რას და რატომ ვცვლით უმაღლეს სასწავლებლებში

რედაქციისაგან
უმაღლესი განათლება მსოფლიოს უპირველესი პრობლემათაგანი ხდება, რადგან დღეს ბაზარი და ბიზნესი მთლიანად ინტელექტზეა დამოკიდებული. ეს პრობლემა ევროპასაც უდგას და ამასთან სერიოზული საკითხია სტუდენტებისა და შემდეგ პროფესიონალების მიგრაცია სხვადასხვა ქვეყნებში. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც ცნობილია, 1999 წელს ბოლონიაში შეიკრიბა ევროპის 39 განათლების მინისტრი და ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მთავარი ამოცანაა 2010 წლისათვის ევროპის განათლების ერთიანი სივრცის შექმნა. ამ შეთანხმების (ბოლონიის პროცესის) ფარგლებში დარეგულირდა, რომ სწავლება იქნება სამ საფეხურიანი: ბაკალავრიატი, მაგისტარატურა და დოქტორანტურა. ხოლო 2003 წელს ბერლინში და 2004 წელს პეტერბურგში შეხვედრებზე დარეგულირდა თვით დოქტორანტურისა და ბაკალავრიატის ძირითადი საკითხები. აქვე განისაზღვრა, რომ გადასვლა ყველგან მოხდება “evropian kredit transfer sistemaze” (ects), რომლის მიხედვით ბაკალავრიატში უნდა ისწავლებოდეს არაუმეტეს 32 საგნისა, ხოლო მაგისტრატურაში არაუმეტეს 15-ისა, ამის გარდა, საგნების დასახელება და პროფილი უნდა იყოს თავსებადი ზოგად ევროპულთან, სწავლება კი უნდა მოხდეს სილაბუსების მეშვეობით, ანუ საგნის გაშლილი და დეტალური პროგრამის მიხედვით, რათა სტუდენტმა იცოდეს, რას, როგორ და საიდან სწავლობს. ხოლო შეფასება მოხდება კრედიტებით – ქულებით. საგნები დაიყოფა ძირითადად და არჩევითად. ყოველ ძირითად საგანში ქულები უნდა იყოს 5, არჩევითში 2-3, საერთო ჯამი კრედიტების ბაკალვრიატში 240, მაგისტრატურაში 120, სადაც კვლევით სამუშაოებს ეძლევათ სერიოზული დატვირთვა. ამასთან, განისაზღვრა, თუ რა მიზანს ისახავს სწავლების ესა თუ ის დონე. კრედიტების სიტემა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, შეცვალონ როგორც არჩეული სპეციალობა, ისე სასწავლებელი და თავისუფლად გადაადგილდნენ ამა თუ იმ ქვეყანის უნივერსტეტსა თუ სასწავლებელში. საერთო ჯამში კი, მიღებული დიპლომი აღიარებული უნდა იყოს პროცესში მონაწილე ქვეყნების მიერ, რათა სპეციალისტს არ გაუჭირდეს ამა თუ იმ ქვეყანაში მუშაობის დაწყება. აგრეთვე, დიდი ყურადღება ექცევა სწავლების ხარისხსა და მიზნობრიობას, ხოლო სტუდენტს უფლება და საშუალება ეძლევა, ძირითადი სპეციალობის გარდა მიიღოს დამატებითი სპეციალობა.
დღეს, რაც საქართველოში განათლების სფეროში ხდება, არის სწორედ ამ პროცესის განხორციელება რეფორმის გზით და უმეღლესი განათლების რეფორმაც იმავეს ისახავს მიზნად, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმაც.
რა თქმა უნდა, როგორც ყველა რეფორმა, ეს პროცესიც მტკივნეულია, რის გამოც საკითხმა საზოგადოებაში სერიოზული დებატები გამოიწვია. სწორედ საპირისპირო არგუმენტების მოსასმენად და პოზიციების დასაფიქსირებლად შეიკრიბა მრგვალი მაგიდა ამ საკითხზე სასტუმრო “თორში”. 9 ივნისს, სასტუმრო “თორის” საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციამ, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციამ, ფონდმა “ჩAშE-ტრანსკავკასიამ” და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: “განათლების რეფორმა, ეკონომიკა და ბიზნესი საქართველოში: პრობლემები და ტენდენციები”, რომელშიც მონაწილეობდნენ: უმაღლესი სასწავლებლების რექტორები: გიგი თევზაძე – ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, სულიკო ქადაგიძე – ESM-ის რექტორი, დათო ადეიშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი და სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. მიშა ჯიბუტი – ეკონომისტთა ასოციაციიდან, უნივერსიტეტის პროფესურა, ჩვენი ჟურნალი და განათლების მინისტრის პირველი მოადგილეალექსანდრე დიდებულიძე.
