საბროკერო საქმიანობა საქართველოში

თათა თორია
საბროკერო საქმიანობის დასაწყებად საჭირო ლიცენზიას საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია გასცემს. საწყისი კაპიტალისა და კანონით განსაზღვრული სალიცენზიო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში საბროკერო კომპანიას მიეცემა ლიცენზია ერთი ან რამდენიმე საქმიანობისთვის. კერძოდ:
– ინვესტიციების განხორციელებისას პირდაპირი კონსულტაციები გაუწიოს ინვესტორებს, მათ შორის ფასიანი ქაღალდების ფასის, ფასიან ქაღალდებში ინვესტირების დროს ყიდვა-გაყიდვისა და მათთან დაკავშირებული უცხოური ვალუტით გარიგებების შესახებ;
– კონსულტაცია გაუწიოს ემიტენტს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და ინვესტიციების მოზიდვის თაობაზე;
– მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება არაგარანტირებულ საფუძველზე;
– მიიღოს და გადასცეს კლიენტის დავალებები ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, განახორციელოს კლიენტების სახსრებით მათივე ინტერესებისთვის ფასიანი ქაღალდებით გარიგება;
– მართოს კლიენტის საინვესტიციო პორტფელები და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებისთვის გამოყოფილი სახსრები;
– შეინახოს და აღრიცხოს კლიენტების საინვესტიციო სახსრები და ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის მომსახურება;
– თავისივე ინტერესებისთვის განახორციელოს საკუთარი სახსრებით ფასიანი ქაღალდებით გარიგება;
– მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება გარანტირებულ საფუძველზე;
– ასესხოს კლიენტებს და ისესხოს მათგან ფასიანი ქაღალდები, აგრეთე გამოიყენოს საკუთარი სახსრები კლიენტებისთვის ფასიანი ქაღალდების შესაძენად.
პირი, რომელიც კომისიას საბროკერო კომპანიის ლიცენზიის მოსაპოვებლად მიმართავს, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
– რეგისტრირებული უნდა იყოს, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;
– აღიარებულ უნდა იქნეს თვითრეგულირებადი ორგანიზაციის ან საფონდო ბირჟის პირობით წევრად;
– საწყისი კაპიტალისა და ნასესხები სახსრების მოცულობა უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის წესებით განსაზღვრულ ნორმატივებს;
– საწარმოს ერთი დირექტორი მაინც უნდა იყოს ლიცენზირებული, როგორც ბროკერი;
– საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არ უნდა ჰქონდეს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა იყოს ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისთვის, ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს დაკისრებული ადმინისტრაციული სასჯელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისთვის.
საწარმომ, რომელიც საბროკერო ლიცენზიის მისაღებად მიმართვას კომისიას, წერილობით უნდა წარადგინოს განაცხადი და დაურთოს შემდეგი ინფორმაცია:
– საბროკერო კომპანიის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;
– იმ პირთა სრული სახელი, რომელთა საკუთრებაშია საბროკერო კომპანიის 5%-ზე მეტი, მათი მისამართები, წილი საწესდებო კაპიტალში და ხმათა რაოდენობა, ინფორმაცია სხვა საწარმოების საქმიანობისა და კონტროლში მონაწილეობის შესახებ.
– საქმიანობის სფერო, რომლისთვისაც კანდიდატს ლიცენზიის მიღება სურს;
– საწყისი საკუთარი კაპიტალისა და ნასესხები კაპიტალის ოდენობა, რომელიც გამიზნულია ლიცენზიაში აღნიშნული საქმიანობის განსახორცილებლად, აგრეთვე კაპიტალის სესხების წყაროები;
– წესდება, სასამართლოში რეგისტრირებული და ნოტარიუსის მიერ დადასტურებული სადამფუძნებლო დოკუმენტი;
– ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ბალანსი, რომელიც დამოწმებული იქნება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ;
– კლიენტთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუში, რომელიც შედგენილია კომისიის წესების შესაბამისად;
– სხვა ისეთი ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება მოითხოვოს კომისიამ თავისი წესების მიხედვით, ინვესტორის უფლებების დასაცავად.
კომისიას შეუძლია დააწესოს მოთხოვნები კანდიდატის საწყისი კაპიტალისა და ნასესხები კაპიტალის მაქსიმუმის შესახებ. ის კომისიის წესებით განსაზღვრული საწყისი კაპიტალის მოთხოვნების საფუძველზე გასცემს როგორც გენერალურ ლიცენზიას, რომლის მიხედვითაც საბროკერო კომპანიას უფლება აქვს ჩაებას ყველა ნებადართულ საქმიანობაში, ისე სპეციალურ ლიცენზიებს, რომლებიც საბროკერო კომპანიებს მხოლოდ ზოგიერთი საქმიანობის უფლებას აძლევს, ფასიანი ქაღალდების შესაძენად ფულადი სახსრების მიღების, კლიენტებისთვის ფულადი ანგარიშის გახსნისა და საკუთარი სახსრების სავაჭრო ოპერაციების განხორციელების უფლებათა ჩათვლით. სპეციალური ლიცენზიები თვით საბროკერო კომპანიის მოთხოვნის საფუძველზეც შეიძლება გაიცეს.
საბროკერო კომპანიისთვის სპეციალური ლიცენზიის მიცემის შემთხვევაში, ამ კომპანიამ თავის მასალებში, კლიენტებთან დადებულ ხელშეკრულებებსა და სარეკლამო მასალებში გარკვევით უნდა განაცხადოს იმ საქმიანობის შესახებ, რომლის ლიცენზიაც აქვს.
სალიცენზიო სერთიფიკატში ასევე გარკვევით უნდა აღინიშნოს საქმიანობათა სფეროები, რომლებისთვისაც საბროკერო კომპანიაზე ლიცენზია გაიცა. კომისიამ ფიზიკურ პირსაც შეიძლება მისცეს ლიცენზია საბროკერო საქმიანობისთვის. ბროკერის ლიცენზიის კანდიდატი კი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
– ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა იყოს ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისთვის, ან ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს დაკისრებული ადმინისტრაციული სასჯელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების უხეში დარღვევისთვის;
– ჩაბარებული უნდა ჰქონდეს კომისიის მიერ ორგანიზებული ან კომისიის მიერ აღიარებული სხვა საკვალიფიკაციო გამოცდა განაცხადის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში;
ბროკერის ლიცენზიის კადიდატი კომისიას განაცხადთან ერთად აბარებს შემდეგ ინფორმაციასა და დოკუმენტებს:
ა) კანდიდატის სახელი და მისამართი;
ბ) კომისიის მიერ ორგანიზებული ან აღიარებული სხვა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დოკუმენტაცია;
გ) ინფორმაცია, რომელიც კომისიამ შეიძლება მოითხოვოს საკუთარი წესების მიხედვით.
კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საბროკერო კომპანიის ან ბროკერის საქმიანობის ლიცენზია, თუ ლიცენზიის მფლობელი:
– წერილობით მოითხოვს მისი ლიცენზიის გაუქმებას, კომისიის წესებით დამტკიცებული ფორმითა და პროცედურის მიხედვით;
– ლიცენზიას მიიღებს ყალბი ინფორმაციის წარდგინებით ან სხვა უკანონო საშუალებებით;
– აღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია;
– კომპანია ვერ აკმაყოფილებს საწესდებო კაპიტალთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ან არ შეუძლია კრედიტორისადმი საკუთარ ვალდებულებათა შესრულება, განსაკუთრებით, მინდობილი ქონების უსაფრთხოება.
ლიცენზირებული საბროკერო კომპანიები შეიძლება იყვნენ მხოლოდ საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრები. საბროკერო კომპანია შეიძლება იყოს ერთზე მეტი საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრი. საფონდო ბირჟის არც ერთ მესაკუთრე-წევრს უფლება არ აქვს პირდაპირ ან დაკავშირებული პირების მეშვეობით ფლობდეს საფონდო ბირჟის ხმათა 10%-ზე მეტს. საფონდო ბირჟაზე იმ საბროკერო კომპანიების ხმათა ჯამური რაოდენობა, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტის მესაკუთრეთა სპეციალური საქმიანობაც ლიცენზირებულია ერთი და იმავე ორგანოს მიერ, გარდა კომისიისა, არ უნდა აღემატებოდეს საფონდო ბირჟაზე ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარს.
რაც შეხება საბროკერო კომპანიების მოვალეობებს, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საკითხებზე კონსულტაციისა და საინვესტიციო პორტფელის მართვის მომსახურების დროს საბროკერო კომპანია უნდა წარმოადგინოს ლიცენზირებულმა ბროკერმა. ლიცენზირებულ ბროკერს უფლება აქვს მონაწილეობდეს საბროკერო საქმიანობაში მხოლოდ მისი დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით.
საბროკერო კომპანიამ თავისი აქტივების, კლიენტების ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრებისგან გამიჯვნის მიზნით, უნდა იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. ამ ანგარიშების მართვის წესებს კომისია ადგენს.
კომპანიასა და მის კლიენტს შორის ყველა ხელშეკრულება ფორმდება წერილობით, კომისიის წესების შესაბამისად. აღნიშნული წესების საფუძველზე, საბროკერო კომპანიები და ბროკერები ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობების შესაბამისად, თავიანთი კლიენტების დავალების შესრულების პრიორიტეტულობას უზრუნველყოფენ: მათ არ უნდა გაუწიონ კონკურენცია თავიანთი კლიენტის დავალებას, არ უნდა მოახდინონ კლიენტის დავალების შესრულების მანიპულირება, ან არ გადაწყვიტონ კლიენტის დავალების შესრულება ისეთი ფასითა და ხარჯებით, რომლებიც ნაკლებად ხელსაყრელია კლიენტისთვის ამ საქმეში მონაწილე ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალთან შედარებით.
ბროკერს კომპანიის სახელით ეკრძალება მისცეს კლიენტს შეგნებულად შეცდომაში შემყვანი რეკომენდაციები და ინფორმაცია. საბროკერო კომპანია კომისიის წესების შესაბამისად იძლევა ინფორმაციას ინვესტიციების ვარგისობის, საბროკერო კომპანიის ან ბროკერისთვის ინტერესთა პოტენციური კონფლიქტისა და საბროკერო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
საბროკერო კომპანია მოვალეა, დაიცვას კომისიის წესებით განსაზღვრული მოთხოვნები კაპიტალზე, აწარმოოს საბუღალტრო აღრიცხვა და სხვა დოკუმენტები, წარუდგინოს თავის კლიენტებს ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა დამადასტურებელი დოკუმენტები, პირად ანგარიშთა ამონაწერები და ანგარიშები მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, მოამზადოს წლიური და პერიოდული ანგარიშები თავისი საქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ კომისიის წესების თანახმად.
საქართველოში საბირჟო ვაჭრობის დაწყების დღიდან (2000წ. მარტი) 2006 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს საფონდო ბირჟაზე დადებულია სულ 10 487 გარიგება, 110,8 მილიონ ფასიან ქაღალდზე. გარიგებათა საერთო ღირებულებამ 191,7 მილიონი ლარი შეადგინა.
2006 წელს კი “საქართველოს საფონდო ბირჟაზე” სულ ჩატარდა 79 სავაჭრო სესია და დაიდო 3587 გარიგება, რომელთა ჯამურმა მოცულობამ 13,4 მილიონი აქცია შეადგინა, ხოლო ჯამურმა ღირებულებამ – 53,5 მილიონი ლარი.

1

2