რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ განუმეორებელი მზიანი ზაფხულის დღეებია და საფეხბურთო ადრენალინი უხვად იფრქვევა, ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ საექსპორტო პოტენციალის ანალიზსა და იმ სახელმწიფო რეგულირების მოდელზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს წარმატებულ და მზარდ ექსპორტს. ამ საკითხზე ივლისის ბოლოს ვაპირებთ ფართო დისკუსიას ამავე სახელობის კონფერენციაზე, სადაც ფართო აუდიტორია სპეციალისტების, სამთავრობო სტრუქტურებისა და ბიზნესმენების შემადგენლობით, განიხილავს ამ საკითხს. ნომერში გთავაზობთ ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილის საინტერესო მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ვაგრძელებთ ბატონ ნიკა სააკაშვილთან დაწყებულ თემას – “ადგილობრივი კურორტები, როგორც საექსპორტო პოტენციალი. ბათუმში პრეზიდენტის მიერ ჩატარებული ბოლო თათბირის შემდეგ ამ თემამ მეტი აქტუალურობა შეიძინა და ესეც ზემოთხსენებული კონფერენციის ძირითადი თემა იქნება. ამიტომ გთავაზობთ ბატონ გივი ყუფარაძის სტატიას ამ საკითხზე.
მსოფლიოს ყურადღება დიდი რვიანის შეხვედრისკენაა მიმართული. მსოფლიო, რომელიც დღეს საგონებელშია ჩავარდნილი ნავთობზე ფასების სწრაფი ზრდითა და, საერთოდ, ენერგოუსაფრთხოების საკითხებით, შეერთებული შტატების ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით, ცდილობს ბალანსის პოვნას რესურსმფლობელ ქვეყნებსა და განვითარებად ქვეყნებს შორის, ასევე მსოფლიო ბაზრის პროცესების დინამიკას უკავშირებს ირანში, მთლიანად ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთში მიმდინარე პრობლემებს. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ ვრცელ ანალიზს საერთაშორისო ეკონომიკისა და ყველაზე მეტად აშშ-ის ეკონომიკის ფონზე მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზს, როგორც ნავთობზე, ასე მთლიანად ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, თუ საით მიდის მსოფლიო ეკონომიკა და რა ადგილი უჭირავს მასში საქართველოს.
უმაღლესი განათლების რეფორმა და დისკუსია უნივერსიტეტის ირგვლივ, ბოლონიის პროცესი და ჩვენი შვილების ხვალინდელი მომავალი – ამ საკითხებს ვრცელი მრგვალი მაგიდა მივუძღვენით და ვფიქრობთ, მკითხველს დააინტერესებს მისი პერიპეტიები.
საქართველოს ბიზნესის თანამედროვე დონეზე განვითარებისა და ევროპულ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცისათვის მნიშვნელოვანია ისეთი ატრიბუტიკის ფართოდ დანერგვა, როგორიც შტრიხკოდებია. ეს, ერთის მხრივ, სჭირდება მომხმარებელს და, მით უმეტეს, საექსპორტო წარმოებას; მეორეს მხრივ, იგი სერიოზული რეკლამა და იმიჯია მეწარმეთათვის. ამიტომ ვუბრუნდებით ამ საკითხს და გთავაზობთ, თუ რა კეთდება საქართველოში ამ კუთხით, როგორ ყალიბდება შესაბამისი ინსტიტუტი და რამდენად მისაღები და საჭიროა ის როგორც მეწარმის, ისე მომხმარებლისათვის.
ისევ ვუბრუნდებით საგადასახადო კოდექსის აქტუალურ საკითხებს და მოსალოდნელ ცვლილებებს ამ დოკუმენტში; ტრადიციულ ეკონომიკურ ნიუანსებს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებიდან და ბაზრის მიმოხილვას; ბუნებრივია, განვაგრძობთ მეცნიერულ პოლემიკას ეკონომიკის ამა თუ იმ აქტუალურ საკითხებზე.
იმედია, მიუხედავად სიცხეებისა, ზაფხულში ჩვენთან ერთად არ მოიწყენთ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial