რეფორმა და ტრანსფორმაციის ზოგიერთი შედეგი

ალექსანდრე წერწთელი

XX საუკუნე, განსაკუთრებით მისი ბოლო ათწლეული, მწვავე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენებით, ღირებულებათა გადაფასებით, პარადიგმების პოლარული შეცვლით ხასიათდება, რამაც თავი იჩინა მსოფლიო სოციალისტური სისტემის დაშლით, ახალი სუვენერული სახელმწიფოების დაფუძნებით და მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო გარდამავალი პერიოდის გავლის ობიექტური აუცილებლობით.

საერთაშორისო ეკონომიკის პროფესორი ლინვუდ ტ. გაიგერი აღნიშნავს “ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, ამ ტრანსფორმაციისას იმ საოცარ ცვლილებებს, რომლებმაც წარმოშვა მრავალი ურთულესი, ახალი სახელმწიფო, ინსტიტუციური და ეკონომიკური პრობლემა”1 ცხადია, ეს შეფასება უშუალოდ უკავშირდება იმ რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც 1989-2000 წ.წ. “ახალი ტიპის გარდამავალ პერიოდში” საქართველოში ხორციელდება.

პრივატიზების ზოგიერთი შედეგი: საქართველოში მიმდინარე რადიკალური ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთი ღერძული მიმართულებაა საწარმოთა განსახელმწიფოებრიობა და ქონების პრივატიზება. პოსტსოციალისტურ საქართველოში, რომელიც 90-იანი წლებიდან დაადგა სუვერენული, დემოკრატიული ქვეყნის შენების, ახალი ეკონომიკური სისტემის შექმნის გზას, სადაც რეალურად მიმდინარეობს საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრების შეუქცევადი პროცესები, საწარმოთა განსახელმწიფოებრიობა და ქონების პრივატიზება გარდუვალია. მრავალი ქვეყნის გამოცდილება ცხადყოფს, რომ პრივატიზება, უწინარესად, პოლიტიკური პროცესია ეკონომიკური შედეგებით. პრივატიზება წარმატებით განახორციელეს იმ ქვეყნებმა, რომლებმაც დაძლიეს “პოლიტიკური სიძნელეები”, – წერს ერთ-ერთი უცხოელი ავტორი როლანდ ატი, რომელსაც შეუძლებელია არ დაეთანხმო.

საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში სახელმწიფო ქონების პრივატიზება რეალურად 1993 წლის მარტში დაიწყო. ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზების პროცესები რთულად წარიმართა. ობიექტურია იმის აღნიშვნა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ცხოვრებაში წარმოშობილი მწვავე სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემის ერთდროულად და ერთმანეთის პარალელურად გადაჭრა ძალიან რთულია და იგი ნებისმიერ ქვეყანას გაუჭირდება. ეს სირთულეები საქართველოში, როგორც ეკონომიკურად სუსტად განვითარებულ ქვეყანაში, აფერხებდა ეკონომიკურ რეფორმებს, კერძოდ, ქონების პრივატიზების პროცესს. მიუხედავად ამისა, მან ფართო მასშტაბები შეიძინა .

საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში 2001 წლის იანვრისათვის პრივატიზებული ობიექტების საერთო რიცხვიდან ყველაზე მეტი ხვედრითი წონა მოდის ვაჭრობასა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებზე, რაც შესაბამისად უდრის 34% და 44,5%. რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად, მრეწველობაზე (19,6%). მასობრივი, ანუ საშუალო და მსხვილ საწარმოთა პრივატიზება, როგორც სჩანს, ჩვენთანაც და სხვა ქვეყნებშიც (მაგ. რუსეთში) საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს, რამეთუ აღნიშნული პროცესის ბედი მეტწილად დამოკიდებულია შეძლებულ ინვესტორებზე და აქციონერებზე. 2001 წლის იანვრისათვის სულ აქციონირებულია 1312 საშუალო და მსხვილი საწარმო, ანუ სააქციო საზოგადოებად გარდასაქმნელ ობიექტთა 98,4%

რაოდენობის მიხედვით, სააქციო საზოგადოების მეტი ნაწილი შექმნილია სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობაში, მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროში, აგრეთვე, მრეწველობაში. ეკონომიკური სტაგნაციის წლებმა (1993-1995წ.) გარკვეული კვალი დააჩინა სახელმწიფო საკუთრების მიზანმიმართული ტრანსფორმაციის პროცესს. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მრეწველობა. მართალია, ინდუსტრიის მთელ რიგ დარგებში საწარმოთა განსახელმწიფოებრიობის, აქციონირება-პრივატიზების პროცესი წინ მიიწევს და ღრმავდება, მაგრამ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ქონების დიდი ნაწილი, მეტწილად კი მსხვილი საწარმოების აქციები, დღესაც შეუსყიდავია.

პრივატიზების პროცესი 1997 წელს ახალ ფაზაში შევიდა.

1997წლის 30 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი “სახელმწიფოს ქონების პრივატიზაციის შესახებ”, ამასთან, 1997 წლის 28 დეკემბერს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა “ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების ერთიან გეგმას 1998-2000 წლებში”. ამ გეგმა-პროგრამაში მოცემულია პრივატიზების პროცესის შემდგომი განხორციელების ძირითადი მიმართულებები ქვეყნის მეურნეობის უმნიშვნელოვანესი დარგების მიხედვით.

სტრუქტურული ცვლილებები: 1993-2000 წლებში ეროვნულ მეურნეობაში პრივატიზების მასშტაბების ზრდამ გავლენა იქონია საკუთრების ფორმების თანაფარდობაზე. ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად, არასახელმწიფო სექტორი (დღგ-ის, აქციების, იმპორტის გადასახადების გარეშე) აწარმოებს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 70%-ზე მეტს. მშენებლობის გარდა, ეკონომიკის სხვა სექტორებში დომინირებს კერძო სექტორი.

ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში საკუთრებითი ურთიერთობების შეცვლამ, ზოგიერთი პრიორიტეტული დარგისა და სფეროს განვითარების შედარებით სწრაფმა ტემპმა და სხვა ფაქტორებმა ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის არსებითი ცვლილებები გამოიწვია (ცხრილი 3). ცხრილიდან ჩანს მთლიან შიდა პროდუქტში არამატერიალური წარმოების სფეროს დარგების ხვედრითი წონის ზრდისა და მატერიალური წარმოების დარგების ხვედრითი წონის შემცირების ტენდენცია. განსაკუთრებით თვალში საცემია ეკონომიკის დარგობრივ სტრუქტურებში ბაზისური დარგების: მრეწველობისა და მშენებლობის – მცირე, ხოლო სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის მაღალი ხვედრითი წონა.

პრივატიზების საკითხებზე მუშაობამ, სხვადასხვა საინფორმაციო მასალების გაცნობამ დაგვანახვა, რომ ამჟამად, ძალზე მნიშვნელოვანია მსხვილ საწარმოთა აქციონერების საქმეში არსებული პრობლემების მეცნიერული შესწავლა, რამეთუ მცირე პრივატიზების სფეროში მიღწეული ერთგვარი წარმატების მიუხედავად პრივატიზების საბოლოო შედეგების, ანუ მისი შუქჩრდილების პირუთვნელი შეფასება, მთლიანობაში, შესაძლებელია მხოლოდ მსხვილ საწარმოთა პრივატიზების გათვალისწინებით. პრობლემურია, აგრეთვე, აქციონირებაში მოსახლეობის ფართო ფენების მონაწილეობისა და სააქციო საზოგადოებათა კორპორაციული მმართველობის საკითხები. მასობრივმა აქციონირებამ, მოსახლეობისათვის ვაუჩერების განაწილებამ, თითქოსდა, ხელი შეუწყო აქციონერთა ფენის ჩამოყალიბებას, მაგრამ ქვეყანაში ამ პროცესმა სხვადასხვა მიზეზების გამო, ჯერ ვერ შეიძინა საჭირო მასშტაბები: ჯერ ერთი, ქვეყანაში დასრულებული სახით არ ფუნქციონირებს ფასიანი ქაღალდების ბაზარი, მეორე ს/ს-ებისა და საინვესტიციო ფონდების მესვეურებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს არ გააჩნიათ მათი კომპეტენტური მართვის, ხოლო მოსახლეობას – კორპორაციულ მმართველობაში მონაწილეობის ტრადიციები და გამოცდილებები; გასაგები მიზეზების გამო, გარდამავალ ეტაპზე, ძალზე დაბალია საწარმოთა საინვესტიციო მიმზიდველობაც.

სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა-პრივატიზების ზემოთ მინიშნებულმა მასშტაბებმა, აგრეთვე, ვაუჩერულმა პრივატიზებამ, როგორც ქვეყანაში, ისე დედაქალაქში, შესაბამისი გავლენა იქონია მოსახლეობის ქონებრივი ცენზის შეცვლაზე, გამოიწვია რა ამ უკანასკნელის დიფერენციაცია დღეს ქონების დიდი ნაწილის მფლობელებია: სახელმწიფო და მოქალაქეთა შეძლებული ფენები, ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფები (ყოფილ სოციალისტურ საწარმოთა დირექტორები, ბიზნესმენები). ვაუჩერული პრივატიზების შედეგად მოქალაქეთა უმრავლესობას სახელმწიფო ქონების მხოლოდ მცირე ნაწილი ერგო. ბევრმა უკიდურესი გაჭირვების გამო ჩალის ფასად გაყიდა ვაუჩერები და გადაინაცვლეს ღარიბთა ფენაში. მოქალაქეთა ნაწილმა კი საკუთარი მცირე რაოდენობის ვაუჩერები განათავსა “საინვესტიციო ფონდებში” და სხვადასხვა საწარმოებში განთავსებული აქციებიდან დღესაც ელოდებიან თავიანთ ანგარიშზე საკუთარი წილის ჩარიცხვას. საწარმოთა უმრავლესობის არასრული დატვირთვისა და არარენტაბელური მუშაობის გამო, ისინი სრულად ვერ რიცხავენ თანხებს ხსენებული ფონდების, ანუ სააქციო საზოგადოებათა ანგარიშებზე, ხოლო აქციონერებისათვის დივიდენდების განაწილებაზე საუბარიც კი ზედმეტია. მოსახლეობისათვის დარიგებული საპრივატიზაციო ბარათების (ვაუჩერების) ინვესტიციებში განთავსება და მისი მოსალოდნელი რეზულტატი მწვავე სოციალური საკითხია და ათასობით ადამიანის ინტერესებს უკავშირდება. ჩვენ დავინტერესდით ერთ-ერთი საინვესტიციო ფონდის, ამჟამად ს/ს-ად წოდებული “მთავარინვესტის” საქმიანობით. საქმე შეეხება საზოგადოების ფუნქციონირების ეფექტიანობის დონის შესწავლა-შეფასებას, რამაც შემდეგი სურათი გვიჩვენა: ს/ს “მთავარინვესტი” დაფუძნდა 1994 წლის 19 ივლისს. მისი დამფუძნებელია 36 იურიდიული და ფიზიკური პირი. დამფუძნებელთა ფულადი შენატანები 29 ათას დოლარს შეადგენს. აღნიშნული ს/ს 1998 წ. აერთიანებდა 2130 აქციონერს და ფულადი კაპიტალის სახით ფლობდა 469,7 ათას ლარს. ამ თანხის 71,1% მოდის ვაუჩერებზე, რომლებიც მოიზიდა მოსახლეობიდან 11136 ცალის რაოდენობით. აღნიშნული ფულადი კაპიტალი აქციების სახით დაბანდებულია ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ 25ს/ს და საწარმოში. საინვესტიციო სახსრების უკუგება განისაზღვრება ინვესტირებულ საწარმოთა მოგების გასანაწილებელი თანხის ს/ს “მთავარინვესტისათვის” გადარიცხული დივიდენდებით. 25 სააქციო საწარმოდან, რომლებთანაც საინვესტიციო ფონდს ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულებები, 1995 წელს მხოლოდ ერთმა საწარმომ – “სპაგეტი 94”-მა გადარიცხა “მთავარინვესტის” ანგარიშზე 171 ლარი, ხოლო 1996 წელს ფოთის წისქვილკომბინატმა-5273 ლარი და 1997 წელს ხუთმა საწარმომ სულ გადარიცხა 23350 ლარი. დანარჩენი 20 საწარმო თანხებს ვერ რიცხავს, ვინაიდან, არ ფუნქციონირებენ და გადახდისუუნარონი არიან. საწარმოდან დივიდენდების მიღების აუცილებელ პირობად “მთავარინვესტის” მესვეურებს მათი დროული მუშაობის დაწყება და მოგების რეჟიმზე გადასვლა მიაჩნიათ. შექმნილ არასახარბიელო ვითარებას დღეს არავინ აკონტროლებს. დაახლოებით ანალოგიურ მდგომარეობაშია დანარჩენი 5 საინვესტიციო ფონდი, რომლებიც “მთავარინვესტთან” ერთად ფუნქციონირებს საქართველოში. ს/ს “მთავარინვესტის” მესვეურთა ვარაუდით აქციონირებზე დივიდენდები შეიძლება განაწილდეს 2000 წლის შემდეგ ინვესტირებულ საწარმოთა ამუშავების, მოგების რეჟიმზე მათი გადასვლისა და “მთავარინვესტის” ანგარიშზე მისი კუთვნილი თანხების გადმორიცხვის შედეგად.

საანალიზო წლებში, ტრანსფორმაციული პროცესების შესახებ არსებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა განსაკუთრებით ბოლო სამ წელიწადში არასტაბილური იყო. მიუხედავად ამისა, 1996-2000 წლებში დარგთაშორისი პროპორციები მნიშვნელოვნად შეიცვალა (ცხრილი #3).

გარდამავალი პერიოდის საწარმოო ძალები ბოლო ათწლეულში (განსაკუთრებით ახალი სუვენერული ქვეყნის აღმშენებლობის საწყის ეტაპზე) სოციალისტური სისტემიდან მემკვიდრეობით მიღებულმა ქვეყნის საწარმოო ძალებმა უდიდესი დარტყმა და ნგრევა განიცადა ყოფილ სსრ კავშირში წლების მანძილზე რესპუბლიკებს შორის ჩამოყალიბებული სამეურნეო კავშირების რღვევის შედეგად. ეს გამოვლინდა ქვეყნის სრული იზოლაციით, ურესურსოდ და უფუნქციოდ დარჩენით, აგრეთვე მატერიალური წარმოების სხვა დარგების – მშენებლობის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის საწარმოო პოტენციალის განახევრებით. ამ მტკივნეულმა პროცესებმა დაარღვია ქვეყნის საწარმოო ძალების მთლიანობა, გათიშა მისი ელემენტები ანუ სამუშაო ძალა და წარმოების საშუალებები. სახელმწიფო დაკვეთების შეწყვეტის გამო დაფიქსირდა გამჭოლი პროფესიის ათასობით მუშათა კადრების განთესვა, რამაც საბოლოო ანგარიშით თავი იჩინა მასობრივი უმუშევრობით.

