კორუფციისა და ქურდობის რეკორდი “სოსიეტე ჟენერალში”

რედაქციისაგან

საქართველოს საბანკო სფეროში გასულ წლებში ინვესტორთა ბუმი იყო და ამ ტალღაზე ფრანგული გიგანტი ბანკი “სოსიეტე ჟენერალიც” შემოვიდა. “რესპუბლიკა ბანკში” საკონტროლო პაკეტის აღების შემდეგ პირველი, რაც გააკეთეს, უცხოელი მმართველი ჟილბერი მოიყვანეს და უზარმაზარი ხელფასიც დაუნიშნეს. ბუნებრივია, იპოთეკური კრედიტისათვის მან გახსნა ახალი რვალმილიონიანი ხაზი, მაგრამ საქართველოს საბანკო ბაზარზე განსაკუთრებული აგრესიულობით და არც ნოუ-ჰაუების დანერგვით არ გამოირჩეოდა. ბატონმა ჟილბერმა 2007 წელს ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მათთვის მთავარი სტაბილური, მყარი განვითარების ტემპი იყო.

ამასთან შეიცვალა რეკლამა და მცირედით იმიჯიც – ჩვენ “სოსიეტე ჟენერალის” მსოფლიო ჯგუფის წევრები ვართ!” და ამ დროს მსოფლიოს მოედო სკანდალი 5-მილიარდი დოლარის ქურდობაზე, რამაც განაცვიფრა საფინანსო სამყარო, თუ რიგითი მეანაბრე. “რესპუბლიკა ბანკი”-ს ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ გამოაცხადა, რომ ჩვენ მათთან საქმე არ გვაქვს და ეს ჩვენ არ გვეხებაო. ეს როგორ? თანაც, “სოსიეტე ჟენერალის” 2006 წელს მიღებული მოგება საეჭვოდ ემთხვევა დაკარგული თანხის ოდენობას. ასევე უსუსურია ბანკის განცხადება, რომ ის 2007 წლის მოგების ნახევარს დივიდენდებად გაანაწილებს, ოღონდ იმ სხვაობით 6 მლრდ ევროს მაგივრად 600 მლნ განაწილდება და კაპიტალის ზრდის შემთხვევაში ბანკს პრობლემა არ შეექმნება. არადა საბანკო სისტემას, მენეჯმენტის ნაწილში მსოფლიოში და საქართველოშიც დიდი პრობლემა აქვს.
საერთაშორისო მასშტაბით ბანკების თანამშრომლების მიერ ფულის დატაცების ფაქტები მეტად გასაიდუმლოებულია. აქ მუშაობს ფორმულა – თვით დაზარალებულ ბანკს არ აწყობს ამის გახმაურება. პირველი, იმიტომ, რიმ მას შეერყევა ავტორიტეტი კლიენტების წინაშე. ბანკის მთავარი კაპიტალია ავტორიტეტი და იმიჯი, ამის დაკარგვის შემთხვევაში ის შეიძლება რამდენიმე დღეში გაკოტრდეს. მეორე, ბანკს არ უნდა ზედმეტი შემოწმება როგორც სამართალდამცავების, ისე მარეგულირებლების მხრიდან. ამიტომ უმრავლეს შემთხვევაში ბანკები, მათ შორის ძირითადად მსხვილი ბანკები, მალავენ თანხების დატაცების ფაქტებს. მსოფლიო იცნობს გახმაურებულ ფაქტს, როცა 233-წლიანი ისტორიის მქონე ინგლისის უძველესი ბანკი გააკოტრა ვითომ ნიკ ლისონმა, რომელიც ბანკის ბროკერი იყო და სინგაპურის ბირჟაზე თამაშობდა. ეს გახმაურდა 1995 წელს და ბანკი გაკოტრდა. ოფიციალური ვერსია არასწორი იყო. ბანკის სრული ტოპ-მენეჯმენტის გარეშე ვერ შეძლებდა ნიკ ლისონი მოკლე და გრძელ, ღია, თუ დახურულ პოზიციებზე ასე თავისუფლად თამაშს, თან ასეთ უზარმაზარ, მილიონობით ლოტებზე. ბანკის მენეჯმენტი დილინგს, საერთაშორისო ბაზარზე ვალუტის და ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციას იყენებს დამატებითი პირადი შემოსავლის მისაღებად და ოპერაციის სერიოზული ჩავარდნის შემთხვევაში დანაშაულს თავის თავზე იღებს ერთი რიგითი მეისრე – ბროკერი. ვინც იცნობს დილინ-გრუმის და ბექ-ოფისის მუშაობის სქემას, წარმოუდგენელია ერთმა ადამიანმა ამდენი რამ გააფუჭოს ბანკში. სქემა ასეთია – ბანკის კორანგარიშებზე კლიენტურის ფულით ბანკი თამაშობს სავალუტო სპეკულაციებს, ყიდის და ყიდულობს ვალუტებს და ფასიან ქაღალდებს, მონაწილეობს ჰეჯ-ფონდების მუშაობაში. როცა ოპერაცია მთავრდება და ბროკერს ან საბროკერო კანტორას რჩება საკომისიო, ის ირიცხება ოფშროში, ცალკე ანგარიშზე და ბანკს უბრუნდება ძირითადი თანხა. ოფშორიდან მოგებას ინაწილებს ბანკის მენეჯმენტი.
მაგალითად, თქვენ შეიძინეთ 2007 წლის სექტემბერში 100 მილიონი ევრო 125 მილიონ დოლარად და ნოემბრის ბოლოს გაყიდეთ ეს ასი მილიონი ევრო, დახურეთ პოზიცია და მიიღეთ 147 მილიონი დოლარი, ანუ ორ თვეში თქვენ მოიგეთ 22 მილიონი დოლარი, მცირე საკომისიოს გამოკლებით (რომელსაც ნამუსიანი მენეჯმენტი ბანკს უტოვებს, მისი ფულის სარგებლობისათვის). დანარჩენი ამ საბროკერო ფირმიდან ირიცხება ოფშორზე და ნაწილდება ბანკის დაქირავებულ (მე ხაზს უსვამ დაქირავებულ) მენეჯმენტზე. ზოგჯერ ამაში გავლენიანი დამფუძნებლებიც არიან გარეულები და ყვლეფავენ აქციონერებს. ასეთი წარმატებით შეიძლება შეიძინოთ ოქროს, ნავთობის და ა.შ. ფიუჩერსები. მსოფლიო დაავადდა სპეკულაციის სენით და სწორედ სპეკულანტები – “დათვები” და “ხარები” არიან მსოფლიო ბაზარზე ძირითადად ფასების ამწევ-დამწევები. ვთქვათ, იზარალეს და პირიქით მოხდა, თქვენ 147 მილიონ დოლარად შეიძინეთ 100 მლნ ევრო, ხოლო შემდგომ ფასი დაეცა, დოლარი გამყარდა და თქვენ დაგრჩათ 100 მლნ ევრო? მაშინ ზარალი ბანკს ეწერება,რადგან ის ამას აიტანს და ეს ტარდება როგორც საკურსო დანაკარგი და იფარება ბანკის შემოსავლებიდან. ბანკის დაუბეგრავი შემოსავლებიდან თანხა ბიუჯეტსაც აკლდება და სახელმწიფო აფინანსებს ბანკების ტოპ-მენეჯმენტის რისკიან ოპერაციებს. თუ ეს დანაკარგი 25 მლნ-ია, მაშინ ადვილი დასაფარია, ხოლო თუ 4,9 მლრდ ევროს უდრის, ანუ 7,22 მლრდ დოლარია, ანუ საქართველოს თითქმის მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია, მაშინ მისი დაფარვა წარმოუდგენელია. სკანდალიც გორდება, მაგრამ ათასობით სკანდალი არ აგორებულა, რადგან, ბანკები მას მალავენ.
საიდუმლო იმალება – კერძოდ, ან კრიტიკულად აკლია ბანკს ლიკვიდურობა და ფული უჭირს, ამიტომ თანხები ნებისმიერ ფასად უნდა მოიზიდოს, რაც ვთქვათ, “სახალხო ბანკი”-ს შემთხვევაში გამორიცხული არ არის, ან მან თანხები დილინგისათვის უნდა მოიზიდოს. მეორე სიმპტომი, რაც ზოგიერთ ბანკს ახასიათებს ისაა, რომ არ აინტერესებთ კლიენტურა და პროექტების დაფინანსება. რატომ? რისთვის არის ბანკი, თუ კლიენტურა არ აინტერესებს? ან, დილინგზე მუშაობს, რაც თავისთავად, დანაშაული არ არის, ან ინსაიდერებზე. ცალკე აღებული დანაშაული შეიძლება არცერთი იყოს, მაგრამ აქ საუბარია, თუ რამდენად გამჭვირველე და ტრანსფერაბელურია ბანკის მენეჯმენტი და მისი ანგარიშების მართვა, რამდენად ადექვატურია აუდიტორული დასკვნა ბანკის ფინანსურ საქმიანობაზე.
პოლონეთის “ნაციონალ-ბანკის” ბორდის წევრის პაველ სამეცკის განცხადებით, აუცილებელია ბანკების აუდიტი უფრო ფართო იყოს და ეხებოდეს მისი საქმიანობის ყველა უბანს. პოლონეთში ერთიანი მარეგულირებელის ჩამოყალიბების შემდგომ ეს საკითხი გამკაცრდა და ბირჟებზე საფინანსო ინსტიტუტების მოღვაწეობას დიდი ყურადღება ეთმობა, განსაკუთრებით, საბანკო ინსტიტუტებს.
საქართველოში პირველი ბრიტანული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნუგზარ ფიფია აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ჩადებულია მუხლი ტოპ-მენეჯმენტის სრული შემადგენლობის კონტროლის შესახებ. ის ეროვნულ ბანკს წარედგინება და ამ პერსონალიებს დეტალურად შეისწავლიან. ამასთან, აუდიტის მიერ ბანკის საქმიანობის ყველა უბანი მეტნაკლებად კონტროლდება და დასკვნა, რომელიც ხშირად 80-100 გვერდს აჭარბებს, ყოვლისმომცველია.
მაგრამ ჩვენი აზრით, აქ პრობლემა ისაა, რომ საქართველოში და მსოფლიოშიც ასეთი დასკვნა კონფედენციალურია და ფართო საზოგადოებისათვის ხელმიუწვდომელი. ის არ ქვეყნდება. ეს პრობლემა მსოფლიო საბანკო სისტემასაც აქვს. ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორი მარკინ ნოვაკოვსკი აცხადებს, რომ ეს მსოფლიო საბანკო სისტემის პრობლემაა. გვაქვს დილემა – ამბობს ის, – ერთის მხრივ, საბანკო საქმიანობაში კონფედეციალურობა წმიდათაწმინდა საქმეა, მეორეს მხრივ, შეიძლება ამ კონფედენციალურობამ დიდი პრობლემები შექმნას.
მსგავსი პრობლემები სხვა ფრანგულ ბანკსაც ჰქონდა. ბანკი Credit Agricole SA იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ნიუ-იორკის ოფისის თანამშრომლების მაქინიაცია ბანკს 250 მილიონი ევრო დაუჯდა. ეს თანხა იმ 4,9 მლრდ ევროსთან შედარებით სასაცილოა, რომელიც “სოსიეტე ჟენერალის” თანამშროემლებმა მოიპარეს, მაგრამ მაინც ფაქტია და ტენდენციაზე მიანიშნებს. უფრო მეტიც, ასეთ თანხას, მიუხედავად დილინგის ოპერაციების სირთულისა, ერთი ან რამდენიმე თანამშრომელი ვერ გააკეთებდა. ალბათ, სერიოზულ შეთანხმებულ ჯგუფზეა საუბარი, ეს საერთაშორისო ტენდენციაა და ბევრ ბანკში ხდება, მაგრამ დანაკარგი ასეთი კატასტროფული არაა და ამიტომაც არ ხმაურდება.
მეორე ტენდენცია – საქართველოში და მსოფლიოში საოცარი სისწრაფით იზრდება მმართველობის შენახვის ხარჯები. საქართველოს ბანკებში შემოსავალი იზრდება, მაგრამ მოგება და დარიცხული დივიდენდები – არა, ანუ ბანკის მენეჯმენტს დივიდენდის დონე არ აინტერესებს. ისმის კითხვა, რატომ არ არის ეს მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა ცალკე განხილვის საგანი? იგივე “სოსიეტე ჟენერალის” მაგალითის მიხედვით, 2006 წელს ამ ბანკმა 5,22 მლრდ ევრო სუფთა მოგება მიიღო. წელს დანაკარგი ზუსტად იგივე მოცულობისაა და ხელმძღვანელობა აცხადებს რომ პრობლემას კაპიტალის გაზრდით მოაგვარებენ, ანუ ზარალს წმინდა მოგებით გადაფარავენ და ბალანსიც გასწორდება. მაგრამ ვის ხარჯზე ხდება ეს? აქციონერების შემოსავალს ბანკის ჩინოვნიკები ჭამენ. კურიოზი მოხდა “სიტი გრუპში”: ამ გიგანტმა 2007 წელს 18 მლრდ დოლარი ჩამოწერა. 10 მლრდ იზარალა, ხოლო იანვარში პრეზიდენტს და რამდენიმე ტოპ-მენეჯერს კარგი მუშაობისთვის 10 მილიონი დოლარი პრემია მისცეს. ეს სამართლიანია? მიგვაჩნია, რომ ეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც კვლევის საგანი უნდა გახდეს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial