საწარმოთა ფინანსური მართვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა!

რევაზ კაკულია ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

ნებისმიერი სამეურნეო სუბიექტის მმართველობითი აპარატის მუშაკები
ყველა დონეზე დაკავშირებულნი არიან ფინანსური რესურსების ფორმირება-გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასთან. ეს კი ლოგიკურად მოითხოვს ფინანსების მართვის პრინციპების საგნობრივ ცოდნასა და ანალიზს. ვერც ერთი რანგის მენეჯერი სამეურნეო და საფინანსო საქმიანობაში წარმატებებს ვერ მიაღწევს, თუ იგი გარკვეული არ არის ფინანსების თეორიასა, სამეურნეო საქმიანობის ანალიზის ტექნიკასა და ფინანსურ მოდელებში.

ფინანსური ნაკადების დაგეგმვამ და საწარმოო საქმიანობის ფინანსურმა ანალიზმა საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს უშუალო სამეურნეო ხელმძღვანელობის განხორციელებასა და წარმოების მართვაში. ახლა, როცა სამეურნეო სუბიექტების საკუთრების მრავალფეროვნების პირობებში მიიღეს სრული დამოუკიდებლობა, ფინანსური ნაკადების დაგეგმვისა და ანალიზის გარეშე შეუძლებელია საწარმოს სწორი გაძღოლა, სამეურნეო სუბიექტის წინაშე დასმული მთავარი ამოცანის – მოგების მაქსიმიზაციის წარმატებით განხორციელება. ფინანსური მართვა, მთელი თავისი ბერკეტებით საშუალებას აძლევს საოჯახო მეურნეობების, საწარმოების, ფირმებისა და კორპორაციების მფლობელებს და მენეჯერებს, დროული რეგულირება მოახდინონ ფაქტობრივად მიღებული ეკონომიკური შედეგების დასახული პროგრამიდან გადახრაზე, სასწრაფოდ მიიღონ საჭირო ზომები სამეურნეო საქმიანობის და ფინანსური პროცესების ნორმალური მსვლელობისათვის.

მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული ფინანსური გადაწყვეტილების ეფექტიანობის ხარისხზე, ვალდებულია, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდოს ფინანსური ანალიზი. ეს კი მოითხოვს ანალიზის ტექნიკისა და ინსტრუმენტების, ფინანსების თეორიის და ფინანსების მართვის მოხდენილად გამოყენებას. სხვაგვარად წარმატებები შეუძლებელია. ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილება, როგორც წესი, გავლენას ახდენს სამეურნეო სუბიექტის საქმიანობასა და ცხოვრების ყველა მხარეზე.

ფინანსურ გადაწყვეტილებებს საფუძვლად უნდა დაედოს ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც აგებული იქნება სამეურნეო სუბიექტის მომავალი სარგებლიანობის შეფასებაზე. ამასთან, კრიტერიუმების მთავარი მიზანი უნდა გახდეს სიმდიდრის გადიდება ინვესტიციების საბაზრო ღირებულების ზრდის ხარჯზე გარკვეული რისკის მხედველობაში მიღებით.

ფინანსურმა მენეჯერმა უნდა შეასრულოს ბევრი ისეთი რუტინული ამოცანა, როგორიცაა: საწარმოში ლიკვიდური საშუალებების მდგომარეობისა და მომგებიანობის ანალიზი, აგრეთვე ფინანსური ოპერაციების მსვლელობისადმი მუდმივი, პერმანენტული ზედამხედველობა და კონტროლი. ფინანსური მენეჯერი მონაწილეობას უნდა იღებდეს ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი პროექტების დამუშავება-განხილვაში, განსაკუთრებით კაპიტალის სტრუქტურისა და ინვესტირების ძირითადი ვარიანტების ანალიზში. თანაც, არანაკლები მნიშვნელობისაა მის მიერ წლიური შემოსავლის იმ ნაწილის განსაზღვრა, რომელიც მიმართული უნდა იყოს დივიდენდების ასანაზღაურებლად. ეს უკანასკნელი ხომ ფინანსური მართვის ალფა და ომეგაა.

იმისათვის, რომ სერიოზულ აღმავლობას მიაღწიოს ეროვნულმა ეკონომიკამ, აუცილებელია, ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ჩამოაყალიბოს ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი და ამ მიზნის შესრულების მიმართულებები, რომელთა განხორციელებასაც დაემორჩილება ნებისმიერი საოჯახო მეურნეობა, ფირმა თუ კორპორაცია, რა თქმა უნდა, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების ამოქმედებით.

თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის მიზნისა და მისი განხორციელების გზების დასახვა, ამაზე ნათლად მეტყველებს აშშ-ის პოლიტიკის გამძლეობა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე თვეში, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოებში მიიღეს “კანონი დასაქმების შესახებ” (1946წ.), რომელშიც ჩამოყალიბდა აშშ-ის ეკონომიკის 4 ძირითადი მიზანი: სრული დასაქმება, ეკონომიკური ზრდა, ფასების დონის სტაბილურობა და საგადასახდელო ბალანსის წონასწორობა.

განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ეს მიზნები აშშ-ის მთავრობის მიერ ხელმეორედ იქნა დამტკიცებული 1878 წელს მიღებულ “ჰემფრი-ჰოკინსის კანონში” სრული დასაქმებისა და გაწონასწორებული ზრდის შესახებ. ამ მიზნების მისაღწევად მთავრობას შეუძლია, გამოიყენოს ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა: ფულადი პოლიტიკა, ფისკალური მართვა და ანტიტრესტული პოლიტიკა. აშშ-ის ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის მიზნები და მათი განხორციელების გზები დღესაც მოქმედებაშია. “ჰემფრიჰოკინსის” კანონი “სრული დასაქმებისა და გაწონასწორებული ზრდის შესახებ” აშშ-ში მიჩნეულია წმინდათაწმინდა კანონად, რომლის დარღვევის უფლება არავის აქვს, განსაკუთრებით მეწარმეებს. სახელმწიფო ხელისუფლებას ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის მიზნის რანგში აყვანილი კი არა აქვს მრავალი მოვლენა, არამედ ნაპოვნი აქვს მთავარი ღერძი – სრული დასაქმება და მისი განხორციელების გზები და ინსტრუმენტები. აქ ფიქსირებული კანონით, აშშ-ის მთავრობას უარი არ უთქვამს ქვეყნისა და საზოგადოების მამოძრავებელ მიზანზე – მოგების მაქსიმიზაციაზე, მაგრამ მასზე წინ სრული დასაქმების მიღწევის მიზნის დაყენება, სწორედ, საგნობრივად ფუნქციონირებადი ხელისუფლების მიგნებაა. ეს ის მიზანია, რომელიც “აიძულებს” საწარმოთა მფლობელებს, იბრძოლონ მოგების გადიდებისათვის.

რა მდგომარეობაა, ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში? ჯერ ერთი, არ გაგვაჩნია სრულყოფილი ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკა და მისი მიზნები. მეორე, მეწარმე თავისი სურვილის მიხედვით ამუშავებს სიმძლავრეებს და მესამე, საწარმოთა დიდი ნაწილი მეწარმეთა “სურვილით” უმოქმედოდ კარგამოკეტილია. მაგალითად, საქართველოში ამჟამად სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული 602 საწარმოდან 1999 წელი მოგებით მხოლოდ 179 დაამთავრა და ბიუჯეტმა დივიდენდის სახით მხოლოდ 300 000 ლარის შემოსავალი მიიღო.*; აშკარაა, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები ზარალზე რომ მუშაობს, რა მდგომარეობაში იქნება კერძო მეწარმეობა?

ჩვენ მიერ მოტანილი მაგალითი იმაზე მიგვანიშნებს, რომ, საქართველოში ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ასეთი მწყობრი სისტემის შექმნის ნაცვლად მიმდინარეობს ერთმანეთისაგან დაშორიშორებული, კავშირგაწყვეტილი ფინანსურ-ეკონომიკური მოვლენების სპორადული განხილვა, რომელთაც არ გააჩნიათ არც მიზანი და არც მისი მიღწევის კომპლექსური გეგმა-პროგრამა.

ქვეყანაში მატერიალური წარმოების სფეროს ფინანსური მართვისადმი სახელმწიფოს ბიუროკრატიის ყველა დონეზე დანაშაულებრივ უყურადღებობას იჩენენ, რომელსაც ობიექტურ მიზეზებთან ერთად თავისი სუბიექტური მიზეზებიც გააჩნია. ამ მიზეზების, განსაკუთრებით სუბიექტური მიზეზების, დაუძლევლობა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. ჯერ ერთი, ცენტრალური საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ უგულებელყოფილია კვალიფიციური სპეციალისტების გამოყენების აუცილებლობა იმ მიზეზით, რომ ისინი აღზრდილნი არიან მარქსიზმ-ლენინიზმისა და სოციალიზმის ეკონომიკურ იდეებზე და არ ძალუძთ, ეროვნულ ეკონომიკას საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლისას რაიმე სიკეთე მოუტანონ. მაღალკვალიფიციური ფინანსისტების ახალგაზრდა ოკეანეგადასერილი, დასავლეთის უნივერსიტეტების მაგისტრატურის მოკლევადიანი კურსების დიპლომიანი, ჯანღონით სავსე, მაგრამ ეკონომიკის მართვის საქმეში გამოუცდელი პირებით შეცვლა ვერ მოგვიტანს ეკონომიკურ აღორძინებას და ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებას; მეორე, სოციალისტური ინტეგრაციის ნგრევით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური შედეგები; მესამე, შინააშლილობა, სამოქალაქო ომი და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამის შედეგად, 300-ათასიან ლტოლვილთა არმიის შენახვის სიძნელეები; მეოთხე, რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ ამბიციური, კოლონიური პოლიტიკის გაგრძელების მცდელობა.

ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირის დაძლევისა და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის უზრუნველსაყოფად მეწარმეებმა საკუთარი ფირმებისა და კორპორაციების ეფექტიანად წარმართვისა და ფინანსური მენეჯმენტის თანამედროვე დონეზე აყვანის მიზნით, უნდა გამოიყენონ საბჭოთა ხელისუფლების გამოცდილება 20-იან წლებში ბურჟუაზიული სპეციალისტების გამოყენების ანალოგიურად და ისედაც მცირერიცხოვანი ეკონომისტ-სპეციალისტები ჩააყენონ ქვეყნისა და ხალხის სამსახურში. ჩვენ ხომ მათ არ ვურჩევთ კერძო საკუთრებაზე თქვან უარი, ანდა შესწავლილ იქნას, როგორ გახდნენ ისინი დიდძალი ქონების მფლობელები. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყნისა და მისი ეკონომიკის გადარჩენა ნგრევის პროცესისგან. ეს კი შეუძლებელია სამეურნეო სუბიექტების ფინანსების სწორი მართვის გარეშე, რომელიც ყველაზე მეტად ფინანსების თეორიაში გათვითცნობიერებულებსა და პრაქტიკოს ეკონომისტებს შეუძლიათ.

საბაზრო ურთიერთობების ფორმირების პროცესში საქართველოს ეროვნული ეკონომიკის აღმავლობა შეუძლებელია სამეურნეო სუბიექტების დონეზე ფინანსების მართვის სრულყოფის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალიზებულ-გეგმიანი ეკონომიკის პირობებში საწარმოთა ფინანსების მართვას გარკვეული ყურადღება ექცეოდა, დღეს მისი დონე მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს ეროვნული ეკონომიკის მოთხოვნილებებს მართვის ამ სფეროში. უფრო მეტიც, არსებითად უნდა შეიქმნას ფინანსური მენეჯმენტი თვისებრივად ახალ რაკურსში, რომელიც პასუხს გასცემს ცხოვრების მიერ დასმულ შემდეგ ძირითად კითხვებზე:
1. საბაზრო ეკონომიკის გარემო რა დონის ცვლილებებს იწვევს სამეურნეო სუბიექტის ფინანსური მექანიზმის ფუნქციონირებაში?
2. როგორია ფინანსური გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები, როგორ ვმართოთ საწარმოს ფინანსები საბაზრო გარემოს პირობებში?
3. საბაზრო ეკონომიკის პირობებში როგორ შევათავსოთ ერთმანეთთან სამეურნეო სუბიექტის ფინანსური და ეკონომიკური ცხოვრების სტრატეგია და ტაქტიკა, გრძელვადიანი და მოკლევადიანი ასპექტები?
4. რა გავლენას ახდენს ფინანსების მართვაზე ინფლაციური გარემო?
5. ფინანსური მანევრირების რა ლეგალური მეთოდები გააჩნია ეკონომიკურ თეორიას იმისათვის, რომ არსებული საგადასახადო დაბეგვრის წნეხი ადვილად ასატანი გახდეს საწარმოებისათვის? მსგავსი კითხვების დასმას დასასრული არა აქვს იმდენად, რამდენადაც განუსაზღვრელია ადამიანის მოთხოვნილებები, ხოლო მისი დაკმაყოფილების საშუალებათა წარმოება განსაზღვრულია.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და ჩვენს ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის ახალი, ურთულესი ეტაპის ფორმირება ობიექტურად მოითხოვს ფინანსური მენეჯმენტის, როგორც სამეურნეო სუბიექტების ფინანსების მართვის მეცნიერების შესწავლას, რომელიც მიმართული იქნება ამ სუბიექტების სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნების მისაღწევად. ამასთან, სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნები თითოეული სამეურნეო სუბიექტისათვის ინდივიდუალური უნდა იყოს. ასევე აუცილებელია, ფინანსების მართვის თეორიული და პრაქტიკული მეთოდების შემუშავება, დანერგვა და მისი სრულყოფა.

დღეს საწარმოებს სამეურნეო საქმიანობა უხდებათ მეტად რთული საგადასახადო კლიმატის, კორუფციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის აღზევების პირობებში. ამიტომ, თითოეულ მათგანს განსხვავებული ინტერესები გააჩნია – მოგების მასისა და დინამიკის რეგულირების, აქციონერთა შემოსავლების გადიდების, აქციათა საკურსო ღირებულებაზე კონტროლის, სადივიდენდო პოლიტიკის საკითხებისადმი.

ამრიგად, ფინანსების მართვა ქვეყანაში მეტად აქტუალურია, მაგრამ არ გაგვაჩნია მისი სრულყოფილი თეორიულ-მეთოდოლოგიური და არც პრაქტიკული საფუძველი, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს: რუსეთის კოლონიური რეჟიმი, ცენტრალიზებულ-გეგმიანი მეურნეობრიობის სამოცდაათწლიანი პრაქტიკა, რომელსაც, ფაქტობრივად, არ დასჭირვებია სამეურნეო სუბიექტების ფინანსების მართვის რთული ხელოვნება. საწარმოო პროგრამებისა და გეგმების შესრულებას მართვის ადმინისტრაციული მეთოდებითაც კარგად ვახერხებდით. რაც შეეხება “დარგებისა და საწარმოების ფინანსების” დისციპლინას, იგი მხოლოდ ხელოვნურად ჩამოყალიბებული ფინანსური ურთიერთობების ახსნა-განმარტებებს მოიცავდა.

მაგრამ დღეს, როდესაც საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი მრავალმხრივი ურთიერთობები ფინანსურ გარსშია გახვეული, ქვეყნის საწარმოთა სამეურნეო საქმიანობა მოითხოვს ფინანსური მენეჯმენტის, როგორც ფინანსების მართვის მეცნიერების არა მარტო შესწავლას, არამედ პრაქტიკულად განხორციელებას.

ისმის კითხვა: რა ვიღონოთ, როგორ მოვიქცეთ? დასავლეთის გამოცდილება საამისო შედეგებს ვერ მოგვცემს იმის გამო, რომ მათთან ფინანსების მართვას ჩამოყალიბებული პრაქტიკა და ინსტრუმენტები გააჩნია (მათემატიკური მეთოდები, მართვის ავტომატიზებული სისტემები, სამსახურების კომპიუტერიზაცია და სხვა). ჩვენ ჯერ უნდა ავითვისოთ მართვის მეთოდები, შემდეგ დავნერგოთ და პარალელურად მოვახდინოთ დარგებისა და საწარმოების კომპიუტერიზაცია.

რაც შეეხება რუსეთის გამოცდილებას, იგი საბაზრო ეკონომიკისათვის ნაკლებად გამოსაყენებელია. ჩვენ ვთვლით, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად მიზანშეწონილია შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც გააერთიანებს ამ საქმის ინიციატორებს და ჩამოაყალიბებს გრძელვადიან პროგრამას, რომელშიც ფიქსირებული იქნება განსახორციელებელი ღონისძიებები მათი შესრულების ვადების მითითებით.

ასევე აუცილებელია ამ საქმეში დასავლეთის პრაგმატიზმის შეთავსება ფინანსების მართვის თეორიასთან, ე.ი. თეორიული ცოდნის ათვისება უნდა მოხდეს მისი პრაქტიკაში დანერგვის პარელელურად. ასათვისებელია დასავლური, ფინანსური მენეჯმენტის ისეთი სფეროები, როგორიცაა: საწარმოს ფინანსური პოლიტიკა ინფლაციის პირობებში, ფინანსების მართვა წარმოების დაცემისა და კრიზისიდან გამოსვლის პროცესში და მრავალი სხვა საკითხი.

დროულად მოსაგვარებელია ფინანსების მართვის საქმე არა მარტო სამეურნეო სუბიექტების დონეზე, არამედ ბიზნესის სხვადასხვა სუბიექტების – სადაზღვევო კომპანიების, ბანკების, საინვესტიციო ინსტიტუტებისა და სხვათა მიხედვით.

ჩვენში ფინანსების მართვის პრობლემების გადაწყვეტა გაძნელებულია იმითაც, რომ არ გვყავს სათანადო ცოდნისა და გამოცდილების კადრები. ფინანსური მენეჯმენტის მასწავლებელს მოეთხოვება მასშტაბური თეორიული ცოდნა, რომელიც, პრაქტიკულ გამოცდილებასთან ინტეგრირებული იქნება.

ამასთან, ფინანსების მართვა შეუძლებელია ეკონომიკური თეორიის, ფინანსური ანალიზის, ბუღალტრული აღრიცხვის, გამოყენებითი მათემატიკის, ეკონომეტრიკის და სხვა დისციპლინების გამოყენების გარეშე. სამწუხაროდ, ყველა ამ სფეროში ცოდნის მწვავე დეფიციტს ვაწყდებით.

გეგმიანი ეკონომიკის პირობებში აქ ჩამოთვლილი ეკონომიკური დისციპლინების მთავარი მიზანი იყო სამინისტროებისა და უწყებებისთვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებით და ანალიზის შედეგებით სახელმწიფო საწარმოთა მთელი საქმიანობა, როგორიცაა: დაგეგმვა, ფასწარმოქმნა, შესყიდვა და მიწოდება, მუშების ხელფასი და სხვა სამეურნეო საკითხების გადაწყვეტა “ზემოდან” მოეხდინათ.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფინანსების მართვას სხვა ფუნქციები აქვს დაკისრებული, იქიდან გამომდინარე, რომ, ჯერ ერთი, ბაზრის პირობებში იცვლება საკუთრების სტრუქტურა. სახელმწიფო საკუთრება კი საკუთრების ერთ-ერთ უმნიშვნელო სახედ დარჩა; იქმნება მესაკუთრეთა არმია, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საწარმოთა საქმიანობის შედეგებით იმ მარტივი ჭეშმარიტების გამო, რომ მათ საწარმოში საკუთარი სახსრები აქვთ დაბანდებული; მეორე, საწარმოს მესაკუთრე იძულებულია, ეძებოს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს მისთვის აუცილებელ ფინანსურ შედეგს და გაიმარჯვებს კონკურენციულ ბრძოლაში; მესამე, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ძირითადი ფინანსური რესურსების წყაროა არა სახელმწიფო ბიუჯეტი და სახელმწიფო საბანკო სესხები, არამედ საკუთარი და კონკურენციულ ბრძოლაში გამარჯვებით მოზიდული ინვესტიციები; მეოთხე, საბაზრო ეკონომიკის პირობებში იცვლება ინფორმაციის მოსარგებლეთა სფეროც. მასში პრიორიტეტი შენარჩუნებული აქვს საწარმოს შიდა მოსარგებლეებს, მმართველ ელიტას, რომელიც ღებულობს საწარმოო და საფინანსო ხასიათის გადაწყვეტილებებს. ინფორმაციის მიღებით დაინტერესებულნი არიან აგრეთვე გარე მოსარგებლეებიც: აქციონერები, კრედიტორები, ნედლეულისა და მასალების მომწოდებლები და მყიდველები, კომპანიის მოსამსახურეები, აუდიტორული სამსახურები, კონსულტაციები, ბირჟები, საკანონმდებლო და სამთავრობო ორგანოები, პრესა და საინფორმაციო სააგენტოები, სავაჭრო-საწარმო ასოციაციები და პროფკავშირები.

ამასთან, ინფორმაციისადმი საბაზრო ეკონომიკას თავისი მოთხოვნილებები გააჩნია. ინფორმაცია უნდა იყოს: დროული, უტყუარი, მართალი, ნეიტრალური, გასაგები, შესადარისი. სწორედ ასეთი ინფორმაციის გამოყენებითა და ანალიზით შეძლებს ფინანსური მენეჯემენტი, წარმოების მაღალეფექტიან მართვას.