ეროვნული მეურნეობის სტრუქტურული დონეები

ნატო ჩიკვილაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელი მაია დანელია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელი თეონა ბაგრატიონი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი

თანამედროვე ეროვნული მეურნეობა მაღალი სირთულითა და დინამიურობით ხასიათდება. კანონზომიერია ორგანიზაციულ-ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებული ჩვენი ქვეყნის საწარმოები, ორგანიზაციები და დაწესებულებები განხილულ იქნას ეროვნული მეურნეობის მთლიანი კომპლექსის სტრუქტურის პირველად უჯრედებად.

საზოგადოებრივი კვლავწარმოების პროცესში ამ ელემენტებს შორის სხვადასხვა სახის კავშირები და ურთიერთობები მყარდება. ამის შედეგად პრაქტიკულად ყველა ეს ელემენტი ერთიანდება გარკვეული შეხამებით და ურთიერთობები შენარჩუნებულია. აღნიშნული შეხამებები და გაერთიანებები თავის მხრივ ერთდროულად ერთიანდება უფრო მსხვილ ბლოკებში ამა თუ იმ საერთო ტიპის ურთიერთობებით. თანამედროვე ეტაპზე სამეურნეო განვითარებისათვის პროგრესირებადი სპეციალიზაციის ტენდენციებთან ერთად სულ უფრო მეტად დამახასიათებელია სხვადასხვა ელემენტების ინტეგრაციის ტენდენციაც, ძლიერდება ურთიერთკავშირიც და ურთიერთგანპირობებულობას.
ეროვნული მეურნეობის ელემენტების სიმრავლე ერთმანეთთან დამყარებული კავშირებითა და ურთიერთობებით, განსხვავებული კავშირებისა და ურთიერთობების ფორმირების ჩათვლით, შეადგენს ეროვნული მეურნეობის სტრუქტურას. განსხვავებული კავშირებისა და ურთიერთობების სახით შეიძლება გამოვყოთ კავშირებისა და ურთიერთობების სხვადასხვა სახის ტიპები როგორც პირველად ელემენტებს შორის, ასევე მათ მრავალსახეობრივ შეხამებებსა და შერწყმებს შორისაც.
ეროვნული მეურნეობის სტრუქტურა ყველაზე უფრო სრულად და მთლიანად გამოხატულია ქვეყნის ეკონომიკის დონეზე, რაც საშუალებას გვაძლევს ვილაპარაკოთ ერთიანი მეურნეობრივი კომპლექსის ფორმირების დონეზე. ეროვნული მეურნეობის სტრუქტურა საერთოდ წარმოადგენს მეურნეობის ცალკეული ელემენტისა და მათი გაერთიანების შეხამება-შერწყმას მათ შორის არსებული ყველა კავშირითა და ურთიერთობით. ასეთი სტრუქტურა ერთია და ერთიანია. ამასთან ანალიზის სხვადასხვა მიზნებისათვის, მართვისა და დაგეგმვის საჭიროებისათვის შესაძლებელია და მიზანშეწონილიც გამოიყოს და განხილულ იქნას ელემენტების ესა თუ ის შეხამება ერთმანეთთან კავშირებისა და ურთიერთობების გარკვეული ერთიანობით. ეროვნული მეურნეობის ელემენტების ერთიანობისა და კავშირების შესაძლო სიმრავლემ წარმოშვა წარმოდგენა მის პოლისტრუქტურულობაზე.
ეროვნული მეურნეობის პოლისტრუქტურულობის ობიექტური საფუძველია შრომის საზოგადოებრივი დანაწილება და მის საფუძველზე ფორმირებადი მისი ელემენტების განსხვავებული სახეობრიობა, მრავალსახეობა კავშირებსა და ურთიერთობებს შორის. პოლისტრუქტულობის სუბიექტურ წანამძღვრად გამოდის მართვის სხვადასხვა ორგანიზაციული ფორმები.
მთლიანობაში შეიძლება გამოვყოთ ორი განზოგადებული ურთიერთობების ტიპის ერთიანობა (ერთობა):
1) მსგავსებით, ეროვნული მეურნეობის ელემენტების ცალკეული ნიშნებისა და მათი შეხამების ერთგვაროვნებით. ასე მაგალითად, საწარმოო-ეკონომიკური ნიშნების ერთობით (რესურსების, ტექნოლოგიის, მზაპროდუქციის) ეროვნული მეურნეობის ელემენტები დარგობრივ შეხამებაში ჯგუფდება; გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში განთავსების ერთობით ისინი ერთიანდებიან ტერიტორიულ შეხამებაში. ბოლოს, ზემდგომი ორგანოებისა და მართვის სფეროების ერთობით ხდება ეროვნული მეურნეობის ელემენტების გაერთიანება უწყებრივ შეთანხმებაში;
2) საწარმოო და ეკონომიკური კავშირების არსებობით და ეროვნული მეურნეობის ელემენტებსა და მათ შეხამებას შორის ურთიერთმოქმედებით მსგავსი კავშირები კონკრეტული მატერიალურ-ენერგეტიკული ნაკადების სახით წარმოიქმნება და მხოლოდ კონკრეტულ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის არსებობს. ამასთან უფრო მჭიდრო და არსებითი საწარმოო კავშირები ხშირად წარმოიშვება სხვადასხვა განსხვავებული დარგის საწარმოებს შორის (მაგალითად კლასტერებში), ანუ დარგთაშორის დონეზე. აშკარაა, რომ დარგთაშორისი საწარმოო კავშირები, ისევე როგორც რაიონთაშორისი, მათი გარკვეული აგრერირების შედეგია. ეს გარკვეული ზომით აბსტრაქციაა, რადგან ნებისმიერ დარგთაშორის საწარმოო და რაიონთაშორის კავშირს არ აქვს თავისი საკუთარი კონკრეტული შინაარსი. მატერიალურ-ენერგეტიკული კავშირების შინაარსის ამსახველი ისეთი კონკრეტული ნიშნები, როგორიცაა სიდიდე (მოცულობა), სივრცობრივი, დროითი და ღირებულებითი მახასიათებლები ყალიბდება და არსებობს მხოლოდ ცალკეული საწარმოსა და ორგანიზაციის ურთიერთმოქმედების დონეზე.
კავშირურთიერთობითი დამოკიდებულება ამავე დროს წარმოადგენს საყოველთაო სახის ურთიერთობებს, რაც დამახასიათებელია ეროვნული მეურნეობის ნებისმიერი პირველადი ელემენტისათვის, რადგან ფირმას საწარმოო ძალების განვითარების თანამედროვე ეტაპზე არ შეუძლია იზოლირებულად ფუნქციონირება, ნებისმიერი საწარმო ყოველთვის ურთიერთქმედებაში და ურთიერთობებშია მრავალ სხვა საწარმოსთან. ყველაზე უფრო შინაარსობრივია საწარმოებს შორის საინფორმაციო კავშირები. ამიტომ ეროვნული მეურნეობის პირველად ელემენტებს ანუ ცალკეულ საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის მატერიალურ-ენერგეტიკული და ინფორმაციული კავშირურთიერთობების დონე, რაც ხასიათდება მაქსიმალური კონკრეტულობითა და შინაარსობრიობით, კანონზომიერი იქნებოდა ეროვნულ-მეურნეობრივ კომპლექსში განხილულ იქნას პირველად, მიკროსტრუქტურულ დონეზე.
ეროვნული მეურნეობის ელემენტების შეხამება, რაც დამყარებულია დარგობრივ, ორგანიზაციულ-მართველობით და ტერიტორიულ ერთობაზე, ყოველთვის შეიცავს განსაზღვრულ კავშირურთიერთობას. მაგრამ ერთიანობის ეს ტიპი მოცემულ შემთხვევაში შეიძლება განხილულ იქნას არა როგორც მთავარი, არამედ როგორც თანმხლები. აღნიშნული კავშირები ეროვნული მეურნეობის ელემენტების დარგობრივი, ტერიტორიული და ორგანიზაციულ-მმართველობითი ერთიანობის შეხამებაში იმაზე მიუთითებს, რომ გამართულობა და დალაგებულობა ერთობის ყველაზე უფრო უნივერსალური და გამჭირვალე ტიპია.
ერთობის დარგთაშორისი ტიპი თითქოს წარმოებულია, მეორადია, რომელიც გამომდინარეობს სხვადასხვა დარგობრივი კუთვნილების მატერილურ-ენერგეტიკული კავშირებიდან, რამდენადაც ასეთი კავშირურთიერთობანი რეალიზდება, უპირველეს ყოვლისა, კონკრეტულ საწარმოთა ურთიერთქმედების დონეზე, ამდენად დარგთაშორისი კავშირურთიერთობანიც (ერთობაც) ხორციელდება ორი ან უფრო მეტი ურთიერთდაკავშირებული სხვადასხვა დარგის საწარმოთა გაერთიანების გზით. ასეთ სხვადასხვა დარგის საწარმოთა ურთიერთდაკავშირებს თან სდევს მატერიალურ-ენერგეტიკული კავშირების ერთდროული აგრეგირებაც.
საერთოდ დარგთაშორისი ერთობა ჩნდება სხვადასხვა დარგის ორ ცალკეულ საწარმოს შორის კავშირის დამყარების შედეგად ანუ უკვე მიკროსტრუქტურულ დონეზე. ტერიტორიული ერთობაც, როგორც ორი ან მეტი საწარმოს განლაგება განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში ასევე მყარდება მიკროსტრუქტურულ დონეზე. თუ სხვადასხვა დარგის რამდენიმე საწარმოს შორის დამყარებულია კონკრეტული კავშირი, მაშინ ძნელი არ არის განისაზღვროს ის ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც განლაგებულია ყველა ეს საწარმო. ამის შედეგად ჩვენ მივიღებთ მათი შეხამების კომბინირებულ ტერიტორიულ-დარგთაშორის ერთობას.
ეროვნული მეურნეობის ჯგუფების, ელემენტების კავშირურთიერთობის შეხამებაში არსებული ურთიერთობანი განხორციელებულია მათი დარგობრივი და ტერიტორიული ერთობისა და კავშირურთიერთობის საფუძველზე და აგრეგირებულია თვით ელემენტები, მათ შორის ურთიერთობანი. ეს პროცესი კი უნდა მიეკუთვნოს მეზო და მაკროსტრუქტურულ დონეს.
შეხამება, რომელიც ხორციელდება ორგანიზაციულ-მმართველობითი ერთიანობის საფუძველზე შეიძლება მიეკუთვნება მიკროსტრუქტურულ დონეს, თუ კი ეს არის რამდენიმე ცალკეული საწარმოს გაერთიანება, მაგალითად, დამოკიდებულ საწარმოო ან სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების სახით, ხოლო მაკროსტრუქტურული იქნება ის გაერთიანება, სადაც ერთ უწყებაში თავმოყრილი იქნება ბევრი, მათ შორის საწარმოო თვალსაზრისით ის საწარმოები, რომლებიც ერთმანეთთან კავშირში არ არიან.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული მეურნეობის ელემენტების შეხამება რაიმე ერთი სახის ერთიანობითი ურთიერთობის ტიპით პრაქტიკულად შეუძლებელია. კონკრეტულად არსებულ საწარმოთა ნებისმიერი შეხამება ყოველთვის ხასიათდება მათი ერთობის გარკვეული კომბინირებით. ასე მაგალითად, საწარმოთა ყოველგვარი ჯგუფი განლაგებულია გარკვეულ ტერიტორიაზე და ისინი ქმნიან დარგობრივ ან დარგთაშორის შეხამებას, ამასთან ცალკეულ საწარმოს შეუძლია ჰქონდეს ერთმანეთთან უშუალო ან სხვაგვარი კავშირები და მოცულნი იყვნენ მმართველობის ერთი ორგანოს მიერ. ურთიერთობათა ერთიანობის სხვადასხვა ტიპები თითქოს ეყრდნობა ეროვნული მეურნეობის ელემენტების სიმრავლეს, რის საფუძველზეც ყალიბდება საწარმოთა, გაერთიანებათა, კომპლექსების, დარგების რეალური სტრუქტურული შეხამება.
ამრიგად, თანამედროვე ეროვნული მეურნეობის პოლისტრუქტურულობა, მრავალსტრუქტურულობა ვლინდება არა მხოლოდ იმის შესაძლებლობაში, რომ შეგვიძლია გამოვყოთ ეროვნული მეურნეობის ელემენტების სხვადასხვაგვარი, განსხვავებული შეხამებები დამყარებული მათი გარკვეულ ურთიერთობათა ერთიანობაზე, არამედ აგრეთვე შეგვიძლია აგრერირების ხარისხის მიხედვით გამოვყოთ კიდეც ასეთი შეხამების განსხვავებული ტიპები, ანუ იქნება შესაძლებლობა გამოვყოთ მიკრო, მეზო და მაკრო სტრუქტურული დონეები.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეროვნულ-მეურნეობრივ კომპლექსში მიკროსტრუქტურულ დონეებს თანამედროვე მართვის სისტემებში მეტად უმნიშვნელო ყურადღება ექცევა მაკროსტრუქტურებთან შედარებით. თანამედროვე მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში ეროვნული სამეურნეო კომპლექსის გართულება, მისი დინამიურობის ზრდა ამავე დროს არის მისი პოლისტრუქტურულობის გართულებაც და მის ცვალებადობას ადასტურებს. ასეთ პირობებში წინა პლანზე გამოდის ამოცანა – უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყნის ერთიანი ეროვნული სამეურნეო კომპლექსის დინამიური და პროპორციული განვითარება და ყველა მისი რგოლის ეფექტური ურთიერთქმედება. ამიტომაც ობიექტურად აუცილებელია მიღწეულ იქნას განვითარებული ეროვნული მეურნეობის კომპლექსის უფრო ღრმა და ყოველმხრივი სტრუქტურიზაცია, გამოყოფილ იქნას სხვადასხვა სტრუქტურულ დონეზე მთლიანი სისტემები, მათ შორის მიკროსტრუქტურული, აგრეთვე მმართველობითი ამოცანების საკითხები, რომლებიც უფრო ეფექტურად წყდება ამა თუ იმ დონეზე.
ჩვენი ქვეყნის ეროვნული მეურნეობის განვითარების შეუფერხებლობის უზრუნველსაყოფად მართებულია მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ყველა ბუნებრივი, ეკონომიკური და ეროვნული თავისებურება და მიღწეულ იქნას მისი ცალკეული ნაწილის სპეციალიზაცია. ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილია განხორციელდეს მუშაობა ახალი ეკონომიკური დარაიონებისათვის, რომელიც მიმართული იქნება მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ა. შ. საწარმოო პროცესების ორგანიზაციაზე ცალკეული რეგიონების მიხედვით, ამასთან კომპლექსურ საფუძველზე ერთმანეთის მიმართ სრული შესაბამისობისა და ურთიერთგანპირობებულობით ბუნებრივ-საწარმოო ძალებთან. ამის შესაბამისად წარმოიქმნება ეროვნული მეურნეობის დანაწევრება თავის ტერიტორიულ ნაწილებად, მაგრამ ეროვნული მეურნეობის ელემენტების რეგიონებისა და რაიონების ფარგლებში შეთავსებითა და შეერთებით.
მეურნეობის ამგვარ დარგობრივ და ტერიტორიულ დაყოფას (დანაწევრებას) თავისი ობიექტური საფუძვლები აქვს. საწარმოო ძალების განვითარების მნიშვნელოვან საშუალებას შრომის საზოგადოებრივი დანაწილება წარმოადგენს. ერის საწარმოო ძალების განვითარების დონე ყველაზე უფრო თვალნათლივ ვლინდება იმით, თუ როგორი ხარისხით არის განვითარებული შრომის დანაწილება. ცნობილი გამოთქმაა – ყოველ ახალ საწარმოო ძალას თან სდევს შრომის დანაწილების შემდგომი განვითარება; ამასთან შრომის საზოგადოებრივ დანაწილებას ახასიათებს ორმხრივი გამოვლინება: ერთის მხრივ ეს არის ახალი საწარმოებისა და დარგების წარმოქმნა, ხოლო მეორეს მხრივ – შრომის ტერიტორიული დანაწილება, რომლის დროსაც ადგილი აქვს წარმოების გარკვეული დარგების ქვეყნის გარკვეული ტერიტორიული ერთეულებისადმი მიმაგრებას.
ამრიგად, ეროვნული მეურნეობის ელემენტების დარგობრივი და ტერიტორიული ნიშნები – ეს ორი მთავარი, ობიექტურად განპირობებული სიბრტყეა, რომლებიც მოიცავენ ქვეყნის განვითარებად მთელ ეროვნულ მეურნეობას. ამასთან ცალკეულ საწარმოთა დარგობრივი და ტერიტორიული ერთობის კონკრეტული დამოკიდებულებანი გამოვლინდება მხოლოდ დარგობრივი და ტერიტორიული დაყოფის არსებულ სისტემაში.
პრაქტიკული მიზნებისათვის არც თუ იშვიათად გამოყოფენ და იხილავენ ან მხოლოდ დარგობრივ შეხამებას, ან მხოლოდ ტერიტორიულს. მაგრამ ამგვარი დაყოფა-დანაწევრება ყოველთვის წარმოადგენს სინამდვილის გამარტივებას, რამდენადაც დარგობრივი და ტერიტორიული ნიშნები, მახასიათებლები (ურთიერთობანი) ჩადებულია ეროვნული მეურნეობის თითოეულ არსებულ ელემენტში მისი ფორმირების საწყის მომენტშივე. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ლაპარაკი მხოლოდ დარგობრივ და ტერიტორიულ საწარმოო კომპლექსებზე, რამდენადაც ამ შუალედურ ზონაში (შინაარსითა და ფუნქციით ტერიტორიულ-დარგობრივ) აღმოცენდება და ვითარდება საწარმოო კომპლექსები, რომლებსაც ტერიტორიულ-დარგობრივი ხასიათი აქვთ. ასეთი ტერიტორიული და დარგობრივი ქსელების ურთიერთობა წარმოშობს რეალურ ობიექტებს, რომლებშიც უნდა ვეძებოთ და შევისწავლოთ დარგთაშორისი ტერიტორიული ასპექტები.
შრომის საზოგადოებრივ დანაწილებას მის დარგობრივ და ტერიტორიულ ფორმაში თან სდევს საწარმოო ძალების განვითარების საწინააღმდეგო მიმართულების პროცესი – წარმოების განზოგადოება. ამ პროცესების შინაგანი ერთიანობა და ურთიერთწინააღმდეგობრიობა საკმაოდ ნათლად წარმოჩინდება სასაქონლო მეურნეობის ფარგლებში, როდესაც იქმნება სხვადასხვა სახის სამეურნეო ერთეულები, იზრდება მეურნეობის ცალკეული დარგების რაოდენობა, მცირდება იმ მეურნეობათა რიცხოვნობა, რომლებიც ერთი და იგივე სამეურნეო ფუნქციას ასრულებენ. ერთდროულად ხდება წარმოების განზოგადოება, რაც იმაში ვლინდება, რომ კაპიტალის კონცენტრაციას თან სდევს საზოგადოებრივი შრომის სპეციალიზაცია, მრეწველობის ცალკეულ მოცემულ დარგში მეწარმეების რიცხოვნობის შემცირება და მრეწველობის განსაკუთრებული დარგების რაოდენობის გაზრდა; ხდება ის, რომ ბევრი წარმოების დანაწევრებული პროცესი ერთდება, შეირწყმება წარმოების ერთ საზოგადოებრივ პროცესში. თანამედროვე საბაზრო ურთიერთობები ქმნის საზოგადოებრივი შრომის დანაწილების განვითარების ახალ წანამძღვრებს, წარმოების განზოგადოების ახალ შესაძლებლობებს, ამ ორივე პროცესის (შრომის დანაწილებისა და წარმოების განზოგადოების) აქტიურ ურთიერთშევსების კარგ წანამძღვრებს.
აქვე გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ტერიტორიულ-დარგობრივი (დარგთაშორის) სტრუქტურის წარმოქმნის ჩვენებურ სქემატურ ხედვას (იხ. სქემა).
დარგობრივ შეთანხმებათა აგრერირების ხარისხი, დარგთაშორისი კავშირები და ტერიტორიული ერთიანობა, როგორც ურთიერთდამატებითი ნიშანი – ამაში გამოიხატება ეროვნული მეურნეობის ტერიტორიულ-დარგობრივი სტრუქტურების გამორჩევისა და გამოკვლევის მთავარი კრიტერიუმები. სხვა განსხვავებული ნიშან-თვისებების სხვადასხვაგვარი კომბინაციები ქმნის ტერიტორიულ-დარგობრივ სტრუქტურათა სხვადასხვაგვარ ტიპებს. საწარმოო ძალების განვითარებისა და განლაგების სქემის შედგენისას ცალკეულ კონკრეტულ დარგებთან ერთად გამოჰყოფენ და აანალიზებენ დარგთაშორის კომპლექსებს, ანუ ურთიერთდაკავშირებულ წარმოებების კომპლექსებს, აგრეთვე ტერიტორიულ-საწარმოო კომპლექსებს და სამრეწველო კვანძებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი დარგობრივი მახასიათებლები, როგორიცაა ერთობა, საწყისი რესურსების და ტექნოლოგიების მსგავსება, მზა პროდუქციის დანიშნულებისა და ფუნქციის ცალსახა მსგავსება, წარმოადგენს უფრო განსაზღვრულსა და რაოდენობრივ გაზომვას დაქვემდებარებულ ფენომენს. ტერიტორიული შეთავსების ძირითადი კონტურები ემყარება ტერიტორიების დანაწევრებას, რაც თავის მხრივ დაფუძნებულია ეკონომიკურ დარაიონებაზე.
ამასთან ეკონომიკური დარაიონების მეთოდოლოგიურად არასაკმარისად დამუშავება ზოგჯერ (არც თუ ისე იშვიათად) იწვევს რაიონის ფორმირების სუბიექტური მიდგომით გადაწყვეტას მაშინ, როდესაც რაიონის არსებობის ობიექტურობის პრობლემა იხილება ობიექტურობიდან გამომდინარე და ამასთან მისი საზღვრების ცალსახად გამოყოფის გზით. ეკონომიკური რაიონის ობიექტურობა, უპირველეს ყოვლისა, გამომდინარეობს პროცესის ობიექტურობიდან, მისი (ე.ი. რეგიონის) რაიონწარმომშობი პროცესის ობიექტურობიდან. ეკონომიკური რაიონწარმოშობა შინაგანად დაკავშირებულია კომპლექსწარმოშობასთან. ამ პროცესების გადალახვისას ეროვნული მეურნეობის ელემენტების გარკვეულად სხვადასხვა დონის შეხამებათა საფუძველზე გამოიკვეთება ტერიტორიული ერთიანობა და დარგთაშორისი მთლიანობა. კომპლექსისა და რაიონის ჩამოყალიბების პროცესები მიმდინარეობს ობიექტურად მკვლევარებისა და სპეციალისტების ნებისა და სურვილის მიუხედავად. ეკონომიკური დარაიონება – შემეცნების პროცესია, კომპლექსწარმოქმნისა და რაიონწარმოქმნის პროცესების ასახვა და გარკვეულად რეგულირებაა.
ობიექტურად მიმდინარე მთელ პროცესებზე მიზანმიმართული გავლენის მოხდენაში, მათ გარკვეულ ფარგლებში მოქცევაში გამოიხატება ეკონომიკური დარაიონების აქტიური და კონსტრუქციული როლი. ეკონომიკური რაიონების საზღვრების შესაძლო არაცალსახობა და არაერთმნიშვნელობა მთლიანობაში არ ეხება კომპლექსწარმოქმნისა და რაიონწარმოქმნის პროცესების ობიექტურობას, მხოლოდ სხვადასხვა სისრულითა და დეტალურობით ასახავს მათ. ეკონომიკური დარაიონება წყვეტს უაღრესად მძიმე ამოცანას: რაიონების გამოყოფის საშუალებით სწორად (ადეკვატურად) იქნას ასახული რაიონების წარმოქმნის პროცესი, მისი წარსული, თანამედროვე და პერსპექტიული მდგომარეობა. ამასთან სტატისტიკის საშუალებებით დინამიკის ასახვა გარდუვალად, პირობითად აქცევს თუნდაც რაიონების ყველაზე სწორ საზღვრებსაც კი.
კომპლექსწარმოქმნა და რაიონწარმოქმნა საბოლოოდ აისახება ამ პროცესების შედეგებში – საწარმოო ან უფრო ფართო სამეურნეო კომპლექსში და ეკონომიკურ რაიონში.
მათი შინაგანი ურთიერთკავშირი იმაში მდგომარეობს, რომ კომპლექსი გამოდის საფუძვლის სახით, ნებისმიერი ეკონომიკური რაიონის ბირთვად. ამასთან ჯგუფი, კლასტერი როგორც საწარმოო-ტერიტორიული შეხამება და შერწყმა არ არის მთელი ჯაჭვი (კომპლექსი არ ცვლის და არც აუქმებს ეკონომიკური რაიონების ბევრად უფრო მეტად რთულ გაგებასა და შინაარსს), მაგრამ ის ამ ჯაჭვის ძირითადი რგოლია (რაიონწარმოქმნის გეოგრაფიული პროცესის საფუძველია), რომელსაც უნდა ჩავეჭიდოთ, რათა ხელთ ვიგდოთ მთელი ჯაჭვი. მაშასადამე, კომპლექსწარმოქმნაც რაიონწარმოქმნის შემადგენელ ნაწილად გვევლინება.
ამ პროცესების მთავარი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ კომპლექსწარმოქმნა მოიცავს ეროვნული მეურნეობის ელემენტების კავშირების სხვადასხვა ფორმათა ფორმირებას, მათ დამოკიდებულებებს უშუალოდ საწარმოო-სამეურნეო სფეროს ერთიანობაში, ხოლო რაიონწარმოქმნა გარდა ამისა, მათი კავშირების და ურთიერთობათა ერთობის ფორმირებას როგორც ტერიტორიებიდან, ასევე ტერიტორიაზე. რაიონწარმოქმნაში ამგვარად, შეიძლება გამოვყოთ ერთმანეთის გადამკვეთი ორი სტრუქტურული ფენა: შინაარსით დარგთაშორისი და სივრცობრივი გამოხატულებითი, საკუთრივ ტერიტორიული, განუწყვეტელი სივრცობრივი გამოხატულებით.
კომპლექსწარმოქმნის პროცესში ფორმირებადი ეროვნული მეურნეობის ელემენტების ურთიერთდაკავშირებული შეხამებანი ერთდროულად იკავებს ამა თუ იმ ტერიტორიას და ამით ქმნის თავის ეკონომიკური გავლენის სფეროს. ამ ელემენტების მიერ ტერიტორიულ ერთობაზე დამყარეულ ურთიერთობათა დაწესება თავის მხრივ ხელსაყრელ წანამძღვრებს ქმნის მათი კავშირურთიერთობისა და ეფექტიანი ურთიერთქმედების გასაძლიერებლად. სწორედ ამაში მდგომარეობს კომპლექსწარმოქმნისა და რაიონწარმოქმნის პროცესების დიალექტიკური ერთიანობა და ურთიერთშევსება.
კომპლექსწარმოქმნის, როგორც დარგთაშორისი შეხამების, ფორმირების ობიექტურ წანამძღვარს წარმოადგენს შრომის დარგობრივი დანაწილება და წარმოების განზოგადოება. ერთდროულად მიმდინარე შრომის ტერიტორიული დანაწილება კომპლექსწარმოქმნის საერთო პროცესს ანაწევრებს ტერიტორიულად შემადგენელ ნაწილებად სპეციალიზაციის ბირთვით და დარგთაშორისი კავშირების კონცენტრაციით ასეთი ბირთვების ირგვლივ. ამგვარად, შრომის საზოგადოებრივ დანაწილებაში შრომის დარგობრივი და ტერიტორიული დანაწილების დიალექტიკა მჟღავნდება კომპლექსწარმოქმნისა და რაიონწარმოქმნის დიალექტიკაში. თუ ამ მოვლენის დროს ერთ მხარეზეა შრომის დარგობრივი და ტერიტორიული დანაწილება, რომლებიც თავიანთ ერთიანობაში და მთლიანობაში შეადგენენ შრომის საზოგადოებრივ დანაწილებას, მეორე მხარეზე გვაქვს დარგთაშორისი და ტერიტორიულ შეხამებათა ფორმირება, რაც თავის ურთიერთდამატებაში კომპლექსწარმოქმნაში და რაიონწარმოქმნაში გადადის.
ეკონომიკური კომპლექსწარმოქმნა და რაიონწარმოქმნა, რაც მიმდინარეობს ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში, თავიანთ ურთიერთდამატებაში ქმნიან წარმოების ტერიტორიული ორგანიზაციის ერთიან პროცესს. ამასთან კომპლექსწარმოქმნისა და რაიონწარმოქმნის პროცესების იერარქიასთან შესაბამისობაში შეიძლება გამოყოფილ იქნას სხვადასხვა სტრუქტურული დონეები.
კომპლექსწარმოქმნა ერთდროულად მოიცავს ეროვნული მეურნეობის ელემენტების სხვადასხვაგვარ შეხამებას, კერძოდ, ცალკეული საწარმოდან ქვეყნის მთელ ეროვნულ-მეურნეობრივ კომპლექსამდე. რაიონწარმოქმნის პროცესში ხდება კომპლექსწარმოქმნის სტრუქტურიზაცია; ამასთან, მეურნეობის ურთიერთდაკავშირებული ელემენტების შეხამების ფორმირებისა და განვითარების სახით გამოყოფენ კომპლექსწარმოქმნის ლოკალურ დონეს ცალკეული ეკონომიკური ცენტრების, კვანძების და რეგიონული დონის ფარგლებში, რომელზეც ეროვნული მეურნეობის ურთიერთდაკავშირებული ელემენტების ფორმირება და განვითარება ხდება ერთდროულად რამდენიმე ეკონომიკურ ცენტრში, ეკონომიკური რაიონის ან რეგიონის ფარგლებში.
კომპლექსწარმოქმნის ფორმირებისა და განვითარების პროცესში სხვადასხვა დონის ტერიტორიულ-საწარმოო კომპლექსები თავიანთი ერთობლივი გავლენით თანდათან მოიცავენ გარკვეულ ტერიტორიებს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკური დარაიონება და რეგიონალიზაცია საშუალებას იძლევა ჩამოყალიბდეს წარმოების ტერიტორიული ორგანიზაციის ძირითადი სტრუქტურული დონეები, ტერიტორიულ-საწარმოო კომპლექსები, კლასტერები და როგორი ტერიტორიის ფარგლებში შეიძლება შეიქმას აღნიშნული კომპლექსები უფრო ეფექტური სტრუქტურებით? ამ კითხვაზე პასუხი შეუძლია გასცეს ქვეყნის ტერიტორიის შესაბამისმა ეკონომიკურმა რეგიონალიზაციამ და დარაიონებამ.
წარმოების ტერიტორიული ორგანიზაციის ისეთი რგოლები, როგორიცაა დარგობრივი და დარგთაშორისი შეხამებები რაიონში ან რეგიონში, დარგთაშორისი და რაიონთაშორისი ან რეგიონთაშორისი ურთირთკავშირები ყოველთვის წარმოადგენდა ტერიტორიული და რეგიონული კვლევის ობიექტებს და ასეთებად რჩება ისინი დღესაც, უფრო მეტი აქტუალობით ამჟამინდელ სიტუაციაში. მართლაც, ეროვნული მეურნეობის ტერიტორიული პოზიციიდან განხილვისას იკვეთება, რომ ეროვნული მეურნეობა წარმოადგენს ურთიერთმოქმედი სხვადასხვა რანგის რეგიონალურ მეურნეობათა სისტემას. ამჟამად ტერიტორიული საწარმოო კავშირებისა და ურთიერთობათა ანალიზი ხორციელდება ტერიტორიულ-საწარმოო კომპლექსების დონეზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ცალკეული საწარმოები თავიანთი უშუალო კავშირებითა და ურთიერთობებით ყოველთვის არ განიხილება როგორც ურთიერთქმედების ობიექტები. უფრო ხშირად ასეთი ერთნაირსახიანი წარმოებები განიხილება, როგორც მეზოსტრუქტურული დონის დარგობრივი შეხამება-შეწყობა. თუმცა ტერიტორიულ-საწარმოო კომპლექსები უფრო ახლოს არის მიკროსტრუქტურულ დონესთან.
წარმოების ტერიტორიული ორგანიზაციის თანამედროვე პრობლემებში აქტიურად აისახა დარგობრივი, დარგთაშორისი და ტერიტორიული ამოცანები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი ხდება დროის ფაქტორის წარმოჩენა და მისი გავლენა. რომელიმე თანამედროვე საწარმოს განლაგება უკვე არ წარმოადგენს რაღაც ერთდროულ აქტს, არამედ მოიცავს მთელ რიგ სამუშაოთა ჩატარებას (წინასწარი გამოკვლევა და შესწავლა, დასაბუთება, მშენებლობა, ექსპლუატაციაში გადაცემა, საწარმოო კავშირები, რეალიზაციის პრობლემა, ბაზრის პერსპექტიულობა და სხვა). საწარმოს ტერიტორიული განლაგება ხორციელდება როგორც ახალი საწარმოს შექმნის გზით, ასევე არსებულ საწარმოთა გაფართოებით ან ძირეული რეკონსტრუქციით, სპეციალიზაციის შეცვლით – ყველა ისინი წარმოადგენს წარმოების განვითარების ტიპიურ ფორმებს და ამავე დროს ტერიტორიული განლაგების ფარულ, მაგრამ ამასთან მეტად მნიშვნელოვან ფორმას. ერთ თუ მეორე შემთხვევაში წარმოჩინდება წარმოების ახალი ელემენტები და ჩაერთვებია თანამედროვე ეროვნულ მეურნეობრივი კომპლექსის რთულ სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურაში, ეს კი განაპირობებს კომპლექსწარმოქმნის და რაიონწარმოქმნის ამა თუ იმ იმპულსებს.
წარმოების დარგობრივი, დარგთაშორისი და ტერიტორიული მართვის ოპერატიულობისა და შეხამების თვალსაზრისით მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს წარმოების ტერიტორიულ ორგანიზაციაში (რეგიონში) რაღაც ფორმით სივრცობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც აღიჭურვება უფრო კონკრეტული, ტერიტორიულ-საწარმოო ერთობისა (ერთიანობის) და კავშირების არაგენერალიზებული ურთიერთობების ფუნქციებით. მატერიალური წარმოების სფეროში პირველად ორგანიზაციულ-ეკონომიკური მთლიანობა ივსება სივრცობრივით, ე.ი. ემატება სივრცობრივი მთლიანობაც. საწარმო მის მიერ განხორციელებული საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესებით შეიძლება განხილულ იქნას ეროვნული მეურნეობის მთლიანი კომპლექსის სტრუქტურის პირველადი ელემენტის სახით, ხოლო ცალკეული ტერიტორიული კომპლექსური საწარმოები საჭიროა განხილულ იქნას ტერიტორიული და ეკონომიკურ-გეოგრაფიული სივრცის საწყის (ამოსავალ) სტრუქტურულ ელემენტად. მსგავსი მიდგომა უნდა აისახოს საწარმოთა მართვაშიც. ისინი უნდა განხილულ იქნას როგორც პირველადი სახის და შედარებით მთლიანი სამეურნეო უჯრედი; ამავე დროს ანალიზისას უნდა მოცული იქნას მათი ეკონომიკური კავშირები, რომელთა მეშვეობითაც ცალკეული საწარმოები ჩაერთვებიან ეროვნული მეურნეობის უფრო მსხვილ და სრულ (მთლიან) ტერიტორიულ-დარგობრივ შეხამება-შეერთებაში და რომელთა შედეგად დაძლევენ თავიანთ შედარებით ეკონომიკურ განცალკავებულობას.
ჩვენ თუ გარკვეული დროის მონაკვეთისათვის განვიხილავთ ზოგიერთ ტერიტორიულად კომპაქტურ საწარმოთა სხვა საწარმოებთან უშუალო საწარმოო კავშირების საკითხს, ამ უკანასკნელს, ე.ი. კავშირებს აუცილებლივ ექნება კონკრეტული ხარისხობრივ-რაოდენობრივი და სივრცობრივი ხასიათი (გამოხატულება), რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც მოცემული საწარმოს საკუთარი სივრცე წარმოქმნილი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებით (ამ გადაადგილების ტრაექტორიით). გადაადგილებათა დროის მიხედვით დახასიათების გათვალისწინებით ასეთი სივრცე უფრო მეტად კონკრეტიზირდება საწარმოთა გარკვეული სივრცობრივი დროითი სახის ურთიერთობებით.
თვით ტერიტორია, სადაც მოცემული საწარმოა განთავსებული, იქცევა შრომის საყოველთაო საშუალებად და ამ თვალსაზრისით ფუნქციონალურად და სივრცობრივად ერწყმის ამ საწარმოს სხვა კომპონენტებს. მართლაც, ხომ ცნობილია, რომ მიწა წარმოადგენს შრომის საყოველთაო საშუალებას იმიტომ, რომ ის აძლევს მუშას სამუშაო ადგილს, სადაც ის დგას, ხოლო ამ უკანასკნელს – მოქმედების სფეროს. ასეთივე სახის შრომის საშუალებას, მხოლოდ წინასწარ გავლილი შრომის პროცესით, წარმოადგენს სამუშაო შენობები, გზები, ნაგებობები, არხები და ა.შ. ამიტომ საწარმოს საკუთარ სივრცეს და მის საწარმოო კავშირებს აქვს არა მხოლოდ მატერიალური შინაარსი, არამედ აგრეთვე გარკვეული ფუნქციონალურ-ეკონომიკური მთლიანობა.
ცალკეულ საწარმოთა ხარისხობრივ-რაოდენობრივი კავშირები, მათი (ე.ი. ამ კავშირების) სივრცობრივ-დროითი განსაზღვრულობით, ძალიან კონკრეტულად აისახება ღირებულებით გამოხატულებაში (მაგალითად, შესაბამისი ტვირთების გადაზიდვის დანახარჯებში).
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პრაქტიკულად ტერიტორიულ-საწარმოო კომპლექსებში (კლასტერებში) რაიმე განსხვავებას სივრცობრივ და ტერიტორიულ დონეებს შორის არ ახდენენ. მიგვაჩნია, რომ მათი განსხვავება მართლაც არ შეინიშნება, თუ კი ძირითადი ყურადღება კონცენტრირებულია სივრცობრივი ურთიერთობების გარეგნულ მხარეზე. თუ კი გამოიყოფა და დეტალურად გაანალიზდება წარმოებაში სტრუქტურული რგოლების საკუთარი სივრცე, მაშინ სივრცობრივისა და ტერიტორიულის შინაარსი შეესაბამება ქვეყნისა და მისი რეგიონების ეროვნული მეურნეობის ტერიტორიული ორგანიზაციის მიკროსტრუქტურულ და მეზოსტრუქტურულ დონეებს. აქვე სქემატურად გთავაზობთ სივრცის ტერიტორიული ორგანიზაციის სტრუქტურული დონეების ჩვენეულ ხედვას.
წარმოების ტერიტორიული ორგანიზაციის მიკროსტრუქტურულ დონეზე უფრო მეტად კონცენტრაციისათვის ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ეროვნული მეურნეობის ურთიერთმოქმედი ელემენტების საკუთარ სივრცეზე და თვით ნივთობრივ-ენერგეტიკულ ურთიერთქმედებებზე. ბევრი ურთიერთქმედების არასტაციონარობა კიდევ უფრო აძლიერებს ხაზობრივ-საკვანძო სტრუქტურების სივრცობრივ დისკრედიტირებას, ამიტომ თითოეულ შემთხვევაში მეურნეობის თითოეული ელემენტის არსებული ტერიტორიული ურთიერთობის მიუხედავად, მსგავსი სტრუქტურები კანონზომიერია განიხილებოდეს, როგორც სივრცობრივი სტრუქტურა.