რეგიონის ეკონომიკური მონიტორინგის აქტუალური საკითხები

რეზო რობაქიძე

თანამედროვე პირობებში რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციისა და საქმიანი აქტივობის გასარკვევად მარტო სტატისტიკური ანალიზისა და ეკონომიკურ სუბიექტთა “ოპერაციული მაჩვენებლების” გამოყენება არაა საკმარისი რეალური მდგომარეობის შესაფასებლად. რეგიონის ეკონომიკური მონიტორინგი (შემდგომში-პროექტი), რომელიც წარმატებით ხორციელდება პოლონეთისა და ევროპის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ ქვეყნის რეგიონებში, მიზნად ისახავს უშუალოდ ბიზნეს სუბიექტების მონაწილეობით შეფასდეს მხარეებსა და ქალაქებში არსებული “ეკონომიკური მაჯისცემა” და აქედან გამომდინარე-მოლოდინი.
“რეგიონული მონიტორინგი” საშუალებას იძლევა, ჩატარდეს დაკვირვება რეგიონში ფასებსა და ფასწარმოქმნის საკითხებზე. გაკეთდეს დასკვნები ფასების ზრდით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე. პარტნიორი ქვეყნების კონტრაქტორების მხრიდან სატარიფო და არასატარიფო ბარიერების ხელოვნურ დაწესებაზე. ასევე, იკვლევს რეგიონში საინვესტიციო გარემოს, დასაქმების დონესა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ზეგავლენას საწარმოს სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაზე და სხვა. ევროპის ქვეყნებში “რეგიონული მონიტორინგი” არ რეგულირდება სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური კანონით. ის წარმოადგენს ცენტრალური ბანკების შიდა რეგიონულ დონეზე შექმნილ ანალიზურ პროდუქტს და თავის საქმიანობაში იყენებს არა მარტო ცენტრალური ბანკი და მისი რეგიონული სტრუქტურები, არამედ საფინანსო და ეკონომიკური პროფილის სამსახურები. ამ გამოცდილებათა კვალობაზე, საქართველოს სინამდვილეში იმერეთისა და ქუთაისის მაგალითზე ჩატარებული გამოკვლებების შედეგები, ჩვენი აზრით, მიესადაგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების 2006-2009 წლების ძირითად მიმართულებებს და შესაძლებელია გამოყენებული იყოს ერთიანი მაკროეკონომიკური ანალიზის შემადგენელ (რეგიონულ) ნაწილად. და ბოლოს, პროექტში მონიტორინგის ყველა მონაწილე სუბიექტი, სპეციალური ფორმების, ანუ ანკეტების შევსების გარდა, აფიქსირებს წინადადებებსა და სურვილებს, რომელიც გასათვალისწინებელია ასევე გრძელვადიან პერიოდში რეგიონის ადგილობრივი მმართველობის მხრიდან.

მონაწილეთა დარგობრივი სტრუქტურა
რეგიონის ეკონომიკური მონიტორინგის ჩასატარებლად სხვადასხვა პროფილის 33 კომპანია შეირჩა. ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო ეკონომიკაში აქტიურ სამეწარმო სუბიექტებზე. კერძოდ, ქუთაისის ეკონომიკაში – მატერიალური დოვლათის შექმნით, ფინანსური ნაკადების მოძრაობით, დასაქმების თვალსაზრისით, შიდა სავაჭრო რეგიონული ბაზრის ფორმირებაში გამოკვეთილ ფუნქციას ასრულებენ საშუალო და მცირე სამრეწველო საწარმოები, ტრანსპორტის სფერო, საცალო ვაჭრობის ობიექტები, სამშენებლო ორგანიზაციები და ჯანდაცვის სექტორი. სამრეწველო სექტორში ქუთაისში დასაქმებულია 3396 ადამიანი, 2005 წელს წარმოებულია 33 მლნ. ლარის პროდუქცია. საცალო ვაჭრობაში დასაქმებულია 2200 კაცი და საქონელბრუნვა შეადგენს 61 მლნ. ლარს. მშენებლობაში 2005 წელს სამუშაოთა მოცულობა 2,7-ჯერ გაიზარდა და დასაქმებულია 780 კაცი. ჯანდაცვაში დასაქმებულია 3350 ადამიანი. ჩამოთვლილი სფეროებიდან მონიტორინგში მონაწილე კომპანიათა შერჩევას, ასევე საფუძვლად დაედო, რეგიონული სამრეწველო პალატის რეიტინგული მონაცემები. ადგილობრივი მთავრობისა და მედიის საიტებზე გამოქვეყნებული ეკონომიკური მაჩვენებლებით გამორჩეულ კომპანიათა მონაცემები, სარეკლამო განცხადებები და სხვა. შესაბამისად, მონიტორინგის მონაწილეთა სტრუქტურა მრავალპროფილიანი სექტორებისგან შედგება (იხილეთ გრაფიკი #1).

არსებული მდგომარეობა
მონიტორინგის 30 პუნქტიანი სპეციალური ფორმა (ანკეტა) სამი ნაწილისაგან შედგება: პირველი ასახავს არსებულ სიტუაციას, მეორე შეეხება წარმოებაზე მოქმედ დადებით და უარყოფით ფაქტორებს, მესამე წარმოდგენას გვიქმნის ბიზნესის განვითარების მდგომარეობაზე უახლოეს პერსპექტივაში და რაც მთავარია მოლოდინს.
პირველი ნაწილის მიხედვით კომპანიათა 63,6% მათი საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობას, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებლად აფასებს, ხოლო 30,3% უკმაყოფილოა თავისი ბიზნეს-საქმიანობით. მხოლოდ 6,1%-ს მიაჩნია საწარმოს საქმიანობა წარმატებულად. (იხ. გრაფიკი #2).მთლიანობაში მონიტორინგის ყველა მონაწილე, გაცილებით ოპტიმისტურად უყურებს არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას (იხ. გრაფიკი #3).
რაც შეეხება წარმოებულ პროდუქციასა და გაწეულ მომსახურეობაზე ფასებს, მონაწილეთა 66,7% მიიჩნევს, რომ ფასები უცვლელია. მხოლოდ 6% აღნიშნავს რომ შემცირებულია, გამოკითხულთა 27,3% მიანიშნებს ფასების გაზრდას (იხ. გრაფიკი #4).
განსაკუთრებით საინტერესოა გამოკვლევები წარმოების დანახარჯების (ზოგ შემთხვევაში მიმოქცევის ხარჯების) შესახებ. 75,76%-ის თქმით, დანახარჯები გაიზარდა, მხოლოდ 6,06% აღნიშნავს, რომ შემცირდა. ყველა დარგის წარმომადგენელი მიუთითებს დანახარჯების მასიურ ზრდაზე (იხ. გრაფიკი #5). როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრ საწარმოს უდგას თავისუფალი ფულადი სახსრების პრობლემა. მონიტორინგის მონაწილეთა 42,42% აღნიშნავს, რომ მათ განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების მოცულობა შემცირდა. მხოლოდ 18,18% აღნიშნავს, რომ ფინანსური რესურსები გაეზარდათ.
გამოკვლევებიდან რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ: თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ არ ვთხოვდით მონაწილეებს ოპერატიულ ინფორმაციას და არც ჩვენთვის სასურველ პასუხებს, ვფიქრობთ მათი განწყობა, მათი პასუხები გარკვეულ დაფიქრებას მოითხოვს: რასაკვირველია, ლოგიკური ურთიერთკავშირი პასუხებს შორის ცხადად იკითხება. ბუნებრივია, როცა თავისუფალი ფულადი სახსრების შემცირება წარმოებაზე გაზრდილი დანახარჯებითაა გამოწვეული, ეს ფაქტორი სწრაფადვე პოულობს ასახვას პროდუქციის ან მომსახურების ღირებულებაში, რომელიც პირდაპირპროპორციულად მატულობს. რაც, რაღა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს გაყიდვების მოცულობაზე. ამას განსაკუთრებით ვაჭრობის დარგის წარმომადგენლები (71,4%) აცხადებენ.

წარმოებაზე მოქმედი ფაქტორები
როგორც ცნობილია, ბიზნესის კეთებისას კომპანიების მხრიდან აუცილებელია ისეთი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინება, როგორიცაა ინფლაციის ტემპი, ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობა, ენერგომატარებლების ფასების ცვლილება, საპროცენტო განაკვეთები და სხვა. მონიტორინგის მონაწილე კომპანიებმა 2006 წლის I კვარტლის მდგომარეობით საინტერესო განწყობა გამოხატეს – თუ �როგორი გავლენა იქონია ლარის კურსის ცვლილებამ ბიზნესზე”.
აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 2/3-ის აზრით, გავლენა არ მოუხდენია, ხოლო 6,06% მიიჩნევს, რომ დადებითი გავლენა იქონია. მაგრამ, რესპოდენტთა 27,27%-მა აღნიშნა, რომ ამ ცვლილებამ უარყოფითად იმოქმედა. საინტერესოა პასუხები დარგობრივ ჭრილშიც – ყველაზე უარყოფითად 2006 წლის I კვარტალში ლარის კურსის ცვლილებამ ვაჭრობაზე იმოქმედა. (იხ. გრაფიკი #6), აქვე გავიხსენოთ, რომ ტრადიციულად, ყოველი ახალი წლის დასაწყისში, ლარის კურსი ოდნავ ეცემა აშშ დოლართან მიმართებაში. როგორც აღმოჩნდა, ეს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც საკმაოდ აქტიურად მუშაობენ იმპორტზე.
ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა კომპანიათა საერთო დადებითი დამოკიდებულება დაკრედიტების პირობების ცვლილების მიმართ (იხ. გრაფიკი #7). ის ფაქტი, რომ საბანკო სექტორი მეთოდურად აუმჯობესებს მომსახურებას, დაკრედიტების პირობებს და კრედიტი უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ხდება, ხელშესახებ პოზიტიურ გავლენას ახდენს სამეწარმეო საქმიანობაზე, ამას რეგიონის საბანკო სტატისტიკა და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3-ჯერ გაზრდილი სესხებიც მოწმობს.
ახლა, რაც შეეხება რისკებს: საქართველოს მხარეებს შორის, იმერეთი და ქუთაისი მნიშვნელოვანი ან განსაკუთრებული მაჩვენებლებით არ გამოირჩევა, ეს კი რეგიონში არსებული ბიზნეს კლიმატის აქტიურობის დაბალ ხარისხზე მიუთითებს. მონიტორინგში მონაწილეთა ნახევარი თვლის, რომ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები გაიზარდა (იხ. გრაფიკი #8). 43% აღნიშნავს ბოლო პერიოდში გაუთვალისწინებელი ხარჯების ზრდით გამოწვეულ რისკების ზეგავლენის ხარისხს.
ბიზნესის კეთებაზე მოქმედი ფაქტორების გაანალიზებით შეიძლება დავასკვნათ რომ, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა (ინფლაცია, ფასები, ვალუტის კურსი, კომპანიებისა და მოსახლეობის გადახდისუნარიანობა და სხვა) და ხშირი საკანონმდებლო ცვლილებების გავლენას, ბიზნეს სექტორი უფრო მომზადებული ხვდება. ისინი ბიზნეს გარემოს შემაფერხებელ მიზეზად არაეკონომიკურ ფაქტორებს მიიჩნევენ, შედეგად მათ არ აქვთ სტაბილურობისა და თანმიმდევრობის განცდა. მათ მოლოდინში არ იკვეთება ის გარანტიები, რომელზეც სამომავლო გეგმები უნდა ააწყონ. ეს განწყობა მონიტორინგის III ნაწილში, მათ მოლოდინში კიდევ უფრო თვალსაჩინოდ გამოიკვეთა.

მოლოდინი
ბიზნესის მოლოდინი დღეს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ შემადგენელად იქცა. თუ ბიზნესს, უახლოეს პერსპექტივასთან დაკავშირებით დადებითი პროგნოზი გააჩნია, ეს შეიძლება ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღის მაჩვენებლად მივიჩნიოთ.
მონიტორინგის მესამე ნაწილის შედეგებმა, რომელიც რეგიონის ბიზნეს წრეების მოლოდინის უახლოეს პერსპექტივას შეეხებოდა, დაგვანახეს, რომ მეწარმე სუბიექტები იმედებთან ერთად, გარკვეულ პრობლემებზეც აკეთებენ აქცენტს (იხ. გრაფიკი #9). მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ გამორიცხავენ მათთან დასაქმებულთა რიცხვის მატებასა და კრედიტებზე მოთხოვნის გაზრდას. რაც რაღა თქმა უნდა, დადებით მომენტად უნდა ჩაითვალოს. მათი აზრით, მაინც არსებობს გაუთვალისწინებელი რისკების ერთობლიობა, რომელიც პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების მომატებას გამოიწვევს. ეს კი, უარყოფით ასახვას ჰპოვებს რეალიზაციაზე, ანუ გაყიდვების მოცულობა, მაინც შემცირდება. ეს ნეგატიური პროგნოზები პირველ რიგში ენერგომატარებლების ფასების არაერთჯერად მომატებას უკავშირდება.
მონიტორინგის მესამე ნაწილის შედეგებიდან გამომდინარე ცხადია, რომ მეწარმეთა უმრავლესობას მიდრეკილება აქვს თავისი საქმიანობის გაფართოებისაკენ, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა ბიზნესისათვის. მაგრამ, მათ მოლოდინში იკვეთება სურვილი მეტი თანმიმდევრულობის, გამჭვირვალობისა და ეკონომიკური პოლიტიკის სტაბილურობისა. რომ ბიზნესის ხელშეწყობა სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი უნდა გახდეს, შეღავათიანი პირობების შექმნით კი, რეგიონული ბიზნესი რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მყარ რგოლად გადაიქცევა.

დასკვნა
ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგი გახლავთ შედეგი პოლონეთის ეროვნული ბანკის შესაბამისი პროექტის მიხედვით, თვით ბიზნეს სექტორის თვალით შიგნიდან დაგვენახა რეგიონში არსებული ეკონომიკური სიტუაცია და ბიზნეს გარემო. რაც საინტერესო გამოდგა და ვფიქრობთ, ეს პროექტი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ეროვნული ბანკის ახალი საზოგადოებრივი სახის ჩამოყალიბების გზაზე. თავად მონიტორინგის მონაწილეებისთვისაც, საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ამ ფორმით ეროვნული ბანკის ფილიალთან საქმიანობა.
ვფიქრობთ, პროექტის მომავალში განხორციელებით შესაძლებელი გახდება საბალანსო წლის ჭრილში, რეგიონულ დონეზე ეკონომიკური სიტუაციის სრული და ობიექტური სურათის მიღება. რაც, გარკვეული დინამიკისა და შესაბამისი ანალიზის გაკეთების საშუალებას მისცემს საკრედიტო ორგანიზაციებსა და ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტებს.

5

6

7

8

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial