სახელმწიფო და კერძო ინტერესების შეფარდების შესახებ

ზარნაძე ნინო, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი

ყველასათვის ცნობილია, რომ კერძო მეწარმეების ძირითადი მიზანი საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოგების მაქსიმიზაცია არის, რაც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებრივ ინტერესებს უპირისპირდება, კერძოდ, გარემოს დაცვის და წარმოების უსაფრთხოების დონის ამაღლებას, ხელფასების ზრდას. კერძო კაპიტალი მოუნდომებელია გრძელვადიან კაპიტალდაბანდებაში და საინვესტიციო პროექტის გამოსყიდვის გრძელ პერიოდში, რაც განაპირობებს მსხვილი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრამების და ინოვაციური პროექტების რეალიზაციას.

სახელმწიფოს მიზანი, პირიქით, ეროვნულ ხასიათს ატარებს. ამ ნაშრომში სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესები პირობითად გათანაბრებულია. სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია საბაზრო ეკონომიკის პირობებში სამართლებრივი ბაზით უზრუნველყოფაა. იგი ქმნის სამეწარმეო სუბიექტების ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელ კანონებს. იგი უზრუნველყოფს საბაზრო ინფრასტრუქტურის მართვას, არეგულირებს ფულად-საკრედიტო ურთიერთობებს, გავლენას ახდენს მოთხოვნა-მიწოდების დინამიკაზე. ზემოთაღნიშნული ღონისძიებების რეალიზაციით სახელმწიფო მოწოდებულია შექმნას საბაზრო ურთიერთობების ფუნქციონირების სრულყოფილი პირობები.
საბაზრო წყობის ფორმირება საზღვარგარეთ (აშშ-ში, ჩინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში) მიგვანიშნებს, რომ სოციალურ-ეკონომიკური წყობის ტრანსფორმაცია მოითხოვს ღრმა მეთოდოლოგიურ შემუშავებას და საზოგადოების მომზადებას დაგეგმილი ცვლილებებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში გატარებული რეფორმები გამოიწვევს წარმოების დაცემას, შემოსავლების შემცირებას, უმუშევრობის დონის ზრდას და სოფლის მეურნეობის დარგების კრიზისს. ამის ნათელი მაგალითი რუსეთია.
რეფორმატორები ეკონომიკური ლიბერალიზმის საფუძვლად სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაზე დამღუპველი გავლენის თეორიას იყენებენ. ამ მიმდევრობის წარმომადგენელი ფ. ხაიეკია, რომლის აზრითაც, “სახელმწიფოს ნებისმიერი ჩარევა სპონტანური ძალების თამაშში – ტოტალიტარიზმისაკენ გადადგმული ნაბიჯია”. ავსტრიელი ეკონომისტის შეხედულებით ეკონომიკური ურთიერთობების მხოლოდ შეუზღუდავ თავისუფლებას შეუძლია ეკონომიკური ზრდა განაპირობოს. სახელმწიფო ატარებს უარყოფით დატვირთვას საზოგადოებისათვის. მისი ჩარევა სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში სამეწარმეო ძალების განვითარებისათვის საზიანოა, რადგანაც ცენტრალიზებული მმართველობა ატარებს კორექტირებად ხასიათს მოთხოვნა-მიწოდებაზე და ამით ცვლის რეალურ ინფორმაციას ბაზრის შესახებ. ხაიეკის თვალსაზრისით, სოციალურ წესრიგს ქმნის საზოგადოებრივი ნორმები და ტრადიციები, “ბაზარი კი სოციალური წესრიგის ძირითადი ელემენტია”. სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში იწვევს კრიზისებს, რომლიდან გამოსვლა მხოლოდ საბაზრო მექანიზმების ამოქმედებითაა შესაძლო. ვერ დავეთანხმებით ავსტრიელი მეცნიერის შეხედულებას. ისტორია მიგვანიშნებს, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელმაც შეძლო თავი დაეღწია სერიოზული ეკონომიკური კრიზისიდან სახელმწიფოს ჩარევის და მხარდაჭერის გარეშე. აშშ-ს “ახალი კურსი” დიდი დეპრესიის პერიოდში, სახელმწიფოს როლის ზრდა ომის შემდგომ პერიოდში ევროპაში, სახელმწიფოს რეგულირება პოსტკრიზისულ ჩინეთში ამისი ნათელი მაგალითია. სახელმწიფო რთულ პერიოდში ყოველთვის ძლიერ საყრდენს წარმოადგენდა და კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიის ფორმირებით ეხმარებოდა ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში.
ჩემი აზრით, სწორია ცნობილი რუსი მეწარმის, მეცნიერის ლევ ჩერნოის შეხედულება, რომელიც თვლის, რომ მოთხოვნა სახელმწიფოს ჩარევაზე ეკონომიკაში ჩნდება ქვეყნისთვის კრიზისულ პერიოდებში. მისი აზრით, სახელმწიფო რეგულირება ისევე აუცილებელია, როგორც ჰაერის უკმარისობის დაძლევა. მისი თვალსაზრისით, ჰაერის თვისებებზე და მნიშვნელობაზე სიცოცხლისთვის ვფიქრობთ ჰაერის უკმარისობის დროს. “და მაშინ სახელმწიფოზე, როგორც უკმარის ჰაერზე, გვახსენდება ყოველთვის და ყოველგან”2.
ამგვარად, ისტორიული მიმოხილვა მიგვანიშნებს, რომ საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება მოწინავე ქვეყნებში დაკავშირებული იყო სახელმწიფოს როლის და საქმიანობის მაშტაბების ზრდასთან ეკონომიკაში. კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარება სახელმწიფოს მარეგულირებელი ძალის გარეშე აისახება სოციალური კატაკლიზმებით და კრიზისით საზოგადოებაში. 30-იან წლებში მხოლოდ ჯონ მეინარდ კეინსის (1883-1946) თეორიის გავრცელებამ განაპირობა კაპიტალისტური ქვეყნების კრიზისიდან გამოსვლა. მისი ძირითადი ნამუშევარი: “დასაქმების, პროცენტის და ფულის ზოგადი თეორია” – სამაშველო რგოლია კაპიტალისტური სამყაროსათვის. როგორც სწორედ აღნიშნავენ ამერიკელი მეცნიერები რობერტ ხეილბრონერი და ლესტერ თუროუ: “კეინსის თეორიის რევოლუციური არსი იმაში მდგომარეობს, რომ კაპიტალიზმი ვერ ახდენს თვითკორექციას ზრდის შენარჩუნებისათვის”3. დღეს კეინსი შერეული ეკონომიკის “მშობლად” არის აღიარებული მსოფლიოში.
თუ ადამ სმიტის და მარქსის მემკვიდრეობა წინააღმდეგობაშია სახელმწიფო რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით, კეინსის ეკონომიკური ფილოსოფია ნერგავს სახელმწიფო რეგულირების ინსტიტუტის კატეგორიას.
მეცნიერულ ეკონომიკურ ლიტერატურაში არ არსებობს ერთნიშნა დასკვნები სახელმწიფო რეგულირების შესახებ. ხელისუფლების მიერ გატარებული ლიბერალიზაციის კურსის მიღმა საქართველოში ჩანს სახელმწიფოს როლის შემცირების არსებული ტენდენცია. ხელისუფლების ეკონომიკის ლიბერალიზაციის კურსი ირეკლება ჩატარებულ რეფორმებში და, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობაში.
ჩვენი აზრით, დღეს ობიექტურად საჭიროა გატარებული ეკონომიკური კურსის კორექტირება. ამის ძირითადი მიზეზებია:
1. ზრდადი მოთხოვნა საზოგადოებრივ სიმდიდრეზე – საქონელი და მომსახურება (კომუნალური მომსახურება, სატრანსპორტო სისტემა, მედიცინა, ტელეკომუნიკაციები, განათლება, ეროვნული უსაფრთხოება);
2. ძირითადი ფონდების ფიზიკური და მორალური ცვეთის მაღალი ტემპები, რაც ემუქრება საზოგადოებას ტექნოგენური კატასტროფებით;
3. ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების აუცილებლობა სასარგებლო წიაღისეულზე მზარდი მოთხოვნის ფონზე მსოფლიო ბაზარზე;
4. მზარდი მოთხოვნა სოციალურ დაცვაში (უსაფრთხო სამუშაო პირობები, დროული და სამართლიანი შრომის ანაზღაურება, სოციალური პაკეტებით უზრუნველყოფა) მმართველთა გადაწყვეტილებებისაგან არარეგულირებადი ბაზრის პირობებში;
5. ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების საჭიროება ეროვნული უსაფრთხოების დაცვისათვის.
სახელმწიფო რეგულირების პრობლემატიკა ფართოდ არის განხილული ადგილობრივ და საზღვარგარეთის მეცნიერების მიერ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იგი იძენს სტრატეგიული დარგების მართვის შემთხვევაში. სტრატეგიული დარგები ქვეყნის მეცნიერულ-ტექნიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფენ. რესურსების უზრუნველყოფით ეს დარგები საზოგადოებრივ სიმდიდრეს აწარმოებენ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სოფლის მეურნეობის დინამიკაზე და აღწარმოების პროცესებზე ქვეყნის ეკონომიკაში.
ფინანსების თეორიაში არსებობს კორპორაციის ფინანსური სიმყარის კოეფიციენტი. მისი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი კაპიტალი საბუღალტრო ბალანსის საერთო მოცულობაში 65-70%-ს უნდა წარმოადგენდეს4. მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საკუთარი კაპიტალის დაბალი მაჩვენებელი ხშირად იწვევს კონკურენციის უნარის დაკარგვას, სისტემის ნგრევას და ბანკროტად გამოცხადებას.
საკუთარი სახსრების ფლობის აუცილებლობის პრობლემატიკა სამრეწველო პრაქტიკაში შემთხვევითი არ არის. ეკონომიკური სისტემა უნდა იყოს ფინანსურად მყარი, ადაპტირებული გარემოსთან და იურიდიული თვალსაზრისით ყოველთვის იყოს მზად ბაზრის გამოწვევებისათვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის წინაპირობა ენდოგენური და ეგზოგენური საფრთხეებისაგან საკუთარი რესურსების ჭარბი მოცულობა ნასესხ რესურსებთან მიმართებაში. ავტონომიის კოეფიციენტი მიგვანიშნებს საკუთარი კაპიტალის რაოდენობას კაპიტალის მთელ მოცულობაში. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს, თუ რამდენად არის ეკონომიკური სისტემა დამოკიდებული ნასესხებ კაპიტალზე. თუ დაუშვებთ, რომ ის 40-50%-ით მეტია საკუთარ სახსრებზე, მაშინ კორპორაცია თავის მართვის ბერკეტებს მსესხებელს გადასცემს. აქედან გამომდინარე, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ შერეული ეკონომიკის მოდელის მიხედვით სახელმწიფომ უნდა შეინარჩუნოს მართვის ბერკეტები სტრატეგიულ დარგებში 65-70%-ის დონეზე, დანარჩენი 30-35% შესაძლოა კერძო კაპიტალის მართვაში იყოს.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ პოროხოვსკის თვალსაზრისით, შერეული ეკონომიკა “ნიშნავს ისეთ ეკონომიკურ სისტემას, რომლის საფუძველებს ქმნიან საბაზრო ურთიერთობები და კერძო მეწარმეობა სხვა ინსტიტუტების და, პირველ რიგში, სახელმწიფოს მონაწილეობისთანავე.” მეცნიერი ამტკიცებს, რომ წმინდა საბაზრო ურთიერთობები არ არსებობს მსოფლიოს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში. სწორად ამიტომ დღეს საბაზრო ეკონომიკაში იგულისხმება შერეული ეკონომიკა, რომელიც ეყრდნობა მესაკუთრეობის ფორმების მრავალფეროვნებას და სხვადასხვა რეგულირების მეთოდების გამოყენებას. გასათვალისწინებელია, რომ შერეული ეკონომიკა მთელ მსოფლიოში განვითარების ძირითადი მიმართულება ხდება.
ნებისმიერი სისტემა რესურსებით ადეკვატურ უზრუნველყოფაზეა მიმართული. საზოგადოება, როგორც სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, ცდილობს საჭირო რაოდენობის მატერიალური, ფინანსური, შრომითი და ბუნებრივი რესურსი იქონიოს. სტრატეგიული დარგები რესურსების ბაზას ქმნიან ქვეყნის განვითარებისათვის დამოითხოვენ სტრატეგიულ მართვას. მისი შინაარსი მაკროდონეზე მდგომარეობს მართვის სისტემის ორიენტირებაში პერსპექტივაზე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანაში. სოფლის მეურნეობის სტრატეგიული დარგების (მაგალითად, ელექტროენერგეტიკის) სტრატეგიული მართვა ეროვნული მნიშველობისაა და არ შემოიფარგლება კერძო ინტერესების ვიწრო ჩარჩოებით.
კერძო საკუთრება გენერირებს კერძო ინტერესებს. კერძო ინტერესების მართვა გარკვეულ სპეციფიკას მოიცავს: კერძო საკუთრების პირველადი ამოცანაა თავისი სიცოცხლის უნარის შენარჩუნება საკუთარი კაპიტალის დაგროვების და მიმდინარე მოგების მაქსიმიზაციის გზით.
ჩემი აზრით, საზოგადოებრივ და კერძო ინტერესებს შორის არ შეიძლება იყოს გადაულახავი წინააღმდეგობანი. მათი მოგვარება შესაძლებელია ინტერესების ინსტიტუციონალიზაციის გზით. სახელმწიფო და კერძო მართვის მეთოდები ავსებენ ერთმანეთს და ერთმანეთის დაპირისპირებით აფერხებენ განვითარების პროცესს.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ სახალხო მეურნეობის მართვის სისტემას იერარქიულობის თვისება აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებანი მიღებული “ნ”+1 მართვის სისტემის დონეზე აუცილებელად გასათვალისწინებელია ამავე სისტემის “ნ” დონისთვის. თუ სახალხო მეურნეობის დონეზე მიზანია სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, კორპორატიულ მმართველობა შესაბამის მიმართულებას უნდა მიყვეს. ყოველ შემთხვევაში კერძო სექტორის საქმიანობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მთლიანი სისტემის განვითარებას. მაგალითად, ინვესტიციური პროექტის განხორციელების დროს სახელმწიფომ შესაძლოა მოითხოვოს კერძო ინვესტორისაგან ადგილობრივი მუშაკის დასაქმება, უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა, ხანშიშესულთა კვალიფიკაციის ამაღლება, ხელფასების დროულად გაცემა. კერძო მეწარმეები უნდა ცდილობდნენ მათი საქმიანობა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მოთხოვნებს. თუ სახალხო მეურნეობის დონეზე მიზანია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, კორპორატიულმა მმართველობამ ამ მიზნის შესაბამისი ამოცანები უნდა გადაჭრას თავისი საქმიანობის პროცესში.
სახელმწიფო ინტერესები მოიცავს ეროვნული მეურნეობის განხილვის აუცილებლობას როგორც მთლიანი სისტემის, რომელიც მაქსიმალური ეფექტიანობით ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ შემადგენელი სტრუქტურული ელემენტები არ ეწინააღმდეგება მისი განვითარების ტენდენციებს. სახელმწიფო ინტერესები ორიენტირებულია წარმოების ინტენსიურ განვითარებაზე, მოგების ზრდაზე საზოგადოებისათვის აუცილებელი დანახარჯების კლების ხარჯზე, წარმოებული პროდუქციის ამაღლებაზე, გამოყენებითი რესურსების ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდაზე და მათი ფუნქციონირების პროცესის გაუმჯობესებაზე. (იხ. სქემა 1, განვითარების ინტენსიური ფაქტორების კლასიფიკაცია).
საინტერესოა წარმოების ინტენსიური განვითარების მარქსისტული შეფასება. მარქსი წერს: “…გარკვეული დროის მერე ხდება აღწარმოება…გაფართოებული ექსტენსიურად, თუ ფართოვდება აღწარმოების არე, გაფართოებული ინტენსიურად, თუ გამოიყენება მეტად ეფექტური წარმოების საშუალებანი” (იხ. სქემა 2, განვითარების ინტენსიური ფაქტორების კლასიფიკაცია).
კერძო კაპიტალს არ შეუძლია მსხვერპლად აქციოს თავისი მოგების გამრავლების ინტერესები (თუ ესეთი მაგალითები არსებობს, ისინი გამონაკლისის ხასიათს ატარებს). კერძო ინტერესის საფუძველს ქმნის სწრაფვა სამრეწველო მუშაობის განხორციელებისაკენ ექსტენსიური ფაქტორების გამოყენებით: შრომის საგნების და შრომის საშუალებების მოცულობის ზრდა, შრომის საშუალებების გამოყენების პროლონგაცია დროში, სამუშაო ძალის რიცხობრივი და სამუშაო ინტენსიურობის ზრდა, დაქირავებული მუშაკების სამუშაო საათების ზრდა, ბრუნვადი სამრეწველო ფონდების გამოყენების გახანგრძლივება. გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, ექსტენსიური ფაქტორების გამოყენება განსაზღვრავს მოგების ზრდას წარმოების მაშტაბების ზრდის ხარჯზე – შემოსავლების მოცულობის ზრდა ფიქსირებულ ფასებში წარმოებულ პროდუქციაზე. მაგრამ განვითარების ეს მეთოდები არ ემსახურება სამრეწველო სისტემის ძირითად მიზანს – საზოგადოებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება პროდუქციაში საზოგადოებისათვის აუცილებელი დანახარჯების მუდმივი შემცირების ფონზე და/ან მისი ხარისხის ამაღლებაში. ლოკალური ამოცანების მოგების მასის ზრდის გადაჭრის პროცესში ასეთი მწარმოებლები ზიანს აყენებენ მთელ საზოგადოებას. მაგალითად ცნობილია, რომ მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით მეწარმეები ხშირად ზრდიან ფასებს, რაც საზოგადოებაში სოციალურ დაძაბულობას და მოსახლეობის ცხოვრების დონის შემცირებას იწვევს. როგორც მეცნიერებათა დოქტორი ვ. ბოგაჩოვი წერს: “თავისუფალი ფასწარმოქმნა სწორი გზაა სიღატაკისაკენ. იგი აუცილებლად გამოიწვევს წარმოების შემცირებას და თუ მოცულობა კონტროლდება – პროდუქციის მასიურ ლპობას, რათა, ბაზარზე არსებული პროდუქციის მოცულობით გამყიდველმა შეინარჩუნოს თავისათვის მომგებიანი ფასი”. ისეთი მიდგომა გადარჩენის და გამდიდრების საშუალებას ქმნის პირველადი ინტერესების მიკროეკონომიკული თვალსაზრისით. ხშირად მეწარმეები იმას ივიწყებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებების მოკლევადიანი ორიენტაცია ანგრევს ეროვნულ მეურნეობას და ქვეყნის განვითარების მატერიალურ საფუძვლებს პერსპექტივაში.
სახელმწიფო და კორპორატიული ინტერესების სტრუქტურაში საბაზრო ეკონომიკის პირობებში არსებობს დაპირისპირება (იხ. სქემა 3, ძირითადი დაპირისპირება სახელმწიფო და კორპორაციულ ინტერესებს შორის საბაზრო ეკონომიკის პირობებში).

საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსათვის ინოვაციური განვითარების გზა პრიორიტეტულია. ის იწვევს საზოგადოებისათვის აუცილებელი დანახარჯების შემცირებას წარმოებული პროდუქციის ერთეულზე. სწორედ ამიტომ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია, რომ წარმოების განვითარება ინოვაციურ ხასიათს ატარებდეს, რომლის შინაარსიც წარმოების ინტენსიფიკაციასთან, ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების გამოყენებასთან არის დაკავშირებული. ამისათვის დღევანდელ, ეროვნული ეკონომიკისათვის პოსტკრიზისულ პერიოდში ეფექტური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისათვის საჭიროა ისეთი ინსტიტუტის ფორმირება, რომელიც გააერთიანებს საბაზრო და სახელმწიფო მექანიზმების უპირატესობას.
ეს შესაძლებელია, თუ აღწარმოებითი პროცესები განვითარდება “მოგების ახალი ბუნების” საფუძველზე, მიღებული ინოვაციური ფაქტორების, რესურსების ეკონომიის, შრომის ნაყოფიერების ზრდის, კაპიტალუკუგების შედეგად. სქემატურად ეროვნული და კორპორატული ინტერესების შეთანხმება იხილეთ სქემა 4-ში (ეროვნული და კორპორატული ინტერესების ურთიერთშეთანხმება).

მოგების “ახალი ბუნება” მდგომარეობს მის ინოვაციურ შინაარსში. საზოგადოებრივი აღწარმოების ინოვაციური განვითარება სამრეწველო სისტემის ევოლუციური განვითარების პროცესს ნიშნავს წარმოების ინტენსიფიკაციის გზით – მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე დაფუძნებულ განვითარებას. ასეთი საზოგადოებრივი აღწარმოება ითვალისწინებს მართვის სისტემის მოდერნიზებას მისი ხარისხობრივად ახალი, მეტად პროგრესული განვითარების დონეზე გადაყვანას ახალი ტექნოლოგიური პროცესების, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების, მეცნიერული მიღწევების ახალი შედეგების და ახალი მართვის ორგანიზაციული სქემების გამოყენების გზით.
დღემდე ადგილობრივი მართვის სისტემა საქართველოში ფუნქციონირებს ძირითად, ექსტენსიურ რეჟიმში. საბაზრო ცვლილებებმა დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის მეცნიერულ-ინტელექტუალურ პოტენციალს. დეგრადაციას განიცდის მეცნიერული შემადგენელი წარმოების პროცესში. საქართველოს წილი მეცნიერული კვლევების სფეროში უპრეცედენტოდ დაბალია. ეს პროცესები ვითარდება მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო მაღალტექნოლოგიური წარმოებით არის აღტაცებული. ცნობილია, რომ იაპონიაში, ა.შ.შ.-სა და სხვა მოწინავე ქვეყნებში ნაციონალური შემოსავლის 85-90% მიიღება მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე დაფუძნებით. მიუხედავად იმისა, რომ კორპორაციები, სახალხო მეურნეობის დარგები მეტად აქტიურები გახდნენ, გადარჩენისთვის ბრძოლაში კონკურენციის პირობებში ინოვაციური მუშაობა პრაქტიკულად პარალიზებულია.
დღეს, როდესაც მსოფლიო გარემოცულია ინოვაციური ბუმით, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა დაფუძნებული იყოს მეცნიერულ-ტექნიკურ ბაზაზე.
თვალსაზრისი, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბებული სიტუაცია შესაძლოა მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვით შეიცვალოს სწორი არ არის. ჩემი აზრით, დღეს აუცილებელია კერძო ინვესტორს ჩამოუყალიბდეს მოთხოვნილებები ინოვაციური განვითარებისადმი.
აშკარაა, რომ საქართველო გზაჯვარედინზეა. იმაზე, თუ როგორი განვითარების გზას აირჩევს და რა ნიშას დაიკავებს სახელმწიფო არსებულ მოვლენებში, ქართველი ერის ბედია დამოკიდებული.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial