სასტუმროებზე მოთხოვნა იზრდება

თათა თორია

“ინტერკონტინენტალი”, “ჰაიატი”, “კემპინსკი”, ეს ის ბრენდებია, რომლებიც ახლო მომავალში საქართველოში სასტუმროების ბაზარზე შემოსვლას გეგმავენ. ეს თავისთავად კარგი პრეცედენტია. გაიზრდება კონკურენცია, შესაბამისად გაუმჯობესდება სერვისი, დარეგულირდება ფასები. პარალელურად ალბათ, გაიზარდება ქართული სასტუმროების მომსახურების დონეც, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ვერ პასუხობს.

“შერატონ მეტეხი პალასის” რეალიზაციისა და მარკეტინგის განყოფილების მენეჯერის – თამუნა გულედანის თქმით, ქართული სასტუმროები ჯერ კიდევ მსოფლიო სტანდარტს არ შეესაბამება, თუმცა არის რამდენიმე სასტუმრო, რომელიც გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. მაგალითად, ასეთია “თორი”, “ვარაზი”, “ვერე-პალასი”, “ბეტსი”. დანარჩენებს სასტუმროების სტატუსი არ აქვს. არის “გესტჰაუსები”, რომლებიც მრავალ სტუმარს ემსახურებიან.
საქართველოში გაუგებარია სასტუმროებისთვის ვარსკვლავის მინიჭების საკითხიც, თუმცა უკვე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი სასტუმროების ასოციაციის შექმნის თაობაზე, რომელიც სასტუმროების მსოფლიო მოთხოვნებთან შესაბამისობას გააკონტროლებს. ეს თავის მხრივ, ქართული სასტუმროების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ბაკურ ლაშქარავას თქმით, აღნიშნული ასოციაცია დაადგენს ასევე სასტუმროებისთვის ვარსკვლავის მინიჭების წესს, რასაც აქამდე არავინ არეგულირებდა. მაგალითად, ნებისმიერ სასტუმროს საქართველოში შეიძლება საკუთარი სურვილისამებრ ნებისმიერი ვარსკვლავი მიანიჭოს. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპაშიცაა ქვეყნები, სადაც სასტუმრო მისთვის მინიჭებულ ვარსკვლავს არ შეესაბამება, კერძოდ, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო რეალურად შეიძლება სამვარსკვლავიანი იყოს. ძირითადი ორგანო, სხვა დანარჩენ ქვეყნებში, რომელიც ამას აწესრიგებს, თავისთავად სასტუმროების ასოციაციაა. სახელმწიფო არ ერევა იმაში, თუ სასტუმროს სერვისი როგორი უნდა იყოს. თავად ბიზნესმენების ცნობიერება ისეა შეცვლილი, რომ დიდ ყურადღებს აქცევენ მომსახურებას. ჩვენ ამ ეტაპზე ამ საკითხის ჩამოყალიბების პროცესში ვართ. უკვე სასტუმროების თავკაცებთან გვაქვს შეხვედრები და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ჩამოყალიბდეს სასტუმროების ასოციაცია. შემდეგ კი შეიქმნება კანონი, რომელიც ვარსკვლავის მინიჭებას მოაწესრიგებს. ასოციაცია თავისთავად ქმედითი ორგანო უნდა იყოს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში სასტუმროების ბაზრის საგრძნობი ზრდა შეიმჩნევა. სასტუმროების სფეროში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ მოთხოვნა ბაზარზე იზრდება. მარკეტინგული ცენტრის IPM-ის მიერ 2005 წელს დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღწერილ იქნა ყველა სახის არასაცხოვრებელი, კომერციული, საოფისე ფართები და სასტუმროები. გამოკვლეულ იქნა იმ პერიოდში ბაზარზე არსებული ფართები, ასევე სამომავლო პროექტები, რომლებიც ბაზარზე ახლო მომავალში უნდა განხორციელებულიყო. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე დიდი კონკურენცია საოფისე ფართებში იყო მოსალოდნელი, ხოლო ნაკლები კონკურენცია – კომერციულ ფართებში. ყველაზე დაბალი კონკურენცია კი სასტუმროების სფეროში აღინიშნა, რადგან ბაზარზე სასტუმროს ახალი ნომრები მცირე რაოდენობით იგეგმებოდა.IPM-ის უძრავი ქონების მენეჯერის კოტე გაბრიჩიძის თქმით, იმ მომენტში, როდესაც მომავლის პროგნოზი კეთდებოდა, ჩანდა, რომ სასტუმროების ბიზნესში მომგებიანი იყო ინვესტირება, რადგან კონკურენცია ნაკლებად მოსალოდნელი იყო. აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2005 წლისთვის თბილისის მასშტაბით სულ 76 სასტუმრო ფუნქციონირებდა. ნომრების საერთო რაოდენობა კი 1447 ერთეულს უდრიდა, საწოლების რაოდენობა – 2676.
2006 წელს კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ბაზარზე შემოვიდნენ კონკურენტები, გაჩნდა ახალი შემოთავაზებები. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2006 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე 395 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა. მათგან 8,9% სახელმწიფო საკუთრებაში იყო, ხოლო 91,1% – კერძო საკუთრებაში (327 სასტუმრო). კერძო სასტუმროებიდან 96,3% ადგილობრივ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მოდიოდა, ხოლო 3,7% – უცხოელებზე.
სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების მთლიანმა შემოსავალმა (დღგ და აქციის გარეშე) 2006 წელს 107,0 მლნ. ლარი შეადგინა. შემოსავლების 53,0% მიღებული იყო ნომრებით სარგებლობიდან, 20,7% – რესტორნების, ბარებისა და სხვა მომსახურებიდან, 7,9% – ძირითადი კაპიტალიდან, 0,2% – იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურებიდან, ხოლო დანარჩენი 17,3% – სხვა სახის მომსახურებიდან. სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების მიერ გაწეულმა ხარჯებმა კი 125,8 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან, მხოლოდ 15,0 მლნ. ლარი (11.9%) მოდის მუშაკთა შრომის ანაზღაურებაზე. სასტუმროებში დასაქმებულთა რაოდენობამ 4732 კაცს მიაღწია, მათგან 2634 ქალი იყო (55,7%).
სტუმართა რაოდენობამ 2006 წლის განმავლობაში 217 095 კაცი შეადგინა. რეკრეაციასა და დასვენებაზე 24,9% მოდიოდა, საქმიანი და პროფესიული მიზნით იყო ჩამოსული 49,9%, მკურნალობის მიზნით – 1,0%, სხვა მიზნებით კი – 24,9%. სტუმართა 62,1% საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 37,9% – საზღვარგარეთისა. უცხოელი სტუმრების 79% საქმიანი და პროფესიული მიზნითაა ჩამოსული. საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუმრების საერთო რაოდენობიდან 37,5% ევროკავშირის ქვეყნებზე, ხოლო 29,3% დსთ-ს ქვეყნებზე მოდის.
ბაკურ ლაშქარავას თქმით, აღნიშნული მაჩვენებლები დღეისათვის უკვე საგრძნობლადაა გაზრდილი. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა სასტუმროების, რესტორნების, გასართობი დაწესებულებების, მუზეუმების, პარკების, ტურისტული ინფრასტრუქტურის აღწერა და თუ 2006 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 395 სასტუმრო ფუნქციონირებდა და მთლიანად საქართველოს მასშტაბით აქ 15 000 საწოლი ადგილი იყო, ამჟამად სასტუმროების რაოდენობა დაახლოებით 500 ერთეულამდეა გაზრდილი, შესაბამისად გაზრდილია საწოლების რაოდენობაც.
როგორც ბატონი ბაკური ამბობს, უპირველესი და უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაზეც ამჟამად ფიქრობენ, სასტუმროების რაოდენობისა და მასში საწოლი ადგილების ზრდის მიმართულებით მუშაობაა. ესაა პირველი აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ხალხი საქართველოში ჩამოვიდეს და ტურიზმი განვითარდეს. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დღესვე ჩავატაროთ საკმაოდ კვალიფიციური მარკეტინგული კამპანია ტურისტების მოსაზიდად, მაგრამ მათ მართლაც რომ გადაწყვიტონ საქართველოში ჩამოსვლა, დიდ ნაწილს ჯერ-ჯერობით ფართით ვერ უზრუნველვყოფთ.
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სასტუმროებზე მოთხოვნის გასაზრდელად როგორც თბილისსა და აჭარაში, ასევე სვანეთში, შატილში, ბორჯომ-ბაკურიანში, გუდაურსა და ბახმაროში. საკმაოდ დიდი რაოდენობის სხვადასხვა მიმართულების ახალი პროდუქტები გვექნება, რომლებსაც მარკეტინგული კამპანიის წარმართვით განვახორციელებთ. გათვალისწინებულია ამ პროდუქტების – მომსახურების სტიმულირება და ბაზარიც ამის შედეგად აუცილებლად გაიზრდება. ამას მოჰყვება ინფრასტრუქტურის განვითარება და ინვესტიციების ზრდა როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
უნდა აღინიშნოს, რომ უკვე საქართველოში სასტუმროების ბიზნესით არაერთი საერთაშორისო ქსელია დაინტერესებული. ახლა უკვე ერთმანეთზე უფრო დიდი მოცულობის 6-7 სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, რასაც სავარაუდოა, რომ პატარა სასტუმროების მშენებლობაც მოჰყვება.
ბატონი კოტე გაბრიჩიძის თქმით, თუ ის პროექტები, რომელთა განხორციელებაზეც საუბრები უკვე მიმდინარეობს და ჩვენ ბაზარზე მართლაც შემოვლენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა, “ჰაიატი”, “კემპინსკი”, “ინტერკონტინენტალი”, 2-3 წელიწადში საქართველოში სასტუმროების მშენებლობაზე დიდი შემოთავაზებები იქნება. თუმცა მიწოდებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი მოთხოვნაც და ის როგორი იქნება, დღეისათვის ძნელია პროგნოზის გაკეთება. დღეს ჩვენს ქვეყანაში სასტუმროები 95-96%-ითაა დატვირთული, მაშინ როცა ევროპაში სასტუმროთა დატვირთულობის ნორმა 60%-ს აღწევს. ამგვარად ჩვენთან ზემაღალი დატვირთვა ფიქსირდება, მაგრამ ახალი სასტუმროების შემოსვლის შემდეგ ეს 95% გადანაწილდება და დატვირთულობაც დაიწევს, თუმცა რამდენად ქვევით, არავინ იცის. შესაბამისად აღნიშნული სასტუმროების ბაზარზე გამოსვლის შემდეგ ფასებიც შემცირდება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს სასტუმროებში ფასები ძალიან ძვირია სპეკულაციური ფასებია. იმის გამო, რომ სასტუმროები მუდმივად დატვირთულია, ისინი თავიანთი სურვილისამებრ აწესებენ ფასებს. მიუხედავად ამისა, პროდუქტი მაინც იყიდება, რადგან დღესდღეობით ბაზარზე ფართო არჩევანი არაა. თუ ბაზარზე 10-ჯერ მეტი შემოთავაზება გაჩნდება, საინტერესოა, გაუძლებს თუ არა ბაზარი ამას. ვშიშობ, კონკურენციამ ბაზრის ვარდნა არ გამოიწვიოს, მაგრამ თუ ახალი სასტუმროების ექსპლუატაციაში შესვლა ეტაპობრივად მოხდება, ყოველ 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ, ბაზარი ამას აიტანს, ხოლო ერთდროულად 3 სამასნომრიანი სასტუმროს გამოსვლა ბაზარზე კატასტროფა იქნება.
ფასები მომსახურების დონის ადექვატური რომ არ არის, ამას ბაკურ ლაშქარავაც ადასტურებს. მისი თქმით, ფასისა და სერვისის შეუსაბამობა ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია იმით, რომ ბაზარი მიწოდების თვალსაზრისით არ არის საკმარისად გაჯერებული. თბილისში სასტუმროების დიდი ნაწილი 90-95%-იან შევსებაზე მუშაობს. აქედან გამომდინარე, მათ არა აქვთ სურვილი, სერვისი გააუმჯობესონ. უახლოეს მომავალში ჩვენ ქვეყანაში არაერთი ცნობილი დიდი სასტუმრო ქსელი შემოვა. კონკრეტული პროექტები უკვე იგეგმება არა მარტო თბილისში, არამედ აჭარაში და კიდევ სხვა რეგიონებში. ისინი განხილვის პროცესშია, როგორც კი ბაზარი გაჯერდება და მოთხოვნა და მიწოდება დაბალანსდება, ფასიც დაიწევს, გაჯერებული პროდუქტები მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან მეპატრონეები, რომლებიც სერვისის გაუმჯობესებაზე იფიქრებენ, რათა კონკურენცია გაუწიონ დანარჩენებს. გამოჩნდებიან მათი მიმდევრებიც. ამ შემთხვევაში პირველები ალბათ, საერთაშორისო სასტუმროები იქნებიან, რომლებსაც მაღალი დონის სერვისი აქვთ. ისინი ავტომატურად დააწესებენ ამ დონეს და ლოგიკურია, რომ მათ დაწესებულ ზღვარზე ქვემოთ არავინ ჩამოვა, გარდა იმ სასტუმროებისა, რომლებსაც მომსახურების შესაბამისი ფასი აქვთ.
მოთხოვნა სასტუმროების ოთახებზე დღეისათვის საქართველოში მართლაც არის. ამას “შერატონ მეტეხი პალასის” რელიზაციისა და მარკეტინგის მენეჯერი, თამუნა გულედანიც ადასტურებს. მისი თქმით, მართალია, წლის განმავლობაში ოთახების ნაკლებობა თითქოს არ ფიქსირდება, მაგრამ არის სეზონი, როდესაც თბილისში თავისუფალი ნომერი არაა. ამიტომ ის მიესალმება ახალი ბრენდების ქართულ ბაზარზე შემოსვლას და აღნიშნავს, რომ ეს სასტუმროები საერთაშორისო სტანდარტის დონის იქნება, რაც თავისთავად იმის დასტურია, რომ ბაზარი გააკონტროლებს ხარისხს. ახლა შესადარებელი არაფერია. არის “შერატონ მეტეხი პალასი” და “მარიოტი” და კლიენტს მხოლოდ მათ შორის უხდება არჩევანის გაკეთება. რაც შეეხება ბაზრის ვარდნას, თამუნა გულედანის თქმით, სასტუმროების ბიზნესი უკვე სოლიდურად არის გაფართოებული და ის ახალი ბრენდების შემოსვლას გაუძლებს, მითუმეტეს, რომ მოსალოდნელია მათი ეტაპობრივად შემოსვლა. ასეთივე საუბარი იყო 2000 წელს, როდესაც სასტუმრო “მარიოტი” იხსნებოდა. მართალია, ეს სასტუმროები 1999 წელს რომ გახსნილიყო 20%-ითაც ვერ შეივსებოდა, მაგრამ ახლა სასტუმროების საშუალო დატვირთულობა თბილისში 65%-ია წლიურად. “გესტჰაუსების” საშუალო დატვირთულობა 55-60%-ია. ასე რომ, საგანგაშო არაფერია.
ქართულ სინამდვილეში ბრენდების შემოსვლას დადებითად აფასებს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”-ს მენეჯერი, ქალბატონი მაია წერეთელიც. მისი თქმით, დღეს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ტურიზმის განვითარებას. მართალია, ახალი სასტუმროების შემოსვლისას გარკვეულ შეუსაბამობებს ექნება ადგილი, მაგრამ ამას თავად ბაზარი დაარეგულირებს.
საქართველოში რომ სასტუმროების საერთაშორისო ქსელების შემოსვლა იგეგმება ეს თავისთავად დადებითი ტენდენციაა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათი უმრავლესობა ხუთვარსკვლავზეა გათვლილი. ბატონი კოტე გაბრიჩიძის თქმით, ყველაზე დაბალი დონის სასტუმრო, რომლის აშენებასაც გეგმავენ, ოთხვარსკვლავიანია. საშუალო ფენის ტურიზმზე ორიენტირებულ სასტუმროებზე დღესდღეობით არავინ ფიქრობს. ყველა უმაღლესი დონის სასტუმროების შენებას ითვალისწინებს. 4 და 5 ვარსკვლავია სასტუმროებზე გათვლილი მასიური ტურიზმი კი არ არსებობს. აქ არ იგულისხმება ბიზნეს და საკონფერენციო ტურიზმი. ლაპარაკია ტურისტულ ჯაჭვებზე, კვირაში დაახლოებით 100 და მეტი ტურისტის მიღებაზე. ასეთი ტურიზმი ვერ გაუძლებს იმ სასტუმროების მომსახურებას, რომლებიც 100 დოლარი და მეტი ღირს, რაც თავისთავად ტურიზმის განვითარებას შეაფერხებს. დღესდღეობით საქართველოში ტურიზმის ერთ-ერთი სახეობა, ბიზნეს ტურიზმი არსებობს, მასიურ ტურიზმამდე ჯერ ძალიან შორს ვართ. მთავარი შემოსავალი კი სახელმწიფოსთვის სწორედ მასიურ ტურიზმს მოაქვს. ამიტომაც აუცილებელია სამვარსკვლავიანი სასტუმროების აშენება. როდესაც ტურისტული კომპანია წელიწადში იღებს 9 და 10 ჯგუფს, 20-30-კაციანს, ეს რასაკვირველია კარგია, მაგრამ ვერ მიიღებს, თუ სამვარსკვლავიანი სასტუმროები არ იქნება. მასიური ტურიზმი ხუთვარსკვლავიან სასტუმროებზე გათვლილი არაა, რადგან იქ გაცილებით დიდი ფასებია. იმის გასაგებად თუ ზუსტად რა გვჭირდება, ბატონი კოტეს თქმით, აუცილებელია სერიოზული გათვლების გაკეთება, ბაზრის საფუძლიანი კვლევა. თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ რაც დაისახება სამოქმედო გეგმა, შეიქმნება კონცეფცია, რომლითაც შემდეგში იხელმძღვანელებ ან როდესაც სახელმწიფო დასახავს გეგმას, რომლის მიხედვითაც ვთქვათ, 2015 წელს 10 მილიარდიანი ბიუჯეტი უნდა ქონდეს, შემდეგ უკვე აქედან გამომდინარე ის გეგმავს ტურიზმში, ინდუსტრიაში, აგროსექტორში აქტივობას, შესაბამისად, ტურიზმის სამინისტრო აიღებს ვალდებულებას, რომ 2015 წლისთვის ამ 10 მილიარდიდან 2 მილიარდი ამ სფეროს განვითარებას მოახმაროს. ასეთი დავალების შემდეგ ტურიზმის სამინისტრო საკუთარ გეგმას შეიმუშავებს. შესაბამისად, როდესაც დასახულია ამოცანა, უკვე ვეძებთ მისი მიღწევის გზებს. მაგალითად, 2 მილიარდიდან 300 მილიონი შემოსავლით განვავითარებთ ველოტურიზმს, 200 მლნ-ით აგროტურიზმს, 250 მლნ-ით სამონადირეო ტურიზმს, მაგრამ ზუსტად არ ვიცით რა არის ამისთვის საჭირო, ამიტომ ვიწყებთ კვლევას, მარკეტინგული სტრატეგიების დასახვას და ა.შ. ჯერ-ჯერობით უცნობია ასეთი გეგმის არსებობა. არ ვიცით თუ სახელმწიფო ბიუჯეტმა რამდენს უნდა მიაღწიოს 2010 წლისთვის. შესაბამისად არ ვიცით ტურიზმმა რა უნდა გააკეთოს ამ დაგეგმილ ბიზნესგეგმაში. თუ კი ჩვენს მთავრობას აქვს კონკრეტული მიზანი, კონკრეტულ ვადებში და ციფრებში გამოხატული, რამდენი უნდა იყოს ბრუნვა, მაშინ უკვე გვეცოდინება, რომ მაგალითად, 600 ოთახია საჭირო კომფერენცტურიზმისთვის, 2008 წელს 500 ნომერია საჭირო სარეკრეაციო ტურიზმისთვის წყალტუბოში და ა.შ.
ველოტურიზმის განვითარებისთვის ერთი და ორვარსკვლავიანი სასტუმროებია აუცილებელი. ველოტურისტი, მილიონერიც რომ იყოს, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში არ გაჩერდება. ველოტურიზმი საერთოდ არ საჭიროებს კომფორტს. ტურისტი იმისთვისაა ჩამოსული, რომ ეზიაროს ველურ ბუნებას.
საქართველოში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბიზნესტურიზმი არსებობს, მაგრამ როგორც თამუნა გულედანი ამბობს, აქ ტურიზმის დანარჩენი სახეობების განვითარებაც ადვილად შესაძლებელია. ამის წინაპირობას კი საშუალო ფენაზე გათვლილი სასტუმროების გახსნა წარმოადგენს. მისი აზრით, თბილისს პირველ რიგში, სამ ვარსკვლავზე გათვლილი სასტუმროები სჭირდება. “ინტერკონტინენტალი”, “კემპინსკი”, “ჰაიატი”, ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებია, რომლებიც დღეისათვის ჩვენთვის ფუფუნებაა. თუ განვითარდა ტურიზმი და აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ხუთი ან ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო გვაქვს, ბევრი მათგანი დაბალი რანგის ოთახს ტურისტულ ფასად გაყიდის. ჩამოვა სტუმარი, რომელიც იაფად იცხოვრებს კარგ სასტუმროში. მაგალითად, “ჰოლიდეი ინი” თუ შემოვიდა სასტუმრო “აჭარაში”, მე როგორც ტურისტი კი არ წავალ “ვერე პალასში”, სადაც არ ვიცი რა პირობები დამხვდება, არამედ წავალ “ჰოლიდეი ინ”-ში, სადაც ფასები შეიძლება 10%-ით მეტი იყოს, მაგრამ არჩევანს მაინც მასზე შევაჩერებ, იგი ხომ ცნობილი ბრენდია.
როგორც ბატონი ბაკურ ლაშქარავა აღნიშნავს, იმ ბრენდების ნაწილი, რომლებიც თბილისში ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს ააშენებენ, ორ და სამვარსკვლავიან სასტუმროთა ქსელებსაც ფლობენ. ასე რომ, მოსალოდნელია ამ ქსელების საქართველოშიც შემოყვანა. პროგნოზი სამომავლოდ საიმედოა. უდაოა, რომ საქართველოს ტურისტული მომავალი აქვს და ის, რომ ფასები მაღალია, კიდევ ერთხელ მეტყველებს მოთხოვნის ზრდაზე.
მნიშვნელოვანია კადრების მომზადების საკითხიც. ბატონი ბაკურის თქმით, საბერძნეთის მთავრობის დახმარებით მალე გაიხსნება ტურისტული სკოლა, რომელიც ერთ-ერთი სერიოზული ბაზა იქნება არა მარტო კავკასიის რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სერიოზული კონტაქტები დამყარდა ევროპულ სკოლებთან. ასევე უნდა აღინიშნოს ჩვენი გადამზადების პროგრამების შესახებ, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და დასაქმების ფარგლებში ხორციელდება.