ენერგეტიკა სექსი არ არის

ეკა გაბადაძე

არცთუ ისე შორეულ წარსულში საქართველოში გაზის ტრანსპორტირებისა და მოხმარების პრობლემებზე საუბარი სასაცილოც კი იქნებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ სიამოვნებას საერთოდ მოკლებულები ვიყავით. ამ ფონზე ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს ბუნებრივი აირი მიეწოდება, ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ პრობლემები, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, აქაც არსებობს. თუმცა, ერთნი მიიჩნევენ, რომ ტრანსპორტირების საკითხში ყველაფერი რიგზეა და პრობლემას ვერ ხედავენ, მეორენი აცხადებენ, რომ ამ სფეროში მრავლად დაგროვდა მოუგვარებელი საკითხი…

პრობლემოდ არაფერი მოდის, მათ შორის გაზიც.
რაც შეეხება მოწოდებას, ბუნებრივი აირი ისეთი
მილსადენით “მოედინება”, რომელმაც, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს “ჰაერში აიტანოს” ქვეყანა, ანდა მილის მიმდებარე ტერიტორია მაინც. სპეციალისტთა აზრით, ბუნებრივი აირის დანაკარგები 50%-იან ზღვარს სცილდება! თუმცა, ეს ციფრიც სადავოა, რადგან ისეთ პირობებში, როცა გაზი კოროზირებული მილსადენებიდან ჟონავს და თანაც 50%-იანი დანაკარგები არსებობს, აფეთქებისათვის ასანთის ღერის ერთი გაკვრაც საკმარისია. ღვთის წყალობით, ამ უბედურებას, ჯერჯერობით, გადარჩენილები ვართ, მაგრამ მხოლოდ ჯერჯერობით. ხელი თუ არ გავანძრიეთ და გაზსადენების რეაბილიტაციაზე არ ვიზრუნეთ, პერსპექტივა არცთუ ისე მომხიბლავი იქნება. ისე კი, ხელის განძრევა რამდენიმე ათეული და ასეული მილიონი ლარის (რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა) გაღებაში გამოიხატება. ამაზე საუბარი კი ჩვენი მწირი ბიუჯეტის პირობებში არარეალურია. არჩევანი ისევ და ისევ უცხოელ პარტნიორებსა თუ პოტენციურ ინვესტორებზე უნდა შევაჩეროთ. მაგრამ პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, მსოფლიოში მიმდინარე ძალთა ახალი გადანაწილების პროცესში საქართველოსათვის გაზის მიწოდება სტრატეგიულ ინტერესს იძენს.

პოლიტიკურ ქაოსში ნებით თუ უნებლიეთ ჩართულ მოსახლეობას პერიპეტიებზე ფიქრი მაშინ უხდება, როდესაც ესა თუ ის კომპანია გაზის გადაკეტვით იმუქრება და, ოღონდ კი არ შეწყდეს ბუნებრივი აირის მოდინება, ყველაფერზე თანახმაა: ზოგმა გადაიხადოს გაზის საფასური, ზოგი არალეგალურად მიუერთდეს გაზსადენს, ქუჩაში გამოვიდეს, მთავრობას ულტიმატუმები წაუყენოს და ა.შ. ამ გაუგებრობაში მილსადენების რეაბილიტაციაზე ზრუნვა უკანა პლანზე გადადის და პოტენციური ინვესტორების გამოძებნა თანდათანობით რთულდება.

გაზის ტრანსპორტირების პრობლემები სამომხმარებლო ტარიფში აისახება. მისი ხვედრითი წილი 1000მ3 აირის ტრანსპორტირება – 16,6 ლარია. ეს თანხა, ბუნებრივია, მოქმედებს სამომხმარებლო ტარიფზე და მოხმარებული გაზის საფასურის ამოღებაზე.

გაზის ტრანსპორტირების პრობლემებით დედაქალაქის მთავრობა არ არის დაკავებული, მაგრამ, როგორც მსხვილ მომხმარებელს, ეს საკითხი მაინც ეხება.

თემურ ჭინჭარაული (თბილისის მერიის ენერგეტიკული სამსახურის უფროსი): გაზის ტრანსპორტირების პრობლემა იმდენად გვეხება, რამდენადაც იგი სამომხმარებლო ტარიფზე მოქმედებს. ჩემი აზრით, მისი ხვედრი ტარიფში საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია – 16,6 ლარი. სხვათა შორის, ჩვენ მიერ გაკეთებული ანალიზის შედეგად დავასკვენით, რომ ეს საკმაოდ დიდი თანხაა. თუმცა, გაზის საერთაშორისო კორპორაციას ტარიფთან დაკავშირებით საკუთარი ახსნა გააჩნია, მაგრამ ასევე ელექტროენერგიაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია იღებს. ისინი ამ გარემოებას მილსადენში არსებული დანაკარგებით ხსნიან. ეს არის ერთ-ერთი თავისი განლაგებით ურთულესი ტრასა. მართალია, გაზი მოგვეწოდება, მაგრამ საკმაო დანაკარგებით და ეს ტარიფში აისახება. სხვათა შორის, კანონის თანახმად, ეს დანაკარგებიც ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაშია, ისევე როგორც თბილგაზის დანაკარგები. პარადოქსია, მაგრამ ასეც ხდება. ჩემი აზრით, ბიუჯეტთან ანგარიშსწორება რეალიზებული გაზიდან უნდა იყოს, მით უმეტეს, ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენი ბიუჯეტია. თბილგაზი მოხმარებული გაზის საფასურის 35%-საც კი ვერ იღებს, ამიტომ, ბიუჯეტს სოლიდური თანხის გაღება უწევს. შარშან დეკემბრის ჩათვლით ამ თანხამ 1,5 მლნ. ლარი შეადგინა. წელს აპრილის დასაწყისამდე არანაკლების გადახდა მოუწევს. ფული უაზროდ არ უნდა იფლანგებოდეს. თბილგაზს კომერციული დანაკარგებიც გააჩნია, ეს არის დატაცებული აირი. მისი დაფინანსება თბილისის ბიუჯეტს სირთულეს შეუქმნის, როგორც იურიდიულად, ისე ეკონომიურად. მერია ამ სახით სუბსიდირებას არ აკეთებს, თბილგაზისთვის კრედიტის სახით გაცემული ეს თანხები (მინიმალური საპროცენტო მომსახურებით) ორგანიზაციამ უნდა დააბრუნოს, როგორც კი ამის საშუალება იქნება. შესაძლოა, მომავალმა ინვესტორმა დაფაროს დავალიანება.

გაზის ტრანსპორტირების სფეროში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ცქიტიშვილი პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა, ტარიფთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შესაძლოა, იგი ჩვენი დონის ქვეყნისათვის მაღალიც იყოს:
– რაც შეეხება ტარიფს, ჩემი აზრით, მოგვარებულია იმით, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში დანერგილია თანამედროვე მეთოდოლოგია. მომხმარებლისათვის ყველა ტარიფი მაღალია. სხვა ქვეყნებისათვის ეს ტარიფი არ არის მაღალი, მაგრამ ჩვენთვის – დიდია. გაზის ტრანსპორტირება და მოხმარება არ უწევს ანგარიშს ამა თუ იმ ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას. სემეკი, ჩემი აზრით, იმ მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს, რომელიც დარგის განვითარებას და ამ დარგში ინვესტორების მოზიდვას გულისხმობს.

რაც შეეხება გაზის მოხმარების საკითხს, სპეციალისტები ამ თემაზე საუბარს თბილგაზის მაგალითით ამჯობინებენ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან იგი ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელი და დისტრიბუტორია. თბილისში გაზის მოხმარების საკითხი დინამიურად ვითარდება. თუ ცოტა ხნის წინ მხოლოდ რამდენიმე ოჯახი იყო გაზიფიცირებული, ახლა ეს ციფრი რამდენიმე ათეულ ათასს აღწევს. სამწუხაროდ, ზუსტი ციფრის დადგენას სპეციალისტები დღემდე ვერ ახერხებენ, რადგან ყოველმხრივ მოხერხებული და გათვითცნობიერებული ქართველი მომხმარებელი, “გამოსავალს” არალეგალურ მიერთებაში ხედავს. თუმცა, სხვა პრობლემებიც მრავლად არის.

ზურაბ ცქიტიშვილი: დღეისათვის თბილისში დაახლოებით 70-80 ათასი ოჯახია გაზიფიცირებული, სადაც აღრიცხვა ბოლომდე არ არის მოწესრიგებული. არსებობს მრავალი ლეგალური თუ არალეგალური კომპანია, რომლებიც სარგებლობენ სისტემაში არსებული მდგომარეობით და უკონტროლობით, ხარჯავენ გაზს. ეს, რა თქმა უნდა, ქმნის პრობლემებს. ამასთანავე, თავად სისტემა ძალზე დაზიანებული და მოძველებულია. იმ დროს, როდესაც სისტემა არ მუშაობდა, მოხდა მისი მილსადენების დაზიანება-კოროზირება. დანაკარგები 40-50%-იან ზღვარს აღწევს… პრობლემების მოსაგვარებლად ჩვენი კომიტეტის ინიციატივით ქალაქის ხელმძღვანელობა, თბილგაზი და ქონების მართვის სამინისტრო ერთმანეთს დავაკავშირეთ. აქ, ჩვენს კომიტეტში, ურთიერთპირობების რატიფიკაცია მოხდა, რომელიც გულისხმობს ამერიკელების მხრიდან დახმარებას:…სპეციალური დანადგარების შემოტანას იმისათვის, რომ მოხდეს საერთო მდგომარეობის, არსებული დანაკარგების რეალური დონის დიაგნოსტიკა. დაგეგმილია სპეციალური მრიცხველების დაყენება, რომლებიც ზუსტად აღრიცხავენ შემოსულ აირს. ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ დაინერგოს ახალი მართვის სისტემები, მენეჯმენტი, რათა თბილგაზი პოტენციური ინვესტორისათვის მომხიბლავი და საინტერესო გახდეს, რომ თბილგაზში ინვესტორმა 150-200 მლნ. დოლარი ჩადოს.

ერთობლივი პროგრამებიდან ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული, სწორედ, ზემოხსენებული პროგრამაა, რომლის ძირითადი შემსრულებელი USAID-ის კონტრაქტორი პეა-კონსალტინგია. მემორანდუმს ხელს აწერენ სათბობ-ენერგეტიკის და ქონების მართვის სამინისტროებიც. პროგრამის სერიოზულობა, ძირითადად, ტექნიკურ დახმარებაში, სტრუქტურულ რეორგანიზაციასა და რეკომენდაციებში გამოიხატება. ამერიკელების კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე არავინ დავობს. თუმცა, მთავარი მიზანი – სტრატეგიული ინვესტორის გამოძებნა, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინარეობს.

თემურ ჭინჭარაული: მემორანდუმს ნოემბერში მოეწერა ხელი და აქტიურ ფაზაში, სწორედ, ახლა შედის. ტექნიკური დახმარების თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული ღონისძიებები ტარდება, ეწყობა ტენდერები საკვანძო მრიცხველებზე, ქალაქი შვიდ სექტორად დაიყოფა და გაზის მოხმარების აღრიცხვა გაცილებით დაზუსტებული იქნება. დაზუსტდება ისიც, რა თანხა ამოვა სადისტრიბუციო სამსახურიდან. პეა კონსალტინგი თავის საქმიანობას პარალელურად სადისტრიბუციო მომსახურებაშიც ახორციელებს. საუბარია წამკითხავების, ფულის ამომღების ინსტიტუტებზე (ე.წ. ინკასატორები). პერსპექტივაში, შესაძლოა, თელასის მსგავსად, ეს უკანასკნელი აღარც არსებობდეს.

როგორც ამბობენ, მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს. არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია. ალბათ, ასეთი დრო ჩვენშიც დადგება. ერთის აღნიშვნა აუცილებელია: ვიდრე ქვეყნის მასშტაბით სოციალური ფონი სტაბილურად უცვლელია – მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზე იმყოფება, ძნელია, გადამხდელუნარიანობაზე საუბარი. თუ ყველაფერთან ერთად ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე არ ვიზრუნეთ, ყოველგვარი სხვა საკითხი მოუგვარებელი დაგვრჩება.

ცოტა ხნის წინ პარლამენტის სხდომაზე ომბუდსმენის მიერ გამოთქმულ ფრაზას მოვიშველიებ (რომელიც მანამდე მინდია უგრეხელიძეს უთქვამს), თუმცა, სულ სხვა კონტექსტში: ენერგეტიკა სექსი არ არის, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს! პოსტსაბჭოური მენტალიტეტის მომხმარებელს ყოველთვის აუკანკალდება ხელი გადასახადის გადახდაზე, უფასოდ კი მას არავინ არაფერს მისცემს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial