რა ეშველება ქართულ ღვინოს და საერთოდ, საქართველოს ექსპორტს

რედაქციისაგან

რუსეთის მხრიდან ქართული ღვინოების იმპორტის აკრძალვამ სავსებით საფუძვლიანი ქარიშხალი გამოიწვია. 2005 წელს ღვინის ექსპორტმა 81328 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა და წინა წელთან მიმართებით (48719 ათასი დოლარი) 66.%-იანი ზრდა ჰქონდა. ამ მაჩვენებლით ის თხილის, ოქროსა და მინერალური წყლების შემდგომ მეხუთე ადგილზეა, მაგრამ რეალური თანხობრივი მოცულობით პირველზე (37 მილიონი დოლარი).

ეს სიდიდით მესამე სტადიაა საექსპორტო კალათაში და ეს მაშინ, როცა ამ კალათაში კლებულობს ისეთი ტრადიციული მაჩვენებლები, როგორიცაა, მაგალითად, ჯართი. ამ სტადიას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. რუსეთი, რომელიც თავის ჭკუით საქართველოს სჯის, სინამდვილეში მას დამოუკიდებელ ცხოვრებას ასწავლის. საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებში, დიდი ხანია, საექსპორტო წარმოების პრობლემები ასე მწვავედ არ განხილულა.
როგორია ჩვენი პოტენციალი, როგორი გეოგრაფია და დინამიკა აქვს, როგორი ხელშეწყობა სჭირდება და რა საშუალებებია ახალ ბაზრებზე? დღეს ეს საქართველოს ეკონომიკაში ნომერ პირველი პრობლემაა.
წლების მანძილზე საქართველოს სავაჭრო ბალანსი მეტად
სავალალო მდგომარეობაშია. კერძოდ, იზრდება ბრუნვა და დეფიციტი, მაგრამ არ იზრდება ექსპორტით იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი. იზრდება გეოგრაფია და პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალი, მაგრამ არ იზრდება ის ქვეყნები, ვისთანაც ჩვენ დადებითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს. მთლიანობაში საექსპორტო მაჩვენებელი იზრდება, მაგრამ არ იცვლება საექსპორტო კალათის სტრუქტურა.

ექსპორტ-იმპორტის უმსხვილესი სასაქონლო პოზიციების მონაცემებიდან ჩანს (იხ. ცხრილი), რომ შარშან 85 მილიონი დოლარის ღვინო გავიტანეთ. ეს ჩვენი საექსპორტო კალათის სიდიდით მეორე მაჩვენებელია და აქედან ძირითადი ნაწილი რუსეთზე მოდის.
რა ხდება ღვინის ბაზარზე მსოფლიოში (იხ. ცხრილი)?

საქართველოს მსოფლიოს ძირითადი ბაზარი, როგორც ღვინოს, ისე სხვა პროდუქტებზე, ასათვისებელი აქვს. ეს მაშინ, როცა მოსაწესრიგებელია:
1. სერთიფიცირების, მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის პრობლემები
2. ქართული ბიზნეს სტრუქტურების ჩართვა ვაჭრობის ცივილურ სტრუქტურებსა და პრეფერენციების სქემაში.
(განვიხილოთ ევროპის მაგალითი, სადაც ჩვენნაირი განვითარებადი და პრობლემატური ქვეყნებისათვის არსებობს ე. წ. პრეფერენციების გენერალური სიტემა – CSP. მისი მიზანია, დახმარება გაუწიოს განვითარებად ქვეყნებს განვითარებული ქვეყნების მეშვეობით საექსპორტო წარმოების განვითარებაში და მისცეს შეღავათები. ამ სქემის მიხედვით საქართველოდან 7200 დასახელების პროდუქციაზე მოხსნილია სავაჭრო გადასახადი ევროპაში.

ეს ჩამონათვალი გაიზარდა ახალი პროგრამით – CSPP+. ამ სტატუსის მინიჭების შემდგომ ჩვენ და ამ სისტემის ყველა ქვეყანას ევროპაში ამ დასახელების საქონელზე უბაჟოდ იმპორტირების საშუალება მოგვეცა. აქ შედის ხილი, გვარჯილა, დოქები, მინის ტარა, ცემენტი, საფეიქრო ნაწარმი და ა. შ. სამწუხაროდ აქ ჯერ არ შედის ღვინო, რომელზეც 13.1 ევროა გადასახდელი და ამიტომაც ევროპაზე ჩვენი ღვინის ექსპორტის სულ სამი პროცენტი მოდის).
3. საგადასახადო სააღრიცხვო და კონტროლის სისტემის სრულყოფა საექსპორტო წარმოების მოთხოვნათა მიხედვით.
4. საინვესტიციო წახალისების და დაცვის სისტემის შექმნა.
5. უსაფრთხოების და საკუთრების დაცვის სასამართლო სისტემის შექმნა, კომუნიკაციური ინფრასტრუქტურის სრულყოფასთან ერთად.
მთლიანობაში, ეს არის გარანტი ჩვენი სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებისა და ზრდის დეფიციტის შემცირების პირობებში.
საქართეველოს სავაჭრო სამრეწველო პალატამ ჩვენს ჟურნალთან, არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ეკონომიკის და ბიზნესის ინსტიტუტთან” და აშშ განვითარების სააგენტოსთან (USAID) დაიწყო დისკუსია და აგრეთვე გზების დასახვა მთლიანობაში მის მოსაწესრიგებლად.
სწორედ ამ ბლოკის პირველ ნაწილს მიეძღვნა 18 აპრილს კონფერენცია სამთავრობო, საპარლამენტო, საერთაშორისო და ბიზნეს სტრუქტურებთან ერთად, რომელშიც ექსპერტები და სამეცნიერო წრეები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ:
სახელისუფლებო წრეებიდან – სახელმწიფო მინისიტრის მოადგილე რეფორმების დარგში – ვახტანგ ლეჟავა, ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე – ნათია თურნავა, აკრედიტაციის ეროვნული სააგენტოს პრეზიდენტი – პაატა გოგოლიძე, მეტროლოგიის, სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი – ნოდარ ხატიაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, სურსათის ანალიზის განყოფილების დირექტორი – სოფო ქემხაძე. პარლამენტარები – ზურაბ ცქიტიშვილი , მურმან ქურიძე
აშშ განვითარების სააგენტო (USAID) – ირინა სალუქვაძე
EBRD-ი
ევროგაერთიანების ელჩი – მარია იერერა
IFC – გივი პეტრიაშვილი
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა – შოთა მაქაცარია, გია კაკაბაძე,
პსპ ჯგუფი – გენ. დირექტორი, ეკა კოპლატაძე
ბიზნეს ჯგუფები: “შუმის” ღვინის ქარხანა,
ექსპერტები – თამაზ აგლაძე, ჯემალ მანჯგალაძე
არასამთავრობოები – “თავისუფალი ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტი” – ნინო არველაძე, “XXI საუკუნე – შალვა მელქაძე
სამეცნიერო წრეები: ჰიგიენის ინსტიტუტის დირექტორი – ირაკლი ფაღავა, მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი – იასონ მუჯირი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – ეთერ სარჯველაძე.

გთავაზობთ ამ დისკუსიის ნაწილს, (მთლიანი მასალები რეკომენდაციებთან ერთად, ცალკე გამოქვეყნდება)
კონფერენციაზე განსახილველი საკითხების მონახაზი გააკეთა წამყვანმა ემზარ ჯგერენაიამ.
. კონფერენციაზე გამოიკვეთა მრავალი პრობლემა, რომელთა მოუგვარებლობის გამო ბიზნესს მრავალი არასამართლიანი ბარიერი ექმნება და შესაბამისად სამამულო წარმოების პროდუქცია ექსპორტზე ვერ გადის. საქართველოს არ აქვს ეტალონური ბაზა, ხოლო ლაბორატორიები ევროპული სტანდარტების შესაბამის სერტიფიკატს ვერ გასცემენ. ამ თემებს ჟურნალმა “საქართველოს ეკონომიკამ” სამი ნომერი დაუთმო და თითოეული პრობლემა დაწვრილებით შუქდებოდა. ნათელი გახდა და უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება და დახმარება ესაჭიროება. ამ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ნოდარ ხატიაშვილმა მოხსენების საშუალებით შესანიშნავად წარმოაჩინა სტანდარტიზაციის, სტანდარტებისა და მეტროლოგიის მნიშვნელობა ამ სფეროში და მისი პრობლემები. აშშ-ის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, ქალბატონმა ირინა სალუქვაძემ USAID-ის პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის დაიწყეს. ყველა მომხსენებელმა განმარტა, რომ არ შეიძლება ბიზნესს ხელოვნური ბარიერების საშუალებით პრობლემები შეექმნას და ამით სახელმწიფოს პრესტიჟი შეილახოს.
აშშ განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ირინა სალუქვაძე:
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის მიზანს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ახალი საწარმოების გახსნას და სამუშაო ადგილების შექმნას. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოთხწლიან პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი.
პროექტის მისია: კერძო სექტორის განვითარება ეკონომიკური კეთილდღეობისა და სტაბილურობისათვის.
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტი გეგმავს კერძო სექტორსა და მთავრობას შორის დიალოგის წარმართვის ხელშეწყობას, რათა ქვეყანაში გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო და ორივე მხარემ ერთიანი ძალისხმევით გადაჭრას ის პრობლემები, რაც, ამჟამად, ხელს უშლის მდგრადი ეკონომიკის განვითარებას.
მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პროექტი ხელს უწყობს მუდმივი დიალოგის წარმართვას საკრედიტო დაწესებულებებსა და ბიზნესს შორის, რათა გამოსწორდეს ბაზარზე არსებული დაკრედიტებასთან დაკავშირებული პრობლემები და მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის გრძელვადიანი დაფინანსების მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამას გარდა, დაკრედიტებასთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაკრედიტების განვითარების პროგრამის (DCA) განხორციელებაში დაეხმარება კომერციულ ბანკებს, გასცენ კრედიტები მცირე და საშუალო საწარმოებზე. დაკრედიტების განვითარების პროგრამის განხორციელება უკვე დაიწყო “ბანკმა რესპუბლიკამ”, სადაც 3 მილიონიან საკრედიტო პორტფელზე აშშ-იხ მთავრობის გარანტია 50%-ს შეადგენს. პროექტი იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში საქართველოს სხვა ბანკებიც ჩაებმებიან ამ პროგრამის განხორციელებაში. ჩვენი საბოლოო მიზანია საქართველოს ბანკებისათვის შევქმნათ ისეთი გარემო და პროგრამები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, გააძლიერონ ადგილობრივი საფონდო ბაზარი, რომელიც იქნება წინაპირობა იმისა, რომ მომავალში ზემოაღნიშნული გარანტია საჭირო აღარ იქნება.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა საქართველოს მთელი მასშტაბით, არსებული ბიზნესასოციაციების ბაზაზე, ჩამოაყალიბა ბიზნესსაკონსულტაციო ცენტრების ქსელი, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებს გაუწევენ საკონსულტაციო მომსახურებას სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა საკანონმდებლო, მარეგულირებელი, მენეჯმენტის, ბიზნესდაგეგმვის, სესხის აღების და ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. გარდა ამისა, ბიზნესსაკონსულტაციო ცენტრების ფარგლებში დახმარება უნდა გაეწიოს ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა მათ შეძლონ მთავრობასთან დიალოგის წარმართვა ეროვნული განვითარების სტრატეგიაზე, საგადასახადო რეჟიმზე, ადმინისტრაციულ რეფორმაზე და სხვა იმ საკითხებზე, როცა აუცილებელია მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლების თანამშრომლობა. პროექტმა ბიზნესსაკონსულტაციო ცენტრებისთვის შეარჩია ბიზნესასოციაციები თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში, რომლებიც, ამავე დროს, ბიზნესსაკონსულტაციო ფუნქციასაც შეასრულებენ. ინფორმაციის სწრაფი გაცვლისა და ყველა საჭირო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში თავმოყრის მიზნით, პროექტი დახმარებას უწევს ბიზნესსაკონსულტაციო ცენტრებს ინტერაქტიული ვებ-გვერდის შექმნაში – www.bso.ge. ვებ-გვერდი ითვალისწინებს ბიზნესდახმარების საკონსულტაციო მონაცემთა ბაზის შექმნას როგორც შიდა ქსელის, ასევე გარე მომხმარებელთათვის, საკონსულტაციო მომსახურების გაწევას და ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის გაცვლას.
სამეწარმეო გარემოს ბიზნესსაზოგადოების მოთხოვნებთან თანხვედრა, კერძოდ კი, ბიზნესასოციაციებისთვის დახმარების გაწევა თვითსერთიფიცირების საკითხებში და საქართველოს ბიზნესისათვის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა პროექტის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ISO 9000 და ხარისხის მართვის სისტემის სემინარი. სემინარზე წარმოდგენილი საკითხები მოიცავდა ზოგად ინფორმაციას ISO 9000 და 14000 სერიის სტანდარტებზე და ხარისხის მართვის სისტემებზე, ხარისხისა და გარემოს დაცვის მართვაზე, ხარისხის მართვის პრინციპებსა და სერთიფიცირების პროცესის საფეხურებზე. სემინარის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ბიზნესასოციაციამ და ბანკმა (საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო პალატა, ასოციაცია “საქართველოს ქალები ბიზნესში”, საქართველოს დასაქმების ასოციაცია, პროკრედიტ ბანკი), აგრეთვე, კერძო კომპანიებმა (გადამზიდველთა კომპანია “ინსტრა”, საქართველოს მინისა და მინერალური წყლის კომპანია, გაერთიანებული ქართული ტექნოლოგიები და სხვა) გამოთქვეს სურვილი მათ კომპანიებში ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის შესახებ. ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა ჩაატარა ტრენინგი საკითხზე “როგორ შევიმუშავოთ და განვახორციელოთ ხარისხის მართვის სისტემა კომპანიაში ISO 9001:2000 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”, რომელშიც მონაწილეობდნენ ზემოაღნიშნული ორგანიზაციები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეგვიძლია შევაჯამოთ პროექტის მიმართულებები:
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და კრედიტების განვითარების პროგრამის გარანტია
ტექნიკური დახმარების გაწევა, ტრენინგების ჩატარება ფინანსური ინსტიტუტებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისათვის
თბილისსა და რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ბიზნესსაკონსულტაციო ცენტრების ჩამოყალიბება ბიზნესის გაძლიერება-გაფართოების მიზნით
ბიზნესასოციაციებისათვის დახმარების გაწევა თვითსერთიფიცირებისა და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სტანდარტების შემუშავების საკითხებში
ბიზნესასოციაციებისათვის დახმარების გაწევა სამოქალაქო ინტერესების დაცვის უნარის განვითარებაში
ბიზნესასოციაციებისათვის, საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და სხვა დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა სამეწარმეო საქმიანობის უნარის განვითარებაში
ჩვენ “საქსტანდარტის ბაზაზე წარმოქმნილი ორგანიზაცია ვართ, მაგრამ ლიბერალიზაციის შედეგად წარმოქმნილი. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ საქსტანდარტის პირდაპირი მემკვიდრე ვართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფუნქციები და დავალებები, რომლებიც სახელმწიფომ სამართლის იურიდიულ პირს გადასცა და ვცდილობთ, ეს დავალებები შევასრულოთ. მინდა, ჩემს მოხსენებაში მოკლედ შევეხო ხარისხის ინფრასტრუქტურის გაგებას. მოხსენების მეორე ნაწილში კი მოკლედ შევეხები ქვეყანაში არსებულ სიტუაციას მეტროლოგიისა და სტანდარტების სფეროში. საკითხები: სერტიფიკაცია, ხარისხი, აკრედიტაცია, ეკოლოგია, სტანდარტები, მეტროლოგია მთლიანობაში ხარისხის ინფრასტრუქტურას წარმოადგენენ. ხარისხის ინფრასტუქტურის გარეშე უსაფრთხოებაზე საუბარი წარმოუდგენელია. რისი საფუძველია ხარისხის ინფრასტრუქტურა? ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური განვითარების, ეროვნული, რეგიონალური საერთაშორისო ვაჭრობის საფუძვლების, გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის. ნათელია, რომ მთავრობა, წარმოება, ვაჭრობა – ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, ეს მექანიზმი მუშაობს, ხარისხის ინფრასტრუქტურა კი დაფარულია. იგი წარმოადგენს “შეზეთვას, რომლის გარეშეც ეს მექანიზმი ჩერდება. ანუ ეს არის სისტემა, რომელმაც აუცილებლად უნდა იარსებოს.
როგორ წარმოგვიდგენია და როგორი უნდა იყოს ამ პლაკატზე წარმოდგენილი ხარისხის ინფრასტრუქტურის ძირითდი ელემენტები: სტანდარტები, მეტროლოგია, გამოცდები, სერთიფიკაცია, აკრედიტაცია, აქეთ გვაქვს ღირებულებათა დაგროვების ჯაჭვი, ანუ მეწარმეები, რომლებიც მუშაობენ და ამ ღირებულებების დაგროვება ყოველდღიურად ხდება. გვაქვს საერთაშორისო სისტემები, ანუ ხარისხის ინფრასტრუქტურა, რაც განვითარებულია და საითკენაც ჩვენ მივდივართ. რას აკეთებს ეს ინფრასტრუქტურა? ის ჩვენს მეწარმეებსა და ინფრასტრუქტურას შორის შუამავალია, რომელიც ქვეყნის გარეთ არსებობს. მოკლედ, საერთაშორისო სისტემები გაერთიანებულია და ჩვენი ინფრასტრუქტურის ვალდებულებაა, ეს სტრუქტურები ჩვენი წარმოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. მაშინ, რა თქმა უნდა, საუბარი იქნება უკვე იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ხარისხი და აღარ გვექნება საეჭვო დებულებები სხვა ქვეყნებიდან, რაც მრავალ პრობლემას მოგვიხსნის.
რით განისაზღვრება ხარისხის ინფრასტრუქტურა? – როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის შიდა სახელმწიფოებრივი ჩარჩო-პირობები, ანუ კანონმდებლობა და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ამოცანა, რომელიც უსაფრთხოების დონეს არეგულირებს. ეს საკანომდებლო ამოცანები პირველ რიგში მეტროლოგიას მოიცავს, ანუ ერთეული სისტემების ხარისხის მართვას ქვეყანაში. სტანდარტები, ანუ ნორმები, ჩვენ ვლაპარაკობთ თავისუფალ სტანდარტებზე და მათ ნებაყოფლობითობაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტანდარტები ევროპაში დირექტირების ქვეშაა მოქცეული – ეს არის ნორმატიული დოკუმენტაცია, რომლის შესრულებაც სავალდებულოა. ამიტომ, სტანდარტები, ნორმები და ტექნიკური რეგლამენტები ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. ანუ ერთია ხარისხის ინფრასტრუქტურის ელემენტი, რომელიც ქვეყანას სჭირდება და სხვაა სტანდარტები, რომლებიც ეკოლოგიას და გარემოს დაცვას სჭირდება. ასევე რეგულაციები, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო ორგანიზაციების ურთიერთობას დაარეგულირებს. საუბარია მაკონტროლებელ და ზედამხედველობით ორგანოებზე.
