მსოფლიო ჩემპიონატი კავკასიის თასისთვის

ოთარ ქირია

თანამედროვე ანალიტიკური და საინფორმაციო მასალები პრესით თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებით ნაკლებად იხილავენ იმ ფაქტს, რომ მიუხედავად ათწლიანი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებისა, კავკასიის რეგიონი აყვავებასთან ახლოსაც არაა, როგორც ამას სსრკ-ის დაშლის პერიოდში უქადდა სამეულს (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) დასავლეთი. არამც და არამც, კავკასია, როგორც ჩანს, სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ძალების რეტროსპექტივის სცენად გადაიქცა, რომელმაც საბოლოოდ სპორტული ჩემპიონატის სახე მიიღო.

ჩემპიონატის მონაწილეები
პირველ რიგში, გავარკვიოთ, თუ ვინ ღებულობს ჩემპიონატში მონაწილეობას და რა ძალებით: პირველი – რუსეთი, ეგიდით “გლობალიზაცია და სტაბილიზაცია მხოლოდ რუსეთის დახმარებითაა შესაძლებელი”, (საინტერესოა თავად სამეულს თუ აინტერესებს ეს “გლობალიზაცია”); მეორე – აშშ, ლოზუნგით “ოქროს ხანა მხოლოდ მსოფლიო გლობალიზაციით იქნება მისაღწევი” (საკითხავია, გლობალიზაცია აქვთ მხედველობაში თუ ამერიკანიზაცია); მესამე – ევროპა, მიზნით “კავკასია გახდეს ხიდი აზია-ევროპას შორის” (ალბათ, მიზნად, აშშ-სა და რუსეთის გარდა, მესამე მსოფლიო ბერკეტის შექმნა აქვთ დასახული); და მეოთხე – სამხრეთი, რომელშიც შედის თურქეთი და ირანი, უბრალო სურვილით “კავკასია ჩაერთოს საბაზრო ურთიერთობებში მათთან” (კავკასიას, განსაკუთრებით საქართველოს, შესანიშნავი სავაჭრო ურთიერთობები აქვთ მათთან, ბაზარი თურქიზირებული და ირანიზირებულია). პირველი ტური – დაინტერესება კავკასიისადმი

დაინტერესება კავკასიისადმი ყველა მონაწილისათვის განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. იგი ესაზღვრება რუსეთს სამხრეთით და თურქეთსა და ირანს ჩრდილოეთით. ამდენად, კავკასიის რეგიონი გარკვეულწილად, ბუფერისა და სფეროს როლს ასრულებს შეჯიბრში, ასევე კონსტრუქციული მაკავშირებელი კვანძია მათ შორის. გზა შავ ზღვაზე ხსნის ევროპას, კასპიისაზე – ცენტრალური აზიისაკენ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რომ მთავარი კავკასიური სახელმწიფოა (რადგან მისი ნაწილი კავკასიას ეკუთვნის), სამეულის გეოგრაფიული განლაგება ნამდვილად არ წარმოადგენს პოლიტიკურ პრიორიტეტს, როგორც ამას ეს უკანასკნელნი ამტკიცებენ, მაინც გაფაციცებით ადევნებენ კავკასიას თვალყურს, რადგან სერიოზული ანტირუსული ტენდენციის წარმოქმნისა და სამეულის ერთიან ძალად შეკვრის ეშინიათ. ამრიგად, რუსეთის კავკასიისადმი მიმართებაში, შეგვიძლია ერთი დასკვნა გამოვიტანოთ: რუსეთს კავკასიური სამეულის მეგობრობა არ აწყობს; მაგრამ არც დესტაბილიზაცია, რადგან სუსტი მეზობლები არ გამოადგება, ამასთან თავად არა აქვს საშუალება და სურვილიც ნაკლებად (იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ საკუთარი ინტერესები არ დევს) “ყოფილი მეგობრების” აყვავებას შეუწყოს ხელი. სამეულის სამხედრო ბლოკად ჩამოყალიბებას კი კრემლი სერიოზულ საფრთხედ განიხილავს.

ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: “ის, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ხიდის როლს ასრულებენ ევროპასა და აზიას შორის, რა თქმა უნდა, რუსეთს აღიზიანებს. ამ სახელმწიფოების დამოუკიდებელ გეოსტრატეგიულ ობიექტად ჩამოყალიბება ნიშნავს იმას, რომ რუსეთის გავლენა კავკასიაში აუცილებლად შემცირდება. ჩვენ რომ მჭიდრო კავშირში ვიყოთ ერთმანეთთან, ბუნებრივია, გეოპოლიტიკური მდგომარეობა ამ რეგიონში აუცილებლად სხვაგვარი იქნება. რაც შეეხება, სამხედრო ბლოკის ჩამოყალიბებას, ეს მცდარია. საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთიან სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად გაერთიანება დღის წესრიგში არ დგას და დარწმუნებული ვარ, არც არასოდეს დადგება”.

თუმცა, ბოლო დროს, ბევრი ალაპარაკდა “შავი ზღვა – კავკასია – კასპიის” მეგაინტეგრაციულ პროექტზე, რომელიც სიმბოლიზირებას უკეთებს ევროპისა და აზიის ხალხებს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ, სულიერ და ეკონომიკურ ურთიერთობებს. აქ უკვე ევროპის ინტერესებსაც მივადექით. თუმცა, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ევროპა და აშშ გარკვეულწილად, ერთია ჩვენთვის, სხვაობა მხოლოდ მათშია: ევროპას აზიისაკენ ხიდი ადარდებს უშუალოდ, ამერიკას კი ამერიკანიზაცია.

აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ პალმერსტონი, რომელიც ტრადიციულად კავკასიისადმი საკმაოდ გულგრილად იყო განწყობილი, 1953 წელს წარმოთქმული ფრაზა, რომლის მიხედვითაც, ბუნებამ თავად გაწირა მდინარეები: “ყუბანი” და “თერგი” საზღვრის როლისათვის “დესპოტურ რუსეთსა” და “თავისუფალ ევროპას” შორის.

ევროსაბჭოსა და აშშ-ის ურთიერთობები კავკასიის სახელმწიფოებთან, რომელიც დროდადრო ღრმავდება, აშკარა ხელის შემშლელ ფაქტორად ევლინება რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობას. რაც შეეხება სომხეთს, აქ მის მიმართ ინტერესები გაცილებით დაბალია, ვიდრე ორი მეზობლის, რადგან ჯერ ერთი – ყარაბახის პრობლემის მოგვარებაში საერთოდ არ ცნობს რუსეთის ინტერვენციის აუცილებლობას და მეორე – გეოპოლიტიკურად ნაკლებად სტრატეგიულია დანარჩენ ორთან შედარებით. თუმცა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მეოთხე ძალა, სამხრეთი, რომელსაც სომხეთი უფრო მჭიდროდ ესაზღვრება, ვიდრე ჩვენ. მაგრამ აქაც, სომხეთი ბევრად უსუსურია, ვიდრე საქართველო ან აზერბაიჯანი, ვინაიდან პირველი ისევ ყარაბახის გამო და მეორე იმიტომ, რომ თურქეთსა და ირანს ყველაზე მეტად ჩვენი ჩემპიონატის მიხედვით გასაღების ბაზარი აინტერესებთ.

რაც შეეხება რუსეთს, აქ, ჩვენი აზრით, ყველაფერი ნათელია. რუსეთს სურს, შეინარჩუნოს ის, რაც ჯერ კიდევ გააჩნია, სხვებს კი – მიიღონ ის, რაც ჯერ არ აქვთ. სწორედ აქედან გამომდინარეობს დაინტერესება, კავკასიაში კონსერვატიული და თავდაცვითი პოლიტიკა გატარდეს, ასევე რუსეთის ტოტალურ ინტერვენციას აშკარა ოპონირება გაეწიოს.

ნინო ბურჯანაძე: “აშშ-ისა და ევროპის მიმართ ჩვენ შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ მათ მხოლოდ კავკასიის სტაბილურ და დემოკრატიულ ფასეულობებზე აგებულ რეგიონად ჩამოყალიბება სურთ. სამწუხაროდ, რუსეთთან მიმართებაში ნამდვილად ვერ ვხედავ ორმხრივი ინტერესების გათვალისწინების მცდელობასაც კი. თუ რუსეთი ითხოვს მის მხარდაჭერას ჩეჩნეთთან კონფლიქტში, მას იმდენად უნდა აწუხებდეს, მაგალითად, ჩვენთვის მტკივნეული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემები, მით უმეტეს, რომ არცთუ უკანასკნელი როლი უკავია ამ კონფლიქტების წარმოშობაში”. მეორე ტური – საფრთხე კავკასიაში ინტერვენციის დროს

შეჯიბრის ეს ნაწილი გულისხმობს იმას, თუ რა საფრთხეს წარმოქმნის ამ მონაწილეთა ინტერვენცია კავკასიის რეგიონში და რამდენად დიდია რისკი.

აშშ, კავკასიაში ინტერვენციით, რომელიც ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას გულისხმობს, თავისთავად გამოიწვევს სახელმწიფოს მესამე ბერკეტის, სამხედრო სახის რისკს. ანუ რუსეთს, როგორც მოგახსენეთ, კავკასიის სახელმწიფოების სარფიანი თანაარსებობა არ აწყობს და აშშ-ის ეკონომიკური თუ პოლიტიკური ხელშეწყობით კავკასიის რეგიონში გავლენის დაკარგვის საშიშროებას ხედავს. თუმცა, აშშ-მა დაინახა, რომ რუსეთი საკმაოდ ბევრ რამეს ახერხებს ნებით თუ მის გარეშე. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რუსეთი საკმაოდ აგრესიულად რეაგირებს აშშ-სა და კავკასიის სახელმწიფოების სახოტბო განცხადებებზე, ამერიკა სულაც არ გამორიცხავს მასთან კონფლიქტის წარმოქმნის შესაძლებლობას, რომელიც თავისთავად მსოფლიო დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

იგივე შეიძლება ითქვას ევროპაზეც. თუმცა, მისთვის კონფლიქტური მდგომარეობა გაცილებით მწვავე აღმოჩნდება, ვიდრე ოკეანის იქით მდებარე აშშ-სათვის, ვინაიდან ევროპის დიდმა ნაწილმა უკვე იწვნია რუსი “დამშეულებისა” და მათი “ჩექმების” გემო.

რაც შეეხება რუსეთს, დასაკარგი მასაც ბევრი აქვს, მთავარი კი ის გახლავთ, რომ აფხაზეთსა და სხვა ცხელ წერტილებში ნატოს ჩარევას ერიდება, იმის შიშით, რომ იუგოსლავია არ განმეორდეს, ამდენად, რუსეთი აშშ-სა და ევროპას ერიდება ეს ორი კი – რუსეთს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთმანეთთან თანასწორნი არიან. პრობლემა მხოლოდ კავკასიის სახელმწიფოებს აქვთ, ვინაიდან ექსპერიმენტის ლაბორატორიად იქცნენ.

თუმცა, აქ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ თავად კავკასიის რისკი, უფრო მეტიც, საფრთხე, რომელიც პერმანენტულ შეგრძნებად გადაგვექცა, მაგრამ დღეისათვის საქართველოს მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ რუსეთს გული მოულბოს და ურთიერთობა დაარეგულიროს. რუსეთი უკვე იქამდეც მივიდა, რომ პრესის საშუალებით შემდეგ განცხადებას აკეთებს: “საქართველო დღეს თავად რუსეთს არ ეკითხება ისე ახორციელებს მოლაპარაკებებს აშშ-სთან და ევროპასთან”- ანდა რატომ უნდა შეეკითხოს?

გია ბარამიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე: “რუსეთი თავის სასარგებლოდ რეაგირებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არც ვაპირებთ შევეკითხოთ როგორ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მყარად გადავწყვიტეთ, დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან, ოღონდ ეს აუცილებლად კეთილმეზობლური უნდა იყოს და ითვალისწინებდეს ორივე მხარის ინტერესებს”. ნინო ბურჯანაძე: “თუ პროტესტს ვაცხადებთ იმაზე, რომ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთს ვიზა შემოაქვს ისე, რომ არც გვეკითხება, რა ტიპის ვიზაა, ბუნებრივია, ჩვენ სხვა არაფერი გვრჩება თუ არა ის, რომ მსოფლიო საზოგადოებას თავად გავაცნოთ, როგორ აფასებს საქართველო აღნიშნულ გარემოებას. თუმცა, არ შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს ჩვენი ბოლო ვიზიტი მოსკოვში, რომელიც ურთიერთშეთანხმებისა და კეთილგანწყობის ჩამოყალიბების პროცესის საწყისად შეიძლება ჩავთვალოთ”.

მოკრძალებული მეოთხე ადგილი აქაც სამხრეთ ნაწილს უკავია, რადგან ისევ და ისევ ბაზარია მხოლოდ დასაკარგი.

მესამე ტური – გაწეული ხარჯები
შეჯიბრის ამ ნაწილში სიტუაცია გაცილებით იოლად აიხსნება, ვიდრე წინაში, რადგან მას ძირითადად, ციფრები ასახავს. მეოთხე ტური – გავლენა კავკასიის რეგიონზე
დამეთანხმებით, ალბათ, რომ თავად კავკასიისათვის ეს ყველაზე მტკივნეული ნაწილია. რადგან ძნელია, როცა საქმე ისე ირჩევა, რომ შენი დაჩაგვრაც იზომება. აღნიშნულ ტურში თავისუფლად შეიძლება ოთხივე ადგილი რუსეთს მივანიჭოთ, ვინაიდან მისი გავლენა კავკასიაზე ძალზედ ძლიერია ყველა ასპექტში, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო თუ სხვა რამ.

თუმცა, ჩემპიონატის წესი ამის უფლებას არ გვაძლევს და ამდენად, აღმოჩნდა, რომ მას მხოლოდ პირველი ადგილი ერგო. საპატიო ადგილის მიზეზი კი ჩვენთვის საკმაოზე ნათელია. აფხაზეთი და სამაჩაბლო, სამხედრო თვალსაზრისით, სავიზო რეჟიმი პოლიტიკური კუთხით და “ნულოვანი ვარიანტი” – ეკონომიკურით.

მეორე ადგილი აშშ-ს ერგო მისი შემოწირული მილიარდებით, მესამე კი ევროპას, რომელმაც მხოლოდ მილიონები გაიმეტა. სამხრეთის პოზიცია კი ანალოგიურია, რაც წინა სამ ტურში.

ჩემპიონატის გარეთ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი რჩება გასარკვევი: თავად კავკასიის სამეულის ურთიერთობები ერთმანეთთან; აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დაინტერესება და სამომავლო ურთიერთობები როგორც კავკასიასთან, ისე მის მეტოქე რუსეთთან და სხვა.
“ჭირსა შიგან გამაგრება”-ო – უთქვამთ და მართალიცაა, რაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია, თუ თავად არ ვუწყობთ ერთმანეთის კეთილდღეობას ხელს. აზერბაიჯანი რუსეთთან ბაქო-ნოვოროსიისკს აწერს ხელს და ამით საფრთხის ქვეშ აყენებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს. თავად აზერბაიჯანი კი დღესაც, სომხეთთან კონფლიქტურ დამოკიდებულებაშია და ა.შ. თუმცა, ბევრს ასე არ მიაჩნია.

ნინო ბურჯანაძე: “მე არ მიმაჩნია, რომ ბაქოს მხრიდან ნავთობსადენის იგნორირება ხდება. ალიევმა საკმაოდ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ბაქო-ნოვოროსიისკი ნამდვილად არ შეუშლის ხელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება, რადგან ხელი უკვე იმ კომპანიებმაც მოაწერეს, რომლებმაც კონკრეტული სამუშაოები უნდა განახორციელონ. საქართველო არანაირ დისკომფორტს არ განიცდის აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებით, პირიქით, მათი დარეგულირება პოზიტიური მოვლენაა და ოპტიმიზმი იმის საფუძველს იძლევა, რომ რუსეთი იმიჯს შეიცვლის და დანარჩენ მეზობლებთანაც დაიწყებს მჭიდრო თანამშრომლობას”.

ყოველივე ამის ფონზე, ერთადერთი ნათელი წერტილი იმისათვის, რომ ოდნავ მაინც შევიმსუბუქოთ ცხოვრება (იგულისხმება მატერიალური მხარე), რადგან გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო, თავად არ ძალგვიძს ეს, გვრჩება შემოწირულობები, ე.წ. გრანტები, დახმარებები, სესხები და სხვა. ამისთვის კი აშშ-სა და ევროპას მივმართავთ. თუმცა, ახალი პრეზიდენტის მოსვლით, აშშ-მა შეიძლება რადიკალურად შეცვალოს დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. ყოველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ რუსეთს აგრესიით ეპყრობა.

ნინო ბურჯანაძე: “საქართველოს მიმართ დაინტერესება არ შეიცვლება. ის, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია დაინტერესებულია რუსეთის პოლიტიკით, ახლადჩამოყალიბებული პატარა მეზობლების მიმართ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. რაც შეეხება რუსეთთან მიმართებას, მე არ ვიტყოდი, რომ ის აგრესიულია, ალბათ, უფრო მკაცრი და პრაგმატულია, ვიდრე წინა ადმინისტრაციის დროს. შეიძლება ასეთი მკვეთრი პოლიტიკა თავად რუსეთისთვის იყოს სასარგებლო”.

გია ბარამიძე: “აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ აუცილებლად შეიცვლება ინტერესის გაძლიერების მიზნით. იქნება ეს ეკონომიკური თუ სხვა სფერო. დახმარებების თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც მინიმუმ არ შემცირდება. ყოველ შემთხვევაში, განწყობა ისეთია, რომ შეიძლება გაიზარდოს კიდევაც. ამაზე ერთი კვირის წინანდელი შეხვედრაც მოწმობს სენატორებთან, ლიბერმანთან და მაკქეინთან. კონკრეტული წინადადებები ეხება, როგორც ეკონომიკურ თანამშრომლობას, ისე სამხედრო პოლიტიკურს და სხვას”. სერიოზული ყურადღება ექცევა ასევე რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, ჩვენს მხარდაჭერას კონფლიქტების საკითხების მოგვარებაში და სხვა”.

მიუხედავად ყველაფრისა, მსოფლიოში არსებობს ძალები და ქვეყნები, რომელთა გრანდიოზული გეოგრაფიული და პოლიტიკური ფანტაზია საერთოდ არ ემთხვევა “კავკასიურ” ინტერესებს. რა მიზანიც უნდა იდოს ასეთ ლოგიკაში, მცდელობა იმისა, რომ ამ ქვეყნების რანჟირება მოხდეს მათი სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური ინტერესის თუ გავლენის მიხედვით, უმჯობესი იქნებოდა განხორციელდეს ანკარისა და თეირანის “ისტორიული” ინტერესების გათვალისწინებით.