კლასტერიზაციის თეორიული საფუძვლები და მათი დანერგვის წინაპირობები საქართველოში

ევგენი ბარათაშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქ. ტექნიკ. უნივერს. სრული პროფესორი; ნოდარ ძიძიკაშვილი, სტრატეგიული დაგეგმვის ექსპერტი. ნანა ნადარეიშვილი, გეოგრაფიის დოქტორი, საქ. ტექნ. უნივერს ასოცირებული პროფესორი; ჯანდრი ზარანდია, ეკონომიკის დო

აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (გრანტი # GNSF/შთ06/2-067). წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს.
გაგრძელება, დასაწყისი იხ. წინა ნომერში

კლასტერებში ყველა სარგებელი და უპირატესობა ვრცელდება კავშირის ყველა მიმართულებით:
– სხვა დარგებიდან მოსული ახალი მწარმოებლები აჩქარებენ თავიანთ განვითარებას, სტიმულს აძლევენ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს და უზრუნველყოფენ საჭირო სახსრებით ახალი სტრატეგიების დანერგვას;
– ხდება ინფორმაციების თავისუფალი გაცვლა და სიახლეების სწრაფად გავრცელება მიმწოდებელთა ან მომხმარებელთა არხებით, რომლებსაც მრავალ კონკურენტთან კონტაქტები გააჩნია;
– კლასტერის შიგნით ურთიერთკავშირები ხშირად აბსოლუტურად მოულოდნელია, ისინი ავლენენ კონკურენტუნარიანობის ახალ გზებს და სახავენ სრულიად ახალ შესაძლებლობებს;
– ადამიანური რესურსები და იდეები წარმოშობენ ახალ კომბინაციებს.
კლასტერებზე საუბრის დროს, შეიძლება გამოვყოთ ერთმანეთის შემავსებელი 2 სტრატეგია:
– სტრატეგიები, რომლებიც მიმართულია არსებულ კლასტერებში ცოდნის გამოყენების ამაღლებაზე;
– სტრატეგიები, რომლებიც მიმართულია კლასტერების შიგნით თანამშრომლობის ახალი ქსელების შექმნაზე.
დროთა განმავლობაში ეფექტურად მოქმედი კლასტერები ხდებიან მსხვილი კაპიტალდაბანდებების და მთავრობის დაძაბული ყურადღების მიზეზი, ანუ კლასტერი გვევლინება რაღაც უფრო დიდ და მნიშვნელოვნად, ვიდრე ცალკეული მისი ნაწილების მარტივი ჯამი. კლასტერის ცენტრად ყველაზე ხშირად გვევლინება რამდენიმე მძლავრი კომპანია, ამასთან, მათ შორის შენარჩუნებულია კონკურეტული ურთიერთობები. ამით კლასტერი განსხვავდება კარტელისგან ან ფინანსური ჯგუფისგან. კონკურენტების, მათი მყიდველებისა და მიმწოდებლების კონცენტრაცია ხელს უწყობს წარმოების ეფექტურ სპეციალიზაციას. ამასთან, კლასტერი აძლევს სამუშაოს მრავალრიცხოვან მცირე ფირმებს და პატარა საწარმოებს. გარდა ამისა, ორგანიზაციის კლასტერულ მიდგომას მივყავართ ინოვაციის განსაკუთრებულ ფორმასთან – “ერთობლივ ინოვაციურ პროდუქტთან”. ვერტიკალური ინტეგრაციის საფუძველზე ორგანიზაციების კლასტერში გაერთიანება თავის მხრივ აყალიბებს სხვადასხვაგვარი სამეცნიერო და ტექნოლოგიური გამოგონებების არა “სპონტანურ” კონცენტრაციას, არამედ ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელების გარკვეულ სისტემას. ამასთან, გამოგონებების ინოვაციაში გადასვლის, ხოლო ინოვაციების კონკურენტულ უპირატესობაში ეფექტური ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს კლასტერის ყველა მონაწილეს შორის მდგრადი, დამაკავშირებელი ქსელის ფორმირება.
ამგვარად, თანამშრომლობა სულ უფრო აუცილებელი ხდება, მაგრამ ის თავის თავში ატარებს გარკვეულ საფრთხეს – დამოუკიდებლობის დაკარგვის შესაძლებლობას (ბაზარზე სათანადოდ მოქცევის, ახალი ტექნოლოგიებისა და ა.შ. ათვისება).
აი ამიტომ გახდა რიგ ქვეყნებში ასეთი მნიშვნელოვანი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ეფექტური “კლასტერული სტრატეგიები”, რომლებიც დაშენებულნი არიან საქმიანი აქტივობის ცენტრებზე და მათ უკვე დაამტკიცეს თავიანთი ძალა და კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე. ბევრი ქვეყნის მთავრობები ძალისხმევას არ იშურებენ არსებული კლასტერების მხარდაჭერისთვის და ახალ კომპანიათა ქსელის შექმნისთვის, რომლებიც ადრე ერთმანეთთან არ თანამშრომლობდნენ. ამ დროს, სახელმწიფო არა მარტო ხელს უწყობს კლასტერების ფორმირებას, არამედ თვითონაც ხდება ამ ქსელის მონაწილე.
