გვრცხვენია, რომ ღარიბები ხართ …

ია ბაკურაძე

დანაშაულის გრძნობა დასავლეთს კეთილი განზრახვებისაკენ უბიძგებს. თუმცა, საკითხავია, გადაიზრდება თუ არა მოქმედებაში რიტორიკა მსოფლიო სიღარიბის დაძლევაზე დავოსში გლობალიზაციის წარუმატებლობაზე გულწრფელი გულისტკივილი კოლექტიურ აღსარებას დაემსგავსა.

არა მხოლოდ ანტიკაპიტალისტური დემონსტრაციების, არამედ ღარიბი ქვეყნებიდან დელეგატების ზეგავლენით მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი პოლიტიკისა და ბიზნეს ლიდერების ყველაზე ექსკლუზიური შეკრებიდან შელახული სინდისის უპრეცედენტო საზოგადო გამოხატულებად გადაიქცა.

მას შემდეგ რაც ფორუმის მონაწილეებმა დავოსი დატოვეს და თავიანთ ქვეყნებში გაემგზავრნენ, ისმის კითხვა: შეიცვლება კი ნამდვილად რამე? მაღალი რანგის აღმასრულებელ პირთა უმეტესობისათვის, ალბათ, ძნელი იქნება წამოწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.

“ამ ათ წელიწადში ხელმძღვანელთა უმეტესობამ “პერიფერიული ხედვა” დაკარგა. მათი გონება იმდენად არის მიმართული სამომავლო შემოსავლებზე, რომ თუნდაც მოინდომონ, ამ ჩარჩოებს მიღმა ფიქრისთვის, უბრალოდ, დრო არ ეყოფათ,” – განაცხადა A.თ. Kარნეყ-ს გლობალური პოლიტიკის საბჭოს კონსალტინგის ცენტრის თავმჯდომარემ, პოლ ლოდიჩინამ.

“ძალიან კარგია, რომ ამ საკითხმა ამდენი პიროვნების ყურადღება მიიპყრო,” – აღნიშნა გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, მარკ მალოქ ბრაუნმა. “პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გადაწყვეტილებები არ გვაქვს მიღებული. ხანდახან აღმოჩნდება, რომ განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის დაძლევისადმი თანმიმდევრული მიდგომაც კი არ არის”.

დავოსში ამ საკითხისადმი მიძღვნილ გამოსვლებზე, სემინარებსა თუ წვეულებებზე უამრავი ტენდენცია და პოლიტიკური კურსი გამოიკვეთა და ნამდვილად არ არის სულერთი ის ფაქტი, გაჰყვებათ თუ არა ფორუმის მონაწილეებს მათი ბოლომდე მიყოლის სურვილი.

რა თქმა უნდა, ყველა არ იყო პესიმისტურად განწყობილი. ჩილეს ყოფილმა შრომის მინისტრმა, რენე კორტაზარმა, განაცხადა, რომ ლათინური ამერიკის გამოცდილებამ იგი ოპტიმიზმით აავსო. მალოქ ბრაუნმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის სამიტზე დასახული მიზანი, 2015 წლისათვის უკიდურესი სიღარიბის დონე განახევრებულ იქნას, აღმოსავლეთ აზიაში თითქმის მიღწეულია და “სულაც არ არის შეუძლებელი იგივე მთელ მსოფლიოში განხორციელდეს”.

რაც უნდა ითქვას, გლობალიზაციის მოწინააღმდეგეებმაც და მომხრეებმაც გააცნობიერეს თავიანთი შეცდომები. მდიდარი ქვეყნების წარმომადგენლები არც კი ცდილობდნენ, თავიდან აეცილებინათ განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლების საყვედურები იმის შესახებ, რომ სავაჭრო ბარიერები მათი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას დაბრკოლებებს უქმნის. მოყვანილ იქნა ბოლივიის მაგალითი, რომელიც შეერთებულ შტატებში საქონლის შეტანისას 22%-იან ტარიფს იხდის მაშინ, როცა დასავლეთის ფინანსური ინსტიტუტების ზეწოლით, შტატებმა თავისი საიმპორტო ტარიფები 10%-მდე შეამცირა.

აივორის კუნძულების წარმომადგენელმა, MცKინსეყ-ს მრჩეველმა მენეჯმენტის საკითხში, ტიიდენ ტაიმ, განაცხადა, რომ მსგავსი დაბრკოლებების გადალახვის ლობირებამ თავისი ნაყოფი გამოიღო. “სხვა გამოსავალი არ არის, ეს ბარიერები უნდა გადავლახოთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმეში აშშ თავისებურ დახმარებას გვიწევს; შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის სუბსიდიებზე გამართული ბრძოლაც ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდება,” – თქვა მან.

თავის მხრივ, განვითარებადმა ქვეყნებმაც გააცნობიერეს პოლიტიკური და ფისკალური სტაბილურობის, შეთანხმებული საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკის აუცილებლობა ეკონომიკური აღმავლობის მისაღწევად და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. კორტაზარმა საბოლოოდ ასეთი დასკვნა გააკეთა: “ჩვენ თამაშის მაღალხარისხოვანი წესები, მაღალხარისხოვანი პოლიტიკა, მაღალხარისხოვანი პოლიტიკური ინსტიტუტები და კომუნალური მომსახურება გვჭირდება. ეს იოლი არ არის, მაგრამ აუცილებელია”.

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც, რომლებიც ანტი-გლობალიზაციის გამპროტესტებელთა კრიტიკის საგნად საკმაოდ ხშირად გვევლინებიან, დავოსში “მომნანიებლურ” გუნებაზე იყვნენ. გაურკვეველად რჩება ის საკითხი, თუ რა შეუძლია კერძო სექტორს გააკეთოს იმის გამოსასწორებლად, რასაც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, ტაბო მბეკიმ, “სიღარიბის სტრუქტურული შეცდომა” უწოდა.

“არც ერთი კორპორაცია, ან თუნდაც კორპორაციათა გაერთიანება ძირითადი ბაზრის შესაძლებლობების გარეშე არაფერს მოიმოქმედებს,” – თქვა პოლ ლოდიჩინამ, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ბიზნესს ის საშიშროება მოელის, რომელიც მას შეიძლება ამ უთანასწორობის გაღრმავების შემთხვევაში შეექმნას. პრობლემის მისეული გადაწყვეტა გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის “გლობალური შეთანხმების” ინიციატივის მსგავსი იყო, რომელიც ბიზნეს ლიდერებისა და სახელმწიფო სექტორის გაერთიანებას გულისხმობს. “ბიზნეს ლიდერები და მთავრობის წარმომადგენლები აუცილებლად უნდა გაერთიანდნენ, რათა ხიდი გადონ იმ უფსკრულზე, რომელიც ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის წარმოიშვა,” – განაცხადა ლოდიჩინამ.

დავოსში შეკრებილმა ხალხმა კეთილი სურვილებით გააცილა ფორუმის მონაწილეები. თუმცა, ერთი რამ აშკარაა: ის დემონსტრანტები, რომლებმაც დაცვის კორიდორის მიღმა ვერ დაინახეს ლიმუზინებში და ვერტმფრენებში მსხდომნი, მომავალში აუცილებლად მიადევნებენ თვალს იმას, თუ როგორ შეასრულებენ ისინი თავიანთ დანაპირებს.