სოფლის მეურნეობის განვითარების ტენდენციები

თ. თავიდაშვილი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, მ. იობაშვილი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ი. კობიაშვილი, მეცნიერ-თანამშრომელი

სოფლის მეურნეობა მჭიდროდ ინტეგრირებულია და ბუნებრივი პირობების, საწარმოო ინფრასტრუქტურის, მოსახლეობის სიმჭიდროვის, ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციების, ეკონომიკური და ეკოლოგიური პოტენციალის დიდ ზეგავლენას განიცდის. სოფლის მეურნეობის ეკონომიკა მრავალპროფილიანია. აქ ნედლეული არა მარტო იწარმოება, არამედ გადამუშავდება კიდევაც, ინახება, ხდება ტრანსპორტირება და სხვადასხვა პროდუქციის რეალიზაცია.

ეს არის ბუნებრივი რესურსების კვლავწარმოების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, სამშენებლო მასალების წარმოების, ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი ობიექტების განლაგების სფერო, რომელიც დადებითად მოქმედებს გარემოზე. სოფლის მეურნეობის თავისებურება ისიც არის, რომ იგი დიდად არის დამოკიდებული ქალაქის მეურნეობაზე, საერთოდ საწარმოო და სოციალურ ინფრასტრუქტურაზე, მეწარმეობის კულტურის საქმიან აქტიურობაზე. ეკონომიკაში ამ სფეროს უპირატესობა იქედანაც ჩანს, რომ აქ არის შედარებით იაფი მუშახელი, ხარისხიანი და შედარებით იაფი ნედლეული, შედარებით დაბალი არენდის გადასახადი სხვადასხვა ქონების გამოყენების დროს და საერთოდ დაბალი გადასახადები. მეცნიერთა ჯგუფი თვლის, რომ სოფლის მეურნეობის ეკონომიკური მექანიზმის კონცეფცია უნდა მოიცავდეს მცდელობას, რომ გათანაბრებული იქნეს ცხოვრების პირობები სოფლისა და ქალაქის მაცხოვრებლებს შორის. სხვები კი თვლიან, რომ აქ ბაზრის ინტენსიური განვითარების პირობებში უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფო. საბაზრო რეფორმის თანამედროვე პირობებში საქართველოში სოფლის მეურნეობა ხშირად წაგებულია სამუშაო ძალის კონკურენციაში, ინვესტიციებში, პროდუქციის შეკვეთებში, ბუნებრივ რესურსებში, რაც რეგიონთაშორისო და დარგთაშორისო ბრძოლის პროცესების შედეგია. აღნიშნული კი იწვევს მათი კუთვნილი, შესაძლებელი შემოსავლების დაკარგვას. ჩვენი აზრით, თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარების ეკონომიკური მექანიზმის კონცეფცია უნდა გამომდინარეობდეს იმ აუცილებლობიდან, რომ აქ უნდა მოხდეს ეფექტურ სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებული კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ფორმირება, მისი პროდუქციის გადამუშავებაზე, სარეწების განვითარებაზე, კუსტარული წარმოება – საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის, აქტიური მარკეტინგის განვითარებაზე. მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ შესაძლებლობები შემოსავლების მიღების ბუნებრივი რესურსებიდან, სასარგებლო წიაღისეულიდან, მიწის გაყიდვიდან და არენდიდან, უძრავი საშუალებების განლაგების, საგზაო ვაჭრობის, ტურიზმის და ა.შ. დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლად გაზიფიკაციას, ელექტროფიკაციას, ტელევიზიას, უნდა დამუშავდეს პროექტები რეგიონალურ ჭრილში სოფლის მეურნეობის ბუნებრივ-ეკონომიკური და სოციალური განვითარების, მისი პოტენციალის (საწარმოო რესურსები: მიწა, კაპიტალი, შრომითი ორგანიზატორობის უნარი, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, მეწარმის უნარი, ფულადი კაპიტალი ერთმანეთთან სინთეზურ კავშირში) სათანადო შეფასების საფუძველზე. საქმე ეხება იმას, რომ საჭიროა ნათლად გამოიკვეთოს, რომ სასოფლო-სამეურნეო რაიონში რა უფრო ხელსაყრელია, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, მისი გადამუშავება თუ რეკრიაციული ფუნქციების შესრულება. ოპტიმალურ გადაწყვეტას მოითხოვს მიწის საკუთრების საკითხები. მიწის კერძო საკუთრებასთან ერთად, რომლებიც თავისუფლად გაიყიდება ან არენდით გაიცემა, უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრება (გზები, ბუნების დაცვის ზონები, წყალსატევები, მდინარეები, ტყე, ძეგლთა დაცვა და სხვა). საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესები სახელმწიფოს გარეშე ათეულ წლობით გაიწელებოდა და არ გადაწყდებოდა რაციონალურად. უნდა დაჩქარდეს ადგილზე მენეჯმენტის განვითარება, გამოიყოს სახელმწიფო სუბსიდიები და ინვესტიციები, უნდა შეიცვალოს ე.წ. ბიზნეს-ელიტის დამოკიდებულება სასოფლო რაიონების მიმართ. სოფლის მეურნეობას სჭირდება სეზონური კრედიტები, ასევე გრძელვადიანი კრედიტები. სახელმწიფომ უნდა მიმართოს თავისი ძალისხმევა, რათა სტიმული მისცეს ინტეგრაციას – რესურსების მომწოდებლის, გადამამუშავებელი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის (საფინანსო კომპანიებთან, გაზის კორპორაციებთან, მინერალური სასუქების მწარმოებლებთან და სხვა) ასეთ “ჰოლდინგის” ტიპის გაერთიანებებს უნდა შეუმცირდეს მოგებიდან გადასახადი იმ ოდენობით, რომელსაც წარმოება ხარჯავს თავისი სანედლეულო ბაზის მოთხოვნილების ტექნოლოგიებისათვის. ეს თანხები უნდა გროვდებოდეს სპეციალურ ანგარიშზე და გამოყენებულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო საწარმოების აქტივების შესაქმნელად (შესასყიდად) მიწის შესყიდვა-არენდა საერთოდ სანედლეულო ზონის, სასოფლო-სამეურნეო საწარმოების ტექნიკური მოდერნიზაციისათვის. მაღალია სოფლად უცხოური ინვესტიციების ჩადების რისკი, მათი პირდაპირი ინვესტიციების გრძელვადიანი დაბანდების გზაზე არის წინააღმდეგობები და თითქმის არ არსებობს ამ რისკის დამცველი ეკონომიკური მექანიზმი.
ბოლო ათწლეულში საქართველოში ჩამოყალიბდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტენდენცია და მან 2004 წელს 9970 მლნ ლარი შეადგინა (მიმდინარე ფასებში). ბოლო 5 წლის მანძილზე მშპ-ს საშუალო წლიური ზრდის ტემპი 6%-ს აღემატებოდა, რაც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კარგი მაჩვენებელია. თუ 2000 წელს წინა წელთან შედარებით მშპ (მუდმივ ფასებში) მხოლოდ 1,8%-ით გაიზარდა, ანალოგიური მაჩვენებელი 2001 წელს 4,8%-ს, 2002 წელს – 5,5%-ს, 2003 წელს – 11,1%-ს, 2004 წელს – 6,3%-ს, 2005 წელს – 7,8%-ს, ხოლო 2006 წელს – 9,3%-ს შეადგენდა. ამ წლებში შთამბეჭდავი იყო არა მარტო ყოველწლიური ზრდის ტემპები, არამედ მ.შ.პ-ს აბსოლუტური მაჩვენებლების დინამიკაც.
ბოლო წლების მონაცემებით, ქვეყნის მშპ-ს ფორმირება ხდებოდა სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, აგრეთვე მრეწველობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ხარჯზე. ამასთან, ბოლო წლებში შეინიშნება მშპ-ში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილის შემცირება ვაჭრობის, მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგებში წარმოებული მშპ-ს ზრდის გამო. თუ 1994 წელს სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მშპ-ში შეადგენდა 46%-ს, 1998 წელს იგი 26,2%-მდე, ხოლო 2006 წელს 11,3%-მდე შემცირდა. მშპ-ში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილის შემცირება მსოფლიოში ჩამოყალიბებული ტენდენციის გამოხატულებად შეიძლებოდა მიგვეღო, რომ ამავე წლებში სოფლის მეურნეობაში ეროვნულ ეკონომიკაში დასაქმებულთა საერთო რიცხვს 55% არ შეედგინა. აქ შეიძლება დასაქმებულთა აღრიცხვის არასწორ მეთოდოლოგიასთან გვქონდეს საქმე, მაგრამ როცა ამ სფეროში წარმოებული მშპ არასტაბილურობით გამოირჩევა, ეს მხოლოდ დარგის არასაკმარისი მდგრადობით შეიძლება აიხსნას.
გასული საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობაში წამყვანი ადგილი სამხრეთული კულტურების პროდუქციის წარმოებას ეჭირა, მეცხოველეობის პროდუქციის ხვედრითი წილი 32-35%-ს არ აღემატებოდა, გამონაკლისს მხოლოდ მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებაზე დასპეციალიზებული მთის და საგარეუბნო ზონის მეურნეობები წარმოადგენდა. როგორც კვლევამ გვიჩვენა, 1988-2006 წლებში სტაბილური ზრდა ახასიათებს მხოლოდ ბაღჩეულის და თხილის წარმოებას. 1998 წელს ქვეყანაში წარმოებული იქნა 15,8 ათასი ტონა თხილი, ხოლო 2005 და 2006 წლებში, შესაბამისად 16,4 და 23,5 ათასი ტონა. დაბალი და არასტაბილური იყო სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა. მარცვლეულ-პარკოსნების მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 1,3-2,1 ტონას შორის მერყეობდა, ხორბლის – 1,1-2,7, სიმინდის – 1,6-2,4, მზესუმზირის – 0,2-0,7, კარტოფილის – 7,4-13,0, ბოსტნეულის – 6,6-11, ბაღჩეულის – 3,8-18,6. დადებითი ტენდენცია, რომელიც ამ წლებში შეინიშნებოდა იყო პირუტყვის სულადობის ზრდა.
მეცხოველეობა (მეფრინველეობის გამოკლებით) ძირითადად ექსტენსიური გზით ვითარდებოდა, რაზეც ნათლად მეტყველებს პირუტყვის პროდუქტიულობის დაბალი მაჩვენებლები. ფურისა და ფურკამეჩის საშუალო წველადობა 1998-2006 წლებში 9040 (2003 წ.) – 9356 ლიტრს (2006 წ.) შორის მერყეობდა. თუ მხედველობაში მივიღებთ აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნების, აგრეთვე ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ანალოგიურ მაჩვენებლებს, გამოდის, რომ 2-3 ქართული ფური ამ ქვეყნების ერთი ფურის პროდუქტიულობას ვერ უტოლდება.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობისა და პირუტყვის დაბალი ნაყოფიერების გამო საქართველოში არადამაკმაყოფილებელია მოსახლეობის კვების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები (ცხრილი 1).
ბოლო წლებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანისადმი ინტერესის განელება მათ წარმოებაზე გაწეული მაღალი დანახარჯებით და აქედან გამომდინარე, პროდუქციის არაკონკურენტუნარიანობითაა განპირობებული. სიტუაციას ამძიმებს არა მარტო პროდუქციის წარმოების, არამედ მისი რეალიზაციის ინსტიტუციონალური მოუწყობლობა, რაც წლების მანძილზე გრძელდება.
სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის დაცემის შედეგია, რომ ყოველწლიურად იზრდება საკუთრებაში გადაცემული და დაუმუშავებლად დატოვებული მიწების ფართობები, რომლების არაოპტიმალურია (ცხრილი 2).
ოფიციალური აღრიცხვით ყოველწლიურად დაუმუშავებელი რჩება 300 ათასი ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული. არაოფიციალური მონაცემებით, დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთები გაცილებით მეტია და ზოგ რაიონში სავარგულების 50%-ს აღემატება.
კვლევამ გვიჩვენა, რომ იმ რეგიონებში, სადაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტრუქტურაში შედარებით მაღალია დამუშავებაში მყოფი მიწების და ნათეს-ნარგავებში ინტენსიური კულტურების ხვედრითი წილი, შესაბამისად მიწის უკუგების მაჩვენებლებიც მაღალია და პირიქით. მაგალითად, ეს მაჩვენებელი მაღალია აჭარაში, სადაც კადასტრული ღირებულების ყოველ 100 ლარზე მიღებულია 67 ლარი. შიდა ქართლში – 2,4 ლარი, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის მხარეებში შესაბამისად – 2,0 და 1,7 ლარი. როგორც მოსალოდნელი იყო ქვეყნის საშუალო მაჩვენებლებზე (1,6) დაბალი აღმოჩნდნენ კახეთი – 1,1 ლარი, მცხეთა-მთიანეთი – 1,4 ლარი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1,15 ლარი, გურია – 1,4 ლარი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში ვენახის ფართობები შეადგენს 60 ათას ჰექტარს, ხილის – 50, ჩაის – 25,1, ციტრუსების – 12 ათას ჰექტარს. საბჭოთა პერიოდში არსებული მრავალწლოვანი ნარგავები შემცირებულია დაახლოებით 100 ათასი ჰექტარით. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის 2004 წლის აღწერით მითითებული მრავალწლოვანი კულტურების ფართობები არასწორია, რადგან იგი არ მოიცავს ნაკვეთებს, რომლებიც მსხვილ ქალაქებში მცხოვრებლებს ეკუთვნით. ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ აღრიცხვაში ვერ მოხვდა გადამამუშავებელი საწარმოების საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთები. სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობას მნიშვნელოვნად აფერხებს წვრილი მეურნეობების მაღალი ხვედრითი წილი და იმ მეურნეობათა მცირე რიცხვი, რომლებიც მსხვილ ნაკვეთებს ფლობენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 726021 მეურნეობიდან 10 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთს ფლობდა 5030 მეურნეობა, ანუ მეურნეობათა საერთო რიცხვის მხოლოდ 7%. სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები მეურნეობათა მთლიან ფულად შემოსავალში უმნიშვნელოა და წლების მანძილზე ფაქტიურად არ იცვლება.
სოფლად მცხოვრები ოჯახების შემოსავლები ფაქტიურად არ ხასიათდება ზრდის დინამიკით და მასში სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს ბევრად სჭარბობს სხვა სახის შემოსავლები (ცხრილი 3). ძირითადად სასურსათო პროდუქტებზე ფასები თითქმის 50-100%-ის ფარგლებში გაიზარდა. ასეთი ტენდენციის დროს კვების პროდუქტების წარმოების შემცირება და იმპორტის ზრდა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების არაადექვატურობაზე და მასტიმულირებელ ფაქტორებზე რეაგირების უნარის დაქვეითებაზე მიუთითებს.
საქართველოში მიწების პარცელაცია და წვრილი მეურნეობების წარმოშობა 1992 წელს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით განხორციელებული საადგილმამულო რეფორმის შედეგია. რეფორმას საფუძვლად ედო პოპულისტური გადაწყვეტილება მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემის შესახებ და პირადი დამხმარე მეურნეობების ეფექტიანობის გადაჭარბებული შეფასება, რომელიც იმ დროს არსებული ინსტიტუციონალური მოწყობისა და გარკვეულწილად მიწერების დამკვიდრებული პრაქტიკით იყო განპირობებული. გათვალისწინებული არ იქნა, რომ მიწის რეფორმა ეკონომიკური რეფორმების ტრიადის – მიწის რეფორმა, პრივატიზაცია, დემონოპოლიზაცია – ყველაზე ძნელად განსახორციელებელია და ისეთ პოლიტიკურად არასტაბილურ პირობებში, როგორიც 1992 წლის დასაწყისში იყო, მისი განხორციელება ყოვლად გაუმართლებელი იყო. არ იქნა გათვალისწინებული ისიც, რომ ყველა მეტ-ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ძირითად ნაწილს მსხვილი მეურნეობები აწარმოებენ, ხოლო სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური კონკურენციისაგან დაცულ წვრილ მეურნეობებს, სულ სხვა სოციალურ-ეკონომიკური დანიშნულება აქვთ, რომელთაგან მნიშვნელოვანია ადამიანის საცხოვრისისა და სოფლის ლანდშაფტის შენარჩუნება.
საადგილმამულო რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ბაზის მომზადება 90-იანი წლების პირველ ნახევარში მიმდინარეობდა, კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ მიღებული იქნა 1996 წელს. შემდგომი საკანონმდებლო გადაწყვეტილებებიდან აღსანიშნავია საქართველოს კანონები: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენებისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ”, სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის შესახებ”, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის შესახებ”, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და სხვა.
დასახელებული კანონებიდან ყველაზე მეტი ვნებათაღელვა გამოიწვია კანონმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის შესახებ”, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში მიწების დატოვებას არ ითვალისწინებს. ასეთი რადიკალური კანონი თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ მიუღიათ. მაგრამ ალბათ ეს არ არის მთავარი. აღნიშნული კანონმდებლობით საქართველოში მიწების ყიდვის უფლება აქვთ საქართველოში დარეგისტრირებულ უცხოელ პირებს.
2006 წლის აგვისტოსათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, პრივატიზებული იყო 59300 ჰექტარი, ხოლო პრივატიზაციის პროცესში იმყოფებოდა 10800 ჰექტარი. 238 ათასი ჰექტარი გაიჯარებული ნაკვეთიდან გამოსყიდული იყო 54500 ჰექტარი. დასახელებულ კანონში, პრივატიზების პროცესის გამარტივების მიზნით რამდენიმე სერიოზული ცვლილება იქნა შეტანილი, რომელმაც უნდა დააჩქაროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზება.
იმის გამო, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი რეორგანიზებულ იქნა და მისი ფუნქციები იუსტიციის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის აღარ დგება ყოველწლიური ანგარიში მიწის ფონდის გადანაწილებაზე მიწათმოსარგებლეთა სავარგულების მიხედვით” (ფორმა #22). 2004 წლის 1 იანვრის შემდეგ არ შეკრებილა და დღემდე გარკვეული არ არის რომელმა სამინისტრომ უნდა გააკეთოს ეს. აქედან გამომდინარე, უპასუხოდ რჩება მრავალი კითხვა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის მიწების სარგებლობაში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებს შეეხება. ეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, მისი პარალელური შაჰდენიზის გაზსადენის, ბაქო-მარაბდა-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის და სხვა მსხვილი მშენებლობებისათვის მიწების გამოყოფას შეეხება.
არასრული მონაცემებით, 1990-2003 წლებში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაიზარდა 8,7%-ით, მათ შორის სახნავები – 15,5%-ით, საძოვრები – 6,5%-ით. ფორმა #22 დაფიქსირებული მრავალწლოვანი კულტურების ზრდის მაჩვენებლიდან, რეალურია მხოლოდ კაკლოვანების პლანტაციების ზრდა თითქმის 52%-ით. რაც შეეხება ვენახებისა და ხეხილის ნარგაობის ზრდას, არასწორი აღრიცხვის შედეგია, ისევე როგორც ჩაისა და ზოგიერთი სხვა მრავალწლოვანი კულტურის ფართობების კლების მაჩვენებლები, რადგან რეალური შემცირება გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ფორმა #22-შია. ასევე მკვეთრადაა შემცირებული სარწყავი და დაშრობილი ფართობების მაჩვენებელი. მრავალწლოვანი ნარგაობისა და მიტოვებული ფართობები ფაქტიურად საძოვრებადაა გამოყენებული ამ მიწებისათვის კატეგორიის შეუცვლელად. ქვეყანაში პრაქტიკულად გაცილებით მეტი საძოვარი და სათიბია, ვიდრე ეს ფორმა #22-შია მითითებული.
საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო რეზონანსის მქონე მშენებლობების, მიწების ინტენსიურად გამოყენების პირობების შესუსტების, დაცული ტერიტორიებისა და რეკრეაციული მიწების გაფართოების, თბილისისა და სხვა მსხვილი ქალაქების ტერიტორიების საგარეუბნო ზონის სოფლების ხარჯზე გაზრდის, მიწის კატეგორიის შეცვლის პროცედურის გამარტივებისა და გაიაფების და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა ველოდოთ შემდეგი სახის ტენდენციების ჩამოყალიბებას:
ა) გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდება სარწყავ-სახნავები, გაწყლოვანებული სათიბები და საძოვრები;
ბ) მკვეთრად შემცირდება დაშრობილი მიწები (ფართობები), განვითარებითი დაჭაობების პროცესების შესაჩერებლად რაიმე სახის ღონისძიებების განხორციელება არ მოხდება, კოლხეთი ძირითადად დაუბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობას;
გ) ჩამოყალიბდება დაცული ტერიტორიების, ნაკრძალების, სამონადირეო ტერიტორიების, რეკრეაციული ადგილების ზრდის ტენდენცია, რაც ეთანაწყობა საქართველოში ტურიზმის, მათ შორის აგრარული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს;
დ) გაგრძელდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, პირველ რიგში, სახნავებისა და მრავალწლიანი ნარგავების შემცირების, ექსტენსიურ საძოვრებად და სათიბებად გამოყენების ტენდენცია;
ე) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, მათ შორის ინტენსიურობის დიდი ნაწილი გადაყვანილი იქნება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიაში, რასაც ხელს შეუწყობს კანონმდებლობა ამ პროცედურის გამარტივებისა და გაიაფების შესახებ, წვრილი მეურნეობების მხრიდან ეკონომიკური მოტივაციის უქონლობა წარმოების სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის მიზნით, აგრეთვე აგარაკების, ინდივიდუალური და ფირმების მიერ მშენებლობის გაფართოების გამო.
ვ) ულტრალიბერალური პოლიტიკის პირობებში კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისათვის მრავალი ხელშემშლელი პირობა არსებობს: მწირი და ძვირი კრედიტები, ფასების დისპარიტეტი სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სამრეწველო პროდუქციის სასარგებლოდ, ბაზრების შეზღუდულობა და მრავალი სხვა. აღნიშნული მიზეზების გამო საქართველოში შეწყდა ეთერ-ზეთების, თამბაქოს, ჩაის, მრავალი სახის ბოსტნეულის სასაქონლო წარმოება. რუსეთის ემბარგოს გამო წარმოების მნიშვნელოვანი შეზღუდვა შეეხება მევენახეობა-მეღვინეობას, მეხილეობას, ადრეული ბოსტნეულის წარმოებას. საქართველო აგრარული პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნიდან ნეტო ექსპორტიორ ქვეყნად იქცა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სოციალისტური” სპეციალიზაცია არსებულ ცვლილებას მოითხოვს. დღის წესრიგში დადგება დაჩქარებული ტემპით განხორციელდეს კაპიტალისტური” სპეციალიზაცია, რაც მოითხოვს ამ პრობლემებზე კომპლექსურ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფართოდ გაშლას.