საკუთრება და თავისუფლება, თუ სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა?

მაკა ღანიაშვილი

საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამეტური უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა. საკუთრება უზრუნველყოფს ადამიანის თავისუფლებას, მისი უნარებისა და შესაძლებლობების რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. იმავდროულად, კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს.

შესაბამისად ის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაცაა. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების, განსაკუთრებით კი საკუთრების უფლების იგნორირება გამორიცხავს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, მთლიანად საზოგადოებისა და მის ცალკეულ წევრთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სტაბილურობას.
მაგრამ მრავალი არგუმენტი არსებობს, რომ მთელი ისტორიის მანძილზე კერძო საკუთრების ინსტიტუტისათვის გასული XX საუკუნე როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე ნაკლებ ხელსაყრელი იყო. იგივე გრძელდება XXI საუკუნეშიც და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტოტალიტარული და სხვა დესპოტური რეჟიმებისაგან განსხვავებით, დემოკრატია საყოველთაოდ აცხადებს უპირობო ვალდებულებას კერძო საკუთრების პრინციპის მიმართ: აქამდე მსოფლიოს ამდენ კონსტიტუციას არასოდეს გამოუცხადებია მისი ხელშეუხებლობა. რეალობა ასე თუ ისე სხვანაირია – უფლებები საკუთრებაზე და მასთან დაკავშირებული თავისუფლებები სხვადასხვაგვარი საშუალებებითაა დამახინჯებული, ამათგან ზოგი აშკარად და გარეგნულად კონსტიტუციურია, დანარჩენი კი – არაპირდაპირი, შემოვლითი და საეჭვო კანონიერების მქონე. საკუთრების უფლებების ხელყოფა ყოველთვის არაა აშკარა, ვინაიდან მთავრობათა მხრიდან ის ხშირად ხორციელდება “საზოგადოებრივი სიკეთის” სახელით.
ისტორიული წიაღსვლები
საკუთრებისა და თავისუფლების შეზღუდვა სახელმწიფოს მმართველთა მხრიდან ღარიბთა მიმართ დამოკიდებულების შეცვლას მოჰყვა. XIX საუკუნის დასასრულს მთავრობები იმ აზრამდე მივიდნენ, რომ საკუთრებაზე შეუზღუდავი უფლებები მდიდრებს საშუალებას აძლევდა დაეჩაგრათ ღარიბები. ამან გამოიწვია სოციალურ პოლიტიკაში აქცენტის გადაადგილება: თავისუფლებასა და საკუთრებას უფრო ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭა, ვიდრე სოციალურ სამართლიანობასა და თანასწორობას. იმის გამო, რომ ღარიბი ამომრჩეველი ყოველთვის და ყველგან რიცხობრივად აღემატება მდიდარ ამომრჩევლებს, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის თეორიულად არ არსებობს შეზღუდვები, ფეხქვეშ არ გათელოს კერძო საკუთრების უფლებები. სახელმწიფოთა გაზრდილ პასუხისმგებლობას, თავის მხრივ, მიჰყავდა საზოგადოება მის ცხოვრებაში ინტენსიური სახელმწიფო ჩარევისაკენ და ამის შედეგად თავისუფლების ხელყოფისაკენ.
მიზეზები და გზები, რომელთა საშუალებითაც მოქალაქეები სულ უფრო დამოკიდებული ხდებინ მთავრობებზე ბევრია:
სამთავრობო დახმარებები და შემწეობები;
სახელმწიფო სამსახური;
პროფესიული ლიცენზიები;
სამთავრობო კონტრაქტები – განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ეს ფორმა თავდაცვით მრეწველობაში ასრულებს;
სუბსიდიები – სოფლის მეურნეობის, გადაზიდვების, ადგილობრივი საჰაერი ხაზების და ბინათმშენებლობის ხელშესაწყობად გამოყოფილი თანხები;
სახელმწიფო რესურსებით სარგებლობა – სასარგებლო წიაღისეულის საბადოები, საძოვრები, ტყის მეურნეობა და რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, ტრანსპორტი და კომუნიკაციები, რადიო და ტელეარხები;
სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევების პოლისების სისტემა და სხვა.
XX საუკუნის შუა წლებში ინგლისში, სადაც კერძო საკუთრებას საუკუნეების განმავლობაში მყარი საძირკველი ჰქონდა, შეიქმნა პროფესიული სამოქალაქო სამსახური, რომელიც უნდა დაკვირვებოდა ერის სოციალურ პრობლემებს და შეემუშავებინა ზომები მათ გადასაწყვეტად. პარლამენტი ხშირად იზიარებდა ამ სამსახურის რეკომენდაციებს. ამგვარად ჩაეყარა იდეოლოგიური საფუძველი საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს, რასაც საკანონმდებლო ინიციატივები და ახალი კანონები მოყვა.
კეთილდღეობის პროგრამები უზარმაზარ ფულად დანახარჯებს მოითხოვდა, რისი მიღწევაც მხოლოდ გადასახადების მეშვეობით შეიძლებოდა, ამან კი გადასახადები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია. მოსახლეობის რეგულარული პირდაპირი დაბეგვრა (პირდაპირი გადასახადები ბეგრავს პიროვნებებს, არაპირდაპირი – ნივთებს, მომსახურებას, საქმის წარმოებას) XX საუკუნის სიახლეა. ანტიკურ ათენში კი მსგავსი გადასახადი ტირანიად მიიჩნეოდა და ათენელი მოქალაქეები მისგან გათავისუფლებულები იყვნენ; ქალაქ-სახელმწიფო კი თავს საზოგადოებრივი ქონებიდან შემოსული შემოსავლებით, სასამართლო შენატანებით, ჯარიმებით და ისეთი არაპირდაპირი გადასახადებით ირჩენდა, როგორიცაა გადასახადები ვაჭრობაზე და სანავსადგურო გადასახადები. პიროვნული თავისუფლების დაკარგვად აღიქმებოდა რეგულარული გადასახადები შუა საუკუნეებშიც. თანამედროვე დემოკრატიული მთავრობები კი გადასახადებმა კერძო საკუთრების გადამანაწილებელ გიგანტურ მექანიზმებად გარდაქმნეს: საშემოსავლო გადასახადების მეშვეობით მთავრობა აითვისებს კორპორაციათა და ცალკეული მოქალაქეების შემოსავალთა დიდ პროცენტს და არა მარტო გადაანაწილებს ადამიანთა ქონებას, არამედ არეგულირებს მათ მოხმარებასაც სხვადასხვა აქტებისა თუ კანონების მეშვეობით – მთავრობა აწესებს მინიმალურ ხელფასებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონტრაქტის თავისუფლებასთან; სახელმწიფო ერევა ფაქტობრივად ბიზნესის ყველა სახეობაში, სჯის რა ნებისმიერ ქმედებას, რომელიც წააგავს ფასების ფიქსაციას, საზოგადოებრივი სარგებლობის დაწესებულებებზე ტარიფის დაწესებას, კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის რეგულირებას.
აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ სიმწვავეს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით იძენს. Gგარემოს დაცვის ისტერია, შიში იმისა, რომ დედამიწა სადაცაა განადგურდება, ქმნის მძლავრ ემოციურ არგუმენტს ქონებრივი უფლების ხელყოფის გასასამართლებლად. ყველა სახელმწიფოში არსებობს საკანონმდებლო აქტები, რომლებიც მიწათსარგებლობისა და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენების წესებს ადგენენ. უნდა ითქვას, რომ შესაბამისი კანონების აღსრულების დროს არცთუ ისე იშვიათად გაუმართლებლად ილახება კერძო მესაკუთრეების უფლებები მათ საკუთრებაში მყოფი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე, რადგან ეს ჯეროვანი კომპენსაციის გარეშე ხდება.
სხვადასხვაგვარ ნორმატივსა და დებულებაში გარკვევა უდაოდ მნიშვნელოვანია, როცა საქმე მათი ეფექტურობის განსაზღვრას, ანდა სამართლებრივ მიზანშეწონილებას ეხება. მაგრამ ყველა ნორმატივის ერთი ნიშნით გაერთიანებაც შეიძლება – ყველა მათგანი კერძო საკუთრების ნაწილობრივ ჩამორთმევას უტოლდება.
თანამედროვე პირობებში კი მთავრობის ჩარევა გარდაუვალი და ხშირ შემთხვევაში მრავალმხრივ სასარგებლოა – “საზოგადოებრივი სიკეთის” კონცეფცია მაშინაც კი, თუ ის ბოროტად გამოიყენება, მხედველობაშია მისაღები. მაგალითად გარემოს დაბინძურება გადაუდებლად აუცილებელს ხდის, რომ მთავრობამ მუდმივი მეთვალყურეობა დააწესოს სამრეწველო ნარჩენებსა და საავტომობილო გამონაბოლქვზე; ვინმემ უნდა მიხედოს, რომ მოქალაქეები საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიერ დისკრიმინირებულნი არ იყვნენ მათი რასობრივი, რელიგიური კუთვნილების, ანდა სექსუალური ორიენტაციის გამო; საჰაერო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს; აუცილებელია ექიმების ლიცენზირება, მოხუცებულთა და ღარიბთათვის კი სამედიცინო მომსახურება. ყოველივე ეს სახელმწიფოს ჩარევას მოითხოვს, რაც ზღუდავს ადამიანთა თავისუფლებას, მაგრამ ასევე იცავს მას – თანამედროვე მსოფლიოში კერძო საკუთრება, ტრადიციულად თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი ბასტიონი, უნდა შეიზღუდოს საზოგადოების სასარგებლოდ. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ საკუთრება აღარ გამოდგება თავისუფლების გარანტად და რომ მისი გადარჩენა მეტად პრობლემატურია. მაგრამ ეს შეიძლება ასევე ნიშნავდეს იმას, რომ უნდა მოიძებნოს ის გზა საკუთრების დაცვა-შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, რომლის დარღვევასაც საზოგადოება ვერ შეძლებს თუ ამავე დროს დაიცავს ფუნდამენტურ სოციალურ სამართლიანობას.
თუკი პიროვნული საკუთრების დაცვასა და განმტკიცებაში კერძო საკუთრების ტრადიციულ როლს ვაღიარებთ, ბუნებრივად იბადება კითხვა – სახელმწიფოს მიერ დოვლათის დაგროვება და გადანაწილება ისეთი სიტუაციის ფონზე, როდესაც მის აპარატს ნებისმიერ დროს შეუძლია ხელყოს საკუთრების უფლებები რაიმე სოციალური საჭიროების მომიზეზებით, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სოციალური უზრუნველყოფის თანამედროვე სისტემა გარკვეულწილად ემუქრება პიროვნულ თავისუფლებას?
ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, განსაკუთრებით აშშ-სა და ევროპის სასამართლო პრაქტიკით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სასამართლო სისტემა ეფექტურად იცავს მოქალაქეთა ქონებას სხვა მოქალაქეთა მიერ ხელყოფისაგან, მაშინ, როდესაც ქონების ჩამორთმევა ხდება უშუალოდ მთავრობის სახელით, კანონით ამას სათანადო გამართლება და განსაზღვრული კომპენსაცია უნდა ახლდეს, მაგრამ პრაქტიკაში ეს პროცესი ხშირად კონფისკაციის სახეს იღებს. როგორც წესი, მოარულ ფრაზას “საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის” – მთავრობის მიერ თავისებური, მეტად ლიბერალური ინტერპრეტაცია ეძლევა. ამ ლოზუნგით ხშირად ხდება, მაგალითად, მიწის ჩამორთმევა ისეთი მეტად საეჭვო მიზნებისათვის, როგორიცაა ბაზრობის მოწყობა ან საბინაო განაშენიანების პროექტის განხორციელება. ხშირად ამით სარგებელს ცალკეული პიროვნებები ანდა ჯგუფები იღებენ და არა მთელი საზოგადოება. ამასთან კომპენსაციის განსაზღვრაც თვითნებურად ხდება – ზოგჯერ იმაზე ნაკლები ოდენობით, რაც მფლობელს თავისი ქონება უღირს.
საკუთრების ინსტიტუტი საქართველოში
როგორც ვხედავთ, დღეს მართლაც რომ ბევრი ბერკეტი არსებობს იმისათვის, რომ კერძო საკუთრების ინსტიტუტი და შესაბამისად პიროვნების თავისუფლება შეილახოს. მოქალაქეთა მდგომარეობა კი კიდევ უფრო მძიმდება, თუ კანონიერ და გარდაუვალ მიზეზებს თან მმართველი წრეების უკანონო ქმედებებიც ახლავს.
საქართველოში უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტებს შორის მუდმივად სახელდება ეკონომიკური განვითარება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესის ხელშეწყობა. ამ მიზნების მიღწევა კი პრაქტიკულად შეუძლებელია საკუთრების უფლების დასაცავად მყარი სამართლებრივი გარანტიების შექმნისა და მათი რეალურად უზრუნველყოფის გარეშე. საპირისპიროდ კი საქართველოს სახალხო დამცველი, საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ოპოზიციური პარტიები ხმამაღლა საუბრობენ საქართველოში საკუთრების უფლებების ხელყოფის ფაქტებზე. რამდენად ახერხებს ქვეყნის ხელისუფლება ხმამაღლა გაცხადებული მიზნების რეალობად ქცევას?
საკანონმდებლო ბაზა
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით: “ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების, ანდა ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.”
როგორც მუხლის შინაარსიდან ჩანს, საკუთრების უფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ უფლებაში ჩარევისა და რეგულირების ფარგლების დადგენა. ევროპული კონვენცია იმ პირობათა მკაცრ რეგლამენტაციასაც ახდენს, რომელთა შემთხვევაშიც გამონაკლისის წესით შეიძლება დაიშვას საკუთრების უფლების შეზღუდვა:
საზოგადოებრივი საჭიროება, რომელიც უნდა იყოს განპირობებული საზოგადოებრივი ან სოციალური მოთხოვნით, უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და იყოს ამ მიზნის პროპორციული;
ნებისმიერი ჩარევა საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებაში, ეს იქნება ქონების ჩამორთმევა თუ ქონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, უნდა იყოს კანონით განსაზღვრული და განხორციელდეს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით;
ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
2001 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 1950 წლის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის რატიფიცირება მოახდინა, რითაც თავისი იურისდიქციის ფარგლებში, საკუთარ თავზე აიღო საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში “საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.” საქართველოს კონსტიტუცია საკუთრების უფლების შეზღუდვისა და ჩამორთმევის პირობებსაც განსაზღვრავს:
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება;
შეზღუდვის წესის კანონით დადგენა.
რაც შეეხება საკუთრების უფლების ჩამორთმევას, საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია:
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის, კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით და სათანადო ანაზღაურებით;
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის, ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, სათანადო ანაზღაურებით.
საკუთრების ჩამორთმევის დროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები განსაზღვრულია “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონში:
გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა;
რკინიგზის ხაზების გაყვანა;
ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანა;
ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობა;
წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანა;
სატელეფონო ხაზების გაყვანა;
სატელევიზიო კაბელების გაყვანა;
საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობა;
ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოები;
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.
საქართველოში საკუთრების უფლება აღიარებული და გარანტირებულია კონსტიტუციითა და კანონებით, თუმცა რამდენიმე ფაქტი კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხელყოფასთან დაკავშირებით არა მარტო საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველი უწყებებისა და ორგანიზაციების განსჯის საგანი გახდა. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ) ყოველწლიურ მოხსენებაში ნათქვამია: “2007 წლის იანვარ-თებერვალში, როდესაც თბილისის მერიამ დაანგრია პატარა მაღაზიები, ჯიხურები და სავაჭრო პუნქტები მეტროების მიმდებარე ტერიტორიებსა და სხვა ადგილებზე, მიზეზად ქალაქის იერსახის დამახინჯება დაასახელა. უმეტეს შემთხვევაში მესაკუთრეები მხოლოდ ზეპირ გაფრთხილებას იღებდნენ, მათ საკუთრებას კი მანამდე ანადგურებდნენ, სანამ დაზარალებულები სასამართლოს მიმართავდნენ. კერძო საკუთრების ხელყოფის შემდეგი ტალღა თბილისში და ქალაქის ახლოს მდებარე რესტორნების მფლობელებს დაატყდათ თავს, მესაკუთრეებს მოსთხოვეს ნებაყოფლობით გადაეცათ საკუთრება სახელმწიფოსათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში აღიძვრებოდა საქმე მათ წინააღმდეგ იმისათვის, რომ ეს ქონება კორუფციული გარიგებებით მიიღეს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში. 2007 წლის აპრილში დაზარალებულებმა მასობრივი საპროტესტო აქციები გამართეს, სადაც აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ ისინი აიძულა კერძო საკუთრება სახელმწიფოსათვის “ეჩუქებინათ”, Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ-ი ამით არ შემოიფარგლება და თბილისში თაბუკაშვილის #50-ში მდებარე ცნობილი ბინის დემონტაჟსაც ეხება – 2007 წლის ივლისში, დედაქალაქის ცენტრალური უბნის ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებნი პოლიციამ სახლებიდან იძულებით გამოასახლა, კორპუსიც დაანგრიეს იმ მიზეზით, რომ მშენებლობის დროს დაშვებული იყო კონსტრუქციული შეცდომები, რაც შენობას ავარიულს ხდიდა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მათი გამოსახლების მიზეზი იყო ის, რომ მიწა, რომელზეც აღნიშნული ბინა მდებარეობდა საქართველოს მთავრობამ უცხოელ ინვესტორს მიყიდა. მართალია, მესაკუთრეებმა მიიღეს კომპენსაცია ინვესტორისაგან, მაგრამ დაზარალებულები თვლიან, რომ ეს თანხა არ იყო მიყენებული ზიანის ადეკვატური.”
ასეთია ფაქტები, რომელთა შესახებაც Hღჭ საქართველოში ადამიანის უფლებათა მიმოხილვის დროს საუბრობს. მაგრამ იქვე დასძენს, რომ 2007 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება “კერძო საკუთრების უფლებების ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ” (იხ. “საქართველოს ეკონომიკა”, 2007, #12 გვ.24-25, “რას გულისხმობს პარლამენტის დადგენილება კერძო საკუთრების უფლების ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ?!). “მომავალი გვიჩვენებს, თუ რამდენად შეუწყობს ხელს ეს დადგენილება კერძო საკუთრების ინსტიტუტის განმტკიცებას საქართველოში”- აღნიშნულია საერთაშორისო ორგანიზაციის მოხსენებაში.
თუმცა უნდა ითქვას, რომ მომავალი ჯერჯერობით სახარბიელოს ვერაფერს გვიქადის, კერძოდ, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” (საია) მუშაობენ საქმეზე, რომელიც კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტს ეხება უკვე 2008 წელს, ანუ ზემოაღნიშნული დადგენილების მიღებიდან სულ რამდენიმე თვეში: ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურში შპს “ევრაზიას” უარი უთხრეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის რეგისტრაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციო სამსახურს “ევრაზიამ” სათანადო დოკუმენტებთან ერთად საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობაც წარუდგინა.
როგორც შემდეგში საქმის შესწავლისას “საიამ” გაარკვია, მიწაზე, რომელზეც “ევრაზია” საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს, 2007 წლის 25 დეკემბერს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოუცხადებია პრივატიზება. აუქციონი 2008 წლის 24 იანვარს ჩატარდა. “საიამ” ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მთავრობას და მოითხოვა აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იგივე მოთხოვნით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმაც. ამის მიუხედავად, აღნიშნულ სამინისტროში აუქციონი მაინც ჩატარდა და კანონდარღვევით გაიყიდა შპს “ევრაზიის” საკუთრებად აღიარებული ქონება. დაზარალებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასაც მიმართა, თუმცა მისი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში “საიას” მიერ შეტანილ საჩივარში ვკითხულობთ: “ზოგიერთი ჩინოვნიკის უკანონო გადაწყვეტილების გამო არსებობს იმის საშიშროება, რომ მომდევნო რამდენიმე წელი სასამართლოში გავატაროთ და ვამტკიცოთ ის, რომ თეთრი არის თეთრი. ჩვენ, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში სამართალს ვერ ვიპოვით, ამ საქმეს სტრასბურგამდე მივიტანთ, მაგრამ რატომ უნდა შევიტანოთ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი და რატომ უნდა ველოდოთ წლები იმას, რისი მიღებაც კანონის მოთხოვნათა დაცვით რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი.”
კერძო საკუთრების ხელყოფის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა: “მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ სიტყვიერად მკაფიოდ გამოავლინა ნება, რომ საქართველოში მეტად აღარ დაირღვევა საკუთრების უფლება, საკუთრების უფლების დარღვევა კვლავ გრძელდება და ხშირად ძალიან ცინიკური ფორმითაც. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა განაცხადა საკუთრების დაცვის კომისიის შექმნის შესახებ, ჩვენთან უამრავი მოქალაქე მოდის, რომელთა საკუთრების უფლებები ძალიან უხეშად დაირღვა და რომლებიც ამ კომისიის შექმნას იმედით ელიან… მე არ ვიცი, რა პასუხი უნდა გავცე ამ მოქალაქეებს იმ ფონზე, როცა ვერც ერთი სხვა უწყება – ვერც სასამართლო, ვერც პროკურატურა და ვერც რომელიმე სხვა – ვერ უზრუნველყოფს მათი დარღვეული უფლებების აღდგენას. მეტიც, ხშირად სწორედ ეს უწყებები გვევლინებიან მთავარ უფლებადამრღვევებად”.
სახალხო დამცველმა საკუთრების უფლების დარღვევის რამდენიმე მაგალითი დაასახელა, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის ოფისის დაყადაღება და ამ უკანონობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარმოადგინა.
ერთი მნიშვნელოვანი პარალელიც – ზემოთ არაერთხელ ვახსენეთ “საზოგადოებრივი ინტერესები”, რომელსაც მმართველი წრეები ხშირად საკუთრების უფლების შესაზღუდად იყენებენ. საკუთრების უფლების ხელყოფის ერთ-ერთ ფაქტზე (საქმე შეეხება თბილისის მერიის მიერ ჩატარებულ უკანონო პრივატიზებას კონსტიტუციის ქუჩა #6-ში მდებარე მიწასა და შენობა-ნაგებობებზე, რომელთა ნაწილს ჯერ კიდევ 1994 წლიდან სხვა მეპატრონე ჰყავდა და იგი ამხანაგობების მიერ იყო პრივატიზებული) ომბუდსმენმა აღნიშნა: “ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენ შევხვდით მერიის წარმომადგენელს, რომელმაც ვერ წარმოადგინა ვერავითარი სამართლებრივი არგუმენტი, ხოლო სიტყვიერ საუბარში სრულიად არასამართლებრივი არგუმენტი მოიყვანა – თითქოს მერია მოქმედებდა საჯარო ინტერესის შესაბამისად, რადგან ეს ობიექტი 14 წლის წინ სულ რაღაც 20 ათას აშშ დოლარად გაიყიდა, ახლა კი გაცილებით ძვირად.” ასე რომ, კერძო საკუთრების ხელყოფის “საზოგადოებრივი სიკეთის” სახელით გამართლებაზე ამდენი ტყუილად არ გვისაუბრია, მას ქართული ბიუროკრატიული აპარატიც “დიდი წარმატებით” იყენებს.
სახალხო დამცველს სოზარ სუბარს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
– ბოლო წლებში საქართველოში მართლა ასეთი გახშირებულია კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტები თუ ადრე უბრალოდ სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდით მსგავს ფაქტებს და არ ვახმაურებდით?
– დღეს საქართველოში საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები ძალიან გახშირებულია. წარმოუდგენელია მესაკუთრე, რომლის საკუთრებასაც ხელყოფდნენ, გაჩუმებულიყო შევარდნაძის პერიოდში, როდესაც მას სიმართლის თქმის ნაკლები შიში ჰქონდა. საკუთრებას როცა გართმევენ, მართლა რაღაცა წარმოუდგენელი შიში უნდა გქონდეს, რომ ამაზე გაჩუმდე, ანუ რაღაც უფრო ძვირფასს შეეხებიან. უფრო ძვირფასი კი შეიძლება იყოს შენი ან შენი ახლობლის, შვილის ან ვიღაცის სიცოცხლე. ყოველ შემთხვევაში, როცა საკუთრების უფლების ხელყოფა ხდება, ადამიანები არ ჩუმდებიან, ამიტომ ცხადია, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტები და თანაც საკმაოდ ცინიკური ფორმით.
– რა არის ამის მიზეზი – სათანადო სამართლებრივი ბაზის არარსებობა, რომელიც საქართველოში კერძო საკუთრების მყარ გარანტიებს შექმნიდა, თუ არსებობს კანონები, მაგრამ არ არსებობს პოლიტიკური ნება ამ კანონების შესასრულებლად?
– საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შეძლებს საკუთრების უფლების დაცვას, საქართველოში არსებობს და მათი შესრულება 100%-ით პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. საკუთრების უფლების ხელყოფას და დარღვევას სხვადასხვა ფორმა აქვს – ეს შეიძლება იყოს წართმევა სახელმწიფოს მხრიდან; პროკურატურისა თუ სხვა უწყებების მიერ მოქალაქეების დაშინება და ზეწოლა, რომ მესაკუთრეებმა “აჩუქონ” სახელმწიფოს ქონება – მართალია არა პირდაპირი, არამედ უფრო შემოვლითი გზით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ესეც საკუთრების უფლების ხელყოფაა; ასევე პირდაპირ, ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე მისვლა და კერძო ქონების – სახლების, ჯიხურების, მაღაზიების, დანგრევა და ა.შ., როდესაც არასწორად გამოიყენება კანონი “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ”.
ასეთია საქართველოს სახალხო დამცველის პოზიცია, რომელსაც როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია იზიარებს. საქართველოში კერძო საკუთრების უფლება ძალიან ხშირად ილახება. საკუთრება კი თავისუფლებისა და კეთილდღეობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, რაზედაც თვით ისტორიული განვითარება მიუთითებს – დასავლური ცივილიზაციის მიერ გლობალური ეკონომიკური უპირატესობის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკუთრების ინსტიტუტში ძევს, რომელიც სწორედ იქ წარმოიშვა და სრულ განვითარებასაც მიაღწია. ნათელია, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკური დამოუკიდებლობის, მათ შორის საკუთრების უფლებათა ყველაზე მტკიცე გარანტიებს იძლევიან, ფაქტობრივად, გამონაკლისის გარეშე ყველაზე მდიდარ სახელმწიფოთა რიცხვს განეკუთვნებიან, მოწინავე პოზიციებზეა მათი ბიუროკრატიული აპარატი და სამართლებრივი ინსტიტუტებიც და ეს არა მხოლოდ ევროპულ სახელმწიფოებზე ითქმის, არამედ ისეთ ქვეყნებზეც, როგორებიცაა იაპონია, სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი, ტაივანი და სხვა.