საქართველოში რეგიონული სოციალური და ეკონომიკური “მიზიდულობის ცენტრების” განვითარების გზები

ვახტანგ ბურდული

ამჟამად საქართველოს რეგიონების (სამხარეო) მართვის სისტემა ჩამოყალიბების პროცესში იმყოფება. ჯერ კიდევ საჭიროა ძალიან ბევრი საკითხის გადაწყვეტა, მაგალითად, რეგიონული კოორდინაციის სრულყოფილი მექანიზმის დადგენა და ჩამოყალიბება, სახელმწიფო და რეგიონული მართვის ურთიერთმოქმედების სისტემის სრულყოფა, სამხარეო საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემების შექმნა, რეგიონებში ქალაქების მიზიდულობის ცენტრების განვითარება. უკანასკნელი პრობლემა წარმოადგენს წინამდებარე სტატიის კვლევის საგანს.
მსოფლიო ეკონომიკაში ტერმინი რეგიონი გამოიყენება როგორც ძალიან დიდი ტერიტორიის აღსანიშნავად, რომელიც მოიცავს რიგ ქვეყანას, ასევე ცალკეული ქვეყნის განსაზღვრულ ტერიტორიას. ე. ხარაიშვილმა შეადგინა ტერმინის რეგიონი განმსაზღვრელი ფორმულირებების ყოველმხრივი კლასიფიკაცია [2, გვ.9-15]. რადგანაც ჩვენ გვაინტერესებს რეგიონი, როგორც ქვეყნის შიდა ტერიტორიული ერთეული, მოვიტანთ შესაბამის განმარტებას: რეგიონის ქვეშ იგულისხმება ქვეყნის მსხვილი ტერიტორია, მეტნაკლებად ერთგვაროვანი ბუნებრივი პირობებით, ძირითადი საწარმოო ძალების განვითარების დამახასიათებელი მიმართულებებით, ბუნებრივი რესურსების კომპლექსის და პერსპექტიული სოციალური ინფრასტრუქტურის შეთანხმების საფუძველზე [9, გვ.29].
დასავლეთის ქვეყნებში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს წარმოების განლაგების, რეგიონული განვითარების და მისი რეგულირების თეორიების შემუშავება-განვითარება. ამ თეორიებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რეგიონული ცენტრების-ბირთვების (ანუ მიზიდულობის ცენტრების) განვითარებას. XX საუკუნეში სწრაფად ვითარდებოდა გერმანული, შვედური, ბრიტანული, აშშ და ფრანგული თეორიული სკოლები.
რადგანაც რეგიონული განვითარების თეორიები დაკავშირებული იყო სახელმწიფოს პრაქტიკულ საქმიანობასთან, თეორეტიკოსები-ეკონომისტები იძულებულნი ხდებოდნენ რეგიონების კვლევის ობიექტების სახით განეხილათ ადმინისტრაციული ერთეულების საფუძველზე შექმნილი ე.წ. საპროგრამო (გეგმური) რაიონები. ამასთან ხშირად ისინი იძულებულნი იყვნენ უგულებელყოთ ის ფაქტი, რომ რეგიონული ფარგლები კვეთავს საკვანძო სოციალურ-ეკონომიკური რაიონების ტერიტორიას, ე.ი. ობიექტურად არსებულ არეალებს ცენტრით (ბირთვით), რომელიც იზიდავდა რესურსულ და სხვა ნაკადებს [5, გვ.53].
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება საქართველოში მიზიდულობის ცენტრების აქტივიზაციის და განვითარების საკითხს, ამიტომ მოკლედ გავჩერდეთ კუმულატიური ზრდის თეორიაზე, სადაც ხასიათდება ზრდის ცენტრების უპირატესობანი. შვედეთის ეკონომისტმა გ. მიურდალმა შეიმუშავა ამ თეორიის საბაზისო მოდელი [15], რომელიც შემდეგ განვითარებული იყო რიგი მეცნიერის მიერ. ძირითად ფაქტორად, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ტერიტორიის ეკონომიკური ზრდის ტემპებს შორის განსხვავებას, აღიარებულია საწარმოებისათვის მსხვილი საქალაქო აგლომერაციების მიზიდულობა, რადგანაც მათში შეიძლება საწარმოო დანახარჯებში ეკონომიის მიღწევა [5, გვ.56].
ჯ. ფრიდმენი ზრდის ცენტრების (რომლებსაც უწოდებს ბირთვებად-ქალაქებად) ფორმირების ოთხ სტადიას გამოყოფს [13]. მნიშვნელოვანი წვლილი ზრდის პოლუსების განვითარების თეორიაში შეიტანა ფრანგმა მეცნიერმა ჟ.რ. ბუდვილმა [11]. მისი კონცეფციის თანამედროვე გამოსახულების თანახმად, წარმოების განვითარება არ ხდება თანაბარზომიერად მეურნეობის ყველა დარგში – ყოველთვის შეიძლება გამოვყოთ დინამიური, ე.წ. პროპულსიური დარგები, რომლებიც აძლევენ სტიმულს მთელი ეკონომიკის განვითარებას და თავს იყრიან ზრდის ცენტრებში (პოლუსებში). .ჟ.რ. ბუდვილმა შემოთავაზა მათი შემდეგნაირი იერარქია: მცირე და საშუალო კლასიკური ქალაქები, რომლებიც დასპეციალიზებულია მესამეული სექტორის დარგებზე და ემსახურებიან გარშემორტყმულ სასოფლო მხარეს; საშუალო ზომის სამრეწველო ქალაქები მეურნეობის დივერსიფიცირებული სტრუქტურით, რომლებიც ვითარდება გარე გავლენების ხარჯზე; მსხვილი საქალაქო აგლომერაციები მეურნეობის განვითარებული სტრუქტურით და პროპულსიური დარგების მოცვით, რაც განაპირობებს ზრდის ავტონომიურობას; ინტეგრაციის პოლუსები, რომლებიც მოიცავენ რამდენიმე საქალაქო სისტე-მას და განსაზღვრავენ სამრეწველო სტრუქტურების მთელ ევოლუციას [5, გვ.58; 11; 14].
მოვლენების ასეთი განვითარება ატარებს მცირემიწიანი საქართველოსათვის მიუღებელ ხასიათს, თუმცა დადებითი მომენტებიც ბევრია, კერძოდ დაკავშირებული დივერსიფიკაციასთან და პროპულსიურ დარგებთან, რომლებშიც ახლა შედიან, მაგალითად, ახალი და უახლესი ტექნოლოგიები, თუმცა ფეთქებადი ზრდა ხშირად ხდება ზოგიერთ ტრადიციულ დარგშიც.
გავამახვილოთ ყურადღება კიდევ ერთ ფაქტზე: განვითარებულ მცირე ქვეყნებში არ შეინიშნება მიყოლებული შერწყმული საქალაქო აგლომერაციები, მაგრამ არსებობს საშუალო ზომის ქალაქების დიდი რაოდენობა, (სკანდინავიის ქვეყნებში ასეთი ქალაქების უმეტესობა განლაგებულია სამხრეთ ნაწილში; მთიან ქვეყნებს, ასევე აქვთ თავისებურებანი ქალაქების განლაგებაში. მცირე ქვეყნებში ასეთი ქალაქები სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა წარმოადგენენ ეტნოსის კულტურის დასაყრდენ ბაზას). ასე, მაგალითად, ნიდერლანდებში ერთ ქალაქში მილიონზე მეტი მოსახლეობაა, ერთში 500 ათასზე მეტი, და კიდევ ცამეტი ქალაქია მოსახლეობის რიცხოვნობით 100 ათასიდან 500 ათას ადამიანამდე. შვეიცარიაში ასეთი ქალაქი ხუთია და კიდევ ოთხი მოსახლეობის რიცხოვნობით 50-დან 100 ათასამდე. ავსტრიაში და ბელგიაში ოთხ-ოთხი ქალაქია მოსახლეობით 100-დან 500 ათას ადამიანამდე. ასევე მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით საქართველოსთან შესადარებელ დანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში და ფინეთში ვხედავთ მსგავს სურათს.
ამ ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველოში ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1/4 თავმოყრილია ქ. თბილისში, რაც აძნელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სათანადო დინამიზაციის მიღწევას. ჯ.რ. ბუდვილის სისტემატიზაცია, რომელიც შემუშავებულია სამოციან წლებში, არ ითვალისწინებს ბევრი ქვეყნის გამოცდილებას დეპრესიული მონო- ან მცირეპროდუქტიული Qქალაქების (რეგიონების) გამოცოცხლების შესახებ. ჩვენ ნაშრომში [1, გვ.393-394] ნაჩვენები იყო როგორ გამოდიან ასეთი მდგომარეობიდან წარმოების დივერსიფიკაციის და თანმხლები ღონისძიებების საფუძველზე.
რა თქმა უნდა, საქართველოში, როგორც მცირე ქვეყანაში, არაა საჭირო ისეთი აგლომერაციების პროგრამირება, როდესაც ერთი ქალაქი ჩაეხაზება მეორეში და იქმნება მიყოლებული უწყვეტი საქალაქო მასივები. მცირე ქვეყნების მოტანილი მაგალითები ასაბუთებენ ამას, მაგრამ ზოგიერთ ქალაქს აქვს ქალაქი-თანამგზავრი, მაგალითად, როგორც რუსთავი, თბილისის მახლობლად.
სამეურნეო საქმიანობის გარკვეული გაშორიშორების შესახებ ფიქრობენ რუსეთის მეცნიერებიც, რომელთაც მოჰყავთ შემდეგი არგუმენტაცია: პირველი – საჭიროა სამეურნეო საქმიანობის გაშორიშორება იმ მიზნით, რომ შემცირდეს მსხვილ ცენტრებზე ეკონომიკური და სოციალური დატვირთვა, სადაც განსაკუთრებით ძვირად ჯდება სოციალური დატვირთვა… მეორე – ამჟამინდელი ზეურბანიზაცია უკვე გადალახა მასშტაბებზე ეკონომიის იმ ზღვარს, რომელსაც უზრუნველყოფს სამეურნეო ერთეულების გამსხვილება. მესამე – მსხვილ ცენტრებში მოსახლეობის თავმოყვრა, ამასთან არააუცილებლად ყველაზე ხარისხოვანის, თიშავს პერიფერიის უზარმაზარ ადამიანურ პოტენციალს მეცნიერულ-ტექნიკური პროცესისაგან (სიძნელეები უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით, მეცნიერულ-კვლევითი ლაბორატორიების უქონლობა ან სიღატაკე). აქედან გამომდინარეობს, რომ მიზიდულობის ცენტრების უფრო თანაზომიერი განაწილება ხდება რუსეთის თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანად [6, გვ.57].
ზემოთ მოტანილი ინფორმაციიდან ცხადია, რომ ამჯამად მიზიდულობის ცენტრების განვითარების მიმართ საქართველოში საჭიროა ჟ.რ. ბუდვილის პოზიციასთან შედარებით უფრო ახლებული მიდგომა, როგორც გარე (საერთო), ასევე კერძო (საქართველოსათვის დამახასიათებელი) თანამედროვე გარემოებების გათვალისწინებით, თუმცა ჟ.რ. ბუდვილის ბევრი დებულება მისაღებია.
ძირითად გარე (საერთო) გარემოებებს მიეკუთვნება ის, რომ საქართველო წარმოადგენს პოსტსოციალისტურ ქვეყანას (რომელიც იზარალა, მიუხედავად შედარებით კარგი საწარმოო სტრუქტურისა, საბჭოური სისტემისათვის დამახასიათებელი წარმოებაში არსებული ნაკლოვანებების გამო, რომლებიც საბოლოო ჯამში პოულობდნენ ასახვას ფართო მოხმარების პროდუქციის უმეტესი ნაწილის დაბალ ხარისხში, ინფრასტრუქტურის და რიგი ტექნოლოგიის ჩამორჩენილობაში). მეორე გარე (საერთო) გარემოებაა ის, რომ ამჟამად მიმდინარეობს ახალი და უახლესი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და მთელ მსოფლიოში გავრცელება. მათი გამოყენება მოითხოვს მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალას, წარმოებული პროდუქციის ექსპლუატაცია კი მოითხოვს ადგილებზე შესაბამისი მომსახურე ცენტრების არსებობას. განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარეობს ცვლილებები კორპორაციების სტრუქტურაში, ზოგიერთი ტრანსაქციული და ფაქტორული დანახარჯის შემცირების გამო გაძლიერდა სხვა ქვეყნებში საწარმოების და ტექნოლოგიების გადატანა.
შიდა გარემოებებს მიეკუთვნება: საქართველოში რეგიონები (მხარეები) ფაქტიურად ჩამოყალიბდა ისტორიულ პროცესში და უპირველეს ყოვლისა საჭიროა ისტორიულად წარმოშობილი მიზიდულობის ცენტრების განვითარება თანამედროვე კონცეფციების გამოყენების საფუძველზე; ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენება მნიშვნელოვნად უფრო მეტ მოგებას მოიტანს ე.წ. ინდუსტრიული ტრანზიტი მეთოდის ათვისებისას. მაგალითად, ი. იუდანოვი აჩვენებს ნიდერლანდების მაგალითზე, რომ ეს ქვეყანა გადაიქცა ნიშური პროდუქციის მნიშვნელოვან პროდუცენტად ინდუსტრიული ტრანზიტის კონცეფციის პრინციპზე (როდესაც ხდება ნებისმიერი სატრანზიტო პროდუქტის შესაძლებისამებრ ამა თუ იმ ზომით გადამუშავება ადგილზე) [10, გვ.72,73]. ამის გარდა საქართველოში წინათ იყო ორგანიზაციები, რომლებიც უწევდნენ დახმარებას სოფლის მეურნეობას (მრეწველობაში საქმე უფრო დაბალ დონეზე იდგა – ინჟინერინგული, საკონსულტაციო და სხვა სახის დამხმარე ორგანიზაცია არ არსებობდა), მაგრამ, რადგანაც არ არსებობდა საბაზრო ეკონომიკა, არ იყო ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებოდნენ ფერმერს მარკეტინგულ საქმიანობაში, ბაზრების ახალ სეგმენტებში შეღწევაში და ა.შ.
უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში გაჩნდა დეპრესიული ქალაქები (მაგ., ტყიბული), ნაწილობრივ დეპრესიული რეგიონები, დაბალია კავშირი სამხარეო ცენტრსა და პერიფერიას შორის, მცირეა ინვესტიციების და მოსახლეობის მიგრაცია რეგიონებს შორის, რაც ასევე აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას ქვეყნის საერთო სოციალურ-ეკონომიკური დინამიზაციის კონცეფციის ჩარჩოებში [4]. ჯერ არ შეიქმნა პირობები მაღალტექნოლოგიური ტრანსეროვნული კორპორაციების საწარმოების მოზიდვისათვის, რომლებსაც ადგილობრივ საწარმოებთან კოოპერაციის ბაზაზე შეუძლიათ შეამცირონ დანახარჯები ჩვენ ქვეყანაში თავისი საწარმოების განლაგებით.
დასავლეთის ქვეყნებში წარმოებს ტერიტორიების, მათ შორის მიზიდულობის ცენტრების, განვითარების სახელმწიფო და რეგიონული რეგულირება. ტერიტორიების განვითარების სახელმწიფო რეგულირების თეორიის დამფუძნებლად ითვლებიან ს. დენისონი [12] და ა. ლიოში [8]. დენისონი ითვლება აქტიურ გარდაქმნელად, ლიოში კი – ადაპტატორად. ს. დენისონი ძირითად ყურადღებას უთმობდა სამრეწველო ინვესტიციების გეოგრაფიის რეგულირებას. ა. ლიოში კი დიდად აფასებდა რეგიონული ეკონომიკის თვითრეგულირების უნარს [5, გვ.63].
საქართველოში თანამედროვე სიტუაციის, ასევე მსოფლიოში ამჟამად არსებული რეგიონული განვითარების რეგულირების ფორმების გათვალისწინებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დინამიზაციის საერთო კონცეფციის ფარგლებში საჭიროა მიზიდულობის ცენტრების განვითარების მარეგული-რებელი მექანიზმის შექმნის და განვითარების რეალიზაციის უზრუნველყოფა, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
– საქართველო პოსტსაბჭოური ქვეყანაა, რომელშიც იყო ბევრი ჩამორჩენილი ტექნოლოგია, მაგრამ იმ დროისათვის საკმაოდ დივერსიფიცირებული სტრუქტურით (როგორც მრეწველობაში, ასევე სოფლად). იქ, სადაც მიზანშეწონილია ძველი სპეციალიზაციების აღდგენა, საჭიროა შესაბამისი ახალი ტექნოლოგიების შეძენა და მათზე მუშაობისათვის პერსონალის მომზადება. იქ კი, სადაც საწარმოების აღდგენა მიზანშეუწონელია (პროდუქცია ვერ პოულობდა სათანადო გასაღებას ან ხდებოდა გარემოს გაბინძურება და ა.შ.), საჭიროა ახალი და უახლესი ტექნოლოგიების ბაზაზე წარმოების დივერსიფიკაცია, მიზიდულობის ცენტრებში შესაბამისი სწავლების ცენტრების ორგანიზაცია, როგორც ეს ხდება განვითარებულ ქვეყნებში, კერძო ფირმების, სახელმწიფო და რეგიონული სახსრების ხარჯზე ამისათვის სპეციალური რეგიონული ფონდების დაარსებით;
– საჭიროა რეგიონებში საფინანსო, სასაქონლო და სხვა ბაზრების, მათი ინფრასტრუქტურის განვითარება; უზრუნველსაყოფი ორგანიზაციების შექმნის და განვითარების კოორდინაცია და მათი განლაგება ძირითადად უნდა ხდებოდეს მიზიდულობის ცენტრებში;
– რეგიონების, კერძოდ, მიზიდულობის ცენტრების განვითარების კოორდინაციის დროს საჭიროა ბუნებრივი, წიაღისეული, ეკოლოგიური და რეკრეაციული თავისებურებების გათვალისწინება, ცენტრების გაფართოება არ უნდა შეეხოს სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ტყეს და სხვა რეკრეაციულ ზონებს;
– საჭიროა დამხმარე ინსტიტუტების დაარსების ხელშეწყობა როგორც მრეწველობისა (ბიზნესის ინკუბატორები, საწარმოო ზონების ინფრასტრუქტურა, საკონსულტაციო და ინჟინერინგული ფირმები, საფინანსო და სხვა ხელშემწყობი ორგანიზაციები), ასევე სოფლის მეურნეობისათვის (მოვლის და პროდუქციის გასაღების ხელშეწყობის და ა.შ. კოორდინაციის ცენტრები), რომელთა უმეტესობის განთავსება ასევე მიზანშეწონილია მიზიდულობის ცენტრებში;
– მიზიდულობის ცენტრების განვითარების საფინანსო უზრუნველყოფა უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს და რეგიონების დახმარებით, რეგიონული ფონდების, დეპოზიტარიების და ბიზნესის ხელშეწყობის სხვა საფინანსო ცენტრების დაარსებით (იხ., მაგალითად, [3, გვ.142-145; 7, გვ.111-114]), სადაც საჭიროა და შესაძლებელია გარე სახსრების, მათ შორის უცხოურების, მოზიდვით;
– საჭიროა მიზიდულობის ცენტრების და მათში განვითარებადი საბაზრო ინფრასტრუქტურის, ბიზნესის, საწარმოების სახელმწიფო და რეგიონული მარეგულირებელი ხასიათის საგადასახადო, საბიუჯეტო, საკრედიტო და სხვა სახის ბერკეტებით წახალისება;
– საქართველოში არის მხარეები (რეგიონები) და ქალაქები, რომელთა ეკონომიკა ამჟამად დეპრესიულია (განსაკუთრებით მრეწველობაში). ასეთ რეგიონებში მიზიდულობის ცენტრების განვითარებას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, მოსახლეობის შიდა და გარეეკონომიკური მიგრაციის, ინვესტიციების, მათ შორის უცხოური, მოზიდვის ხელშეწყობით;
– მიზიდულობის ცენტრების განვითარებისას, საჭიროა მათში ინდუსტრიული ტრანზიტის შესაძლებლობების განსაზღვრა და გათვალისწინება (მაგ., ქ.ქ. ფოთში, ბათუმში, ახალციხეში), ე.ი. არა უბრალოდ ტვირთების საბაზრო გადამუშავების (სათავსოებში მოწყობა, შეფუთვის შეცვლა და ა.შ.), არამედ ინდუსტრიული გადამუშავების, სასურველია გადამუშავების მაღალი სტადიით;
– სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციის პირობებში სოფლად თავისუფლდება მომუშავეები (სოციალიზმის დროს ბევრნი მხოლოდ ფორმალურად ითვლებოდნენ დასაქმებულებად, ამჟამადაც არის უმუშევრობა, ამასთან ბევრი ახალგაზრდა საქმეს გარეშე რჩება), საჭიროა ასეთი ხალხის სწავლება შესაბა-მის ორგანიზაციებში და მიზიდულობის ცენტრებში მათთვის კარგად ანაზგა-ურებადი სამუშაო ადგილების მომზადების ხელშეწყობა;
– თანამედროვე მაღალთექნოლოგიური ეკონომიკის აშენებისათვის საჭიროა მიზიდულობის ცენტრებში მოწინავე სამრეწველო ტრანსეროვნული კორპორაციების საწარმოების მოწვევა (ეკოლოგიური უსაფრთხოების გათვალისწინებით), რომლებსაც შეუძლიათ კოოპერირება ტექნოლოგიების ადგილობრივ შემმუშავებლებთან, ადგილობრივ საწარმოებთან, რომლებიც აწარმოებენ კვანძებს და ცალკეულ დეტალებს, მათი პროდუქციის სარემონტო შეკეთების ორგანიზაციებთან და ა.შ. ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეამცირებენ უმუშევრობის დონეს რეგიონებში.
ეხლა მოკლედ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ უნდა განლაგდეს რეგიონული მიზიდულობის ცენტრები საქართველოში. მიზანშეუწონილია მსხვილი მიზიდულობის ცენტრების შექმნა კახეთში – აქ არსებობს ბევრი ძველი ისტორიული მცირე ქალაქი, რომელიც გარშემორტყმულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მშვენიერი მიწებით. ამ რეგიონისათვის ძირითად მიზიდულობის ცენტრად, ისევე, როგორც ქვემო ქართლისათვის, შეიძლება გახდეს ქ. რუსთავი. მაგრამ ფერმერული მეურნეობის და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრების (ასევე საჭიროებისამებრ უმაღლესი განათლების სასწავლებლების) განლაგება აუცილებელია რეგიონის ქალაქებში ან მათ გარეუბნებში. ჟ.რ. ბუდვილის კლასიფიკაციის მიხედვით ასეთი ქალაქები დასპეციალიზებულია მესამეული სექტორის დარგებზე, მაგრამ ამასთან ერთად ამ ქალაქებში უნდა შეიქმნას მაღალი ტექნოლოგიების საწარმოები, მოხდეს წარმოების შესაბამისი დივერსიფიკაცია.
ქვემო ქართლი წარმოადგენს საბოსტნეულო პროდუქციის მიმწოდებელს თითქმის საქართველოს მოსახლეობის ნახევრისათვის. მებოსტნეობის ინტენსიფიკაციასთან ერთად ამ რეგიონში საჭიროა მეცხოველეობის როლის ამაღლების სტიმულირება. რადგანაც ამ რეგიონში საუკეთესო მიწებია, აქაც ურბანიზაციის მიმართ მიზანშეწონილია განხორციელდეს იგივე ტაქტიკა, რაც კახეთში.
საშუალო ქალაქად გადაქცევის (თანამედროვე მრეწველობით, საფინანსო, საგანმანათლებლო და სხვა დამხმარე საბაზრო ინფრასტრუქტურით) შესაძლებ-ლობა აქვთ შიდა ქართლის ადმინისტრაციულ ცენტრს ქ. გორს, ქ. კასპს, მესხეთ-ჯავახეთში – ქ. ახალციხეს, სადაც ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე შეიძლება მატყლის და ტყავის გადამუშავება, შალის ქსოვილების, ფეხსაცმლის ფაბრიკების დაარსება (ბუნებრივია გარემოს ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის პირობებში), ასევე მაღალი ტექნოლოგიების საწარმოების გახსნა და ა.შ.
ქ. ქუთაისისათვის, რომელიც გამოირჩევა ისტორიული ძეგლებით, საჭიროა სტრატეგიის შემუშავება მისი ინდუსტრიული და მეცნიერული მნიშვნელობის აღდგენისათვის ახალი ტექნოლოგიების და ცოდნების ბაზაზე. ქ. ფოთი ხდება დიდ საქონელგადამცვლელ და გადასატვირთავ პუნქტად, ამასთან მას აქვს მრეწველობის განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივები. მიზიდულობის ბირთვების როლი, რა თქმა უნდა, აქვთ ქ.ქ. ბათუმს და სოხუმს, უპირველეს ყოვლისა, როგორც სამეცნიერო, საფინანსო და ინდუსტრიული მიზიდულობის ცენტრებისა, მაგრამ ამ ქალაქების განვითარებაც საჭიროა ინტენსიურად, კომპაქტურად, რომ არ შეილახოს მათი ბუნებრივ-რეკრეაციული მნიშვნელობა. ეს ეხება აგრეთვე დასავლეთის საქართველოს სხვა ქალაქებს, რომლებიც გარშემორტყმულია საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებით.
ღონისძიებათა მთელი ეს კომპლექსი (სხვა, სახელმწიფოში განსახორცი-ელებადი, ეკონომიკის განვითარებაზე მიმართული ღონისძიებებთან ერთად) შესაძლებელს გახდის უმუშევრობის დაძლევას, უზრუნველყოფს ქვეყანაში რამდენიმე დასაყრდენი შედარებით მსხვილი ქალაქის – სოციალურ-ეკონომიკური ბირთვის გაჩენას, რომლებიც ტექნოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული ბაზრების განვითარების საკოორდინაციო ცენტრების ფუნქციების გარდა შეასრულებენ მიზანშეცონილი ისტორიული, სოციალური და კულტურუ-ლი ტრადიციების, ისტორიული თვითმყოფადობის დამცველი ცენტრების ფუნქციებსაც, უზრუნველყოფენ მაღალ სოციალურ და საყოფაცხოვრებო პირობებს რეგიონების მთელი მოსახლეობისათვის და მისი მაღალი ინტელექტუალური დონის დაცვას და კიდევ უფრო ამაღლებას.