ვინ იგებს არჩევნებს დიდ ქალაქებში

ბაქარ ბარათაშვილი, სალომე გვეტაძე, ISET-ის მაგისტრანტები

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) თბილისში 2006 წელს დაარსდა მსოფლიო ბანკის, “ბრითიშ პეტროლიუმის”, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ნორვეგიის მთავრობის, ღია საზოგადოების ინსტიტუტის, საქართველოს მთავრობის და სხვა დონორების ძალისხმევით. ISET-ის ოთხი ანალოგი არსებობს: მოსკოვში (New Economic School), ბუდაპეშტში (Central Europian University), პრაღაში (The Center for Economic Research and Graduate Education – CERGE) და კიევში (Kiev School of Economics).

ამ უნივერსიტეტების წარმატება, აღიარება და ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მაღალკვალიფიციური ეკონომისტების საჭიროება იმის წინაპირობა გახდა, რომ თბილისში ბატონ ზურაბ ჟვანიას ინიციატივით დაარსებულიყო ამ ტიპის სასწავლებელი. საერთაშორისო სკოლამ სტუდენტების პირველი ნაკადი 2006 წლის ზაფხულზე მიიღო და წელს კურსდამთავრებულების პირველ ნაკადს გამოუშვებს. სწორედ კურსდამთავრებულებმა მოამზადეს ეს სტატია, რომელიც ეხება რეგიონებში პოლიტიკური სიმპათიების ცვალებადობას მოსახლეობის სიდიდის მიხედვით. ავტორების ერთადერთი მოტივი ამ სტატიის დაწერის დროს იყო ამ თემისადმი ინტერესი და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა. ამიტომ ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ გარკვეულ ფაქტორებზე და არ გამოვრიცხავთ, რომ მათი საპირისპირო მექანიზმი შეიძლება არსებობდეს (და სავარაუდოდ, უამრავი ასეთი მოიძებნება).
საქართველოში ჩატარებულმა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა, შეიძლება ითქვას, საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია. Oოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ხმები გაყალბდა და ამის დასადასტურებლად ხშირად მოჰყავდა ის ფაქტი, რომ მოქმედი ხელისუფლების კანდიდატი ძირითადად მხოლოდ მცირე ზომის ქალაქებში და რეგიონებში ახერხებდა გამარჯვებას. მათი აზრით, ხელისუფლების კანდიდატმა წააგო თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში და მოიგო შედარებით მცირე ზომის საარჩევნო ობიექტებში. ამას ოპოზიცია ხსნიდა იმით, რომ პატარა ქალაქში ნაკლები დამკვირვებლები იყვნენ და ოპოზიციის წარმომადგენლებიც ვერ ახერხებდნენ არჩევნების სამართლიანად წარმართვისათვის ხელის შეწყობას.
მარტივმა ეკონომეტრიკულმა კვლევებმა, რომელიც იყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებულ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, გვიჩვენა, რომ მოსახლეობის რაოდენობის ერთი პროცენტით გაზრდა ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ მიღებული ხმების წილს საშუალოდ 0.14%-ით ამცირებს, ანუ ფაქტია, რომ მოსახლეობის სიდიდის ზრდასთან ერთად ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა პროცენტულად ნაკლებ ხმას იღებს. ჩვენი მიზანი არ არის იმის მტკიცება, მართალია თუ არა ოპოზიციის ვარაუდი და არგუმენტი, არამედ გვაინტერესებს, მართლა აქვს თუ არა გავლენა მოსახლეობის რაოდენობას არჩევნების შედეგზე და თუ აქვს, ვის სასარგებლოდ მოქმედებს მოსახლეობის რაოდენობის ზრდა – მმართველი ძალისა თუ ოპოზიციისა. ამასთან გვაინტერესებს, თუ რით შეიძლება აიხსნას ეს დამოკიდებულება მოსახლეობის რაოდენობასა და პოლიტიკური სიმპათიების განაწილებას შორის. სწორედ ამის ახსნას შევეცდებით ამ სტატიაში.
ფაქტია, რომ დიდ ქალაქებთან შედარებით პერიფერიებში მოსახლეობას განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება აქვს. ამას განვითარებული ქვეყნების მრავალი მაგალითი მოწმობს, რომელთა დემოკრატიულობისა და არჩევნების სამართლიანად ჩატარების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ გვაქვს (მაგალითად, აშშ-ს წინასაარჩევნო გამოკითხვებმა 2008 წელს აჩვენა, რომ დიდ ქალაქებში მოიგო დემოკრატების პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა ჰილარი ქლინთონმა, ხოლო პატარა ქალაქებში მისმა კონკურენტმა, ასევე დემოკრატმა ბარაქ ობამამ).
გარდა ამისა, აგლომერაციული პროცესი გამოწვეულია შედარებით ერთნაირი განათლების, კვალიფიკაციის, შეხედულების და გემოვნების მქონე ადამიანების აკუმულირებით. ეს განაპირობებს დიდი ქალაქების ჩამოყალიბებას, სადაც, როგორც წესი, შედარებით მეტია მაღალკვალიფიციური კადრები. არსებობს მრავალი ეკონომიკური მიზეზი (მათ შორის კვალიფიციური კადრები, ბაზრის სიდიდე და ხელმისაწვდომობა და ა.შ), რომელთა გამოც მთელ რიგ შემთხვევებში გაცილებით ხელსაყრელია დიდ ქალაქში ინვესტიციების განხორციელება. ამ მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და იგი ცალკე თემაა, ზოგადად კი მათ ეკონომისტები გარეგან ეფექტებს (externalities) უწოდებენ. ამის შედეგად აგლომერაციულ ცენტრებში უფრო მეტად განვითარებულია კერძო სექტორი და ხელფასებიც კერძო სექტორში უფრო მეტია, ვიდრე მცირე ზომის ქალაქებსა თუ სოფლებში, ხოლო რაც შეეხება, ხელფასებს სამთავრობო სექტორში იგი შედარებით ნაკლებად იცვლება რეგიონების მიხედვით. ამიტომაც სამთავრობო სექტორში დასაქმებულთა მიერ მიღებული ხელფასები კერძო სექტორის ხელფასებთან შედარებით უფრო მაღალია პატარა ქალაქებში, ვიდრე დიდ ქალაქებში. დიდ ქალაქებში უფრო მეტად ხელსაყრელი ალტერნატივა არსებობს კერძო სექტორის სახით, რაც იმას განაპირობებს, რომ სამთავრობო სექტორში დასაქმებულები შეგუებულნი არიან ხელისუფლების შესაცვლელად, თუნდაც თავიანთი სამსახური ან თანამდებობა ამ ცვლილების შემდეგ ვეღარ დაიკავონ. ცხადია, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას უფრო სუსტი მხარდაჭერა აქვს ამომრჩეველთა აღნიშნული სექტორისგან, ხოლო პერიფერიებში პირიქით, სამთავრობო სექტორში მუშაობა უფრო ხელსაყრელია და მისი ალტერნატივაც ნაკლებად მიმზიდველია. ამიტომ სამთავრობო სექტორის თანამშრომლებს უფრო მეტი მიზეზი აქვთ მხარი დაუჭირონ მმართველ ძალას და ამით არ დააყენონ საფრთხის ქვეშ თავიანთი სოციალური მდგომარეობა. სწორედ ამიტომ პატარა ქალაქებში, რაიონებში და სოფლებში აღნიშნული სექტორი უფრო მეტად უჭერს მხარს ხელისუფლებას. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება მიიღოს ხელისუფლებამ პროცენტულად მეტი მხარდაჭერა პერიფერიებში, ვიდრე დიდ ქალაქებში.
არსებობს მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც ხსნის პოლიტიკური მხარდაჭერის დამოკიდებულებას მოსახლეობის რაოდენობაზე. როგორც წესი, სამთავრობო სექტორი არ იზრდება მოსახლეობის ზრდის პროპორციულად. კერძოდ, მოსახლეობის ზრდა იწვევს სამთავრობო სექტორის შედარებით ნაკლებად გაზრდას ისე, რომ ამ სექტორში დასაქმებულთა პროცენტული წილი მთლიან მოსახლეობაში მცირდება. ზოგადად, როდესაც რაიმე კონკრეტული პროდუქციის თუ მომსახურების წარმოების გასაზრდელად საჭირო რესურსები პროდუქციის ზრდაზე ნაკლებად იზრდება, ეკონომისტები ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ სახეზეა “მასშტაბის ზრდადი ეკონომია” (increasing returns to scale). წარმოების ეს მახასიათებელი ეკონომიკურ მეცნიერებაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტს წარმოადგენს ისეთი სფეროს შესასწავლად, როგორიცაა მსოფლიო ვაჭრობა, გლობალიზაცია, აგლომერაციული პროცესები და ა.შ. “მასშტაბის ეკონომია” გახდა ისეთი დისციპლინის ჩამოყალიბების საფუძველი, როგორიცაა ეკონომიკური გეოგრაფია. ეკონომისტების მიდგომით, ხელისუფლება ე.წ. საზოგადოებრივი საქონლის და მომსახურების მწარმოებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ახდენს მოსახლეობის უზრუნველყოფას ინფრასტრუქტურით, სამართლებრივი გარემოთი, სოციალური გარანტიებით, განათლების სისტემით და ა.შ. სწორედ ყოველივე ამის ერთობლიობას ვუწოდებთ საზოგადოებრივ საქონელს. მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ მთავრობის მიერ საზოგადოებრივი საქონლის წარმოებაც ხასიათდება “მასშტაბის ზრდადი ეკონომიით”. ამის გამო ქალაქისა თუ რაიონის სიდიდის ზრდასთან შედარებით ნაკლები სისწრაფით იზრდება მისი მმართველი აპარატი, რაც განაპირობებს სამთავრობო სექტორში დასაქმებულთა პროცენტული წილის შემცირებას დიდ ქალაქებში. შესაბამისად ამომრჩეველთა ამ სეგმენტის მხარდაჭერა ხელისუფლებისადმი ნიშნავს ხმათა ნაკლებ პროცენტულ წილს ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის გათვალისწინებით. ეს ნიშნავს, რომ მთავრობას დიდ ქალაქებში არ აქვს ხელთ ისეთი მნიშვნელოვანი ბერკეტი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა სახით, როგორიც შედარებით პატარა დასახლებებში. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ დიდ ქალაქებში მთავრობას თავად სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შორისაც კი უფრო სუსტი მხარდაჭერა აქვს (იმ მიზეზების გამო, რომლებზეც დასაწყისში ვისაუბრეთ), სრულიად მოსალოდნელია მთავრობამ მცირე ზომის რეგიონებში მეტი მხარდაჭერა მიიღოს, ვიდრე დიდ ქალაქებში.
საინტერესო ის არის, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე მიზეზის საფუძველი წმინდა ეკონომიკურია. პირველი მიზეზია ის, რომ არსებობს როგორც თეორიული, ასევე ემპირიული კვლევები, რომლებიც ხსნიან აგლომერაციის მიზეზებსა და შედეგებს. უმნიშვნელოვანესი დასკვნა კი ეკონომიკურ გეოგრაფიაში არის ის, რომ ერთის მხრივ აგლომერაცია იწვევს რეგიონის უფრო მეტად ეკონომიკურად განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ თავად ძლიერი ეკონომიკა უწყობს ხელს აგლომერაციულ პროცესებს. ამიტომ კერძო სექტორი დიდ ცენტრებში იმდენად ძლიერია, რომ გარკვეულ წილად ჩრდილავს სახელმწიფო სექტორის მიმზიდველობას და ამცირებს ამ სექტორში დასაქმებულთა ლოიალობას მთავრობის მიმართ. მეორე მიზეზი კი, ე.წ. “მასშტაბის ეკონომია”, წარმოადგენს მთელი რიგი ეკონომიკური დისციპლინის განვითარების საფუძველს. სწორედ ამ თვისების გამოყენებით ააგო თეორიული მოდელი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებმა. ეს მოდელი აგებულია დაშვებით, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკური სიმპატიების არსებობას და გულისხმობს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა თანაბარი მხარდაჭერით სარგებლობს. მოდელის მთავარი პარამეტრი არის მოსახლეობის რაოდენობა და მიუხედავად სიმარტივისა, მისი შედეგი შეესაბამება ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილ მსჯელობას. აღნიშნული მოდელი სტატიაში არ იყო განხილული, თუმცა სწორედ ამ თეორიული მოდელის შედეგი გახდა სტატიის დაწერის საფუძველი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial