საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საქართველოს საგარეო ვალი

დავით გამყრელიძე

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (სსი-IFI) დიდ როლს ასრულებენ მსოფლიო საფინანსო ბაზარზე თამაშის წესების ფორმირებაში. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ეკონომიკა დიდად დამოკიდებულია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ძალზე მნიშვნელოვანი ხდება აქტიური და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა სსი-ებთან.

როგორც წესი, სსი დაარსებულია ერთზე მეტი ქვეყნის მიერ და ექვემდებარება საერთაშორისო კანონმდებლობას. „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სიის“ განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №198 დადგენილების თანახმად, განსაზღვრულია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია. ეს სია შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).
2. აზიის განვითარების ბანკი (ADB).
3. მსოფლიო ბანკის ჯგუფი (WBG).
ა) საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA);
ბ) რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD);
გ) საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC);
დ) მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიის სააგენტო (MIGA).
4. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).
5. ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB).
6. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF).
7. სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა სკანდინავიის ხუთი ქვეყნის (დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი) მიერ.
8. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB).
9. უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC).
10. ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO).

სტატიაში ძირითად აქცენტს ვაკეთებთ შედარებით მსხვილ მოთამაშეებზე. იმისათვის, რომ კარგად იქნეს გაანალიზებული მათი როლი უშუალოდ საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური სისტემის განვითარებაში, საჭიროა მიმოვიხილოთ მათი სტრატეგია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. პირველი რიგში დავიწყოთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სტრატეგია საქართველოში

EBRD შეიქმნა 1991 წელს. თავდაპირველად ბანკის საქმიანობა კონცენტრირებული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე, ხოლო შემდეგ საქმიანობის არეალი გაფართოვდა და დღეისათვის EBRD წარმოდგენილია 30-ზე მეტ ქვეყანაში.

EBRD-ის 2014-2018 წწ-ების სტრატეგიის დოკუმენტის* მიხედვით, ქვეყანაში მოკლევადიანი მაკროეკონომიკური პერსპექტივები ზოგადად პოზიტიურია, თუმცა დიდი რჩება მიმდინარე ანგარიში დეფიციტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებითა და გადმორიცხვებით დაფინანსების მიუხედავად. ხოლო ფინანსური სექტორი მასიურად დოლარიზებულია. თუმცა, მეორეს მხრივ ქვეყანას აქვს ურთიერთობა სსი-ებთან, მაგალითად, სსფ-სთან სარეზერვო დაფინანსების შეთანხმებები უზრუნველყოფს დამატებით ბუფერს პოტენციური გარე დარტყმების, სავალუტო კურსების რყევის მიმართ ფინანსური სექტორის დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.

სტრატეგიის თანახმად, საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრიორიტეტები მომდევნო წლების განმავლობაში ფოკუსირებული იქნება კერძო სექტორში ინვესტიციების ზრდაზე, ენერგო სექტორის მოდერნიზებაზე და საქართველოს რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს გახადოს ზრდა უფრო სოციალურად მიმართული, მაგალითად, მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით საქართველოს ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში**. უფრო კონკრეტულად, საქართველოში ბანკის საქმიანობა ფოკუსირებული იქნება შემდეგ სფეროებზე:
– კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა
– ენერგეტიკის სექტორის მოდერნიზაციის დასრულება
– საქართველოს რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა

მაგალითის სახით ქვემოთ წარმოდგენილია საქართველოში პორტფელის ფორმირებისა და პორტფელის განვითარების დინამიური მაჩვენებლები:

1

EBRD-ის პორტფელი საქართველოში: 1991 წლიდან მოყოლებული დღემდე, ბანკს საქართველოში ხელი აქვს მოწერილი 198 პროექტზე კუმულაციური საინვესტიციო ღირებულებით 2 978 მილიონი ევრო***. მთელი პროექტების 79% მოდის კერძო სექტორზე, ხოლო დარჩენილი კი სამთავრობო სექტორზე. პორტფელის კომპოზიციას რაც შეეხება, ძირითადად დომინირებს შემდეგი სექტორები: ენერგეტიკა; ფინანსური ინსტიტუტები; ინდუსრტია, კომერცია და აგრობიზნესი და ინფრასტრუქტურა.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) სტრატეგია საქართველოში

აზიის განვითარების ბანკი არის საერთაშორისო განვითარების ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც 31 წევრმა ქვეყანამ დაარსა 1966 წელს, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური პროგრესის ხელშეწყობისათვის****. ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შედარებით მცირე ზომისა და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს.

აზიის განვითარების ბანკი თავის საქმიანობაში იყენებს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა სესხები, ტექნიკური დახმარება, გრანტები, გარანტიები და კაპიტალში ინვესტიციები. ADB-ის ოპერაციები ფინანსდება ობლიგაციებით და წევრების შემოწირულობებით.
გასული 50 წლის განმავლობაში, ბანკის წევრი ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა 31-დან 65-მდე, საიდანაც 47 წევრი არის რეგიონიდან, ხოლო 18 რეგიონის მიღმა ქვეყანაა.

საქართველო ADB-ს შეუერთდა 2007 წელს და მას შემდეგ აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საფინანსო ინსტიტუატია საქართველოში. ამის დასტურად საკმარისია მოვიყვანოთ რამდენიმე პროექტიც კი: მაგალითად, დონორთა კონფერენციის დროს ბრიუსელში 2008 წლის ოქტომბერში, ADB-მ გამოყო 300 მლნ აშშ დოლარი მომდევნო სამი წლის მანძილზე საქართველოს განვითარების დასახმარებლად. შემდეგ ADB-მ გამოყო 500 მლნ აშშ დოლარი საგზაო კორიდორის შვიდწლიანი პროგრამისათვის, რომელიც დამტკიცდა 2009 წელს; 300 მლნ დოლარი საქალაქო ტრანსპორტის განვითარების რვაწლიანი პროგრამისათვის 2010 წელს და 500 მლნ აშშ დოლარი უსაფრთხო წყლისა და სანიტარული კონტროლის რვაწლიანი პროგრამისათვის 2011 წელს და ა.შ.

ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგია 2014-2018 წლებისათვის მოიცავს შემდეგს: (1) მეტი ფოკუსი ინფრასტრუქტურის ინკლუზიურ ზრდაზე (მაგალითად, შიდა მნიშვნელობის გზებსა და ჩამორჩენილ რეგიონებში მცირე ქალაქებზე აქცენტირება); (2) პოლიტიკებზე დაფუძნებული დაკრედიტირება და უფრო დიდი ტექნიკური დახმარება, რომლის სამიზნეც პოლიტიკის რეფორმები და შესაძლებლობათა გაძლიერებაა, მათ შორის ფინანსური სექტორის რეფორმაც მოიაზრება, და (3) ჩამდინარე წყლების გადამუშავებისა და სანიტარული ინფრასტრუქტურის უწყვეტი დაფინანსება.

სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საქართველო

საერთაშორისო სავალუტო ფონდი – (IMF) 2006 წლიდან ფონდი ეხმარება საქართველოს მთავრობას ეკონომიკური რეფორმის პროგრამის განხორციელებაში. 2008 წლის ზაფხულში, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, საქართველო დადგა უცხოური კაპიტალდაბანდებების მოულოდნელი შემცირების წინაშე. 2008 წლის 15 სექტემბერს დადებულ იქნა SBA SDR477.1 მლნ-ს ოდენობით (დაახლოებით $748.3 მლნ აშშ დოლარი), საქართველოს ხელისუფლების დასახმარებლად მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში, მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისა და ინვესტორების ნდობის აღდგენაში.

2009 წლის აგვისტოში, IMF-მა დაამტკიცა დანამატი SBA SDR 270 მლნ ოდენობით (დაახლოებით $423.5 მლნ აშშ დოლარი). დანამატმა და SBA-ს ვადის გაგრძელებამ ხელი შეუწყო მწვავე სახელმწიფო და გარე დეფიციტის დაძლევას. 2006 წლიდან, ფონდმა ასევე გაუწია ტექნიკური დახმარება საგადასახადო ადმინისტრირების, ბიუჯეტის კლასიკფიცირებისა და აღრიცხვის, მონეტარული პოლიტიკის და ფულადი და სავალუტო კურსთან დაკავშირებულ ოპერაციებში…
2012 წლის აპრილში, IMF-ს საბჭომ დაამტკიცა ახალი 24-თვიანი სარეზერვო შეთანხმება (SBA) და 24-თვიანი შეთანხმება (კონცესიური). ამ პროგრამის შესაბამისად, საქართველოს აქვს IMF კრედიტის წვდომა SDR 250 მლნ-ს ოდენობით.

მსოფლიო ბანკი – საქართველო მიუერთდა WB-ს 1992 წელს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (IDA)-1993 წელს. ამ დრომდე მსოფლიო ბანკის დახმარებამ საქართველოსადმი შეადგინა 2.7 მილიარდი დოლარის ფარგლებში. მსოფლიო ბანკის ქვეყანასთან პარტნიორობის სტრატეგია ორიეტნირებულია შემდეგ საკითხებზე: (1) შემოსავლების ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა; (2) ადამიანური რესურსების განვითარება და სოციალური დაცვა; და (3) სახელმწიფო მომსახურების ეფექტურობის ამაღლება.

გარდა ზემოთაღნიშნული ორგანიზაციებისა, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან თემებზე, ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროკავშირი (EU), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), აზიის ინფრასტრუქტურის ბანკი და ა.შ.

საქართველოს საგარეო ვალი

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდულ სახსრებზე, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, თუ რას შეადგენს სულ საქართველოს საგარეო ვალი, რა წილია მასში საფინანსო ინსტიტუტებიდან და როგორ გამოიყურება ეს ყოველივე დინამიკაში. აღნიშნულის შესაფასებლად ქვემოთ მოცემულია საქართველოს საგარეო ვალის ნაშთი 2018 წლის 30 აპრილის მდგომარეობით

2

როგორც ვხედავთ საქართველოს საგარეო ვალი იყოფა ორ ნაწილად: მთავრობისა და ეროვნული ბანკის საგარეო ვალები.

განვიხილოთ პირველი მათგანი: მთავრობის საგარეო ვალი თავის მხრივ იყოფა ორმხრივი და მრავალმხრივი კრედიტორებისაგან მიღებულ თანხებად. სწორედ მრავალმხრივ კრედიტორებში მოიაზრება ჩვენს მიერ არაერთგზის ნახსენები საერთაშორისო საფინანსო ინსტუტუტები. როგორც ცხრილიდან იკვეთება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე მოდის მთავრობის მთლიანი საგარეო ვალის დიდი ნაწილი.

ზემოთხსენებულს ემატება საქართველოს ეროვნული ბანკის 212 მილიონ ლარიანი საგარეო ვალი, რომელიც მთლიანად ფორმირებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან მოზიდული სახსრებით.

აქვე საინტერესოა გავაანალიზოთ ნაშთები სხვადასხვა ჭრილში, ვიზუალურად მარტივად აღქმად ფორმატში. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით*****, სახელმწიფო საგარეო ვალის მდგრადობა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთ–ერთი მთავარი ძლიერი მხარეა, რაც აღიარებულია ბოლო წლებში საქართველოსთან მომუშავე სარეიტინგო სააგენტოების „Standard & Poor’s“-ის, „Fitch“ –ის და „Moody’s“-ის მიერ. ამჟამად, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ძირითადად შეღავათიანია. უცხოური წყაროებიდან მიღებული სესხები გამოიყენება ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა პროექტების დასაფინანსებლად.

2008 წელს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელა ევროობლიგაციების სადებიუტო გამოშვება. 2011 წელს საქართველომ წარმატებით გამოუშვა მეორე, ამჯერად 10-წლიანი ევროობლიგაცია რომლის ფინანსური პარამეტრები მიმზიდველობის თვალსაზრისით გაუთანაბრდა უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული სახელმწიფოების ფასიან ქაღალდებს. ამ ტრანზაქციის ფარგლებში მოხდა 2008 წელს გამოშვებული 5-წლიანი ევროობლიგაციის წინსწრებით გამოსყიდვა, რამაც უფრო ხელსაყრელი გახადა სახელმწიფო ვალის დაფარვის გრაფიკი.

3

რაც შეეხება მეორად ბაზარს, ბოლო წლების მანძილზე ევროობლიგაციების ფასი ძირითადად აღემატება ნომინალურ ფასს (par, face, nominal, principal value), ხოლო შემოსავლიანობა (yield) მნიშვნელოვნად შემცირდა. ფასის/შემოსავლიანობის ეს დადებითი ტენდენცია ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორთა საზოგადოების ნდობას ქვეყნის მიმართ.

ქვემოთ წარმოდგენილია სახელმწიფო ვალის ძირიტადი ინდიკატორები:

4

5

როგორც ვხედავთ, სახელმწიფო საგარეო ვალის (31 დეკემბერი 2017) პორტფელის 64% შედგება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე კრედიტებისგან. ეს გარემოება ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების პარამეტრების დაცულობას საპროცენტო განაკვეთების ეგზოგენური რყევებისგან.
დასკვნის სახით შესაძლებელია ითქვას, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლი საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური სისტემის განვითარებაში არის ძალიან დიდი, კერძოდ ეს როლი გამოიხატება ათეულობით მილიარდი ლარის ოდენობის დაფინანსებით, რომელიც მოდის ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სექტორებზე, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და სოციალური დახმარება, კაპიტალური პროექტები, საფინანსო ბაზრის განვითარება, საფინანსო შუამავლობის განვითარება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ა.შ.

თუმცა როგორც ფინანსების გურუები ამბობენ „არ არსებობს უფასო სადილი“, შესაბამისად სსი-ებისგან მიღებულ დაფინანსებას სჭრიდება მომსახურება. რასაც დღესდღეობით ქვეყანა წარმატებით ართმევს თავს: სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელი (31 დეკემბერი 2017) წარმოადგენს მთლიანი სახელმწიფო ვალის 79%-ს. ამ საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან და ძირითადად შეღავათიანია, კერძოდ საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიურ 2.01%-ს.

* EBRD (2013), Strategy for Georgia
** EBRD (2013), Strategy for Georgia
*** ebrd.com
**** www.adb.org
***** www.mof.ge