ტექნოლოგიური უსაფრთხოება და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საქართველოში

თამაზ მაღლაკელიძე ეკ. მეცნ. კანდიდატი

უკანასკნელი ათწლეულის გამოცდილებამ საქართველოში და, საერთოდ, პოსტსოციალისტურ სივრცეში ნათლად დაგვანახვა ეკონომიკური უსაფრთხოების ფართო სპექტრი და მისი მაღალი მულტიპლიკაციური ეფექტი. თუ წინათ საბჭოთა კავშირი თავისი ავტარკიული მექანიზმებით ნაკლებად იყო დამოკიდებული კონკურენციული გარემოს ზემოქმედებაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. იმპორტზე დამოკიდებულების გაზრდამ წინა პლანზე წამოსწია ეკონომიკური უსაფრთხოების მრავალი ასპექტი. ამ მხრივ, განსაკუთრებით, საყურადღებოა ტექნოლოგიური უსაფრთხოებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პრობლემები.

ეკონომიკური დაცემა როგორც საქართველოში, ისე ჩვენს მდგომარეობაში მყოფ მრავალ სხვა ქვეყანაში, გადაიზარდა დიდ ტრანსფორმაციულ დეპრესიაში. იგი გაცილებით ხანგრძლივი და ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე ამას საზღვარგარეთის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ვარაუდობდნენ. მაგალითად, 1998 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 1989 წლის დონის მხოლოდ 1/3-ს შეადგენდა. პოსტსოციალისტური ქვეყნებიდან მხოლოდ პოლონეთმა (1996 წელს), სლოვენიამ (1998 წელს) და სლოვაკეთმა (1999 წელს) შეძლეს აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით მიეღწიათ რეფორმისწინა დონისათვის.1 საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-მ 1999 წელს შეადგინა 596 ამერიკული დოლარი, მაშინ როდესაც ესტონეთში – 3060, ხოლო პოლონეთში – 3230 აშშ დოლარი (შედარებისთვის, მსოფლიოში ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ლუქსემბურგი – 45,750 აშშ დოლარი).2

ამ გარემოებამ, მრავალ სხვა სფეროსთან ერთად, დაღი დაასვა ჩვენი ქვეყნის მეცნიერულ-ტექნოლოგიურ სფეროს და ამ მიმართულებით საშიში ტენდენცია წარმოიქმნა. საინვესტიციო მოთხოვნის დაცემამ გამოიწვია მეცნიერულ-ტექნოლოგიურ დამუშავებაზე მოთხოვნის შემცირება. მიმდინარეობს მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალის, ინოვაციური აქტიურობის მკვეთრი შემცირების პროცესი. სულ უფრო იკვეთება განვითარებული ქვეყნების სანედლეულო პერიფერიად საქართველოს გადაქცევის ტენდენცია. ეკონომიკური უსაფრთხოების პოზიციიდან ასეთი ტენდენციის შენარჩუნება ობიექტურად უწყობს ხელს მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურაზე ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულების სულ უფრო გაძლიერებას, ბუნებრივი რესურსების განიავებასა და, საბოლოო ანგარიშით, ეკონომიკის სტრუქტურული დაუბალანსებლობის გაღრმავებას. ეს უკანასკნელი თავს იჩენს მასშტაბურ დისბალანსში მოხმარებასა და წარმოებას შორის, რომელიც სამომხმარებლო იმპორტით კომპენსირდება და რომელიც, თავის მხრივ, აღრმავებს მაკროსტრუქტურულ უწონასწორობას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. ერთობლივ მოთხოვნაში დომინირებული მდგომარეობა უჭირავს საოჯახო მეურნეობების მიერ იმპორტულ სამომხმარებლო საქონელზე მოხმარების ზრდას, მაშინ, როდესაც სამამულო წარმოების წილი მკვეთრად ეცემა. ეკონომიკურ დაცემას თან ახლავს ტექნოლოგიური და საკადრო პოტენციალის გამოყენების მკვეთრი გაუარესება, მეცნიერულ კვლევებთან და დამუშავებებთან დაკავშირებული, აგრეთვე ტექნოლოგიების, მარკეტინგული გამოკვლევების, წარმოების ტექნოლოგიური მომზადების, კადრების დამზადებისა და სხვა ინოვაციური ხარჯების არსებითი შემცირება. ქვეყანაში არ არსებობს სათანადო ინვესტიციები ახალი თაობის ტექნიკისა და ტექნოლოგიის ათვისებისათვის. ინოვაციური პროცესებისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერის მასშტაბები შეკვეცილია. პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა უშუალოდ ინოვაციური იდეების რეალიზაციის მიზნით. ფეხს იკიდებს ფსევდოინოვაციები (მოძველებული ტექნიკისა და ტექნოლოგიის გაუმჯობესების მცდელობა, აგრეთვე მოძველებული არაეფექტური ტექნოლოგიების იმპორტი). მრავალ სხვა მიზეზთან ერთად, ეს ტენდენციაც განაპირობებს შრომითი რესურსების გადინებას საზღვარგარეთ და საფრთხეს უქმნის ეროვნული ეკონომიკის განვითარებას.

თანამედროვე პირობებში ინოვაციური სფერო წარმოადგენს ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის ბირთვს. მოძველებული ტექნოლოგიების ახლით შეცვლის უწყვეტი პროცესი ეკონომიკის ეფექტიანი ფუნქციონირების საფუძველია. ეს პროცესი ახდენს როგორც ინტელექტუალური, ისე მატერიალური რესურსების ინტეგრირებას და განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური სტრატეგიის პრიორიტეტული ამოცანაა. ამ გამოცდილების გაუთვალისწინებლობა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ჩამორჩენილობის დაუძლევლობას, რაც საეჭვოს ხდის ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მდგრადი ეკონომიკური ზრდა უნდა ემყარებოდეს ისეთ სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის საწარმოო ძალების განვითარებაზე. ეს კი თანამედროვე პირობებში ტექნოლოგიებისა და ქვეყნის მეცნიერულ-შემოქმედებითი პოტენციალის ყოველმხრივ განვითარებას მოითხოვს. ტექნოლოგიური ინოვაციების გაფართოება, სამეწარმეო რესურსისა და ორგანიზაციულ-სტრუქტურული ფაქტორების აქტივიზაცია საფუძვლად უნდა დაედოს საინვესტიციო პროექტების რეალიზაციას. ამიტომ, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან რესურსად დღეს აღიარებულია მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარება. როგორც ეკონომისტ-პროგნოზისტები ვარაუდობენ, მსოფლიოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის სწორედ ეს მიმართულება იქნება პრიორიტეტული XXI საუკუნეში.3 ამასთან, განვითარების ინოვაციური ხასიათი გავრცელდება არა მხოლოდ ტექნოლოგიებზე, არამედ საზოგადოების ყველა ინსტიტუციონალურ ფორმაზე. გარდა ამისა, იგი გავლენას მოახდენს აგრეთვე ქვეყნის სამეურნეო მექანიზმზე და პოზიტიური მიმართულებით განაპირობებს მის გარდაქმნას. ეს, სახელდობრ, დაკავშირებულია ინსტიტუციური ფორმების ისეთი ახალი გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების მზარდ გავლენაზე, როგორიცაა, ინტერნეტი.

ამრიგად, ეკონომიკური ზრდა თანამედროვე პირობებში ინოვაციურ ხასიათს იძენს. პრიორიტეტული მიმართულება ინოვაციური ტიპის ეკონომიკური განვითარებაა. მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესი სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს ანიჭებს წარმოებას, რომელიც ემყარება მეცნიერებისა და ტექნიკის, როგორც ენდოგენური (შინაგანი) ფაქტორების, მიღწევებს. ამის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია საინვესტიციო აქტიურობაზე საუბარი. ის “ტექნოლოგიური გარღვევები”, რასაც ადგილი აქვს საერთოდ განვითარებად ქვეყნებში და, სამწუხაროდ, მათ შორის, საქართველოში, უნდა აღმოიფხვრას როგორც ახალი ტექნოლოგიების იმპორტით, ისე სამეცნიერო კვლევებსა და დამუშავებებში მიზანმიმართული ინვესტირებით.

მიკრო-მაკრო და მეზოდონეზე ამა თუ იმ სამეურნეო გადაწყვეტილების (პროექტის) განხორციელებისას ნებისმიერი ინოვაციის ეკონომიკური ანალიზი უნდა ეფუძნებოდეს პოტენციური ეროვნული უსაფრთხოების პრეზუმციას, მათ შორის, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. ამიტომ, ჯერ ერთი, საკვლევი ობიექტის უპირატესობების ან ნაკლოვანებების ეკონომიკური ანალიზი აუცილებელია განხორციელდეს ინოვაციური პროექტის ან გადაწყვეტილების მოცემული ვარიანტის რეალიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღებამდე; მეორე, ეფექტიანობის ანალიზის ყველა ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური, თავდაცვითი, ეკოლოგიური, დემოგრაფიული და ა.შ. უსაფრთხოების უზრუნველყოფის გათვალისწინება და მოცემული პროექტის რეალიზაციის შესაძლო ნეგატიური შედეგების გამორიცხვა; მესამე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს, რეგიონების, სამეწარმეო სტრუქტურებისა და მთლიანად საზოგადოების ინტერესების ოპტიმალური შეხამების მიღწევას მაღალი ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით. ამისათვის აუცილებელია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიის, პროგრამებისა და პროექტების მეცნიერულ-ეკონომიკური დასაბუთებულობის უმაღლესი დონე მმართველობისა და მეურნეობის ყველა დონეზე. ნებისმიერი პროექტის განხორციელება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ მისგან მიღებული საზოგადოებრივი სარგებლობა, სხვა თანაბარ პირობებში, მეტია საზოგადოებრივ ზარალზე.

ინოვაციური პროექტებისა და მიზნობრივი პროგრამების სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება აუცილებელია მოიცავდეს შემდეგ კონკრეტულ ღონისძიებებს: 1. რესურსდამზოგველი ტექნოლოგიების განვითარება; 2. სოციალურ-ეკონომიკურ და მეცნიერულ-ტექნოლოგიურ გარდაქმნათა პრიორიტეტული მიმართულებების არჩევა და დასაბუთება განვითარების ინოვაციურ გზაზე დაჩქჯარებული გადასვლის გათვალისწინებით; 3. დასამუშავებელი საინვესტიციო პროექტების, მიზნობრივი პროგრამების კონკურენტუნარიანობისა და რაციონალურობის დონის, აგრეთვე შესაბამისი კონკრეტული სამეურნეო, ორგანიზაციულ-ტექნიკური და სამმართველო გადაწყვეტილებათა განსაზღვრა; 4. სამეურნეო სუბიექტებისა და წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის პროექტების დადებითი და უარყოფითი გარე ეფექტების გამოვლენა და შესწავლა; 5. წარმოების ეფექტიანობის ამაღლების პოტენციური რეზერვების ძიებას უახლესი მეცნიერულ-ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვის, თანამედროვე მენეჯმენტისა და მარკეტინგის განვითარების საფუძველზე ქვეყნის შრომითი, მატერიალური, ფინანსური და ბუნებრივი რესურსების რაც შეიძლება მიზანმიმართული გამოყენება.

მსოფლიო ეკონომიკურ თეორიასა და პრაქტიკაში საინვესტიციო პროექტებისა და მიზნობრივი პროგრამების რეალური ეფექტიანობის დასაბუთებისას მიმართავენ სხვადასხვა მეთოდებს, რომელთა გამოყენება აუცილებელია დღეს საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისათვის. ამ მეთოდებიდან აღსანიშნავია: სხვადასხვა ვარიანტების შედარებითი ანალიზის, ეკონომიკურ მათემატიკური მოდელირების, საექსპორტო შეფასების, კორელაციის, ექსტრაპელიაციის და ა.შ. მეთოდები. აქედან ყველაზე გავრცელებულია სხვადასხვა ვარიანტების შედარებითი ანალიზის მეთოდი. ამ შემთხვევაში ყურადღება ექცევა ისეთ პრინციპებს, როგორიცაა: შედარებისათვის ეტალონის სწორად არჩევა; დროის ფაქტორის გათვალისწინება; დასკვნებისა და რეკომენდაციების ობიექტურობა და მეცნიერული არგუმენტირებულობა; განსახილველი ვარიანტების კონკურენტუნარიანობა და ეფექტიანობის დონის შეფასება და ა.შ.

ინოვაციური საქმიანობის ეკონომიკური სტიმულირება აუცილებელია განხორციელდეს შეღავათიანი დაბეგვრისა და საბაჟო რეგულირების გზით. საწარმოთა საწესდებო ფონდისათვის უცხოელი ინვესტორის მიერ შემოტანილი ქონება მიზანშეწონილია გათავისუფლდეს საბაჟო ტარიფებისაგან.

თუ გადავხედავთ მსოფლიო პრაქტიკას, წარმოების ხარჯებში შედის მეცნიერულ კვლევებსა და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე (მკსს-HNDღP) გაწეული დანახარჯები, ჩვენს სამეურნეო პრაქტიკაში კი არა. ეს გარემოება ხელს უშლის ინოვაციური საქმიანობის განვითარებას საქართველოში. ამიტომ, აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების (აგრეთვე, ახალი ნედლეულის, მასალების, პროდუქციის) ათვისებასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია მეცნიერულ კვლევასა და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე გაწეულ დანახარჯებთან, აისახოს წარმოების ხარჯების შემადგენლობაში.

ინოვაციურ საქმიანობაში ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლი ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში ეროვნული ინტერესების დაცვის გათვალისწინებით. უნდა შემუშავდეს დასაბუთებული სახელმწიფო მეცნიერულ-ტექნოლოგიური პოლიტიკა, რომელშიც გამოკვეთილი იქნება სახელმწიფოს პოზიტიური დამოკიდებულება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისადმი.

საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საქართველოშიEშეიქმნას საინვესტიციო ბანკი აქციონერთა საზოგადოების ფორმით, რომელიც მოახდენს სახსრების აკუმულირებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საინვესტიციო პროექტების რეალიზაციისა და მაღალეფექტიანი ინოვაციური საქმიანობის განვითარებისათვის. ამით შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ მცირე ბიზნესის, არამედ მსხვილი საწარმოების განვითარებაც. სხვაგვარად საქართველო ვერ ჩამოიშორებს განვითარებადი ქვეყნის სტატუსს და საეჭვო გახდება ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაც.

დღეს საქართველოში, ინვესტიციური აქტიურობის მკვეთრი დაცემის პირობებში, პრიორიტეტული რჩება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მათ შორის, ტექნოლოგიების სფეროში, რაც ფაქიზ მიდგომას საჭიროებს. 1998 წლის მონაცემებით, საქართველოში ფინანსირების წყაროების გათვალისწინებით, ინვესტიციების სტრუქტურაში საბიუჯეტო სახსრებზე მოდიოდა 9%, ხოლო არასაბიუჯეტო სახსრებზე – 91%. უცხოური ინვესტიციების მოცულობა თუ 1997 წელს იყო 63%, 1998 წელს გახდა 80%. ამასთან, შევნიშნავთ, რომ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და საწარმოების საკუთარი სახსრები 9%-ს არ აღემატებოდა, ხოლო მოსახლეობის სახსრები მხოლოდ 2% იყო.4 ასეთ სიტუაციაში, როდესაც “ინვესტიციური სურათი” არც ისე სახარბიელოა, სახელმწიფომ, ქვეყნის ინტერესებიდან და ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებიდან გამომდინარე, უნდა განსაზღვროს ინოვაციური პოლიტიკის მიმართულებები და პრიორიტეტები, გამოიმუშავოს სახელმწიფო და კერძო ინტერესების შერწყმის მექანიზმები.

აუცილებელი სამართლებრივი ბერკეტებით ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირება. აღსანიშნავია ის გარემოებები, რომ დღეს საზღვარგარეთიდან საქართველოში მეტწილად შემოდის ფიზიკურად და მორალურად გაცვეთილი ტექნიკა და ტექნოლოგიები, რომელსაც საზღვარგარეთ ბაზარი არა აქვს. მოქმედი კანონმდებლობა ვერ არეგულირებს ინვესტიციური საქმიანობის ამ სფეროს. ამასთან, საქართველოში კონკურენციული ბაზრის არარსებობა და იაფი, როგორც არაკვალიფიციური, ისე კვალიფიციური სამუშაო ძალის გამოყენება უცხოელ ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ქვეყნიდან გაიტანონ დიდი მოგება. ეს გარემოება დიდ საფრთხეს უქმნის ეროვნულ ეკონომიკას, რაც გასათვალისწინებელია სახელმწიფო, საინვესტიციო პოლიტიკაში.

საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების რეალური საფუძველი ეკონომიკის ინდუსტრიალიზაცია და, უპირველეს ყოვლისა, მეცნიერებატევადი წარმოების განვითარება უნდა იყოს. ამ მიზნით ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს მეცნიერულ-ტექნოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამისათვის კი აუცილებელია: მეცნიერულ-ტექნოლოგიური პოტენციალის განვითარება; როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი კვლევისა და დამუშავებების ფართოდ გაშლა; მეცნიერულ-ტექნოლოგიური განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფა; არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების უპირატესი გამოყენებიდან განახლებადი ბუნებრივი რესურსების უპირატეს გამოყენებაზე გადასვლის ტექნოლოგიური უზრუნველყოფა; ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა (ინფორმაციული სექტორის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, წარმოებისა და მართვის პროცესების კომპიუტერიზაცია, ინფორმაციული უსაფრთხოების სამართლებრივი უზრუნველყოფა, ინფორმაციული პოტენციალის განვითარება და ა.შ.) და სხვა.

ტექნოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან მჭიდრო კავშირშია და ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო დაცვა. ეს აგრეთვე მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოს ინტეგრაციისა მსოფლიო ბაზართან.

ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს ადამიანთა ინტელექტუალური საქმიანობის პროდუქტებს, რომლებიც დაცულია საავტორო უფლებით.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის კონვენცია, რომელიც დამტკიცებულ იქნა 1967 წელს, ითვალისწინებს ინტელექტუალური საკუთრების შემდეგი ძირითადი ობიექტების დაცვას:
– გამოგონებები საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში;
– მეცნიერული აღმოჩენები;
– მეცნიერული ნაშრომები დ მხატვრული ნაწარმოებები;
– კომერციული სახელწოდებები და აღნიშვნები;
– ნაწარმის დიზაინი;
– ტექნიკური ამოცანების ახლებური გადაწყვეტა;
– სასაქონლო ნიშნები;
– სამრეწველო ნიშნები;
– მომსახურების ნიშნები;
– საფირმო დასახელებები და სიმბოლოები;

საქართველოში ინოვაციების მიმართ მოთხოვნის შემცირებას ერთობლივი მოთხოვნის დაცემასა და წარმოების შემცირებასთან ერთად განაპირობებს: გამოგონებაზე ავტორის განსაკუთრებული უფლების დაუცველობა; დაპატენტებული გამოგონების კომერციული მიზნით გამოყენების მექანიზმის მოშლა; როგორც საშინაო, ისე საგარეო ბაზრებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევაზე პასუხისმგებლობის არარსებობა და ა.შ.

ინტელექტუალური საკუთრების იმპორტის თვისებრივი სტრუქტურის გაუმჯობესებისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია ინოვაციური პროცესების რეგულირების შემდეგი მექანიზმის შექმნა:
– იმპორტირებული პროდუქციის ხარისხისადმი კონტროლი;
– საბაჟო გადასახადის მნიშვნელოვნად გაზრდა დაბალი ხარისხის (საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში) პროდუქციაზე;
– გამოგონებათა შესახებ ინფორმაციული სისტემის შექმნა;
– ერთობლივი საწარმოების (უცხოური კაპიტალის მონაწილეობით) რეგისტრაციის წესის შეცვლა – სახელმწიფო გარანტიების შემოღება წარმოებაში უახლესი უცხოური და სამამულო გამოგონებების გამოყენებაზე;
– აღწარმოებითი პროცესის ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების, ან გამოგონებების გამოყენების შემთხვევაში საგადასახადო შეღავათების დაწესება და ა.შ.

სამამულო ინოვაციური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების წარმოების განვითარებას. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს მეცნიერების განვითარების სტიმულირებასა და ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი გამოყენებისათვის სათანადო პირობების შექმნას. ტექნოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ღონისძიებები აუცილებელია აისახოს საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკაში. .

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial