ეკონომიკურ თეორიაში კვლევის მეთოდის სრულყოფის შესახებ

ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, პაატა ლეიაშვილი

დამოუკიდებლობის მოპოვებამ შოკური ზემოქმედება იქონიაპოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაზე. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან დაიმსხვრა მარქსისტული დოგმები, რომლებსაც ეს მეცნიერება ეფუძნებოდა. ეკონომისტებმა დაიწყეს დასავლური ეკონომიკური თეორიის ათვისება. მაგრამ მისი ათვისების კვალდაკვალ თანდათან გაძლიერდა მისადმი კრიტიკული დამოკიდებულება. ამისათვის არსებობს სერიოზული საფუძველი, რადგან იგი, თვით დასავლეთში დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, ზედმეტად აბსტრაქტულია, მოწყდა რეალობას და საჭიროების განახლებას.

ამასთანავე, არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ მარქსის მოძღვრებამ უდიდესი წვლილი შეიტანა ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში. ამას ხაზგასმით აღნიშნავენ თვით ისინიც, ვინც ყველაზე მკაცრად აკრიტიკებენ მას – მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები. აქედან, ცხადია, მარქსის თეორიის მიმართაც ისეთივე ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო, როგორც ეკონომიკის მიმართ. ანუ როგორც ეკონომიკის თეორია არ შეიძლება მივიღოთ ბრმად, ასევე მარქსის თეორია არ შეიძლება ბრმად უარვყოთ.

ჯერ კიდევ 40-იან წლებში ლ. რობინსი წერდა, რომ ეკონომიკა არის “მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანის ქცევას მიზნისა და დეფიციტურ რესურსებს შორის ურთიერთკავშირის თვალსაზრისით”. მარქსის თეორიისაგან განსხვავებით, აქ ყურადღების ცენტრშია არა ადამიანის ადამიანთან, არამედ ადამიანის საგნებთან მიმართება. პრობლემა, თუ როგორ განაწილდეს შეზღუდული რესურსები სხვადასხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, უშუალოდ არის დაკავშირებული პრაგმატულ ეკონომიკურ მიზნებთან. ეს პრობლემა ყოველთვის იყო და იქნება ეკონომიკური პრაქტიკისათვის უმნიშვნელოვანესი როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე. ამ თვალსაზრისით, ეკონომიკას მართლაც გააჩნია სერიოზული ფუნქცია, რომელსაც იგი მთელ რიგ შემთხვევებში წარმატებით უძღვება. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ პრაგმატულმა მიზნებმა იმდენად წინ წამოიწიეს, რომ გარკვეული აზრით დაიქვემდებარეს ამ დისციპლინის შემეცნებითი ფუნქცია. ყოველივე ეს, უპირველეს ყოვლისა, აისახება მისი კვლევის მეთოდებზე.

თუ ეკონომიკურ თეორიას განვიხილავთ როგორც ფუნდამენტალურ მეცნიერებას, რომელიც ორიენტირებულია შემეცნებაზე, ეკონომიკის სიღრმისეული არსის გამოვლენაზე, მაშინ ამ მეცნიერებაში უნდა დომინირებდეს მეთოდოლოგია, რომელიც შესაძლებელს გახდის მოვლენათა არსის, სიღრმისეული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოკვლევას. ხოლო თუ ეკონომიკურ თეორიას განვიხილავთ, როგორც გამოყენებით მეცნიერებას, რომელიც მთავარ მიზნად ისახავს პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკის მართვისათვის, მაშინ მიმდინარე სირთულეების დასაძლევად, თუნდაც დროებით, შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს იმ მეთოდების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობენ ფუნქციონალური კავშირების გამოვლენას და მათზე ზემოქმედების ხერხების შემუშავებას. რა თქმა უნდა, კაუზალური და ფუნქციონალური კავშირების შესწავლაზე ორიენტირებული მეთოდები არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ურთიერთგამომრიცხავი. გარკვეულწილად, ისინი გულისხმობენ ერთმანეთს. აქ ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომელი მეთოდები დომინირებენ ამ მეცნიერებაში, მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე.

ეკონომიკაში ფუნქციონალური ანალიზის დომინირება უშუალოდ არის დაკავშირებული იმასთან, რომ თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებაში დიდი ადგილი უკავია მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებას. სხვადასხვა მოვლენებს შორის სტატისტიკური კორელაციის დადგენა, შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს პრაქტიკული რეკომენდაციების შესამუშავებლად, მაგრამ არა არსის საფუძვლიანი შესწავლისათვის. კორელაციიდან არ ჩანს, განხილული მოვლენებიდან რომელია მიზეზი, და რომელია – შედეგი. მეტიც, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ არც ერთი მათგანი არ არის მიზეზი და ჭეშმარიტი მიზეზი საერთოდ მესამე მოვლენაა, რომელიც განაპირობებს პირველსაც და მეორესაც. მაგალითად, მოთხოვნა-მოწოდების ანალიზი, ელასტიურობის ცნება და მისი კოეფიციენტების გაანგარიშება, საბაზრო სტრუქტურის ანალიზი – ყველაფერი ეს სასარგებლოა კონკრეტული ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. მაგრამ თეორიული შემეცნების თვალსაზრისით, მათი მნიშვნელობა გაცილებით მოკრძალებულია და მათი მეშვეობით ჩვენ ვერ გამოვიკვლევთ ფასის, მოთხოვნის და მიწოდების არსს და მათ უკან მდგომი ეკონომიკური ფასეულობების, მოთხოვნილებების და წარმოების, საერთოდ, ეკონომიკის არსს.

ასევე უძლურია ზოგიერთი პრობლემის გადაჭრისას მათემატიკური მოდელები. ასეთი მოდელი, შესაძლოა, სავსებით უნაკლო იყოს მათემატიკური თვალსაზრისით, მაგრამ მაინც ვერ ახსნას მოდელირების ობიექტი, თუ იგი ემყარება მცდარ დაშვებებს, წინაპირობებს. ამიტომ რაოდენობრივ ანალიზს ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს თვისობრივი ანალიზი.

თანამედროვე ეკონომიკას წარმოადგენს სხვადასხვა ავტორების მიერ წამოყენებული ისეთი თეორიების ერთობლიობა, რომელთაგანაც ყოველი ცალ-ცალკე ცდილობს, ასახოს ეკონომიკური სინამდვილის გარკვეული ფრაგმენტი. ფასის თეორია, ფულის თეორია, ეკონომიკური წონასწორობის თეორია, არასრულყოფილი კონკურენციის, თამაშების, ფირმის, სამომხმარებლო არჩევანის, მაკროეკონომიკური, ზრდის, განვითარების და სხვა თეორიები წარმოადგენენ იმ ბლოკებს, რომლებიდანაც შედგება ეკონომიკსის კორპუსი. ცალ-ცალკე ეს თეორიები, შესაძლოა, რაციონალურად, და ზოგჯერ, დამაკმაყოფილებელი სიზუსტით ასახავენ შესაბამის ფაქტებს და პროცესებს, ყოველ შემთხვევაში, საკმარისი სიზუსტით იმისათვის, რომ მათზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდეს მეცნიერული პროგნოზების და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეკონომიკსი იმდენად აბსტრაქტულია, იმდენად მოწყდა რეალობას, რომ ვეღარ ასახავს მას. ანუ ეკონომიკურ მეცნიერებაში შექმნილი სიტუაცია ძალიან წააგავს სცენას, ელდარ შენგელაიას ფილმიდან “არაჩვეულებრივი გამოფენა”, სადაც მოქანდაკე ცდილობს, დაამტკიცოს თავისი ქმნილების მსგავსება ორიგინალთან. “ცხვირი გავს? გავს! თვალები გავს? გავს! შუბლი გავს? გავს! – ესე იგი გავს!” – ასკვნის იგი. საკვირველია, მაგრამ XXI საუკუნეში ეკონომიკურ მეცნიერებაში გაბატონებული მეთოდები დიდად არ განსხვავდება აგული ერისთავის მეთოდებისაგან.

რეალობის ასახვის ასეთი “ფრაგმენტული” მეთოდი, შესაძლოა, აუცილებელიც იყოს მეცნიერების განვითარების გარკვეულ საფეხურზე. მაგრამ ცხადია, რომ ამ მეთოდის შესაძლებლობები შეზღუდულია, ხოლო ეკონომიკურ მეცნიერებაში -ამჟამად უკვე ამოწურულია. ამ მეცნიერების შემდგომი განვითარება საჭიროებს უკვე პრინციპულად განსხვავებულ მეთოდებს. და, რაც მთავარია, ეს მეთოდები უკვე არსებობს. კვლევის დიალექტიკური მეთოდი სწორედ ის მეთოდია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ფრაგმენტებიდან კი არ “შევაკოწიწოთ” ეკონომიკის მთლიანი სურათი, პირიქით, მთლიანობის ადეკვატური სურათის მეშვეობით სწორად დავინახოთ ეკონომიკური სინამდვილის ესა თუ ის ფრაგმენტი. მაგრამ როგორ მივიღოთ თვით ეს “მთლიანობის ადეკვატური სურათი”? ამისთვის, საჭიროა, დავიწყოთ ანალიზი იმ “უჯრედიდან”, რომლიდანაც ევოლუციის შედეგად განვითარდა და ჩამოყალიბდა თანამედროვე, ფუნქციონირებადი, ცოცხალი ეკონომიკური ორგანიზმი, როგორც მთლიანობა. შემდეგ საჭიროა ლოგიკური სქემის დონეზე აღვადგინოთ მისი განვითარების ისტორია, მეცნიერული კატეგორიებით გამოვსახოთ მისი ევოლუციის ძირითადი ეტაპები იმავე თანმიმდევრობით, როგორც ეს, ფაქტობრივად, მოხდა ისტორიაში. ამ გზით მივიღებთ ერთმანეთისაგან გამომდინარე კატეგორიათა სისტემას, გამოიკვეთება კვლევის ობიექტის განვითარების რეალური მექანიზმი, ევოლუციის მამოძრავებელი ძალები. ანუ მივიღებთ თეორიულ სისტემას, რომელიც ადეკვატურად ასახავს თანამედროვე ეკონომიკის არსს და რომელიც მოგვცემს მისი შემდგომი განვითარების პროგნოზირების საშუალებას. ჩვენ გავიგებთ როგორ ფუნქციონირებს, როგორ ვითარდება ეკონომიკა, როგორც ერთიანი ცოცხალი ორგანიზმი. სწორედ ეს იქნება “მთლიანობის ადეკვატური სურათი” და მხოლოდ ამ მთლიანობის კონტექსტში არის შესაძლებელი ცალკეული ფაქტების თუ პროცესების სწორად დანახვა.

მთლიანის განმსაზღვრელი როლი ნაწილებთან მიმართებაში დამახასიათებელია დიალექტიკური მეთოდისათვის. ხოლო მოსაზრება, რომ თითქოს არსებობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ნაწილები, რომლებიც ერთიანდებიან და ქმნიან მთლიანობას, არსებითად მცდარია. ამიტომ მეთოდოლოგიურად გაუმართლებელია ჯერ კვლევის ობიექტის ცალკეული ნაწილების შესწავლა, და შემდეგ თავის მოტყუება, რომ კვლევის შედეგების მექანიკური გაერთიანებით, შეგვიძლია მივიღოთ საერთო თეორია. როგორც ჰეგელი წერს: “სხეულის სხვადასხვა ნაწილები არიან ის, რაც არიან, მხოლოდ მთლიანობაში და ერთმანეთთან მიმართებაში. ასე, მაგალითად, სხეულისგან მოკვეთილი ხელი… მხოლოდ სახელად არის ხელი, მაგრამ არსებითად აღარ არის ხელი”.

ამიტომაც არის, რომ ეკონომიკსის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულება ეკონომიკური ორგანიზმის ნაწილებს შორის (ასევე ცალკეულ სუბიექტებს შორის), დანახულია არასწორად როგორც “ფიქცია” ან “უხილავი ხელი”, რომელიც გარედან კარნახობს ამ ნაწილებს მათი მთლიანობის ფარგლებში გაერთიანების წესს. როგორც უნდა იყოს გაგებული ეს “ფიქცია” ან “უხილავი ხელი”, ყველა შემთხვევაში, იგი არის კაცმა არ იცის საიდან მოვლენილი მექანიზმი. რა თქმა უნდა, “მექანიზმის” ასეთი გაგება არ შეესაბამება ობიექტურ რეალობას და არის მცდარი აზროვნების ნაყოფი. და ასე ხდება იმიტომ, რომ თავიდანვე, ანალიზის დაწყებისთანავე, გამოსაკვლევ ნაწილში არ იყო დანახული მისი ის თავისებურებები, რომელთა წყალობითაც იგი იმთავითვე იყო ამ კონკრეტული მთლიანობის ნაწილი. ანუ ცალკეული ნაწილების განხილვისას ყურადღების გარეთ რჩება სწორედ ის თვისებები, რომლის მეშვეობითაც ისინი ასრულებენ თავის მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციას კონკრეტული მთლიანობის ფარგლებში.

ამ მეთოდის თანახმად, მეცნიერი იწყებს ანალიზსს ცალკეული ინდივიდების ქცევით და ცდილობს, გაერკვას, თუ როგორ ხდება, რომ ცალკეული, დამოუკიდებელი, თავისუფალი ინდივიდების მოქმედებებიდან იბადება “სპონტანური წესრიგი” (ფ. ჰაიეკი). ანუ როგორ ხდება საზოგადოების, როგორც ერთიანი სუბიექტის ეკონომიკური ფუნქციონირება, თუ რა მისტიკური ძალა მართავს “უხილავი ხელით” მილიონობით დამოუკიდებელი ინდივიდების ქცევას, რომლებიც ხელმძღვანელობენ მხოლოდ თავისი ეგოისტური ინტერესებით?

სწორედ მცდარი მეთოდოლოგიის გამო ეკონომიკსმა ვერ შესძლო მხოლოდ დამოუკიდებელი ინდივიდების ქცევის ლოგიკიდან მოეხდინა საზოგადოების ეკონომიკური მექანიზმის თეორიული კონსტრუირება. საქმე იმაშია, რომ არა მარტო ინდივიდები ქმნიან საზოგადოებას, არამედ საზოგადოებაც “ქმნის” და “ზრდის” ინდივიდებს თავის წევრებად. აქედან ცხადია, რომ ერთი შეხედვით დამოუკიდებელი ინდივიდები არ ყოფილან Mმთლიანად დამოუკიდებელნი. ისინი ურთიერთდამოკიდებულნი არიან. ინდივიდების ქცევას განაპირობებს საზოგადოებრივი შრომის დანაწილება, საზოგადოებაში გაბატონებული ნორმები, დაწერილი და დაუწერელი კანონები. ასევე ინდივიდთა მოთხოვნილებები არ არის რაღაც დამოუკიდებელი და პირველადი, რომლიდანაც ფორმირდება საზოგადოებრივი მოთხოვნილებების სტრუქტურა.ინდივიდუალური მოთხოვნილებები თვითონ არიან განპირობებული საზოგადოებრივი მოთხოვნილებებით, საზოგადოების განვითარების დონით, საზოგადოების უნარით დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნილებები.

ამასთანავე ეს არ ნიშნავს, რომ ინდივიდი მთლიანად დეტერმინირებულია საზოგადოებით და მას არ გააჩნია თავისუფლება. მას გააჩნია თავისუფლება, მაგრამ მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელიც მას დაუწესა საზოგადოებამ ისტორიული განვითარების მოცემულ ეტაპზე. ამიტომ სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ საზოგადოება ასევე “ქმნის” ინდივიდებს, როგორც ინდივიდები ქმნიან საზოგადოებას, მხოლოდ დიალექტიკური კვლევის შედეგად შეიძლება გავარკვიოთ, კონკრეტულად როგორ ხდება ეს.

მთელი რიგი სირთულეები ეკონომიკსში იბადება სწორედ იქიდან, რომ კვლევა არ გულისხმობს აბსტრაქტულიდან კონკრეტულისაკენ აღმასვლას. რა თქმა უნდა, აბსტრაქტული და კონკრეტული აქ გაგებულია არა ისე, როგორც სასაუბრო ენაში. კონკრეტული არ ნიშნავს გრძნობად აღქმაში მოცემულ ნივთს ან თვალნათლივ წარმოდგენილ მოვლენას. დიალექტიკურ ლოგიკაში კონკრეტული ნიშნავს “მრავალგვაროვანთა ერთიანობას”, ნაწილებისაგან შემდგარ მთლიანობას. ხოლო აბსტრაქტული არ ნიშნავს, უბრალოდ, ობიექტების ცნობიერებაში ასახვის სპეციფიურ ფორმას. არამედ ნიშნავს ნაწილობრივს, არასრულს, ანუ კონკრეტულის ერთ ნაწილს. ასე რომ, აბსტრაქტულისა და კონკრეტულის ურთიერთკავშირი დიალექტიკურ ლოგიკაში არ არის გაგებული როგორც “აზრობრივის” და “გრძნობადის”, ან “თეორიულისა” და “ემპირიულის” ურთიერთმიმართება. აქ მთავარია კვლევის ობიექტის შინაგანი დანაწევრების პრობლემა.

თანამედროვე ეკონომიკურ კვლევებში მეცნიერი შეგნებულად ცდილობს, ყოველმხრივ განიხილოს კვლევის ობიექტი, რადგან მიაჩნია, რომ ნებისმიერი “ცალმხრიობა” საზიანოა, რომ საჭიროა გავითვალისწინოთ ერთიც, მეორეც და მეათეც. ნაცვლად იმისა, რომ კვლევა წარიმართოს აბსტრაქტულიდან კონკრეტულისაკენ, ადგილი აქვს დაუსრულებელ “ხეტიალს” ერთი აბსტრაქციიდან მეორე აბსტრაქციამდე. ასეთი კვლევა ვერასოდეს მიაღწევს კონკრეტულობას. ანუ, რადგან ყველა მოვლენების, ფაქტების და პროცესების გათვალისწინება შეუძლებელია (მათი სიმრავლის გამო), მეცნიერს გარდაუვლად მიაჩნია “ფრაგმენტული” ანალიზი. როგორც აღვნიშნეთ, იგი ამოგლეჯს ფაქტებს და მოვლენებს მათი ობოექტური ურთიერთკავშირიდან, რათა განიხილოს იგი ამ კავშირების გარეშე, თუ როგორია იგი “თავისთავად”, ანუ იმ მთლიანობის გარეშე, რომლის ნაწილნიც ისინი არიან. ამასვე გულისხმობს ეკონომიკსის კვლევის ერთ-ერთი პრონციპი “სხვა ყველაფერი უცვლელია” (“other things equal”).
ასეთი მეთოდით მიკროეკონომიკაში დამოუკიდებლად ცალკე განიხილება მოთხოვნა და მასზე მოქმედი ფაქტორები (დეტერმინანტები), დამოუკიდებლად განიხილება მიწოდება და მასზე მოქმედი ფაქტორები (მიწოდების დეტერმინანტები), და შემდეგ განიხილება საბაზრო წონასწორობა, როგორც მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედების შედეგი. ასეთი ანალიზი ყოველთვის იქნება მხოლოდ კანონზომიერებების ანალიზი ეკონომიკური პროცესების ზედაპირზე. ამიტომაც არის, რომ ეკონომიკსის სახელმძღვანელოებში ჩამოყალიბებული მოთხოვნის და მიწოდების კანონები, კლებადი უკუგების კანონი, ზღვრული დანახარჯების ზრდის, კლებადი სარგებლიანობის და კიდევ სხვა მრავალი კანონი, ფაქტობრივად, არც არიან კანონები, სიტყვის სრული გაგებით. ეს არის კანონზომიერებები. კანონზომიერება, კანონისაგან განსხვავებით, მიეკუთვნება მოვლენების სფეროს და ასახავს მოვლენათა განმეორებადობას, მათ “სისწორეს”, გაბატონებულ ტენდენციასთან შესაბამისობას. ხოლო კანონი მიეკუთვნება არსის სფეროს და არის აუცილებელი, მდგრადი, განმეორებადი და საყოველთაო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოვლენებს შორის.

არსებული ეკონომიკური სინამდვილის თეორიული ასახვა აბსტრაქტულიდან კონკრეტულისაკენ აღმასვლის მეთოდით შესაძლებელია მხოლოდ ისტორიულ-ლოგიკურ მეთოდთან ერთად. ასეთი ანალიზი, თვით ამ ანალიზის ეტაპების თანმიმდევრობის მეშვეობით, ასახავს იმ ფაზების ისტორიულ თანმიმდევრობას, რომელიც, ფაქტობრივად, გაიარა რეალურმა ეკონომიკამ, თავის განვითარების პროცესში. ანუ კატეგორიების ანალიზის თანმიმდევრობას კარნახობს რეალური ისტორიული პროსეცი, დაწყებული ეკონომიკის “ემბრიონალური” ფორმებიდან და დამთავრებული მაღალგანვითარებული თანამედროვე ეკონომიკით.

თანამედროვე სახელმძღვანელოებში ეკონომიკსი წარმოდგენილია, როგორც მეტ-ნაკლებად მწყობრი სისტემა. მაგრამ, თუ დავუკვირდებით, ეს სისტემურობა არსებობს მხოლოდ სახელმძღვანელოებში, სადაც სასწავლო მასალა დალაგებულია და მიწოდებულია სისტემის ფორმით, დიდაქტიკური მოსაზრებებით. ხოლო ეკონომიკსი, როგორც მეცნიერება, თანამედროვე ეტაპზე, შინაგანად არ არის ერთიანი სისტემა და წარმოადგენს სხვადასხვა თეორიების ეკლექტიკურ ნაზავს. აქ ერთნაირი უფლებით ისე თანაარსებობენ პოლარულად საპირისპირო იდეები, რომ ხშირად თითქმის შეუძლებელი ხდება მათი დადასტურება ან უარყოფა პრაქტიკის საფუძველზე, რადგან თითოეულ ასეთ იდეას მოეძებნება მისი დამადასტურებელი ფაქტებიც და ამ ფაქტების სათანადო ინტერპრეტაციაც. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, ეკონომიკსის ფარგლებში ორი დაპირისპირებული მიმდინარეობის გაუთავებელი კამათი სხვადასხვა ფაქტების ინტერპრეტაციაზე. მაგალითად, ზუსტად ისეთივე უფლება აქვთ კეინსიანელებს ამტკიცონ, რომ ფულის მიმოქცევის სიჩქარე იცვლება, როგორც მონეტარისტებს – რომ ეს სიჩქარე არ იცვლება. მოვლენების ერთი ნაწილი და მათი შესაბამისი ინტერპრეტაცია იძლევა საშუალებას, გაკეთდეს პირველი დასკვნა, მოვლენების მეორე ნაწილი იძლევა საშუალებას, გაკეთდეს მეორე დასკვნა.

თუ ერთგვარად შევაჯამებთ ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებებს, მივიღებთ შემდეგს. მარქსის თეორია პირვანდელი ფორმით უსარგებლოა ეკონომიკური რეალობების ასახსნელად, და, ესე იგი, თეორია მოძველდა. მეორე მხრივ, თანამედროვე ეკონომიკური თეორიაც (ეკონომიკსი) განიცდის სერიოზულ კრიზისს და არც მას შესწევს უნარი ადეკვატურად ახსნას მიმდინარე პროცესები და ესე იგი საჭიროებს განახლებას. ასეთ ვითარებაში იბადება ორი კითხვა: 1) რა მიმართულებით უნდა განვითარდეს “ეკონომიკსი”, რომ გამოვიდეს კრიზისიდან? 2) ამოწურულია თუ არა მარქსის მოძღვრების პოტენციალი, ანუ კიდევ შეუძლია თუ არა მას ახალი იდეების გენირირება?

ამ კითხვაზე პასუხის ძიებამ დასავლეთის მეცნიერებაში წარმოშვა “მარქსის მოძღვრების რენესანსის” მცდელობა. იგი ეყრდნობა იდეას, რომ საჭიროა თანამედროვე ეკონომიკური ანალიზის მეთოდოლოგიური საშუალებები იყოს გადამუშავებული მარქსის მეთოდოლოგიის საფუძველზე.

დასავლეთის მეცნიერთა დაინტერესება მარქსის მეთოდოლოგიით და თანამედროვე ეკონომიკური ანალიზის მეთოდოლოგიასთან შერწყმის შესაძლებლობების გამოკვლევა, წარმოადგენს ერთ-ერთ თავისებურებას, რითაც გამოირჩევა თანამედროვე მარქსოლოგია. პროფესორი უ.ადამსონი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან აღნიშნავს: “მარქსიზმი, უპირველეს ყოვლისა, ინარჩუნებს ფასეულობას იმით, რომ იგი გვასწავლის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური რეალიების ანალიზის ხერხს”. (ანუ მეთოდს).

ერთი სტატიის ფარგლებში შეუძლებელია მარქსის მეთოდოლოგიის ყველა ასპექტებზე და მათ უპირატესობებზე ლაპარაკი. მაგრამ ცხადია, რომ თანამედროვე ეკონომიკურ თეორიაში ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიც არის აბსტრაქტულიდან კონკრეტულისკენ და მარტივიდან რთულისკენ აღმასვლა, ისტორიულ-ლოგიკური მეთოდი, ანალიზის და სინთეზის, ინდუქციის და დედუქციის მეთოდები საშუალებას იძლევიან, შეიქმნას რეალობის ადეკვატური მეცნიერული სისტემა, რომელიც საგრძნობლად გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას ეკონომიკის შესახებ.