სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის გაცემული სესხები კვლავაც მიზერულია

ლია პიტიურიშვილი, ეკონომიკის დოქტორი

თანამედროვე ეტაპზე სოფლის მეურნეობის განვითარების დაბალი დონე გარკვეულწილად განპირობებულია იმით, რომ დაუკრედიტებელია ამ დარგის საწარმოო დანახარჯები. აღნიშნული გამოწვეულია ორი გარემოებით: ჯერ ერთი, კომერციული ბანკები შეზღუდული რესურსების პირობებში თავს არიდებენ სოფლად საკრედიტო ურთიერთობების დამყარებას და მეორეც, ამავე მიზეზის გამო ბანკი თუ ამ დარგს დააკრედიტებს, ეს მოხდება მაღალი საპროცენტო განაკვეთით, რაც უარყოფითად მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ფინანსურ მდგომარეობაზე.

როგორც ცხრილიდან ჩანს, ჯერ-ჯერობით სოფლის მეურნეობისათვის მიცემული სესხები როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში კომერციული ბანკების მიერ გაცემულ მთელ სესხებში 7%-საც ვერ აღწევს. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ, როგორც ნაწილობრივ ზემოთაც აღვნიშნეთ, ბანკები ერიდებიან ამ დარგისათვის სესხების გაცემას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დარგი სპეციფიკურობით ხასიათდება და გრძელვადიან სესხებს საჭიროებს, მეორეც, სასოფლო-სამეურნეო წარმოება ჩვენს ქვეყანაში რისკიანობით ხასიათდება, ამავდროულად აღნიშნული დარგის დაზღვევისაგან სადაზღვევო კომპანიები თავს იკავებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაცემული სესხები მაღალპროცენტიანია. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობაში აღარ არსებობს სახელმწიფო საწარმოები, განსხვავებით მრეწველობისაგან, სადაც სახელმწიფო საწარმოებს მიღებული აქვთ დარგზე გაცემული მთელი სესხების 7%.
სოფლის მეურნეობისადმი სახელმწიფო ფინანსური დახმარების პროგრამაში მთავარი უნდა გახდეს კერძო სექტორის სასოფლო-სამეურნეო დაკრედიტების საკითხი, როდესაც სესხები შეიძლება გაიცეს თამასუქით, მომავალი მოსავლის რეალიზაციის ამონაგებიდან დაფარვის პირობით. ამასთან, ფასწარმოქმნაში გამოყენებული უნდა იქნეს თუნდაც ერთი სამეურნეო წლის მანძილზე ჩამოყალიბებული საბაზრო ფასების დონე სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის აუცილებელ რესურსებზე, მანქანებზე, ინვენტარზე, ნავთობპროდუქტებზე, სასუქებსა და ჰერბიციდებზე. გამორიცხული არ უნდა იქნეს სამრეწველო საქონლის აგრარული სექტორის პროდუქციაზე გაცვლის საკონტრაქტო სისტემის გამოყენებაც.
აგრარულ სექტორში პრიორიტეტული დარგების შემდგომი განვითარებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა გამოყოს თანხები როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი დაკრედიტებისათვის (მეჩაიეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მეციტრუსეობა და სხვ.). აგრარულ სფეროში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ საწარმოებს, რომლებიც გარე ბაზრისათვის ქმნიან პროდუქციას. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდეს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აგროკრედიტის სისტემის ჩამოყალიბებისათვის. ეს მექანიზმი მოქმედებს განვითარებულ ქვეყნებში. მართალია, აგრარული სექტორისათვის განხორციელებული ამგვარი დაკრედიტება არამომგებიანია, სამაგიეროდ ის მთელი დარგის განვითარებას, სოფლად მოსახლეობის დამაგრებას, ქალაქისათვის ჯანსაღი პროდუქციის მიწოდებას უზრუნველყოფს.