მთავარი განსახილველი საკითხები იყო:
– რას გვპირდება უმაღლესი განათლების რეფორმა და ეთანხმებიან თუ არა მას ქართველი პროფესორ-მასწავლებლები;
– რა თანხა უჯდება უნივერსიტეტს თითოეული სტუდენტისათვის საჭირო განათლების მიცემა და ეხმარება თუ არა მას სახელმწიფო;
– რატომ არის უნივერსიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; არის თუ არა დრო, ქართული ბიზნესი მომავალი ეკონომისტების ბედით დაინტერესდეს და მათ სრულყოფილი განათლების მიღებაში დაეხმაროს;
– რატომ არ ამთავრებენ სწავლას ქართველი მოზარდები და რა ზეგავლენას ახდენს სიღარიბე განათლების სისტემაზე

მიხეილ ჯიბუტი:
– გვინდა, რამდენიმე მიმართულებით გავამახვილოთ ყურადღება. რეფორმასთან დაკავშირებით მივიჩნევთ, რომ მისი გარკვეული დეტალები მხარდაჭერას იმსახურებენ. განვიხილოთ, თუ როგორია ამ მხრივ გამოცდილება მსოფლიოში, როგორც განვითარებულ, ისე ჩვენნაირ ქვეყნებში. ჩვენ გვსურს მივაღწიოთ საზოგადოების იმ სტანდარტს, რომელიც ცოდნაზე იქნება დაფუძნებული. ეს იქნება ჩარჩო, რომელსაც ჩვენ, ორგანიზატორები გთავაზობთ. პროფესორ მიხეილ თორთლაძეს ვთხოვ, ჩამოაყალიბოს ის საკითხები, რომლებსაც დღეს ჩვენს დისკუსიაში განვიხილავთ.
მიხეილ თორთლაძე:
– შევეცდები, მოკლედ წარმოგიდგინოთ განათლების სისტემაში მიმდინარე ტენდენციები. გამოკვლევები ჩატარებულია გაეროს ხაზით. მასში ძირითადად სოციალური და გენდერული თანასწორობის საკითხებია განხილული. ვისაუბრებთ განათლების სისტემაში უკანასკნელ დროს მიმდინარე ტენდენციებზე. საერთოდ, მიღებულია, რომ როგორც ააწყობ განათლების სისტემას, ქვეყანაც ისე განვითარდება. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებლობის მთავარი ბერკეტია. არსებობს მეორე მიდგომაც – ქვეყნის სწრაფად განვითარებისთვის მოსახლეობის 30%-ს უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს. ასეთი განათლებითაა შესაძლებელი ეკონომიკური ზრდის ტემპების სტაბილურობის უზრუნველყოფა. საქართველოში ეს მაჩვენებელი შედარებით უფრო დაბალია, ის დაახლოებით 22%-ს აღემატება. მხედველობაში მაქვს 15-დან ზემოთ ასაკი, რადგან 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, მთლიანი მოსახლეობის რაოდენობას თუ გამოვაკლებთ 15-დან 18 წლამდე ასაკის მაჩვენებელს, ეს მაჩვენებელი ოდნავ მაღალი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მაჩვენებელში შედის მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელსაც მხოლოდ დიპლომი გააჩნია და არ აქვს რეალური ცოდნა. რაც შეეხება საბაზრო ეკონომიკას, ჩემი აზრით, უმაღლეს განათლებამდე სხვა საფეხურებია გასავლელი, ესენია: ზოგადსაგანმანათლებლო საფეხური, დიპლომის წინა და დიპლომის შემდგომი განათლება. გამოკვლევა ამ სამი საფეხურის მიხედვით ჩატარდა და აქცენტი გაკეთდა სიღარიბის გავლენაზე განათლების სფეროზე და პირიქით. სამწუხაროდ, ცოტა მასალა გვქონდა მოსახლეობასა და განათლებაზე სიღარიბის გავლენის გამოსაკვლევად. მომავალში, იმედია, შეგვეძლება საფუძვლიანად განვაცხადოთ, თუ რამდენად ხელმისაწვდომია განათლების სისტემა მოსახლეობის ყველა ფენისათვის. საქართველოს აღებული აქვს ქვეყანაში სოციალური თანასწორობის განვითარების ვალდებულება და მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა განათლებისა და მომსახურების სფეროების, როგორიცაა ჯანდაცვა, დახმარება. ნებისმიერი საზოგადოების განვითარება და დემოკრატია სხვა არაფერია, თუ არა სოციალური თანასწორობის დანერგვა და დასაბუთება იმისა, რომ საზოგადოება სწორედ ამ კუთხით ვითარდება. თვალი გადავავლოთ უკანასკნელი პერიოდის ტენდენციებს. 2005 წლის შემდეგ რადიკალური ცვლილებები მოხდა. რა ხდება სკოლებში? – 90-იან წლებში მოსწავლეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 90-იან წლებთან შედარებით საქართველოს მოსახლება 2002 წელს შემცირდა 20%-ით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობამ 30%-ით იკლო, ანუ ბავშვთა გარკვეული რაოდენობა სკოლის მიღმა აღმოჩდა. ეს გარემოება სიღარიბეზეც და კრიმინოგენულ სიტუაციაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. უმაღლეს განათლებამდე ბავშვმა გარკვეული საფეხურები უნდა გაიაროს. თუ მისი ცოდნა გზაში დაიკარგება, ჭარბად გვეყოლებიან უპროფესიო ახალგაზრდები, რომელთა დიდი ნაწილი კრიმინალურ გზას დაადგება, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და, საერთოდ, განვითარებაზე აისახება. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი, რომლებიც სკოლას არ ამთავრებენ, ბიჭებზე მოდის და პროფესიული განათლების საფეხურზე გადასვლასაც ნაკლები ბიჭი არჩევს. არათანაბარია ქალაქისა და სოფლის მაჩვენებლებიც. 10%-ში, რომელიც სკოლაში არ დადის, 12% მიეკუთვნება სოფელს და 9% ქალაქს. განათლების ხარისხზე მიანიშნებს ისიც, რომ დაწყებით და საშუალო სკოლებში, 7-9 წლის ასაკობრივ ჯგუფში, მაღალია კერძო სასწავლებლების მოსწავლეთა ხვედრითი წილი და 11-16 წლის ასკობრივ ჯგუფში ისინი სწავლას საჯარო სკოლებში აგრძელებენ. ერთის მხრივ, კერძო სკოლების მაღალ კლასებში სწავლა ძვირია, მეორე განმარტებით კი, კერძო სკოლები ჯერ კიდევ სუსტია და მოსწავლეები მათ თავს არიდებენ. ყველაზე დიდი უთანაბრობა მაინც პროფესიული განათლების სისტემაშია. კვლავ ბიჭების რაოდენობაზე მოგვიწევს საუბარი. უმაღლესი განათლება არის იმ სფეროს ლოგიკური გაგრძელება, რომელიც წინა საფეხურებზე დაიწყო. საქართველოში, უმაღლესი განათლების მხრივ, დიდი დისბალანსია. უმაღლეს დამთავრებულთა 42% მოდის ქალაქ თბილისზე, სოფელზე 10.7%. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა დონე ზემოქმედებს უმაღლეს განათლებულთა განაწილებაზე და პირიქით, უმაღლეს განათლებულთა სიმცირე ზემოქმედებს სოფელში სიღარიბის ტოტალურ ხასიათზე.
საშუალო და დაწყებით პროფესიულ სასწავლებლებშიც და უმაღლესშიც გენდერული დისბალანსი შეიქმნა. ბიჭების დიდი რაოდენობა სწავლას წყვეტს, თუმცა ჩაბარებულთა შორის უმრავლესობა ბიჭია, რაც მოსახლეობის სქესობრივ ბალანსს მიანიშნებს. ეს ფაქტიც განათლებაზე სიღარიბის გავლენას ადასტურებს. ბიჭი იძულებულია, სასწავლებელი დატოვოს და სამუშაო იშოვნოს. როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაჭრა? ეს არის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად ეკონომისტებს გვაწუხებს – დაფინანსების სისტემა. მივესალმები იმ გარემოებას, რომ 2006 წლიდან დაფინანსების მოდელი რადიკალურად შეიცვალა. თუ 2005 წელს მთლიან სახელმწიფო ხარჯში განათლებაზე მოდიოდა დაფინანსების 3.2%, 2006 წელს ის 2-ჯერ უფრო მეტად გაიზარდა და 8.4% გახდა, რაც ადასტურებს, რომ განათლება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2005 წელს ერთ მოსახლზე განათლების საშუალო ხარჯი 1.9 დოლარი იყო, 2006 წელს იგი 3.3 დოლარია, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებისას, როგორიცაა ევროკავშირის ქვეყნები, ჩვენთან მშპ-ის 2.1% მოდის, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ 4.9%, ანუ საშულოვადიან პერიოდში ამ ხარჯების გაზრდა და ისეთი სტრატეგიის შემუშავება გახდება საჭირო, რომელიც მშპ-ში ხარჯების ზრდას გამოიწვევს. 2001 წელს ზოგად განათლებაზე მოდიოდა ხარჯების 80%, უმაღლეს განათლებაზე 14%, საშუალო, დაწყებით და პროფესიულ განათლებაზე 1.6%. ეს ხარჯები 2006 წლამდე სხვანაირი იყო, მიმდინარე წელს საშუალო განათლებაზე იხარჯებოდა 28-30%, უმაღლეს განათლებაზე 40-50%, საშუალო და დაწყებით განათლებაზე კი 18-28%. 2001 წელს საშულო და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ერთ მასწავლებელზე სახელმწიფო დაფინანსების 212 ლარი მოდიოდა. დაწყებით პროფესიულ სასწავლებლებში 79 ლარი, საშუალო პროფესიულ სასწავლებლებში 38 ლარი, უმაღლესი განათლების სფეროში 142 ლარი. შეიძლება გავაკეთოთ დაფინანსების ფორმულის შეცვლის შესახებ დასკვნა. უნდა გავითვალისწინოთ უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები და სიძნელეები. დღეს საქართველოში კერძო სექტორის დაფინანსების რადიკალურ ზრდაზე საუბარი არ შეიძლება ორი გარემოების გამო: პირველი, ეს არც წინა პერიოდში მომხდარა და არც მომავალში მოხდება – ეს არის სიღარიბის მაღალი დონე. ბუნებრივია, კერძო დაფინანსება სწრაფად ვერ გაიზრდება და ეს სახელმწიფოს მეტი ხარჯების გაწევას აიძულებს; მეორე – საგანმანათლებლო მომსახურების საკითხი. დასამალი არ არის, რომ ის საქართველოში მაღალი არ არის, ამიტომ მის გასაზრდელად მთელი რიგი დაფინანსებებია საჭირო, კერძოდ: მასალები, კონფერენციები, მასწავლებელთა და პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადება, მათი მივლინებები, ბიბლიოთეკების მოწესრიგება, ანუ ეს კოლოსალური ხარჯია, რომელსაც კერძო სექტორი ვერ გაიღებს და ძირითადი ტვირთი კვლავ სახელმწიფო სექტორზე იქნება. ჩემი აზრით, უნდა შემუშავდეს საშუალოვადიანი პროგრამა, რომელიც პერიოდულად მოახდენს ამ ფინანსური სახსრების გაწერას და მისი მთავარი მიზანი იმ სექტორთა განვითარება იქნება, რომელიც დაეხმარება საგანმანათლებლო ხარისხის ზრდას, როგორც უმაღლეს, ასევე დაწყებით და საშუალო პროფესიული განათლების სექტორში. ეს არის ფინანსური ფორმულა, რომლის შედგენა და სრულყოფა შესაძლებელია საშუალოვადიანი გეგმების შემუშავებით.
მიხეილ ჯიბუტი:
– არსებობენ სასწავლებლები, რომლებიც სახელმწიფოცაა და კერძოც. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს, თუ მას უმაღლესი სასწავლებლის ან სასწავლებლის რჩენის საშუალება არ აქვს, შეუძლია არ ჰქონდეს კერძო. კიდევ სხვა საკითხია, თუ რა მდგომარეობაში არიან ეს სასწავლებლები ერთმანეთთან მიმართებაში ჩაყენებულნი. 15 წელი იმის მტკიცებას შევწირეთ, რომ სახელმწიფო საწარმოებსა და დაწესებულებებს, კერძო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან შედარებით, უპირატესობა არ უნდა ჰქონდეთ. დღეისათვის განათლების სფეროში ხშირად ვნახავთ, რომ ფინანსურად კერძო სასწავლებლები, სახელმწიფო სასწავლებლებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში არიან. როდესაც საკითხი სწავლების გადასახადს ეხება, კერძო სასწავლებელს შეუძლია ის ისე გაზარდოს, როგორც ამას თვითღირებულება მოითხოვს, ხოლო სახელმწიფო სასწავლებლები ამ საკითხში შეზღუდულნი არიან. ეს ფაქტი ყველა სუბიექტის თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების პრინციპს ეწინააღმდეგება.
თემურ ხომერიკი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის პროფესორი:
– ბიზნესგანათლება ძვირი სიამოვნებაა, თუმცა დასავლეთის გადასახადებთან შედარებით, დამეთანხმებით, რომ ეს ზღვაში წვეთია. მაინტერესებს, სახელმწიფო თავის თავზე როგორ აიღებს ბიზნესგანათლებას, თუ ეს განათლება ბაზრისთვის არის საჭირო? ვფიქრობ, მასზე პასუხისმგებლობა კერძო სექტორმა უნდა აიღოს.
– თქვენი კონცეფცია რაში მდგომარეობს? რაც თქვით, ბიზნესგანათლებას ეხებოდა, თუ, ზოგადად, საშუალო განათლებას?
მიხეილ თორთლაძე:
– სპეციალობების მიხედვით ჩამოყალიბებული არ გვაქვს, რადგან არის სპეციალობა, რომელიც მარტო ბიზნესს განეკუთვნება და მას აქვს უფლება თავისი ინტერესის სფერო განავითაროს, მაგრამ არსებობს მთელი რიგი სფეროებისა, რომლის დაფინანსებასაც მას ვერ მოვთხოვთ. ბიზნესის დასაფინანსებლად შემიძლია რამდენიმე სფერო დაგისახელოთ, მაგალითად, საბანკო სფერო, რომელიც ძლიერი სექტორია და შეუძლია გარკვეულწილად დაეხმაროს სახელმწიფოს მის დაფინანსებაში, სტუდენტების გაზრდაში, რომლებიც შემდეგ თავიანთ ადგილს საბანკო-საფინანსო სფეროში იპოვნიან. ძნელია, პირდაპირ ვთქვათ, თუ რა პროპორციით უნდა მოხდეს ეს. თუმცა თანამშრომლობა აბსოლუტურად შესაძლებელია.
განათლების მინისტრის პირველი მოადგილე – ალექსანდრე დიდებულიძე:
– მინდა მოგახსენოთ, რომ უნივერსტეტში არის ბიზნესმენეჯმენტის ფაკულტეტი, რომლისთვისაც სახელმწიფომ გამოყო 5 მლნ ლარი, დამატებით 2 მლნ ლარი გამოყო “ბრითიშ პეტროლიუმმა”, საუბარია ინგლისურენოვან მაგისტრატურაზე. როცა დაფინანსებაზე ვსაუბრობთ, მისი დიდი ნაწილი სწორედ კერძო სექტორზე მოდის. ამან გადაარჩინა უმაღლესი განათლება, ეს იყო ჩვენი პირველი რეფორმა, იგი 1991 წლიდან დაიწყო და მის შედეგად უმაღლეს სასწავლებლებში დასაქმებულთა რაოდენობა 12 000-დან 21 000-მდე გაიზარდა. უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის ხარისხზე, როგორი იქნება ის 4-5 წლის შემდეგ.
მიხეილ ჯიბუტი:
– მინდა, თქვენი ყურადღება კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილო. სახელმწიფო, კერძო და სხვა სპეციალობებზე საუბრისას უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა. იყო დრო, როდესაც მიიჩნევდნენ, რომ იგი უჩინარი ხელისთვის უნდა მიგვენდო, შემდეგ ჩამოყალიბდა თეორია, რომლის მიხედვითაც, არსებობენ სფეროები, რომელთა კონკურენტულ გარემოზე მთლიანად მინდობაც არ შეიძლება. ზელიბერალურ სახელმწიფოებშიც კი ასეა მიჩნეული. მაგალითად, ჯანმრთელობის სფეროზე შეხება არ შეიძლება, მაგრამ მას აქვს სეგმენტი – სტომატოლოგია, რომელიც კონკურენციას გაუძლებს და ბაზარს მისი დარეგულირება შეუძლია. ასევეა განათლების სფეროში, მასში არის პრიორიტეტები, რომელთა ბაზრისთვის მინდობაც შეიძლება. ეს მაინც თეორიული დოგმებია, მაგრამ თუ დაფინანსებაზე გადავალთ, შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოში განათლებასთან დაკავშირებული მთლიანი დაფინანსება განათლების რეფორმის ამბიციებს ვერც ერთი მიმართულებით ვერ აკმაყოფილებს. თუ განათლების სეგმენტში ის კიდევ არჩენს რაიმეს, არის ის ბალასტი, რომელსაც ვხედავთ წინა წლებში მიღებული მეორე და მესამე კურსის სახით, რომელსაც ფული შემოაქვს. საუბარია კერძო ფულზე განთლების სისტემაში. შემიძლია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე ვისაუბრო. პირველი კურსი 1500 ლარი ღირს. მოვისმინე, რომ ერთი სტუდენტი მომავალ წელსაც 1500 ლარი იქნება. მთავარი მოტივი ისაა, რომ მომავალ წელსაც 1500 ლარი არის მინიმუმ 10%-იანი შეცდომა. წელს ინფლაცია 7% იყო, მომავალ წელს 5%-ს გეგმავენ. ანუ ის 1500 ლარი მომავალი წლისთვის 10%-ით ნაკლებია, გამოდის, რომ მომავალ წელს დავგეგმეთ 10%-ით ნაკლები ხარჯი ერთ სტუდენტზე. თუ გადავხედავთ, რა არის 1500-ლარიანი ხარჯი ერთ სტუდენტზე ყველა საგანში საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებისათვის, ვნახავთ, რომ, ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანაშიც კი, საშუალოდ 5 000 დოლარია გამოყოფილი. შეცდომაა, როდესაც ვამბობთ, რომ 1 500 ლარით სტუდენტს ვაფინანსებთ. ჩვენ უმაღლეს სასწავლებელს ვაფინანსებთ სტუდენტთა რაოდენობის მაჩვენებლით. ამავე დროს მინდა ვთქვა, თუ რატომ არ არის ეს შესაბამისობაში. ჩვენ განათლების კანონის გარდა, ამ კანონის დონეზე რაიმე კონცეპტუალური მასალა და კერძო სისტემაში უმაღლესი განათლების პროგრამის მთლიანი ხედვა სამინისტროში არ გაგვაჩნია. არ არსებობენ პარამეტრები და ინდიკატორები, თუ როდის რას უნდა მივაღწიოთ. განათლების კანონი რომ ცოცხალი კანონია, იქიდან ჩანს, რომ მასში ცვლილებების შეტანიდან 6 თვის განმავლობაში თითქმის ნახევარი კანონი შევცვალეთ. მაგრამ განათლების პოლიტიკა უმაღლეს სკოლებთან დაკავშირებით, რომელიც ამ ინდიკატორებს მოიცავს, არ არსებობს. არის მხოლოდ განათლების კანონი, რომელიც სუბიექტების პირად განწყობაზეა დამოკიდებული. ჩვენ კი ასე ვერაფერს ავაწყობთ. ყველაფერი დოკუმენტალურად უნდა იყოს გაწერილი. მე მიგითითებთ 2006 წლის ბიუჯეტის კანონზე, სადაც 2006-2009 წლის მიმართულებები წერია, რომელიც განათლებას ეხება. არის ახალი დოკუმენტი, რომელიც 2007-2010 წლების მთავრობის მიმართულებებს წარმოადგენს. რა უნდა გავიგოთ, როდესაც არც ერთ დოკუმენტში არ არის 2006-2007 წლების გამოყოფილი პროგრამა. წარმოდგენილი უნდა იყოს, 2007 წელს რას აპირებს განათლების სამინისტრო. მისი მთავარი სტრატეგიაა, ჩამოყალიბდეს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართვას განათლების სისტემაში. არ არსებობს დოკუმენტი, თუ როგორ უნდა გავიგოთ ეს. არ არსებობს იმიტომ, რომ ამის გასაწერად ფინანსური საკითხი უნდა იყოს გარკვეული. დაფინანსების ფორმა კი საქართველოში ბოლო 10 წლის მანძილზე “მახინჯია”, უნივერსიტეტებზე წერია – სუბსიდია, სუბვენცია და მიმდინარე ტრანსფერები, მაგრამ რაშია სუბსიდია და რომელია სუბვენცია, უცნობია. აგრეთვე არ არის ნაჩვენები, როგორ უნდა შემოწმდეს ამ ხარჯების ეფექტიანობა. მოცემულია ტერმინი – “ირმის ნახტომი”, მაგრამ არ არის მითითებული, რომ “ახტა”, რამდენი უნდა დავხარჯოთ, “ჰაერში” ყოფნისას რა ღირს და “დახტომის” დროს რამდენი უნდა გადაიხადოს. ამის დაწერისა და გაანგარიშების გარეშე ფულსა და ინდიკატორს შორის კავშირი იკარგება. წერია – კავშირები მიზნებსა და ფულს შორის. განმარტებაში მოცემულია, რომ სამაგისტრო ერთიანი გამოცდები უნდა ჩატარდეს 2009-2010 წელს. თუ ასეა, საგამოცდო ტესტების მზადება წელს უნდა დაიწყოს.
თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე:
– თუ წარმოდგენა გაქვთ, რა არის მაგისტრანტებისათვის ზოგადი უნარების ტესტის მომზადება, უნდა იცოდეთ, რომ ეს იოლი საქმე არ არის. უნდა მომზადდეს რამდენიმე ათასი კითხვა და უნდა იყოს სრული მონაცემთა ბაზა.
ალექსანდრე დიდებულიძე:
– ბატონო მიხეილ, თქვენ მიერ მოყვანილი ზოგიერთი ციფრული მონაცემი, რბილად რომ ვთქვათ, სინამდვილეს არ შეესაბამება.
მიხეილ ჯიბუტი:
– მაგალითად რომელი?
ალექსანდრე დიდებულიძე:
– პირველ რიგში, ჩვენ ზუსტად გვაქვს გაწერილი 2007, 2009, 2010, 2011 წლების ხარჯები. კონკრეტულად, 2007 წლის ბიუჯეტში, რომელიც პარლამენტში შედის, ყველა ციფრია მოყვანილი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ, თუ 2006 წელს ხარჯი 340 მლნ ლარი იყო, 2007 წელს იქნება 394 მლნ ლარი, რაც ნამდვილად 10%-იან ზრდას ნიშნავს. ზოგადი განათლების შესახებ თქვენ აბსოლუტურად სწორი ხართ, მოსწავლეთა რაოდენობა, სამწუხაროდ, ყოველწლიურად იკლებს, რადგან ბავშვები სწავლას წყვეტენ. დაწყებულია ბრძოლა ყოველი ბავშვის შენარჩუნებსათვის. ისიც ფაქტია, რომ ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი 5 000 დოლარია ერთი სტუდენტის დაფინანსება, მე მაქვს 2003-2004 წლის ევროპის ქვეყნების მონაცემები: რუმინეთში 1900 დოლარი იხარჯება, პოლონეთში 2800, Lლატვია – 3000, შვედეთში – 1300. 2005 წელს საქართველოში მეორადი მოხმარების 3200 კომპიუტერი იყო, 2005 წლის ბოლოს 5600, 2006 წელს 9160, ე.ი ერთი წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა. პროგრამის ბოლოს ჩვენ უნდა გვქონდეს 30 000 კომპიუტერი, რაც სოფლის ქალაქთან დაახლოებას ნიშნავს. როცა სოფლის სკოლაში იქნება 5-6 ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, ნებისმიერ მონდომებულ მოსწავლეს შეეძლება ინფორმაციის მიღება.
მიხეილ ჯიბუტი:
– როდესაც ხარჯებზეა ლაპარაკი, მინდა, რომ ზუსტი ვიყო, ვინაიდან, მთლიანი შიდა პროდუქტის ხარჯები საქართველოში 2006 წელს 2.5%-ია, ეს კი, ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით, 2-ჯერ და 3-ჯერ ნაკლებია. ამიტომ ეს თანხა ახლა არის 2.7%. 2010 წელს იქნება 3%. აქედან შეიძლება ერთი დასკვნის გაკეთება – ჩვენთან მშპ-ში განათლებისათვის გამოყოფილი თანხა, განათლების იმ სტანდარტების მისაღწევად, რომელიც არის და რა ორიენტაციაც ჩვენ გვაქვს, საკმარისი არ არის. ასეთ შემთხვევაში დგება მეორე ამოცანა, თუ რამდენად ეფექტიანად იხარჯება გამოყოფილი თანხა და იხარჯება თუ არა ის სწორი მიმართულებებით. არ შეიძლება დავიწყოთ ასი ათლარიანი პროგრამა და გვქონდეს თითოზე ასი ლარი. მაშინ ჯობია, ერთი ასლარიანი პროგრამა ჩავატაროთ და მივიღოთ შედეგი, რომელიც ას ლარზე იქნება გათვლილი. კიდევ ერთი საკითხი – იქნება კი ამ ფულის დათვლა მნიშვნელოვანი მაშინ, როდესაც საქართველოში ეროვნული საგანმანათლებლო სტანდარტები არ გაგვაჩნია. თქვენ მიერ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტები უნდა იყოს თუ არა ნაციონალური?
გიგი თევზაძე:
– ეროვნული სტანდარტები არსებობს ზოგად განათლებაში. როგორც იცით, სტანდარტები გვაქვს სამ პროფესიაში, რომელიც კანონმდებლობით რეგულირდება. ბატონო მიხეილ, თქვენ ასოციაციის პრეზიდენტი ხართ და მოხარული უნდა იყოთ, რომ სახელმწიფო ამ სტანდარტს არ აწესებს და ამას თქვენგან ელოდება.
ალექსანდრე დიდებულიძე:
– განათლების სამინისტროში საუბრობენ, თუ საგანმანათლებლო სტანდარტში რამდენი უნდა იყოს სტუდენტზე აკრედიტაცია, ფართი და ა.შ. განსაზღვრულია თუ არა ფართი და არის თუ არა ეს ფართი უმაღლეს სასწავლებლებში? საქართველოში პროფესორებისთვის მისაღები პირობების შესაქმნელად სახსრები არ გაგვაჩნია. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ორიენტირებულია შედარებით იაფ უმაღლეს განათლებაზე. ჰუმანიტარული განათლების დროს ეს ეხება იურისპრუდენციას, ფილოლოგიას, როცა, პრაქტიკულად, აუდიტორიაში შეიძლება გაცილებით მეტი სტუდენტი იყოს, ვიდრე ისეთ ძვირადღირებულ სპეციალობებზე, როგორიცაა მედიცინა, ექსპერიმენტული ფიზიკა, ენერგეტიკა და ა.შ. არის ძალიან ფართო და ვიწრო სპეციალობები. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში 60%-ზე მეტი მოდის სპეციალობებზე, რომლებსაც არ სჭირდებათ ძვირი მოწყობილობა. ეს საქართველოში ერთ-ერთი გადარჩენის გზაა, რადგან, სწორედ ასეთ სპეციალობებზე, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი უნდა მოვიდეს. როდესაც ქვეყანა ორიენტირებულია, ვთქვათ, სოფლის მეურნეობაზე, ტექნიკაზე ერთი სტუდენტის მომზადება გაცილებით უფრო მეტი ჯდება.
გიგი თევზაძე:
– ბატონო მიხეილ, თქვენ თქვით, რომ შიდა პროდუქტში განათლებაზე სახელმწიფო ხარჯები უნდა გაიზარდოს, რის ხარჯზე ფიქრობთ ამ ხარჯების ზრდას?
მიხეილ ჯიბუტი:
– მთლიან შიდა პროდუქტში განათლებისათვის გამოყოფილი ხარჯი ვერ უზრუნველყოფს იმ დონის განათლების მიღწევას, რაც განვითარებულ ქვეყნებშია. თუმცა საჭიროა, გავარკვიოთ თანხის გამოყენების განსაზღვრა და კონცენტრაცია იმ წერტილებში, რომლებიც ამ დონეს უზრუნველყოფენ. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ინსტიტუტის თავიდან დაარსება არ უნდა დაიწყო, როდესაც არც ფული გყოფნის და არც ბაზა გაგაჩნია.
გიგი თევზაძე:
– საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ უმაღლესი განათლებისათვის საზიანოა, როდესაც უნივერსიტეტები საჯარო სამართლის სუბიექტები არიან.
მიხეილ ჯიბუტი:
– სწორია, უმაღლესი სასწავლებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ უნდა იყოს. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიღებისას, მასში შეიძლებოდა თანმდევად ჩაწერილიყო, რომ ეს არამომგებიანი იქნებოდა.
ალექსანდრე დიდებულიძე, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე:
– სტანდარტებთან დაკავშირებით, ევროპის ქვეყნებში აღიარებულია, რომ სისტემა, რომელიც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაშიც, არსებობდა, არ იყო კარგი და სრულყოფილი, ამიტომ აუცილებელი გახდა კონკურენტუნარიანი მექანიზმების შემუშავება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მაინცდამაინც ევროკავშირის ქვეყნებს ვბაძავთ. აქ თქვეს, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ამიტომ განათლების სისტემა სათანადო დონეზე ვერ დგას, მაგრამ ევროპის ქვეყნებიც არ გამოირჩევიან ამით. ევროპელები მდიდრები არიან და აქვთ ფუფუნება, რომ ამ მიმართულებით ნელ-ნელა წავიდნენ. განათლების მუშაკებს რადიკალური ლიბერალიზაციის მოდელს შევთავაზებდი და ვურჩევდი, აქცენტი კერძო სექტორსა და კერძო დაფინანსებაზე გაეკეთებინათ. თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ ამ გზით შეიძლება გავხდეთ კონკურენტუნარიანი. გლობალიზაციის ეპოქაში მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებს უნდა გავუწიოთ კონკურენცია. საქართველოში განათლების ხარისხის დონე დაბალია, ამიტომ ქართველები განათლების მისაღებად საზღვარგარეთს მიაშურებენ. თუ მისი ამაღლება გვინდა, მხოლოდ სახელმწიფოს იმედზე არ უნდა ვიყოთ. დავამატებ, რომ საქართველოს ბანკმა უკვე დაიწყო კრედიტების გაცემა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისათვის. ამას აპირებს “ბანკი რესპუბლიკაც”. შეიძლება ვისაუბროთ ალტერნატიული გზების ძიებაზე. ბანკები იმ უნივერსიტეტებზე გასცემენ კრედიტებს, რომლებშიც, მათი აზრით, სწავლა რეალურად შესაძლებელია. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია კონკურენციის სისტემის დანერგვის საკითხში. სახელმწიფოს მხრიდან სესხებზე პროცენტის დასაწევადაც მიმდინარეობს მუშაობა. სახეზეა სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ნაბიჯები. მთლიან შიდა პროდუქტში გამოყოფილი ხარჯის გაზრდის საშუალება არის. უბრალოდ, ჩვენ თვალი რეალობას უნდა გავუსწოროთ. თუ საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ავტომანქანა დადის, ფაქტია, რომ ხარჯის გაზრდის რესურსი არსებობს.
მიხეილ ჯიბუტი:
– ძალიან კარგია, რომ ახალი პროდუქტები იქმნება. ბანკები სესხებს იმიტომ გაცემენ, რომ სარგებლის მიღების პერსპექტივას ხედავენ. მაგრამ ეს სახელმწიფოს არ ამართლებს. სახელმწიფოზე საუბრისას საბიუჯეტო დაფინანსებას არ ვგულისხმობთ, არც ბიუჯეტზე და განათლების რეფორმაზე საუბრისას ვგულისხმობთ მხოლოდ განათლების სამინისტროს, არამედ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. რეფორმასთან დაკავშირებით მოგიყვანთ პირადად ჩემთვის გაუგებარ მაგალითს, – კანონში ამდენი ცვლილების შეტანის მიუხედავად, მუშაკები ვერ არკვევენ, ეს გადაყვანაა თუ კონკურსი, რადგან ეს კანონში ერთმნიშვნელოვნად ჩაწერილი არ გახლავთ. ასე რომ, ჩვენ პარლამენტსაც ვგულისხმობთ და ჩვენს თავსაც. მაქვს კონკრეტული საკითხი – ნორმალურია თუ არა, როდესაც 50 სტუდენტზე ერთი პროფესორი მოდის? კრიტერიუმად აიღეს ვირტუალური ციფრი, რომელიც რეალური ოთხი წლის შემდეგ იქნება.
გიგი თევზაძე:
– კონკურენციას და ბაზრის რეგულირებას რაც შეეხება, მეცნიერების ისეთი დარგები, რომლებიც ბაზარზე არ გადის კონკურენციით რეგულირდება. თქვენ ვირტუალური ციფრები ახსენეთ. ის, რაც დღეს უმაღლეს სასწავლებლებში კეთდება, არ გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ პროფესორთა ნაკლებობაა, მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტს ამის საშუალება აქვს. სახელმწიფო საკმარის ფულს იძლევა იმისათვის, რომ ახალი პროგრამები დავიწყოთ ახალი პროფესორების დახმარებით და დავამთავროთ სტუდენტებთან უკვე დაწყებული პროგრამები იმ პროფესორების გამოყენებით, რომლებიც ადრე იყვნენ, ხოლო მათი კონკურსში გასვლა-არგასვლას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა უნივერსტეტს აქვს საშუალება, ხელშეკრულებით აიყვანოს ძველი პროგრამების პროფესორები. მართალია, კონკურსში გამარჯვებულ და ხელშეკრულებით აყვანილ პროფესორთა ხელფასსა და სტატუსში განსხვავება იქნება, მაგრამ არავითარ დისკრიმინაციასთან საქმე არ გვექნება. ანუ, მათ შეუძლიათ კონკურსის გარეშე მიიღონ იგივე შემოსავალი, რასაც ადრე იღებდნენ და ყოველ წელს მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. დახმარება სახელმწიფოს მხრიდან ნამდვილად არსებობს, სხა პრობლემაა, თუ როგორ იყენებენ მას კონკრეტული უნივერსტეტები და საჯარო პირები. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი საჯარო სამართლის სუბიექტია, ის მაინც საკმაოდ თავისუფალია. განათლების სამინისტრო მისი გადაწყვეტილებების მიღებაში ვერ ჩაერევა. სახელმწიფო ყველა უნივერსტეტს აძლევს საშუალებას, ადვილად ჩაატაროს ე.წ “გარდამავალი პერიოდი.”
დათო ადეიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი):
– მინდა, პირდაპირ განვაცხადო, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორები და მის ფარგლებში ჩატარებული კონკურსები მთლიანად ბოლონიის პროცესის ფარგლებში და საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმირების მოთხოვნათა შესაბამისად მიმდინარეობს. ახალი სიტემის მიხედვით:
პირველი: პროფესურის ანაზღაურება იზრდება თითქმის 3-ჯერ;
მეორე: სრულიად დამოუკიდებელი მმართველობა ექნებათ არა მარტო უნივერსიტეტს, არამედ ფაკულტეტებსაც, როგორც სწავლების, ისე სამეცნიერო მუშაობისა და ხარისხის მინიჭების საქმეში, ბოლონიის პროცესის ფარგლებში. იწყება ნამდვილი საუნივერსიტეტო მმართველობის ერა;
მესამე: სწავლების მთავარი აქცენტი კეთდება სტუდენტის მიერ მაქსიმალური ცოდნის მიღებასა და ამ პროცესის ჰარმონიზაციაზე ევროპულ და დასავლურ სასწავლო სისტემებთან;
მეოთხე: უნივერსიტეტისა და მისი ფაკულტეტების ინტეგრირება ევროპულ სივრცეში.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსი ამ პროცესის საწყისი ეტაპია და მეტად მნიშვნელოვანი. აქ პროფესურა და ფაკულტეტი მთლიანობაში თვითონ ადგენს, საკუთარი შეხედულებისამებრ, რომელიც მსოფლიო გამოცდილებას ეყრდნობა, რა პროგრამით უნდა იყოს სწავლება და ასევე, განსაზღვრავს როგორც სტუნდენთა სწავლების, ისე სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის მიმართულებებს. ამიტომ, აქ ზოგიერთი ციფრული მანიპულაცია არასწორი მგონია. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ არანაირი საუნივერსიტეტო ღირებულები, როგორც ადამიანურ-პროფესიული კუთხით, ისე სამეცნიერო-პედაგოგიური კუთხით, არ იქნება დაკარგული და ყველაფერი ღირებული შენარჩუნდება.