ბუნებრივი გაზი საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში

ხათუნა ჩომახიძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი, ლალი ჩუბინიძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი

ბუნებრივი გაზის როლი და მნიშვნელობა განსაკუთრებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ ის წარმოების საშუალებაა, იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც მოხმარების საგანიც. დიდია მისი როლი სოციალურ პრობლემათა გადაწყვეტაში, ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებაში, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ფინანსურ და პოლიტიკურ სტაბილურობაში, ეკოლოგიური სისუფთავის დაცვაში.

ბუნებრივ გაზს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ყველა ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსში. მასში მოცემულია ქვეყანაში არსებული ამ ენერგოშემცველის როგორც რესურსები, ისე მოხმარება. ეს უკანასკნელი მოიცავს არა მარტო მთლიან ხარჯს, არამედ მის გამოყენებას ეკონომიკის ცალკეული დარგებისა და სექტორების მიხედვით. რესურსების ნაწილში, პირველ რიგში, ნაჩვენებია მისი ადგილობრივი წარმოება და შემოტანა ქვეყნის გარედან. ბალანსში ყველა ენერგოშემცველი, მათ შორის გაზი ნაჩვენებია როგორც ნატურალურ, ისე პირობით ერთეულებში.
საქართველოს ენერგეტიკის ბალანსში ბუნებრივი გაზი 1960 წლიდან მონაწილეობს. ამ წელს საქართველოში სულ მოხმარებულ იქნა სათბობ-ენერგეტიკული რესურსები (სერ) 7301,8 ათასი ტონა პირობითი სათბობის (ტპს) ოდენობით, აქედან 540,5 ათასი ტონა, ანუ 7,4% ბუნებრივ გაზზე მოდიოდა. შემდგომ წლებში მას ზრდის ტენდენცია ჰქონდა და საბჭოთა ხელისუფლების არსებობის ბოლოს, 1990 წელს 34,3%-ს მიაღწია. აბსოლუტურ სიდიდეებში ეს ციფრი თითქმის 6,5 მლნ ტპს უდრის[5].
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში კატასტროფულად შემცირდა სათბობ-ენერგეტიკული რესურსების როგორც წარმოება, ისე შემოტანა. ბუნებრივი გაზის იმპორტი თითქმის შეწყდა, ხოლო ენერგეტიკული ბალანსი მეტისმეტად დეფიციტური გახდა.
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქვეყნის ენერგეტიკული ბალანსის შედგენის პირველი მცდელობა, მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზას დაადგა, განხორციელდა 2001 წელს. ეს გაკეთდა ტასისის ფინანსური დახმარებით, საწარმოებისა და შინამეურნეობების მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ 2001-2002 წლებში ჩატარებული შერჩევითი გამოკვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
აღნიშნული გამოკვლევების შესაბამისად, 2001 წელს საქართველოში სულ დაიხარჯა 148615 ტერაჯოული ენერგია, აქედან 39 830 ტერაჯოული, ანუ 26,8% იყო ბუნებრივი გაზი. გარდა ამისა, მოხმარებულ იქნა თხევადი გაზი 2348 ტერაჯოულის ოდენობით, საერთო მოხმარების 1,6%. ჩატარებული სამუშაოს ძირითადი შედეგები ბუნებრივ გაზთან მიმართებაში მოცემულია #1 ცხრილში.
როგორც #1 ცხრილიდან ჩანს, 2001 წელს საქართველოში მოხმარებულ იქნა 1,157 მლრდ კბმ, ანუ 39,83 ათასი ტერაჯოული ბუნებრივი გაზი. საერთო მოხმარებიდან 7,6% დაიხარჯა სამრეწველო საჭიროებისთვის, ხოლო, 38,1%-მა განიცადა ტრანსფორმაცია ენერგიის სხვა სახეების (მაგ: ელექტროენერგიის) მისაღებად; ოდნავ ნაკლები 35,1% კი დაიხარჯა საბოლოო მოხმარებისათვის, საიდანაც 7,5% გამოიყენა წარმოების სექტორმა, 1,1% – ტრანსპორტმა; მნიშვნელოვანი ხარჯია გაწეული არაენერგეტიკული მიზნებისათვის (8,5%) და კიდევ უფრო მეტი (18%) დანარჩენი დარგებისათვის – შინამეურნეობებში, საზოგადოებრივ-ადმინისტრაციული და კომერციული ორგანიზაციები, სოფლის მეურნეობაში და სხვა. ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, საქართველოს მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის 82,5% მიღებულია იმპორტის გზით, ხოლო 3,5% ადგილობრივი წარმოებისაა. ეს არის 40,2 მლნ კბმ, ანუ 1384 ტერაჯოული ბუნებრივი გაზი. რესურსების დარჩენილი ნაწილი (14%) მოდის მარაგის შექმნაზე და სტატისტიკურ სხვაობაზე. ეს უკანასკნელი განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ბუნებრივი გაზის მოხმარების მაჩვენებელი გარკვეულწილად (20%) აღემატება შესაბამისი საწარმოო-ორგანიზაციების (როგორც მწარმოებელი, ისე იმპორტიორი) მიერ დეკლარირებული რესურსის საერთო რაოდენობას. ეს კი დარგში აღურიცხავი ეკონომიკის მაღალ მაჩვენებელზე მიგვანიშნებს.
#1 ცხრილიდან ჩანს აგრეთვე, რომ ბუნებრივი გაზის დანაკარგები შეადგენს 222,3 მლნ კბმ-ს, ანუ 7646 ტერაჯოულს, რაც საერთო მოხმარების 19,2%-ია. ბუნებრივი გაზის ასეთი მაღალი დანაკარგები გამოწვეულია გაზმომარაგების ქსელის გაუმართაობის, მომხმარებლების მიერ დახარჯული საწვავის არასრული აღრიცხვის, მრიცხველების დაუმონტაჟებლობის და დამონტაჟებული მრიცხველების უზუსტობის, დატაცების და სხვა მიზეზებით.
2001 წლის ენერგეტიკული ბალანსი გვიჩვენებს, რომ საქართველოში ბუნებრივი გაზის წილი გაცილებით მაღალია მოხმარების ნაწილში, ვიდრე ენერგიის წარმოების მთლიან რაოდენობაში. როგორც უკვე ითქვა, ენერგიის მთლიან მოხმარებაში გაზის ხვედრითი წონა 25,8%-ია, მაშინ, როცა წარმოებაში მისი წილი მხოლოდ 1,44%-ია.
შესაბამისად, მაღალია ბუნებრივი გაზის ხვედრითი წონა იმპორტირებული ენერგიის საერთო რაოდენობაში, (60,3%) და ამ მხრივ მას პირველი ადგილი უჭირავს;
მეორე ადგილზეა ნავთობპროდუქტები. შემოტანილი ბუნებრივი გაზის 46,1% დაიხარჯა (441,2 მლნ კბმ) ენერგიის ტრანსფორმაციაზე ელექტროენერგიის წარმოებაში, ხოლო 9,2% (88,1 მლნ კუბ.მ) – მრეწველობაში. სამწუხაროდ, ბუნებრივი გაზის დანაკარგები პროცენტებში თითქმის ორჯერ მეტია ელექტროენერგიის დანაკარგებთან შედარებით, რაც ისედაც მაღალია. 2001 წელს გაზის მილსადენებში და ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში შესაბამისად დაიკარგა 7646 და 3042 ტერაჯოული ენერგია, რომელიც ენერგიის მთლიან რაოდენობაში შესაბამისად 22,5 და 11,7 პროცენტს შეადგენს. შემოტანილი ბუნებრივი გაზის მხოლოდ 42,5% მიდის საბოლოო მოხმარებაზე, დანარჩენი კი იხარჯება სამრეწველო მოხმარებაზე, ტრანსფორმაციასა და დანაკარგებზე. ეს კი ენერგიის საბოლოო მოხმარების მთლიან რაოდენობაში 12,3%-ია.[5]
წარმოების სექტორში დაიხარჯა 86,6 მლნ კბმ გაზი, ანუ 2979 ტერაჯოული. მრეწველობის დარგებში კი ეს ხარჯი ასე ნაწილდება: საკვების, სასმელისა და თამბაქოს დამზადებაზე – 10,3 მლნ კბმ (355 ტერაჯოული), ანუ 11,9%, ქსოვილებისა და ტყავის წარმოებაზე – 326 ათასი კბმ (11 ტერაჯოული), ანუ 0,4%; ქიმიურ და ნავთობქიმიურ წარმოებაში – 1,2 მლნ კბმ (42 ტერაჯოული), ანუ 1,4%; არალითონური მინერალური პროდუქტების წარმოებაში – 68,4 მლნ კბმ (2353 ტერაჯოული), ანუ 79% და ა.შ.
რაც შეეხება ტრანსპორტის სექტორს, აქ სულ მოხმარებულია 13,2 მლნ კბმ (455 ტერაჯოული) ბუნებრივი გაზი, საიდანაც 8,4 მლნ კბმ (289 ტერაჯოული), ანუ 63,6% დაიხარჯა საგზაო ტრანსპორტზე და 4,8 მლნ კბმ (166 ტერაჯოული), ანუ 36,4% – მილსადენებზე. არაენერგეტიკული მიზნებისათვის დახარჯულია 98,5 მლნ კბმ (3387 ტერაჯოული) ბუნებრივი გაზი. იგი საერთო მოხმარების 8,5% შეადგენს. ეკონომიკის დანარჩენ სექტორებში მოხმარებულია 208,1 მლნ კბმ (7157 ტერაჯოული), ანუ მთლიანი მოხმარების 18%. ეს ნაწილდება ისეთ მნიშვნელოვანდარგებზე, როგორიცაა შინამეურნეობები (77,8%), საზოგადოებრივ-ადმინისტრაციული და კომერციული ორგანიზაციები, შესაბამისად 0,6% და 14,8%.
ცხადია, ზემოთ მოტანილი მონაცემები მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს. საკმარისია ითქვას, რომ 2000-2006 წლებში საქართველოში გაზის მიწოდება 1,57-ჯერ გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 1881 მლნ.კუბ.მ-ს მიაღწია. 2007 წელს კი მოსალოდნელია ამ ციფრის თითქმის 2,0 მლრდ-მდე გაზარდა.
საბჭოთა წლებში კრებსითი ენერგეტიკული ბალანსი ხუთ წელიწადში ერთხელ კეთდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი იგი ჯერაც არ გაკეთებულა, რაც სტატისტიკის ორგანოებისათვის მნიშვნელოვან ნაკლად უნდა ჩაითვალოს. აუცილებელია სტატისტიკის დეპარტამენტმა აღადგინოს ენერგეტიკული ბალანსის შედგენის პრაქტიკა. იგი უნდა კეთდებოდეს ყოველწლიურად, ამასთან რეგიონულ ჭრილშიც და მსხვილი საწარმოების დონეზეც.
აღნიშნული ხარვეზის შევსების ერთ-ერთ მცდელობად შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2007 წელს გამოცემული მონოგრაფია საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი. მასში გაანალიზებულია საქართველოში სათბობ-ენერგეტიკული რესურსების, მათ შორის ბუნებრივი გაზის წარმოება-მოხმარების კრებსითი მაჩვენებლები ექსპერტულ შეფასებაზე დაყრდნობით; მაგრამ იგი ეფუძნება ოფიციალურ მონაცემებს. დასახელებული გამოკვლევების თანახმად, საქართველოში ბუნებრივი გაზის მონაწილეობა ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკულ ბალანსში შემდეგნაირად წარმოგვიდგება(იხ. ცხრილი #2).
როგორც #2 ცხრილიდან ჩანს, 2001-2005 წლებში საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა 58,6%-ით, მაშინ, როცა მთლიანად ენერგო რესურსების მოხმარების მატება უფრო ნაკლები ტემპით (26,0%-ით) აღინიშნა. ყოველივე ამან კი განაპირობა ბუნებრივი გაზის წილის ამაღლება სათბობ-ენერგეტიკულ ბალანსში 9 პროცენტული პუნქტით (34,9-დან 43,9 პროცენტამდე).
ცალკეული დარგებიდან ბუნებრივი გაზის მსხვილ მომხმარებლად ითვლება მძიმე მრეწველობა (ენერგეტიკა, მეტალურგია, ქიმია), თუმცა დღევანდელ პირობებში საქართველოში ასეთად მხოლოდ ელექტროენერგეტიკა სახელდება. ამის გამო გაზის პიკური მოხმარება ძირითადად შემოდგომა-ზამთრის სეზონზე მოდის. როგორც გამოკვლევამ გვიჩვენა, 2005 წელს ბუნებრივი გაზის რესურსულმა ბალანსმა 1174 ათასი ტ.პ.ს. შეადგინა – 1455,7 მლნ კბმ, რომელშიც ადგილობრივი წარმოების წილი მხოლოდ 12 ათასი ტპს შემოიფარგლა. ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი ენერგიის გარდაქმნას დასჭირდა – 185 ათასი ტპს.
მრეწველობის წილმა ამ წლის მოხმარებაში 143 ათასი ტონა, ანუ საერთო მოხმარების 13,3% შეადგინა. რაც შეეხება მოსახლეობას, აქ გაზის წლიური ხარჯი 196 ათასი ტ.პ.ს. დონეზე დაფიქსირდა. ერთ-ერთ მსხვილ გაზმომხმარებლად გვევლინება რუსთავის აზოტოვანი სასუქების წარმოება, რომელიც ბუნებრივ გაზს იყენებს როგორც ნედლეულის – ამიაკის წარმოებისთვის.
ცხრილში #3 მოცემულია 2001-2005 წლებში ბუნებრივი გაზის მოხმარების დინამიკა რეგიონებში, რომელიც შედგენილია ზემოთ აღნიშნული ექსპერტული შეფასებით. როგორც ამ ცხრილიდან ჩანს, ქვეყნის ყველა რეგიონში ბუნებრივი გაზის მოხმარებას გამოკვეთილი ზრდის ტენდენცია აქვს. აქ გამონაკლისს შეადგენს სამეგრელოს რეგიონი, სადაც გაზის მიწოდებაში 2002-2005 წლებში აღინიშნა შეფერხებები, რომელიც ამჟამად აღმოფხვრილია. შედარებით გვიან – 2003 წლიდან ბუნებრივი გაზი მიეწოდება გურიასა და აჭარას. მთელ საქართველოში გაზის მოხმარება თავის პიკს აღწევს შემოდგომა-ზამთარში. მაგალითად, 2005 წლის მონაცემებით, გამოკვეთილია გაზის მოხმარების სეზონური სურათი. კერძოდ, 2005 წელს I კვარტალში მოხმარებულია წლიური ხარჯის 44,5%, ხოლო IV-ში – 29%, რაც მიუთითებს მოხმარების ღრმა სეზონურობაზე.
ცხრილიდან ირკვევა, რომ გაზის უმსხვილესი მომხმარებელთა კატეგორიას წარმოადგენს ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც განლაგებულია ელექტროენერგიის გენერაციის საშუალებები (გარდაბანი), ხოლო მეორე მსხვილი გაზმომხმარებელია ქ. თბილისი, რომლის მოხმარების მოცულობა 2001-2005 წლებში 180,4 მლნ მ3-დან 422,3 მლნ მ3-მდე გაიზარდა (2,34-ჯერ). რაც შეეხება მსხვილ ენერგეტიკულ მომხმარებელს, მისი მოხმარების მოცულობები იმავე პერიოდში გაიზარდა მხოლოდ 11,5%-ით, რაც მიუთითებს თბოელექტროსადგურების სიმძლავრეების გამოუყენებლობაზე. გაზის მოხმარება სხვა რეგიონებში საგრძნობლად მცირეა. მსხვილ ქალაქებში და რეგიონებში ბუნებრივი გაზის წლიური მოხმარება შედარებით სწრაფად იზრდება. 2006 წლის მონაცემებით თბილისში, სადაც მთავარი წარმომადგენელი ყაზტრანსგაზ თბილისია იგი 0,5 მლრდ კბ მ-ს უახლოვდება, ქუთაისში (ქუთაისგაზი), მან უკვე მიაღწია 21 მლნ-ს, რუსთავში (რუსთავგაზი და რუსთავცემენტი) – 100 მლნ-ს, აჭარაში (აჭარაბუნებრივი აირი) – 4 მლნ-ს, გორში (გორიგაზი) – 13 მლნ კბმ-ს და ა.შ. სამწუხაროდ, ბუნებრივი გაზის ქსელის განვითარება მნიშვნელოვნად არის შეზღუდული და რეგიონში შემავალი რაიონების არც თუ მცირე ნაწილს არ გააჩნია გაზის მიღების შესაძლებლობა. განსაკუთრებით დაბალია გაზიფიკაციის დონე დასავლეთ საქართველოში, მესხეთ-ჯავახეთში, ხოლო აფხაზეთში გაზი საერთოდ არ მიეწოდება. რამდენადაც ჯერჯერობით საქართველოს არ გააჩნია საკუთარი გაზი, ამდენად ორიენტაცია ჯერჯერობით იმპორტზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გაზის მოწოდების დივერსიფიკაციას, ახალი მარშუტების მოძიებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.
ჩატარებული ანალიზი თვალნათლივ აჩვენებს, რომ ბუნებრივი გაზის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და მისი მოხმარების გაფართოებას ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მასზე დიდადაა დამოკიდებული როგორც ეკონიმიკის აღმავლობის ტემპი, ისე საყოფაცხოვრებო სექტორის გაზიფიცირებაც და მას სოციალური დატვირთვაც აკისრია. ყოველივე ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მიუხედავად გაზის იმპორტთან დაკავშირებული პრობლემებისა (კონიუნქტურული, პოლიტიკური, სოციალური და სხვა), მისი გამოყენების გაფართოება შეუქცევადი პროცესია.

1

2

3

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial