სტუმარ-მასპინძლობის თეორიული ასპექტები და იყო თუ არა ვაჟა ეკონომიკური სკოლის ფუძემდებელი, ანუ ტურიზმის დოქტორანტურის ვაჟასეული ვარიანტი

ემზარ ჯგერენაია

სტუმრისა და ტურისტის ვაჟასეული
განმარტება:
“სტუმარი ცოტა ხნისაა, ხვალ სხვაგან წავა, აქითა
წავა გადივლის გორებსა, ქედებსა ყინულიანსა…
ტურიზმის მნიშვნელობაზე
“აი, სტუმარი მოგგვარე, ღვთის წყალობაა ჩვენზედა…”
ტურიზმის უსაფრთხოების შესახებ:
” – რას სჩადით? – შემოუძახა:
– ვის სტუმარს ბოჭავთ თოკითა?
რად სტეხთ საუფლო ჩვენს წესსა,
თავს ლაფს რად მასხამთ კოკითა?
ვაჟა, “სტუმარ-მასპინძელი”, გამომცემლობა
“საბჭოთა საქართველო, თბ. 1986 წ. გვ. 173-183.
წინასწარ მინდა ჩემი ფილოლოგი მეგობრები გავაფრთხილო – არამც და არამც არ ვაპირებ მათ კომპეტენციაში შეჭრას, ღმერთმა დამიფაროს!
უბრალოდ კიდევ ერთხელ მივუბრუნდი სტუმარ-მასპინძლობის უკვდავ თემას, რადგან არ ვიცოდი მას თეორიულ-ეკონომიკური საფუძველი თუ ჰქონდა და საქართველოში სადოქტორო დისერტაციის კვლევის ობიექტი თუ იყო. უბრალოდ ჩემთვის ვიფიქრე – ძალიან უცნაურები კი ვართ ეს ეკონომისტები. იმას, რასაც ერი თვლის მის გენიოლოგიურ თვისებად აღმოვაჩინეთ, რომ ეკონომიკური ხასიათი ჰქონია და კვლევა დავიწყეთ, ან გვინდა დავიწყოთ და ფილოლოგიიდან ეკონომიკის ლაბორატორიაში გადმოვიტანეთ. ისე, რა უნდა გამოიკვლიოს ამ მკვლევარმა მე ჯერ არ ვიცი – ვაჟასეული თეზების გაგრძელებაზეა ლაპარაკი, თუ ტურიზმის რეკლამირებასა და კარგი მიმტანების და გიდების გაზრდაზე, მაგრამ თუ ვაჟას დაუკავშირებთ, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ კარგი პოლიციელისა და წესრიგის დამცველების სკოლისა და სისტემის განვითარების პრობლემებზე, რათა ტურისტებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, ან ტურისტული ავტობუსის მძღოლის ჩაცმის პრობლემებზე. რატომაც არა? განა არ არის მნიშვნელოვანი რესტორან “წისქვილში” ხინკალს რომელი მხრიდან შემოიტანს მაგიდაზე მიმტანი. ეს მთელი ხელოვნება იყო, ახლა უკვე მეცნიერებაცაა. უცებ წარმოვიდგინე უცხოური რეკლამა და სასტუმროს დაჯავშნის მეთოდები, ეს ხომ მთელი ნიუანსებით დახუნძლული სფეროა. თან ამდენი სასტუმრო შენდება და სირცხვილია იქ ექვსთვიანი კურსდამთავრებული მზარეულები ყავდეთ, ან მიმღებში მუშაობდეს ისეთი ვინმე, ვისაც ძირფესვიანად და მეცნიერული ტვინის ჭყლეტის გარეშე მიუღწევია ამ ხელოვნებისათვის. რა კარგი იქნება – წარმოიდგინეთ სარეკლამო განცხადება – თქვენ გემსახურებათ მასპინძლობის დოქტორი მზარეული ჟუჟუნა, ან მაიკო, გაგიჟდებიან ტურისტები, გაეზრდებათ მადა და ჩვენზე ლეგენდებს მოყვებიან. თუმცა, მეც კვლევაში ვარ, დავიბენი. .
ისე სექტემბრის ბოლოს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ “მეტეხი პალასში საერთაშორისო კონფერენცია მოაწყო, გულდასმით მოვუსმინე მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩამოსულ მომხსენებლებს, რომლებიც ამ სფეროში ტურიზმის დოქტორები არ არიან, რადგან იმ ჩამორჩენილ და უვიც ქვეყნებში ჯერ არა აქვთ სადოქტორო ტურიზმში (მერე აქ ჩამოვიყვანთ და დოქტორებს გავხდით). მაგრამ ასეთები კი არ არიან, ეს სუფთა ბიზნესის ნაწილია და თუ რამე ახალი ეკონომიკის კუთხით მოდის, ეს საერთაშორისო ბიზნესის ნაწილია. ყველას ვკითხე – თუ არიან მათთან ტურიზმის დოქტორები, გაგიჟდნენ, არაო, არც გაგვიგიაო, რამე გვითხარი სტუმარ-მასპინძლობის ეკონომიკური თეორიის და ახალი სკოლის შესახებ და სადოქტორო სკოლაზეო. მეც ვერაფერი ვუთხარი, რამდენიმე გვარის გარდა, რომლებსაც აქვთ ეს მეტად თამამი ჩანაფიქრი ქართულ ეკონომიკურ სინამდვილეში.
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაც დაინტერესდა ამ ინიციატივით და აღფრთოვანდნენ, მაგრამ მერე მკითხეს – რას იკვლევენ და როგორო. რა თქმა უნდა, პასუხი ვერ გავეცი. ისე ვაჟაზე ვუთხარი, გაგიჟდნენ – რა დიდი ისტორია ჰქონია ამ საქმეს თქვენთანო და მსოფლიოში პირველი ქვეყანა ხართ ამ დარგში დოქტორებს რომ ამზადებთო. ძალიან დაფიქრდნენ ტურიზმის მექად წოდებული ქვეყნის წარმომადგენლები.
იქვე ერთი ცქრიალა გოგო მოსრიალდა, გრაციოზულად ყავა მოგვართვა და მეორე საწვერულვაშო ყმაწვილმა საფერფლე გამოცვალა. სასტუმროს მიმღებიდან მოწიფული ქართველი მოგვიახლოვდა და ჩვენს სტუმრებს გამგზავრების გრაფიკზე შეუთანხმდა, თვითმფრინავის ბილეთი გადაუმოწმა – თან შესთავაზა ხვალ თავისუფალი დრო გაქვთ და შეგიძლიათ მცხეთაში გასეირნება და გიდის წაყვანაო. ნამდვილი მასპინძელი იყო! მერე ვკითხე, ეს მასპინძლობა სად ისწავლე მეთქი – ორთვიანი კურსები გავიარე ბრატისლავაშიო. როგორ, დოქტორანტურა არ დაგიმთავრებია მეთქი? არაო, რას ბრძანებთ, ასეთი რამ არც გამიგიაო. აი ხედავთ, ჩვენი ნოუ-ჰაუს აზრზე არც ის იყო, ისე მასპინძლობა კარგად იცოდა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენელი ჩაგვერია ლაპარაკში და აღნიშნა, თბილისში ექვსთვიან სკოლას ვხსნით ტურიზმშიო, ჩვენი დაფინანსებითო და უმაღლესი კლასის მენეჯერებს მოვამზადებთო, სპეციალისტები უნდა ჩამოვიყვანოთო. დოქტორანტურა? ოოო, დოქტორანტურის სპეციალისტები არ გვყავსო და ამაზე არც გვიფიქრიაო.
ოოო, სარკაზმით გადავიხარხარე გულში და ბედნიერებისაგან კინაღამ შევხტი, აღმოვაჩინე ფაქტი, რომ პირველად მსოფლიოში საქართველოს უნივერსიტეტში გვაქვს ტურიზმის დოქტორანტურა და გვეყოლება დოქტორები, ალბათ, მათი გამზრდელი დოქტორებიც გვეყოლება, ანუ ტურიზმის თეორიაში მსოფლიოში ყველაზე მაგრები ვართ! საწყალი ვაჟა, საფლავში გადაბრუნდება ამას რომ გაიგებს.
დაუფასეს ეკონომისტებმა ვაჟას შრომა და მისი დაწყებული საქმე მსოფლიო ასპარეზზე გაიტანეს. მერე რა, რომ შეიძლება ტურიზმი არ გვქონდეს, სამაგიეროდ დოქტორები გვეყოლება. მიმტანებსა და ტუროპერატორებს გაზრდიან – მაგრები ვართ, გვიყვარს პირველობა. უნივერსიტეტში ერთი უჭკვიანესი კაცი გვყავს რექტორის მრჩეველად, გერმანიიდნ ჩამოყვანილი, რომელიც ლონდონის ეკონომიკის სკოლაშიც ასწავლის და უმაღლესი განათლების სფეროში ძალიან ჩახედულია – ბატონი ციმერმანი. ვკითხე და გაოცებულია, არც მას გაუგია ასეთი რამ სადმე და არც უნახია, მისი კოლეგებისაგან ისიც განცვიფრებულია. შოკისმომგვრელები ვართ ქართველები. ისე კი მეგულება თბილისში რამდენიმე ადამიანი, სტუმარ-მასპინძლობაში დოქტორობას რომ გაქაჩავენ – გივი სიხარულიძე და რენო ინაშვილი. ტრადიციული ერი ვართ, დიახაც! პირველები ჩვენ ვართ! რა იცოდნენ მათ ტურიზმი, ვაჟა სტუმარ-მასპინძლობის თეორიაზე რომ წერდა!

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial