გამოჩენილი ქართველი მეცნიერი ვასილ ჩანტლაძე

გედეონ ხელაია, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

ეკონომიკურმა საზოგადოებამ და მთლიანად სახელმწიფო უნივერსიტეტმა და მეცნიერებათა აკადემიამ ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანადთან ერთად იანვარში დიდი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის 100 წლისთავი აღნიშნა და კიდევ ერთხელ დაუბრუნდა ქართული ეკონომიკური სკოლის საფუძვლებს. ვინ იყო ვასილ ჩანტლაძე და რატომ უნდა იცოდნენ უფრო მეტი მის შესახებ ახალგაზრდა ეკონომისტებმა და სტუდენტებმა?
ეკონომიკურ მეცნიერებაში, საკვლევ საკითხთა და მოვლენათა ხშირი ცვალებადობის მიუხედავად, დრო და დრო გამოჩნდებიან ისეთი კერპები, რომლებიც თაობათა მეხსიერებაში მტკიცედ აღიბეჭდებიან. სწორედ ასეთ კერპებს შორის იყო, არის და ალბათ კიდევ დიდხანს იქნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, თვალსაჩინო მკვლევარი, ეკონომისტთა მრავალი თაობის აღმზრდელი, დიდებული მამულიშვილი და საზოგადო მოღვაწე აკადემიკოსი ვასილ ჩანტლაძე. მას დაბადების 100 წელი შარშან შეუსრულდა, მაგრამ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ამ იუბილეს ერთი წლის დაგვიანებით ვატარებთ, თუმცა საგანგაშოს ამაში ვერაფერს ვხედავთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ვასილ ჩანტლაძე ჩვენს კერპად ქცეული დღესაც განაგრძობს მეორე სიცოცხლეს.
მეცნიერების ჭეშმარიტი რაინდი, ძალიან მოკლედ სამი უაღრესად ტევადი სიტყვებით შეიძლება დავახასიათოთ: ჩინებული მასწავლებელი, უბადლო მეგობარი და კოლეგა.
ბუნებას ვასილ ჩანტლაძისათვის არაფერი დაუშურებია, არც დიდი ნიჭი და უნარი, არც მაღალი სულიერება და ზნეობა, არც სასიცოცხლო ენერგია, არც ვაჟკაცური შემართება და ახლის ძიების დაუცხრომელი წყურვილი. სწორედ ამით აიხსნება ის მართლაც იშვიათი გასაოცარი მდგომარეობა, რომ ბატონი ვასილი ერთადერთი ქართველი ეკონომისტია, რომელიც უაღრესად ნაყოფიერი მეცნიერულ-პედაგოგიური ცხოვრებით სუნთქავდა 70 წლის მანძილზე და თანაც 90 წლის ასაკშიც, ჭაბუკური გატაცებით ეწეოდა აქტიური სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის მძიმე და საპატიო საქმეს.
დიახ! ასეთი ცხოვრება ნამდვილად უკომპრომისო ბრძოლაა ამაღლებული მიზნის მისაღწევად, ჭეშმარიტების დასადგენად და, შეიძლება ითქვას, ნამდვილად ბედნიერი იყო ბატონი ვასილი, რომელმაც თავისი არსებობის ყოველი წუთი ასეთ ბრძოლაში მოპოვებული, ბრწყინვალე გამარჯვებით რომ დაიმკვიდრა. ბედნიერი ვიყავით ჩვენც, მისი ახლობლები, მოსწავლეები, მეგობრები და კოლეგები, რადგან კარგად ვიცოდით ვისთვის მიგვებაძა, რა გზით გვევლო და ვინ მიგვეჩნია ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის წინამძღოლად და გზის გამკვლევად.
მრავალმხრივი იყო ვასილ ჩანტლაძის სამეცნიერო ინტერესების სფერო. ფინანსების, ფულისა და კრედიტის თეორიის, პრაქტიკისა და ისტორიის, აგრეთვე ქართული ეკონომიკური აზრის თეორიის მრავალი პრობლემური საკითხი იყო მისი კვლევის ობიექტი, მრავალი პრობლემა დაუსვამს და გადაუჭრია, მრავალი საკითხი უქცევია ქართული ეკონომიკური მეცნიერების ინტერესის საგნად, ახლებურად წარმოუჩენია და დაუსაბუთებია ისინი.
ბატონი ვასილ ჩანტლაძის დამსახურებული აღიარება და მოკრძალებული პატივისცემა მის მიერ განვლილი გზის ლოგიკური შედეგია. ამ გზის ძირითადი პერიპეტიები და მონაკვეთები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და, ნება მიბოძეთ, მოკლედ შევეხო ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხს.
ვასილ ჩანტლაძე დაიბადა 1905 წლის 8 იანვარს ქ. ზესტაფონში. საშუალო განათლება ცნობილ თბილისის პირველ გიმნაზიაში მიიღო, რომლის დამთავრებისთანავე 1923 წელს იგი გახდა თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი. სწორედ აქ გამოვლინდა მისი განსაკუთრებული ინტერესი მეცნიერული კვლევა-ძიებისადმი, მალე თავისი დიდი მასწავლებლის, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის ფილიპე გოგიჩაიშვილის ყურადღებაც მიიპყრო და მისი წინადადებით 1927 წელს უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ დატოვებულ იქნა იქვე, როგორც მომავლის მქონე პერსპექტიული ახალგაზრდა. ფ. გოგიჩაიშვილის ეს იმედები მალე გამართლდა, სულ რაღაც სამ წელიწადში, ბატონი ვასილი აქვეყნებს რამდენიმე ნაშრომს, რომელთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს “კ. მარქსის და ფ. ენგელსის ფინანსური მოძღვრება “. სხვათა შორის, ეს ნაშრომი არ არის ჩვეულებრივი იმ დროისათვის ხარკის მოხდის მიზნით ტრაფარეტული განხილვა. იგი მართლაც, რიგი საკითხებისადმი მიდგომის, პრობლემის ყოველმხრივი ანალიზის ერთ-ერთი სამაგალითო ნიმუშია, რის შედეგად ჩამოყალიბებულ ბევრ დასკვნასა და დებულებას ძალა და სიცოცხლის უნარიანობა დღესაც შენარჩუნებული აქვს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ბატონი ვასილის ყველა ნაშრომი, რომელიც შექმნილია საბჭოთა ეპოქაში, ისეა გამსჭვალული ღრმა მეცნიერული არგუმენტებით, რომ იდეოლოგიური ზეგავლენა მათზე არსებით კვალს ვეღარ ტოვებს. 1932 წელს, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდას და მკვლევარს, დოცენტის წოდება მიენიჭა, ხოლო 1941 წელს დისერტაციის დაცვის საფუძველზე – ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1954 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და 1959 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1974 წელს ირჩევენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1979 წელს კი – აკადემიკოსად. ვასილ ჩანტლაძე 21 წელიწადი ნაყოფიერად ხელმძღვანელობდა ფინანსებისა და კრედიტის კათედრას, მონაწილეობდა საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციებში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დისერტაციები მოამზადა და დაიცვა 40 – ზე მეტმა პირმა, მათ რიცხვში იყვნენ აზერბაიჯანელი, სომეხი, გერმანელი, პოლონელი და ვიეტნამელი დისერტანტები.
ვასილ ჩანტლაძე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას, იყო მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი, მინიჭებული ჰქონდა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება, მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები და სიგელები.
ბატონი ვასილის გამოკვლევებს როგორც სპეციალისტები, ისე მკითხველთა საზოგადოება ყოველთვის დიდი ინტერესით ხვდებოდა, მაგრამ მათ შორის მაინც მინდა აღვნიშნო ფართოდ გახმაურებული კაპიტალური მონოგრაფია – @”ფინანსების თეორიის საკითხები “, რომელმაც ავტორს საქვეყნო აღიარება და სახელი მოუტანა. ცნობილმა სპეციალისტებმა ეს შრომა შეაფასეს, როგორც ეკონომიკური მეცნიერების ოქროს ფონდში შეტანილი დიდი წვლილი. იგი ითარგმნა უცხოურ ენებზე, მათ შორის ჩინურადაც და მილიონობით ტირაჟით გამოიცა საზღვარგარეთ, რამაც მის ავტორსა და მთელ ქართულ მეცნიერულ-ეკონომიკურ აზროვნებას ავტორიტეტი მნიშვნელოვნად აუმაღლა.
შეიძლება სენსაციად ჩაითვალოს ბატონი ვასილის ასაკში (მაშინ 89 წლის იყო) გამოცემული ისეთი შესანიშნავი მონოგრაფია, როგორიცაა “ფინანსური მეურნეობის საფუძვლები”. ამ ნაშრომში გამოკვეთილია ფინანსური ურთიერთობის მისადაგება თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პრონციპული მოთხოვნებისადმი, სიახლის გრძნობა და ამ საკითხების ავტორისეული ნათელი და დამაჯერებელი გადმოცემის შეუდარებელი ოსტატობა.
ბატონმა ვ. ჩანტლაძემ თავისი მეცნიერული კვლევა-ძიებით ბევრ პრობლემატიკურ საიდუმლოებას ახადა ფარდა, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, მაგრამ მე მაინც მინდა რამდენიმე მათგანზე ყურადღების გამახვილება. სპეციალისტებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ ფინანსებს მეცნიერების დიდი ჯგუფი ზედნაშენურ კატეგორიად მიიჩნევდა, ზოგიც, მეცნიერების შედარებით ვიწრო წრე, მას ბაზისს მიაკუთვნებდა. დავა მათ შორის სათანადო მეცნიერული დასაბუთების სიღარიბით ათეული წლებით გრძელდებოდა. ბატონმა ვასილმა სათანადო წყაროების ღრმა, მეცნიერული ანალიზით ამ დავას ბოლო მოუღო და დამაჯერებლად ცხადჰყო, რომ ფინანსები იყო, არის და იქნება ისეთი ეკონომიკური კატეგორია, რომელიც მიეკუთვნება ბაზისს და არა ზედნაშენს.
დიდია და ფასდაუდებელი ბატონი ვასილის მეცნიერული ღვაწლი ფულის, კრედიტისა და ფინანსების გენეზისის განსაზღვრაში. საქმე ისაა, რომ ეკონომისტთა ერთი ნაწილი უარყოფდა ფინანსების არსებობას კაპიტალიზმამდე არსებული საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციებში და მას კაპიტალიზმისა და სოციალისტური წყობილების სიკეთედ მიიჩნევდა. ბატონმა ვასილმა ჩვეული, საკითხის ყოველმხრივი განხილვითა და მკაცრი ლოგიკურობით, სათანადო მასალებზე დაყრდნობით დაასაბუთა ფინანსების არსებობა მონათმფლობელურ და ფეოდალურ საზოგადოებაშიც. მისი მეცნიერული დასკვნაა ის, რომ ფული და კრედიტი წარმოშობილია პირველყოფილი საზოგადოების განვითარების მაღალ საფეხურზე, ხოლო ფინანსები – მონათმფლობელურ საზოგადოებაში, კერძო საკუთრების, კლასებისა და სახელმწიფოს წარმოშობის შემდეგ.
ცნობილია, რომ ეკონომიკურ ლიტერატურაში გაბატონებული იყო აზრი იმის შესახებ, რომ ფინანსები გაანაწილებს და გადაანაწილებს ეროვნულ შემოსავალს და ერთობლივ საზოგადოებრივ პროდუქტს. ბატონმა ვასილმა საფუძვლიანად გადაამუშავა და დააზუსტა ეს დებულება და მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, კერძოდ, დაამტკიცა, რომ ფინანსები ანაწილებს და გადაანაწილებს არა მარტო ეროვნულ შემოსავალსა და ერთობლივ საზოგადოებრივ პროდუქტს, არამედ ეროვნულ სიმდიდრესაც.
ვ. ჩანტლაძეს ორიგინალური განმარტებები აქვს მოცემული ფინანსური მეცნიერების საგნის, მეთოდის და ამოცანების შესახებ. ამ მხრივ საყურადღებოა მისი მონოგრაფიები – “ფინანსური მეცნიერების საგანი და ამოცანები” და “ფინანსური თეორიის საკითხები”.
ამ ნაშრომებში ვ. ჩანტლაძემ მოგვცა ფულისა და ფინანსების ორიგინალური დასაბუთება და ახსნა, თუ რა შემთხვევაში იქცევა ფული ფინანსებად.
ვ. ჩანტლაძეს მოცემული აქვს ფულადი ფონდების, საკრედიტო ფონდებისა და ბიუჯეტური ფონდების წრებრუნვაში და წრებრუნვის გარეშე მოძრაობის ორიგინალური დასაბუთება.
ბატონმა ვასილმა დიდი ცოდნა და ენერგია მოახმარა ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობის სტუდენტებისათვის ორიგინალური სახელმძღვანელოების შექმნას, რომლებიც ნათარგმნ და ქართულ ენაზე დაწერილ სხვა სახელმძღვანელოებზე გაცილებით გამძლე და სტაბილური აღმოჩნდა. ამ სახელმძღვანელოებზე აღიზარდა სპეციალისტთა მთელი თაობები. ასეთი წარმატება კი განაპირობა მისმა არა მარტო დიდმა მეცნიერულმა ცოდნამ და არაჩვეულებრივმა მეთოდიკურმა ოსტატობამ, არამედ ნამდვილად შესაშურმა პედაგოგიურმა ნიჭმა და ალღომ, ჭეშმარიტი მასწავლებლისათვის დამახასიათებელმა უნარ-ჩვევებმა.
ბატონ ვასილ ჩანტლაძემ, როგორც დიდმა პატრიოტმა, ქართველი ხალხის სხვა ღირსეულ მამულიშვილთა მსგავსად, კვლევითი მუშაობის ძირითად საგნად გაიხადა ეროვნული აზროვნების წიაღში მთვლემარე ეკონომიკური სიბრძნის მარგალიტების მოძიება – გამომზეურება და საერთაშორისო მეცნიერულ ასპარეზზე წარმოდგენა, როგორც ბრწყინვალე მაგალითი ქართველი ხალხის ეკონომიკურ აზრთა მრავალსაუკუნოვანი ასაკისა და სიცოცხლისუნარიანობისა. ამ დიდ ამაღლებულ საქმეს უძღვნა მან მრავალი შრომა, სტატია და სხვადასხვა შეკრებებზე, დიდ სიმპოზიუმებზე საყურადღებო გამოსვლები. ჯერ კიდევ სადოქტორო დისერტაციაში “ფინანსები რეფორმამდელ აღმოსავლეთ საქართველოში”, რომელიც წარმატებით დაიცვა 1954 წელს, ბატონმა ვასილმა, ჩვეული სიცხადითა და ლოგიკური მსჯელობით გვიჩვენა, რომ XIX საუკუნის პირველ ნახევარში ფინანსების, როგორც ქართული ეკონომიკური აზროვნების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების ეკონომიკური ცოდნის დონე საკმაოდ მაღალი იყო და მრავალმხრივ ორიგინალური. მართალია, ეს მეცნიერული ცოდნა ევროპაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ იგი საიმედოდ იდგა საკუთარ ფესვებზე, რომელთა საწყისები უძველესი საუკუნეების ეკონომიკური აზროვნების წიაღიდან იღებს სათავეს და გამოკვლევა ცალკე წიგნად გამოვიდა 1975 წელს. იგი წარმოადგენს კაპიტალურ გამოკვლევას, სადაც მოცემულია ფინანსების განვითარების კანონზომიერება რეფორმამდელ აღმოსავლეთ საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაშრომში ფართო ისტორიოგრაფიული და მდიდარი წყაროთმცოდნეობითი ბაზის გამოყენებით გამოკვლეულია რიგი ეკონომიკური და ეკონომიკურ-ისტორიული მეცნიერების მიერ შეუსწავლელი საკითხები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ვ. ჩანტლაძის ნაშრომი – “სულხან-საბა ორბელიანის ეკონომიკური შეხედულებანი”. იგი საყურადღებოა იმ მხრივ, რომ წარმოადგენს პირველ ცდას სულხან-საბა ორბელიანის ეკონომიკურ შეხედულებათა ჩამოყალიბებისა და დასაბუთებისათვის, აგრეთვე იმ მხრივ, რომ ეს შრომა მეცხრამეტე საუკუნემდელი ქართული ეკონომიკური აზრის შესწავლის პირველი ცდაა. სულხან-საბას ეკონომიკური შეხედულებანი ბატონმა ვასილმა შეისწავლა შედარებითი ხერხის გამოყენებით, და განიხილა მსოფლიო ეკონომიკური აზრის განვითარების ასპექტში. ამ შრომაში დასაბუთებულია იმ დროისათვის პროგრესული დებულება სულხან-საბა ორბელიანისა, რომლითაც იგი 70 წლით წინ უსწრებს ფიზიოკრატიული მიმართულების მამამთავარს – ფრანსუა კენეს. ეს საკითხი მოხსენდა ეკონომისტ – ისტორიკოსთა საერთაშორისო კონგრესს ლენინგრადში 1970 წლის აგვისტოში. მოხსენების ტექსტი დაიბეჭდა და გავრცელდა რუსულ და ინგლისურ ენებზე, ხოლო ამის შემდეგ პოლიტიკური ეკონომიის ენციკლოპედიის რედაქციამ ენციკლოპედიაში შეიტანა სულხან-საბა ორბელიანი, როგორც ფიზიოკრატიული სკოლის წინამორბედი თავისი ეკონომიკური შეხედულებებით.
ასევე მნიშვნელოვანია ვასილ ჩანტლაძის ნაშრომი “შოთა რუსთაველის ეკონომიკური იდეები”, რომელიც დიდი კმაყოფილებით მიიღო მკითხველთა ფართო საზოგადოებამ. გენიალური პოეტის მხატვრულ ქარაგმაში მოქცეული ეკონომიკური შეხედულებები ბატონმა ვასილმა გამოიცნო დიდი სიზუსტითა და სისრულით. იგი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც “ვეფხისტყაოსანი” მარტივად და გასაგებად წაიკითხა ეკონომიკის ენაზე და ასე მარტივად მიმზიდველად და საინტერესოდ მიაწოდა იგი მკითხველს. ამ ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ მისი ავტორი, კონკრეტული ეკონომიკური პოზიციებიდან მკაცრი ლოგიკურობით ნათელს ფენს “ვეფხისტყაოსანთან” დაკავშირებულ რიგ სოციოლოგიურ, ფილოსოფიურ და სხვა საკითხებს.
დიდი ამაგი დასდო ბატონ ვასილმა ქართველი ხალხის უკვდავი შვილის ილია ჭავჭავაძის ეკონომიკური იდეების შესწავლა-გამომზეურებას, მისი პროგრესული მხარეების ჩვენებას, ამ იდეების ორიგინალური ხასიათის, მისი მაღალი დონისა და სიცოცხლისუნარიანობის საყოველთაო აღიარებას.
მოკრძალებული პატივისცემით და სიყვარულითაა გამსჭვალული ბატონი ვასილის შრომები, რომელიც ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის ეკონომიკურ-ფინანსური შეხედულებების შესწავლას. ამ შრომებში დამტკიცებულია, რომ ივანე ჯავახიშვილი არის პირველი მკვლევარი, რომელმაც საქართველოს ეკონომიკურ-ფინანსური აზროვნების ისტორია მტკიცე მეცნიერულ სისტემაში მოაქცია და ამით დასაბამი მისცა მის თანმიმდევრულ და სისტემატურ კვლევა-ძიებას.
აქ ერთხელ კიდევ გამოვლინდა ბატონი ვასილის მაღალი პატრიოტული სულისკვეთება და ჭეშმარიტი მეცნიერების სინდის-ნამუსზე დამყარებული პირადი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
ვ. ჩანტლაძე ეცადა წარმოედგინა ფინანსური აზრის განვითარების ისტორია მონათმფლობელურ, ფეოდალურ და კაპიტალისტურ საზოგადოებაში დაწყებული ქსენეფონტედან და არისტოტელედან, დამთავრებული თანამედროვე ბურჟუაზიული ეკონომისტებით. ცალკე მონოგრაფიის სახით შესწავლილია ჰენრი ჯორჯისა და მის თანამოაზრეთა ეკონომიკურ-ფინანსური შეხედულებანი.
ვასილ ჩანტლაძემ დიდი მუშაობა გასწია, აგრეთვე, ეკონომიკის ტერმინოლოგიის დასამუშავებლად. მან მიიღო მონაწილეობა რუსულ-ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის შედგენაში. ამასთანავე დაწერა მთელი რიგი სტატიები ქართულ ენაზე ზოგიერთი ეკონომიკური ტერმინის გაგების საკითხებთან დაკავშირებით.
ბოლო წლებში თავს დატეხილი ტრაგიკული განცდების გამო, უსაშველო და უთქმელი სევდით გულავსებული, ამქვეყნიურ ცხოვრებას სამუდამოდ განეშორა გამოჩენილი მეცნიერი, სათაყვანებელი მასწავლებელი და აღმზრდელი.
1995 წლის აპრილში დაბადების 90 წლის იუბილე გადაუხადეთ და იქნებ სიმბოლურიც იყო საიუბილეო წელს მისი დიდი სიცოცხლის დასრულება.
მიუხედავად ხანდაზმულობისა, მის ცინცხალ გონებას სიბერის ჟანგი ახლოს არ გაკარებია, მეხსიერებას ბზარი არ შეჰპარვია. თავისი ჩვეული შეუპოვრობითა და შრომისმოყვარეობით კითხულობდა ლექციებს და ბრწყინვალე მეცნიერული მემკვიდრეობა დაუტოვა მომავალ თაობას. მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, ლექსიკონებისა და მეცნიერული სტატიების სახით. სულ გამოქვეყნებულია მისი 400-მდე ნაშრომი.
იგი უზარმაზარ ცოდნას ფლობდა, არასოდეს არ გამორჩებოდა არა მარტო მსოფლიო ფინანსისტ-ეკონომისტთა, არამედ სხვა დარგების მეცნიერთა უკანასკნელი ნაშრომები და მიღწევები. ჩამოთვლაც კი გამიჭირდებოდა ყველა დარგისა, იმდენად ფართო და ყოვლისმომცველი იყო მისი მეცნიერული ინტერესების სფერო და თვალსაწიერი.
მან თავისი ცხოვრებით და მოღვაწეობით ცხადად გვიჩვენა, რომ მეცნიერებისადმი ფართო საზოგადოების პატივისცემასა და სიყვარულს მთლიანად განაპირობებს მკვლევარში განვითარებული დიდი მეცნიერული ცოდნისა და მაღალი ადამიანური უნარ-ჩვევების ჰარმონიულობა. ამიტომ ბატონი ვასილ ჩანტლაძე ნამდვილი მასწავლებელი და ბრძენი მოძღვარი იყო, ადამიანის სულიერ სამყაროში ღრმად ჩახედული და საოცრად ემარჯვებოდა შეუცდომლად განესაზღვრა თავისი მოსწავლეების შესაძლებლობები, მათი მისწრაფებები და მიდრეკილებები და მიეცა მათთვის განვითარების ფართო ასპარეზი.
მიუხედავად ტიტანური შრომისა, ბატონი ვასილ ჩანტლაძე არ იყო ქონებრივად მდიდარი, მაგრამ მის ფასდაუდებელ სიმდიდრეს შეადგენდა საამაყო შვილები, შესანიშნავი შვილიშვილები, აღზრდილი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და პრაქტიკოსი ფინანსისტ-ეკონომისტები. ყველაზე დიდი სიმდიდრე მისთვის მაინც ერის სპეტაკი სიყვარული იყო, რასაც მხოლოდ გამორჩეული მოღვაწეები იმსახურებენ. მან კაცურად იცხოვრა და პირნათლად შეასრულა თავისი დიდი მოვალეობა თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, როგორც ქართული ეკონომიკური მეცნიერების მშვენებამ, როგორც მეცნიერების სინდისმა და ნამუსმა, როგორც გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ, როგორც უბადლო მეგობარმა და მასწავლებელმა.