ვინ არის “ბიზნეს-კილერი” საქართველოში?

რედაქციისაგან

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსში არსებული დრაკონული მუხლები ბიზნესს ანადგურებს და მისთვის დისკრიმინაციის პირობებს ქმნის.

საქართველოში ბიზნესის თავისუფლებისათვის ბევრი რამ გაკეთდა და მსოფლიოს რეიტინგში ამ კუთხით არსებული შეფასება მეტად მისასალმებელია. ამ პოსტულატებს ირგვლივ დიდი მსჯელობაა, კერძოდ, როგორ არის საქართველოში ბიზნესის წარმოება ასე თავისუფალი, როცა პრაქტიკაში ამდენი ბარიერია. მეორეს მხრივ, ფაქტია ისიც, რომ ფირმის გახსნა შესაძლებელია მინიმალური კაპიტალით და რეგისტრაციას მინიმალური ბიუროკრატიის გადალახვით რამდენიმე დღეში. გაუქმებულია ბევრი ლიცენზია და ნებართვა, გადასახადების ჩამონათვალიც შემცირებულია, მაგრამ მაინც მრავალი ბარიერი არსებობს.
ბიზნესის ბარიერები საქართველოში შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დავყოთ: პირველი ჯგუფია ბიზნეს-კილერები – საკომუნიკაციო სისტემებთან ურთიერთობა.
1) თქვენ გინდათ ბიზნესი დაიწყოთ და დარეგისტრირდით, გინდათ თქვენ კომერციულ ფართში ელექტრომომარაგების ქსელის გაყვანა. ამისათვის უნდა გადაიხადოთ 1000-დან 15000 დოლარამდე ქსელში ჩართვის საფასური. ეს იგივეა, რომ თქვენ მოგთხოვონ სუპერმარკეტში ან დიდ სავაჭრო ცენტრში შესვლის საფასური. “თელასი” არის არათავისუფლად გადაადგილებადი საქონლის – დენის მომწოდებელი სადენები, მისი მარაზმის – ელექტროდენის დისპეჩერიზაციის და მიწოდების თაროები. აბა რატომ უნდა გადავიხადო მე, მომავალმა კლიენტმა, იქ ჩართვისთვის ფული?? წარმოუდგენელია!!!!!!! საგანგაშოა!!!
– ხელშეკრულება არ მაქვს დენის მომწოდებელთან ხარისხსა და მოცულობაზე, ანუ მე არ შემიძლია რაიმე გადავაადგილო და შევაყოვნო, მე, როგორც ბიზნესს, არაფრის უფლება არ მაქვს, – “თელას”-ს შეუძლია 50 ჰერცის ნაცვლად 43 მომაწოდოს და – 220 ვოლტის ნაცვლად 200. შეუძლია გაუფრთხილებლად შეამციროს ძაბვა და მწყობრიდან გამოიყვანოს ძვირადღირებული ტექნოლოგიები და მეტიც, მე ვთქვათ, დავიწყე ტექნოლოგიურო პროცესი და წარმოებაში ავამუშავე ღუმელი და “თელას”-მა გამომირთო დენი, ნედლეული, რომელიც მოყვა ამ პროცესში, გამიფუჭდა და უნდა გადავაგდო, აგებს ამაზე “თელას”-ი პასუხს?
ანალოგიური სიტუაციაა გაზის სისტემაში ჩართვის დროს, თქვენ რაღაც ნახაზი უნდა გააკეთებინოთ მათ ფირმებს და შემდგომ შეუკვეთოთ რაღაც ტექნიკური სქემა, რომელშიც იხდით ფულს, შემდეგ გაზის სისტემაში ჩართვაშიც იხდით ფულს.
არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს იმის შესახებ, თუ რა გაზს გაწვდიან – 7000 კილოკალორიანს, თუ 3000 კილოკალორიანს, როგორი სიმკვრივისას და როგორი წნევის, რა მინარევებია მასში, ამის შესახებ თქვენ არაფერი არ იცით. მათ შეუძლიათ სრულიად უხარისხო გაზი მოგაწოდონ და თქვენს მიერ პროდუქციის კალკულაციაში შეტანილი ხარჯები ორჯერ გაგიზარდონ, როგორც ამ ზამთარს გააკეთეს და პასუხს არ აგებენ. უფრო მეტიც, მოაქვთ ისეთი მრიცხველები, რომელთა ცდომილება ძალზე დიდია და არც ამაზე აგებენ პასუხს.
ანალოგიური ვითარებაა “წყალკანალი”-ს სისტემაში ჩართვის დროს. ზღვარგადასული ბიუროკრატიაა და 1000-დან 150 000-მდე დროში გაწელილი საგადასახადო პროცედურები.
სასკ 149 მუხლის თანახმად, აჯარიმებენ ყველას, ვინც “ცპეს” პროექტის გარეშე ჩაერთვება ამ სქემაში, თუნდაც იხდიდეს წყლის გადასახადს. ამას ახლა ახალი მრიცხველებიც დაემატა, რომლის ღირებულება 600-1000 ლარს აღწევს.
ზუსტად იგივე სურათია სატელეფონო და ინტერნეტ-სისტემებში, რომელთა მუშაობა საქართველოში უზარმაზარ ზარალს აყენებს ბიზნესს.
– საკმაოდ მნიშვნელოვანია სატრანსპორტო გადაზიდვების და ლოჯისტკის პრობლემები, განსაკუთრებით საერთაშორისო-საკონტეინერო, სადაც არანაირ ვადებზე არაა ლაპარაკი და უზარმაზარი ფასებია. მაგალითად, 20-ფუტიანი საერთაშორისო კონტეინერის ტრანსპორტირება ჩინეთიდან, შენზენიდან ფოთამდე ღირს 1000 დოლარი, ფოთიდან თბილისამდე ასევე ათასი დოლარი. არის ეს ლოგიკური? არა! ასევე საქართველოში მოქმედი არცერთი ოპერატორი ან სააგენტო ტვირთების დაგვიანებისათვის არ აგებს პასუხს და ჩვენს პრაქტიკაში ისეთი მაგალითებიცაა, რომ ევროპიდან – გერმანიიდან ან ფინეთიდან ტრანსპორტირებას ანდომებენ 3 თვეს.
მეორე ბიზნეს-ქილერ ფაქტორია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსი. ის შეიძლება ითქვას, რომ დრაკონულია. ასე, მაგალითად, ავიღოთ 1461 მუხლი – ქუჩაში ნაგვის დაყრა! აქ არის სერიოზული ნონსენსი – ის, ვინც დაინტერესებული მხარეა ქალაქის დასუფთავების სამსახურია, ვისაც ევალება დაასუფთაოს და გაიტანოს ნაგავი, ისევე წერს სამართადარღვევათა ოქმს. ასე, მაგალითად თქვენ დაგიგროვდათ სამშენებლო ან სხვა ნაგავი, მოათავსეთ სპეციალურ პარკში, დადეთ გარეთ, სადაც იგი არავის უშლის ხელს და დაურეკეთ დასუფთავების სამსახურს, რომ ეს ნაგავი წაიღონ. თუ საჭიროა ამისთვის აუნაზღაურებთ კიდევაც, მაგრამ თუ თქვენს ფირმას ამ სამსახურთან წინასწარ არა აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (სასდკ) 1461 მუხლის 3-ე პუნქტის თანახმად ჯარიმდებით 500 ლარით და თუ მეორეჯერ არ გააფორმებთ – 5000 ლარით (29.12.2006 #4283). ეს ეწინააღმდეგება ყველა საბაზრო ნორმას და მიმართულია დასუფთავების სამსახურის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნისაკენ.
მაგრამ ეგ კიდევ არაფერი. იძახებთ ამ დასუფთავების სამსახურს, როგორც 09-ში გაცნობებენ (მაგალითისთვის ვაკე-საბურთალოს რაიონი) ტელეფონით: 39 70 62, იქ გაძლევენ კიდევ რაღაც ნომერს – 895 36 40 70, რომელზეც რეკავ და მოდის ადამიანი (მსუბუქი ავტომანქანით, რომლითაც, რა თქმა უნდა, ნაგავს ვერ გაიტანს), არც იცით ვინაა, შეხედავს თქვენს ნაგავს და გეუბნებათ, რომ 1 კბმ-ს გატანა ღირს 20 ლარი. თქვენ თანახმა ხართ თანხა გადაიხადოთ. შემდეგ ეს ინკოგნიტო ადამიანი მიდის, თან გპირდებათ, რომ მოიყვანს მანქანას, რომლითაც ნაგავს გაიტანს, ელოდებით, ისევ ურეკავთ და იგებთ, რომ ის ვერ მოვა, რადგან რაღაც პრობლემა აქვს. სამაგიეროდ მეორე-მესამე დღეს მოდის ინსპექტორი და წერს სამართალდარღვევათა ოქმს (ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ინსპექტორი გეუბნებათ, რომ თქვენ მეზობელმა გიიჩივლათ, ანუ ცხელ ხაზზე დარეკაო), იმისთვის, რომ ვერ გაიტანეთ ის ოთხი პარკი ნაგავი, მიაქვს შესაბამის საოლქო სასამართლოში ოქმი და სასამართლო თქვენგან დამოუკიდებლად, ანუ უთქვენოდ იღებს გადაწყვეტილებას და გაჯარიმებთ. იგივე 1461 მუხლის თანახმად, თქვენ 1000 ლარით, მეორე შემთხვევაში კი 3000 ლარით ჯარიმდებით. როცა გააპროტესტებთ, რომ ამის შესახებ თქვენთვის არავის უცნობებია, აუცილებლად გიჩვენებენ დეპეშას, რომელიც ვითომ გამოაგზავნა სახალხო ფოსტამ და იმან ვერ გიპოვათ. ასე უსირცხვილოდ წერს ფოსტა და დღემდე ამაზე პასუხი არ უგია, თუმცა რაც თქვენი ფირმა დააარსეთ, ყველა ცნობარში ხართ დაფიქსირებული და უზარმაზარი აბრაც გაქვთ გამოკრული, მაგრამ ფოსტამ ვერ გიპოვათ. რაც მთავარია, თქვენ 10 დღეში უნდა გაგესაჩივრებინათ სასამართლოს დადგენილება, რომლის შესახებაც 3 თვის შემდეგ გაცნობეს. უფრო მეტიც, შეიძლება ეს ფართიც და ნაგავიც თქვენი არ იყო, მაგრამ ფულს მაინც ჩამოგაჭრიან. წარმოიდგინეთ საშუალო ან მცირე საწარმო, რომლის საბრუნავი თანხა ხშირად 1000-2000 ლარია, რა დღეში ჩავარდება, ის ხომ გაკოტრდება. უფრო რთული სიტუაციაა ფიზიკურ პირებზე, ისინი თითქოს შეღავათით – 200 ლარით ჯარიმდებიან და ეს პენსიონერის 5 თვის შემოსავალი, ხოლო საშუალო ინტელიგენტის მთელი თვის ხელფასია. მიუხედავად იმისა, ეს ნორმა ორი წელია მუშაობს, თბილისში ქუჩაში დაყრილი ნაგვის რაოდენობა კი არ შემცირებულა და ბიზნესი ამ ორგანომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.
უფრო მეტიც, კოდექსში სერიოზული იურიდიული ატავიზმებია, ასე, მაგალითად, თავი 12, მუხლი 153-ის მიხედვით:
– მეწარმე სუბიექტის მიერ ვაჭრობის წესების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას შრომის ანაზღაურების 50-დან 100 მინიმალურ ოდენობამდე. წარმოგიდგენიათ 8000 ლარით დაგაჯარიმონ და არც კი გითხრან, რას ნიშნავს ვაჭრობის წესების დარღვევა – ის აქ არ წერია. ასეთი გადმონაშთები მთვარობამ გაასწორა, როცა ფასების და ფასწარმოქმნის, ასევე მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე ათასი სოციალისტური დებულება და აქტი გააუქმა. მაგრამ ვინ დატოვა ეს ჯარიმა ამ კოდექსში საინტერესოა, თუმცა ფაქტია ის, რომ ბიზნესის განვითარებას სერიოზულად აფერხებს.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მუხლი 1541 – “პურ-პროდუქტებით უზრუნველყოფის სისტემის რეორგანიზაციის დადგენილი წესის დარღვევა”.
გაიგეთ რას ნიშნავს ეს? აკი ლიბერალური ეკონომიკა და თავისუფალი ბაზარიაო? რას ნიშნავს ეს მუხლი, რომლის დარღვევისათვის ბიზნესმენი ჯარიმდება შრომის ანაზღაურების მინიმალური განაკვეთის 100-მაგიდან 500-მაგამდე ოდენობით, ანუ დაახლოებით 40 000 ლარით? აი, რა ართულებს ბიზნესის წარმოებას და აქვეითებს რეიტიგს.
ამ ხარვეზების ჩამონათვალის გაგრძელება ამ კოდექსში უსასრულოდ შეიძლება და ის სუპერ ბიზნეს-კილერია. ამიტომ აუცილებელია შეიქმნას ახალი ადმინსტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, თანაც სასწრაფოდ – ის ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს. მნიშვნელოვანი იქნებოდა აქ დონორების მოზიდვა და კომპეტენტური სამუშაო ჯგუფის შექმნა, სადაც იურისტებთან ერთად ეკონომისტებიც ითანამშრომლებდნენ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial