მეცნიერების მომავალი ანუ რატომ და როგორ “დავთვალოთ” მეცნიერება

ნოდარ ხადური, ეკ. დოქტორი, თსუ პროფესორი
შესავალის მაგიერ

როდესაც უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, საბაზრო ეკონომიკის შესატყვისი” ეკონომიკური მეცნიერება საქართველოში ახალფეხადგმული იყო და ცხადია ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებსაც უჭირდათ ახალ რეალობებთან შეგუება, ჯერ კიდევ არ იყო ხელმისაწვდომი ახალი, უცხოური სახელმძღვანელოები, და ჩვენ იძულებულნი ვიყავით ისევ ძველი სახელმძღვანელოებითა და მონოგრაფიებით გვესწავლა. ერთ-ერთი ასეთი წიგნი იყო მეცნიერების სიჭაბუკე”, რომელიც პოლიტეკონომიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ჩამოყალიბებისა და მისი განვითარების პირველ ხანებს შეეხებოდა.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ როდესაც ამ წერილზე დავიწყე მუშაობა, სწორედ ეს წიგნი, უფრო სწორედ კი მისი სათაური ამომიტივტივდა მეხსიერებიდან (თუ რატომ ამაზე ოდნავ ქვემოთ). მაშინ ძნელი წარმოსადგენი არ იყო, რომ მეცნიერება და განსაკუთრებით კი ეკონომიკური მეცნიერება სერიოზული გარდაქმნის წინაშე იდგა და რომ სულ მალე თამაშის ახალი წესებით მოგვიწევდა ცხოვრება, თუმცა ბევრი რამ ძნელად პროგნოზირებადი იყო.
&ლოწასტ; &ლოწასტ; &ლოწასტ;
გაზაფხულის ბოლოს, უფრო სწორედ კი 28 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულება დაამტკიცა, რაც ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში აშკარად ახალ და სერიოზულ ნაბიჯად უნდა ჩავთვალოთ. რეალურად რომ ვთქვათ, ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში ახალი ეტაპი იწყება. ქართული ეკონომიკური განათლება და მეცნიერება რეალურად გადადის განათლები სამსაფეხურიანს სისტემაზე და იწყება ევროპული აკადემიური ხარისხების მინიჭების სისტემის დანერგვა.
რეალური სიახლე, რომელიც ამ დოკუმენტის მიღებას მოჰყვება არის ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება. მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმა უმაღლესი განათლების შესახებ” გააუქმა საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესი და, შესაბამისად, პრაქტიკა და ყველა პირი, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე მეცნიერების კანდიდატისა და მეცნიერების დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ჰქონდა, დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელებად გამოაცხადა. კანონის რევოლუციურ სიახლედ უნდა ჩავთვალოთ ის, რომ სამეცნიერო ხარისხების მინიჭების ნაცვლად სწავლების სამსაფეხუროვან სისტემაზე გადავედით და უკვე არსებული ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის გვერდით დოქტორანტურაც უნდა შექიმნას.
მას შემდეგ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სერიოზული მუშაობა წარიმართა, რაც დასრულდა კიდეც ზემოთთქმული დებულების მიღებით. თეორიულად ეკონომიკური მეცნიერებისათვის1 მომავალი სრულფასოვანი კადრების მომზადების სფეროში არსებული შეფერხებები მოხსნილია. მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად, რადგან ჯერ პრაქტიკული ნაბიჯები გადაგმული არ არის.
ცხადია, ილუზია არ გვაქვს, რომ დოქტორანტურის ამოქმედება და ეკონომიკის დოქტორთა მომზადებაც კონვეირული წესით დაიწყება, მოვლენების ასეთი განვითარება ალბათ არც არის სასურველი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დოქტორთა მომზადების პროცესში ხელოვნური ბარიერები არ აღვმართოთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, დღეისათვის ათეულობით ადამიანია, რომელიც იყო უნივერსიტეტის ან სხვა სასწავლო თუ სამეცნიერო დაწესებულების ასპირანტი, ან ხარისხის მაძიებელი, მაგრმ გარკვეული ობიექტური მოსაზრებების გამო, მათ ვერ მოასწრეს სამეცნიერო ხარისხის მიღება და მათი სამართლიანი ინტერესებიც გასათვალისწინებელია.
დებულება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ ცდილობს ეს ფაქტორები გაითვალისწინოს და რეალურ, თვალშისაცემ საფრთხეებსაც თითქოს არ შეიცავს, რომ არა, ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი – საქმე დოქტორანტის მიერ სამეცნიერო შრომების გამოქვეყნებას ეხება.
დებულების შესაბამისად, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მომზადდა, დოქტორანტურაში სწავლისა და კვლევის პროცესში დოქტორანტმა 180 კრედიტი მაინც უნდა დააგროვოს, საიდანაც 1/3 სასწავლო კომპონენტზე, ხოლო 2/3 კი კვლევაზე მოდის. დოქტორანტურის მაქსიმალური ხანგრძლივობა 5 წლითაა შეზღუდული.
სადისერტაციო საბჭოს დებულების შესაბამისად, დისერტაციის დაცვამდე დისერტანტს დისერტაციის თემაზე გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი სამეცნიერო პუბლიკაცია, რეცენზირებად ჟურნალებში, მათგან ორს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო ექსპერტიზა. ექსპერტიზას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.”.
ამგვარად, მივადექით მთავარ პრობლემას. ესაა სტატიების გამოქვეყნება. ამასთან ჟურნალი, სადაც ის უნდა გამოქვეყნდეს უნდა იყოს რეცენზირებადი და ავტორიტეტული.
მტავარი პრობლემა ისაა, რომელი ჟურნალი ჩაითვლება რეცენზირებადად და ავტორიტეტულად, ან რა კრიტერიუმით შეიძლება ასეთი სახელის მინიჭება.
დღეს საქართველოში ეკონომიკური პროფილის რამდენიმე პერიოდული გამოცემაა, მათგან ზოგს დიდი ისტორია აქვს და ზოგს კი დიდი მომავალი, მაგრამ საერთაშორისო არენაზე მათ მიერ აღიარების მოპოვება მარტივი საქმე არ არის.
აქცენტის გადატანა უცხოურ ჟურნალებზე კი სერიოზულ პრობლემებს აჩენს. უცხოეთშიც, საკმაოდაა როგორც კარგი, ასევე “შარლატანი” გამოცემები. მათი გაფილტვრაც სერიოზული პრობლემაა. რაშიც შესაძლოაა იმპაქტ-პაქტორი გამოგვადგეს.
გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მსოფლიოში დაიწყო სამეცნიერო ჟურნალების მნიშვნელობის რიცხობრივი მაჩვენებლის – ე.წ. იმპაქტ-ფაქტორის (IF) გამოანგარიშება2, რომლითაც სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტია (Institute for Scientific Information (ISI)) დაკავებული. აღნიშნული ინსტიტუტი 1992 წელს კორპორაცია Thomson-იყიდა (Thomson scientific), ხოლო კვლევის შედეგებს და შესაბამის იმპაქტ-ფაქტორებს ყოველწლიურად ჟურნალი Journal Citation Report აქვეყნებს.
ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი სამწლიან პერიოდს შეეხება და გამოითვლება ფორმულით, სადაც
A 2006 წლის განმავლობაში მოცემულ ჟურნალში წინა ორ წელს (2004-05 წლებში) გამოქვეყნებული სტატიებიდან ციტირებების რაოდენობაა იმ ჟურნალებში, რომლებსაც თვალს ადევნებს ინსტიტუტი.
B მოცემულ ჟურნალში 2004-05 წლებში გამოქვეყნებული საერთო რაოდენობაა.
ეს მეთოდიკა, რომელიც საზოგადოების დაინტერესებული ფენებისათვის ნაცნობია, მოვიყვანეთ მხოლოდ ერთი მიზნით, დავადგინოთ თეორიული შანსი იმისა, თუ როდის მოხდება საქართველოში გამოცემული ჟურნალები იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალთა სიაში. ჩვენი მონაცემებით, დღეს ამ სიაში ეკონომიკის სფეროში მსოფლიოში გამომავალი 500-მდე ჟურნალია. მათში, სამწუხაროდ, არცერთი არ არის ქართულენოვანი. თეორიული შანსი იქ მოხვედრისა კი მინიმალურია. არათუ ქართულენოვანი, მათ შორის არ არის ყოფილი სსრკ ტერიტორიაზე გამომავალი არც-ერთი გამოცემა.
მიზეზი ბანალურია, იმისათვის, რომ სტატიიდან ვინმემ ცნობილ ჟურნალებში ციტირება გააკეთოს ამისათვის, მან ამ სტატიის წაკითხვა მაინც უნდა შეძლოს. თუ თეორიულად მაინც წარმოვიდგენთ, რომ მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტები ისწავლიან ქართულ ენას, გამოიწერენ საქართველოში ქართულ ენაზე გამომავალ სამეცნიერო ჟურნალებს, წაიკითხავენ მათ და იქიდან გააკეთებენ ციტატებს, ცხადია, პრობლემები მოიხსნება. არსებობს მეორე გზაც, ქართველმა ეკონომისტებმა წერა უნდა ისწავლონ არაქართულად (სასურველია ინგლისურად), სტატიები (და არა მათი რეფერატები ან რეზიუმეები) უნდა გამოქვეყნდეს ინგლისურად და ჟურნალები უნდა უფასოდ დაიგზავნოს მსოფლიოს ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილ უნივერსიტეტში, ბიბლიოთეკაში, სამეცნიერო ცენტრში და შესაძლოა რაიმე შედეგს მივაღწიოთ, თუმცა ეს სიამოვნება ძალიან ძვირი დაჯდება. ალბათობა იმისა, რომ ამ გზით მაინც მოხვდება ქართული ჟურნალი იმპაქტ-ფაქტორიან გამოცემებში ისევ დაბალი რჩება.
თუმცა, ჩემი აზრით ამ ორივე პრობლემის თეორიულად მოგვარების შემთხვევაშიც კი რჩება უმთავრესი პრობლემა. ესაა თემატიკა, რომელსაც ჩვენი ეკონომისტები სწავლობენ და თემატიკა, რომელიც ჩვენს დასავლეთევროპელ თუ ამერიკელ კოლეგებს აინტერესებთ.
აქ კი სერიოზული სისტემური განსხვავებაა. პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდის ეკონომიკური პრობლემები, დასავლეთში ნაკლებად აინტერესებთ. შესაბამისად, ინტერესი ქართული ეკონომიკური აზრისადმი, განსხვავებით ზუსტ, ან საბუნებისმეტყველო დარგებში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა შრომებისადმი, დასავლეთში სუსტია. თითებზე ჩამოსათვლელია იმ ქართველ ეკონომისტთა გვარები, რომელთა ნაშრომებიდან ციტირება ხდება, უფრო ნაკლებია მათი ნაშრომები იმპაქტ-ფაქტორიან გამოცემებში. ეს რეალობაა, სამწუხარო, მაგრამ ობიექტური, და ამ რეალობის გაუთვალისწინებლად გადაწყვეტილებების მიღება ეკონომიკური მეცნიერების სიჭაბუკის ასაკში” (ანიკინისაგან ვისესხე) დატოვებას ნიშნავს.
ამ ეტაპზე, ცხადია თავის მოტყუილება იქნება, თუ დოქტორანტებს მოვთხოვთ სტატიების იმპაქტ-ფაქტორიან გამოცემებში გამოქვეყნებას. ჯერ-ერთი იმის გამო, რაც ზემოთ უკვე ვთქვი და მეორეც, საქართველოში ახალი ადამ სმიტიც რომ დაიბადოს და სტატია რომელიმე ცნობილ სამეცნიერო ჟურნალში გააგზავნოს, მას რამდენიმეწლიან რიგში მოუწევს ლოდინი. რაც დოქტორანტის მიერ საკუთარი გეგმების შესახებ რეალურ წარმოდგენას და ამ გეგმებისდ განხორციელებას ამსხვრევს.
დღეს, ჩვენ ასეთი მოთხოვნები არ გვაქვს, მაგრამ სანაცვლოდ ვითხოვთ რეცენზირებას, თანაც სამიდან ორს აუცილებლად საზღვარგარეთიდან. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებს აქვს რეცენზირების მკაცრი სისტემა, ხოლო დაბალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე გამოცემებში რეცენზირების სისტემა უფრო მარტივია. ანუ რეალური რეცენზირების მოთხოვნით ჩვენ ირიბად, მაგრამ მაინც მივდივართ იმპაქტ-ფაქტორისაკენ.
გასათვალისწინებელია, ისიც, რომ იმპაქტ-ფაქტორიც არ არის იდეალური, მაგრამ…
გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არც თუ ისე მარტივია, თუ ჩვენ უარს ვიტყვით რაიმე სახის მნიშვნელოვნად შემზღუდველ მექნიზმზე, მაშინ რეალურად ჩვენ გავაუფასურებთ დოქტორის აკადემიურ ხარისხს, თუ ჩვენ დავტოვებთ მკაცრ მოთხოვნებს, შესაძლოა საქართველოში დოქტორანტურის გარეშე დავრჩეთ. ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსავალი მხოლოდ ეკონომისტებზე არ არის დამოკიდებული. ჩვენი გამოცემების ავტორიტეტი უნდა გაიზარდოს, რათა დავაინტერესოთ მსოფლიო სამეცნიერო წრეები წაიკითხონ ქართული გამოცემები, ეს კი უზარმაზარ შრომას მოითხოვს.
P.S. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა დაისვას, ესაა სხვადასხვა უნივერსიტეტების დოქტორანტთათვის თანაბარი გარემოს შექმნა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი საკმაოდ ავტორიტეტული კერძო უნივერსიტეტი საკმაოდ დაბალ მოთხოვნებს უყენებს დოქტორანტებს, რაც მხოლოდ ერთი მიზნით შეიძლება ხდებოდეს – დოქტორანტურიდან შემოსავლების მიღება. შემოსავალი იცოცხლე კარგია, მაგრამ არა ყველაფრის გაუფასურების ხარჯზე.