ჯანსაღი კონკურენცია, ფალსიფიკაცია და სამომხმარებლო ბაზარი

პაატა კოღუაშვილი ეკ. მეცნ. კანდიდატი, ვალერი ფანცულაია
“კონკურენცია აღებ-მიცემობაში მართლადა
საკეთილოა წარმოებისათვის, მაგრამ მაგას
საზღვარი აქვს. საზღვარი კიდევ ის არის
რომ ერთის მხრით სიკეთე ნაწარმოებისა
სისრულემდე უნდა იყოს მიყვანილი და ფასი
კიდევ რაც შეიძლება დაბლა დაწეული იქმნას”
ილია ჭავჭავაძე.

საბაზრო ურთიერთობის პირობებში მეწარმეობა არა მარტო სამართ
ლებრივადაა გამართლებული, არამედ სასურველი და აუცილებელია საზოგადოების კეთილდღეობისათვის. საქართველოში მეწარმეობისათვის ჯერჯერობით არ შექმნილა სრულყოფილი სამართლებრივი ბაზა. მეწარმეობის აღორძინებას, მეწარმეთა (საშუალო) ფენის შექმნას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსათვის, რადგან კავშირი ეროვნულ უშიშროებასა და ეკონომიკას შორის აუცილებელია ქვეყნის განვითარებისა და აყვავებისათვის.

მთავრობა უნდა იცავდეს საკუთარ კერძო სექტორს ბაზარზე, ქმნიდეს ყველა პირობას სამეწარმეო საქმიანობისათვის (სტაბილიზაცია, სამართლიანობა, კანონის ეფექტიანობა). მისი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა სანდო და სარწმუნო უნდა იყოს საზოგადოებისათვის. ეს კი მიიღწევა აზრიანი გადაწყვეტილებებით.

კონკურენცია უმთავრესი ელემენტია ეკონომიკის ეფექტიანად მუშაობისათვის. ის ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას და აფართოებს მომხმარებელთა არჩევანს. კონკურენციის საერთო მიზანია, ხელი შეუწყოს კონკურენტული პროცესების გაძლიერებას, რადგან კონკურენცია თავისთავად ნიშნავს შეჯიბრს კონკურენტებს შორის, რომელიც ავლენს, როგორც გამარჯვებულს, ისე დამარცხებულს. იგი უნდა წარიმართოს წესების დაცვით და კეთილსინდისიერად. სახელმწიფო იმ შემთხვევაში არეგულირებს ბაზარს, როცა ბაზარზე ხდება კონკურენციის კანონის დარღვევა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ანტიკონკურენტული ქმედებებით ხდება კონკურენტის არათანაბარ პირობებში ჩაყენება და კონკურენციაში უპირატესობის მიღწევა. ასეთ ანტიკონკურენტულ ქმედებას მიეკუთვნება არაკეთილსინდისიერი კონკურენცია.

არაკეთილსინდისიერი კონკურენცია და არაკონკრეტული გარემო სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ეკონომიკას. იგი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია.

არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან დაცვის თანამედროვე კანონმდებლობა მომხმარებელთა ორგანიზაციებს უზრუნველყოფს ცალკეული აქტებით არაკეთილსინდისიერი ქმედებების აღსაკვეთად. პარიზის კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ის ზომები, რომლითაც მეწარმეთა ინტერესების წარმომადგენელ ფედერაციებსა და ასოციაციებს საშუალება ეძლევათ, სარჩელი შეიტანონ სასამართლოში მაშინ, როდესაც ადგილი ექნება არაკეთილსინდისიერ კონკურენციის ფაქტს. მომხმარებელთა დაცვასთან დაკავშირებული ზოგიერთი უფლების გარდა, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ ევროსაბჭოს დირექტივა, მომხმარებელთა ორგანიზაციებს აძლევს უფლებას, მოითხოვონ ამ სფეროში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით სამართლებრივი ზომების გატარება.

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ნომრები არ შეადგენენ სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის ნაწილს. ქვეყნების უმრავლესობამ სპეციალური კანონი მიიღო მის შესახებ და საგანგებოდ ასახა მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობაში. არაკეთილსინდისიერი კონკურენცია ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება წარმოებასა და ვაჭრობაში განხორციელებულ კეთილსინდისიერ ქმედებას. ეს ცნება ფართოდაა ცნობილი და იგი ისეთ ქმედებებს მოიცავს, როგორიცაა, კონკურენტის დისკრედიტაცია, არასწორი რეკლამა, კომერციულ საიდუმლოებათა მოპარვა და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ძირითადი სამი ასპექტი, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული სასაქონლო ნიშნების დაცვასა და გამოყენებასთან – ეს არის სასაქონლო ნიშნების მეკობრეობა, ეტიკეტებისა და შეფუთვის იმიტაცია და ფალსიფიკაცია.

ფალსიფიკაციის ტერმინი სხვადასხვაგვარადაა ინტერპრირებული ქართულ კანონმდებლობაში და სრულად არ გამოხატავს მის ჭეშმარიტ არსს. სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლი ასე განმარტავს ფალსიფიკაციას – “ფალსიფიკაცია, ე.ი. მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ ჩადენილი ანგარებით”…, ხოლო “სურსათისა და თამბაქოს შესახებ” კანონი – “ფალსიფიკაცია, ე.ი. პროდუქციის წარმოებისას ანდა რეალიზაციისას მისი გაყალბება, ჭეშმარიტი (ნამდვილი) პროდუქციის შეცვლა ყალბით”.

ვფიქრობთ, აუცილებელია ვსრულყოთ ფალსიფიკაციის განმარტებები, შევუსაბამოთ ისინი ერთმანეთს და ევროპულ კანონმდებლობას, რათა დავიცვათ ჩვენი ისედაც გაყალბებული სამომხმარებლო ბაზარი. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ პროდუქციის თვისებრიობის შეცვლა ფალსიფიკაციის ერთ-ერთი სახეა და არ მოიცავს სასაქონლო ნიშნებსა და შეფუთვის გაყალბებას.

საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ნორმების თანახმად, ფალსიფიცირებული პროდუქცია ნიშნავს: “პროდუქციას, შესაფუთი მასალის ჩათვლით, რომელშიც სათანადო უფლებამოსილების გარეშეა წარმოდგენილი ისეთი სასაქონლო ნიშანი, რომელიც მსგავსი პროდუქციის კანონიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტურია, ან რომლის ძირითადი მახასიათებლების გარჩევაც შეუძლებელია და რომელიც ამგვარად არღვევს სასაქონლო ნიშნის კანონიერი მფლობელის უფლებებს”.

ევროკავშირის შეთანხმება – “ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ” ასე განმარტავს ფალსიფიკაციას – “ფალსიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ნაწარმის იმიტაციას. ფალსიფიცირებული საქონელი არა მხოლოდ იდენტურია მოცემული დასახელების პროდუქციისა, არამედ გარეგნულად წარმოადგენს ნამდვილი მწარმოებლის ან გამსაღებლის ორიგინალური პროდუქციის ზუსტ ასლს. ფალსიფიცირებულ პროდუქციას აქვს სასაქონლო ნიშანი, რომელიც გაყალბებულია, ასევე ამ დროს ხდება ეტიკეტებისა და შეფუთვის იმიტაცია”.

ფალსიფიცირებული პროდუქციის დადგენისას, უპირველესი საკითხია საკუთრების (სასაქონლო ნიშნის) უნებართვოდ გამოყენება, ანუ მეკობრეობა. ფალსიფიკაცია უმძიმესი ეკონომიკური დანაშაულია, ქურდობის ტოლფასი. ყალბისმქმნელები არა მხოლოდ ატყუებენ მომხმარებელს, არამედ ზიანს აყენებენ კანონიერი მწარმოებლის რეპუტაციას და შემოსავალს. ამასთან, ისინი სახელმწიფოს გადასახადებს არ უხდიან.

ამის თვალსაჩინო მაგალითია ქართული სამარკო ღვინოების ფალსიფიკაციისა და სასაქონლო ნიშნების უნებართვოდ გამოყენების ფაქტები როგორც საქართველოს შიდა ბაზარზე, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. საკმარისი იქნება დავასახელოთ ე,წ, მოლდოვას გახმაურებული საქმე, როდესაც ბელცის ღვინის ქარხნის მიერ ხდებოდა ქართული სამარკო ღვინოების ფალსიფიკაცია და რეალიზაცია დსთ-ს ბაზარზე. ამით დიდი ზიანი მიადგა როგორც საქართველოს ეკონომიკას, ასევე ქართველ მეღვინეთა ინტერესებსა და რეპუტაციას (ასეთ ფაქტებს ადგილი აქვს ბულგარელი, უნგრელი, ჩრდილოკავკასიელი ყალბისმქმნელებისაგან).

ანალოგიური სიტუაციაა მინერალურ წყალ “ბორჯომთან” დაკავშირებით. მისი ფალსიფიკაცია და სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენება ხდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. (უკრაინაში, ბელორუსიაში, რუსეთში, ყაზახეთში და სხვ.). ამასთან დაკავშირებით დიდ ყურადღებას იმსახურებს სუამის აგრარული ბაზრის ფორმირების პერსპექტივა და მის ფარგლებში ფალსიფიკაციისაგან დაცვის შეთანხმების მიღება.

არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და ფალსიფიკაციის აღმოსაფხვრელად აუცილებელია სამომხმარებლო სფეროს მარეგულირებელი მექანიზმების დახვეწა და სრულყოფა.

ამ მხრივ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც მთავარი საფუძველია სამომხმარებლო, ანუ მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ აკრძალვები, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს სასაქონლო ბაზრის სტრუქტურისა და მისი მონაწილეთათვის ქცევის წესებისა და პირობების შექმნაში. იგი არეგულირებს ყველა სახის მოხმარების საქონლის მომსახურებისა და რეალიზაციის წესს, რაც სავალდებულოა ყველა მეწარმისათვის. თუ ეს წესები დარღვეული იქნება, მაშინ გათვალისწინებულია სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

უმთავრესი მოთხოვნა, რასაც უნდა პასუხობდეს ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი ნებისმიერი ნაწარმი, ეს არის პროდუქციის უსაფრთხოების (უვნებლობის) პრინციპი. მეწარმე ვალდებულია, ბაზარზე გამოიტანოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელი პროდუქცია, კეთილსინდისიერად მოეპყრას მომხმარებელს. გასაყიდად გამოტანილ პროდუქციას უნდა გააჩნდეს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი და იძლეოდეს სრულყოფილ ინფორმაციას, თუ ვინ აწარმოა, როდის, რა კომპონენტებისგანაა შექმნილი, არის თუ არა მავნე მოხმარებისათვის. აგრეთვე, ცნობილი უნდა იყოს შენახვის პირობები, მეწარმის საგარანტიო ვალდებულებები და სხვ. ამასთან, ყველა სახის პროდუქციას თავისი გაყიდვის წესი აქვს, რომლის დაცვა განაპირობებს წესრიგს ბაზარზე. ამ მომენტების გათვალისწინების გარეშე ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმართული ყოველი ხასიათის ღონისძიება არაფრის მომცემი იქნება.

“სურსათისა და თამბაქოს შესახებ” კანონი, რომელსაც სასურსათო პროდუქციის ერთიანი კონტროლის სისტემა უნდა შეექმნა საქართველოში, საფუძველშივე მცდარ მიდგომაზე იქნა დაფუძნებული, რასაც მოჰყვა სურსათის ხარისხისა და უსაფრთხოების გაიგივება, ნედლეულის ხარისხის კონტროლის გადაცემა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის, ხოლო მზა პროდუქციის ხარისხის (საცალო ქსელის) კონტროლისა – საქსტანდარტისათვის.

არ იქნა გათვალისწინებული ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება “პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ”, მომხმარებელთა დაცვის ძირითადი პრინციპები, სასურსათო უსაფრთხოებისადმი მსოფლიოში ამჟამად დადგენილი მოთხოვნები.

ხარისხის კონტროლს ფალსიფიკაციასთან ბევრი არაფერი აქვს საერთო, რადგან საქონლის იმიტირება ხდება როგორც ნაწილობრივ, ისე მთლიანად. საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ნორმების თანახმად, ხარისხი განიხილება, როგორც კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელი. ხარისხის რეგულირება სახელმწიფოებრივ ჩარევას ნაკლებად გულისხმობს და მისი ზრუნვის უმთავრესი საგანია პროდუქციის უსაფრთხოება, ე.ი. ბაზარზე გამოტანილი ნებისმიერი პროდუქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა ხარისხის, მაგრამ უსაფრთხო.

დღეს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ყალბი პროდუქციის ნაკლებობა არ იგრძნობა. ყალბისმქმნელები აზარალებენ როგორც მომხმარებელს, ასევე იმ მეწარმეს, ვისი პროდუქციის ფალსიფიკაციაც ხდება. ფალსიფიკაციასთან ბრძოლის დროს მთავარია, საზღვარზე გაკონტროლდეს იმპორტული ნაწარმი. საცალო ქსელის კონტროლი კი გამოავლენს ქვეყნის შიგნით წარმოებულ ფალსიფიცირებულ პროდუქციას. უნდა არსებობდეს აგრეთვე იმ მეწარმის განცხადება ან პრეტენზია, რომლის საკუთრების ფალსიფიკაციაც ხდება, რადგან ყველაზე უკეთ თვითონ მეწარმემ იცის თავისი პროდუქცია როგორ აწარმოა, რა რაოდენობით და ვის მისცა გასაყიდად. ასე რომ, თუ არ იქნება საქონელმწარმოებლის განაცხადი და უზრუნველყოფილი კონკურენტული გარემო, ყოვლად გაუმართლებელია ნებისმიერი მაკონტროლებელი ორგანოს ქმედება, მიმართული, ზოგადად, ფალსიფიკაციის წინააღმდეგ.