რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი

მოგესალმებით ჩვენო ერთგულო მკითხველო! ზაფხულის ტურისტული ციებ-ცხელების შემდეგ სექტემბერში სამსჯელო ბევრი დაგვიგროვდა და ალბათ, არ იქნება გასაკვირი, ეკონომიკაზე მსჯელობას, ისევ ტურიზმით თუ დავიწყებთ. სექტემბერში საქართველოში იმყოფებოდნენ ცნობილი ამერიკელი ექსპერტები, რომლებიც აშშ-ის საელჩოს ახალი ატაშეს დახმარებით ქართველ ბიზნესმენებს და სპეციალისტებს შეხვდნენ.

ამ შეხვედრაზე გააანალიზეს მსოფლიო გამოცდილებისა და საქართველოში ამ სფეროში არსებული პრობლემები. ამასთან საქართველომ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მოეწყო. ამ კონფერენციაზე განიხილეს საერთაშორისო ექსპერტების მიერ საქართველოს დასახმარებლად გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. ამ საკითხებზე მსჯელობით ვხსნით საშემოდგომო დებატებს (იხ. გვ.20).
ევროპული ბაზრის გასაღების ძიება დღეს ჩვენი ეკონომიკისა და ბიზნესის მესვეურთა უპირველესი ამოცანაა. საინტერესოდ მივიჩნიეთ ამ ბაზარში პოლონური ხიდი. პოლონეთი საერთაშორისო პროექტის – ევრაზიის ახალი მილსადენის მიხედვით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ხდება. კრაკოვის სამიტის შემდგომ პოლონეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და ლიტვის ენერგეტიკის მესვეურები ჯერ 26 სექტემბერს თბილისში შეიკრიბნენ ბაქო-თბილისი-ფოთი-ოდესა-ბროდი-პლოცკის მილსადენის მშენებლობის დეტალების განსახილველად და კონსორციუმის შესაქმნელად, ხოლო 10 ოქტომბერს ვილნიუსში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებმა ენერგეტიკულ ქარტიას მოაწერეს ხელი. გთავაზობთ ამ პროექტის დეტალებზე მსჯელობას (იხ. გვ.27).
ქართული ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დანიასა და ფინეთში მნიშვნელოვანი ბიზნეს-ფორუმები შედგა, რაც მიზნად ისახავს ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე შეღწევას და ასევე პოლონეთის მეწარმეთა გაერთიანებამ და ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვიტეს 14-17 ნოემბერს საქართველოში მოაწყონ ბიზნეს-ფორუმი და გამოფენა. ამასთან პოლონეთში ბევრი მნიშვნებლოვანი გამოცდილება დაგროვდა ექსპორტის გეოგრაფიის შეცვლისა და ევროპელებთან მუშაობის თვალსაზრისით. ვფიქრობთ, ამ მეტად მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება ჩვენი ბიზნესისათვის.
გთავაზობთ გამოფენაში მონაწილე ფირმების შესახებ ვრცელ ინფორმაციას და მიგვაჩნია, რომ ჩვენი მეწარმეებიც მომზადებულები შეხვდებიან ამ ფორუმს (იხ. გვ.18).
ჩვენი სიტყვების ნათელსაყოფად გთავაზობთ პოლონეთის ეკონომიკის მიმოხილვას, რათა დავრწმუნდეთ მათ წარმატებებში (იხ. გვ.8).
დიდი მამულიშვილის ილიას დაბადებიდან 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გთავაზობთ პროფესორ პაატა კოღუაშვილის სტატიას “ილია ჭავჭავაძე სოფლის მეურნეობის შესახებ” (იხ. გვ.41).
გთავაზობთ დისკუსიას საქართველოში თავისუფალი ზონების ფორმირებისა და ავიაგადაზიდვების, ლოჯისტიკისა და მართვის თავისებურებების შესახებ. ჩვენი სპეციალისტების თვალსაზრისით, ამ დარგში ბევრი გაკეთდა, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე მომხდარი ცვლილებები გვაფიქრებინებს, რომ კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდეთ ამ თემას. ასევე აგროსექტორში დაგროვილ პრობლემებზე გვინდა განვაახლოთ მსჯელობა და არა მარტო იმიტომ, რომ ახლა რთველია, არამედ ამ დარგში მოხდარი ცვლილებების კონცეპტუალურად გასააზრებლად და საინვესტიციო კლიმატის თავისებურების წარმოსაჩენად.
ტრადიციულად გთავაზობთ საერთაშორისო ბაზრის მიმოხილვას, სადაც მეტად საინტერესო ცვლილებები მიმდინარეობს და ასევე სამეცნიერო ნაშრომებს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial