძლევიან. მაგალითად, ავიღოთ ტერმინი „პროდუქტი“ (მუხლი 4).

„პროდუქტი – ყველა მოძრავი ნივთი და ამ ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ნივთი“ არ მოიცავს სურსათის პირველად პროდუქტს და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტს. „პროდუქტი“ ასევე მოიცავს ბაზარზე განვითარებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის“?!

თუ ტერმინი სურსათი აქვე არ იქნება განმარტებული ან არ იქნება შესაბამისი მითითება ან მინიშნება სხვა სათანადო დოკუმენტზე, „სურსათის პირველად პროდუქტზე და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტზე“ საუბარი გაუგებარი ხდება. იქნებ სჯობდა, რომ ამ „კანონ-კოდექსში“ სურსათი საერთოდ არ გვეხსენებია. თვით ტერმინ „პროდუქტის“ განმარტებაც ხომ თითქოს დაუსრულებელია ან არასწორად არის გადმოცემული. ნათქვამიდან და „კანონ-კოდექსის“ მთელი ტექსტიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ მითითებული საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ ნაჩქარევად შედგენილ და ნაჩქარევად მიღებულ დოკუმენტს ჰგავს და სერიოზულ გადამუშავებას და სრულყოფას მოითხოვს.

საქართველოს სასურსათო პროდუქციის წარმოებას იმპორტჩანაცვლების დიდი პოტენციალი აქვს და ამიტომ თანმიმდევრობით უნდა გაუმჯობესდეს გადამამუშავებელი მრეწველობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი ქვეყნის საკონსერვო მრეწველობისათვის, რომლის მიერ წარმოებულ პროდუქციას ადამიანის ყოველდღიურ რაციონში სერიოზული ხვედრითი წილი აქვს. 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში ფუნქციონირებდა 70-მდე საკონსერვო ქარხანა, რომელიც წელიწადში 600-650 ათას ტონა ხილ-ბოსტნეულს გადაამუშავებდა და მიიღებდა დაახლოებით 380 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციას. 2011 წელს კი საკონსერვო მრეწველობაში დიდი და მცირე სიმძლავრის 12-მდე ქარხანა მუშაობდა, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქცია 17,265 ათასი ლარის ღირებულებას წარმოადგენდა.

ასეთი არასახარბიელო მდგომარეობა გამოწვეული იყო სხვადასხვა ფაქტორებით: თავის დროზე არასწორი პრივატიზაციის პროცესით, ფულად-საკრედიტო რესურსების სიმცირით, ქარხნების უმოქმედობის პერიოდში დაგროვილი საგადასახადო ვალდებულებებით და სხვა. ამას დაემატა სირთულეები და თითქმის უმოქმედება ადგილობრივი ხილისა და ბოსტნეულის წარმოების სფეროში. ქვეყნის საკონსერვო მრეწველობის პოტენციალი იძლევა შესაძლებლობას წარმატებით იქნეს წარმოებული ბავშვთა კვებისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ცნობილია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ყოველწლიურად იზრდება ასეთ პროდუქციაზე მოთხოვნა. ამ მხრივ წარმატებით მუშაობს ბიომეურნეობა „ელკანა“, რომელიც აწარმოებს როგორც ხილ-ბოსტნეულის კონსერვებს, ასევე მშრალი ხილის პროდუქციას.

თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოება ჯერ კიდევ დაბალია. ეს კი იმიტომ, რომ თვით საწარმოო სიმძლავრეები არის მოძველებული და სუსტი და მიღებული პროდუქციის ხარისხი ჯერ კიდევ ვერ უწევს ჭეროვან კონკურენციას იმპორტულ საქონელს. საკონსერვო მრეწველობის რეაბილიტაცია და განვითარება დიდად შეუწყობს ხელს ქვეყანაში მეხილეობის დარგის აღორძინებას, ვინაიდან სოფელში მოწეული ხილის საერთო რაოდენობიდან სავაჭრო ქსელისათვის განკუთვნილი წილის შემდეგ დარჩენილი პროდუქცია სამრეწველო გადამუშავებისათვის იქნება გამოყენებული, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას მიღებული მოსავალი არ გაუფუჭდება და შემოსავალიც გაეზრდება.
საქართველოში მიმდინარე გარდამავალმა პერიოდმა განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა ჩაის მრეწველობაზე. ჩაის დარგი კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდა. მისი შესაძლებლობების მხოლოდ (10-15)%-ის გამოყენება ხდებოდა. ეს მაშინ, როცა 1980-იან წლებში მეჩაიეობაზე მოდიოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის ღირებულების 18% და მიღებული მოგების 40%-ზე მეტი. სამრეწველო პროდუქციის საერთო რაოდენობაში ჩაის მრეწველობის ხვედრითი წილი 12%-ს აღემატებოდა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქციის რაოდენობრივმა ზრდამ ქართული ჩაის ხარისხის ვარდნა, შესაბამისად ტრადიციული ბაზრების დაკარგვა და დარგის პარალიზება გამოიწვია.

დღეისათვის საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შესაბამისად მიმდინარეობს დარგის აღორძინების ქმედებები. ამჟამად ქართულ ჩაის შიდა ბაზრის დაახლოებით (15-20)% უჭირავს და მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ამავე დროს, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში საერთაშორისო ბაზრებზე შეიმჩნევა ჩაის პროდუქციაზე მოთხოვნის დინამიკა. შიდა ბაზარზე მოხმარება გაიზარდა ინდოეთში, ჩინეთმა უფრო მეტად ელიტარული ჩაის წარმოება დაიწყო და ა.შ.

ამდენად, საქართველოს ჩაის მრეწველობას ეძლევა შესაძლებლობა მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე შესაბამისი სეგმენტი.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას სერიოზული თვისობრივი ცვლილებები გამოიწვია კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სტრუქტურაში, დარგობრივი პრიორიტეტების განსაზღვრის თვალსაზრისით. თანამედროვე ეტაპზე მინერალური და ნატურალური წყლების წარმოება რიგი უპირატესობების გამო, მოწინავე პოზიციას იკავებს საქართველოს ეკონომიკაში. ეს უპირატესობებია: ნედლეულის ბუნებრიობა, სიუხვე, სტაბილურობა, განახლებადობა, არასეზონურობა, მაღალი ხარისხი, კონკურენტუნარიანობა, დაბანდებული კაპიტალის უკუგების მოკლე პერიოდი და რაც მთავარია, სასმელი წყლის არადეფიციტურობა.

სასურსათო მრეწველობის ყველაზე სერიოზული დარგია პურპროდუქტების მრეწველობა. სასურსათო ხორბლის წლიური მოთხოვნილება, საშუალოდ 700-850 ათას ტონას შეადგენს. ადგილობრივი ხორბლის წარმოება მოთხოვნილების (15-20)%-ს აკმაყოფილებს. ქვეყნის პურპროდუქტების რესურსებით უზრუნველყოფას როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიური დატვირთვა გააჩნია. დღეს საქართველო გამუდმებით ახორციელებს ხორბლის იმპორტს, თუმცა მას აქვს შესაძლებლობა გააორმაგოს ხორბლის ადგილობრივი წარმოება და შეამციროს ამ მიზნით ქვეყნის გარეთ სავალუტო რესურსების გადინება. ვინაიდან პური არის პირველადი მოხმარების პროდუქტი, ქვეყანას ყოველთვის უნდა გააჩნდეს სასურსათო ხორბლის საკმარისი რეზერვი. დღეს საქართველოს მოსახლეობა სრულად არის მომარაგებული პურპროდუქტების 3-თვიანი მარაგით, რომელიც მიღწეულია მარცვალგადამამუშავებელი ასოციაცია „გლობალ-აგროსა“ და შპს „აგროკომის“ ურთიერთ თანადგომით.

მიწის რესურსების სწორი განაწილებით, ირიგაციის სისტემების რეაბილიტაციითა და გაფართოებით, ფულად-საკრედიტო რესურსებით სარგებლობის პირობების გაუმჯობესებით, გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი მიღწევების და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დანერგვის შემთხვევაში, პროდუქციის გაორმაგების შესაძლებლობა რეალურია. ქართველ მეწარმეს თუ ფერმერს გაუჩნდება მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების საშუალებები, მაგრამ მან კარგად უნდა იცოდეს მიღებული პროდუქციისათვის შესაბამის ბაზრის თავისებურებები ანუ ფლობდეს მარკეტინგის საკითხებს. ასეთი მიდგომა მაშინაც კი თამაშობს დიდ როლს, როდესაც საქმე ადგილობრივ ბაზარს ეხება.

სახელმწიფოს თავისი ინტერესებისათვის შეუძლია შეზღუდოს თავისი პროდუქციის ექსპორტი ან თავისი პროდუქციის შესაბამისი სხვა პროდუქციის იმპორტი, რათა დაიცვას შიდა ბაზარი. ამისათვის საჭიროა წარმოებების სფეროში დასაქმებულთა სათანადო საინფორმაციო საშუალებებით უზრუნველყოფა: ინტერნეტსაინფორმაციო ქსელის შექმნა, ლექსიკონები, ცნობარები, პრაქტიკული რჩევები და სხვა, რათა მწარმოებელი თუ გლეხი არ დარჩეს მარტო ინფორმატორის სიტყვიერი მხარდაჭერის ამარა.

საქართველოში ასეთი მასალების კარგი მაგალითია ჩვენს მიერ და ჩვენი თანაავტორობით დამუშავებული და გამოცემული: „უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი სოფლის მეურნეობაში“ და „სამეცნიერო-მეთოდური რეკომენდაციები საზღვარგარეთიდან შემოტანილი სასოფლო-სამეურნეო მანქანების საიმედოობის გაანგარიშების, გაზრდის და ტექნიკური სერვისის რაციონალური ფორმების შერჩევისათვის“. ნახსენები „ლექსიკონის“ შესავალში ნათქვამია: „ლექსიკონი განკუთვნილია სოფლად მცხოვრები და სოფლის მეურნეობით დასაქმებული პირებისათვის, საზოგადოებებისათვის, ორგანიზაციებისათვის და ა.შ. იგი უშუალოდ შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ საინფორმაციო სამსახურები (რასაც ემსახურება კიდეც წინამდებარე ლექსიკონი) განსაკუთრებით საჭიროა სოფლად“. მაგრამ რეალურად ვერც ამ „ლექსიკონის“ და ვერც „სამეცნიერო-მეთოდური რეკომენდაციების“, როგორც საინფორმაციო საშუალებების, სათანადო გავრცელება ვერც ხერხდება. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ყველა რეგიონში მოქმედებენ ე.წ. ექსტენციის (საკონსულტაციო) ცენტრები, რომელთა შემადგენლობა და კვალიფიკაცია ყოველთვის ვერ პასუხობს იმ მოთხოვნების შესრულების პირობებს, რომელსაც ამ ცენტრების დასახელება ითვალისწინებს. აქ უპირველესად იგულისხმება ამ ცენტრების და მათი მსგავსი ორგანიზაციების სათანადო დებულებებით თუ სხვა შესაბამისი დოკუმენტებით უზრუნველყოფის აუცილებლობა.

დღევანდელი გლობალიზაცია ხშირად მოითხოვს გამოცდილებას, ორგანიზებას და ინიციატივებს, რაც ბევრი ადგილობრივი მეწარმისთვის მიუწვდომელია დახმარების გარეშე. ახალი ბაზრების ათვისებისათვის აუცილებელია დაძლეულ იქნეს ქვეყნის აგრო-სამრეწველო სექტორის წინაშე მდგომი სირთულეები:
– წარმოებული სასურსათო პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების აუცილებლობა;
– ინფორმაციის ნაკლებობა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ბაზრების თავისებურებების შესახებ;
– სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ცივად და მშრალად შენახვის შეზღუდული შესაძლებლობები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და სუსტად განვითარებული საბითუმო ბაზრების და ლოჯისტური ცენტრის უქონლობა;
– და ა.შ.

ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში ფეხი აქვს მოკიდებული მოსაზრებას, რომ საქართველოს ხელსაყრელი, გეოგრაფიულად სტრატეგიული ადგილმდებარეობა უჭირავს ადგილობრივი პროდუქციის წარმოებისა და ძირითად ბაზრებზე გასვლისათვის. სინამდვილეში აგროსამრეწველო პროდუქციის წარმოების, ხარისხის და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არც თუ ისეთი მომგებიანია. მას უამრავი კონკურენტი ჰყავს ევროკავშირისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების სახით. აქედან გამომდინარე, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად საქართველომ თავისი პროდუქცია უნდა აწარმოოს უფრო იაფად, ხარისხიანად და მოკლე ვადებში, ვიდრე მისი კონკურენტები. ამის მაგალითები მსოფლიოში ბევრია: ჩილე, ავსტრალია, ახალი ზელანდია, აფრიკის რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც თავიანთი პროდუქციის ტრანსპორტირების თვალსაზრისით არახელსაყრელ ვითარებაში არიან, მაგრამ ამის საპირისპიროდ წარმატებული ნაბიჯები გადადგეს აგროსექტორის განვითარებისათვის. ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო მაგალითია ჩილე, რომელიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილშიც კი ყიდის თავის ღვინოს. საქართველო კი, მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის და ღვინის სამშობლოდ ითვლება და ათეული წლების განმავლობაში ღებულობს ოქროს მედლებს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე, რეალურად ახლა იწყებს მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის გატანას, ამ გატანას კი შესაბამისი მარკეტინგული მომზადება სჭირდება.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) ერთ-ერთ კონფერენციაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ განვითარებული ქვეყნები 2008 წლიდან შემოიღებდნენ თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს, რათა ხელი შეუწყონ ვმო-ს ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს ბაზრის ხელმისაწვდომობაში. პარალელურად შემცირდება ან გაუქმდება სუბსიდიები აგროპროდუქციის ექსპორტზე. ვმო-ს და ევროკავშირის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, შესაბამისად, გამოიწვევს მსოფლიო სურსათის ფასების ეტაპობრივ ზრდას, რადგანაც სუბსიდიის გაუქმება ასევე გამოიწვევს არაეკონომიური, ე.ი. ზარალიანი პროდუქციის რაოდენობის შემცირებას, მაშინ, როდესაც მასზე იარსებებს მოთხოვნა. ასეთ ვითარებაში ქართულ პროდუქციას ფასებზე კონკურენციის მეტი შესაძლებლობა ექნება, ე.ი. მისი კონკურენტუნარიანობა გაიზრდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.

თანამედროვე მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ XXI საუკუნის გლობალურ პრობლემათა შორის კაცობრიობის სურსათით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. უკვე ხმამაღლა საუბრობენ, რომ 2050 წლისათვის მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში შიმშილის პრობლემა იჩენს თავს. ასეთ ვითარებაში აგრარული ქვეყნების ვალდებულებაა მაქსიმალურად გამოიყენონ მათთან არსებული პოტენციალი სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია 2000-2015 წლებში პრიორიტეტს ანიჭებს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე სასურსათო პოლიტიკის ხელშეწყობას. მსოფლიოში სურსათით ვაჭრობის ზრდა და კომუნიკაციების განვითარება ხელს უწყობს სურსათის უვნებლობის, ხარისხისა და რეგულირების პროცესების მნიშვნელობას, მათ შორის ე.წ. ხარისხის ინფრასტრუქტურასაც.

დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას, თავისი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის და შესაბამისად სურსათის ხარისხის და მისი კონტროლის თავისი მოდელი გააჩნია. მაშინ, როდესაც საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია, თავისი პროდუქციის, კერძოდ სურსათის ხარისხის კონტროლის და მართვის რეალური მოდელი არ აქვს და არც ექნება, სანამ ამის საკანონმდებლო ბაზა არ მოგვარდება.

დღეს საქართველო ვერ უზრუნველყოფს საკუთარ მოსახლეობას რაციონალური კვებით. მათი გარკვეული ნაწილი რეალურად შიმშილობის ზღვარს მიღმა იმყოფება. ჩვენი სასურსათო ბაზრის 90%-ს შეადგენს იმპორტული კვების პროდუქტები, მაშინ, როდესაც ამ მაჩვენებლის ზღვრულად დასაშვებ ნორმად საერთაშორისო წესებით 20-25%-ია მიჩნეული. ასეთი მაჩვენებელი პარადოქსია ჩვენი ქვეყნისათვის, რომელსაც მრავალფეროვანი და ხარისხოვანი კვების პროდუქტების წარმოებისათვის საჭირო ყველა ბუნებრივი და საწარმოო რესურსი გააჩნია.

ხარისხიანი პროდუქციის მართვა ხდება მომხმარებლის მოთხოვნილებების გათვალისწინებით. აქვე ხშირად გაგვიგონია თვით მომხმარებლის სიტყვები – „ეს პროდუქცია ძალიან სტანდარტულია“. თუმცა, ასეთი პროდუქცია შეიძლება კარგიც იყოს, მაღალი ხარისხისაც, მაგრამ მომხმარებლის მიერ ამგვარი შეფასება თვით მოცემული პროდუქციის ერთგვაროვნებაზე და მობერებაზე უფრო მიუთითებს და მისი განახლების საჭიროებას მოითხოვს. სწორედ ამაზე მიუთითებდა ე.წ. „იაპონური სასწაულის“ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ე. დემინგი, როცა საუბრობდა პროდუქციის შექმნის ეტაპობრივ ციკლზე: „კონსტრუირება-წარმოება – ბაზრის შესწავლა-გასაღება“. სწორედ ეს ეტაპები მოითხოვენ მუდმივ მეთვალყურეობას და სრულყოფას. ხარისხიანი პროდუქციის მიღების საუკეთესო საშუალებაა იმ სწორი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ხარისხის კონტროლის მეთოდების დამუშავების დროს შეიქმნენ. ხარისხის მართვის იდეა პირველად დაამუშავა იაპონელმა მეცნიერმა კაორუ ისიკავამ, ხოლო პროდუქციის ხარისხის კომპლექსური მართვის იდეა ეკუთვნის ამერიკელ დოქტორს კ. ფეიგენბაუმს. „ხარისხის კომპლექსური მართვა ნიშნავს იმის კეთებას, რისი გაკეთებაც ჩვენ გვინდა“. ასეთი მართვა გულისხმობს წარმოების, ფირმის, თუ ორგანიზაციის მთელი კოლექტივის, ყველა მუშაკისა თუ მუშის მონაწილეობას ხარისხის მართვაში. ტერმინი „ხარისხის მართვა“ არა მარტო წარმოებული პროდუქციის ხარისხს მოიცავს, არამედ მართვის მეთოდებსაც, მომსახურებისა და ფინანსური სფეროების ჩათვლით. პროდუქციის ხარისხის მართვის საქმეში დაშვებული შეცდომების 80% რეალიზაციის ხელმძღვანელობის ბრალია, ხოლო 20% შესრულებლების.

პროდუქციის ხარისხის მართვა იწყება და მთავრდება მარკეტინგით, რომელიც პროდუქციის გასაღებას ან მის რეალიზაციას ნიშნავს, რადგან პროდუქციის რეალიზაციის ძირითად პირობას ხარისხი წარმოადგენს. მარკეტინგი ხარისხის უზრუნველყოფის სამ ეტაპს გულისხმობს: ხარისხის უზრუნველყოფა პროდუქციის რეალიზაციამდე, ხარისხის უზრუნველყოფა პროდუქციის რეალიზაციის პროცესში და ხარისხის უზრუნველყოფა პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ. ხარისხის მართვის ამოცანას წარმოადგენს ამ პროცესის რეგულირება და სუსტი ადგილების გამოვლენა. ხარისხის მართვის სტატისტიკურ მეთოდებში გამოიყენება ე.წ. პარეტოს დიაგრამა, შუხარტის საკონტროლო რუკა, ისიკავას დიაგრამა და სხვ. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ XX საუკუნე იწოდებოდა ხარისხის მართვის საუკუნედ, XXI საუკუნეში მოწინავე ქვეყნებში ფეხი მოიკიდა ტერმინმა – მართვის ხარისხი.

ხარისხის კონტროლის სისტემა, პირველ რიგში უნდა არკვევდეს, თუ რა სუბიექტის ხარისხზეა საუბარი. ასეთი სუბიექტები შეიძლება იყოს: პროდუქცია (კერძოდ სურსათი), ცხოვრების წესი, განათლება, სამედიცინო მომსახურება, ტრანსპორტი და ა.შ. ამ სუბიექტებზე საუბრისას აუცილებელია მათი რაოდენობის გათვალისწინება, რომ არ მოხდეს ისეთი გაუმართლებელი დევიზის მომხმარებლისათვის არამართებულად მიწოდება, როგორც არის ჩვენს სატელევიზიო ეთერში გახშირებული რეკლამა: „მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა“. ხარისხი და რაოდენობა ერთმანეთთან შერწყმული და თანხვედრილი ტერმინები უნდა იყოს. რაც შეეხება საუბარს მართვის ხარისხზე, საქართველოში ეს კი არა, სამწუხაროდ რამდენიმე წელია „ხარისხის საბჭოც“ კი ვერ შეგვიქმნია.

გამოყენებული ლიტერატურა
1. Исикава Каору. Японские методы управления качеством. Сокрашенный пер. с англ., Изд. «Экономика»,1988.
2. Harvard Business Review. Маркетинг. Пер. с англ., Москва, 2009.
3. ჯ. კაციტაძე, ი. ნიკოლაიშვილი, კ. რაზმაძე. მანქანა-მოწყობილობების საიმედოობის და ხარისხის უზრუნველყოფა და ადამიანის ფაქტორი. „საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“, #29, 2011, ივნისი.
4. ი. ნიკოლაიშვილი. პროდუქციის ხარისხის და მისი დაცვის შესახებ. ჟურნალი „ეკონომიკა“, 2013, #4, აპრილი.
5. ო. კაჭარავა, ი. ნიკოლაიშვილი. როგორ ვმართოთ ხარისხი. ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“. 2010.