კლასტერული სტრატეგიები ფართოდ გამოიყენება ყველა განვითარებულ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ქვეყნებში.
1995 წლიდან მოქმედებს პროგრამა ბიოტექნოლოგიური კლასტერის “Bio Regio�-ს შესაქმნელად. დიდ ბრიტანეთში მთავრობამ ედინბურგის, ოქსფორდის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის გარშემო განსაზღვრა რაიონები, როგორც ბიოტექნოლოგიური ფირმების ძირითადი განთავსების რეგიონები. ნორვეგიაში მთავრობა სტიმულს აძლევს “საზღვაო მეურნეობის” კლასტერში ფირმებს შორის თანამშრომლობას. ფინეთში განვითარებულია “სატყეო მეურნეობის” კლასტერი, სადაც შედის ხის მერქნის დამზადება და ხე-ტყის პროდუქტების, ქაღალდის, ავეჯის, პოლიგრაფიული და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების წარმოება. მოცემული კლასტერის კომპანიათა მიერ ცოდნის გავრცელებაში მჭიდრო თანამშრომლობა მათთვის უზრუნველყოფს ძირითად სავაჭრო მეტოქეებთან კონკურენტულ უპირატესობას. ექსპერტების შეფასებით, ფინეთი ითვლება ლიდერად როგორც საკვლევი, ისე ტექნოლოგიური კოოპერაცის დონით (ამას მოწმობს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებიც).
ამგვარად, სხვადასხვა მიდგომებს შორის განსხვავების მიუხედავად, ევროპის უმეტესმა ქვეყნებმა თავიანთთვის შეიმუშავეს ესა თუ ის კლასტერული სტრატეგია. ქვეყნები და რეგიონები, რომლებიც ყველაზე აშკარა ფორმით ახორციელებენ ასეთ სტრატეგიას არიან დანია, ნიდერლანდები, ბელგიის ფლამანდიის რაიონი, კვებეკის პროვინცია (კანადა), ფინეთი, ასევე სამხრეთ აფრიკა (ახალი მთავრობის დროს). საფრანგეთი და იტალია შეიძლება გამოდგეს იმ ქვეყნების მაგალითად, სადაც ოდითგანვე გამოიყენება თავისებური კლასტერული სტრატეგია, თუმცა სხვა სახელწოდებით – “საწარმოო რაიონები”.
ამჟამად, ექსპერტების მიერ აღწერილია კლასტერების 7 ძირითადი მახასიათებელი, რომელთა კომბინაციებს ეფუძნება ესა თუ ის კლასტერული თეორია:
გეოგრაფიული: სადაც ეკონომიკური აქტივობის სივრცული კლასტერების ჩამოყალიბება ხდება, ადგილობრივი მნიშვნელობის (მაგალითად, მებაღეობა ნიდერლანდებში) დონიდან დაწყებული, სრულიად გლობალურამდე (აეროკოსმოსური კლასტერი);
ჰორიზონტალური: რამოდენიმე დარგი/სექტორი შეიძლება შევიდეს უფრო მსხვილ კლასტერში (მაგალითად, მეგაკლასტერთა სისტემა ნიდერლანდების ეკონომიკაში);
ვერტიკალური: კლასტერებში შეიძლება შეგვხვდეს საწარმოო პროცესის მომიჯნავე ეტაპები. ამასთან, მნიშვნელოვანია, თუ ქსელის ზუსტად რომელი მონაწილე წარმოადგენს ინიციატორს და ინოვაციის საბოლოო შემსრულებელს კლასტერის ფარგლებში;
ლატერალური: კლასტერში ერთიანდებიან სხვადასხვა სექტორები, რომლებსაც შეუძლიათ მასშტაბურობის ხარჯზე უზრუნველყონ ეკონომია, რასაც თავის მხრივ მივყავართ ახალ კომბინაციამდე (მაგალითად, მულტიმედიურ კლასტერამდე);
ტექნოლოგიური: დარგების ერთობლიობა, რომლებიც იყენებენ ერთი და იმავე ტექნოლოგიებს (როგორიცაა მაგალითად, ბიოტექნოლოგიური კლასტერი);
ფოკუსური: ფირმების კლასტერი, რომლებიც თავმოყრილნი არიან ერთი ცენტრის – საწარმოს, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ან სასწავლო დაწესებულების გარშემო:
ხარისხობრივი: აქ არა მარტო მნიშვნელოვანია ის, რომ ფირმები მართლაც თანამშრომლობენ თუ არა, არამედ ისიც, თუ როგორ ახორციელებენ ამ თანამშრომლობას. ქსელი ყოველთვის ვერ ახდენს ინოვაციების განვითარების სტიმულირებას. არის შემთხვევები, როდესაც ქსელებში, პირიქით, ფერხდება ინოვაციური პროცესები და წახალისებულია დამცავი ქმედებები მონაწილეთა ქცევაში. ურთიერთკავშირებმა მიმწოდებლებთან შეიძლება სტიმული მისცეს ინოვაციურ პროცესებს, მაგრამ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს პარტნიორებზე ხარჯების გარკვეული ნაწილის გადასაწერად და ფინანსურად მათი ინტერესების შესალახად. ბოლო შემთხვევისას ქსელი არ წარმოადგენს არც სტაბილურს და არც სტიმულის მიმცემს.
ამგვარად, კლასტერული მიდგომა, რომელიც დასაწყისში გამოიყენებოდა კონკურენტუნარიანობის პრობლემების საკვლევად, დროთა განმავლობაში გამოყენებულ იქნა სულ უფრო ფართო ამოცანების გადასაწყვეტად, კერძოდ:
– სახელმწიფოს, რეგიონის, დარგის კონკურენტუნარიანობის ანალიზის დროს;
– როგორც საერთო სახელმწიფოებრივი საწარმოო პოლიტიკის საფუძველი;
– რეგიონული განვითარების პროგრამების შემუშავებისას;
– როგორც ინოვაციური საქმიანობის სტიმულირების საფუძველი;
– როგორც დიდი და მცირე ბიზნესის თანამოქმედების საფუძველი.
კლასიკურ მაგალითად მიღებულია სილიკონის ველზე არსებული ტექნოლოგიური კლასტერისა და იტალიაში არსებული ფეხსაცმლის კლასტერის საჩვენებელი განხილვა, რომლის სქემა მოცემულია მ. პორტერის წიგნში[4].
კლასტერი ხასიათდება განსაკუთრებული ინოვაციური გარემოთი, ჰორიზონტალური კავშირების განვითარებით და ფირმებს შორის გაძლიერებული კოოპერაციით, რაც ზრდის კონკურენტუნარიანობას. მცირე ქვეყნები გადაიქცნენ კონკურენტუნარიანობის გაზრდის კლასტერული პოლიტიკის პიონერებად. ამისათვის, მცირე ქვეყნების მთავრობებმა წინასწარ შეისწავლეს მცირე და საშუალო საწარმოების კლასტერიზაციის პრობლემები. ისინი ითვალისწინებდნენ ექსპერტების მოსაზრებებს, იყენებდნენ სპეციალურ ინდიკატორებს, გამოკითხვებს, ვაჭრობის და ინოვაციური საქმიანობის გამოცდილების შესწავლას და სხვა. [8].
კლასტერული პოლიტიკის გატარებისას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია რეგიონულ ხელისუფლებას ან მეწარმეთა ადგილობრივ გაერთიანებებს. ევროპის მცირე ქვეყნების კლასტერების ძირითადი მახასიათებლები:
მეცნიერებატევადი კლასტერები, რომლებიც ძირითადად წარმოადგენენ ტექნოლოგიათა გენერატორებს, ხასიათდებიან დროებითი კოალიციით და კავშირების ორიენტირებულ ბაზარზე თანამშრომლობას ახორციელებენ საკვლევ ინსტიტუტებთან და სახელმწიფო ორგანიზაციებთან;
ტრადიციული კლასტერები, რომლებშიც დომინირებს ფირმებს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა. ადგილობრივი თანამშრომლობა ემყარება ურთიერთქმედებებს ადგილობრივ მომწოდებლებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებთან. საინოვაციო საქმიანობისათვის ძირითადად იყენებენ უკვე არსებულ ტექნოლოგიებს.
ამრიგად, კლასტერიზაცია წარმოადგენს პოსტფორდისტული წარმოების ორგანიზაციის მეთოდს, რომელმაც დომინირება დაიწყო 1970 წლებიდან. სახელმწიფო კლასტერული პოლიტიკა გადაიქცა გადამწყვეტ ინსტრუმენტად ღონისძიებათა საერთო კომპლექსში, რომელიც მიმართულია მცირე ქვეყნების კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის. ქვეყანისთვის მაღალი კონკურენტუნარიანობის მიღწევა და მის შიგნით სივრცული ორიენტაციით წარმოების ახალი ფორმების შექმნა პირდაპირ დაკავშირებულია განათლების დონესთან. კლასტერული პოლიტიკის მეშვეობით კონკურენტუნარიანობის ამაღლების მცირე ევროპული ქვეყნების წარმატებული გამოცდილება დამაჯერებლად ამტკიცებს ამ მიდგომის მაღალეფექტურობას. ამიტომ, კონკურენტუნარიანობის ამაღლების პოლიტიკაში ძლიერი მაღალგანვითარებული სახელმწიფოების გამოცდილება საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის მიზანშეუწონელია. ჩვენი აზრით, საქართველოსათვის გადაუდებელი ამოცანაა სწორედ ევროპის მცირე ქვეყნების და კერძოდ, სკანდინავიური სკოლის და ირლანდიის გამოცდილების საფუძვლიანი შესწავლა და მათი წარმატებული საქმიანობის გონივრული ადაპტაცია საქართველოს არსებული მდგომარეობისა და პერსპექტივების გათვალისწინებით.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში უნდა განვითარდეს ფინანსური, ღვინის, ტურისტულ-საკურორტო, სამშენებლო, ბიო-ფარმაცეპტული ტექნოლოგიების, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და მისი პროდუქციის გადამამუშავებელი, ასევე წყლის კლასტერები. წყლის კლასტერები გვესახება #3 ნახაზზე მოცემული სახით.
კარგი იქნება, თუ საქართველოში გამოყენებული იქნება ევროპის მცირე ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლების გამოცდილება, კერძოთ, ინოვაციური საქმიანობის აქტივიზაციისათვის კლასტერების ფორმირების პრაქტიკული გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გააჩნდა საკმაო საინოვაციო პოტენციალი, გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულმა დესტრუქციულმა მოვლენებმა მოიცვა ეროვნული მეურნეობის პრაქტიკულად ყველა სფერო, მათ შორის სამეცნიერო-ტექნოლოგიურიც. შემცირდა სამეცნიერო დაწესებულებათა რაოდენობა 17 პროცენტით, მეცნიერთა რაოდენობა – 39 პროცენტით, შესაბამისად შემცირდა საბიუჯეტო დაფინანსების აბსოლუტური მოცულობა თითქმის 4-ჯერ და სხვა. უაღრესად შემცირდა მოთხოვნა ინოვაციებზე, ვინაიდან მისი ძირითადი მომხმარებელი – მრეწველობა, პრაქტიკულად აღარ ამჟღავნებდა თავის ინტერესს ახალ ტექნოლოგიებზე, ახალი პროდუქციის ათვისებასა და ჯამში ინოვაციურ განვითარებაზე. ევროკავშირმა შეიმუშავა წევრი ქვეყნებისათვის კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციურობის შეფასების პარამეტრები, რომელსაც ეწოდება “ინოვაციური განვითარების ევროპული სარეიტინგო ცხრილი”. შეფასებისათვის გამოყენებულია 18 ინდიკატორი, რომელიც დაჯგუფებულია ოთხ ნაწილად: ადამიანური რესურსები, ცოდნის შექმნა და გამოყენება და აგრეთვე ინოვაციური დაფინანსება და პროდუქციის ბაზარზე გასვლის ღონისძიებები.
ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს საქართველოში არსებული მდგომარეობა და დასახული ღონისძიებები კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და საინოვაციო საქმიანობის აღორძინებისათვის.
ამრიგად, საქართველოში არსებული მდგომარეობა და ევროპის მცირე ქვეყნების გამოცდილება გვკარნახობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტრატეგიულ ამოცანად აღიარებულ იქნას წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის რადიკალური ამაღლება საინოვაციო საქმიანობის პრინციპული გაუმჯობესებით, არსებული პოტენციალის გონივრული გამოყენებით და შესაბამისი კლასტერების შექმნით.
2005 წელს საქართველოს კანონში “მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” ცვლილებები და დამატებები იქნა შეტანილი. ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს “კვლევა-დამუშავება-წარმოების” პროცესისადმი დიფერენცირებული მიდგომა, რისთვისაც აუცილებელია მონაწილე სტრუქტურების რეორგანიზაცია და შესრულებულ სამუშაოთა თემატური შეფასება კონკურენტულ გარემოში. ამ მიზნით, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეორე წელია ატარებს სამეცნიერო სამუშაოთა თემატურ კონკურს დაფინანსების უზრუნველყოფისათვის. ამავე შესწორებებით დაკონკრეტდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიზნები და ამოცანები, რომლებიც ითვალისწინებენ ნაციონალური ინოვაციური სისტემის შექმნას, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ გამოკვლევათა ეფექტურ გამოყენებას, სამეცნიერო კადრების ხარისხობრივ სრულყოფას, მეცნიერება-განათლების ერთობლივი ფუნქციონირების ხელშეწყობას და სამეცნიერო-ტექნიკური საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. მიუხედავად დასახული ღონისძიებების მიზანშეწონილობისა, ჩვენი აზრით, ყველა ამგვარი ღონისძიება უნდა დაექვემდებაროს პრინციპულ სტრატეგიულ ამოცანას – წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის რადიკალურ ამაღლებას. შერჩეული პრიორიტეტების რეალიზაციისათვის გამოყენებული უნდა იქნას მსოფლიო გამოცდილება, კერძოდ ექსპორტზე ორიენტირებული სამრეწველო კლასტერების ჩამოყალიბება, სტიმულირება და ხელშეწყობა, რომლის პრაქტიკული მაღალეფექტური გამოცდილება აჩვენეს ნორვეგიამ, კანადამ, ფინეთმა, ავსტრალიამ და ჩილემ. გარდა ამისა, უნდა შეიქმნას მცირე და საშუალო ადგილობრივი საწარმოები ადგილებზე და ცენტრში ინოვაციათა გამოყენებისათვის, რისი წარმატებული მაგალითი აჩვენეს ჩინეთმა და ტაივანმა.
საქართველოში ამგვარი სამრეწველო კლასტერების შექმნის პერსპექტიულ მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ:
– რუსთავი – მადნეულის სამრეწველო კლასტერი (გადამუშავებული ოქრო, სპილენძის კონცენტრანტი, ფოლადის მილები და ნაგლინი, აზოტოვანი სასუქები და ცემენტის წარმოება);
– ჭიათურა – ზესტაფონის სამრეწველო კლასტერი (მაგნიუმის მადნის კონცენტრანტები, მანგანუმის ფეროშენადნობები);
– შიდა ქართლი – სამრეწველო კლასტერი (სხვადასხვა სახის ხილის მოყვანა და გადამუშავება);
– იმერეთი – ტურისტულ-რეკრეაციული რეგიონული კლასტერი;
– კახეთი – სამრეწველო კლასტერი (რეგიონული ყურძნის ღვინის წარმოება);
– შავი ზღვის სანაპირო – ტურისტულ-რეკრეაციული რეგიონული კლასტერი;
– მაღალმთიანი რეგიონები – სამთო ტურიზმის რეგიონული კლასტერი.
კლასტერი რეგიონის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ბევრი ექსპერტის აზრით კლასტერულ მიდგომას არა აქვს ალტერნატივა. მით უმეტეს, რომ რეგიონებში არსებობს წერტილოვანი წარმატების წინაპირობები კლასტერის შესაქმნელად. სამწუხაროდ, აღნიშნულ პროცესს აფერხებს ამ საკითხების არცოდნა და ისეთი ლიდერი ორგანიზატორების ნაკლებობა, რომლებსაც ხელეწიფებათ არა მარტო შეიმუშაონ კლასტერის ჩამოყალიბების იდეა, არამედ პრაქტიკულადაც განახორციელონ ის. როგორც საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, ბევრი მსოფლიო დონის პროექტი განხორციელდა ფასილიტატორების (ბიზნეს-ორგანიზატორების) ძალისხმევით. ღვინის წარმოებაში საფრანგეთის მსოფლიო მონოპოლიის დარღვევა შეძლო რობერტ მონდავიმ (ღობერტ Mონდავი), რომელიც საოჯახო ღვინის ბიზნესს ეწეოდა ჩრდილოეთ კალიფორნიაში. სწორედ მისი წყალობით შეიქმნა მსოფლიოში განთქმული კალიფორნიის ღვინის კლასტერი [4], ხოლო ცნობილი “სილიკონის ველი” წარმოიშვა პროფესორ ტერმანის აქტიურობით. მან გადაწყვიტა განსაკუთრებული პირობები შეექმნა ორი ნიჭიერი მეცნიერისთვის – ბ. ხიულეტისა დ. პაკარდისთვის, რათა განეხორციელებინათ თავიანთი იდეები. მათ გარაჟში ჩამოაყალიბეს ფირმა Hეწლეტტ-Pაცკარდ, საწყისი კაპიტალით 538$ და რომელიც შემდგომში გადაიქცა HP კომპანიად, 43 მილიარდი დოლარის წლიური ბრუნვით.
ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანი განვითარებისთვის ოპტიმალურია კლასტერული მიდგომა, ხოლო კლასტერების ჩამოყალიბების შემაგულიანებელი მოტივების სპექტრი შეუზღუდავია.
კლასტერი მხოლოდ ურთიერთმოქმედების ფორმაა, რომელიც აუცილებელი არაა იყოს ოფიციალურდ რეგისტრირებული. მთავარია შეიქმნას სასურველი გარემო ბიზნესისთვის. მაგალითად, კალიფორნიაში ღვინის კლასტერი სპეციალურად კი არ შეუქმნიათ “ზემოდან”, არამედ ბიზნესის ინტერესებით ჩამოყალიბდა “ქვემოდან”. ჩვენი აზრით, საქართველოში კლასტერები ვერ ვითარდება არცოდნისა და მსოფლიოში დამუშავებული მეთოდების ადგილობრივ პირობებთან მორგების უუნარობის გამო. უნდა ითქვას, რომ ამ საკითხებში გაწაფული არ არის არც ხელისუფლება და არც ბიზნესი. კლასტერების განვითარებას ხელს უშლის ინფორმაციის ჩაკეტილობა (საჯაროდ არ ქვეყნდება კომპანიების იურიდიული და ფინანსური მონაცემები, მხოლოდ პიარისთვის და გაუგებარი მეთოდიკებით ითვლება ე. წ. “კომპანიათა რეიტინგები”), რასაც მივყავართ არაკეთილსინდისიერ კონკურენციამდე და კლასტერის პოტენცურ მონაწილეთა შორის უნდობლობამდე.
უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ჩვენთან ჩამოყალიბებული ფასეულობათა სისტემა საშუალებას არ აძლევს ხელისუფლებას და ბიზნესს ისაუბრონ ერთ ენაზე. ამის შედეგია, რომ ხელისუფლებას და ბიზნესს არ გააჩნიათ საერთო ფასეულობები და მომავლის ერთნაირი ხედვა. კონსტრუქციული დიალოგის საფუძვლად შეიძლება გამოდგეს საქართველოს განვითარების სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც თავის მხრივ რეგიონულ ხელისუფლებას და ბიზნესს საშუალებას მისცემს ადგილზევე შეიმუშაონ გრძელვადიანი მოქმედების პოლიტიკა. მცირე ბიზნესი, როგორც ყველაზე დინამიური ცვლილებების სფერო, კლასტერისთვის ქმნის კვების საფუძველს. აუცილებელია, რომ მას წარმოდგენა ჰქონდეს ხელისუფლების მომავლის ხედვაზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში წარიმართება კლასტერების შექმნის პროცესი ურთიერთინტერესით “ზემოდანაც” და “ქვემოდანაც”.
საქართველოში მოძველებული საწარმოების ეფექტური რესტრუქტურიზაცია ითხოვს ღრმა ურთიერთმოქმედებებს მცირე და მსხვილი ბიზნესის, ხელისუფლებისა და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის. აქ კლასტერული მიდგომა იძლევა აუცილებელ ინსტრუმენტებს და ანალიზის მეთოდოლოგიას. კლასტერული მეთოდების გამოყენება მცირე და საშუალო მეწარმეობის ინტენსიური განვითარების საშუალებას მოგვცემს.
თუმცა როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს კლასტერში გაერთიანების მოტივაცია, მრავალი მცირე ფირმისთვის ასეთი თანამშრომლობის ორგანიზება ადვილი საქმე არ არის. მცირე ფირმები, როგორც წესი, წარმატებულნი არიან ინდივიდუალობის და ფხიანობის გამოჩენის ხარჯზე. ასე რომ, მათთვის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა კონკურენტებთან, მიმწოდებლებთან ან მომხმარებლებთან, შეიძლება რეალურ საფრთხესაც წარმოადგენდეს.
ამიტომ, ასეთ საწარმოებთან თანამშრომლობა, ითხოვს უფრო მაღალი დონის სტრატეგიულ აზროვნებას მცირე საწარმოების მხრიდანაც. მცირე ფირმებს უწევთ გადაწყვიტონ, თუ რა ხარისხით არიან ისინი მზად ხანგრძლივი მჭიდრო თანამშრომლობისათვის, რა ცოდნის გაღება მოუწევთ მათ, რის დათმობა შეუძლიათ და რისგან შეიკავებენ თავს. და ბოლოს, ყველაფერი ეს ითხოვს შიდა ორგანიზაციის მაღალ დონეს.
საქართველოში ტრადიციული დარგების მოშლა და ახალი დარგების სამომავლო პერსპექტივების ბუნდოვნება შეუძლებელს ხდის ქვეყნის ეკონომიკის ამ სექტორებში გრძელვადიან ინვესტირებას და უფრო მოკლე პერიოდზე გათვლილ ხასიათს ატარებს, რაც მდგრადი ბიზნესის ჩამოყალიბებას უშლის ხელს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ მიმართულებების გამოკვეთა და გაძლიერება, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში მთლიანად, თუ მის ცალკეულ დარგებში, მდგრადი განვითარების საფუძვლებს შექმნის და მის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
დღეს საქართველო იმყოფება კლასტერიზაციის ინსტრუმენტების შერჩევის საწყის ეტაპზე. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კი საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა კლასტერიზაციის წარმატებით განხორციელებაში და რაც მთავარია, ეს წარმატება პირდაპირ აისახება ამ ქვეყნების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე.
ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის მონაცემებით, სადაც მაიკლ პორტერის იდეამ თავდაპირველი აპრობაცია გაიარა და საბოლოო სახეც მიიღო, აშშ-ს ეკონომიკაში დასაქმების 32%-ს სწორედ კლასტერები უზრუნველყოფენ (საბიუჯეტო სექტორის გარდა). შვედეთის ეკონომიკაში კი კლასტერებში შრომისუნარიანი მოსახლეობის 39%-ია დასაქმებული. საგულისხმოა, რომ შრომის მწარმოებლურობა და ხელფასები კლასტერებში გაცილებით მაღალია, ვიდრე საშუალოდ ქვეყნის მასშტაბით. ასე, მაგალითად, გასაშუალებულ ამერიკულ შტატში, სადაც კლასტერული პრინციპით ორგანიზებული მწარმოებელი სექტორები ახდენენ საქონლის ან მომსახურების ექსპორტს რეგიონს გარეთ, ხელფასები 29%-ით მაღალია საშუალო ამერიკულზე, შრომის მწარმოებლურობა კი 44%-ით მეტი. მეტიც, მიჩნეულია, რომ კლასტერული სექტორი მთავარი მამოძრავებელი ძალაა იმ დარგების გასავითარებლად, რომლებიც ლოკალურ ბაზარს ემსახურებიან. თუმცა, პორტერის ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა შემდეგია: რაც მეტად არის განვითარებული კლასტერები ცალკეულ ქვეყნებში, მით მაღალია ქვეყანაში ცხოვრების დონე და კომპანიათა და მთელი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა. საგულისხმოა, რომ იმ ქვეყნების გარდა, სადაც კლასტერები თავად საბაზრო კანონებმა ჩამოაყალიბა, ბევრი სახელმწიფო ახდენს მათ ხელოვნურ გამოზრდას და ბევრ შემთხვევაში – წარმატებით. კლასტერულ პოლიტიკას აწარმოებენ ბევრ განვითარებულ და განვითარებად სახელმწიფოში – იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, სინგაპურსა და ფინეთში, სლოვენიასა და კანადაში. მაგალითად, საფრანგეთის სახელმწიფომ 2005 წელს მიიღო 60 კლასტერის განვითარების სამწლიანი სახელმწიფო პროგრამა 1,5 მილიარდი ევროს ბიუჯეტით. დიდ ბრიტანეთში 115 მილიონი ფუნტი გამოიყო იმ ფონდისთვის, რომელიც ინოვაციური კლასტერების შექმნას დააფინანსებს. ყაზახეთის სახელმწიფომ კი 2006 წელს აამოქმედა პროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირებას სწორედ კლასტერების შექმნის გზით ვარაუდობს[19].
უცხოური ქვეყნების ასეთი აქტიურობის ფონზე ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აფასებს კლასტერული მიდგომის როლს, განსაკუთრებით დეპრესიული რაიონების განვითარებისთვის. მათთვის ეს აღმოჩენაა. თვითოეულ რეგიონს აქვს თავისი უნიკალური შესაძლებლობები, ისინი უბრალოდ უნდა მოიძებნოს. სწორედ დეპრესიულ რეგიონებშია აუცილებელი განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების ძიება. ამისათვის საჭიროა გერგილიანი ლიდერები, რომლებიც შემოგვთავაზებენ ახალ მიდგომებს. ასეთი ადამიანები უნდა ვეძებოთ ყველგან და შევუქმნათ მათ სათანადო ხელშემწყობი პირობები.
გამოვთქვამთ შეშფოთებას, რომ დღესდღეობით კლასტერის ცნება შეიძლება გახდეს მორიგი მითი და გაუფასურდეს მისი შექმნის იდეაც, როგორც ეს მოხდა საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემთხვევაში. სამწუხაროდ, მსგავსი პოლიტიკის მცდელობები შეიმჩნევა დღესაც. საზოგადოებას წარუდგენენ ლამაზ ბრენდს, ხდება მისი გაპიარება და მეტი არაფერი. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ კლასტერი არის რეგიონული სტრატეგიის რეალიზაციის ინსტრუმენტი სხვებთან ერთად – რეგიონის განვითარების პროგრამებთან და ცალკეულ ტერიტორიაზე კონკრეტულ ბიზნეს-პროექტების რეალიზაციასთან კომპლექსში.
კლასტერები გრძელვადიანი მოქმედების ინსტრუმენტია. ჩვენი ხელისუფლება კი ორიენტირებულია სწრაფი შედეგების მიღებაზე, რადგან საქართველოში ყოველ 4-5 წელიწადში იცვლება ხელისუფლება. სამწუხაროდ, კლასტერის შექმნისას სწრაფი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. კონკურენტუნარიანი კლასტერის ჩამოყალიბების ვადა მერყეობს 5-დან 10 წლამდე [20]. ამიტომ, ხელისუფლება არა მარტო კლასტერის შექმნის ინიციატორად უნდა გამოვიდეს, არამედ მან თანამშრომლობისთვის უნდა მიიზიდოს ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც გაითავისებენ ამ იდეას. საწყის ეტაპზე ბიზნესმა ხელისუფლებისგან უნდა მიიღოს ინიციატივა. ამ საქმეში ბიზნესი, ხელისუფლებისგან განსხვავებით, დროში არ არის შეზღუდული.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში არის კლასტერიზაციისთვის გარკვეული ადგილები – ესაა ყოფილი სამრეწველო რაიონები (თბილისი, რუსთავი, იმერეთის რეგიონი), სამრეწველო ჯგუფების ან კომპანიების კონგლომერატი, რომლებიც კოოპერაციის ფორმით ეფექტურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ჩვენს ქვეყანაში პერსპექტიულია ტურიზმისა და რეკრეაციული, ფინანსური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, საამშენებლო, ღვინის, წყლის, ფარმაკოქიმიური და მიკრობიოლოგიური კლასტერები (ბაქტერიოფაგის ბაზაზე), მაგრამ საჭიროა დამატებითი კვლევები მათი პოტენციალის გამოსავლენად.
კლასტერის შექმნისას ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის დარგობრივი მიდგომა არასწორია. ხელისუფლება ირჩევს ამა თუ იმ პრიორიტეტულ დარგს მისი წვლილის მიხედვით რეგიონულ შიგა პროდუქტში (რშპ). ეს ხდება იმიტომ, რომ ჯერ-ჯერობით საქართველოში ანგარიშგება მიმდინარეობს დარგობრივი პრინციპით. მაგრამ ამგვარი მიდგომა სრულად არ იძლევა კლასტერის ეფექტურობის ობიექტური შეფასების საშუალებას. როდესაც საუბრობენ დარგობრივი კლასტერის შექმნის შესახებ, მაშინვე ცდილობენ გამოყონ რიგი პრიორიტეტული დარგები, რის შედეგადაც ვიღებთ სამრეწველო პოლიტიკის რაღაც პროტოტიპს. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებისთვის ყველა კლასტერი პრიორიტეტული უნდა იყოს, მათთვის უნდა იქმნებოდეს ხელსაყრელი პირობები და მათი რაოდენობა არ უნდა იყოს შეზღუდული ცალკეულ ტერიტორიაზე. მაგალითად, ესპანეთის კატალონიის პროვინციაში პირველადი კვლევითვე გამოიყო 20 კლასტერი, ხოლო მიკროკლასტერების რაოდენობა 100-ს აჭარბებდა.
ჩანასახოვანი მიკროკლასტერის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ქ. თბილისის შარდენის ქუჩა მიმდებარე ტერიტორიით. ის უკანასკნელი 3 წლის მანძილზე გადაიქცა ადგილად, სადაც ფირმებისთვის სარფიანი გახდა კულტურული და გასართობი (რეკრეაციული) დაწესებულებების გახსნა. აქ თავმოყრილია კაფეები, დისკოთეკები, რესტორნები, საგამოფენო დარბაზები, მუზეუმი (ქარვასლა), მხატვრებისა და დიზაინერთა სალონები, ბუტიკები, მინიატურების თეატრი და სხვადასხვა კონფესიის რელიგიური დაწესებულებები. ყველა ამ ობიექტს საერთო პრობლემა აქვს ეკოლოგიასთან, პროდუქციის, მომსახურების მიწოდებასთან და ახასიათებთ ხელსაყრელი სატრანსპორტო მდებარეობა. თუ გამოჩნდება ინიციატორი, რომელიც მეპატრონეებს შესთავაზებს ამ ადგილის გადაქცევას კულტურული დასვენების ყველაზე საუკეთესო კუნძულად ქ. თბილისში და თუ მეპატრონეები შეთანხმდებიან კოოპერაციაზე, მაშინ უკვე შეიძლება ლაპარაკი რეალურ მიკროკლასტერზე. ამიტომ, საკითხი მიკროკლასტერის შექმნისთვის პოტენციალის უქონლობაში კი არაა, არამედ იმაში, რომ ისინი არაფორმალურად არსებობენ. ამის შედეგია, რომ მათ ვერ ამჩნევს ხელისუფლებაც და არ იცის როგორ იმუშაოს მათთან. გარდა ამისა, ბიზნესმენებმაც არ იციან და ვერ ხვდებიან, რომ უკვე დიდი ხანია მუშაობენ მიკროკლასტერის წესებით. აქ მთავარია – ცოდნის პრობლემა. სწავლა ყველას სჭირდება, რადგან ასეთ საკითხებს ჩვენთან ადრე არ ასწავლიდნენ. რეალობა მოითხოვს, რომ მერხებს გვერდი-გვერდ მიუსხდნენ სახელისუფლებო სტრუქტურების მოხელეები, ბიზნესმენები, მეცნიერები და ყველას ჩაუტარდეთ სემინარები კლასტერული განვითარების თემებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს თვალი ვადევნოთ კახეთში ღვინის კლასტერის ან თბილისში დიღმის საავადმყოფოების კლასტერის შექმნის ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან მხოლოდ სამამულო მომხმარებლებზე, ხოლო კლასტერის მთავარი ამოცანაა მსოფლიო ან რეგიონულ ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვება.
ჩვენ შევეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტის გამოყენების პერსპექტივა საქართველოს რეალობისთვის. სავსებით გასაგებია, რომ წინამდებარე ნაშრომი ვერ იქნება ყოვლისმომცველი და მასში გადმოცემული მოსაზრებების პრაქტიკული რეალიზაციისთვის საჭირო იქნება დამატებითი კვლევები. ვიმედოვნებთ, რომ ამ მეტად საჭირბოროტო პრობლემისადმი სამთავრობო ორგანოები და ბიზნესის წარმომადგენლები სათანადო ყურადღებას გამოიჩენენ.