ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

რედაქციისაგან

ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისთვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ. სკეპტიკოსები აცხადებდნენ, რომ ყველა ქართული კომპანია მოქმედი განსხვავებული საგადასახადო სისტემის გამო ამ ზონაში მოინდომებდა საქმიანობას, მაგრამ კანონის მუხლი 9-ის ქვეპუნქტი 2 ითვალისწინებს შემდეგს: თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია მხოლოდ ის საწარმოები, რომლებსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით მინიჭებული აქვთ საერთაშორისო საწარმოს სტატუსი.

თავისუფალი ზონის შესაქმნელად გამოყოფილი ტერიტორია 400 ჰექტარია, რომელიც ნავსადგურს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება და შავი ზღვის სანაპიროს მიუყვება. ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განაცხადი 11 კომპანიამ წარადგინა, გამარჯვებულს ფოთის ნავსადგური სავარაუდოდ 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.
საქართველოს კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს კანონი ადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნისა და ლიკვიდაციის წესს, განსაზღვრავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მართვისა და ამ ზონების ფარგლებში მმართველობისა და მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესს, ადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებისათვის დამატებით პირობებს, საგადასახადო შეღავათებსა და ამ ზონების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. ამ კანონის მიზანია, შეიქმნას მიმზიდველი გარემო ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხელი შეეწყოს კაპიტალისა და ტექნოლოგიების შემოსვლას საქართველოში.
ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განაცხადი 11 კომპანიამ წარადგინა:
RAK Investment Authority (გაერთიანებული საემიროები);
ZIM PORTS (ისრაელი);
International Container Terminal Services (ფილიპინები);
D P and Jafza (გაერთიანებული საემიროები);
თურქეთის ექსპორტიორთა კავშირის კოორდინებით შექმნილი კონსორციუმი (თურქეთი);
ASHTROM International Silk Road Group (ისრაელი);
CMA CGM (საფრანგეთი);
Mark Worldwide (კორეა);
Hamburger hafen – Und Logistic Aktiengesellschaft (გერმანია);
Hutchison Westports (დიდი ბრიტანეთი);
ZER International holding (თურქეთი).
ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ თითოეულ კომპანიას შეისწავლიან და გადაწყვეტილებას აუჩქარებლად მიიღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ სიმპატიები გაერთიანებული საემიროების მხარეს იხრება, რადგან მათ ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვთ.
საკონკურსო პირობების თანახმად, ინვესტორი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა პასუხისმგებელი, მან უნდა შეიმუშაოს შესაბამისი პროცედურები და წესები, აგრეთვე მართოს ზონა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მოიზიდოს ინვესტიციები, რათა ნავსადგურში გაიზარდოს ტვირთნაკადების მოცულობა. ფოთის ნავსადგურს შეუძლია წლიურად 25 მლნ ტონამდე ტვირთი მოიზიდოს და მოემსახუროს.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის ნაირსახეობაა, სადაც დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები მოქმედებს. კანონი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საბრძოლო იარაღის წარმოებასა და ვაჭრობას, ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოებას და ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობას კრძალავს, იგივე ეხება ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებსაც.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial