რეგიონალური ეკონომიკა: სომხეთი, აზერბაიჯანი

მოამზადა სოფო გოგოლაძემ

სომხეთის ეკონომიკა ტურიზმი სომხეთში, ძირითადად, კერძო სექტორის ხარჯზე ვითარდება “თუმცა, მთავრობაც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ტურიზმის სფერო განვითარდეს და ჩვენს ქვეყანას სტუმრობდნენ არა მარტო ზაფხულში, არამედ ზამთარშიც. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ საერთაშორისო ტურიზმში ინტეგრაციისთვის”,-განაცხადა სომხეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, არა პეტროსიანმა, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის – CTS 2005 გახსნისას.

CTS 2005 გამოფენა ორგანიზებული იყო ტუროპერატორების ამერიკული კავშირის ASTA-ს სომხეთის წარმომადგენლობის მიერ, სომხეთის ვაჭრობის და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით. მასში მონაწილეობა მიიღო 33 კომპანიამ სომხეთიდან, ბელორუსიიდან და ირანიდან.

გასული წლის დეკემბერში სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა ტურიზმის განვითარების ყოველწლიური პროგრამა 2005 წლისთვის. ტურიზმის წილი სომხეთის მშპ-ში 5-6%-ს შეადგენს.

21 აპრილს თბილისში გაიხსნა სომხეთის წარმოების საქონლის და მომსახურების ეროვნული გამოფენა “სომხეთი დღეს EXPO 2005”

“გამოფენის ძირითადი მიზანია – სომხური საწარმოების საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოება, ქართველ ბიზნესმენებთან ორმხრივად ხელსაყრელი კონტაქტების დამყარება, არსებული საქმიანი კავშირების გამყარება, გაერთიანებული საწარმოების შექმნა, – ამბობენ ორგანიზატორები.

გამოფენის ქართველი ორგანიზატორები თვლიან, რომ მოცემული ღონისძიება სომეხი მწარმოებლების ექსპორტს შეუწყობს ხელს, გააფართოებს ქართულ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას, გაამყარებს რეგიონალურ კავშირებს.

გამოფენის ძირითადი თემატიკა იყო: დაზგების წარმოება, მანქანათმშენებლობა, ქვის დამუშავება, საიუველირო და ქიმიური მრეწველობა, ხელსაწყოთწარმოება, ელექტროტექნიკა და ელექტრონიკა, სამშენებლო მასალები, საღებავები და ლაკები, სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვები, ტურიზმი, კვების პროდუქტები და სასმელები.

გამოფენა ჩატარდა სომხეთის ვაჭრობის და ეკონომიკური განვითარების პატრონაჟით და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მეწარმეთა და მრეწველთა კავშირის ოფიციალური მხარდაჭერით.

სომხეთის სამრეწველო წარმოების მოცულობა 2005 წლის პირველ კვარტალში 5,1%-ით გაიზარდა წინა წლის მონაცემებთან შედარებით და 144,1 მლრდ დრამი შეადგინა (დაახლოებით 324 მლნ დოლარი).

სამრეწველო წარმოების მოცულობის ზრდამ 8,5% შეადგინა, ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა 6%-ით და 1 მლრდ 847,6 მლნ კვტ/სტ შეადგინა. სასოფლო-სამეურნეო წარმოება 1,1%-ით გაიზარდა (თებერვალთან შედარებით წარმოების ზრდა 26,9%).

აღსანიშნავია, რომ 2004 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში სომხეთის ეკონომიკაში 106,3 მლნ დოლარი იყო ინვესტირებული.

2006 წელს აზერბაიჯანის ბიუჯეტი 3 მლრდ დოლარი იქნება

როგორც აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრი, ავაზ ალეკპეროვი ამბობს, ბოლო წლებში მთავრობის მიერ დიდი სამუშაო ჩატარდა საბიუჯეტო პროცესის ნორმალიზებისთვის.

შეიძლება ითქვას, აზერბაიჯანის ეკონომიკა დინამიურად ვითარდება. წლიდან წლამდე ბიუჯეტის მაჩვენებლები ნორმალური რჩება და ამას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც აღნიშნავენ.

მშპ-ს ზრდის ყოველწლიური ტემპი 10%-ს აჭარბებს, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალ-გასავალი წელიწადში 15-17%-ით იზრდება, იზრდება ინვესტიციებიც. გასავლების სფეროში მთავრობის პოლიტიკის საფუძველი იქნება ბიუჯეტის დეფიციტის შემდგომი შემცირება, გათვალისწინებული ხარჯების დროული დაფარვა,ასევე ხარჯების დაფარვა ხაზინის საშუალებით.

ამდენად, მომავალი წლისთვის 3 მლრდ-იანი ბიუჯეტი რეალურია. მთავრობის პოლიტიკამ შეძLლო ბიუჯეტის დეფიციტის შენარჩუნება 0,8-1%-ის დონეზე მშპ-სთან მიმართებაში, ინფლაციის დონე არ აღემატება წლიურ 5-6%-ს.

რაც შეეხება აზერბაიჯანში ჩატარებულ რეფორმებს, სერიოზული მხარდაჭერა იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მხრიდან. ფონდმა ხელი შეუწყო მაკროეკონომიკური კლიმატის შექმნას, კანონმდებლობის სრულყოფას. მსოფლიო ბანკმა რეფორმების ჩატარებას ხანგრძლივი შეღავათიანი კრედიტების გამოყოფით შეუწყო ხელი.

ახლახანს, შედგა აზერბაიჯან-აშშ-ს ეკონომიკური თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის სხდომა. ამერიკელი ექსპერტები მხარს უჭერენ Aაზერბაიჯანის მთავრობის მაკროეკონომიკურ კურსს. ამერიკულმა მხარემ კმაყოფილება გამოთქვა Aაზერბაიჯანის მაკროეკონომიკური პოლიტიკაზე, საბიუჯეტო პოლიტიკაზე, საგარეო ვალის მართვაზე, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მცდელობაზე. ამ სხდომაზე განხილულ იქნა სანავთობო შემოსავლების მართვასთან, საგადასახადო პოლიტიკასთან, საბანკო სექტორის მდგომარეობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები. რაც შეეხება აზერბაიჯანის საგარეო ვალს, იგი ამჟამად 1,6 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც მშპ-ს 18,6%-ია. აზერბაიჯანს აქვს შანსი მთლიანად დაფაროს ეს ვალი-მისი ზომა ფაქტიურად ემთხვევა სახელმწიფო რეზერვებს.

აზერბაიჯანის მშპ-ს ზრდამ 2005 წლის იანვარ-აპრილში 11% შეადგინა

ფინანსთა მინისტრის, ავაზ ალეკპეროვის თქმით, 2005 წლის შედეგით მშპ-ს ზრდამ შეიძლება 18-20% შეადგინოს. ამგვარი პროგნოზი, ამბობს მინისტრი, დაფუძნებულია მთელ რიგ ღონისძიებებზე, რომელთა რეალიზაცია მიმდინარე წელსაა დაგეგმილი-ეს არის Bთჩ ნავთობსადენის ექსპლუატაციაში შეყვანა, აქტიური ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება, ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 2005 წლის პირველ კვარტალში მშპ-ს მოცულობამ 10657,4 მლრდ მანათი შეადგინა (2178,3 მლნ დოლარი იანვარ-მარტის კურსით), რაც 10,8%-ით მაღალია გასული წლის იგივე პერიოდის მონაცემებთან შედარებით (8526,5 მლრდ მანათი).

2005 წლისთვის მშპ-ს პროგნოზი 47,8 ტრლნ მანათია 14,1% ზრდის გათვალისწინებით.