ინვესტიციებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა

გიორგი ბერკაცაშვილი

კერძო ბიზნესი დაინტერესებული არაა ისეთ დარგებსა და პროექტებში კაპიტალის დაბანდებით, რომლებსაც საკმარისი მოგება არ მოაქვთ მისთვის. ეს აუცილებელს ხდის ეკონომიკის და, უპირველეს ყოვლისა, საინვესტიციო საქმიანობის სახელმწიფოებრივ რეგულირებას, რომელიც ეკონომიკური ზრდის საფუძველია. საინვესტიციო საქმიანობაზე სახელმწიფოს ზემოქმედების წამყვანი პრინციპია ამ საქმიანობის იმგვარად რეგულირება, რომელიც დაბალანსებულად ზრდასა და მთელი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას უზრუნველყოფს ეკონომიკის საბაზრო საფუძვლების ურღვევობის პირობებში.
საინვესტიციო საქმიანობაზე სახელმწიფოს ზემოქმედება ადმინისტრაციული და ეკონომიკური მეთოდების მეშვეობით ხორციელდება. თუ ადმინისტრაციული მეთოდების საყრდენი შიშველი ადმინისტრირება და ბრძანებითა და განკარგულებებით მართვა-გამგებლობაა, ეკონომიკური მეთოდები საინვესტიციო პროცესის მონაწილეებზე ირიბად ზემოქმედების ხერხებს აერთიანებს მათივე ინტერესების მექანიზმის მეშვეობით. საბაზრო ეკონომიკისთვის უფრო ადეკვატურია საინვესტიციო საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირების ეკონომიკური მეთოდები. ასეთი რეგულირების ბერკეტები შეიძლება იყოს:
1. კაპიტალურ დაბანდებათა ფორმით განხორციელებული საინვესტიციო საქმიანობის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა;
2. სახელმწიფოს პირდაპირი მონაწილეობა ასეთ საქმიანობაში.
კაპიტალურ დაბანდებათა ფორმით განხორციელებული საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად სახელმწიფო მუდმივად უნდა აუმჯობესებდეს გადასახადების სისტემას, სრულყოფდეს ამორტიზაციის დარიცხვისა და ანარიცხების გამოყენების მექანიზმს, იცავდეს ინვესტორთა ინტერესებს, მიწით და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ისეთ შეღავათიან პირობებს უქმნიდეს საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტებს, რომლებიც ქვეყნის კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგებიან, აფართოებდეს მოქალაქეთა სახსრების, აგრეთვე, საბინაო მშენებლობისა და სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის სხვა არასაბიუჯეტო წყაროების გამოყენებას; გარდა ამისა, იგი უნდა ქმნიდეს და აფართოებდეს იმ საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრების ქსელს, რომლებიც რეგულარულად ჩაატარებენ საინვესტიციო საქმიანობის რეიტინგებს და გამოაქვეყნებენ შეფასებებს, შეიმუშავებდეს და ნერგავდეს ანტიმონოპოლიურ ზომებს, ავითარებდეს ფინანსურ ლიზინგს, ახდენდეს ძირითადი ფონდების გადაფასებას ინფლაციის ტემპების შესაბამისად, საკუთარი საინვესტიციო ფონდების ჩამოყალიბებაში ეხმარებოდეს საინვესტიცო საქმიანობის სუბიექტებს.1
საინვესტიციო საქმიანობაში სახელმწიფოს პირდაპირ მონაწილეობის მიმართულებები შეიძლება იყოს იმ საინვესტიციო პროექტების დამუშავება, დამტკიცება და დაფინანსება, რომლებსაც ქვეყანა ან სხვა ქვეყნებთან ერთად ახორციელებს, ან რომელთა დაფინანსება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე ხდება; სახელმწიფო საჭიროების მშენებლობებისა და ტექნიკურად გადასაიარაღებელი ობიექტების ნუსხის შედგენა და მათი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან; საინვესტიციო პროექტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემა როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე; საინვესტიციო პროექტების დაფინანსება კონკურსის საფუძველზე; მათი ექსპერტების ჩატარება; ორგანიზაციების დაცვა მორალურად მოძველებული, მასალა – , ენერგო – და არამეცნიერებატევადი ტექნოლოგიების, მოწყობილობის, კონსტრუქციებისა და მასალების მოწოდებისგან. გარდა ამისა, კაპიტალურ დაბანდებათა ფორმით განხორციელებულ საინვესტიციო საქმიანობაში პირდაპირ მონაწილეობა სახელმწიფოს შეუძლია სტანდარტების, ნორმებისა და წესების შემუშავებითა და დამტკიცებით და მათი კონტროლით; ობლიგაციური და გარანტირებული მიზნობრივი სესხების გამოშვებით; მისი კუთვნილი, მაგრამ დროებით გაჩერებულ-დაკონსერვებული მშენებლობებისა და ობიექტების ჩართვით საინვესტიციო პროცესში; ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის კონცესიების შეთავაზებით აუქციონებისა და კონკურსების შედეგების, აგრეთვე, ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.2
საინვესტიციო საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირების ეს ეკონომიკური ბერკეტები არ გამორიცხავს სხვა ისეთი ფორმებისა და მეთოდების გამოყენებას, რომლებიც ქვეყნის კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება.
საინვესტიციო საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირების ზოგადი პრინციპები და რეჟიმი მუნიციპალური წარმონაქმნებისათვისაც ინარჩუნებენ თავიანთ ძალას. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საინვესტიციო საქმიანობის ეფექტიანად მართვას იმ რეგიონებში აღწევენ, სადაც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაში პროგრამულ-მიზნობრივ მიდგომას იყენებენ.3
პროგრამის რეალიზაციის მექანიზმი მიზანშეწონილია ითვალისწინებდეს ორი ეტაპის გამოყოფას. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს იმ მიზნების მიღწევა და ამოცანების გადაჭრა, რომლებიც უზრუნველყოფენ პროგრამის წარმატებას მთლიანობაში. ესაა:
. მაღალი კომერციული და საბიუჯეტო ეფექტიანობით გამორჩეული საინვესტიციო პროექტების ჯგუფის რეალიზაცია;
. რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის ჩამოყალიბება, ეკონომიკური ზრდის გასაახლებლად;
. საინვესტიციო პროექტების და ღონისძიებების დაფინანსების ახალი მექანიზმის შემუშავება საკუთარი და სასესხო სახსრების შეხამების, სახელმწიფო და რეგიონული ბიუჯეტების მხრიდან მხარდაჭერის საფუძველზე.
პირველმა ეტაპმა უნდა მოიცვას იმ ღონისძიებათა კომპლექსი, რომლებიც მის რეალიზაციას შეუწყობს ხელს: არსებული საკანონმდებლო აქტების ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების გადასინჯვა და ახალი დოკუმენტების შემუშავება; საინფორმაციო-ანალიტიკური თანხლების უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვაკონტროლოთ და ვარეგულიროთ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და ვმართოთ პროგრამის განხორციელების მსედველობა.
პროგრამის რეალიზაციაში ორი ეტაპის გამოყოფის მიზანშეწონილობა იმითაა ნაკარნახევი, რომ ფინანსური რესურსების შეზღუდულობის პირობებში შერჩეული მაღალეფექტიანი პროექტების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები დანარჩენი საინვესტიციო პროექტების დაფინანსების წყაროდ შეიძლება იქცეს ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე. გარდა ამისა, პირველ ეტაპზე შესაძლებელია რეგიონის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გადიდება მანამდე გამოუყენებელი წყაროების – ობლიგაციური სესხის, საგირავნო ფონდების და სხვათა ხარჯზე.
მეორე ეტაპმა უნდა მოიცვას: მუშაობის გაგრძელება ყველა მიმარათულებით (კაპიტალური სამუშაოები, მეცნიერული კვლევები და საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობა, სხვა ღონისძიებები); პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მთელი მოცულობის უზრუნველყოფა, პროგრამის დასრულების შემდეგ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის სასიკეთო პირობების შექმნა.
პროგრამულ ღონისძიებათა სისტემაში შესატანი ღონისძიებები ასე შეგვიძლია დავაჯგუფოთ:
1. ქვეყნის გეოსტრარეგიულ ინტერესებთან დაკავშირებული ღონისძიებები: ეფექტიანი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბება სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური კოპერაციის დაჩქარების მიზნით; საერთაშორისო თანამშრომლობია პროექტების რეალიზება და შავი ზღვის ბიორესურსების კვლავწარმოება და შენარჩუნება;
2. სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებები: ეკონომიკის წამყვანი სექტორების (სატრანსპორტო, ტურისტულ-რეკრაციული და სანატორიულ-საკურორტო კომპლექსები) სტრუქტურის მოდერნიზება და განვითარება; მოქალაქეთა დასაქმებისა და ლტოლვილთა პრობლემების მოგვარება;
3. რეგიონთაშორისი მნიშვნელობის ღონისძიებები: საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარება ენერგეტიკის, აგროსამრეწველო კომპლექსისა და ტრანსპორტის განვითარებისთვის; მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პირობების შექმნა;
4. რეგიონული მნიშვნელობის ისეთი ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ითხოვენ და მოსახლეობის სასიცოცხლო გარემოს განვითარებას ითვალისწინებენ რეგიონის თავისებურებათა გათვალისწინებით.
პროგრამის რეალიზაციის შედეგი უნდა იყოს ჯერ რეგიონის ეკონომიკური სტაბილიზაცია, შემდეგ კი – სოციალური-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება, ქვეყნის საშუალო დონიდან არსებული ჩამორჩენის დაძლევა და ეკონომიკის პრიორიტეტულ მიმართულებათა წინმსწრები ტემპით განვითარება.