სახელმწიფოს როლი ტურიზმის განვითარებაში

ნიკო კვარაცხელია, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების სრული პროფესორი

ქართული საზოგადოების მიერ სახელმწიფოს როლის, დანიშნულებისა და ფუნქციების აღქმა არაერთგვაროვანი, ხოლო ზოგჯერ დიამეტრალურად განსხვავებულია. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დააბნია იმან, თუ რა მოლოდინი ქონდათ ადამიანებს 17-18 წლის წინ დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბების დროს და რა მიიღეს განვლილი უახლესი ისტორიის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების შედეგად.

კომუნისტური რეჟიმის დროს საზოგადოება ცხოვრობდა ისეთ ქვეყანაში, რომელმაც იტვირთა მოქალაქეთა ყოველმხრივი, მათ შორის სოციალური დაცვა, რაც გამოიხატებოდა ბინით, ჯანდაცვით, განათლების უფლებებით საზოგადოების ნებისმიერი წევრის, ე.წ. უზრუნველყოფაში. ახლა თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე, ოჯახზე და სახელმწიფოზეც. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფებმა, ზოგჯერ კი სახელმწიფო მოხელეებმაც არ იციან რა ფუნქციები დაიტოვა საკუთრივ სახელმწიფომ და როგორ ზემოქმედებს იგი ქვეყანაში ამა თუ იმ დარგის განვითარებაზე.
ტურიზმი საქართველოში აღიარებულია პრიორიტეტულ მიმართულებად. უკანასკნელ პერიოდში იგი ქვეყანაში დინამიურად ვითარდება. განსაკუთრებით მაღალია ამ სფეროში ბოლო სამი წლის მაჩვენებლები. დამოუკიდებელი საქართველო პირველად მიუახლოვდა წელიწადში მილიონი ტურისტის მიღების შესაძლებლობას, რაც არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს.

ამასთან ფაქტია ისიც, რომ ქვეყანას ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისების შემთხვევაში სავარაუდოდ შეუძლია წელიწადში 5-6 მილიონი ტურისტის მიღება. ასეთი წარმატების მიღწევა კი შესაძლებელია სახელმწიფოს დიდი ხელშემწყობით და არსებული უარყოფითი ტენდენციების აღმოფხვრით. რა იგულისხმება არსებულ უარყოფით ტენდენციებში? შესაძლებელია ბევრი მიზეზის ჩამოთვლა, მაგრამ ამჯერად სამ ძირითად მაჩვენებელზე შევჩერდებით:
საქართველოს მზარდი ბაზრის პირობებში ტურიზმი ჯერ კიდევ ვერ იქცა ეკონომიკის ისეთ დარგად, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტისა და სავალუტო რესურსების შევსების წყარო იქნებოდა;
ტურიზმის სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ოდენობით საქართველო ჩამორჩება უცხოურ ანალოგებს;
საქართველოში სერვისის დაბალი დონე არ შეესაბამება ფასებს. ეს ფასები განსაკუთრებით მაღალია ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
უპრიანია დაისვას კითხვა: რა როლის შესრულება შეუძლია სახელმწიფოს ტურიზმის განვითარებაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეიძლება გამოვიყენოთ მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული ზემოქმედების ფორმები, რომელთა მეშვეობითაც ქვეყნებმა განავითარეს ტურიზმის დარგი. იმისათვის, რომ ნათლად გამოიკვეთოს სახელმწიფოს როლი ტურიზმის განვითარებაში, ამოსავალ თეზისად ავიღოთ დარგის განვითარების დეტერმინანტები, დავაჯგუფოთ ისინი ბლოკებად და შესაბამისად განვსაზღვროთ სახელმწიფოს მიერ დარგის განვითარებაზე ზემოქმედების ფორმები. ტურიზმის დარგის წარმატებული ფუნქციონირებისათვის საჭიროა:
1. ზრუნვა ტურისტული პროდუქტის მრავალფეროვნებაზე, ხარისხზე და სრულყოფაზე;
2. პროდუქტის წარმოჩენა საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე;
3. სერვისის დონის ამაღლება;
4. დარგის საკანონმდებლო უზრუნველყოფა;
5. კრეატიული საკადრო-საგანმანათლებლო პოლიტიკა ტურიზმის სფეროში.
პირველი ბლოკის შინაარსში შესაძლებელია აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს ტერმინმა ტურისტული პროდუქტის მრავალფეროვნება. რაც შეეხება მისი სრულყოფილების შესახებ მოსაზრებას, იგი საკამათო არ უნდა იყოს. უნდა იყოს თუ არა ტურისტული პროდუქტი მრავალფეროვანი? თუ უმჯობესია სტრატეგიად ავირჩიოთ ბაზარზე მხოლოდ მასობრივი ტურისტული პროდუქტის გატანა, ანუ ვიმოქმედოთ პრინციპით: ვიმუშაოთ ვიწროდ და ღრმად. მასობრივი ბაზრის ოპერატორები უმეტეს შემთხვევაში ზღვაზე დასვენებით არიან დაკავებულნი და უდიდეს წარმატებასაც აღწევენ. მით უმეტეს, რომ განსხვავებული ტურისტული ფორმების დანერგვა გამოიწვევს ინვესტიციების გაფანტვას. მაგრამ ამ შემთხვევაში ამოსავალ პრინციპად ქვეყნის მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი უნდა იქცეს. ჩვენს ქვეყანას აქვს ზღვა, მთა, მდიდარი მატერიალური და სულიერი კულტურა, რაც შესაბამისად ტურისტულ პროდუქტში უნდა აისახოს. ამდენად ქართული ტურისტული პროდუქტის მრავალფეროვნება გამოწვეულია ობიექტური მიზეზებით და მისი რეალიზაციის აუცილებლობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს. განვიხილოთ ცალ-ცალკე თუ რა ფორმით შეიძლება სახელმწიფომ მონაწილეობა მიიღოს თითოეული ბლოკის ამოცანების შესრულებაში:
1. ზრუნვა ტურისტული პროდუქტის მრავალფეროვნებაზე, ხარისხსა და სრულყოფაზე:
ტურიზმის დარგის პრიორიტეტულობის დეკლარირებიდან შესაბამის მოქმედებაზე გადასვლა. კერძოდ, სამოქმედო გეგმის დასახვა და სახელმწიფო სტრუქტურების ტრანსფორმაცია ამ ამოცანის შესასრულებლად;
ტურიზმის განვითარების სახელმწიფო გეგმის შედგენა და განხორციელება;
რეგიონული ტურიზმის პრიორიტეტების დადგენა;
საქართველოს რეგიონებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ტურისტული ცენტრების ჩამოყალიბება და განვითარება;
სახელმწიფოს მიერ ტურიზმის საინფორმაციო და პროპაგანდისტული მხარდაჭერა (ტურისტული ცნობარები, რუკები, გზამკვლევები, პოსტერები, ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემები და ა.შ.). ძლიერი საინფორმაციო ბანკი პოტენციური ინვესტორებისათვის;
საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტუქტურის მოწესრიგება;
სპეციალური ღონისძიებების დასახვა სეზონურობისა და აგრეთვე მასობრივი ტურიზმის გარემოზე უარყოფითი გავლენის შერბილების მიზნით;
2. პროდუქტის წარმოჩენა საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე:
საქართველოს წარმომადგენლობების გახსნა საზღვარგარეთ და იმიჯის შემქნელი ინტერნეტ-პორტალების ხელშეწყობა (ტურის დამგეგმავი ვებ-გვერდები);
ქართული ტურისტული პროდუქტის წარმოჩენა საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებზე ჩვენი ტურისტული ფირმების მონაწილეობის ხელშეწყობა;
საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებში არასამთავრობო, სასწავლო და კვლევითი ორგანიზაციების მონაწილეობის ორგანიზაცია;
არაკომერციული, სახელმწიფო რეკლამის უზრუნველყოფა;
მუშაობა საერთაშორისო სუპერეროვნულ ორგანიზაციებში ქვეყანაში მნიშვნელოვანი ყრილობების, კონგრესებისა და სამიტების გამართვის ლობირების მიზნით;
ქვეყანაში საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სპორტული შეჯიბრებების და შეხვედრების ორგანიზების ხელშეწყობა;
3. სერვისის დონის ამაღლება:
ტურისტული მომსახურების მომხმარებელთა და მწარმოებელთა ინტერესების დაცვა;
ტურისტთა უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება. ტურისტული ცენტრების განსაკუთრებული დაცვა;
ზრუნვა ტურისტული სტანდარტების დასაცავად. აღნიშნული სტანდარტების ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან;
სახელმწიფო პროგრამების განხორციელება ქვეყნის პერიფერიებში მომსახურე პერსონალისთვის ტრეინინგ-კურსების ორგანიზების საშუალებით;
4. დარგის საკანონმდებლო უზრუნველყოფა:
დარგის სამართლებრივი უზრუნველყოფა, რაც გამოიხატება იმ კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების სრულყოფასა და მიღებაში, რომლებიც არეგულირებენ ტურისტულ საქმიანობას და გულისხმობს თანამედროვე სტანდარტების მიღებას და განხორციელებას;
სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება (მაგალითად, შიდა ტურიზმის განვითარების, უცხოელი ტურისტების მოზიდვის, ტურიზმის სპეციალისტთა მომზადების, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამები და ა.შ.);
დარგში ინვესტიციების მოზიდვა და ინვესტორებისათვის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა;
პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება ტურისტულ ბიზნესში ჩართულ საწარმოთა მიმართ;
საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაცია ტურიზმის სფეროში;
ტურისტული ბიზნესით დაკავებული საწარმოებისა და დაწესებულებებისათვის სახელმწიფო გრანტების, სტიპენდიების, პრემიების, კრედიტების, გარანტიების, სუბსიდიების გაცემა;
5. კრეატიული საკადრო-საგანმანათლებლო პოლიტიკა ტურიზმის სფეროში:
საგანმანათლებლო-საკვალიფიკაციო სტანდარტების დადგენა და ცხოვრებაში გატარება;
ტურიზმის დარგში ინოვაციური მიდგომების დანერგვისა და განზოგადების მიზნით ეროვნული კონკურსების ორგანიზაცია;
ტურისტული ცენტრებისთვის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შექმნა და განხორციელება; ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნება მდგრადი განვითარების გათვალისწინებით;
ტურიზმის სფეროში სამეცნიერო მარკეტინგული და სხვა ხასიათის კვლევების დაფინანსება; ბაზრის მონიტორინგის ორგანიზაცია; დარგობრივი სტატისტიკის სრულყოფა; კერძო სექტორისათვის გლობალური და ადგილობრივი ტენდენციების გათვალისწინებით შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ამგვარად საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჩამონათვალია და იქნებ ვიდაოთ რომელიმე მათგანის საჭირობაზე, ან სახელმწიფოსთვის მათი დაკისრების მართებულობაზე, მაგრამ ყველაფერი ეს რომ გასაკეთებელია, უდაოა. ასევე ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, რომ ტურიზმის პოლიტიკა მრავალმხრივი ფენომენია და მას მრავალი ასპექტი აქვს. ჩვენ შემდეგს გამოვყოფთ:
ტურიზმის პოლიტიკა, როგორც ზოგადპოლიტიკური პრობლემა, ითვალისწინებს ტურიზმის გასავითარებლად ქვეყნის მიერ აუცილებელი პირობების შექმნას, რათა შესაძლებელი იყოს ქვეყნის ფარგლებში ტურისტების უსაფრთხო და თავისუფალი ყოფნა და გადაადგილება; ტურიზმის პოლიტიკის ამოცანაა ქვეყნის (რეგიონის) მზაობაში გახსნას ქვეყნის საზღვრები უცხოელთათვის და მიიღოს შესაძლებელი რაოდენობა განურჩევლად მათი წარმომავლობისა.
ტურიზმის პოლიტიკა, როგორც გარემოსდაცვითი პრობლემა. ტურისტთა რაოდენობის ზრდა ქვეყნის წინაშე აყენებს რესურსების რაციონალურად გამოყენების, მოსახლეობაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების აუცილებლობის საკითხს, გარემოს დაბინძურებისაგან დაცვის პრობლემას. მოგზაურობებმა ხელი უნდა შეუწყონ ბუნების შენარჩუნებას. ტურიზმი ეკოლოგიური პრობლემაა. ტურიზმი ბუნების, ლანდშაფტებისა და კულტურის ატრაქციებით სულდგმულობს. ტურიზმმა უნდა იზრუნოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და დაბინძურების წინააღმდეგ კანონმდებლობის ზუსტ დაცვაზე. ტურისტულ ქვეყნებში მოსახლეობაში უნდა დამკვიდრდეს ეკოლოგიური მსოფლმხედველობა.
ტურიზმის პოლიტიკა, როგორც სოციალურ-პოლიტიკური ამოცანა. დასვენება და მოგზაურობა არის საუკეთესო საშუალება ადამიანის მიერ წლის განმავლობაში დახარჯული ენერგიის აღსადგენად, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. სახელმწიფოს მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს იგი ყველასათვის. ამდენად ტურიზმი იძენს სოციალურ დატვირთვას და შესაბამისად სოციალურად ორიენტირებულ ქვეყნებში მეტი პირობაა შექმნილი ადამიანის დასვენებისათვის. მოგზაურობა და დასვენება მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის მაჩვენებელია. ქვეყანა უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ტურიზმი და დასვენება ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობის ყველა ფენისათვის, ყველას უნდა შეეძლოს ტურიზმის მეშვეობით ძალების აღდგენა და დასვენება.
ტურიზმი და მოგზაურობა, როგორც ეკონომიკური ფენომენი. სამოგზაურო ქვეყნისათვის საერთაშორისო ტურიზმს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს. ტურიზმი ხდება ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების ფაქტორი, საერთაშორისო ტურიზმი განეკუთვნება ისეთ საექსპორტო დარგს, როცა მიმღები ქვეყნის ეკონომიკა დამოკიდებული ხდება უცხოეთის ეკონომიკაზე, კერძოდ, მსოფლიო მომსახურებით ვაჭრობა გავლენას ახდენს ეროვნულ დონეზე მომსახურების მიწოდებაზე.
შესაბამისად ტურიზმის პოლიტიკას შესაბამისი მიზნები აქვს (იხ. სქემა).
ტურიზმის განვითარება რეგიონულ დონეზე. საქართველოში ტურიზმის ინფრასტრუქტურა ძირითადად რამდენიმე პუნქტშია კონცენტრირებული. ეს არის თბილისი, ბათუმი, გუდაური და ბაკურიანი. რეგიონებში დარგის განვითარებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურა, ისევე, როგორც დროში და თანხებში გაწერილი პროგრამა, ან სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ არ არსებობს. თუმცა არც ზემოჩამოთვლილ ტურისტულ ცენტრებში და არც სხვა კურორტებზე დარგობრივი ინფრასტრუქტურა არ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. მაგალითად, თბილისში ჯერ კიდევ ვერ ამოქმედდა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, არამედ სატრანსპორტო კვანძებში: აეროპორტში, რკინიგზისა და ავტოსადგურებშიც უნდა ფუნქციონირებდნენ. ვის, ან სად უნდა მიმართოს ტურისტულ მომსახურებაზე ტრანზიტულმა, ან ერთი დღით ჩამოსულმა მგზავრმა ჯერ კიდევ ცნობილი არ არის. ასევე კრიტიკას ვერ უძლევს თბილისის ტურიზმისა და კულტურის განვითარების კონცეფცია, რომელშიც ვერ აისახა ლაიფციგის, სანკტ-პეტერბურგისა და სხვა ქალაქების კონცეფციებში დაფიქსირებული ინოვაციური მიდგომები.
ტურიზმის თვალსაზრისით სხვა ცნობილ, ან ნაკლებად ცნობილ რეგიონებში კი დარგის განვითარებისათვის უფრო ნაკლები ხელშემწყობი პირობებია, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებს ასეთი უცნობი ადგილები უფრო მოსწონთ და მათკენ მიილტვიან. მსოფლიოში ტურისტებს იზიდავთ ეკოლოგიურად სუფთა ადგილები, სადაც სიწყნარე და ზომიერი კომფორტი თანაბრად მონაცვლეობენ. გლობალიზაციამ უზრუნველყო პროვინციების თანამედროვე ტექნოლოგიებით სათანადოდ აღჭურვა, რაც ტურიზმის განვითარების წინაპირობაა. კიდევ ერთი პირობა რეგიონებში ტურიზმის განვითარებისათვის არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. რეგიონებისათვის ტურიზმი სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაჭრის მნიშვნელოვანი საშუალებაა. რეგიონებში საკუთარი ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, ხშირად ინოვაციურ და შემოქმედებით მიდგომებს იყენებენ.
რეგიონებსა და პროვინციებში ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ ტურისტული ორგანიზაციები, არამედ იქ მოქმედი სატრანსპორტო, სასოფლო-სამეურნეო, სავაჭრო, საბანკო, კულტურისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები. ტურიზმის მეშვეობით ცნობადი ხდება მიმღები რეგიონი, იზრდება მისი შემოსავლები, ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, ამ ტერიტორიებზე მკვიდრდება საქმიანობის სრულიად ახალი სახეები და ფორმები.
სახელმწიფოს მოვალეობაა მოამზადოს და განახორციელოს სახელმწიფო პროგრამები რეგიონების ინტერესების გათვალისწინებით. სასურველი იქნებოდა სახელმწიფო პროგრამების მიზნებსა და ამოცანებში აისახოს შემდეგი საკითხები:
მსოფლიო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, თანამედროვე ტურისტული პროდუქტის შექმნა;
ტურისტების მიმღები საბაზო ცენტრის შექმნა, რომლის გარშემოც მოხდება მმართველობითი ორგანოების მხარდაჭერით ტურისტული ინფრასტრუქტურის კონცენტრაცია და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა;
აღნიშნულმა ცენტრებმა უნდა შეძლონ ტურისტების ნაკადების ზრდა სტრატეგიული გეგმით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით;
რეგიონული ტურისტული ცენტრების მხარდასაჭერი ღონისძიებებისა და მექანიზმების შემუშავება;
ინვესტიციების მოზიდვა საბაზო ტურისტული ცენტრების შესაქმნეად;
მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე რეგიონული ტურისტული პროდუქტის გატანის ხელშეწყობა;
საბაზო რეგიონულ ცენტრებში მძლავრი საინფორმაციო ცენტრების შექმნა, რომლებსაც შეეძლებათ ტურისტების ინფორმაციებით უზრუნველყოფა, სასტუმროში განთავსება, ექსკურსიების ორგანიზაცია, ტურისტული ფირმების მოზიდვა დამატებითი მომსახურების გასაწევად;
ქვეყნის იმიჯის ასამაღლებლად სარეკლამო კამპანიის წარმოება, ტურისტების უზრუნვეყოფა ინფრასტრუქტურის, საყოფაცხოვრებო საკითხების, ღირსშესანიშნაობების, ისტორიისა და კულტურის შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო მასალებით;
ტურისტული კადრების მომზადება და გადამზადება.
ისტორიული ქალაქების კომპლექსური რეკონსტრუქციის ამოცანა უნდა უნდა წყდებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპების სრული დაცვით და რეკონსტრუქციის სანიმუშო მოდელის შექმნით, რომლის მეთოდოლოგიაც გამოდგება სხვა რეგიონებშიც. ჯერ კიდევ 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში მიიღეს დღის წესრიგი XXI საუკუნისათვის, რომელიც გაიზიარა მსოფლიოს ყველა ქვეყანამ. მის საფუძველზე ევროკავშირის ინიციატივით დაიწყო რეგიონებისათვის დღის წესრიგი – 21-ის მოდელის დამუშავება. ამის შედეგად იმ მნიშვნელოვანმა პროექტებმა, რომლებიც შეეხება გარემოს ორგანიზების საკითხებს, უნდა უზრუნველყოს დღის წესრიგ – 21-თან შესაბამისობა. ევროპელმა მეცნიერებმა შექმნეს არაერთი სანიმუშო მაგალითი ტურიზმის სფეროში, სადაც მათ განაზოგადეს დანარჩენი მსოფლიოსათვის ტურიზმის მდგრადი განვითარების პრინციპები. აღნიშნული რეკომენდაციები აისახა ქვემოთმოყვანილ სქემაში1:
საბაზო ტურისტულ ცენტრებში საქმიანობის დაგეგმვისას ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული რეკომენდაციები, რომელიც მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (მტო) ექსპერტების მიერ იქნა შემუშავებული.2
საერთაშორისო ტურიზმის პოლიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი საერთაშორისო ფენომენია, მაინც ძალიან მწირია ის საერთაშორისო ნორმატიული აქტები, რომლებიც საერთაშორისო ტურიზმის პოლიტიკას არეგულირებენ. საერთაშორისო ტურიზმში ერთიანი პოლიტიკის გატარებას ხელს უშლის ქვეყნების განსხვავებულობა (ტურისტული და არატურისტული ქვეყნები), რაც ინტერესების შეუთავსებლობას იწვევს, აგრეთვე ქვეყნების შიდა პოლიტიკის განსხვავებულობა და მიდგომები ტურიზმისა და სოციალური პოლიტიკისადმი.
სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტურიზმის სფეროზე. ეს გასაგებია, რადგან პოლიტიკოსები ირჩევენ როგორც პრიორიტეტებს და ორიენტირებს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ისე მათი განხორციელების გზებს. ზემოთქმულის ნათელი მაგალითია შვეცია, სადაც 1976-1994 წლებში ორჯერ მოვიდნენ ხელისუფლებაში სოციალისტები. მათ ჩაუყარეს საფუძველი ტურიზმის დარგში გაწეული ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების წესს, რამაც გაზარდა შვეციაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა. მაგრამ 1991-1994 წლებში, როცა მთავრობა შეიცვალა, მასთან ერთად შეიცვალა პოლიტიკაც და შვეციის იმიჯისათვის პასუხისმგებელობა დაეკისრა არა სახელმწიფო ორგანოს, არამედ კერძო სექტორს, რომელმაც როგორც მოსალოდნელი იყო დაფინანსება შეამცირა და საზღვარგარეთ წარმომადგენლობები გააუქმა. ამის შედეგად შვეციაში უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ იკლო, ხოლო 1995 წლიდან სოციალისტების ხელისუფლებაში ხელმეორედ მოსვლის შემდეგ კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის ისევ მიღწეულ იქნა კომპრომისი და სახელმწიფომ ხელახლა დაიწყო ქვეყნის იმიჯის განმტკიცების მიზნით ტურიზმის პრომოუშენის დაფინანსება.3 შესაბამისად, შვეციის ტურიზმი ისევ წარმატებული გახდა. თუ ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, მაშინ ჩვენც შეძლებისდაგავარად უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ შვეციის მაგალითი და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები.
ინგლისელ მეცნიერ ჰალსს ქრესტომატიულ მაგალითად მოჰყავს დიდ ბრიტანეთში ტურიზმის მიზანმიმართული განვითარების კეთილმყოფელი ზეგავლენა საზოგადოებაზე. ეს ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფო ძლიერ დაინტერესებულია დარგის განვითარებით და თვლის მას სოციალური პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად. მეცნიერის აზრით, კეთილმყოფელი ფაქტორებია:
1. უცხოელი ტურისტების ქვეყანაში მოზიდვის მეშვეობით საგადასახადო ბალანისისა და სავალუტო რეზერვების გაუმჯობესება. ამასთან, შიდა ტურისტების რაოდენობის ზრდა და მათი დაინტერესება ქვეყნის ფარგლებში დასვენებით, რათა ქვეყნის გარეთ ნაკლები ვალუტა გაედინოს;
2. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა რეგიონულ დონეზე;
3. ეროვნული ეკონომიკის დივერსიფიკაცია;
4. საზოგადოებრივი შემოსავლების გაზრდა გადასახადებისა და მოსაკრებლების მეშვეობით;
5. მოსახლეობის შემოსავლების ზრდა;
6. ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა.4
რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები დაკავებული არიან საერთაშორისო ტურიზმის საკითხებით. მათი დიფერენცირება ძირითადად ოთხ ნაწილად ხდება. ეს კარგად ჩანს ქვემოთმოყვანილ სქემაზეც. აღნიშნული კლასიფიკაციით ორგანიზაციები იყოფა: სუპერეროვნულ (გაერო; ევროკავშირი), გაეროს სპეციალიზებულ, აგრეთვე საერთაშორისო არასამთავრობო და საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციებად:
ევროკავშირის შიდატურისტული ბაზარი: 1993 წლიდან, როცა შეიქმნა ევროკავშირის შიდატურისტული ბაზარი, ტურიზმის სფეროში მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი წარმატებები, რაც განაპირობა ერთიანი პოლიტიკის შემუშავებამ და გატარებამ. ტურიზმის სფეროში ევროკავშირის ერთიანი პოლტიკა ძირითადად გამოიხატა შემდეგში:5
– ავიაგადაზიდვების ლიბერალიზაცია (დე-რეგულირება);
– ტურიზმის კანონმდებლობის დაახლოება და ჰარმონიზაცია;
– ტურისტული ფირმების ლიცენზირების ერთიანი წესის დადგენა;
– IAთA-ს (საავაციო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) სააგენტოებში დაშვების პირობების განსაზღვრა;
– მომხმარებელთა ფულადი თანხების დაცვის ფონდის შექმნა;
– მომხმარებელთა საჩივრების არბიტრაჟის შექმნა;
– ტურისტული ფირმებისათვის პეკიჯ-ტურებზე პასუხისმგებლობის დაკისრება;
– პეკიჯ-ტურების ფასებზე თავისუფალი ცვლილების უფლების გაუქმება;
– ტურიზმის ეკონომიკის საერთაშორისო კონცენტრაცია;
– დაჯავშვნის საერთაშორისო სისტემა.
ამასთან ტურიზმის თანმდევმა და მომიჯნავე დარგებმა შემდეგი ცვლილებები განიცადეს:
– შეიქმნა ერთიანი ევროპული სავალუტო სისტემა;
– წევრ ქვეყნებში დაწესდა თითქმის დღგ-ს მსგავსი სისტემა;
– შემოიღეს ხარისხის ერთიანი სტანდარტები;
– შეიქმნა შრომის ერთიანი ბაზარი;
– დაკანონდა ტურისტთა თავისუფალი გადაადგილება;
– შესაძლებელი გახდა საწარმოთა თავისუფალი შექმნა-რეგისტრაცია და ა.შ.
ჩვენი ქვეყნისათვის, რომელმაც მიზნად ევროპის ერთიან ოჯახში შესვლა დაისახა, უაღრესად მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული აქტივობები. საჭიროა მათი სისტემატიზება მნიშვნელობისა და შესრულების ვადის მიხედვით. მაგრამ უმრავლესობა მათგანი შესასრულებელია. უფრო ზუსტად კი უნდა გაიწეროს მათი შესრულება სახელმწიფის მიერ დადგენილი მკაცრი გრაფიკით. ამ მიმართებით ყველაზე მნიშვნელოვანია ტურიზმის კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოება და ჰარმონიზაცია, რაც გულისხმობს როგორც ზოგად კანონებს, ასევე ასობით კანონქვემდებარე აქტს, რომლებიც არეგულირებენ ურთიერთობებს ტურიზმის სფეროში და ხელს უწყობენ სტანდარტების შესრულებას. ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ უახლოეს ხანში უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ტურისტული ფირმების ლიცენზირების ერთიანი წესისა და IAთA-ს სააგენტოებში დაშვების პირობების დადგენის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ტურისტული ფირმების აღიარებას უცხოეთის საელჩოების მიერ, რომლებიც დღემდე არ ცნობენ მათ, ხოლო მეორე მხრივ, დააჩქარებს მათ ინტეგრაციას გარე სამყაროსთან (დღემდე უცხოელი ტუროპერატორების ურთიერთობას ქართულ ფირმებთან ხელს უშლის მათ მიერ ლიცენზიისა და სერთიფიკატის უქონლობა). პირველი რიგის ამოცანებს შორის უნდა განვიხილოთ ავიაგადაზიდვების ლიბერალიზაცია (დე-რეგულირება). პარალელურად უნდა შეიქმნას: მომხმარებელთა ფულადი თანხების დაცვის ფონდი; მომხმარებელთა საჩივრების არბიტრაჟი; დაეკისროთ ტურისტულ ფირმებს პეკიჯ-ტურებზე პასუხისმგებლობა და ა.შ.
ამრიგად, საერთაშორისო პრაქტიკა და ჩვენთან არსებული რეალური სიტუაცია მოითხოვს, რომ სახელმწიფომ ყველა დონეზე გააცნობიეროს თავისი როლი და ადგილი ტურიზმის, როგორც უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარებაში და ამ მიმართებით დასახოს და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.