მერია ისევ შემოსავლების სამინისტროს წინააღმდეგ

ეკა გაბადაძე

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების ფონზე მწვავდება ბრძოლა ცენტრსა და რეგიონებს შორის. ამას ემატება მოსაზრება იმის შესახებ, რომ შესაძლოა მერისა და გამგებლების პოსტები არჩევითი გახდეს. ბუნებრივია, მერები, გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ეცდებიან თავი მოაწონონ უმაღლეს ხელისუფალს და ხალხს, ამით კი საკუთარი კანდიდატურები შესთავაზონ ამომრჩეველს.

ალბათ, მომავალი გარანტირებული პოსტებისათვის ბრძოლაა იმის მიზეზი, რომ

თბილისის მთავრობას და საკრებულოს გადაწყვეტილი აქვს პარლამენტში ინიციატივით შესვლა – შეიქმნას ქალაქის გადასახადებისა და შემოსავლების სამსახური. იდეა ჯერჯერობით იდეად რჩება, თუმცა, ზოგიერთების აღშფოთებას მაინც იწვევს.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქს ჰქონდა საგადასახადო სამსახური, მაგრამ მიზეზთა გამო (ალბათ, უფუნქციობის მიზეზითაც) იგი გაუქმდა. მაინც საიდან გაიღვიძა ამ სურვილმა? როგორც ამბობენ, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ქალაქს დღგ-დან 15%-ის შემოსავლები ჩამოაჭრეს. ამით, როგორც მერია-საკრებულოს ხელმძღვანელობა აცხადებს, თბილისის მრავალი პრობლემა მოუგვარებელი დარჩა. თურმე სწორედ მათ გადასაჭრელად ესაჭიროება ქალაქს საკუთარი სამსახური.

თბილისის მერია-საკრებულოში აცხადებენ, რომ ამ სამსახურის არარსებობის პირობებში დედაქალაქში თანხების მობილიზება ვერ ხერხდება, რაც უნდა ამოდიოდეს, მათი გადაქაჩვა ცენტრალურ ბიუჯეტში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ წელს მდგომარეობა გამოსწორდა, ქალაქის ხელმძღვანელობის განცხადებით, ანალოგიური სიტუაცია მაინც მეორდება. 1998 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან 8 მლნ. ლარი, 1999 წელს კი 13 მლნ. გადავიდა ცენტრალურ ბიუჯეტში. წელს ასეთ მოცულობაზე საუბარიც აღარ არის. გადასახადის რამდენიმე სახეობა არსებობს, რომელთაგანაც ძირითადი ნაწილი, მათ შორის საშემოსავლო და მოგების გარკვეული პროცენტი ქალაქის ბიუჯეტს რჩება. იმ სახეობებიდან, რომლებიც იკრიფება, მხოლოდ საშემოსავლო და მოგების 25% შედის ცენტრალურ ბიუჯეტში. ამას ემატება აქციზი და დღგ. დედაქალაქის მესვეურთა თქმით, ადგილობრივი საგადასახადო სამსახურის შექმნის შემდეგ იგი გააკონტროლებს მხოლოდ იმ გადასახადებს, რომლებიც თბილისის ბიუჯეტში რჩება. ის, რომ გადამხდელთათვის დამატებითი მაკონტროლებელი ორგანო შეიქმნება, ამაში ქალაქის ხელმძღვანელობა პრობლემას ვერ ხედავს. ახალი სამსახურის შექმნის აუცილებლობის მთავარ არგუმენტად კი იმას ასახელებენ, რომ ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა დედაქალაქის ხელმძღვანელობას ეკისრება, რომელიც, თავის მხრივ, საკუთარი შემოსავლების გაკონტროლების ბერკეტებს ვერ ფლობს.

მერია-საკრებულოს ამ ინიციატივაზე გაღიზიანებას ვერ ფარავს შემოსავლების მინისტრი, მიხეილ მაჭავარიანი: “არ გამოვა ეგ დღეს! ქვეყნის სიძლიერეს ჯარის, პოლიციის, ძალოვანთა, საგადასახადო და საბაჟო სამსახურების სიძლიერე განსაზღვრავს. თუ ქვეყნის ყველა ქალაქში, რაიონსა და სოფელში თავისი საგადასახადო და საბაჟო სამსახურები შექმნეს, ასეთი ქვეყნისთვის სერიოზულ პერსპექტივებს ვერ ვხედავ. ადგილობრივი ინსპექციის მომხრე მეც ვარ, მაგრამ გადასახადების განსაზღვრულ სახეებში, რაც 100%-ით რჩება ადგილობრივ ბიუჯეტში. ეს არის, პირველ რიგში, მიწის გადასახადი, ქონების გადაცემის გადასახადი, ფიზიკური პირის ქონების გადასახადი, მოკლედ ყველაფერი ის, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს რჩება. დანარჩენთან დაკავშირებით ისეთი მდგომარეობა შეიქმნება, რომ ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილს ადგილობრივი სამსახური აკრეფს და შემდეგ ცენტრალურ ბიუჯეტს მოუწევს ხვეწნა საკუთარის დაბრუნებაზე. ამჟამად ქალაქს ცენტრალური ბიუჯეტის სახვეწარი არაფერი სჭირს, ადგილობრივი მოსაკრებლებით შესაძლებელია ქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრა… სხვათა შორის, ადგილობრივი ბიუჯეტი გადაჭარბებითაც კი შესრულდა. პირველი ჩავარდნა 2001 წლის იანვარში დაფიქსირდა, როცა 400 ათასი ლარი იმის გამო დააკლდა ბიუჯეტს, რომ არ გაიცა ხელფასები და საშემოსავლო გადასახადები არ შევიდა… მიზეზების ძებნა თუ არის საჭირო, არ ვიცი, მაგრამ ადგილობრივი საგადასახადო სამსახურის შექმნას არა მგონია შედეგი მოჰყვეს. ეს ფედერალური სამსახური უნდა იყოს.

საქალაქო სამსახურის შექმნის პირობებში შესაძლებელია მართლაც გაჩნდეს მეწარმისთვის, ზოგადად გადამხდელისთვის, ახალი შემმოწმებელ-შემწუხებელი. სპეციალისტების აზრით, დღეს არსებულ შემმოწმებელთა რიცხვი ისედაც დიდია, რაც არალეგალური შემოსავლების არსებობის ერთ-ერთი ფაქტორია. ისე კი, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ბიუჯეტს მერია და საგადასახადო კი არ ასრულებს, არამედ გადამხდელი და რაც მეტი შემწუხებელი ეყოლება მას, მით ნაკლები შევა ბიუჯეტში. ასეთ პირობებში არც ქალაქი დასუფთავდება, არც მშენებარე კორპუსები დასრულდება და ვერც შიდა ვალების პრობლემა გადაწყდება. ახალი სამსახურის შექმნაზე ზრუნვის ნაცვლად, სჯობს, ყველამ თავისი გასაკეთებელი საქმე აკეთოს და “სოფელიც აშენდება”.