აფეთქდება თუ არა რუსული ბანკები

თეა შველიძე

1998 წლის კრიზისის შემდეგ რუსეთის საბანკო სისტემა დღესაც ჩინოვნიკთა დისკუსიების საგანია. თუმცა, რუსეთში განვითარებული მოვლენები მხოლოდ ამ ქვეყნის პრობლემა არ არის. ძველი “კავშირებისა” და ახლო “მეზობლობის” წყალობით, რუსეთში შექმნილი კლიმატი პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის “გადამდებია”. ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა და ისიც აშკარაა, რომ 1998 წლის კრიზისის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წელში დღესაც ვერ გასწორებულა.

ამჟამად რუსეთის საბანკო სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა და გადააგზავნა დუმაში პროგრამული დოკუმენტი “საბანკო სისტემის განვითარების კონცეპტუალური საკითხები”. ცენტრალური ბანკი არ მალავს, რომ მისი დიდი სურვილია, რუსეთის ბანკები დასავლურს ჰგავდნენ. თუმცა, რუსეთის საბანკო სისტემა, შესაძლოა, სხვაგვარი “სიურპრიზის” მოწმეც გახდეს. გამორიცხული არ არის, რომ რუსული ბანკები “აფეთქდეს”. მიზეზი ისევ და ისევ 1998 წლის კრიზისია, ვინაიდან საქმე ამ პერიოდში გაფორმებულ ფორვარდულ კონტრაქტებს ეხება, რომელთა შედეგადაც რუსეთის ეროვნულმა სარეზერვო ბანკმა აქტივების ნახევარი უკვე დაკარგა.

1998 წლის კრიზისამდე რუსეთის სარეზერვო ბანკმა frangul Credit Agricole Indosouez-ის ბანკთან 14 ფორვარდული კონტრაქტი გააფორმა. შარშან ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფრანგული ბანკის სასარგებლოდ რუსეთის სარეზერვო ბანკს 200 მლნ. დოლარი ჩამოეჭრა. ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს მომავალში ასეთივე საშიშროება იმ რუსულ ბანკებსაც ემუქრება, რომლებმაც თავის დროზე “ფორვარდები” გააფორმა. მით უმეტეს ბანკებს ყველაზე მსუყე – საგარეო აქტივების დათმობა მოუწევთ. რუსეთის ინფორმაციით, სარეზერვო ბანკის ვალი ფრანგულ ბანკთან 119 მლნ. დოლარს შეადგენს. რუსეთმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მას 200 მლნ. ჩამოაწერეს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ წლის ბოლოს სარეზერვო ბანკის აქტივები 500 მლნ. დოლარს არ აღემატებოდა.

თანხები, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოიწერა, სადაც პრეცენდენტული სამართალი მოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზღვარგარეთის სხვა ბანკებს შესაძლებლობა აქვთ, ამერიკის სასამართლოს მიმართონ. ეს უკანასკნელი კი რუსეთს ნამდვილად არ წყალობს. საერთო ჯამში, რუსული ბანკების დავალიანება ფორვარდების მიხედვით, 6-8 მილიარდი დოლარით განისაზღვრება, რაც რუსეთის საბანკო სისტემის მეათედს შეადგენს.

წელს რუსეთს მყარი ვალუტის სახით კრედიტორებისთვის 3,73 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარიზის კლუბმა. რუსეთის ბიუჯეტში ამ მიზნით 2,42 მილიარდით ნაკლები იყო გათვალისწინებული.

ზემოთ აღნიშნული პროცესები საქართველოსთვის იმ კუთხით არის საინტერესო, თუ როგორ აისახება ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. აშკარაა, რომ რუსული ბანკების “გაჭირვება” უკვალოდ არ ჩაივლის, მით უმეტეს დღეს, როცა ენერგოკრიზისის შედეგად ლარი “მოსასულიერებელი” გახდა. დოლარმა ლართან მიმართებაში 8,5 ნიშნულით აიწია. ეროვნული ბანკის მთავარი დილერის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ლარის “რყევა” უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა განაპირობა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა, იმპორტი კი ენერგომატარებლების ხარჯზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველომ მარტო კომპანია “იტერას” ბუნებრივი აირისთვის 1 თვეში 3 მილიონი დოლარი გადაუხადა. ლარის კურსის დაცემა თავისთავად სამომხმარებლო ფასებზეც აისახება. ექსპერტ-ანალიტიკოსის, ზაზა გრიგალაშვილის თქმით, სამომხმარებლო ფასები აუცილებლად გაიზრდება. ფაქტიურად ერთმა სეზონურმა ენერგოკრიზისმა ლარი კინაღამ “ხელიდან გამოგვაცალა”. ხოლო რა მოგველის რუსეთის ბანკების “აფეთქების” შემთხვევაში, თვალნათლივ წარმოსადგენად 1998 წლის აგვისტო-სექტემბერში არსებული მდგომარეობა უნდა გავიხსენოთ.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იოსებ არჩვაძე: “საქართველოს სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 1995 წლის 20 მილიონი დოლარიდან 1998 წლის პირველ 9 თვეში 67 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2000 წელს თითქმის 380 მლნ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში სამომხმარებლო ფასებმა 24%-ით მოიმატა. მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტი რუსეთიდან და შემცირდა ექსპორტის მოცულობა. შეიზღუდა ამ ქვეყნიდან საქართველოში გზავნილების მასშტაბები (რუსეთიდან ყოველთვიურად 10-12 მლნ. ლარი იგზავნებოდა). თუმცა, ამ პერიოდში ლარის კურსი ადეკვატურად არ შეცვლილა. ეროვნული ვალუტა “დამძიმდა”, რამაც შემაფერხებელი ფაქტორები შექმნა ადგილობრივი წარმოებისა და, შესაბამისად, ექსპორტის განვითარებისათვის. სამაგიეროდ, ხელი შეეწყო იმპორტს”.

ეროვნული ბანკის მთავარი დილერი, სოსო ფხაკაძე რუსული ბანკების “აფეთქებას” გამორიცხავს. მისი თქმით, შარშან რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 17 მილიარდი დოლარით შეავსო. ეს, ძირითადად, ნავთობპროდუქტებზე ფასების გაზრდის ხარჯზე მოხდა. როგორც წესი, საექსპორტო ამონაგები სახსრებიდან 65% ცენტრალურ ბანკს მიეყიდება. ასეთ პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთს ფორვარდული კონტრაქტების გამო პრობლემები შეექმნას. 200 მილიონი დოლარის დაკარგვა რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს იმიტომ, რომ სარეზერვო ბანკი ერთ-ერთი კომერციული ბანკია. 1998 წელს რუსეთში დოლარებით შედიოდა კაპიტალი და კომერციულ ბანკებში იდებოდა, რაც შემდგომში რუსულ მანეთებზე ხურდავდებოდა. ეს თანხები სახაზინო ვალდებულებებში გამოიყენებოდა, ვინაიდან ამ დროისთვის რუსეთის ბიუჯეტი დაფიციტური იყო. ამ დროს კომერციული ბანკები ფორვარდულ კონტრაქტებს აფორმებდნენ. თუმცა, ეს ცენტრალურ ბანკს არ შეხებია. “1998 წლის კრიზისის დროს ჩვენ, პირველ რიგში, სახაზინო ვალდებულებები გავაჩერეთ”, – აცხადებს ფხაკაძე.

ქართველი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ბანკებს საშიშროება არ ემუქრება. თუმცა, თუკი ისინი მაინც “აფეთქდა”, საქართველოს არანაირი დამცავი ბერკეტები არ ექნება.