საქართველოს ფისკალური პოლიტიკა და მისი გავლენა სამეწარმეო გარემოზე

რომეო სარია

საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისათვის არასახარბიელოა. მიუხედავად განხორციელებული მნიშვნელოვანი და წარმატებული რამდენიმე რეფორმისა, რის გამოისობითაც მსოფლიო რეიტინგში რეფორმატორ სახელმწიფოთა შორის მეორე ადგილზე ვართ, ქვეყანაში ბიზნეს გარემო ნელა ვითარდება. ეკონომიკური კრიზისი, გამოხატული უმუშევრობის ზრდით, სამეწარმეო აქტივობის შემცირებით, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მაღალი სალდოს შენარჩუნებით, საბოლოო ჯამში, ყველა სხვა ნეგატივთან ერთად, ქვეყანას ეკონომიკური პოტენციალის დევალვირებით ემუქრება.
სამეწარმეო გარემოს ჯეროვანი ანალიზის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, დავახასიათოთ ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი ფაქტორები. პირველ რიგში კი უნდა დაისვას სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან ადეკვატურობის საკითხი – რამდენად უწყობს ხელს სახელმწიფო ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.
ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასა და ეკონომიკის მდგომარეობას, მისი განვითარების დონეს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. უწინარეს ყოვლისა, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეკონომიკური განვითარების რეალისტური კონცეფცია და ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული მოდელი. სწორედ ამ კონცეფციას უნდა ეყრდნობოდეს ეკონომიკური პოლიტიკის ყველა მიმართულება, იქნება ეს საბიუჯეტო-საგადასახადო თუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. თუ ამ მიმართულებებს შორის ორგანული კავშირი არ იარსებებს, თუ მათ საერთო ეკონომიკური ზრდის კონცეფცია არ გააერთიანებს, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ.
აქედან გამომდინარე, ჩნდება სამი კითხვა: აქვს თუ არა საქართველოს არჩეული ეკონომიკური ზრდის რომელიმე მოდელი? თუ აქვს, რამდენად შეესაბამება იგი ქართული ეკონომიკის სინამდვილეს? რამდენად თანხვდება ერთმანეთს და ჰარმონიულ მიმართებაშია ამ მოდელთან სახელმწიფოს საგადასახადო და საერთო ეკონომიკური პოლიტიკა?
სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთიანი მოდელი არჩეული არა აქვს. ის არ არის დაფიქსირებული არც ერთ სახელისუფლებო პლატფორმასა და ეკონომიკურ დოკუმენტში. არადა, მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის თითზე ჩამოსათვლელი თეორიები არსებობს, საჭიროა უბრალოდ მათ შორის სწორი არჩევანი, იმ მოდელის მიღება, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონეს და ეკონომიკური ციკლის ფაზას ყველაზე მეტად შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას კონცეპტუალური მთლიანიობა აკლია, მმართველი ეკონომიკური გუნდის მიერ დეკლარირებულია ეკონომიკური პოლიტიკის ის ზოგადი პრინციპები, რომელიც ეკონომიკურ პროცესებში სახელმწიფოს მონაწილეობის ხარისხზე მიუთითებს. ეს პრინციპები ე.წ. ვაშინგტონის კონსენსუსის დოქტრინის იდენტურია, რომელიც სავალუტო ფონდმა 90-იან წლებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის მიიღო, მაშინ, როდესაც ისინი, და მათ შორის საქართველოც, განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფებოდა. დოქტრინის მიხედვით, სახელმწიფოს ამოცანაა ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია, ფულზე მკაცრი კონტროლის დაწესება და მასობრივი პრივატიზაციის განხორციელება, ინსტიტუციონალური რეფორმების გატარება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ეკონომიკურ პროცესებში ჩარევას, მხოლოდ ღამის დარაჯის ფუნქციით შემოიფარგლოს და ეკონომიკა თვითდინებაზე მიუშვას. ამ კონცეფციის რეალიზება, რა თქმა უნდა, თავის დროზე, 1995- 1998 წლებში ამართლებდა, მაგრამ თანამედროვე ეტაპზე, რბილად რომ ვთქვათ, არასაკმარისია. ეკონომიკური პროცესების თვითდინებაზე მიშვება, საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის მიზნობრივი მასტიმულირებელი ეფექტების გარეშე, მხოლოდ კრიზისის კონსერვაციას თუ გამოიწვევს. ჩვენთან საბაზრო ეკონომიკა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სატადიაშია და იგი სულაც არ არის თვითრეგულირებადი ფენომენი. ქვეყანაში საბაზრო მექანიზმი უზრუნველყოფს მხოლოდ საბაზრო წონასწორობის დამყარებას, მაგრამ არ განაპირობებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას სამამულო პროდუქციის მიწოდებით, დადებით სავაჭრო ბალანსს და დასაქმების დონის ამაღლებას. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს აუთვისებელი რესურსებისა და აუმოქმედებელი სიმძლავრეების დიდი რაოდენობა (ცნობისათვის თანამედროვე -რეალური მშპ 1990 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ ჩამორჩება). უნდა აღინიშნოს ერთი მომენტის შესახებ. საქართველოში სოციალური უთანაბრობის ხარისხი ძალზე მაღალია, ჯერ კიდევ 2000 წლის გაეროს გამოკვლევების მიხედვით, მოსახლეობის შეძლებული 10 პროცენტი ეკონომიკის 80%-ს აკონტროლებს, დანარჩენი მოქალაქენი კი მხოლოდ მშპ-ს 20%-ით სულდგმულობენ; მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. ერთი სიტყვით, ქვეყანა მოქალაქეთა საშუალო ფენის მკვეთრ დეფიციტს განიცდის. საშუალო ფენის ჩამოყალიბების გარეშე კი შეუძლებელია საუბარი თვითრეგულირებადი ეკონომიკის ფორმირებაზე. სწორედ ამიტომაც ქვეყნის მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა უნდა გახდეს, რათა მოსახლეობის ფართო ფენებს ღირსეული შემოსავლები გაუჩნდეს, საბაზრო ეკონომიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთოს და კონკურენციული და პლურალისტური გარემოს შექმნით თვითრეგულირებადი ეკონომიკის ჩამოყალიბება უზრუნველყოს.
სამწუხაროდ, სახელმწიფოს მაკროეკონომიკური პოლიტიკა ჯეროვნად ვერ ახერხებს ვერც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ვერც ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი მაკროეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტური ფუნქციობისა, ეს არის ეკონომიკის რეალური სექტორის ფინანსური უზრუნველყოფის მეტისმეტად დაბალი დონე. ქვეყანაში ფულის შიმშილია (წყარო-გაეროს კვლევები 2002), საქართველო ეკონომიკის მონეტარიზაციის დონის მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. ეკონომიკის რეალურ სექტორს ემსახურება ნახევარი მილიარდი ლარი, მაშინ, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი 10 მლრდ ლარს აჭარბებს. ეკონომიკის ფინანსური უზრუნველყოფის დაბალი დონე გამოწვეულია არა იმდენად ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პასიურობით, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, არამედ გაუმართავი საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკით. ადმინისტრირების და შიდა საგადასახადო პოლიტიკის არასრულყოფილება ჯერ კიდევ მოუთოკავი კონტრაბანდისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. შედეგად, მინიმუმამდეა დაყვანილი სამამულო წარმოების ეფექტიანობა და ძალზე მაღალია სამეწარმეო რისკის დონე. აღნიშნული პროცესი უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემაზე, რამდენადაც ბანკები უპირატესობას ანიჭებენ დაბალრისკიან სავაჭრო კომერციულ სუბიექტებთან თანამშრომლობას და უწინარესად მათ აძლევენ მოკლევადიან სესხებს, რითაც ფულის ბრუნვის სიჩქარე იზრდება და მუხრუჭდება ინვესტიციური პროცესები, რომლებიც გრძელვადიან სესხებს საჭიროებენ.
კრიზისს საბიუჯეტო პოლიტიკის არასრულყოფილება ამწვავებს, იგი სამეწარმეო გარემოს ქმედით სტიმულირებას, მშპ-ს რაციონალურ და არსებით გადანაწილებას არ ემსახურება. მართალია, სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა, იგი სამ მილიარდ ლარს აჭარბებს, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა დღესაც მოუგვარებელია. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო წნეხი ქვეყანაში არც ისე დაბალია, სახელმწიფო ბიუჯეტის წილი ეკონომიკის 25 პროცენტს არ აღემატება, ხოლო საგადასახადო შემოსავლები მშპ-ს მხოლოდ 17.4-ს შეადგენს. შედარებისათვის 2002 წელს ანუ რევოლუციამდელ პერიოდში საგადასახადო შემოსავლების წილი მშპ-ში 14.4% იყო. 2006 წელს ეს მაჩვენებელი, გეგმის მიხედვით, მხოლოდ 3%-ით გაუმჯობესდება. ასეთი დაბალი მაჩვენებლით როგორც დსთ-ის სივრცეში, ისე მსოფლიოში ერთ-ერთი ბოლო ადგილი გვიკავია. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადების ადმინისტრირება გაუმჯობესდა, დღევანდელ მდგომარეობას ნორმალური მაინც არ შეიძლება ვუწოდოთ. ფაქტობრივად, ეკონომიკის 60% ჯერ კიდევ ჩრდილშია (ოფიციალური სტატისტიკის მონაცემები). ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით განთქმულ აშშ-ში ფედერალურ ბიუჯეტს ეკონომიკის 45% უჭირავს. ევროპულ ქვეყებში კი ბიუჯეტის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 40-დან 60%-მდე მერყეობს. ალბათ უკვე დროა, გავითვალისწინოთ დასავლური გამოცდილება და თუ მასშტაბებით არა, პროპორციებით მაინც გავხდეთ ევროპელები.
რაც შეეხება პროპორციებს, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სტრუქტურა პრაქტიკულად არ შეცვლილა და ძველი ხელისუფლების პერიოდის იდენტურია, თითქმის ისეთივე პროპორციები, იგივე პროცენტული წილები სხადასხვა სფეროების დაფინანსებისას (წყარო-კანონი 2006 წლის ბიუჯეტის შესახებ).
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 14 ე. წ. ფუნქციონალური მუხლისაგან შედგება. იგი თავს უყრის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ჯანდაცვა, თავდაცვა, განათლება, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ა.შ. სწორედ ამ სფეროების ხვედრითი წილი ბიუჯეტის საერთო მოცულობაში განსაზღვრავს ამა თუ იმ მიმართულების პრიორიტეტულობას სახელმწიფოს წინაშე. პარადოქსია, მაგრამ ლამის ყველაზე დიდი ხვედრითი წილი ბიუჯეტში უკავია ისეთ მუხლს, რომლის ოფიციალური სახელწოდებაც ასე ჟღერს: ხარჯები, რომლებიც ძირითად განყოფილებებს არ განეკუთვნებიან. ეს, შეიძლება ითქვას, გამოცანის დარი მნიშვნელობის მიმართულება ბიუჯეტის 16% იკავებს, უფრო მეტიც, ბიუჯეტში არაძირითადად სახელდებული ხარჯის მოცულობა უფრო მეტია, ვიდრე გათვალისწინებულია ჯანდაცვისათვის, სოფლის მეურნეობისთვის, ენერგეტიკისთვის, მშენებლობისთვის, გადამამუშავებელი მრეწველობისთვის ერთად აღებული. და, რაც მთავარია, ბიუჯეტი მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ მხარდაჭერას არ ითვალისწინებს, მაშინ, როცა თვით ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ერთი შეხედვით სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ პროცესებში ჩარევის ნაკლები საჭიროება უნდა არსებობდეს, მცირე და საშუალო ბიზნესისა თუ ფერმერული მეურნეობებისათვის განკუთვნილი სუბსიდიები ბიუჯეტების სოლიდურ ნაწილს იკავებს.
კიდევ უფრო ფატალურია შემდეგი მონაცემი: ქვეყანაში შექმნილი ანუ ადგილობრივი პროდუქციისა და მომსახურების (მშპ) დაბეგვრიდან მისაღები საგადასახადო შემოსავლები 1 მილიარდ 169 მილიონს შეადგენს, რაც მშპ-ის მხოლოდ 8%-ია. ესე იგი რა გამოდის?! გამოდის ის, რომ თუ ბიუჯეტს დავუჯერებთ, ადგილობრივ წარმოებაზე საგადასახადო წნეხი სულ რაღაც 8% ყოფილა – მეთორმეტედზე უფრო მცირე. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ როდესაც დღგ 18%-ია, მოგების და სოციალური გადასახადი 20% -20%, საშემოსავლო -12%, ამას ემატება აქციზი და ქონების გადასახადი მრავალფეროვანი განაკვეთებით და შკალებით, ყველაფერი ეს ჯამში 8%-იან საგადასახადო წნეხს როგორ განაპირობებს, აუხსნელ გამოცანად რჩება?! ფაქტი მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, საგადასახადო ადმინისტრაციული წნეხი ქვეყანაში არათანაბრადაა გადანაწილებული, არსებობენ არაპრივილეგირებული ბიზნეს სტრუქტურები, რომლებიც გადასახადს უკანასკნელ თეთრამდე იხდიან და არსებობენ ისეთებიც, გარკვეული პრივილეგიებით რომ სარგებლობენ.
სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება და, ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, 2009 წლისთვის 4 მლრდ ლარს გადააჭარბებს. მაგრამ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით ძნელად ვითარდება ბიზნესი, არ იზრდება დასაქმებულთა რიცხვი და მოსახლეობის შემოსავლები. ხოლო გასაყიდი ობიექტები თანდათან მცირდება, რაც ბოლო ორ წელიწადში ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო იყო. ასეთ პირობებში შემოსავლების მობილიზების და ადმინისტრირების პოლიტიკა ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად გვაძლევს. საგადასახადო ტვირთით დამძიმებული ბიზნესი პერსპექტივაში საბიუჯეტო შემოსავლების მიღებას სათუოს ხდის, არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტი ეკონომიკას განვითარებისთვის საჭირო ფულს ართმევს და არაეფექტურად იხარჯება. Aამიტომაცაა, რომ ქვეყანაში არ იქმნება დანაზოგები, არ შემოდის ინვესტიციები, რამაც საგადასახადო ბაზის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი (წყარო-კანონი 2006 წლის ბიუჯეტის შესახებ).
სამეწარმეო გარემოზე არასასურველ ზემოქმედებას არსებული საგადასახადო პოლიტიკაც ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი მივიღეთ, ვითარება მეწარმეთა ფართო ფენებისათვის არ გაუმჯობესებულა. არ შესრულდა მათი ძირითადი მოთხოვნები. პარადოქსია, მაგრამ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მეზობელ სახელმწიფოთა შორის, რომლის საგადასახადო პოლიტიკა ენერგომატარებლების, საწვავის და თანამედროვე ტექნოლოგიების გაძვირებას და მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომობას განაპირობებს.
თანამედროვე ტექნოლოგიების ზოგიერთი სახეობის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტი ჩვენს ძველთაძველ კოდექსშიც კი შეღავათებით სარგებლობდა, დღგ-საგან განთავისუფლებული იყო. ახალ დოკუმენტში კი მსგავსი არაფერი წერია. არადა, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ხომ ადგილობრივი ბიზნესის გადარჩენის ლამის ერთადერთი საშუალებაა. ყველაზე მძიმე საგადასახადო ტვირთი ენერგომატარებლებზე, საწვავზე, ნავთობპროდუქტებზე მოდის. ისედაც გაძვირებული საწვავის კიდევ უფრო გაძვირება, ერთის მხრივ, ადგილობრივი წარმოების ხარჯებს ზრდის და საზღვარგარეთულ პროდუქციასთან არათანაბარ კონკურენციულ პირობებში აყენებს, მეორეს მხრივ, აძვირებს სხვა დანარჩენ, უმთავრესად პირველადი მოხმარების პროდუქტებს, რაც საბოლოო ჯამში მოქალაქეთა შემოსავლების დევალვირებას იწვევს. სწორედ ამიტომაც არის, რომ ეროვნული ვალუტა – ლარი, რომელიც დოლარის მიმართ გამყარდა, პროდუქციის მსყიდველობითუნარიანობის თვალსაზრისით საგრძნობლად გაუფასურებულია.
მოქმედი კოდექსის ერთ-ერთი მთავარი ნაკლოვანება მცირე ბიზნესისთვის შეღავათების არარსებობაა. მცირე ბიზნესი ყველა ქვეყანაში სოციალურ ფუნქციას ასრულებს, ის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დამსაქმებელი და საშუალო ფენების შემოსავლების ძირითადი წყაროა. ყველა განვითარებულ ქვეყანაში გამიჯნულია მსხვილი და მცირე ბიზნესი, ახალ კოდექსში კი მცირე ბიზნესის დეფინიცია საერთოდ არ არსებობს.
საგადასახადო პოლიტიკა უნდა დაიხვეწოს, თუმცა არც მეორე უკიდურესობაა მისაღები, გადასახადების დაუსაბუთებელ შემცირებას რომ გულისხმობს. ექპერტთა დიდი ნაწილი საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფასა და ეკონომიკურ განვითარებას საგადასახადო ლიბერალიზაციაში ხედავს. ისინი მოითხოვენ უკლებლივ ყველა გადასახადის შემცირებას, რათა სტიმული მიეცეს წარმოების განვითარებას.
ასეთ პოლიტიკას საფუძვლად უდევს მიწოდებაზე ორიენტირებული ეკონომიკური თეორია, რომელსაც საგადასახადო პოლიტიკის “სეპლაისაიდურ” მოდელს უწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საგადასახადო პოლიტიკა წარმატებით განხორციელდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, მისი პანაცეად მიჩნევა მაინც არ შეიძლება. თუ ასეთი ეკონომიკური პოლიტიკა წარმოებასაც წაახალისებს და ბიუჯეტსაც შეავსებს, რატომ არ არის იგი გავრცელებული ყველგან, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც. საინტერესოა, როგორი შედეგი მოჰყვება საქართველოში ასეთი ექსპერიმენტის განხორციელებას?
1. წარმოების ზრდას საქართველოში აფერხებს არა იმდენად ზოგადი სტიმულირების უკმარისობა, რამდენადაც სხვა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები: საკრედიტო რესურსების დეფიციტი და მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ჩრდილოვანი ეკონომიკის დიდი მასშტაბები, მაღალი სამეწარმეო რისკის გარემო, ერთობლივი მოთხოვნის დაბალი დონე და სხვა. შეუძლებელია, წარმოება განვითარდეს ქვეყანაში სადაც:
– ეკონომიკური საზღვრები ჯერჯერობით დაუცველია, კონტრაბანდამ მასშტაბური ხასიათი მიიღო;
– დიდი რაოდენობით ხდება პროდუქციის ფალსიფიკაცია;
– ენერგომატარებლებზე ფასები მაღალია;
– ჩრდილოვანი ეკონომიკა სახიფათო მასშტაბებითაა;
ასეთ პირობებში გადასახადების ერთიანი შემცირება არ გამოიწვევს წარმოების ზრდას.
2. განსხვავებით აშშ – საგან, სადაც განხორციელდა “სეპლაისაიდური” ექსპერიმენტი, საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა შეადგენს არა 10-15%-ს, არამედ ეკონომიკის ნახევარზე მეტს. ასეთ პირობებში გადასახადების შემცირება გამოიწვევს არა იმდენად წარმოების გაფართოებას, არამედ ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილობრივ ლეგალიზაციას. საგადასახადო ბაზაც გაიზრდება, შესაბამისად, არა წარმოების გააქტიურების, არამედ ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილობრივი ლეგალიზაციის გამო. მაგარამ საგადასახო ბაზის ზრდა კომპენსირებული იქნება დაბალი საგადასახადო განაკვეთებით და ამიტომ მოსალოდნელია, რომ საბიუჯეტო შემოსავლები ან საერთოდ არ გაიზრდება ან უარეს შემთხვევაში შემცირდება კიდეც.
ცხადია, თეზა, რომ დაბალი გადასახადები გაზრდის მეწარმეთა სტიმულს, გაფართოვდება წარმოება, შესაბამისად, საგადასახადო ბაზა და ა.შ. პროპაგანდისათვის მოსახერხებელია და ბევრიც ადვილად იჯერებს მას, მაგრამ “სეპლაისაიდერ” ეკონომისტთა აზრით, გადასახადების შემცირებამ რომ გამოიწვიოს უშუალოდ წარმოების (და არა ერთობლივი მოთხოვნის) გაფართოება, “სეპლაისაიდური” სქემის მიხედვით ეს მოხდება მრავალი წლის შემდეგ. საერთოდ, გადასახადების შემცირების პოლიტიკა, აღნიშნული სქემის მიხედვით, ორიენტირებულია არა მიმდინარე პოლიტიკის გადაჭრაზე, არამედ გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებზე.
საქმე ისაა რომ, მათი აზრით, წარმოების ზრდას იწვევს არა ერთობლივი მოთხოვნის ზრდა და გამოუყენებელი რესურსების ამოქმედება, როგორც ამას “კეინზიანელები” ამტკიცებენ, არამედ მთლიანი ეკონომიკური პოტენციალის მატება. ამას კი დრო სჭირდება. ეკონომიკური პოტენციალის ზრდა უფრო ძნელია, ვიდრე გამოუყენებელი რესურსების ამოქმედება, ამიტომ “სეპლაისაიდური” მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის ამოქმედება მრავალი წლის შემდეგ მოხდება, ხოლო მანამადე ქვეყანას მოელის საგადასახადო შემოსავლების შემცირება და ბიუჯეტის სავარაუდო დეფიციტი.
ყველაზე უფრო საინტერესო არის ის, რომ საქართველოში “სეპლაისაიდის” პოლიტიკის განხორციელება ეწინააღმდეგება თვით ამ თეორიის პოსტულატებს, რომლის თანახმად, ეს ეკონომიკური პოლიტიკა გათვალისწინებულია ისეთი ეკონომიკისათვის, რომელიც ფუნქციობს თავის პოტენციურ შესაძლებლობებთან მიახლოებით, სრული დასაქმების პირობებში. ხოლო საქართველოში, სადაც ეკონომიკა მუშაობს თავისი პოტენციალის 15-20%-ის დონეზე, სადაც უამრავი გამოუყენებელი რესურსია, ტოტალური უმუშევრობა, “სეპლაისაიდური” პოლიტიკის გატარება სრულიად გაუმართლებელია (თვით ამ თეორიის ფარგლებშივე).
საგადასახადო ლიბერალიზაციაზე საუბრისას აუცილებელია, მის მიზნობრივ დიფერენციაზე დავსვათ აქცენტი. კოდექსი მიმართული უნდა იყოს არა ზოგადად ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობის, არამედ ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისაკენ. შეღავათებით აუცილებლად მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა სარგებლობდეს.
მაგრამ ამჯერად საინტერესოა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფა ისე, რომ საბაჟო ტარიფების ცვლილებების გარეშე შევძლოთ ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ექსპანსიის მაქსინალური შეზღუდვა, ადგილობრივი წარმოების გაფართოება და ექსპორტის სტიმულირება.