მილიარდების შოვნის ფორმულა

ნინო არველაძე

22 ივნისს, გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომა, სადაც გადაწყდება სამი ან ოთხი აპლიკანტის ბედი ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე. დანარჩენი აპლიკანტები კი საქმიანობას შეწყვეტენ.
აპრილში, ევროპაში ყველაზე ცნობილმა ტუროპერატორებმა ტურისტებისათვის ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად ხორვატია დაასახელეს, მან გაასწრო ისეთ გიგანტებს ამ სფეროში როგორიცაა ინგლისი,საფრანგეთი, საბერძნეთი… ეს სერიოზული ნიშანია იმისა, რომ საქართველოსაც გაუჩნდა შანსი ამ სფეროში თავისი სიტყვა თქვას. მაშ, სად არის პრობლემის სათავე?
მითი თუ რეალობა – იქნება საქართველო ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ოდესმე და სად არის გასაღები ასეთი გლობალური პროექტის განხორციელებისათვის? ამ საკითხზე ვესაუბრეთ საქართველოდან წარდგენილი პროექტის შემუშავებელი ჯგუფის ხელმძღვანელს, ბატონ ვაჟა შუბლაძეს.
ბატონო ვაჟა, როდის გაჩნდა ზამთრის ოლიმპიური თამაშების საქართველოში ჩატარების იდეა?
– 2004 წლის დეკემბერში. ოლიმპიური აღმასკომის სესიაზე. ხელმძღვანელობამ წამოაყენა იდეა, საქართველოს ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის შესახებ. საერთოდ, არასოდეს მომხდარა, რომ ქვეყანას კანდიდატურა თავად წამოეყენებინოს და მასპინძელიც გამხდარიყო. სტრასბურგი უკვე მესამედ არის კანდიდატი. ეს დასაწყისია. ასეთი ინიციატივების შედეგად ქვეყანები შენდებიან. თუ 2014 წელს არაფერი გამოვა, ვეცდებით 2018 ან 2022 წელს მაინც საქართველო მასპინძელი გახდეს.
– რას ნიშნავს ეს საქართველოსათვის?
– ძალიან ბევრს. მასპინძლობის უფლების მოპოვება მსოფლიოში უზარმაზარ ავტორიტეტს შეგვძენს. მსოფლიო მაგნატი კომპანიები და ძლიერი ინვესტორები საქართველოსკენ შემობრუნდებიან. ეს ქვეყნისთვის უზარმაზარი იმიჯია. საქართველო დაახლოებით 40 წლით წაიწევს წინ. ქვეყანა აშენდება და ახალი ინფრასტრუქტურა შეიქმნება. მხოლოდ მასპინძლის უფლების მოპოვების შემთხვევაში, მილიარდამდე დოლარს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გაიღებს.
– რისთვის არის ეს თანხა განსაზღვრული?
– ეს ოლიმპიადის ჩატარების ხარჯებია. აგვისტოში განაცხადი გავაკეთეთ. აღმოჩნდა, რომ სურვილი კიდევ შვიდ ქვეყანას ჰქონდა. გადასახადი 150000 დოლარი იყო. თანხა ბადრი პატარკაციშვილის ოლიმპიურმა ფონდმა გადაიხადა და ინსტრუქციის შესაბამისად დავრეგისტრირდით. წარვადგინეთ ქვეყნის პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოლიმპიურ იდეას ხელისუფლება მხარს უჭერს. აპლიკანტებად დასახელდნენ: საქართველო, რუსეთი, ავსტრია, ესპანეთი, სამხრეთ კორეა, ყაზახეთი და ბულგარეთი. აპლიკანტებად ირჩევენ ქალაქებს და არა სახელმწიფოებს. საქართველოში ბორჯომზე შეჩერდნენ. დასახელებულია აგრეთვე ალმაათა, სოჭი, ზალცბურგი, ხაკა, პიონჩანი და სოფია.
– ზალცბურგს რამდენად აქვს შანსი ოლიმპიადას უმასპინძლოს?
– ზალცბურგში ოლიმპიადის ჩატარება ხვალვე შეიძლება. მაგრამ, მთავარი ეს არ არის. 2006 წლის 1 თებერვლამდე გვქონდა ვადა 800 გვერდიანი ინსტრუქცია ყველა წესის დაცვით წარგვედგინა. თავად განაცხადი 8 თავს, 25 პარაგრაფსა და 20-მდე ცხრილს მოიცავს. ერთ ცხრილში უნდა მოთავსდეს ყველა სასტუმროს, სპორტულ ობიექტსა და ოლიმპიურ სოფელს შორის მანძილი. საჭიროა კოსმოსიდან გადაღებული 5 რელიეფური რუკა, რომლითაც სრული სურათი უნდა წარმოაჩინო და ა.შ ამ რვა თავში ყველაფერია განაწილებული. პირველი თავი შეიცავს ქვეყნის ხედვის კონცეფციას, მოტივაციას და პროექტის არსს – რატომ საქართველო? ეს ძალიან სერიოზული სამუშაოებია. მეორე თავი ამ პროექტის პოლიტიკური და სამთავრობო მხარდაჭერაა. შემდეგი სირთულე სპორტული და ოლიმპიური ნაგებობების აშენებაა, რომელიც რელიეფურ რუკაზე სათანადოდ უნდა აისახოს. მომდევნო თავი სატრანსპორტო მომსახუროების კონცეფციაა. მასში შედის: ავიაცია, რკინიგზა, წყლის ტრანსპორტი, ავტოტრანსპორტი, საბაგირო გზები და ა.შ. ზუსტად უნდა განისაზღვროს მანძილი და დრო. უნდა გათვლილიყო საცხოვრებელი. ის 40 000 ნომერზე ნაკლები, რომ ყოფილიყო განაცხადს გვერდზე გადადებდნენ და ამის ერთადერთი მიზეზი სასტუმროების არასაკმარისი რაოდენობა იქნებოდა. ეს რაოდენობა განაცხადში სამი ფერით უნდა აჩვენო, მწვანე – არსებული, ლურჯი – დაგეგმილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ოლიმპიური თამაშების ჩატარების მიუხედავადაც, ეს სასტუმროები ჩვენს ქვეყანაში მაინც აშენდება, წითელი ფერით კი ის სასტუმროები აღინიშნება, რომლებსაც ოლიმპიური თამაშებისათვის სპეციალურად ააშენებ. უნდა შემუშავდეს გარემოს დაცვითი კონცეფციაც. ყველაზე რთული თავი უსაფრთხოებაა – რამდენად უსაფრთხოდ შეიძლება ჩატარდეს ოლიმპიადა და რა ძალებს, საშუალებებსა და ტექნოლოგიებს გამოიყენებ ამისათვის. ცხადია, მნიშვნელოვანია ფინანსური უზრუნველყოფის თავიც და ა.შ. ქვეყანას ამის გამოცდილება არ გააჩნია. ფაქტობრივად 2014 წლისთვის, ანუ 10 წლით ადრე, უნდა დადოს ერთი რეგიონის განვითარების კონცეფცია, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს. ამისთვის ძალიან ცოტა დრო გვქონდა – ორი თვე. გამოცდილების გარეშე ამდენის გაკეთება ძნელია. ასეთ დროს ყველა ცნობილ და გამოცდილ პიარ კომპანიებს ეძებს. დასახმარებლად ჩვენ ამერიკელები მოვიწვიეთ. მათ განაცხადის გაკეთებაში 3,5 მილიონი დოლარი მოითხოვეს. ევროპელებმა კი მხოლოდ კონსულტაციისთვის – 1600000 დოლარი.
14 სექტემბერს, ბატონმა ბადრი პატარკაციშვილმა მკითხა – შეგვეძლო თუ არა ქართველებს ამ განცხადების საკუთარი ძალებით მომზადება. ვუპასუხე, რომ ეს დიდი რისკი იყო. მაგრამ, შესაძლებელი. დავაკომპლექტეთ პროფესიონალური გუნდი და 5 ოქტომბრიდან შევუდექით მუშაობას. სექტემბრის ბოლოს ყველა ინფორმაცია შესასწავლად ლოზანაში გაიგზავნა. კონსულტანტებად გერმანული ფირმა Ebert Iternational-ი დავიქირავეთ, რომელსაც ოლიმპიური თამაშების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს. მათი კონსულტაცია საკმაოდ იაფი – 135000 დოლარი დაგვიჯდა. 15 დეკემბერს დოკუმენტის ქართული ვარიანტი უკვე მზად იყო. ევროპაში დაიწყო მისი თარგმნა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. 27 იანვარს, ვადების დაცვით, დოკუმენტი ლოზანას შტაბბინას ჩაბარდა. ამას წინ უძღვოდა დოკუმენტის პრეზენტაცია ბორჯომში. ოლიმპიური აღმასკომის სესიაზე ის პრემიერ-მინისტრს წარვუდგინეთ. მინდა აღვნიშნო, რომ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დეტალი – ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ინფრასტრუქტურის მოგვარებასთან დაკავშირებით. ეს მთლიანად ამ პროექტში ჩაჯდა. მოხდა გასაოცარი რამ – ამ ოლიმპიადის ჩატარება 3 მლრდ დოლარი ჯდება. 60% – უკვე დაგეგმილია, ანუ ეს აუცილებლად იქნება. უნდა გაკეთდეს ოთხნაკადიანი გზა თბილისი-ხაშური, აგრეთვე, ახალი საერთაშორისო აეროპორტი, დასრეულდეს სასტუმრო ივერიას და აჭარის მშენებლობა. ზამთრის სახეობის შეჯიბრებები მთლიანად ბაკურიანში ჩატარდება. ყინულის სახეობის კი თბილისის დარბაზებში. მასში შედის ფიგურული სრიალი, შაიბიანი ჰოკეი, კიორლინგი და ციგურებით რბოლა. ევროპელი ექსპერტები, რომლებთანაც ვმუშაობდით გაოცებულნი იყვნენ საქართველოს ბუნებრივი პირობებით, რომლის მსგავსიც არსად არის. მენეჯერებთან ერთად ტურინში გახლდით. ისინი წერდენ, რომ საქართველოს უნიკალური გამოცდილების ჯგუფი ჰყავს. ტურინში, სადაც შვიდივე კონკურსანტი იყო მიწვეული, გვასწავლეს ოლიმპიური თამაშების მართვა და ორგანიზება. ჩვენი რუკები კი ერთ-ერთ მაღალი დონისად აღიარეს. რუკები ფირმა “გეოგრაფიკს” მოვამზადებინეთ. მათ ისინი კოსმოსიდან გააკეთეს. შემიძლია ჩვენი განაცხადის მოტივაცია გითხრათ, რომელიც ძალიან საინტერესოა. გვაქვს სამი მოტივაცია. პირველი – მსოფლიოს ყველაზე სამხრეთი ნაწილში შეიქმნება ზამთრის სამთო-სათხილამურო ცენტრი. ამით ოლიმპიური კომიტეტიც დაინტერესებულია, რადგან რეგიონში სამთო-სათხილამურო ზამთრის ცენტრი გაჩნდება, რაც სპორტის ამ სახეობების განვითარებას დაეხმარება. მეორე – ის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას გააჯანსაღებს, ინვესტიციებს მოიზიდვას და სამუშაო ადგილების შექმნას მისცემს სტიმულს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მესამე – ოლიმპიზმი და ოლიმპიური თამაშები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერის შემთხვევაში კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, ხალხთა მეგობრობის და სიკეთის დროშით შემოვა. სხვათაშორის, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს პრეტენზია აქვს, რომ მშვიდობის კუთხით ის გაეროსა და სხვა ინსტიტუტებზე ნაკლებ როლს არ თამაშობს. ჩვენი კონცეფცია აქამდე წარდგენილებისგან განსხვავდებოდა, რადგან ღიად დავწერეთ, რომ დღემდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიადის ჩასატარებლად ეძებდა განვითარებულ, აყვავებულ და წარმატებულ ქვეყნებს. ჩვენ კი დღეს ასეთი ქვეყანა არ გვაქვს, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს თავისი მხარდაჭერით შეუძლია თვითონ მიიღოს ასეთი ქვეყნის შექმნის პროცესში მონაწილეობა. აი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. 1 თებერვალს განაცხადებები ყველამ ჩააბარა. ყველამ გაიარა ტურინის ოლიმპიურ თამაშებზე სწავლება. მომდევნო სამი თვის მანძილზე დაიწყება შვიდივე განაცხადის ყველა ციფრის, პოზიციისა და კონცეფციის შესწავლა. ასევე შეჯერდება ამ პროექტისადმი ქვეყნის აქტიურობა და მხარდაჭერა. რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, მინისტრები ყველა ტურინში იყვნენ და აქტიურად გამოხატავდნენ სოჭის პროექტის მხარდაჭერას, ხვდებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და აღმასკომის სხვა წევრებს. მე შემიძლია გაგახსენოთ ზაფხულის ბოლო ოლიმპიური თამაშები, როდესაც ქვეყნის მხარდასაჭერად ჩავიდნენ ჟაკ შირაკი და ტონი ბლერი. ჯორჯ ბუშმა კი სპეციალური ვიდეო მიმართვა გააკეთა. აი, რა დონეზე ხდება სახელმწიფოების მხრიდან მასპინძელი ქვეყნების მხარდაჭერა. სამწუხაროდ, საქართელოს ხელისუფლების აქტიურობა არ ჩანს, თუმცა ვადა ჯერ კიდევ არის და ამის გამოსწორება შეიძლება.
– იქნებ პესიმისტურად არიან განწყობილნი და წარმატების არ სჯერათ?
– შეიძლება. მაგრამ, როცა პრეზიდენტის წერილობითი მხარდაჭერა არსებობს წესით ასე არ უნდა იყოს. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ფიქრობენ, რომ რადგან ეს წერილი არსებობს ე.ი მთავრობას კარგად ჰქონდა გააზრებული ეს ნაბიჯი.
– საკმაოდ უცნაურია, მთავრობის წევრები ყოველ შაბათ-კვირას ბაკურიანსა და გუდაურში არიან და ხაზს უსვამენ, რომ ამას კურორტების პოპულარიზაციის მიზნით აკეთებენ.
– დიახ, მაგრამ ფაქტია, რომ აქტიურობა ჯერ არ ჩანს. 22 ივნისს გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომა, სადაც გადაწყდება სამი ან ოთხი აპლიკანტის ბედი ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე. დანარჩენები კი საქმიანობას შეწყვეტენ. ჩვენი მთავარი მიზანი ამ კანდიდატებში მოხვედრაა. საქართველოსთვის ეს უზარმაზარი გამარჯვება იქნება. ვინაიდან აპლიკანტები მსოფლიოში ცხადდებიან და ისინი კიდევ ერთი წლით აგრძელებენ მუშაობას, უნდა გაკეთდეს 500-600 გვერდიანი ახალი განაცხადი. თუ დღეს ეს ყველაფერი კონცეპტუალურად გააზრებულია, შემდეგ ეტაპზე უკვე ყველა კონკრეტული იდეის უკან კონტრაქტსა და ფინანსურ გარანტიას ითხოვენ. სერიოზული მუშაობა გაგრძელდება და 2007 წლის ზაფხულში, გვატემალაში, შვიდი წლით ადრე, მასპინძელი ქვეყანა გამოცხადდება. ნუ ვიქნებით ძალიან ოპტიმისტები, რადგან ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ პირველივე წარდგენით ქვეყანა მასპინძელი გამხდარიყოს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როკმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მასპინძლობის ყველაზე სერიოზული კანდიდატი სამხრეთ კორეა და ზალცბურგია. ჩვენ განაცხადი პირველად გვაქვს წარდგენილი, რუსეთსა და ბულგარეთს მეორედ.
– კიდევ რას ნიშნავს ჩვენი აპლიკანტად ჩართვა?
– გვეძლევა ქვეყნის მსოფლიოში რეკლამირების შესაძლებლობა და უფლება. პრეტენდენტებს მხოლოდ ქვეყნის შიგნით აქვთ რეკლამის გაკეთების საშუალება, ქვეყნის გარეთ კი აკრძალულია. ანუ, ეს მსოფლიოში ქვეყნის პიარის უდიდესი საშუალებაა. მსოფლიოში ცნობილი ფირმები – “ნაიკი”, “რიბოკი” და “ადიდასი” კანდიდატებს ინაწილებენ და გინდა არ გინდა, ისინი გეხმარებიან. ეს წაუგებელი პროექტია, არაფერს აგებ, პირიქით – იგებ და წაგების შემთხვევაში მოგებული ხარ, რადგან ქვეყანა და მისი ინფრასტრუქტურა უმჯობესდება, მოდის ახალი ინვესტიცია და ა.შ მაგალითად, ნიუ იორკმა და პარიზმა, ლონდონთან წააგეს. ჩვენ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩავატარეთ და ფანტასტიური შედეგები მივიღეთ. მე საქართველოს გარდა არ მეგულება ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 80% ამ ოლიმპიადაზე იმედებს ამყარებს. მე ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტი ვარ და შესანიშნავად ვიცი, რომ სანამ “მერიოტი” თბილისში სასტუმროს აშენებას გადაწყვეტდა, მათი ჯგუფი 8 თვე კონცეფციაზე მუშაობდა. ფიქრობდნენ ჩაედოთ თუ არა ფული, გაერისკათ თუ არა, არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარი ერთ შენობაზე იყო. 2.5 თვეში კი ასეთი კონცეფციის დადება ძალიან დიდი შრომა და საქმეა.
– ამ კონცეფციის მიხედვით რა უნდა აშენდეს?
– ახლა ჩვენ 12000 სასტუმროს ნომერი გვაქვს, უნდა აშენდეს კიდევ 28000.
– აპლიკანტად გახდომის შემთხვევაში უკვე ფინანსურ გარანტიებს მოგვთხოვენ და უფლება გვაქვს ინვესტორებს გარიგებები შევთავაზოთ?
– დიახ.
– ინვესტორი ამ თანხებს ოლიმპიადის ჩაუტარებლობის შემთხვევაშიც ჩადებს, რადგან თუ ის 2014 წელს არ ჩატარდება შეიძლება 2018 წელს ჩატარდეს. ეს მომგებიანია, რადგან საქართველო ამხელა ყურადღებას მიიქცევს, იმას ნიშნავს, რომ აქ ფულის ჩადება შეიძლება და პოტენციალი არსებობს. საუბარი იმაზე, რომ ქვეყანას რეგიონალური პერსპექტივა აქვს. ეს სერიოზული ბიზნესია. გაერთიანებული არაბეთის ემირატებში მშპ-ის 15% ტურიზმზე მოდის, ისრაელში -27%, ესპანეთში- 30%, თურქეთი, რომელსაც ავტომანქანის 14 ქარხანა აქვს 25-30%-ს ტურიზმიდან იღებს. მე მივიჩნევ, რომ თქვენს მიერ გაკეთებული კონცეფცია დიდი ეკონომიკური ეფექტის მომცემია. და პრინციპში მთავრობის ის სტრატეგიული გეგმაა, რომელსაც ვითხოვთ. ეს ჩვენი მშპ-ს ერთი ფერადი გვერდია. ამ მუშაობით ექსპერტთა ჯგუფმა აჩვენა თუ რას უნდა აკეთებდეს ეკონომიკის სამინისტრო, რას ნიშნავს მთავრობის გუნდი და რას ითხოვენ სპეციალისტები და ექსპერტები მთავრობისგან. კონცეპტუალურად უნდა გავიაზროთ, თუ რისი პოტენციალი გვაქვს ამ ქვეყანაში, უნდა შევამოწმოთ ლაკმუსის ფურცელზე. გასაგებია, რომ ბაკურიანი და ბორჯომი კარგია, მაგრამ რამდენად ღირებული რესურსია ის მსოფლიოსათვის.
– თუნდაც, იმ განცხადებამ, რომ ბაკურიანში შესაძლებელია ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება უკვე დიდი შედეგი გამოიღო – ბაკურიანში 3000 კაცზე იწყებენ კოტეჯური ტიპის დიდი საცხოვრებლის მშენებლობას.
– ეს უკვე რეალური პროექტია?
– დიახ. ძალიან საინტერესოა ტრანსპორტის კონცეფციაც. ამ თემაზე მთავრობასთანაც მქონდა საუბარი. ავიღოთ დღევანდელი მდგომარეობა. მთელი ევროპა მატარებლით მგზავრობს, აეროპორტში ჩასვლისთანავე ვაგონში ჯდები და სხვა სახელმწიფოში მიდიხარ. მთავრობის წევრებს ვუთხარით, რომ თბილისის აეროპორტთან მატარებელი უნდა მიდიოდეს. დღევანდელ პირობებში ლიანდაგის გზით ბაკურიანამდე ჩასვლას და 135 კმ-ის გავლას, 6 საათი სჭირდება. 4 საათი თბილისიდან ბორჯომამდე და ორი საათი ბორჯომიდან ბაკურიანამდე, “კუკუშკის” სიჩქარე 17კმ-ია საათში. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ევროპაში 137 კმ-ის 2 საათში გადიან, ესეც ყველაზე ცუდ შემთხვევაში. ჩვენმა ჯგუფმა რკინიგზის ექსპერტებთან მუშაობა დაიწყო. საქართველოში არის ერთადერთი კაცი, რომელსაც ამის დაგეგმვის გამოცდილება აქვს და დღეს ის უმუშევარია. ექსპერტებს დავუსვით ამოცანა, თუ რა თანხა დაჯდებოდა მანძილის დაფარვის 2,5 სთ-მდე შემცირება. აღმოჩნდა, რომ 625 მლნ დოლარი იყო საჭირო. ეს დანახარჯი კონცეფციაში ჩადებულია. აეროპორტთან უნდა აშენდეს რკინიგზის სადგური. ის უნდა აშენდეს ბორჯომშიც. არის მეორე მომენტიც – როგორ უნდა გაატარო ეს მასები იმ ვიწრო გზაზე, რომელიც ბორჯომი-ბაკურიანს აერთიანებს, ეს წარმოუდგენელია, ამიტომ ჩავრთეთ სპეციალისტები და აღმოვაჩინეთ, რომ შესაძლებელი იყო წრიული გზის გაკეთება, იკვრება ტურიზმის ფანტასტიური რგოლი, რომელიც ცემს, წაღვერსა და ცხრაწყაროს მოიცავს. ეს 235 მლნ დოლარი ჯდება. ბევრი ვიფიქრეთ თუ რა მოგვეხერხებინა “კუკუშკისთვის”, აღმოვაჩინეთ, რომ საფრანგეთში საჰაერო ტრამვაი მოქმედებს, რომელსაც ერთ საათში 1500 კაცი გადაყავს. ამის ჩვენთან გაკეთება 35 მლნ დოლარი ჯდება. მაგრამ თუ ოლიმპიური თამაშების ჩატარება ბორჯომ-ბაკურიანში გვსურს ეს უნდა გაკეთდეს. ვინმე თუ ფიქრობს, რომ ის ხარჯები, რომლებიც გვჭირდება ძალიან დიდია, ცდება, რადგან პიონჩანი, რომელიც აყვავებულია 3 მლრდ-ს მხოლოდ ინფრასტრუქტურისთვის ხარჯავს. როდესაც მთავრობის სხდომაზე ეს გეგმები წარვადგინე, თავიდან ცოტა დაფრთხნენ, მაგრამ ცხრილის წარდგენის შემდეგ, სადაც ნაჩვენები იყო თუ რას ხარჯავენ სხვები, რომლებიც ინფრასტრუქტურაში ჩვენზე 20-ჯერ წინ არიან, ხმა აღარ ამოუღიათ.
– საინტერესო მომენტია, ხაშურზე გზის გაკეთებით წყდება ურთულესი პრობლემა, რომელიც საქართველოს დღემდე აწუხებს. მატარებელს ხშირად 5კმ/სთ სიჩქარე აქვს უღელტეხილებზე. ზალცბურგში კი რკინიგზა მხოლოდ ტურიზმზე მუშაობს.
– კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს გეტყვით. თბილისში უნდა ავაშენოთ ჰოკეის ორი დარბაზი, ოლიმპიური სოფელი, კიორლინგის დარბაზი. რასაც დაახოლებით 30-40 ჰექტარი მიწა სჭირდება. კოსმოსიდან სურათის გადაღების შემდეგ მახათას მთაზე, ისნის მხარეს აღმოვაჩინეთ 30 ჰექტარი მიწა, სადაც რუსეთის სამხედრო ნაწილი იყო. ეს გენიალური პიარი გამოვიდა, რადგან მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთის ჯარი გაყავთ. ოლიმპიური სოფელი კი იქ აშენდება, სადაც ორასწლიანი სამხედრო იმპერიული ძალები იდგნენ. არის მშვენიერი სანახაობა, ჩანს სამების ტაძარი, უკან კი ოლიმპიური კომპლექსი. ასეთი მიგნებები და ნიუანსები უამრავია, მაგრამ ყველაფერს ვერ მოყვები. ჩემი აზრით ეს გეგმა მთავრობისთვის მნიშვნელოვანი საჩუქარია. იყო დაინტერესებული განხილვა, რის გამოც მე სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ზურაბ ნოღაიდელმა დიდი ინტერესი გამოიჩინა და საათი და 15 წუთი ამ თემაზე ვსაუბრობდით, შემდეგ კი სხდომა მოიწვია. ანუ, მთელი ეს ნაშრომი სერიოზულად არის აღქმული.
– ვთქვათ პირველ ეტაპზე გავიმარჯვეთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?
– შემდეგ იწყება უზარმაზარი შრომა მთავრობის მონაწილეობით. კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს გეტყვით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საკუთარი თანხებით საქართველოში ორი ექსპერტი გამოაგზავნა. ფიქრობენ, საქართველოს სამთო ტურიზმის განვითარების კონცეფცია წარმოუდგინონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ტურიზმის ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კონცეფციას მსოფლიოში ენდობიან.
– შეიძლება ითქვას, რომ გაორმაგდება ქვეყნის ეკონომიკა. მითუმეტეს თუ ინვესტორი თანხას ჩადებს?
– დიახ, ესეც გათვლილია. სახელმწიფოს ხარჯი ამ 3 მლრდ-ში 29%-ია. 35% კერძოა. დანარჩენი კი ერთობლივი. ერთობლივში მთავარია ნიჭიერებას როგორ გამოიჩენ და რას, ან როგორ გააკეთებ. 2014 წლამდე საკმაოდ დიდი დროა, ამ ხნის მანძილზე შეიძლება მსოფლიო შეიცვალოს.
– როგორც ექსპერტი და სპეციალისტი, როგორ ფიქრობთ, თეორიულად კიდევ რა დარგში აქვს დიდი შანსი საქართველოს?
– მე მიმაჩნია, რომ თუ ვინმეს საქართველოს დახმარება სურს, ტურიზმის განვითარებაში სერიოზული ინვესტიციები უნდა ჩადოს. მაგრამ ტურიზმის განვითარება მხოლოდ სასტუმროების მშენებლობას არ გულისხმობს. ასევე შეიძლება გვქონდეს წარმატებული სოფლის მეურნეობა, ოღონდ სერიოზული ინვესტორების სერიოზული დაინტერესებით. ამჯერად პრობლემები იმიტომ გვაქვს, რომ სოფლის მეურნეობა იმ გლეხის ანაბარა არის მიტოვებული, ვინც დედოფლისწყაროსა და გორში ცხოვრობს. სახელმწიფო მათზე არ ზრუნავს, ხელს არ უწყობს ინვესტიციებს და არ აძლევს იმპულსს. არ შეიძლება ისრაელისა და საქართველოს ნოყიერი, ღმერთისგან დალოცვილი მიწების შედარება. ჰოლანდია, რომელიც ჩვენი ნახევარია, ყვავილებითა და სოფლის მეურნეობით ცხოვრობს, რითაც მთელ ევროპას ამარაგებს. ის აზრი, რომ ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს გასაგებია, მაგრამ სანამ ბაზარი არ არის, ხელისუფლების კონცეპტუალური და გლობალური ჩარევის გარეშე ყველაფერი დიდი სისულელეა. მე ეკონომიკის სამინისტროს არსებობის აზრს, გლობალური და სტრატეგიული პროგრამების პროცესის მართვაში ვხედავ. ეს კი გარკვეული პრიორიტეტების ჩამოყალიბებასა და იმპულსების მიცემას ნიშნავს.
ივნისი ჩვენი საექსპორტო და საერთოდ ეკონომიკური მიმზიდველობის ტესტირების თვე იქნება. იმედია, ჩვენ გავიმარჯვებთ.

ტურისტების საყვარელი ქვეყნები
ყველაზე მომხიბვლელი ტურისტებისთვის ხორვატია გახდა. ამ ქვეყნის წარმატება რამდენიმე “ნომინაციაში იმით აიხსნება, რომ ეს ქვეყანა დე ფაქტოდ ევროპულად ითვლება, მაგრამ ამასთან არ აქვს ევრო გაერთიანების წევრობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი ანტაგონისტი ფასით და ხარისხით გახდა დიდი ბრიტანეთი, რომელსაც ტურისტთა 57% გაუმართლებლად ძვირად მიიჩნევს.
ხორვატია ათავსებს ევროპულ მომსახურებას, არაევროპულ ფასებთან. კერძოდ დაბალი ფასების შენარჩუნებას, ეხმარება ევროპული მაღალი დღგ-ს არარსებობა. ექსპერტთა 19% – მა აღიარა ხორვატია ყველაზე უფრო მომგებიან ადგილად დასვენებისათვის მიმართებაში ფასი/ხარისხი. ამ მაჩვენებლით მას ესპანეთი გაუტოლდა, ხოლო მეორე ადგილი კი ჩეხეთმა მიიღო. ამას გარდა მან გაიმარჯვა ნომინაციაში “ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანა ტურისტებისათვის.
დიდი ბრიტანეთი ყველაზე ძვირადღირებულ ქვეყანად აღიარეს, თუმცა იგი კვლავ პოპულარული რჩება მისი ნისლიანი პეიზაჟების, შოპინგის და ქალაქის ცენტრში განლაგებული კლუბების გამო. შოპინგის ლიდერებად აგრეთვე გახდნენ პარიზი და მილანი. ერთადერთი მაჩვენებელი, რომლითაც პარიზს ბადალი არ ჰყავს, რომანტიულობაა. ტუროპერატორების 71% – მა აღიარა, რომ საფრანგეთი ყველაზე საუკეთესო ადგილია რომანტიული შვებულების გასატარებლად. 58 % კი დაეთანხმა იმ აზრს, რომ ფრანგული სამზარეულო ყველაზე დახვეწილია. აქ აგრეთვე არის ევროპული დისნეილენდი, რაც ოჯახთან ერთად დასვენების საუკეთესო საშუალებაა.
მიმართებაში ფასი/ხარისხი, პირველობის ასპარეზი კვებაში აიღო ჩეხეთის დედაქალაქმა პრაღამ. რაც შეეხება სულიერ საზრდოს და ბუნების სილამაზეს, ყველაზე საინტერესო ადგილები ამ კუთხით შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაშია. იტალია საუკეთესო ქვეყანაა იმათთვის ვისაც სურვილი აქვს უფრო ახლოს გაეცნოს ხელოვნებას. ექსპერტები განსაკუთრებით გამოყოფენ ორ ქალაქს, ვენეციას და რომს.