დასავლეთის ეკონომიკური ფასეულობების ქართული ეროვნული თავისებურებანი. ანუ, ვაკელი გოჭის, ტასიკოს შარმი და რას ნიშნავს ტენდ-ერი

ემზარ ჯგერენაია

პირველ რიგში, მონატრებული გაზაფხულის მოსვლა მინდა გისურვოთ. ჯერ ისევ ცივა, წვიმს, საწყალ ყვავილებს, ისევე როგორც ჩვენ, მკაცრი დღეები უდგათ. წელს ისინი ნაყოფს უკვე ვეღარ გამოიღებენ. ჩვენ უნდა ვეცადოთ დასავლეთის ღირებულებებთან ადაპტირება ისე შევძლოთ, რომ მსოფლიო ბაზრის მკაცრ კლიმატურ პირობებს გადავურჩეთ.
ალბათ, მეტყვით ნეტავი შენ, რას ამბობ ახალსო?
ახალს მათლაც არაფერს ვამბობ. დასავლეთისგან ბევრი რამ ჩვენ უკვე გადმოვიღეთ და მათ დანერგვას ახლა საქართველოში ვცდილობთ. საქონლის შეძენის და მომსახურების სფეროში თამაშის ახალი წესები ვისწავლეთ – ე. წ. ტენდერების გამოცხადებით და საკონკურსო შერჩევებით სხვადასხვა ფირმების შემოთავაზებებიდან შეჯიბრებითობის პრინციპით უკეთესისა და ოპტიმალურის შერჩევა. თუმცა, ამ კარგ ჩანაფიქრს, ქართული თავისებურება შეეპარა. საქართველოში, ბიზნესის თანაბარ პირობებში ჩაყენებას სულაც არ ვცდილობთ. როგორც წესი, წინასწარვე ვიცით თუ ვის პროდუქციას ვყიდულობთ. მაგრამ, თვალის ასახვევად სპექტაკლებს ვმართავთ, თანაც უნიჭოდ. წარმოიდგინეთ, რომ სააღდგომო გოჭს ვიღაც 30 ლარად გთავაზობთ. (გოჭი ჩხოროწყუსია. 6 კილო. კნატუნა. თანაც, სააღდგომო სუფრა, გოჭის გარეშე ისევე ვერ ჩაივლის, როგორც მატარებელი რელსების გარეშე). თქვენ კი გინდათ, 50 ლარიანი გოჭი იყიდოთ. და იცით რატომ? იმიტომ, რომ “სვეტია, ვაკეში ცხოვრობს და მე-9 სართულზეა გაზრდილი. მისი სახელია ტასიკო. საინტერესო ტან-ფეხი აქვს და რაც მთავარია, მეგრული კილო არასოდეს ჰქონია.
მითხარით, ოჯახის მოყვარული, რომელი კაცი გადაყრის 20 ლარს ტასიკოში. რად უნდა ტასიკოს ტან-ფეხი? გოჭი გოჭია! მთავარია ცხიმიანი არ იყოს, თავი არ ჰქონდეს მოკლული, მეზობლის გოჭს კოცნით არ ჰყავდეს გაგუდული და ფასი ჰქონდეს ხელმისაწვდომი. ალბათ, სახლისთვის ნამდვილად არავინ ვიყიდით. მაგრამ დიდ საწარმოებში, განსაკუთრებით სახელმწიფო ბიზნესში, საქმე სხვაგვარადაა. ასინეთასი არ იყოს, იქ ყველაფერი უკუღმაა. მაგალითად, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტს კომპიუტერული ტექნიკის შეძენაზე ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. დიდი ვაი-ვაგლახის და იწილო-ბიწილოს შემდეგ მიიღო წინადადება, რომელიც სხვების წინადადებაზე 30%-ით ძვირი იყო. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთან ტენდერი კი არა, ტენდ-ერები იმართება! რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ტენდენციური ერი ვართ! ტენდერების ორგანიზატორებში კი, კიდევ დარჩნენ ტენდენციური ადამიანები, რაც ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან სავალალოა. ხალხსა და ფირმებს კი გადასახადებს უაზროდ ახდევინებენ, დროსაც უაზროდ აკარგვინებენ. არადა, სპექტაკლში იძულებით მონაწილეობა თეატრალურ საზოგადოებაშიც კი არავის ახსოვს. ჩემო ტენდენციურო ადამიანებო, ბიზნესის და ქვეყნის განვითარებას ასეთი სპექტაკლები არაფერში წაადგება. რატომ ახარჯვინებთ ქვეყანას ამდენ თანხებს უაზრო საქონელში? რა მნიშვნელობა აქვს გოჭია ის თუ კომპიუტერი? თქვენ ხომ წესით პარამეტრები უნდა მოითხოვოთ. მაშინ, უთხარით ხალხს, რომ თქვენ ასეთი “ბრენდი გინდათ და ისინი თქვენს ტენდერებში აღარც მონაწილეობას მიიღებენ და აღარც დაზარალდებიან. თქვენს მიერ მოწყობილ სპექტაკლებში სახელმწიფო და ბიზნესი მარცხდება. მართალია, წაუგებელ თამაშს, ჯერ თქვენ თამაშობთ, მაგრამ, საბედნიეროდ, ახლა სხვა დროა და ეს სპექტაკლი დიდხანს არ გაგრძელდება. დროა კონკურსების წესის წარმატებულ გამოგონებას, ქართული ელფერი საბოლოოდ ჩამოშორდეს, ბიზნესი განვითარდეს და ქვეყანა არ დაზარალდეს. მაგრამ, თქვენ ხომ ტენდ-ერები ხართ. საინტერესოა როდემდე იქნებით ტენდენციურები???
ისე, ტასიკოს საწინაღმდეგო არაფერი მაქვს. ალბათ, კარგი გოჭია. პატრონი, თურმე, “ჟულიენით” კვებავდა და დილიდან საღამომდე ვაკის პარკში ასეირნებდა. მაგრამ, მაინც მეგრული გოჭი ჯობს – იაფია და მუშა. ცოცხალი ტასიკო 20 კაცსაც ვერ ჩამოურბენს. მეგრულ თონეში შებრაწულ-შეპიწკინებული გოჭი კი ზუსტად 20 კაცს ეყოფა. ისე, ვინც სააღდგომო არჩევანი ტასიკოს სასარგებლოდ გააკეთეთ, გეტყობათ გოჭი სიდედრის ფულით იყიდეთ, იმედია, მომავალ აღდგომას გემოვნება და “ტენდ-ერიურობა შეგეცვლებათ და არჩევანს ლესიჭინეს გოჭზე გააკეთებთ. თუმცა, ვნახოთ აღდგომა და ხვალეო.
P.შ. მეგრულ გოჭზე გამახსენდა, ერთხელ ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გამოსვლისას, ვიღაც პატივცემულმა გვამმა “სმს-ი მომწერა, წადი და შენს გალს მიხედეო. დიდი მადლობა, რომ შემახსენეთ, გალი რომ ჩემია, ღმერთმა გისმინოთ. მაგრამ, გალს მთელმა ქვეყანამ ვერ მიხედა და მარტომ როგორ მივხედო? და იცით რატომ ვერ მიხედა? ასეთი ტენდ-ერი რომ ვართ. ლესიჭინელ, შუშასავით დახვეწილ და რაფინირებულ, კეთილშობილ გოჭს ტასიკო რომ გვირჩევნია. თავისუფალი ბიზნესის პრინციპებს, რომ ვერა და ვერ შევეგუეთ. სხვის სიკეთეზე ბოღმა, რომ ვერა და ვერ მოვიშორეთ. არ გვინდა, სხვისი დადებული თითოეული აგური და გაზრდილი გოჭი დავინახოთ. როგორც მახსოვს, რკინიგზის უფროსიც გალელია და იმედია ტენდ-ერებს წარსულს ჩააბარებს. დასავლეთისკენაც ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ და გალიც იქვეა.
აუცილებლად დათბება და მოვა გაზაფხული
შეიცვლება ტენდ-ერიის ფული
კერძო, პატრიოტული გახდება მათი გული
დაბრუნდება ტერიტორია დაკარგული
ტასიკო და მისი ფანები დარჩებიან ეული.