ელენე თევდორაძეს პროტესტის გრძნობა უჩნდება, რომ პენიტენციალური სისტემის რეფორმა სატელევიზიო შოუს დაემსგავსა

მათე მელია
2000 წელს საქართველოს ეკონომიკაში სერიოზული სტაგნაცია გრძელდებოდა. დაფიქსირდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ყველაზე დაბალი ტემპი – 1,9%. შეიძლება ეს ოფიციალური მაჩვენებელიც დადგეს ეჭვის ქვეშ და მდგომარეობა უფრო კრიზისულად წარმოგვიდგეს, თუ მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურას გავაანალიზებთ და გამოვყოფთ ძირითად ტენდენციებს.

მთლიანი შიდა პროდუქტის 22% სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე მოდის, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით სერიოზულად შემცირდა, დაახლოებით 15%-ით (დარგი განადგურების პირასაა). რაც შეეხება მრეწველობას, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, წარმოების ზრდამ 106,4% შეადგინა, 2000 წელს წარმოებული მთელი სამრეწველო პროდუქციიდან (1890,4 მლნ. ლარი), 628,7 მლნ. ლარი მოდის ე.წ “შინამეურნეობაში წარმოებული სამრეწველო ხასიათის პროდუქციაზე”. დამეთანხმებით, ეს მაჩვენებელი, ალბათ, სათუოა, რადგან ძნელია წარმოიდგინო, რა სახის სამრეწველო პროდუქცია შეიძლება აწარმოო სახლში. ეს ხომ ყველი, ხორბალი და გოჭი არ არის, ასევე ძნელია შროშის დოქების ამ მოცულობით წარმოება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მრეწველობის ზრდა 106.4% არ ყოფილა, არამედ, როგორც სოფლის მეურნეობას, მას წინა წელთან შედარებით ისევ კლების ტენდენცია ახასიათებდა. გარდა ამისა, მთელი სამრეწველო წარმოების მოცულობა ფოკუსირდება სამ ძირითად მაჩვენებელზე:

სამრეწველო პროდუქტის სტრუქტურა 2000 წელს

1

1) მისი 28,5% მოდის “კვების პროდუქტებისა და სასმელების გამომუშავებაზე” (აქ, ძირითადად, პური და უალკოჰოლო სასმელებია); 2) 10,5% – ჯართის წარმოება და 3) 38,71% – ელექტროენერგიის წარმოება (კიდევ კარგი, რომ მე-9 და მე-10 ბლოკები პერმანენტულად ავარიულად ჩერდებიან, თორემ, ასეთი მიდგომით სამრეწველო წარმოების ბუმი გვექნებოდა) და წყალმომარაგება. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ, როგორც სოფლის მეურნეობა, ისე მრეწველობის ზრდა 2000 წელს უარყოფითი ნიშნულის მხარეს იყო და სერიოზული კლებით ხასიათდებოდა. თუ გავითვალისწინებთ ამ ორი დარგის ხვედრით წონას – 21,5+13,3% საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაში, რომელიც ოფიციალური მონაცემებით 6,2 მლრდ. ლარს შეადგენს, ნათელი გახდება მთლიანობაში ჩვენი ეკონომიკის ის კრიზისული სურათი, რომელიც 2000 წელს იყო. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სერიოზულად შემცირდა (284 მლნ. ლარი) ინვესტიციების მოცულობა და დაფიქსირებულის 52%-საც კავშირგაბმულობის მოწყობილობები შეადგენდა (არშემდგარი სატელეფონო კომპანია “ჯთ”). აქვე უნდა აღინიშნოს კურიოზი საგარეო ვაჭრობაში, სადაც მთელი ბრუნვის 1034 მლნ. აშშ. დოლარში 384 მლნ. ექსპორტი იყო, რომლის ლომის წილსაც ჯართის გატანა წარმოადგენდა, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსული სამხედრო ტექნიკის ევაკუაციაზე და 16 მლნ. დოლარის რეექსპორტზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპორტის ამ მოცულობაში (324,4 მლნ. დოლარი), რუსეთის არმიის მიერ გატანილმა ტექნიკამ 44 მილიონი დოლარი შეადგინა, რომელიც არსებული არასწორი მეთოდოლოგიის გამო, ექსპორტად ჩავთვალეთ. სწორედ ამიტომ, წინა წელთან შედარებით ექსპორტის 38,7%-იანი ზრდა მივიღეთ. რუსული ტანკები საიდანაა ჩვენი ექსპორტი? რაც შეეხება დანარჩენს, ეს არის შავი ლითონის ჯართი – 20 მლნ. დოლარი (შავი ლითონის 7,7 მლნ. დოლარს მიმატებული 11,9, ე.წ. საქვაბე მოწყობილობები, ძველი დაზგა-დანადგარები ჯართად ასეთი დასახელებით გადის) და 10 მლნ. დოლარ ალუმინის ჯართს პლუს სპილენძის ჯართი 4 მილიონი, საბოლოო ჯამში, შავი და ფერადი ჯართი – 35 მლნ. დოლარი, ე.ი. ექსპორტის 22% ჯართზე მოდის და 16% რუსეთის ტექნიკის გატანაზე. ამას უნდა დაემატოს 15882000 დოლარის რეექსპორტი, მთელი ექსპორტის 7%, რომელიც არ წარმოებულა საქართველოში. ექსპორტის 45-50% არ განეკუთვნება წმინდა ექსპორტს, არამედ შეადგენს ძველი რუსული ჯართისა და ახალი რუსული ტექნიკის გატანას პლუს მესამე ქვეყნის ტრანზიტული ტვირთი. ამ ციფრის გამოყენებით ვნახავთ, რომ ექსპორტით იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი არის არა 47,1%, როგორც ოფიციალურ ბიულეტენშია (რომელიც, თავის მხრივ, ერთ-ერთი უმძიმესია), არამედ 160:6885=15%, რაც კატასტროფულია. საგადამხდელო ბალანსის ასეთი უზარმაზარი დეფიციტი მიუთითებს შემდეგზე:

2

ა) საფრთხე ექმნება ლარის სავალუტო რეზერვებს და მოსალოდნელია მისი კურსის დაცემა;
ბ) ქვეყნის ეკონომიკაში სერიოზული ადგილი უჭირავს ჩრდილოვან, აღურიცხავ ეკონომიკას, რადგან შეუძლებელია ასეთი უზარმაზარი მასის იმპორტის დაფინანსება საგადასახადო ბალანსის ამგვარი დეფიციტის პირობებში, თუ არა იმ თანხით, რომელიც ჩრდილოვანი ეკონომიკის სფეროში ბანკებს გარეთ მიმოიქცევა;
გ) ჯერ კიდევ ადგილი აქვს კაპიტალის სერიოზულ შემოდინებებს მეზობელი ქვეყნებიდან, რასაც, ჯერჯერობით, საფინანსო ბაზარი “უჭირავს”, მაგრამ ნაკადების შემცირება ამ უკანასკნელის კრახით დამთავრდება;
დ) ექსპორტ-იმპორტის აღრიცხვა, როგორც მეთოდოლოგიურად, ისე რეალური ციფრების მხრივ, სინამდვილისაგან შორს არის;
ე) აუცილებელია, საქართველოში სავალუტო კონტროლის შემოღება. მიუხედავად იმისა, რომ 2000 წელს იმპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით 90,6 მლნ. დოლარით გაიზარდა და 688,5 მლნ. დოლარს მიაღწია, ბიუჯეტში მისი დაბეგვრიდან მიღებულმა შემოსავლებმა 264,4 მლნ. ლარი შეადგინა. ეს თითქმის იმდენივეა, რაც გასულ წელს.

სიგარეტიდან ბიუჯეტში 24,1 მლნ. დოლარით ნაკლები შემოვიდა, ხოლო ნავთობპროდუქტების იმპორტის მოცულობამ, შარშან დაფიქსირებულის ნახევარი შეადგინა, ე.ი. იმპორტის ზრდა არ გადაიქცა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდად.

აქედან ერთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეკონომიკაში ერთადერთი რეალური ზრდა მხოლოდ იმპორტის მოცულობის ზრდაში მოხდა, მაგრამ ამან ბიუჯეტის შემოსავლებსა და მისი დეფიციტის შემცირებაზე პოზიტიურად მაინც ვერ იმოქმედა.

იმპორტის მოცულობისა და მისი დაბეგვრით საბაჟოდან ბიუჯეტში შემოსული თანხების

დინამიკა 1999-2000 წელს

3

ყოველივე ეს ნათელს ჰფენს იმ გარემოებებს, რომ:
1. ჩვენი ქვეყნის მშპ 2000 წელს საერთოდ არ გაზრდილა. დომინირებდა ეკონომიკის სამომხმარებლო ხასიათი. შიდა წარმოება დღითიდღე მცირდება და ამავე პროპორციით იზრდება იმპორტი;
2. ჩვენი ქვეყნის მრეწველობა და სოფლის მეურნეობა ღრმა კრიზისშია და მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება, მრეწველობის რეალური დარგები ჩერდება. პრობლემები შეიქმნა ტრანსპორტში, სადაც 44%-ით შემცირდა ტვირთბრუნვა, სოფლის მეურნეობა საბრუნავი თანხების გარეშე დარჩა, სოფლად ფულის ნიშნები საერთოდ არ ბრუნავს და შრომის სტიმული იკარგება. წარმოებითი ურთიერთობა, ნატურალური მეურნეობა მახინჯ ფორმებს უბრუნდება. სოფლის მეურნეობას არ შესწევს კვლავწარმოების უნარი;
3. სახელმწიფოს ვალმა, რომელმაც 4119,9 მლნ. ლარს მიაღწია (1432,7 შიდა და 2682,2 საგარეო) და მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 70% შეადგინა, აგრძელებს ზრდას და ქვეყნის ეკონომიკის მომავალ განვითარებას საფრთხეს უქმნის. თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკის მომხმარებლურ ხასიათს და ინვესტიციების (არც გარე, არც შიდა) არარსებობას, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკის სირთულეებს, ასეთი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში,E2002-05 წლებში ვალების მომსახურების გამო საქართველოს დეფოლტის საშიშროება უჩნდება;
4. ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის 50% ისევ სახელმწიფო საწარმოებში იწარმოება. შესაბამისად, დასაქმებულთა 52% სახელმწიფო სექტორშია თავმოყრილი, რაც საგანგაშოა და მიუთითებს საბაზრო ეკონომიკის სუსტ განვითარებაზე, რომელიც, თავის მხრივ, კრიზისის ერთ-ერთი მიზეზია. ეს უკანასკნელი ნათლად მიუთითებს, რომ ჩვენ არა თუ შორს ვართ საბაზრო ეკონომიკისაგან, არამედ გვაქვს ძველი იუგოსლავიის ტიპის სოციალიზმი. სოციალიზმი ბატონობს საკუთრებაში, საწარმოო ურთიერთობებში. ეკონომიკის მართვის სახელმწიფო მეთოდებიც ბევრად არ განსხვავდება სოციალისტურისაგან. რაც მთავარია, მენტალიტეტი სოციალისტური გვაქვს. ჩვენთან მოსახლეობისა და პოლიტიკოსების დიდი ნაწილისათვის ბიზნესი კვლავ სპეკულაციაა და ბიზნესმენი “სისხლისმწოველი წურბელა”, რომელიც “მშრომელი მასების” ექსპლუატაციითა და მოტყუებით “აურაცხელ” სიმდიდრეს ხელში იგდებს, შემდეგ ემუქრება “ანგელოზ”, “არაკომპრომიტირებულ” პოლიტიკოსებს, ავიწროებს მათ, პოლიტიკაში იკავებს ადგილს და ებრძვის მასების ნათელ მომავალს.

ჩვენ შინაგანად მზად არ ვართ საბაზრო მექანიზმზე დაყრდნობილი მკაცრი, შეუბრალებელი, მაგრამ თავისუფალი ეკონომიკის მშენებლობისათვის, ჩვენთვის ეს ძალიან უცხოა, რადგან 200 წელი რუსეთის ჩექმის ქვეშ ვცხოვრობდით. ვყიდდით რაც გაგვაჩნდა, ვძარცვავდით და ვთათხავდით ერთმანეთს, ვასმენდით და ვასმენთ კავკასიის ქედს, თუ ოკეანეს გადაღმა, რათა “პატრონს” ვასიამოვნოთ და შინ ამაყად ვიმღეროთ “ჩაუხდეთ მუხრან ბატონსა…”,…არსენას ძეგლს ვუდგამთ და ვადიდებთ პრინციპს – “მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს”. ჩვენ სისხლში გვაქვს უშრომელი შემოსავალი და დიდი ხანი დაგვჭირდება, რომ განვიწმინდოთ “აზიური სიზარმაცისა და აღმოსავლური ინერტულობისაგან”. ყოველივე ეს კარგად ვიცით, მაგრამ რომ მოვიპოვოთ პოლიტიკური კაპიტალი და გავამართლოთ სკამებზე პრეტენზია, ხალხის ინტერესებს ვიცავთ და გულზე მჯიღების ბრაგუნით გავყვირით: ჩვენ წმინდანები ვართ, ის “ვიღაცები” – კორუმპირებულები. ისე, კორუფციაზე გამახსენდა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის “ოჯახს” ადამიანის შეწყალებაში წელს დიდი “მაყუთი უჩალიჩია”. სულ იანვარში 140 კაცი შეიწყალა. აქედან, ორის საქმე “გაუბაზრდა”. მისმა ცოლის ძმამ მათ შეწყალებაში 400000 დოლარი “ჩაიჯიბა”. აი კორუფცია! ეს, რაც “გაბაზრდა”, რაც არა… თან ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც სახელმწიფო მაღალი რანგის მოხელეს, წლიურად $ 100000-ზე ნაკლები ხელფასი არ აქვს.

4
ჩვენთან კი სახელმწიფო მინისტრის წლიური შემოსავალი 800 აშშ დოლარია, მინისტრების – უფრო ნაკლები. ეს ოფიციალურად გამოქვეყნებულ2 199 ლარიან მომუშავე პირის საარსებო მინიმუმზე დაბალია. კორუფციისთვის იმ მდიდარ ქვეყანაში ვერ მოუვლიათ (რომ არაფერი ვთქვათ საფრანგეთზე, გერმანიასა და თურქეთზე), რომელი შვიდკაცა მოუვლის მას საქართველოში? ან ეს უცხოელები ასე დაჟინებით რატომ გვიკიჟინებენ? გეგონება იქ, შინ, კორუფციის სინსილა გაწყვიტეს და ახლა აქ უნდა ებრძოლონ. საინტერესოა, როგორ გვაქვს გეგმაში, რამდენ წელიწადში უნდა ავაშენოთ საქართველოში შვეიცარიის სტანდარტის ქვეყანა?!

არადა, გაოგნდა ერი. ვერ გაარჩია მტყუან-მართალი. ის კი არ იცის, რომ ჯერ პოლიტიკური სექტორების და ვექტორების განაწილების დროა და ეკონომიკისთვის არავის სცხელა. მთავარია, ვექტორები დავიჭიროთ სექტორში, თუ არა და, რად გვინდა აყვავებული ეკონომიკა, სექტორში შენ თუ არ იქნები. ხალხი? ხალხი მოითმენს, როგორც ყოველთვის! არ მოითმენს და, იმ ოსის არ იყოს ჭაში რომ ჩავარდა, სად წავა?! თუ მას ვიღაც არ მართავს, ისე ნაბიჯს ვერ დგამს, ჰოდა, ვინც უნდა მართავდეს, ის პოლიტიკური სექტორ-ვექტორომანიითაა გართული. ასე ვივლით იმ შორეული ქვეყნისაკენ, რომელსაც საბაზრო მექანიზმზე და კერძო საკუთრებაზე აშენებული საქართველო ჰქვია. ჩვენ ჯერ ეგვიპტეში ვართ და ჩვენი მოსე ფარაონთან არკვევს საკითხს, უდაბნოსკენ გზაო და ხვალეო…

დღესდღეობით კი საზოგადოება 4 ნაწილად არის გახლეჩილი (იხ. სქემა).

დაიბნა ერი და ბერი. ვერ გაიგო, რაშია გამოსავალი, ვინ არის მისი კეთილისმყოფელი. არ ჩანს, ვინ ცდილობს ერის ფსიქოლოგიურ გახლეჩას და ვინ იღწვის მათი ნათელი მომავლისთვის.

ერთადერთი ხსნა სრულ კერძო საკუთრებაში, გამჭვირვალე, თანასწორუფლებიან ბიზნესგარემოს შექმნაში, ბიზნესმენების და კერძო საკუთრების წმინდათაწმინდად გამოცხადებაშია. არაა სხვა რამ ბუნებაში, გარდა პირადი ინტერესისა. პირადი ინტერესი იმანენტურად მოითხოვს საზოგადოების ინტერესების ზეობას, რადგან მარტო ვერ შექმნი და დაიცავ სიმდიდრეს. მუდმივ ჭიდილში მიმდინარეობს სელექცია, ევოლუცია და მყარდება ბალანსი. ეს ბუნების კანონია, მათ შორის, ადამიანთა ბუნებისა. ინგრევა ყოველივე, რაც ბუნების წინააღმდეგაა. ვინც საწინააღმდეგოს მოუწოდებს – დემაგოგია. კერძო საკუთრებას და ბიზნესს არ ახასიათებს რანჟირება: ასეთი, ისეთი, ნაწილობრივი, რეგულირებადი, სოციალურად ორიენტირებული – ეს ზღაპრებია და ტუტუცობა. თავისი სამყაროთი და შუქჩრდილებით ის, ან არის, როგორც საბაზრო ეკონომიკა და თავისუფლება, ან არა;

5. ყალიბდება უცნაური სიტუაცია: ასეთი მძიმე ეკონომიკის მქონე ქვეყანას რეკორდულად დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი აქვს – 4.6%, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე (შOშ!). ამავე დროს უცხოურ ვალუტაში კომერციული ბანკებიდან გაცემული კრედიტების ოდენობა 3,7%-ით აღემატება ლარებში გაცემულს. ბუნებრივია, 2001 წლის იანვარ-თებერვალში ლარის კურსი განუხრელად ეცემოდა. ეკონომიკის კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ კურსი კვლავ დაეცემა ან გააგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩვენთვის “მოცემული” ტრანშების შეჭმას და მის ხარჯზე “ამაყად” იქნება.

არის ერთი სერიოზული საშიშროება. მეზობელ თურქეთში სერიოზული ფინანსური კრიზისი დაიწყო. ლირას დევალვაცია კატასტროფულ მაჩვენებლებს აღწევს. მოსალოდნელია, თურქული იმპორტის გაიაფება და საქართველოს ბაზარზე უზარმაზარი სასაქონლო ნაკადების შემოვარდნა დემპინგურ ფასებში. შემდგომ ლარზე რეალიზაცია და დოლარის გადახურდავების გზით, კაპიტალის სერიოზული ექსპორტი საქართველოდან. ეს დიდ დარტყმას მიაყენებს ლარს და ეკონომიკასაც და გამოიწვევს შიდა ეკონომიკის კრიზისს. ეს უფრო უარესი იქნება, ვიდრე 1998 წლის აგვისტოში რუსეთის კრიზისის შემდეგ ერგნეთის ბაზრობის წარმოშობა და რუსეთიდან სასაქონლო ინტერვენცია. აქ სერიოზული პრობლემებია და დაცვის მექანიზმი ჯერ არ ჩანს;

6. სამომხმარებლო ფასები თითქმის გაყინულია, რადგან ეკონომიკაში ფულის შიმშილია. სოფლად საბრუნავი სახსრები საერთოდ არ არის. სოფლის მეურნეობა მთლიანად ფულის გარეშეა, რაც უახლოეს ხანებში მის საერთო კრახს გამოიწვევს. დაიწყება სასაქონლო ფასების ზრდის ბუმი. ჯერ საწვავზე გაიზრდება ფასები, შემდეგ 50%-ით თითქმის ყველა საქონელზე. ამას ხელს შეუწყობს ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარების სრული აღრიცხვა და მოხმარებულზე ფასების გადახდა.

II-III კვარტალში სამომხმარებლო ფასების აფეთქებაა მოსალოდნელი. რაც იმანენტურად ბაზრის (მოხმარების) შემცირებას გამოიწვევს, საბრუნავი სახსრების შიმშილი და ინფლაცია ეკონომიკას ჩაქუჩივით დაარტყამს და გააღრმავებს კრიზისს.

მთელი მოსახლეობის (5 მლნ ადამიანი) 25%-ია დასაქმებული, ოფიციალური მონაცემებით – 1.300.000. მომუშავე მამაკაცების საარსებო მინიმუმი 199 ლარია, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო სექტორში მომუშავე ადამიანები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან. ოფიციალურად აღიარებულია, რომ სახელმწიფო სექტორი შიმშილობს, ანუ დასაქმებულთა ნახევარი. ჩრდილოვანი ეკონომიკიდან და არალეგალური შემოსავლებიდან ამჟამად არსებული წყაროების იგნორირებას სპეციალურად ვაკეთებთ;

7. 76000 რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტიდან, საიდანაც 2000 წლის ჩათვლით 46000 არ ფუნქციონირებს, ჩვენი გამოთვლებით, 10-15.000 კიდევ გაჩერდება. მრეწველობის 15 დარგი, ოფიციალური მონაცემებით, გაჩერებულია და უახლოეს მომავალში მათი ამუშავების პროგრამა არ არსებობს.. საგადასახადო ტვირთის (პრესის), მეწარმეთა არათანასწორუფლებიანობის და კონტრაბანდის მოზღვავების გამო, ლეგალური ბიზნესი არარენტაბელური გახდა. ამიტომ, დიდი ნაწილი გადადის არალეგალურ მდგომარეობაში. ექსპერტთა აზრით, თუ ეს შეფარდება 1999 წელს იყო 3/2 ლეგალურის სასარგებლოდ, 2000 წელს შეიცვალა 2/3 არალეგალურის სასარგებლოდ. ტენდენცია ღრმავდება;

8. ბიუჯეტში ცენტრალური ნაწილი 446 მლნ. ლარით შეივსო, რაც წინა წელთან შედარებით ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ წელს გაიზარდა იმპორტის მაჩვენებელი, ბიუჯეტში შესული თანხები თითქმის არ გაზრდილა. უფრო მეტიც, სიგარეტიდან და ნავთობპროდუქტებიდან გაცილებით ნაკლები შევიდა, რაც შემოსავლების 40%-ია. მთლიანად საგადასახადო შემოსავლების 707 მლნ. (ადგილობრივ ბიუჯეტს + სპეციალური ფონდები), მოხმარდა პენსიებს, ხელფასებს და ბიუროკრატული აპარატის შენახვას + უმნიშვნელო ვალების მომსახურება ანუ, არ გამოინახა არანაირი სახსარი კაპიტალიზაციისა და დაგროვებისათვის და არ შექმნილა არც ერთი სამუშაო ადგილი. იგივეა ჩადებული 2001 წლის ბიუჯეტში, რომელიც ასევე სამომხმარებლოა.

ბუნებრივია, არც შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო. იქ, სადაც სამუშაო საათებში საწარმოებს შუქი არ მიეწოდებათ, სადაც საგადასახადო “პრესის” სიმძიმე 67%-ზე მეტია და ლეგალური ბიზნესი არალეგალურის ტყვეობაშია. ბაზრებსა და გარე ვაჭრობაში თუ საზღვრისპირა ვაჭრობებში ეს უკანასკნელი იმდენად ლეგალიზებულია, რომ ანგრევს ეკონომიკას და ფულს აუფასურებს. მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში მხოლოდ მოლდავეთს ჰქონდა ასეთი კრიზისული წელი.

2001 წელს კრიზისი ღრმავდება. ვაჭრობის (განსაკუთრებით ტანსაცმლის ვაჭრობა) საწარმოების უმრავლესობა ზარალიანი ხდება, ბევრი მათგანი იკეტება, ასევეა მომსახურების სფეროები (საპარიკმახეროების, კაზინოების გარდა) და საზკვება. საქართველოში რეალურად 20 რესტორანი მუშაობს, აქედან, 16 თბილისშია. მუშაობენ პურის საცხობები (ისიც მოპარულ ელექტროენერგიაზე და კონტრაბანდულ დიზელზე) და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები. ასევე ყვავის წამლის ბიზნესი, რომლის 99% უცხოურია და იმაზე მიუთითებს, რომ ერი…

2001 წელს კრიზისი მთელ მსოფლიოშია მოსალოდნელი. სტაგნაცია ელოდება ამერიკის ეკონომიკას. იაპონია სტაგნაციიდან კრიზისში გადადის. ევროს გაუფასურებამ ევროპას ვერ უშველა, ექსპორტი მაინც ძვირი აქვს და საგარეო ვაჭრობის ბალანსი – დეფიციტური. წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების საფონდო ინდექსირებაც ეცემა, კრიზისია ტექნოლოგიატევად დარგებში.

ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე კვლავ გაიზრდება. მან ბარელზე 30 დოლარს გადააჭარბა. ჩვენთან და მსოფლიოში კრიზისის შემდგომი გაღრმავების ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ჩანს, ნავთობი იქნება.

მსოფლიო არ არის გულხელდაკრეფილი. იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, წარადგინა გეგმა გადასახადების შემცირებაზე (1,6 ტრილიონი), რითაც საქმიანი აქტივობის გაზრდას ცდილობს, ასევე ტექნოლოგიატევად დარგებში NASSA-ს რაკეტსაწინააღმდეგო პროექტი შეკვეთებს და ბიზნესაქტივობას გაზრდის. ევროპა ცდილობს, რუსეთისგან ვალების ამოღებას და თავის ქვეყნებში ინვესტიციების გაზრდას. მსოფლიო დღე და ღამე ამუშავებს 2001 წლის ეკონომიკური ტორნადოების თავიდან აცილების გეგმას. ჩვენ?

საქართველოსათვის 2001 წელი ერთ-ერთი უმძიმესი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა პრაქტიკულად სრულდება, (ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად) ხელფასები და პენსიები მაინც გაუცემელია. ეს ნახევარი უბედურებაც არ არის იმასთან შედარებით, რაც ხდება მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მიმართ. თეთრიც კი არ იდება კაპიტალიზაციის კუთხით. 2001 წელს ბიუჯეტი შორს დგას ეკონომიკისაგან. არ გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტი თუნდაც ერთი დარგის გადარჩენის. სოფლის მეურნეობა მომაგონებს კოსმოსურ ხომალდ “მირს”, რომელიც განწირულია დასაღუპად. ახლა მთავარია, ის წყნარ ოკეანეში ჩავარდება თუ ატლანტიკის. დაიკარგა ერთადერთი რეალური საგარეო ბაზარი რუსეთის სახით. თურქეთის ბაზარს კრიზისი ჯიჯგნის, ახალი ბაზარი კი, ჯერჯერობით, არ ჩანს. რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას, ისეთ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს საგადასახადო კოდექსი უცხო ქვეყნისათვის არის დაწერილი და ბიზნესგარემოს შეცვლაზე ხომ, ალბათ, ოცნებაც ძნელია.

5

რაშია გამოსავალი?
კითხვა ბანალურია! არსებობს გზები, რომლებიც შეარბილებენ მსოფლიო კრიზისის საქართველოზე ზემოქმედებას და თუ არა 2001 წელს, 2002 და 2003, 2004 წლებში მაინც გამოაჩენენ ეკონომიკის რეალურ კონტურებს.

კერძოდ: ჩვენ არ გვაქვს მთავარი – კოორდინირებული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც კონკრეტულ ეროვნულ ეკონომიკურ სტრატეგიას ეყრდნობა. ცალკე არსებობს ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკა, რომელიც მიზეზ-შედეგობრივად არ არის დაკავშირებული ფისკალურ პოლიტიკასთან. ეს უკანასკნელი ეროვნული ეკონომიკის მაკროეკონომიკურ გეგმასა და პარამეტრებთან კონტექსტში არ არის, რომელიც შრომითი რესურსების და სოციალურ პოლიტიკას არ უკავშირდება, ეს, თავის მხრივ, მოწყვეტილია სოფლის მეურნეობის პოლიტიკას და ამოვარდნილია საგარეო ეკონომიკის სავაჭრო-სავალო პოლიტიკიდან. მოკლედ, ყველაფერი არსებობს თავისთვის და არა, როგორც ერთიანი. საჭიროა ამ ყველაფრის კოორდინაცია და ერთიანი კრიზისიდან გამოსვლის დოქტრინა, რომელსაც სინქრონული მექანიზმი ექნება. ეს იქნება სტრატეგიული ხასიათის ეროვნული პროგრამა და კონკრეტული მექანიზმები მომავალი 3-6 წლის განმავლობაში სამოქმედოდ.

მთლიანი პრივატიზაცია და სამრეწველო საწარმოების გამოყვანა ადგილობრივი ხელისუფლებისა და უწყებრივი დოქტრინისგან და მათი გაყიდვა რეალურ ინვესტორებზე.

ამ პროცესთან ერთად ეკონომიკა უნდა იყოს გამჭვირვალე და თანასწორუფლებიანი სუბიექტების ასპარეზი. ყოველი “განსაკუთრებული” მიდგომა ანგრევს ეკონომიკას;

– ეროვნული წარმოების დარგების ზომიერი პროტექციონიზმი, რომელიც არ გადაიზრდება უცხოელთა დისკრიმინაციაში, არამედ იქნება ახლადფეხადგმული ბაზრის ქართველი სუბიექტების ერთგვარი “ფორა”;

– ეკონომიკის სამომხმარებლო ხასიათიდან კაპიტალიზაციის შტრიხების შეტანა და საქართველოს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის შექმნა, სადაც ყოველ წელს გროვდება ბიუჯეტის 10%, და კონკურსის (ტენდერის) საფუძველზე 2-3 დარგში ახალ ინვესტირებას მოხმარდება. ეს იქნება მომავლის ფონდი, სადაც აკუმულირებული თანხა 20-30 წლით სესხად გაიცემა “ლიბორის” საპროცენტო განაკვეთით;

– კომუნისტურად აღზრდილი (ხშირად ძალიან კომპეტენტური) მოქალაქეების გადაკვალიფიცირება და შეიქმნას “ქართული კაპიტალის და ბიზნესმენის გადარჩენის ფონდი”, რომლის დანიშნულება იქნება ახალი თაობის ქართველ მენეჯერთა ხელშეწყობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, სხვადასხვა პროექტების შემუშავება და რეკლამირებაში დახმარება. ეს იქნება ინტელექტუალური საკუთრების დაცვა თუ მათი რეკლამირების საშუალება. “საქართველოს მომავლის ფონდი” იქნება ჩვენი ინტელექტუალუერი გენფონდის შენარჩუნების გარანტი;

– ფისკალური რევოლუცია. ეს იქნება მაკროეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმების საფუძველზე ახალი ფისკალური სტრატეგია. ეს არ ნიშნავს დაბეგვრის ადვალურ ფორმაზე უარის თქმას და ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლას. ბრუნვის გადასახადზე გადასვლა თუ მთლიანობაში ეკონომიკის პრიორიტეტებთან არ იქნება განხილული, მოუფიქრებელ ნაბიჯს და ახალ ექსპერიმენტს მივიღებთ. საგადასახადო პრესის სიმძიმე აღმაშფოთებელია არა მარტო განაკვეთების, არამედ გამოთვლის მეთოდების ადმინისტრაციული დიქტატის თუ ტექნოლოგიების გამოც;

– ერთიანი შრომითი და სოციალური გადასახადების შემოღება მისი რეალური განაკვეთით და გადასახადის გადახდის მექანიზმის გამარტივება;

– საგარეო ინექციების მიღების ახალი სქემისა და მისი პრესინგული მონიტორინგის მექანიზმის შემოღება;

– ყოველი დარგის წარმოებისა და მოხმარების, ადგილობრივი რესურსების გამოყენების, თუ ბაზრის რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინებით, ერთიანი ეკონომიკური სტრატეგიული დარგის ანუ კრიზისიდან ეკონომიკის გამოყვანის პროგრამის შექმნა.

ყოველივე ეს პროფესიონალების მიერ არის გასაკეთებელი, რათა 2002-2003 წლებში შეჩერდეს კრიზისის გაღრმავება და 2004 წლიდან წინსვლა დაიწყოს.