მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები საქართველოში

ციალა ლომაია, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ნატო ზარნაძე, მაგისტრი

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში განხორციელებულმა ღონისძიებებმა, რომლებიც ითვალისწინებდა დაგეგმილი ეკონომიკის ნეოლიბერალურად გარდაქმნას, გამოიწვია ღრმა ცვლილებები შრომის ბაზარზე. საბჭოთა რეჟიმის დროს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის დასაქმების გარანტია განიხილებოდა, როგორც უფლება და გულისხმობდა უსაფრთხოებას ისეთი ცხოვრებისეული უბედურების დროს, როგორიცაა: ავადმყოფობა, შრომისუუნარობა და ა.შ. ადგილი დაეთმო სტატუსთა სიმწირეს, გაღარიბებას და სოციალურ გარიყვას. ამ პრობლემების დაძლევის მოქნილი გამოსავალი დასაქმების სფეროში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა და სამუშაო ადგილების შექმნაა.

აღნიშნული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად გვესახება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რაც საქართველოს მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ადამიანთა დიდი ნაწილის დასაქმებასა და მათ ჩართვას ეკონომიკურ რეფორმებში. ეს გამოიწვევს ქვეყანაში არსებული სოციალური დაძაბულობის შემცირებას, ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების ორგანიზაციას. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ინოვაციურ და სამრეწველო სფეროში დამოკიდებულია ხელსაყრელი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოს ფორმირებაზე. მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფო მხარდაჭერის მოქნილობა, რომელმაც მეწარმეობის ცალკეული დარგისათვის სპეციფიკური ზომები უნდა გაითვალისწინოს.
ჩვენ გადავწყვიტეთ ჩამოვაყალიბოთ ცნებები, მიზნები, ამოცანები, ძირითადი მიმართულებები და აუცილებელი ღონისძიებები, რისთვისაც ვეფუძნებით განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას, საქართველოს საკანონმდებლო ბაზას, სახელმწიფო პოლიტიკას ბიზნესის მხარდაჭერის სფეროში, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოთხოვნილე-ბებს, შესაძლებლობებსა და თავისებურებებს.
ბიზნესის მიმართულებები იცვლება დროისა და მიზნის მიხედვით. მას შეიძლება ჰქონდეს როგორც გლობალური, ისე ლოკალური მასშტაბი. თუ XX საუკუნის 60-იან წლებამდე მცირე ბიზნესი ეკონომიკის ერთ-ერთ უპერსპექტივო და სუსტად განვითარებულ სექტორად ითვლებოდა, ამჟამად მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ იგი გახდა საბაზრო ეკონომიკის წარმატებით ფუნქციონირების ძირითადი პირობა. ამ სფეროში მზადდება და რეალიზდება დიდი მოცულობის როგორც საწარმოო დანიშნულების, ასევე ფართო მოხმარების მრავალფეროვანი პროდუქცია, სრულდება სხვადასხვა მომსახურებასთან დაკავშირებული სამუშაოები. არანაკლებ საყურადღებოა ისიც, რომ დღევანდელ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროშია დასაქმებული მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი. ცნობილია ისიც, რომ საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების სახელმწიფოებრივი ხელშეწყობა დაიწყო XX საუკუნის ბოლო ათწლეულიდან. გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში მინისტრთა კაბინეტის #826 დადგენილებით ეკონომიკის სამინისტროსთან დაფუძნდა “მცირე ბიზნესის ფონდი”, რომელსაც დაევალა მცირე ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და პრაქტიკული რეალიზაცია.
ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების საქმეში მხარდაჭერის შემდგომ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 23 ივლისს მიღებული კანონი “მცირე საწარმოთა განვითარების მხარდაჭერის შესახებ”. ამ კანონით შეიქმნა “მცირე ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი.” საქართველოს სამეწარმეო გარემოს შესაბამისი კანონმდებლობით უზრუნველყოფაში გამორჩეული იყო 2002 წელი როგორც არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფით, ასევე ახალი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მიღებით. მათ შორის გამოვყოფთ: ცვლილებების შეტანას კანონში: მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის საკითხში, სადაც განისაზღვრა მცირე და საშუალო საწარმოთა სტატუსი: მუშაკთა მოთხოვნებისა და წლიური ბრუნვის ოდენობის მიხედვით. ამავე წელს დასრულდა დამუშავება და ქვეყნის პრეზიდენტის 22 ივნისის ბრძანებულებით დამტკიცდა მცირე და საშუალო საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერის 2002-2004 წლების პროგრამა. აქედან მოყოლებული ხდება ამ პროცესის სრულყოფა და მცირე ბიზნესის დაფინანსება, თუმცა ჯერ-ჯერობით სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ თუ საქართველოში 1991 წლიდან რეგისტრირებული იყო 6000 მცირე საწარმო, 1994 წლიდან მათი რაოდენობა გაიზარდა 12000-მდე, 1995 წლიდან – 17000-მდე. 2000 წლიდან – 20%-ით, ხოლო 2006 წელს მცირე და საშუალო საწარმოთა რიცხვმა 22000 შეადგინა. სამწუხაროა, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ საწარმოთა 28% უმოქმედოდაა.
მცირე და საშუალო ფირმების მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ზრდის ტემპი დამახასიათებელი იყო სამთო-მომპოვებელი, საფეიქრო, ხე-ტყესა და კვების მრეწველობისათვის. თუკი რეგიონალურ ჭრილში გადავხედავთ, საქართველოს სტატისტიკის ორგანოების მონაცემებით, მცირე ზომის ფირმების ყველაზე დიდი ოდენობა განთავსებულია თბილისში, მეორე ადგილზეა კახეთის რეგიონი, III და IV ადგილს აჭარა და ქვემო ქართლი იყოფენ. მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, აუცილებელია ითქვას, შედარებით არამყარი სამეურნეო შედეგები აქვთ მცირე და საშუალო საწარმოებს. პროდუქციის მოცულობის ზრდას ბოლო 3 წლის მონაცემებით საშუალო საწარმოთა 48% და მცირე საწარმოთა მხოლოდ 33% აღწევს, ხოლო მოგების ზრდას საშუალო საწარმოთა 41% და მცირეთა 26% ახერხებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მცირე ბიზნესი დღესაც საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის მე-18 წელსაც კი რთულ მდგომარეობაშია, რისი მიზეზიც ბიზნესგარემოს წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესების მიუხედავად, იგი საქმიანობის გაფართოებას უმეტესად საკუთარი დანაზოგებით ახერხებს. დღეისათვის საქართველოს ბანკებში არსებული საკრედიტო განაკვეთები წლიური 20/25%-ის ფარგლებშია, რაც მათ ნაკლებ მიმზიდველს ხდის ინვესტირების უმეტესი პროექტებისათვის. საგადასახადო კანონმდებლობა მრავალგზის კორექტირების მიუხედავად, მცირე მეწარმის ინტერესებს ვერ გამოხატავს და მიუხედავად ამ კორექტირებისა ის შედეგები, რასაც მეწარმეები ელიან არ მიიღება. განსაკუთრებით დამწყებ მცირე და საშუალო ფირმებს უჩნდებათ სირთულეები დაფინანსების, პროდუქციის გასაღებისა, თუ სხვა სფეროებში. ჩვენი მიზანია ეს ფუნქციები იკისროს საქრთველოში საზღვარგარეთ აპრობირებულმა და გამოცდილმა ფრანჩაიზინგმა და ე.წ. “მცირე ბიზნესის ინკუბატორებმა”. მცირე საწარმოთა ნაწილი ჩართულია საკონტრაქტო სისტემაში. მონოპოლური საწარმოო კომპლექსები და დიდი კომპანიები წარმოადგენენ მცირე ფირმების კლიენტებს, ხოლო ეს უკანასკნელნი – მიმწოდებლებს მსხვილი ფირმებისათვის. ფრანჩაიზინგი იღებს მზა საწარმოს, სწორედ ამაშია მისი მიმზიდველობა. ფრანჩაიზს არ სჭირდება ნაბიჯ-ნაბიჯ საწარმოს შექმნა, როგორც ამას მეწარმე აკეთებს, არ სჭირდება რეკლამის ხარჯების გაწევა,
ფრანჩაიზერი ადგენს მოგებიდან გადასახადის ნორმატივს, მათი სიდიდე დამოკიდებულია დარგზე და საწარმოს მომგებიანობაზე. ის შეიძლება 2-3% იყოს. საქართველოში ფრანჩაიზინგის განვითარების საკანონმდებლო ბაზა უკვე არსებობს სამოქალაქო კოდექსში, კერძოდ, “სახელშეკრულებო სამართალში” ცალკეა გამოყოფილი თავი, სადაც განხილულია ფრანჩაიზინგის სისტემა. საქართველოში ფრანჩაიზინგის სამივე ტიპი გვხვდება – სავაჭრო, საწარმოო და სალიცენზიო (მაგალითად, კოკა-კოლა, ვულე-ვუ, ბატა, ჯორდანო, მექსი), მაგრამ საქართველოს ეკონომიკური აღორძინებისათვის, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით აუცილებელია ფრანჩაიზინგის განვითარება წარმოების სფეროში.
ჩვენ ვეთანხმებით ეკონომისტ გულნაზ ერქომაიშვილს, რომ პერსპექტივაში ცნობილი უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ფირმა “ლაღიძე” შეიძლება გამოვიდეს ფრანჩაიზერის როლში. ამის საფუძველს იძლევა უაღრესად ორიგინალური რეცეპტურა და ტექნოლოგია, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია. აღნიშნულ ფირმას მიუხედავად თავისი სახელისა, უმძიმს ტექნიკური გადაიარაღება, რეკლამაზე ხარჯების გაწევა, ამიტომ ის ვერც ფინანსურ და ვერც ტექნიკურ დახმარებას ვერ გაუწევს სხვადასხვა რეგიონებში განლაგებულ მცირე ფირმებს. ჩვენ ვცდილობთ შევთავაზოთ ფირმა “ლაღიძეს” ეკონომიკური მომაგრება, რისთვისაც აუცილებელი იქნება შემუშავდეს მაღალი ხარისხის ბიზნეს-გეგმა, რომელიც მოიზიდავს მსხვილ ინვესტორებს. ჩვენი აზრით, პროგრესულია ბიზნეს-ინკუბატორები, როგორც მცირე ბიზნესის მხარდაჭერის ინფრასტრუქტურის ელემენტი.
ამგვარად, საზღვარგარეთული ქვეყნების მდიდარი გამოცდილებისა და საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღევანდელი მდგომარეობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ტრანზიტული პერიოდის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესმა მნიშვნელოვნი როლი უნდა შეასრულოს ეროვნული მეურნეობის ფორმირებისა და ეფექტური ფუნქციონირების, სოციალური და ორგანიზაციული პირობების მომზადებაში. მცირე ბიზნესი გვესახება ბიზნესის ერთ-ერთ ისეთ ძირითად სტრუქტურად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოში კერძო მეწარმეობის და საერთოდ საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება, ახალი სოციალური ფენის – წვრილი და საშუალო მენეჯერების წარმოშობა, ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესმა, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, დაამტკიცა თავისი სიცოცხლისუნარიანობა, კერძოდ, მისი არსებობა ხელს უწყობს დამატებითი, შრომითი და მატერიალური რესურსების მობილიზაციას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, სწრაფად რეაგირებს ინვესტიციებზე და ბაზრის მოთხოვნაზე, მონაწილეობს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის შევსებაში.
მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა, მცირე ბიზნესს მეტი მხარდაჭერა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან, რაც პრაქტიკულად ფინანსურ დახმარებებში, შეღავათიან კრედიტებში, სუბსიდიებში უნდა გამოიხატოს. ასეთი მცდელობები სახელმწიფოს მხრიდან არის, მაგრამ ის მიზანმიმართულ და მასშტაბურ ხასიათს არ ატარებს და თანმიმდევრულად არ ხორციელდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ყველა მეწარმეს ხელი ადვილად არ მიუწვდება სხვადასხვა რესურსებზე. ჩვენი აზრით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა განვითარდეს 2 ძირითადი მიმართულებით: პირველი, ეს არის საზღვარგარეთული გამოცდილების შემოქმედებითი ათვისება ადამიანური რესურსების მართვასა და წარმოების ორგანიზაციის სფეროში; მეორე, ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება, პროდუქციის გასაღების ახალი გზების ძიება. დღევანდელი მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში განსხვავდება განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების მეწარმეობისაგან, რაც განპირობებულია იმით, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის შექმნილი სახელმწიფო პოლიტიკური პირობები, რაც აუცილებელია საბაზრო ეკონომიკის ფორმირებისა და ფუნქციონირებისათვის. თუმცა იმედია ქართველი მეწარმეები შეძლებენ ეკონომიკის ცოდნის იმ დონეზე გამოყენებას, რომ უპასუხონ მცირე ბიზნესის მოთხოვნას, იყვნენ მოქნილები და შესძლონ ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება.
იმედია, თუ მცირე მეწარმეობის საზღვარგარეთულ გამოცდილებას გამოვიყენებთ, შევძლებთ მცირე მეწარმეობის მხარდაჭერას. ამ თვალსაზრისით ყველაზე შედეგიანია სტრუქტურა – ბიზნესის ინკუბატორები. ისინი 20-ჯერ მეტად აჩქარებენ მცირე ბიზნესის განვითარებას და 22%-ით ამცირებენ წარუმატებლობას ბიზნესში. ჩვენი ყურადღება მათ იმიტომ მიიქციეს, რომ საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესში არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. ბიზნეს-ინკუბატორების დაარსება მიზანშეწონილად მიგვაჩნია იმ მცირე საწარმოების მხარდასაჭერად, რომლებიც გარკვეული პირობით არიან შერჩეულნი, ხოლო მხარდაჭერა მათი საოფისე და საწარმოო ფართობებით და მანქანა-დანადგარებით მომარაგებით, სერვისული მომსახურებით და სწავლებითა და კონსალტინგით ხორციელდება. ისინი საქმიანობენ ბიზნესის და ეკონომიკის სხვა სექტორს შორის კავშირების დასამყარებლად, ბიზნესის ინოვაციური აქტივობის ასამაღლებლად, რითაც შესაძლებელია ეკონომიკის დივერსიფიკაცია და რაც მთავარია, მცირე და საშუალო ბიზნესის გამრავლება და სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება.
ბიზნეს-ინკუბატორები დიდი მოქნილობით ხასიათდებიან და კარგად ერწყმიან რეგიონების ინფრასტრუქტურულ კომპლექსებს. ბიზნეს-ინკუბატორების ფუნქციონირების მსოფლიო გამოცდილების ანალიზი, განსაკუთრებით კი საქართველოს ეკონომიკის მსგავსი ქვეყნების ეკონომიკათა ანალიზი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ უარყოფითი შედეგები და გადავლახოთ არსებული სიძნელეები. ბიზნეს-ინკუბატორებმა გაამართლა პოსტსაბჭოთა სივრცეშიც: რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ლიტვაში და ა.შ. საქართველოში ამ მხრივ დიდი ჩამორჩენა გვაქვს. მაქსიმალური ძალისხმევა და კაპიტალდაბანდება იქნება საჭირო, რათა ეს პროგრესული ინფრასტრუქტურის ელემენტი დავნერგოთ.
გაერო-სთან არსებული ევროპის ეკონომიკური კომისიის საექსპერტო ჯგუფმა ევროპის 37 ქვეყანაში ჩაატარა გამოკვლევა და მიიღო რეკომენდაციები გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ხელი შეუწყოს ბიზნეს-ინკუბატორების განვითარებას.
ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შემდეგნაირად გვესახება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნის და განვითარების მიზნები, ამოცანები და ძირითადი მიმართულებები:
1. ბიზნეს-ინკუბატორების ქსელის მეშვეობით მცირე და საშუალო ბიზნესისათვის სტაბილური გარემოს შექმნა;
2. მცირე და საშუალო ბიზნესში ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შენარჩუნება და შექმნა;
3. სპეციალიზებული, მრავალმხრივი ბიზნეს-ინკუბატორების დანერგვა.
4. მცირე და საშუალო ბიზნესის ინფორმაციული, კონსალტინგური და ფინანსურ-საკრედიტო უზრუნველყოფა;
5. მცირე და საშუალო ბიზნესში დამოუკიდებელ საქონელმწარმოებელთა გამრავლებისათვის ხელშეწყობა;
6. კერძო ინიციატივისა და ინოვაციური საქმანობის გამოვლენისათვის ფართო ასპარეზის შექმნა;
7. მომხმარებლის მოთხოვნილებაზე ოპერატიული რეაგირება;
8. ქვეყანაში მეწარმეთა იმ ფენის ფორმირება, რომელიც უნდა გახდეს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სიღარიბის დაძლევის სტაბილური გარანტი.