ინფრასტრუქტურის ქსელში თქვენ ნათლად შეგიძლიათ დაინახოთ, თუ როგორ არიან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ძირითდი სტანდარტები, ანუ ნორმები მოთავსებულია ცენტრში და იგი დაკავშირებულია თითქმის ყველა ელემენტთან. ჩვენი რეფორმების შედეგი ის იყო, რომ ამ სისტემის თითოეული ელემენტი ერთმანეთს ტექნიკური იერარქიით დაუკავშირდა და არა ადმინისტრაციულით. ახალ კანონში ჩაწერილია, რომ ამ სისტემებს მეტი დამოუკიდებლობა უნდა მიეცეთ, რათა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იყოს. ხოლო ხარისხის ინფრასტრუქტურამ იმ დონეზე უნდა იმუშაოს, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები ითხოვენ. ის, რომ ერთ სისტემას მივცეთ უპირატესობა და მეორეს არა, ანუ განვავითაროთ მხოლოდ აკრედიტაცია, სერთიფიცირება და მეტროლოგია კი ხვალისთვის დავტოვოთ, არ გამოვა, ანუ ამ სისტემაში ყველა ელემენტი უნდა იყოს ჩართული და თანაბრად უნდა ვითარდებოდეს. ასე რომ, კონკრეტული გადაწყვეტილებები ერთ-ერთი სისტემის განვითარებაზე საქმეს არ უშველის. ჩვენ გვქონდა “საქსტანდარტი თავისი ყველა განშტოებით, რეფორმის შემდეგ გვაქვს ორი ორგანო: ეს არის ჩვენი სააგენტო და აკრედიტაციის ეროვნული ორგანო. სააგენტოში არის მეტროლოგიის ინსტიტუტი, ანუ ეტალონების ბაზა და სტანდარტებისა და ტექნიკურირეგლამენტების დეპარტამენტი. რომლის ძირითადი ფუნქცია არსებული სტანდარტული ნორმების მიღება, რგისტრაცია და სხვა პროცესების განხორციელებაა.
მინდა, ეტალონური ბაზისა და მეტროლოგიის მნიშვნელობაზე გესაუბროთ, ანუ აქ წარმოდგენილია გაკვლევადი ერთეულების მნიშვნელობა, გაზომვების მნიშვნელობა ინფრასტრუქტურაში: 1. პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოება, 2. ეკოლოგია და მისი უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, აუცილებელი ტექნიკური რეგლამენტებია, რომლებიც უნდა შემუშავდეს. ეს არის საკანონმდებლო აქტები, ანუ სამართალდარღვევათა კოდექსში ჯარიმების სისტემის მოწესრიგება და ა. შ. რომლის გარეშეც კანონი და ტექნიკური რეგლამენტი ვერ იმუშავებს. ამ ყელაფრის უზრუნველსაყოფად აუცილებელია დამოუკიდებელი ლაბორატორიები და სარწმუნო გამოცდები.
ხარისხის ინფრასტრუქტურის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფალი ბლოკია მეწარმეები. მათ სურთ, რომ ჰქონდეთ დაკალიბრებული ხელსაწყოები, ინსტრუმენტები, ანუ ეს ის ხალხია, რომლებიც ხარისხზე, თავისი პროდუქციის გატანაზე და რეალიზებაზე ფიქრობს.
ჩვენი მუშაობის მეორე ბლოკი, რომელიც სახელმწიფოს მოცემულ დავალებას წარმოადგენს, არის სტანდარტები. სტანდარტის დარეგისტრირებას სხვადასხვა დონის სპეციალისტი, ექსპერტიზა, შესაბამისობაში მოყვანა არსებულ დოკუმენტებთან ან სხვა სტანდარტებთან და კიდევ მრავალი სხვა სჭირდება.
პირველი რეკომენდაცია და შენიშვნა, რომელიც ორი კვირის წინ “რეტრომ გამოთქვა, ეს არის ISO-ში გაწევრიანება. მისი ეკონომიკა დინამიურად ვითარდება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის სერიოზული პრეტენზია აქვს. რას გვაძლევს ჩვენ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება – ეს არის 9-12 ათასი დოლარი წელიწადში სახელმწიფოს მხიდან გადასახადი, ეს არ არის კატასტროფული თანხა. სამაგიეროდ, სტანდარტების ეროვნული ორგანო ISO-სგან ყველა საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც შემუშავდება, უფასოდ მიიღებს. რა თქმა უნდა, ყველა ცვლილებას ძველ სტანდარტებში და მესამედ და მეოთხედ ფასში სტანდარტებს, რომლებიც დაგვჭირდება. ცალ-ცალკე თითოეულ მეწარმეს შუძლია იყიდოს ეს სტანდარტები, რომელიც ყველგან ხელმისაწვდომია. მაგალითად, აკრედიტაციის ორგანომ 17 ათასი სერიის სტანდარტები დამოუკიდებლად შეიძინა. მაგრამ სტანდარტი განახლების გარეშე კვდება. იმ ორგანიზაციაზე მიცემული სტანდარტი, რომელიც მას ყურადღებას არ აქცევს, კვდება და მის ფლობას აზრი ეკარგება.
აქ წარმოდგენილია სააგენტოში არსებული დღევანდელი ბაზაც – რეგიონალური ანუ “ემგეესის სტანდარტები, იგი დსთ-ის საბჭოსთან შექმნილი ორგანიზაციაა. ხარისხის ინფრასტრუქტურის სფეროში სტანდარტების გარკვეული ბაზა არსებობს. მათ შორის, სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ბორჯომი ამ სტანდარტზეა დარეგისტრირებული. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დაახლოებით 200 სტანდარტის უფასოდ მიღებას შეგვპირდა. ახლა სტანდარტების დეპარტამენტი ზის და ფიქრობს, თუ რომელი სტანდარტია პრიორიტეტული. მაგრამ დღეს ამ სფეროში მოთხოვნა ფაქტობრივად არ არსებობს, პირადად არ მინახავს ორგანიზაცია ან სამინისტრო, ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის მოთხოვნა რომ ჰქონდეთ და ამა თუ იმ სტანდარტის შესყიდვა სურდეთ.
ჩვენი სტრატეგია ISO-შიO გაწევრიანებაა. პირველი ამოცანა სტანდარტების მიღება და დეკლარირება, ხარისხის ინფრასტრუქტურის ამ სტანდარტებით უზრუნველყოფა და კონფლიქტური სტანდარტების გაუქმება იქნება. ეს WTO-ს შეთანხმების მე-5 მუხლს დაიცავს, სადაც წერია, რომ სერთიფიცირების, ანუ შესაბამისობის სფეროში სტანდარტების ეროვნული ორგანო, ISO-ს ორგანიზაციაში აქტიურად უნდა ჩაერთოს, რათა ამ ორგანიზაციის საერთაშორისო სერთიფიცირების სისტემაში დანერგილი გზები და წესები გადმოიღოს და მიაწოდოს ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციას.
ჩვენ ჯერჯერობით არ გაგვაჩნია ტექნიკური რეგლამენტები და ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი ქვეყნის სტანდარტი, დარეგისტრირდეს და მისი საშუალებით იმუშაოს. იმპორტიორსაც შეუძლია წარმოადგინოს ეს სტანდარტი და მისი საშუალებით აწარმოოს პროდუქციის იმპორტი.
როგორ მოხდება ამ შემთხვევაში უსაფრთხოების დაცვა და რას მოითხოვს ეს?
მთავრობამ 45-ე დადგენილების ერთ-ერთ მუხლში გვაჩვენა, რომ ის სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოები, სამინისტროები და ა. შ. ანუ ისინი, რომლებიც დღეს ზედამხედველობით ფუნქციებს ასრულებენ, ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ის პარამეტრები, რომლებსაც ისინი გაუწევენ “ზედამხედველობას”. იმ დასაბუთებით, რომ ეს პარამეტრები მხოლოდ უსაფრთხოებას შეეხება. როცა პარამეტრების რაოდენობრივ მაჩვენებლებზეა საუბარი, მთავრობის დადგენილება ამბობს, რომ ისინი, დოკუმენტის არქონის შემთხვევაში დღეს არსებული ბაზიდან გაკონტროლდება.
არსებობს საკითხი – ხარისხი, ზედამხედველობა, მეწარმეების სხვადასხვა ბარიერებისაგან განთავისუფლება. მინდა შემოგთავაზოთ მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა სახით უნდა იყოს ზედამხედვლობის სისტემა წარმოდგენილი, რა შემთხვევაში შეიძლება მეწარმემ პასუხი აგოს და როდის მოეთხოვება ეს სახელმწიფოს? უსაფრთხოება სახელმწიფო პრეროგატივაა. ამას ყველა ქვეყანა აღიარებს. ნათელია, რომ უსაფრთხოება სახელმწიფომ საკანომდებლო ბაზით უნდა გააკონტროლოს და არეგულიროს. ეს არის რეგლამენტები, მეტროლოგიის, აკრედიტაციის სისტემა, ანუ ის კანონები, რომლითაც მათი საქმიანობა რეგულირდება. ადმინისტრირება კი საზედამხედველო ორგანოებიდან მოხდება.
ხარისხის უზრუნველყოფა – ქვაკუთხედი. ქვეყანაში სხვადასხვა სტრუქტურას, მთვრობასა და ხარისხის ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სისტემას შორის ხშირად არის უთანხმოება იმ საკითხზე, თუ ვინ არის უფლებამოსილი, ვინ უნდა გააკონტროლოს ხარისხი, აუცილებლია თუ არა მისი სახელმწოფოს მხიდან კონტროლი. ვინ და როგორ გააკონტროლებს ბაზარს? ეს მეწარმეების, მთავრობისა და პარლამენტის საკითხია, რომელიც ასეთი შეხვედრებისა და ურთიერთობის გზით უნდა გადაწყდეს. ჩვენ უხეშად რომ ვთქვთ, გვაქვს ეტიკეტი პროდუქციაზე, პარამეტრების ჩამონათვალი ნაწილი, რომელიც უსაფრთხოების მოთხოვნებს აყენებს. ადმიანს უნდა იყიდოს ხარისხიანი პროდუქტი, მაგრამ მის სწორად დეკლარირებაში დარწმუნებული არ არის. მკაცრად უნდ განისაზღვროს ეტიკეტების წესი, ანუ მეწარმემ ეტიკეტი მხოლოდ იმ პარამეტრში უნდა გააკეთოს, რომელშიც ის დარწმუნებულია და აღებული აქვს გამოცდის ოქმი, მიკვლევადია და დარწმუნებულია, რომ იმუშავებს. ამის შედეგად ბაზარზე ხარისხიანი და დაცული პროდუქტი გვექნება. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აარჩიოს პროდუქტი, სადაც არ არის ჩამონათვალი, მაგრამ საკმაოდ იაფია. ყველამ ვიცით, რომ სიგარეტი ადამინის ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, მაგრამ მაინც ვეწევით. მე თუ ფული არ მაქვს, ვიყიდი ამ პროდუქტს და შევჭამ, ანუ უსაფრთხოების გარანტი დაცული ვერ იქნება. ხოლო მისი ხარისხი კი საეჭვო გახდება, ანუ მე თუ არ მინდა ფული დავხარჯო, შემიძლია უხარისხო პროდუქტი მივირთვა.