აღნიშნული გათიშვის პროცესი კიდევ უფრო გამწვავდა ეკონომიკური რეფორმის- საწარმოთა განსახელმწიფოებრიობის, რესტრუქტურიზაცია-პრივატიზების, ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობათა ლიბერალიზაციის, ანუ ქვეყნის შიგნით მუშაობის გარემო-ეკონომიკური პირობების პოლარული შეცვლის, სამრეწველო წარმოების იზოლაციის და ნორმალური ფუნქციონირების დარღვევის შედეგად. განვლილ პერიოდში ჯაჭვური რეაქციის ძალით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის ტრანსფორმაციამ გამოიწვია მასობრივი სტრუქტურული და ფიქციული უმუშევრობა, ახალი სამუშაოს ძებნის ხანგრძლივ პერიოდში კვალიფიციურ მუშათა კადრების დისკვალიფიკაცია და დაქსაქსვა. ქვეყნის შიგნით არსებულმა ათეულობით პროფესიულმა სასწავლებელმა შეწყვიტა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება-გადამზადება და სხვა.

რაც შეეხება წარმოების საშუალებებს – შრომის იარაღებსა და შრომის სხვა საშუალებებს, სახალხო მეურნეობის ძირითად წარმოებრივ ფონდებს, მისი დიდი ნაწილი დღეს ფიზიკურად, მორალურად დაძველებული და გაცვეთილია და ტექნოგენური ავარიის საფრთხეს შეიცავს. არა ერთი უპერსპექტივო საწარმო ლიკვიდირებულია, მრავალი მათგანი კი, ტექნიკური ბაზის განახლებას, ახალი ტექნიკისა და პროგრესული პროცესების დანერგვას, საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ახალი სახეობის პროდუქციის წარმოების ათვისებას მოითხოვს. ასობით სამრეწველო საწარმო სიმძლავრეების უმნიშვნელო დატვირთვით მუშაობს, ხოლო პრივატიზებულ და აქციონირებულ საწარმოთა დიდი ნაწილი საერთოდ არ მუშაობს. მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოები სახელმწიფოს მხრიდან არაჯეროვანი ხელშეწყობის, ეროვნული წარმოებისადმი უყურადღებობის, იმპორტული და კონტრაბანდული, ფალსიფიცირებული ნაწარმის მოზღვავების გამო მუშაობის პროცესში დიდ სიძნელეებს აწყდებიან, არადა, მათ წარმატებით განვითარებაზეა დამოკიდებული სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიზაცია და ქვეყანაში საშუალო ფენის ფორმირება.

გარდამავალი პერიოდის წარმოებითი ურთიერთობანი

გარდამავალ პერიოდში წარმოებითი ურთიერთობანი, ისე როგორც საწარმოო ძალები არსებითად შეიცვალა, წარმოების დაცემასა და მასშტაბების შემცირებასთან ერთად წარმოების ურთიერთობათა არეალიც შემცირდა. ამჟამად, ეს ურთიერთობანი წამოადგენს ტრანსფორმირების პროცესში მყოფი დეფორმირებული და შევიწროვებული საწარმოო ძალთა ადეკვატურ ფორმას. ქვეყნის სახელმწიფო და არასახელმწიფო საკუთრების დიდი ნაწილი (საწარმოთა წარმოებრივი ფონდების სახით) არ ფუნქციონირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ შრომითი რესურსები საზოგადოებრივ წარმოებაში მოწყვეტილია წარმოების საშუალებებს, რის გამოც მატერიალური დოვლათის კვლავწარმოების ნორმალური პროცესი დარღვეულია. რაკი პრივატიზებული ქონების დიდი ნაწილი მოექცა ადამიანების შეძლებული ჯგუფების ხელში, ამან შეცვალა, აგრეთვე, თანაფარდობანი საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის. სახელმწიფოსთან ერთად მდიდრები ამჟამად ფლობენ მთელი პრივატიზებული ქონების დაახლოებით 70-80%-ს, ღარიბები – 20-30%.
არსებითად შეიცვალა, აგრეთვე, გაცვლისა და განაწილების პრინციპები და ფორმები. გაცვლას საფუძვლად უდევს საბაზრო ეკონომიკის მექანიზმი. კერძო სექტორმა ადამ სმიტის “უჩინარი ხელის” ძალით საკმაოდ შეავიწროვა სახელმწიფო სექტორი, რის გამოც მაკროეკონომიკური პროცესები მიზანმიმართულ მართვას და სახელმწიფო რეგულირებას მოითხოვს. როგორც ჩანს, გარდამავალ პერიოდში მყოფი განვითარებადი ქვეყნის საწარმოო ძალთა და წარმოებით ურთიერთობათა დიალექტიკის არსი და ხასიათი განვითარებულ ქვეყანაში ამ შინაარსისაა (საწარმოო ძალები) და ფორმის (წარმოებითი ურთიერთობების) დიალექტიკისა და მათი დამოკიდებულების ფორმისაგან განსხვავებულია, რასაც გონივრული გაანალიზება სჭირდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისი და შესაძლოა, სოციალური აფეთქებები. რადიკალური რეფორმები ქვეყანაში დაიწყო ზევიდან. საბჭოთა საქართველოს ეკონომიკური სისტემის დემონტაჟი ზედა ეშელონების ძალისხმევით განხორციელდა. ამიტომ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეკონომიკური რეფორმა ქვეყანაში, არეგულიროს და მართოს სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, საბოლოო ანგარიშით შექმნას და წონასწორობაში მოიყვანოს ქვეყნის საწარმოო ძალები და მისი შესაბამისი საზოგადოევბრივ-წარმოებითი ურთიერთობანი. ამ მიზნით საჭიროა გარდამავალი პერიოდის საბაზრო-ეკონომიკური სისტემის თავისებურებათა მეცნიერული ანალიზი და შეფასება, ხოლო ქვეყნის ნამდვილი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მისაღწევად სამამულო ეკონომიკური მეცნიერების დახმარებით უნდა დამუშავდეს თეორიულ-მეთოდოლოგიური პრობლემები ქვეყნის აღმშენებლობის მიმდინარე პრაქტიკასთან მჭიდრო კავშირში. ყოველივე ამან გამოხატულება უნდა ჰპოვოს მეცნიერულად ღრმად დასაბუთებული ეროვნული იდეოლოგიის, ეკონომიკური და რეგიონური პოლიტიკის შემუშავებითა და პრაქტიკული განხორციელებით.

მიზნების პირამიდა: როგორც უკვე ითქვა, ეკონომიკური რეფორმის წლებში სახელმწიფო საწარმოთა აქციონირებულ და პრივატიზებულ საწარმოებად გარდაქმნამ მნიშვნელოვნად შეცვალა ეკონომიკის დარგების სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა, მაგრამ ამ გარდაქმნების “მარგი ქმედების კოეფიციენტი” ძალზე დაბალია, რაც უწინარესად ვლინდება მიზერული სოციალური ეფექტით, პრივატიზებულ და აქციონირებულ საწარმოთა მნიშვნელოვანი ნაწილის უმოქმედობით და უმუშევრობის ზრდით, მცირე და საშუალო ბიზნესის არაჯეროვანი განვითარებით, მოსახლეობის საშუალო ფენის ჩამოუყალიბებლობით, სუსტი კონკურენტული გარემოთი, ქვეყნის უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსით, კორუფციის მასშტაბების არნახული ზრდით, სეკვესტრირებული ბიუჯეტის შეუსრულებლობით და სხვა.

არა ერთი წელია ქვეყნის (მათ შორის თბილისის) მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონე (რაც გამოწვეულია შიმშილით, ზამთარში უსინათლობით, უგაზობით, გადაცივებული სახლებით და ა.შ.) ისე დაბალია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. მოსახლეობის ნაწილი უღარიბესი ფენიდან ფსიქიურად დაავადებულია, რადგან ვერ მონახა შესაფერისი სამუშაო ქვეყანაში. დუხჭირი ცხოვრება ამ ბოლო დროს გახდა დემოგრაფიული პოტენციალის შემცირებისა და სიტუაციის გაუარესების – ავადმყოფობის, ჩვილ ბავშვთა და მოხუცთა ნაადრევი სიკვდილიანობის შემთხვევათა, უპოვართა და უპატრონო ბავშვთა რიცხვის ზრდის და დეპოპულაციის მიზეზი.

საზოგადოებას, მართალია, გაცნობიერებული აქვს გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნისთვის დამახასიათებელი პრობლემების – ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევის, გლობალური საგარეო საკითხების გადაწყვეტის, აგრეთვე, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების დარეგულირების და სხვა სირთულენი, რომლებიც მძიმე ტვირთად ადევს ქვეყანას, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს პიროვნების ღირსებათა დათრგუნვის, ადამიანთა უფლებათა დარღვევის, მისი ფიზიკური გადარჩენის გენეტიკური მოთხოვნის იგნორირების ხარჯზე. ამგვარი სოციალური პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის შემლახველი, წამგებიანი, უზნეო და დამღუპველია.

ამჟამად, საქართველო მოსახლეობის 90% ცხოვრების დონისა და ხარისხის მიხედვით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა მსოფლიოში, საქართველოს მშპ-ის მოცულობიდან 2000წ. მოსახლეობის 1 სულზე საშუალოდ მოდიოდა დაახლოებით 600 დოლარი, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საინტერესოა, რომ აშშ-ში ანალოგიური მაჩვენებელი უდრიდა 28 000 დოლარს, ანუ 47-ჯერ მეტს.

განვლილ წლებში, სოციალურ სფეროში მომხდარი უმნიშვნელო ძვრების მიუხედავად, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფებოდა: 1 კაცი დღეში საშუალოდ 2-დოლარზე ნაკლებს ხარჯავდა. საყურადღებოა, რომ რეფორმის წლებში ადამიანთა რეალურმა შემოსავლებმა საარსებო მინიმუმის ნახევარსაც ვერ მიაღწია. კერძოდ, 2000 წლის დეკემბერში ნორმატიული მინიმალური ხელფასი ოთხსულიანი ოჯახის ერთი დასაქმებულისათვის 45,5 ლარს უდრიდა. დღემდე მოქმედი ნორმებით გაანგარიშებული საარსებო მინიმუმი კი შრომისუნარიანი ასაკის ადამიანისათვის 1145 ლარი იყო.

ოფიციალური წყაროებიდან ჩანს, რომ შინამეურნეობის მოხმარების მიხედვით მოსახლეობა მკვეთრად დიფერენცირებულია. 2000 წელს ხუთი კვინტილური ჯგუფიდან ყველაზე შეძლებულ მეხუთე ჯგუფში ქალაქად მოხმარების სიდიდე თვეში საშუალოდ 326 ლარი იყო, პირველ, ანუ ყველაზე ღარიბ ჯგუფში მხოლოდ 42 ლარი, ანუ, 7,7-ჯერ ნაკლები.2 ეკონომიკური თეორიის ახალ სახელმძღვანელოში3 მრავლად ვხვდებით ახალ ცნებებსა და კატეგორიებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, მათ შორისაა “მიზნების პირამიდა”, რომელიც სამი ურთიერთდაკავშირებული მიზნისაგან შედგება; 1. საზოგადოებრივი კეთილდღეობა, რომელიც პირამიდის წვერშია; 2. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიზნები (თავისუფლება, საზოგადოებრივი წესრიგი, ქვეყნის უსაფრთხოება); 3. ეკონომიკური პოლიტიკის მიზნები (ქვეყნის სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა). თუ ამ მიზნებს და ჩვენს რეალურ ცხოვრებას ერთმანეთს შევადარებთ, მათ შორის დიდ განსხვავებას დავინახავთ, რამეთუ, ქვეყნის ტრანსფორმაციის ათი წლისთავზე სრულფასოვნად თითქმის არც ერთი მიზანი არ შესრულებულა. ლოგიკურად ისმის კითხვა: რა მიზნით ტარდება ჩვენს ქვეყანაში ასეთი მასშტაბური ხასიათის სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნები? იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეკონომიკური რეფორმები, ქვეყანაში მთავარი სოციალური მიზნის იგნორირებით, გარდაქმნის პროცესების სახელმწიფო მართვისა და მაკროეკონომიკური რეგულირების დაბალი დონის პირობებში, მოსალოდნელი შედეგების გაუცნობიერებლად, არასტაბილურად, ერთიანი სტრატეგიული გეზის გარეშე მიმდინარეობს.

გარდამავალ პერიოდში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების არაადეკვატურობის ანუ მცირე ეფექტიანობის მთავარი მიზეზებია: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოუწყობლობა, ანუ ტერიტორიების დაკარგვა შესაბამისი შედეგებით; ახალი სუვერენული ქვეყნის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის, ანუ საბოლოო მიზნის მიღწევის ბუნდოვანი მოდელი (კერძოდ, ქვეყანას არ გააჩნია მეცნიერულად ღრმად დასაბუთებული, გამჭვირვალე სახელმწიფო ეკონომიკური და რეგიონული პოლიტიკა); მესამე, სახელმწიფოებრივი მართვის ორგანოების მხრიდან ქვეყანაში არ შეინიშნება გარდამავალი პერიოდის ურთულესი ტრანსფორმაციული პროცესების, მათი გამომწვევი მიზეზების გაცნობიერების და ანალიზის ნება, რაც გარდუვლად იწვევს ქვეყნის თვითდინებით განვითარებას. ქვეყნის ეროვნული მეურნეობის მშენებლობაში უგულვებელყოფილია ეკონომიკური მეცნიერების როლი და მნიშვნელობა. მართალია, დაგვიანებულია, მაგრამ გარდაუვალია იმის უფრო ღრმა ანალიზი და გაცნობიერება, თუ რას წარმოადგენს ამჟამად ქვეყნის საწარმოო ძალები, საზოგადოებრივ-წარმოებითი ურთიერთობანი, რა ცვლილებანი განიცადეს მათ ტრანსფორმაციული პროცესების შედეგად, შეესაბამება თუ არა ისინი ერთმანეთს. საჭიროა, გაკეთდეს შესაბამისი დასკვნები, შემუშავდეს აღნიშნული მოვლენებისა და პროცესების მაკროეკონომიკური მართვისა და რეგულირების წინადადებანი და რეკომენდაციები.

საქართველოში რეფორმის მიმდინარეობის ანალიზიდან ჩანს, რომ ქვეყნისა და მისი შიდარეგიონების სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის ტრანსფორმაცია და ამ პროცესების ბოლომდე მიყვანა სტიქიურად, ინერციის ძალით ვერ განხორციელდება. ამასთან, საერთაშორისო შრომის დანაწილების, მსოფლიო ინტეგრაციისა და გლობალიზაციის მიმდინარე პროცესები სრულიად ახალ ამოცანებს უსახავს თვისებრივად შეცვლილ გეოპოლიტიკურ სივრცეში მყოფ ჩვენს ქვეყანას. არსებული რეალობის, დამოუკიდებელი აღმშენებლობის გზაზე მყოფი ქვეყნის სოციალურ ეკონომიკური სისტემის, საწარმოო ძალებისა და ადეკვატურ-წარმოებითი ურთიერთობათა ფორმირება ღრმა მეცნიერულ, თეორიულ-მეთოდოლოგიურ საფუძვლებს, მაღალკვალიფიციურ მართვას და მაკროეკონომიკურ რეგულირებას უნდა ემყარებოდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published.