ტურიზმის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა და შესაძლებლობები საქართველოში

ნინო ხაზარაძე, სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი

ტურიზმი ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი დარგია. ამიტომ “სახელმწიფო აღიარებს ტურიზმისა და კურორტების დარგს ეროვნული კულტურისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მიმართულებად და ქმნის ტურისტული და საკურორტო საქმიანობისათვის ხელსაყრელ პირობებს”.

ტურიზმის პრიორიტეტულობის საფუძველია დარგის მაღალი ექსპორტ-ტევადობის დონე. ტურიზმისა და საკურორტო მეურნეობის მიზანია ამ რენტაბელური დარგის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება და განვითარება.
ტურიზმი ხელს უწყობს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას და ადამიანთა სოციალურ-კულტურულ ცხოვრებაში ურთიერთობის ყველაზე მასობრივ და ცივილიზებულ ფორმად ითვლება.
ტურიზმის როლი და განვითარების მასშტაბები განუწყვეტლივ იზრდება როგორც ქვეყნის ეკონომიკაში, ისე საზოგადოებაში მთლიანად. დარგის განვითარება პირდაპირ დაკავშირებულია სოციალურ, კულტურულ, საგამანათლებლო და ეკონომიკურ სფეროებთან, ასევე სახელმწიფოთა ეკონომიკურ ურთიერთობებთან.
მეტად საყურადღებოა საერთაშორისო ტურიზმის როლი მსოფლიო ეკონომიკაში. კერძოდ, ტურიზმზე მოდის მსოფლიო ექსპორტის დაახლოებით 11% და მომსახურების სფეროში მსოფლიო ვაჭრობის 37%. მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის სფეროში დასაქმებულია დედამიწაზე არსებული სამუშაო ძალის 16%-ზე მეტი. ამ დარგში იქმნება მსოფლიო შიდა პროდუქტის 10%, კერძო მომსახურების – 10,9%, მსოფლიო ინვესტიციების – 11,8%, ტურისტები უცხო ქვეყანაში მოგზაურობის დროს ხარჯავენ 600 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტს2 და ა.შ. თანაც, საერთაშორისო მასშტაბით ტურიზმის განვითარებას ზრდის მყარი ტენდენცია ახასიათებს.
მსოფლიო ტურიზმის განვითარებაში ერთი საყურადღებო ტენდენცია შეინიშნება. სახელდობრ, საერთაშორისო ტურიზმის სფეროში 2004 წლიდან ეკონომიკური ზრდა მსოფლიოს ექვსივე ტურისტულ რეგიონში (აფრიკის, ამერიკის, აზია-წყნარი ოკეანის, ევროპისა და ახლო აღმო-სავლეთის) იგრძნობა. განსაკუთრებით გააქტიურებულია აზია-წყნარი ოკეანისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონები. თუმცა ტურისტული შემოსავლების მიხედვით კვლავ ლიდერობს ევროპა, სადაც მსოფლიო ტურისტული შემოსავლების ნახევარი (326,7 მილიარდი დოლარი) და მსოფლიო ბაზრის 52,5% მოდის, მეხუთედია (თითოეულის) ამერიკისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონების ხვედრითი წილები, ხოლო შედარებით მცირეა (3%-მდე) აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის შემოსავლები.3
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 2020 წლისათვის ტურისტების რიცხვი 1,560 მლრდ ადამიანს მიაღწევს. ზრდის ყველაზე მაღალი ტემპებია მოსალოდნელი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში. მომსახურების ამ სეგმენტიდან შემოსავლები გაიზრდება 5-ჯერ: 1995 წლის 399 მლნ დოლარიდან, 2020 წელს 2 ტრილიონ დოლარამდე. ასევე გადიდდება ტურისტების დანახარჯი ერთ მოგზაურობაზე (შესაბამისად, 707 დოლარიდან 1248 დოლარამდე).
ტურიზმის განვითარება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისაც
– ამ დარგის განვითარებისათვის საკმაოდ დიდი და მრავალფე-როვანი რესურსული პოტენციალია.
ტურიზმი ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი სპეციფიკური დარგია. მისი განვითარება სტიქიურად, ხელაღებით არ შეიძლება. საჭიროა ტურიზმის, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ფენომენის, სიღრმისეულად და მეცნიერული მეთოდებით შესწავლა და ყოველივეს გათვალისწინებით მისი განვითარებისათვის სწორი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შემუშავება.
ტურიზმი ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი სპეციფიკური დარგია, რაც იმაში გამოიხატება, რომ თვით ქვეყნის ეკონომიკა და ტურიზმი მჭიდროდ ურთიერთმოქმედებენ, კერძოდ, ქვეყნის მაღალი ეკონომიკური პოტენციალი და სტაბილურობა ტურისტული ბიზნესის განვითარების საწინდარია და პირიქით, ტურიზმის განვითარება თვით ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს კიდევ უფრო ამყარებს და აძლიერებს.
ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოს ბაზარი თავისი ტევადობით წარმოების მაღალი ტემპებით განვითარებისათვის მცირეა, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე შეღწევა საკმაოდ ძნელია. ამიტომ ადგილობრივი ბაზრის გაფართოება და ექსპორტი ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია.
ამ თვალსაზრისით, ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად, ტურიზმი მაღალი პოტენციური შესაძლებლობებით გამოირჩევა, რადგან ამ დარგის როგორც იმპორტი, ისე ექსპორტი უშუალოდ ადგილობრივი ბაზრის განვითარებისათვის აქტიურად მუშაობს.
ტურიზმს მაღალი მულტიპლიკაციური ეფექტი ახასიათებს, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ დარგში ერთი სამუშაო ადგილის შექმნა განაპირობებს უფრო მეტი (მინიმუმ ორი) ახალი ადგილის შექმნას სხვა დარგებში, რადგანაც უცხოელი ტურისტების ნაკადის ზრდა ერთგვარი მყიდველობითი გენერაციის ფუნქციას ასრულებს და ხელს უწყობს ქვეყანაში ეროვნული ეკონომიკის მომიჯნავე დარგების (სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, ტრანსპორტი, მშენებლობა და ა.შ.) განვითარებას.
გარდა ამისა, ტურისტები მოიხმარენ ადგილობრივი წარმოების პროდუქციას (ძირითადად, სურსათს) და იღებენ მომსახურებას და ამით ისინი სტიმულს აძლევენ ეროვნული და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, უზრუნველყოფენ უცხოური ვალუტის ქვეყანაში შემოდინებას და ეხმარებიან იმ ობიექტების მშენებლობას, რომლითაც სარგებლობა ყველა მოქალაქეს შეუძლია. ამიტომ ტურიზმი ინდუსტრიული და აგრარული ქვეყნების შემოსავლების გადანაწილების ფუქციას ასრულებს.
რეგიონულ ასპექტში ტურისტული ბიზნესი ხელს უწყობს სუსტად განვითარებული, შედარებით ჩამორჩენილი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას. ხშირად ასეთ რეგიონებში უპირატესად განვითარებულია აგრარული (სოფლის მეურნეობა) სექტორი. ამ რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობისათვის ტურიზმის განვითარება დამატებითი შემოსავლების მიღების მნიშვნელოვანი წყაროა.
ტურისტული დარგის მოცემულ ეკონომიკურ ფუნქციას საერთაშორისო რეზონანსი აქვს. უკანასკნელ წლებში ცნობილია, თუ როგორ გაიზარდა პატარა, განსაკუთრებით კუნძულოვანი სახელმწიფოების (მაგალითად, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების) ეკონომიკური პოტენციალი. ამ სახელმწი-ფოთა ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად თავს ირჩენს და არც თუ ისე ცუდად, ტურისტული მომსახურებით და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, ისინი სწორედ ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და მიმზიდველი ტურისტული სერვისის წყალობით გახდნენ კიდევ უფრო ცნობილი ქვეყნები მსოფლიოში.
ტურიზმის განვითარება სხვადასხვა კულტურათა ხალხს ერთმანეთთან აახლოებს. თუმცა ამ პროცესს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგების მოტანა შეუძლია. დადებითია ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ეცნობა სხვა კულტურის ნიშან-თვისებებს, ხოლო უცხოელი ტურისტები – ადგილობრივთა ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, რითაც განსხვა-ვებულ, მეტად მრავალფეროვან კულტურათა თანაცხოვრების ურთიერთობათა მოწესრიგების უფრო მეტი რეალური შესაძლებლობები იქმნება.
იმავდროულად, ტურიზმის განვითარება ზემოაღნიშნულ განსხვავებულ კულტურათა შორის შეიძლება მწვავე დაპირისპირების საბაბიც გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა უცხოელი ტურისტების ქცევის მიღებული ნორმები რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობის (უმეტესად, უფროსი თაობის) ტრადიციულ ნორმებსა და ფასეულობებს არ შეესაბამება.
ტურიზმის განვითარება გარკვეულწილად ზიანს აყენებს გარემომცველ გარემოს. ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებისადმი განს-ხვავებული დამოკიდებულება და ინტერესები აქვთ. ტურისტები დასვენების დროს თავიანთი მოკლევადიანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე ზრუნვას ადგილობრივი ბუნების ხანგრძლივად გამოყენებას. ამიტომ გარემოს დაცვა უნდა გახდეს ტურიზმის განვითარების უმნიშვ-ნელოვანესი წანამძღვარი და ეს პრობლემა არ უნდა წყდებოდეს უფრო ადრე, ვიდრე ეკონომიკური პრობლემა.4
საქართველოს მთლიანად და მის ცალკეულ რეგიონებს ტურიზმის განვითარების უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს. ტურიზმის სფეროში ჩვენი ქვეყნის პოტენციალის დამახასიათებელი ფაქტორებია: მსოფლიო ტურიზმის ყველაზე დიდ ბაზართან – დასავლეთ ევროპასთან სიახლოვე, შესანიშნავი კლიმატური პირობები, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და უძველესი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები, რომელთა მიმართ ყურადღება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ძლიერდება.
საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული საკურორტო-ტურისტული ქვეყანაა. ამაზე მეტყველებს მისი მეტად მიმზიდველი, ლამაზი ბუნება, ზომიერი კლიმატური პირობები, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, მუდმივი თოვლითა და ყინულით დაფარული კავკასიონის ქედი, შავიზღვისპირეთის სუბტროპიკული ზონა, წყალუხვი მთის მდინარეები და ჩანჩქერები, კასტრული მღვიმეები, მრავალგვარი კურორტები, სამკურნალო და მინერალური წყაროები, ტრადიციული არქიტექტურა, ისტორიისა და კულტურის მდიდარი და უნიკალური მემკვიდრეობა და სხვ.
საქართველოში გამოყოფილია 340 საკურორტო ადგილი ჯანმრთელობის აღდგენა-განმტკიცების, სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, საკუთარი მინერალური წყლებით, სამკურნალო ტალახებითა და სასურველი, ზომიერი ჰავით.
საქართველო გამორჩეულია რთული და მრავალფეროვანი რელიეფით, რაც ტურისტებისათვის უცხო გარემოში გართობა-დასვენების საუკეთესო საშუალებაა.
როგორც ცნობილია, საკურორტო ინდუსტრიის განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანსაღი ჰავა. საქართველო ამ ნიშნითაც გამორჩეულია. ასეთი ჰავის ფორმირებას განაპირობებს ჩვენი ადგილმდებარეობა ზომიერი ნოტიო ხმელთაშუაზღვისპირეთისა და მშრალი კონტინენტური კასპიის აუზებს შორის. კავკასიონის ქედის წყალობით, ქვეყანა დაცულია ცივი მასების შემოჭრისაგან.
კლიმატური პირობების მრავალფეროვნება სხვადასხვა საკურორტო მეურნეობის განვითარების საფუძველია. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სამედიცინო პროფილის (კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, და ა.შ.) კურორტები, კერძოდ, აბასთუმანი, ბაკურიანი, ბახმარო, ქობულეთი, შოვი, წაღვერი და სხვ.
საქართველო მდიდარია ჰიდრომინერალური რესურსებითაც, კერძოდ გვაქვს მრავალრიცხოვანი მინერალური წყაროები. მათი მაღალი ბალნეო-თერაპიული თვისებები და ხელსაყრელი კლიმატური პირობები საშუალებას იძლევა საქართველო ტურიზმისა და კურორტების მიმზიდველ ქვეყნად იქცეს.
საქართველოს მდინარეთა სიმრავლე საშუალებას იძლევა დაიგეგმოს სხვადასხვა სირთულის სპორტული მარშრუტები, განვავითაროთ სამდინარო ტურიზმი. ამ კუთხით კარგი პერსპექტივები აქვს რიწის, ერწოს, ბაზალეთის, ფარავანისა და ტაბაწყურის ტბებს, ასევე აბაშისა და გეგის ჩანჩქერებს.
ცალკე აღსანიშნავია 330 კილომეტრიანი შავიზღვისპირა ზოლი, როგორც ქვეყნის განსაკუთრებული რეკრეაციული რესურსი მისაღები კლიმატური პირობებითა და კეთილმოწყობილი პლაჟებით, რაც ტურისტების მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა.
საქართველოში მდიდარი რესურსებია სამთო-სათხილამურო ტურიზმისა და ალპინიზმის განვითარებისათვის. ამ მხრივ კარგი პირობებია ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში, ბახმაროშის, სვანეთში, ხევსურეთში. ალპინიზმის განვითარება შესაძლებელია ზემო სვანეთში (მწვერვალები: უშბა, შხარა და სხვ.), ონის, ყაზბეგის, დუშეთის, ახმეტისა და ლენტეხის რაიონებში.
განსაკუთრებული რეკრეაციული რესურსია ეროვნული პარკები, რომლის ტერიტორიაზე დაშვებულია ტურიზმის განვითარება. ეროვნული პარკის ტერიტორია დაცულია იურიდიული რეჟიმით, რაც გამორიცხავს ადამიანის მიერ ბუნებრივი რესურსების ყველა სახის ექსპლუატაციას და არ უშვებს ადამიანის საქმიანობის შედეგად ტერიტორიის მთლიანობის რაიმე დარღვევას.
საერთოდ, საკმაოდ მაღალია ეროვნულ პარკებში ტურიზმით მიღებული სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი რეგიონებისათვის, რაც გამოიხატება ამ პარკების დამხმარე ზონებში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებაში, ტურისტთა განთავსების ობიექტების მშენებლობის გააქტიურებაში, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის სისტემების განვითარებაში, კვების ობიექტების შექმნაში და ა.შ.
ეკოტურიზმის განვითარებისათვის საქართველოში საკმაო რესურსები არსებობს, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული პარკების (ბორჯომ-ხარაგაულის, კოლხეთის, ივრის ზეგანის, ერუშეთის და სხვ.) კეთილმოწყობა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეს საგრძნობლად აამაღლებს.
საქართველოს მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, ხალხური ტრადიციების თვითმყოფადობა, ეროვნული სამზარეულოს გამორჩეულობა, ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობა და სხვა ფაქტორი ტურიზმისა და საკურორტო მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი რესურსია.
საქართველოში 12 ათასზე მეტი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი და 150-მდე მუზეუმია. ჩვენს ქვეყანაში გვხვდება ბრინჯაოს ხანის ძეგლები, რომელთაც განეკუთვნება თრიალეთის სამთავროსა და სამგორის ყორღანები, აფხაზეთის დოლმენები; IV-V საუკუნეებით თარიღდება საქართველოს ძველი დედაქალაქის მცხეთის აკროპოლი და მისი ერთ-ერთი უბანი არმაზი, სადაც მდებარეობდა ქართლის მეფეთა ერისთავების (პიტიახშების) რეზიდენცია, ასევე ვანის ნაქალაქევი, კლდეში ნაკვეთი ქალაქის – უფლისციხის სადგომები; ასევე შემორჩენილია ადრექრისტიანული ტაძრები – ბოლნისის სიონი (V საუკუნე), ნინოწმინდა (VI საუკუნე), ქართული არქიტექ-ტურის ერთ-ერთი მშვენება – ჯვრის მონასტერი მცხეთაში (VI საუკუნე), დავით გარეჯი (VI საუკუნე), ატენის სიონი (VII საუკუნე), ბეთანია (VII საუკუნე), ანჩისხატი თბილისში (VI საუკუნე); ძალზე თვაწარმტაცია X-XII საუკუნეების ტაძრები და ეკლესიები: ალავერდი, ბაგრატის ტაძარი, მოწამეთა, სვეტიცხოველი, გელათი, სამთავისი, ნიკორწმინდა; სამონასტრო კომპლექსები: შიომღვიმე, იყალთო, ზედაზენი, ნინოწმინდა, ბოდბე. შემორჩენილია გრანდიოზული, კლდეში ნაკვეთი ქალაქ-ანსამბლი – ვარძია; XIV-XVIII საუკუნეების ციხეები (გრემი, ხერთვისი), ტაძრები (ალავერდი და სხვ.), მონასტრები, ხიდები, სასახლეები და სხვა ნაგებობები. ზემო სვანეთშია ნაკრძალი სოფელი უშგული, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
განსაკუთრებით მდიდარია ისტორიული ძეგლებით ქართლი, კახეთი, სამხრეთ საქართველო და ქუთაისის შემოგარენი. დღესდღეობით ბევრი ისტორიული ძეგლი ფუნდამენტურ რესტავრაციას საჭიროებს. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონების, მხარეების ეთნოგრაფიული თავისებურებები. ხალხური არქტიტექტურისა და ხუროთ-მოძღვრების უნიკალური ძეგლებია მთის სოფლები – შატილი და უშგული.
ხალხური რეწვა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოში მრავლადაა სხვადასხვა პროფესიის გამოცდილი ოსტატი, რომელთა ნახელავი ხელოვნების ნიმუშია და ტურისტების მხრიდან დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს.
როგორც ვხედავთ, საქართველოს ბუნებრივი პირობების მიმზიდველობა და მრავალფეროვნება, კულტურულ-ისტორიული ძეგლების ხანდაზმულობა, უნიკალურობა და სიუხვე, ეროვნული თვითმყოფადობის გამოკვეთილი ნიშან-თვისებები, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ დავასკვნათ, საქართველოს შეუძლია მსოფლიო ტურიზმისა და ჯანმრთელობის ერთ-ერთი მძლავრი ცენტრი გახდეს.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2006 წლისათვის საქართველოში ფუნქციონირებდა 374 სასტუმრო 20488 ადგილით და 4732 დასაქმებულით (შესაბამისად, წინა წელთან შედარებით 124, 2326 და 1298 ერთეულით მეტი).
სასტუმროების მესამედი ფუნქციონირებდა თბილისში (123 ერთეული, წინა წელს 96 ერთეული). თუმცა სასტუმროების რიცხვის ზრდა გაცილებით შესამჩნევი იყო გურიაში (375%), რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (333%), სამცხე-ჯავახეთსა (252%) და კახეთში (233%).
ამავე პერიოდში სტუმართა რაოდენობა 65 ათასი კაცით გაიზარდა (მათ შორის, არარეზიდენტების 19 ათასით) და 217 ათასს გადააჭარბა (შესაბამისად არარეზიდენტების – 82,2 ათასით), ხოლო სასტუმროებში დასაქმებულთა რაოდენობამ 4732-ს მიაღწია, 2005 წლის 3434-ის ნაცვლად.
უცხოელი სტუმრებიდან ყველაზე მეტი (73,5%) თბილისს ეწვია. მომდევნო პოზიციებს იკავებს აჭარა (11%) და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (6,5%). სხვა რეგიონების ხვედრითი წილი შედარებით უმნიშვნელოა.
საინტერესოა საქართველოდან სტუმართა რაოდენობის ცვლილება ჩამოსვლის ადგილისა და მიზნის მიხედვით. კერძოდ, 2005-2006 წლებში სასტუმროებში სტუმართა შორის ყველაზე მეტი საქმიანი და პროფესიული მიზნით იყო ჩამოსული (38%), თუმცა ზრდის უფრო მაღალი ტემპი (187%) მკურნალობის მიზნით ჩამოსულთა მიხედვით შეინიშნებოდა.
რეკრეაციისა და დასვენებისათვის ტურისტები ყველაზე მეტად აჭარას, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთს სტუმრობდნენ, საქმიანი და პროფესიული მიზნით – თბილისს, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას, მკურნალობისათვის კი – გურიასა და სამცხეთ-ჯავახეთს.
როგორც ვხედავთ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ტურისტებისათვის საკმაოდ მიმზიდველი რეგიონია და ტურიზმის განვითარებისათვის მეტი და ქმედითი ღონისძიებები უნდა გატარდეს.
უცხოეთის ქვეყნებიდან საქართველოს 2006 წელს ყველაზე მეტი ტურისტი აშშ-დან, თურქეთიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, კანადიდან და ავსტრალიიდან ესტუმრა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 31 ათასამდე ტურისტი ეწვია.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს ყველაზე მეტად იზიდავს თბილისი (სავარაუდოა საქმიანი და პროფესიული მიზნისათვის), აჭარა, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონები, დსთ-ს ქვეყნებიდან ჩამოსულებს – თბილისი და აჭარა, ასევე მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, ამერიკელებს, იაპონელებს, ისრაელიანელებსა და თურქებს – თბილისი, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები, ინდოელებს – მხოლოდ თბილისი, ჩინელებს – თბილისი და სამეგრელო-ქვემო სვანეთის რეგიონი, ავსტრალიელებს – თბილისი და იმერეთის რეგიონი და სხვ.
ცხადია, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისათვის სამომავლოდ მრავალი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია გადასაწყვეტი, რომელთა შორის რიგი პრობლემები გადაუდებლად უნდა მოგვარდეს. მართალია, სასტუმროების რაოდენობა სისტემატურად იზრდება, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არასაკმარისია, განსაკუთრების ზოგიერთი რეგიონის მიხედვით. შესაქმნელია კეთილმოწყობილი სასტუმროებისა და ტურისტული მომსახურების ფართო ქსელი. არც კერძო მფლობელობაში მყოფი და არც ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ტურისტული ორგანიზაციებისა და ობიექტების სრულყოფილი კატალოგი და რეესტრი არ არსებობს, ხოლო მათი დიდი უმრავლესობა რესტავრაციასა და აღდგენა-კეთილმოწყობას მოითხოვს.
საქართველოში პრაქტიკულად არ მოქმედებს ადგილობრივი მოსახლეობის ტურისტული მომსახურების სისტემა (მათ შორის მოზარდებისათვის შემეცნებითი ხასიათის საექსკურსიო ღონისძიებების მოწყობა), თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთეულ, სპონტანურად მომუშავე ორგანიზაციებსა და ე.წ. საოჯახო (დამოუკიდებელ) ტურიზმში ინდივიდუალურად ჩართულ პირებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო წლებში საგრძნობლად მოწესრიგდა ტურისტული ბიზნესის განვითარებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სატრანსპორტო კომუნიკაციები, ამ სფეროში ხარვეზები ჯერ კიდევ მრავალია, განსაკუთრებით რეგიონებში, მისი ცალკეული დასახლებების ისტორიული ადგილების მიმდებარე ზონებში.
ასევე სერიოზული ხარვეზია ის, რომ ჯერ კიდევ მწირია ტურისტული გზამკვლევები, გამოცემები, ბროშურები და რუკები, რომლებიც როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ჩამოსულ სტუმრებს დაეხმარება გაეცნოს საქართველოს დედაქალაქს, სხვა ქალაქებს, ჩვენს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.
ძნელია ტურისტული ბიზნესის განვითარება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე, რისი განვითარებაც ასევე სახელმწიფოს პრიორიტეტად არის აღიარებული. ერთიანი საინფორმაციო ქსელის და შესაბამის მონაცემთა ბაზის არასრულყოფილი სიტუაცია მნიშვნელოვნად აძნელებს ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამ პრობლების მოგვარება უპირველესად სახელმწიფო სტრუქტურების ძალისხმევით უნდა მოხდეს.
როგორც საქართველოს დედაქალაქში, ისე მის ცალკეულ რეგიონებსა და ქალაქებში ტურიზმის განვითარებისათვის საჭიროა ჯეროვანი ყურადღება მიექცეს ახალი, გამოუყენებელი რესურსების გამოძებნას, ხოლო არსებულის ეფექტურ მართვასა და გამოყენებას. ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები თავისუფლად და ლაღად უნდა გრძნობდნენ თავს საქმიანობისა და დასვენების დროს. ჩვენი ქვეყნის მიმზიდველმა და სასიამოვნო გარემომ უნდა შეუწყოს ხელი ქვეყანაში საქმიანი ადამიანების ტურისტული ნაკადების ზრდას.
ამ მიზნით, ჩვენთან ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა (პრიორიტეტი) უნდა გახდეს თბილისის, ქუთაისის, მცხეთის, სიღნაღის, თელავისა და სხვა ქალაქების საკუთარი, განუმეორებელი კოლორიტის მქონე ისტორიული ადგილების ფეხით მოსიარულეთა ზონებად გამოცხადება, მათი იერსახის გარდაქმნა და კეთილმოწყობა, რაც უდავოდ გამოიწვევს დამატებითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია აღინიშნოს შემდეგი. უკანასკნელ წლებში საქართველომ გააქტიურა თავისი ძალიხმევა ერთიან ევრაზიულ სივრცეში ფორმირებისათვის და იგი დედამიწის ორი ნაწილის – ევროპისა და აზიის – დამაკავშირებელი არეალის თავისებურ ცენტრად იქცა. 2006 წელს ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის 1760 კილომეტრიანი ნავთობსადენის მშენებლობა. მისი საშუალებით ნავთობი ტრანს-პორტირდება თურქეთის ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით სანაპიროს მიმართულებით. ნავთობსადენს გასდევს ბუნებრივი გაზსადენიც, რომელიც თბილისს, ბაქოსა და თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე ქალაქ ერზერუმს ერთმანეთს დააკავშირებს.
ფოთის მიმდებარე ზონა საქართველში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად გამოცხადდა და უახლოეს პერსპექტივაში მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობაც აქტიურად დაიწყება.
ზემოაღნიშნული საქართველოს ეკონომიკას უდავოდ სასარგებლოდ წაადგება, მაგრამ შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს შავიზღვისპირეთის ეკოსისტემისათვის. მხედველობაშია ამ რეკრეაციული რესურსის დაკარგვის საშიშროება პერსპექტივაში, თუ სათანადო დონეზე არ იქნება გათვალისწინებული გარემოს დაცვის საკითხები.
საქართველოს ტურისტულ ბიზნესში აშარად იკვეთება ორი ძირითადი მიმართულება: საერთაშორისო და შიდა ტურიზმი. მათ შორის პრიორიტეტულ მიმართულებად მიჩნეული უნდა იქნეს შემომყვანი ტურიზმის განვითარება.
საქართველოს ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია ეროვნული ეკონომიკის განვითარების კონტექსტში ტურიზმის დარგის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, რომელიც მიმართული იქნება უცხოური და სამამულო ინვესტიციების მხარდაჭერაზე.
ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს არასახელმწიფო სექტორებისა და გარკვეული ეკონომიკური ინვესტიციების მქონე ჯგუფების ფუნქციონირების ეფექტიანობის განუხრელი ზრდა, სახელმწიფო სექტორთან მათი მუშაობის კოორდინაცია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მისი ეკონომიკურ-პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა.
ტურიზმის განვითარების სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განსაზღვრაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, ეკოლოგიური, ორგანიზაციული და სოციალური ასპექტები.
საქართველოში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა პრაქტიკულად უნდა განხორციელდეს ტურიზმისა და საკურორტო მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით, რომელშიც თბილისის, აჭარისა და სხვა რეგიონების მიხედვით, წლიურ ჭრილში ძირითადი ეტაპების, ხოლო ეტაპების შიგნით (წლიურ დროით მონაკვეთებში) ცალკეული პროექტების სახით გათვალისწინებული უნდა იყოს:
თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, ტურისტული ინფრასტრუქტურის ქსელის გაფართოება; ტურიზმის შესახებ მონაცემთა ბაზისა და მართვის ერთიანი საინფორმაციო-სარეკლამო მომსახურების შექმნა და განვითარება, ტურიზმის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერნეტის შესაძლებლობების ფართოდ გამოყენება; ეკოლოგიურად სუფთა ტურიზმისა (ეკოტურიზმის) და უსაფრთხო (დაზღვეული) ტურიზმის განვითარება; საქართველოს დიდ ქალაქებსა და რეგიონების ცენტრებში ტურისტული საქმიანობის კოორდინაციის ერთიანი ცენტრის შექმნა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რომელიც ტურისტული ინდუსტრიის ჩამოყალიბება-განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობა გახდება; მოზარდებისა და სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სპეციალური პროგრამით შემუშავებული ტურისტული მომსახურების გაწევა; საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების შემუშავება-წარდგენა, ინვესტორების მოსაძიებლად მუშაობის გააქტიურება, ქართული ტურისტული პოტენციალის მსოფლიო ასპარეზზე უფრო აქტიურად წარმოჩენა; რეგიონული და საერთაშორისო ტურისტული ურთიერთობების განვითარება, არსებული კონტრაქტების გაღრმავება და ახლის მოძიება; მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა და ჩართვა ტურიზმის მუნიციპალურ სამსახურში, დარგისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება-გადამზადების საგანმანათლებლო სისტემის ორგანიზება-ხელშეწყობა; ტრადიციული და მიზნობრივი ტურიზმის, ტურისტული ბიზნესის მომსახურე და უსაფრთხო ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესის (სატრანსპორტო საშუალებები, მთარგმნელობითი ბიუროები, სადაზღვევო კომპანიები, სარეკლამო კომპანიები, გამომცემლობები, კვების ობიექტები, დასასვენებელი ადგილები, გასართობი ცენტრები და ა.შ.) განვითარების ხელშეწყობა; მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილებათა გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს სასტუმროების, ტურისტული ფირმებისა და ტურისტული სატრანსპორტო საშუალებების სტანდარტები, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მშენებლობის წარმართვას საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, საინვესტიციო სახსრების მიზანმიმართულსა და ეფექტიან ხარჯვას და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად აამაღლებს ტურისტული მომსახურების ხარისხობრივ დონეს, რაც ამ დარგის განვითარების, მისი საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების გადამწყვეტი ფაქტორია.

გამოყენებული ლიტერატურა.
1 საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტების შესახებ. თავი 2, მუხლი 4.
2 შუბლაძე ვ. საქართველო და ტურიზმი. თბ., 2004, გვ. 60.
3 შუბლაძე გ., დოლიკაშვილი ლ., ქიტაშვილი ა. ტურიზმის მარკეტინგი. თბ., 2007, გვ. 36.
4 შუბლაძე გ., დოლიკაშვილი ლ., ჯოლია გ., ჩეკურიშვილი ნ. ტურიზმის მენეჯმენტი.
თბ., გვ. 36.
7 შათირიშვილი ჯ. ქართული ტურიზმის განვითარების ორგანიზაციულ-ფინანსური საკითხები (ქ. თბილისის ტურიზმის მაგალითზე). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომების კრებული. ტომი VI. თბ., 2002, გვ. 514-527.
8 ოზბეთელაშვილი ე. საქართველოს ტურიზმი საბაზრო ეკონომიკის პირობებში. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომების კრებული. ტომი VI. თბ., 2002, გვ. 431-435.
9 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მასალები.