პროფესიული განათლება – ბაზრის შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებით უმუშევრობასთან ბრძოლა

მაკა ღანიაშვილი

საქართველოში წელს სკოლა დაახლოებით 62,000 ახალგაზრდამ დაამთავრა. მათგან აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება მხოლოდ 15,444-მა შეძლო, მაშინ როცა უმაღლესში ჩაბარების მსურველი დაახლოებით, 39,000 აბიტურიენტი იყო. მშობლები და მოზარდები გაურკვეველ ვითარებაში არიან – რას სთავაზობენ მათ არააკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები და ექნება თუ არა ასეთი სასწავლებლის მიერ გაცემულ დიპლომს ძალა? გაურკვევლობის მიუხედავად, ზოგ მშობელს არააკრედიტებულ სასწავლებელში შეყავს შვილი, ზოგი მომავალ წელს კიდევ ერთ შანსს ელის უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად, თუმცა არსებობს კიდევ ერთი გზაც – პროფესიული განათლება.
23 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ფრანჩესკო ფრანჯიალიმ თბილისში ტურიზმის პროფესიული სწავლების ცენტრი “იკაროსი” გახსნეს. ცენტრი ქართულ-ბერძნული პარტნიორობის ფარგლებში დაარსდა და ყოველწლიურად 400-მდე სტუდენტს მოამზადებს. უკვე დასაქმებული ან გარკვეული გამოცდილების მქონე სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად შემუშავებულია 15-კვირიანი პროგრამები. ასევე არის ერთწლიანი პროგრამები, რომელთა საშუალებითაც მომზადდებიან ბარმენები, მიმტანები, სასტუმროების რეზერვაციის აგენტები და სხვა სახის სპეციალისტები.
მანამდე – 11 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილმა დაბა კაჭრეთში გახსნა პროფესიული სწავლების კიდევ ერთი ცენტრი, რომელიც წელიწადში მოამზადებს 400-მდე სტუდენტს სოფლის მეურნეობის, პურ-პროდუქტების წარმოების და ავტომანქანების შეკეთების სპეციალობით.
ამჟამად საქართველოში 11 პროფესიული სწავლების ცენტრი (ცხრილი 1) და დაახლოებით 65 პროფესიული სასწავლებელია.
კანონი “პროფესიული განათლების შესახებ” ძალაში 2007 წლის 28 მარტს შევიდა. არსებული საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოში საფუძველი ეყრება უმაღლესი განათლების ორ პარალელურ შტოს – აკადემიურსა და პროფესიულს. პროფესიული განათლება ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი ხდება. წელს აბიტურიენტებს არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცათ – ისწავლონ ოთხწლიან საბაკალავრო პროგრამებზე და დაიწყონ მომზადება მომავალი სამეცნიერო-აკადემიური კარიერისათვის, ან გაიარონ სწავლება პროფესიულ უმაღლეს დიპლომზე და შედარებით მოკლევადიანი (2-3 წელი) პროგრამის დასრულების შემდეგ მიაშურონ შრომის ბაზარს, როგორც უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტებმა. საერთაშორისო ტენდენციის მიხედვით ყველა იმ ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემებში, რომელთა ეკონომიკები წარმატებით ვითარდება, იზრდება სასწავლებელთა ტიპები, სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება სასწავლო პროგრამები დანიშნულებისა და შინაარსის მიხედვით, იზრდება ასევე პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და მათში ჩართულ სტუდენტთა რაოდენობა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოში პროფესიული სწავლება ბოლო წლებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. იმ მოსწავლე-ახალგაზრდობის რიცხვი, რომელიც პროფესიულ სასწავლებელში განაგრძობს სწავლას ძალიან დაბალია, მაშინ როცა, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში, ავსტრიასა და სკანდინავიაში ანალოგიური მაჩვენებელი 70%-ს აღწევს.
პროფესიული განათლების მისაღებად სახელმწიფო ქმნის პროფესიული განათლების სისტემას, რომელიც ეფუძნება პროფესიული სწავლების ცენტრებსა და კოლეჯებს. პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, ტრენერების მომზადებაზე, სასწავლო მასალების შექმნასა და სასწავლო პროცესების წარმართვაზე 2 წლის განმავლობაში 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. “პროფესიული განათლების კონცეფცია” საქართველოს მთავრობამ 2005 წლის 31 აგვისტოს #150 დადგენილებით დაამტკიცა. ახალმა კანონმა ხელი უნდა შეუწყოს პროფესიული განათლების სისტემის მისადაგებას სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. პროფესიული განათლების მიზნებია:
მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება;
შრომის ბაზრის უზრუნველყოფა კვალიფიციური კადრებით;
დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით;
პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა;
პროფესიული განათლების მისადაგება ადგილობრივ მოთხოვნებთან;
რეგიონული განვითარების მიმდინარე და პერსპექტიული მოთხოვნების გათვალისწინებით პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის შექმნა;
პროფესიული განათლების დაფინანსებაში კერძო სექტორის მონაწილეობის ხელშეწყობა.
სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობა პროფესიული განათლების სფეროში მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების შექმნის მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო მომსახურების კავშირს ეკონომიკასთან, განსაზღვრავს კვალიფიკაციაზე, კომპეტენციასა და უნარ-ჩვევებზე შრომის ბაზრის მოთხოვნისა და მიწოდების ბალანსს. სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის ფარგლებში დამსაქმებლები და მათი ორგანიზაციები მონაწილეობენ:
პროფესიული განათლების ეროვნული პოლიტიკის შექმნასა და ამ სფეროში გადაწყვეტილებების მიღებაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნების, პროფესიული და საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავებაში;
სამუშაო ადგილზე სწავლების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში;
საგანმანათლებლო პროგრამების შედგენასა და სასწავლებლების მართვაში.
საქართველოში პროფესიული განათლება ორ მიმართულებად იყოფა: სახელობო პროფესიული განათლება და პროფესიული უმაღლესი განათლება. ფორმალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო პრაქტიკას და საწარმოო პრაქტიკას.
სახელობო პროფესიული განათლება ითვალისწინებს სპეციალისტ-პრაქტიკოსების მომზადებას პროფესიათა ფართო სპექტრში. ამგვარი პროფესიული მომზადების მიღება შეიძლება საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების საფუძველზე, კურსდამთავრებულს გადაეცემა მისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული სერთიფიკატი. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა არ აღემატება 2 წელს. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაიცემა სახელობო განათლების დამადასტურებელი სპეციალისტის სერტიფიკატი.
პროფესიული უმაღლესი განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ სრული ზოგადი (12 წელი) განათლების მიღების საფუძველზე. აუცილებელია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დადგენილი მინიმუმის წარმატებით ჩაბარება. პროფესიული უმაღლესი პროგრამის კურსდამთავრებულს გადაეცემა პროფესიული უმაღლესი განათლების დიპლომი. პროფესიული უმაღლესი განათლების დიპლომი სრულ შესაძლებლობას აძლევს პიროვნებას შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილება როგორც სწავლის პროცესში, ასევე მისი დასრულების შემდეგ. მას ექნება უფლება გადავიდეს საბაკალავრო პროგრამიდან პროფესიულ უმაღლეს (სადიპლომო) საგანმანათლებლო პროგრამაზე, ან პირიქით.
კანონი “პროფესიული განათლების შესახებ” შესაბამისი სასწავლო პროგრამების გავლის გარდა, სპეციალისტისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ალტერნატიულ შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. შემოდის არაფორმალური პროფესიული განათლების ცნება, რომელიც გულისხმობს პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების დაუფლებას სპეციალური სასწავლო დაწესებულების და სტრუქტურირებული სწავლების მიღმა. არაფორმალური განათლების მიღება არ ხდება აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად და არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას. ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების სწრაფი განვითარების პირობებში, ზოგიერთ პროფესიებში სპეციალისტის მომზადება შეიძლება მოხდეს ისეთი არატრადიციული გზებითაც, როგორიცაა, მაგალითად, ელექტრონული ან დისტანციური სწავლება, ანუ სწავლება კომპიუტერული ინფორმაციული ქსელების მეშვეობით. ასეთი შემთხვევებისათვის გათვალისწინებულია ატესტაციის განმახორციელებელი ორგანოების შექმნა, რომლებიც თითოეულ მაძიებელს, მიუხედავად იმისა, გაიარა თუ არა მან შესაბამისი ფორმალური სწავლების პროგრამა, მიანიჭებენ სასურველ კვალიფიკაციას. რასაკვირველია, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი პირი თავს წარმატებით გაართმევს სათანადო პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შემაფასებელ ტესტირებას. არაფორმალური განათლების მიზანია პროფესიის ათვისება, პროფესიული გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება. ატესტაცია მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მქონე პირის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმებას, უცხო ქვეყანაში მიღებული პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის აღიარებას, საქართველოში მიღებული ფორმალური პროფესიული განათლების შეფასებას და შესაბამისი კვალიფიკაციის დადასტურებას.
კანონის ეს მუხლი არ ეხება მაღალი რისკის შემცველ ისეთ პროფესიებს, რომლებიც შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას, პიროვნების განვითარებას და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. მსგავს პროფესიებს სახელმწიფო გამოყოფს რეგულირებადი პროფესიების სახით. რეგულირებადი პროფესიები დაკავშირებულია საზოგადოების უსაფრთხოებასა და ადამიანის ჯანმრთელობასთან. მაგალითად, ამწის მემანქანე, ელექტრომონტიორი, სხვადასხვა კატეგორიის შემდუღებლები (ელექტროაირშემდუღებელი, ლაზერული დანადგარებით შემდუღებელი), საავიაციო ტექნიკის ამწყობი და შემკეთებელი ზეინკლები, საზღვაო პროფესიები – მეზღვაური, დოკერი, გემის მემანქანე, ბოცმანი და სხვა. ამ შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის აღიარება ორი ისეთი პირობის ერთდროულად დაცვის შემთხვევაში მოხდება, როგორიცაა ფორმალური პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამის გავლა და სათანადო ტესტირების წარმატებით ჩაბარება.
პროფესიული სასწავლებლის ცენტრის მასწავლებელი შეიძლება იყოს სათანადო უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელმაც გაიარა შესაბამისი სახელობო განათლების მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა. სახელობო განათლების ინტრუქტორი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მას გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სახელობო განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა.
დაფინანსება:
პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოებია საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ეროვნული პროფესიული სააგენტო, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
პროფესიული განათლების დაფინანსებას ახორციელებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. პროფესიული განათლება შეიძლება დააფინანსონ კერძო პირებმაც. პროფესიული სწავლების ცენტრს უფლება არა აქვს დააწესოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ იმ ოდენობაზე მეტი საფასური, რომელსაც სახელმწიფო სრულად დაფარავს ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერით.
დიდი ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს შრომითი რესურსების კვალიფიკაციათა განსაზღვრის საკითხს. იგი ითვალისწინებს ეროვნული პროფესიული სააგენტოს შექმნას, რომლის ფუნქციათა შორის უპირველესი იქნება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ჩამოყალიბება. ჩარჩოში აღწერილი იქნება მოცემული მომენტისთვის ქვეყანაში აღიარებული ყველა პროფესია, შესაბამისი უნარ-ჩვევების, კომპეტენციისა და საკვალიფიკაციო დონის ჩვენებით. სახელმწიფო ინვესტიციებს გამოყოფს სპეციალისტების მომზადებისათვის მხოლოდ საკვალიფიკაციო ჩარჩოში შეტანილი პროფესიების მიხედვით, თუმცა კერძო ინიციატივების დონეზე დასაშვები იქნება სწავლება იმ პროფესიებშიც, რომლებიც არ არიან, ან ჯერ არ არიან შეტანილი საკვალიფიკაციო ჩარჩოში. ამასთან ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს უფლება აქვს მიმართოს ეროვნულ პროფესიულ სააგენტოს კვალიფიკაციათა ჩარჩოში ახალი პროფესიების ჩართვის ინიციატივით.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial